Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, საეკლესიო კალენდრის შევსებასთან ერთად, მოზღვავდა დიდი რაოდენობა საგალობლებისა; შეიქმნა ჰიმნის ახალი სახეობები. სამგალობლო რეპერტუარის მნიშვნელოვანმა ზრდამ ხელი შეუწყო ერთ-ერთი უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის, იადგარის ჩამოყალიბებას.

იადგარი ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპს ასახავს (ტერმინი "იადგარი" სპარსული წამომავლობისაა, ნიშნავს "ხსოვნას", "მოგონებას", "გახსენებას", "სახსოვარს"). იგი წმინდანთა მოსახსენებელ საგალობელთა კრებულს უნდა აღნიშნავდეს. საგალობელთა ამ ტიპის ბერძნული ხელნაწერები "ტროპოლოგიონის" (ტროპარების კრებული) ან "მენაიონის" (იგივეა, რაც თვენი) სახელითაა ცნობილი. ჩვენამდე მოღწეულია ძველი იადგარის რამდენიმე ნუსხა. მათგან ყველაზე ვრცელია ე.წ. ჭილ-ეტრატის იადგარი. მისი უნივერსალობის შესახებ კ. კეკელიძე აღნიშნავდა: "ამ ხელნაწერში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ნიმუში იმ წიგნისა, რომელიც სრულებით აკმაყოფილებდა ლიტურგიკულ მოთხოვნილებას VIII-IX საუკუნეებამდე, ვინაიდან იმაში მოთავსებულია ყველა ის დიდი წიგნი, რომლებიც აუცილებელია ეკლესიაში სახმარებლად". აქ თავმოყრილია თვენი, მარხვანი, ზატიკნი და პარაკლიტონის ადრეული, თავისებური სახე.

ძველი იადგარის წარმომავლობისა და დათარიღების თაობაზე მკვლევართა აზრი იყოფა. ერთი თვალსაზრისით, პირველი ქართული იადგარი პალესტინური წარმომავლობისაა და მისი თარგმანი შესრულებულია VII საუკუნეში ან VIII საუკუნის შუა წლებში. ახლახან გაჩნდა მოსაზრება, რომლის თანახმად, ძველი იადგარების არქეტიპს წარმოადგენს წმიდა გრიგოლ ხანძთელისეული "საწელიწდო იადგარი", რომელიც, როგორც ცნობილია, ტაო-კლარჯეთშია დაწერილი. კრებულის აღმოცენება და შემდგომი ეტაპობრივი შევსება-სახეცვლა ნავარაუდებია IX საუკუნის 30-40-იანი წლებიდან X საუკუნის მეორე ნახევრამდე.

ძველი იადგარის ნუსხებმა შემოგვინახა სტიქარონების და გალობანის ადრეული, არქაული სახე. საგალობლებში პირველ ტროპარს ჯერ კიდევ არა აქვს ძლისპირის ფუნქცია. არასრული კანონი (ორი ან სამი გალობისაგან შემდგარი) და სტიქარონების ტროპართა არარეგლამენტირებული რაოდენობა საგალობელთა არქაულობაზე მიუთითებს. ძველი იადგარის კანონი წინადამასკელისეული ეპოქის კანონად არის ცნობილი. კრებულში სხვა ანონიმი ავტორების გვერდით ანდრია კრიტელის, გერმანე პატრიარქის და იოანე ბერის (არა დამასკელის) საგალობლებია დადასტურებული.

ჭილ-ეტრატის იადგარში შესულია წმიდა აბოს სახელზე შეთხზული საგალობლები: სტიქარონები, არასრული კანონი და "ხელთბანისაი", რომლებიც არქაულობით გამოირჩევიან. ეს საგალობლები ქართველი ჰიმნოდის მიერ არის დაწერილი. ბერძნული მოდელი აქვს მხოლოდ ზოგადი შინაარსის "ოხითას".

საფიქრებელია, რომ ჭილ-ეტრატის იადგარის შემდგენელმა პირველმა დაიწყო პალესტინური ღმრთისმსახურების წიგნის შევსება ქართული ეკლესიისთვის სასურველი ჰიმნოგრაფიული მასალით, წმიდა აბოს ხსენებით და იმ დღესასწაულებით, რომლებსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ქართველი ერი.

 

მაგდა სუხიაშვილი

გაზეთი “ქართული გალობა”, №2, 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 17 February 2012 18:21)