Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) მღვდლის ოჯახში აღიზარდა. მან სემინარიის დამთავრებისთანავე დაიწყო სასულიერო მოღვაწეობა. ყაზანის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მღვდელ-მონაზონი ალექსანდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალმხრივად მოღვაწეობდა, ჯერ არქიმანდრიტის, მოგვიანებით კი ეპისკოპოსის ხარისხში.

XIX საუკუნე – წმინდა მღვდელთმთვარის მსახურების ხანა – საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში უმძიმესი გარემოებებით იყო აღსავსე, რამაც მძიმე ვითარებაში ჩააყენა ქართული საეკლესიო გალობაც. წირვა-ლოცვაში გამოუყენებლობის გამო მისი ფუნქცია და სწავლების აუცილებლობა თანდათან იკარგებოდა.

1860 წელს თბილისში შექმნილი საეკლესიო გალობის აღმდგენელ კომიტეტში იყო დაუსრულებელი კამათი იმის თაობაზე, თუ რომელი კილოს გალობა გადაეღოთ ნოტებზე: იმერულ-გურული თუ ქართლ-კახური.

1878 წლის იანვარში ალექსანდრე ეპისკოპოსის ინიციატივით “ძველი ქართული ეკლესიებრი გალობის აღმდეგენელი კომიტეტის” მუშაობა განახლდა. არქიმანდრიტ მაკარის ცნობილი მიმართვიდან ვარკვევთ, რომ ეპისკოპოს ალექსანდრეს თაოსნობით კომიტეტი რეალურად სწორედ ამ პერიოდიდან ამოქმედდა. კომისიას პირველ რიგში თბილისის სამღვდელოება შეუკრებია. პ. კარბელაშვილი აღნიშნავს: “1877 წლის დეკემბერში მადლიანმა მამულიშვილმა ყოვლადსამღვდელო ალ. ეპისკოპოსმა სემინარიის სამმართველოში შემოიტანა 500 მანეთი ჯილდოდ მათთვის, ვინც ქართულ გალობას ნოტებზედ დაუწყებდა წერას.” მოგვიანებით კომიტეტმა გადაწყვიტა, მიეწერათ გურიის ეპისკოპოს გაბრიელისათვის (ტუსკია), რომ მას გურიიდან თბილისში საუკეთესო მგალობლები გამოეგზავნა. წმიდა ალექსანდრეს არქივში დაცულია ეპისკოპოს გაბრიელის პასუხი:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მოწყალეო მწყემსმთავარო, ...მგალობელი ებრძანა მაღალყოვლადუსამღვდელოესს, მაგრამ რომელიცა პირველი მგალობელი არის გურიაში ანტონ დუმბაძე დრუჟინაში გახლავს... და მეორე მაქსიმე ჩხარტიშვილი გახლავს და უპირებ მას გამოგზავნას თუ ღმერთმა ქმნა და სასიამოვნოთ [დარჩა]. სხუა არ სჯობს გურიაში და ვგონებ არც სხუამან [...].”

მაქსიმე ჩხარტიშვილთან ერთად თბილისში გალობის კიდევ სამი მცოდნე: მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე და ივლიანე ხავთასი ჩამოვიდა.

“...მაკარი არქიმანდრიტმა ჩამოიყვანა ქალაქში გურული მგალობლები, რომელთა გალობაზედაც უნდა შეადგინონ ქართული ნოტები საეკლესიო გალობისა. რადგან კარბელოვის გალობაზედ ბევრს ლაპარაკობენ, რომ ეს არის ნამდვილი ქართული საეკლესიო გალობაო, ამის გამო, ჩვენის ჰაზრით ურიგო არ იქნება, რომ ნოტების შედგენის დროს იმის გალობასაც მიაქცევდნენ ჯეროვან ყურადღებას” (“დროება” 1878 წ. #157).

გაიმართა კამათი, თუ რომელი კილო იყო მართებული და სწორედ ასეთი კამათის ფონზე დაწყებულა აღმოსავლეთ და დასაველთის მგალობელთა მოსმენა თბილისში.

1878 წლის 2 სექტემბერს ანჩისხატის ეკლესიაში წმ. ალექსანდრე ეპისკოპოსისა და კომიტეტის წევრთა წინაშე მაქსიმე ჩხარტიშვილმა თავის ამხანაგებთან ერთად პირველად იგალობა. აი, რას წერდა ამის შესახებ დროება:

“ნეტავ გუშინ 5 საათზე ანჩისხატის საბოროში ჰყოფილიყავით და გენახათ, თუ როგორი მშვენიერი ქართული გალობა გვქონდა.

გურიიდან მოწვეული მგალობელი მღვდელი მოვიდა. გვსურდა, შეგვეთანასწორებინა, ჰგავს თუ არა იმისი გალობის კილო ქართველისა? ამ მიზეზით მრავალი მგალობლები შევიკრიბენით იქ.

ლოცვის შემდეგ კომისიის წევრნი ხალხითურთ შევგროვდით არხიმანდრიტის ზალაში, სადაც დაესწრო ამ კეთილ საქმის მოთავე ალექსანდრე ეპისკოპოზიც.”

მიუხედავად ასეთი ღონისძიებებისა, საყვედურები პრესიდან მაინც ისმოდა: “ქართული საეკლესიო გალობის საქმე ხეირიანად ვერ მიდის... მ. მაკარის ხელი აუღია ამ საქმიდამო. მგალობლები ხეირიანად ვერ ეკიდებიან თავის საქმეს... არ ასწავლიან აქაურ დიაკვნებსაო და ყველაზე უარესი ის არისო, რომ მაჭავარიანისაგან შედგენილი ზოგიერთი ნოტები ქართულის გალობისა არ ვარგაო.”

ამ პუბლიკაციას ვრცელი წერილით უპასუხა წმ. ალექსანდრემ: “1880 წ. №26, 2 თებერვლის “დროებაში” დაიწერა, ქართული გალობის საქმე ხეირიანად ვერ მიდისო... პასუხს გავცემ ქართულ საზოგადოებას: 1) “არქიმანდრიტმა მაკარმა მართლაც თავისი ნებით დატოვა კომიტეტი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმის წარმოწყებაში. 2) მგალობლები ახლაც ასწავლიან შეგირდებს, ახლა შეგირდები გაცილებით მეტნი არიან... სწავლება უფასოა და ნებისმიერი წოდების წარმომადგენელს შეუძლია, ისწავლოს. 3) დიდი ხანია რვა ხმა ტროპარები და ღვთისმშობლისა გაათავეს და ახლა ოქროპირის წირვა დააწყებინეს და ესეც შეასწავლეს, და რამდენიმე კიდევ სხვა საგალობლები. 4) სიონის ტაძრის გალავანში გურული მგალობლები წირვისა და მწუხრის შემდეგ ამეცადინებენ შეგირდებს. 5) შეგირდებმა პრაქტიკა რომ მიიღონ, სიონში საგანგებო ქართული წირვა ტარდება, და გურული მგალობლები მთელს გუნდს აგალობებენ ვისაც მოსმენა უნდა, შეუძლია სიონის ტაძარში მოსვლა”.

ალექსანდრე ეპისკოპოსი ქართულ საზოგადოებას მიმართავდა: თუ ვინმეს შეუძლია და ესმის მუსიკა, გასინჯოს მაჭავარიანის მიერ ჩაწერილი ნოტები, თუ ის კარგია, თქვას, თუ უვარგისი, ესეც ეცნობოს საზოგადოებასო.

წმიდა ალექსანდრეს ძალისხმევით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეკლესია-მონასტრებს შემოწირულობა შემოჰქონდათ კომიტეტში. მაგრამ ეს არ კმაროდა, ამიტომ თხოვნით მიმართეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებენ საზოგადოებას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრეც იყო. ამ თხოვნის საპასუხოდ ეს საზოგადოება ყოველწლიურად გარკვეულ თანხას სწირავდა მგალობლებს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ოქროპირიძე ხშირად სტუმრობდა და სულიერ მოძღვრებას უწევდა თბილისში მაქსიმე შარაძის მიერ დაარსებულ “უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავ კაბინეტს”. წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) თავის მოგონებებში სიამოვნებით იხსენებს, თუ როგორი მამობრივი მზრუნველობით ეპყრობოდა მეუფე იქ თავმოყრილ ახალგაზრდებს.

მავანთა კრიტიკულ დამოკიდებულებებს გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობისადმი წმიდა ალექსანდრე ასე პასუხობდა: “ყველას იმასა ვსთხოვ, რომ ამ გალობის პირობაზედ მოთმინება იქონიონ. ჯერ არ არის დიდი ხანი, რაც ეს გალობა და მისი კომიტეტი დაწესდა და მე რომ სულ ახალი დადგენილი ვარ ხსენებულის კომიტეტის თავჯდომარედ – ნურც ენით და ნურც კალმით ცუდად ნურავინ ახსენებს ამ გალობას, ცუდხსენებით გალობის ატმოსფერო არ გაიწმინდება... ნათქვამია, ჩქარს უგვიანდებოდესო. ბოლო იტყვის ყველას და დააგვირგვინებს საქმესა. იქნება ბოლოს სთქვან ძეთა ძველის იბერიისათა: გამოუბრწყინდა ნათელი ქართულ ეკკლესიურ გალობისა გორიზონტსა ზედა, გადაღებულ იქმნა წყობილად ეკკლესიისა გალობა ნოტებზედა.”

მაგრამ ცალკეული კრიტიკული შენიშვნები მაინც გაისმოდა. 1884 წელს ჟურნალ ”მწყემსში” დაიბეჭდა წერილი, რომლის ავტორი ეპისკოპოსს კუთხურ მიკერძოებასა და ფინანსურ უგერგილობას აბრალებდა.

წმიდა მღვდელთმთავარმა ალექსანდრემ საპასუხო წერილი რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:

”1. მე წინააღმდეგი არასდროს არ ვყოფილვარ ქართული გალობის ნოტებზე გადაღებისა. პირიქით, ეგზარქოსის ნებართვით, თავად ვკისრულობ ქართლ-კახური კილოს საეკლესიო გალობის აღდგენას საკუთარი ხარჯით.

2. არასოდეს ვყოფილვარ წინააღმდეგი გურული კილოსი. ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ”გურულის კილოს” გალობა კარგია თავის სამშობლოში, ქართლში და კახეთში გურული გალობა ვერ მოიდგამს ფეხს, როგორც ეს დაამტკიცა გარემოებამ და გვიჩვენა გამოცდილებამ.

3. საეკლესიო გალობის კომიტეტის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ უარს ვაცხადებ თავჯდომარეობაზე.

4. ფული შეგროვდა სასწავლებელში ქართული გალობის შესასწავლად, და არა ნოტებზე გადასაღებად.”

მას შემდეგ, რაც სასულიერო სემინარიის რექტორი – ჩუდეცკი ქართული გალობის აღდგენის მხარდამჭერებს დაუპირისპირდა, სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, მოგვიანებით ჩუდეცკი სემინარიის ერთ-ერთმა სტუდენტმა მოკლა. ამ მოვლენების უშუალო შედეგად უნდა ჩაითვალოს წმიდა მღვდელთმთავარის კომიტეტის თავჯდომარეობიდან გადადგომა. თუმცა მას ყურადღება არ მოუკლია ქართული გალობის აღდგენისა და ნოტებზე გადატანის საქმისათვის. 1884 წლის ზაფხულში მან ხელშეკრულება დადო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორთან ი. იპოლიტ-ივანოვთან, რომელსაც უნდა ჩაეწერა ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის წირვის წესი და სამუშაო 1886 წლის 1 ოქტომბრისათვის დაესრულებინა. მართალია, ეს კრებული დროულად დასრულდა, მაგრამ მისი გამოცემა მხოლოდ 1899 წელს მოხერხდა, რადგან პეტერბურგში გაგზავნილი ნაშრომის ცენზურას რუსმა ბიუროკრატებმა ათი წელი მოანდომეს. კრებული წმ. ალექსანდრე ეპისკოპოსის დაფინანსებით დაიბეჭდა ”მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბაში.”

სიცოცხლის ბოლო წლებში ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ გურული გალობის აღსადგენად საეკლესიო გალობის კაბინეტი დააარსა გურიაში. თავისივე ხარჯით მოიწვია ორი მგალობელი: მელქისედეკ ნაკაშიძე და სვიმონ მოლარიშვილი. მათ დაევალათ, რომ ხალხისათვის უფასოდ ესწავლებინათ გალობა. მგალობლები რიგ-რიგობით დადიოდნენ გურიის სოფლებში და ხალხს ასწავლიდნენ.

ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილ კარბელაშვილი) იგონებს მეუფე ალექსანდრეს საუბარს: ” – აბა, ბიჭო, მითხარი, რომელი უფრო მოგწონს ამ სამ საგანში, - თანაც თითებზედაც ჩამოსათვლელად: საეკკლესიო გალობის აღდგენა, დარღვეული მონასტრების განახლება, თუ ჩვენი სასულიერო მწერლობის ნაწერების ბეჭდვაო?” ” – თქვენო მეუფებავ! სამივე ერთი ერთმანეთზედ უკეთესია და აბა, იმას რა ეჯობნება, რომ სამივე ესეები არ დააშოროთ ერთმანეთს!” ” – ერიჰა! ეგ ხომ მძიმე და ძნელი საზიდი უღელია ჩემთვის, მაგრამ მჯერა, გულწრფელად მეუბნები მაგას და მართლაც არ დაშორდებიან ეგენი. რა ვუყოთ? ღმერთი მოწყალეა! ორი შაურის მუშასა, მის დღეში არა უშავსა”. აი, რა სასოებით და მტკიცე იმედით შეუდგა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეს.”

სწორედ ალექსანდრე ეპისკოპოსის კურთხევით გააგრძელა საეკლესიო გალობის გადარჩენისა და ნოტებზე გადატანის საქმე მისმა სულიერმა შვილმა ეპისკოპოსმა სტეფანემ, რომელმაც ქართლ-კახური გალობის უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ალექსანდრე ეპისკოპოსი ამ საქმის კეთილად წარმართებასა და დასრულებას იმედოვნებდა, ამისთვის იღვწოდა იგი და იმედი გვაქვს, რომ დღესაც არ მოაკლებს ლოცვით.

გაზეთი ”ქართული გალობა”, №3, 2006 წ.

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 20 February 2012 17:59)