Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად, წიაღმყვანებელი ნათლისღებად მოსულთათვის და საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდან: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტება თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16) და შემდგომი.

1. ახალი აღთქმის მოწაფენო და ქრისტეს საიდუმლოთა ზიარნო! აწ მოხმობით, მცირედის შემდგომ კი – მადლით “შექმენით თქვენში ახალი გული და ახალი სული” (ეზეკ. 18.31), რომ მხიარულობდნენ ზეციერნი. რადგან, თუკი ”ერთ მონანიე ცოდვილზე სიხარულია”, თანახმად სახარებისა (ლუკ. 15.7), ესოდენ სულთა ხსნა რაოდენ მეტად აღძრავს სასიხარულოდ ზეცის ბინადართ? კეთილ და მშვენიერ გზას შედგომილებში ღვთისმოშიშებით ისრბოლეთ კეთილმსახურების ასპარეზზე, რადგან თქვენი გამოსყიდვისთვის ღვთის მხოლოდშობილი ძე დგას აქ1 და ამბობს: ”მოდით ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11.28). მძიმე ცდომილებებით გარემოცულნო და საკუთარ ცოდვათა ჯაჭვებით შეკრულნო, ისმინეთ საწინასწარმეტყველო ხმისა, რომელიც ამბობს: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16), რომ ანგელოზთა გუნდმა თქვას თქვენთვის: ”ნეტარნი არიან, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და რომელთაც დაეფარათ ცოდვანი” (ფს. 31.1). აანთეთ რა ახლახან სარწმუნოების ლამპრები, დაუშრეტელად იპყარით ხელში ისინი, რათა, როგორც ავაზაკს მაშინ, სარწმუნოების მიერ, გაეღო სამოთხე ამ ყოვლადწმინდა გოლგოთაზე,2 თქვენც ღირსნი გახდეთ საქორწილო სიმღერის წარმოთქმისა.

2. თუკი ვინმე არის აქ მონა ცოდვისა, გაემზადოს სარწმუნოების მიერ ძეობილობის თავისუფლებაში აღმოშობისთვის (ἀναγέννησιν). განაგდოს ცოდვათა უბოროტესი მონობა და შეიძინოს უსანატრელესი მონობა უფლისა, რომ ღირსი გახდეს ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა. აღსარების მიერ ”განიძარცვეთ ძველი კაცი, გახრწნილი სიცრუის გულისთქმებით” (ეფეს. 4.22-24), რომ შეიმოსოთ ახალი, თავისი შემოქმედის შემეცნებით განახლებული” (კოლ. 3.10). წინდი სულისა წმინდისა (II კორ. 5.5) მოიპოვეთ სარწმუნოებით, რომ შეგიწყნარონ საუკუნო სამყოფელში. მიეახლეთ საიდუმლო ბეჭედს, რათა გიცნოთ მეუფემ. თანააღირაცხეთ ქრისტეს წმინდა და სიტყვიერ სამწყსოში, დადექით მის მარჯვნივ და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული ცხოვრება. რადგან ვისაც ჯერ კიდევ აწევს ცოდვათა სიმძიმე, ისინი მარცხენით დგანან და ვერ მიეახლებიან ღვთის მადლს, რომელიც საბანელისეული აღმოშობით მიეცემა ქრისტეს მიერ. აღმოშობას კი ვამბობ არა სხეულებისას, არამედ სულის სულიერ აღმოშობას. სხეულები ხილული მშობლებისაგან იშვებიან, ხოლო სულები სარწმუნოების მიერ აღმოიშობიან, რადგან ”სულს სადაც უნდა ქრის” (ინ. 3.8). როცა სინდისი გათავისუფლებული გექნება უწმინდური ორგულებისაგან, მაშინ, თუკი ღირსი იქნები, მოისმენ: ”კეთილო, სახიერო და სარწმუნო მონავ” (მთ. 25.21).

3. თუკი ვინმე აქ მყოფთაგანი ცდილობს გამოსცადოს მადლი, ატყუებს საკუთარ თავს და არმცოდნეა [საღვთო] ძალისა. გქონდეს, ჰოი კაცო, შეუორგულებელი სული გულისა და თირკმელთა გამკითხველის (ფს. 7.10) მიმართ. როგორც ლაშქრის შემკრებნი გამოეძიებენ მოლაშქრეთა სიმაღლესა და ტანადობას, ასევე უფალიც, სულთა შემკრები, გამოეძიებს ზრახვებს და თუკი ვინმეს ფარული ორგულება აქვს, განაგდებს მას, როგორც ჭეშმარიტი ლაშქრობისთვის უვარგისს. ხოლო თუ ღირსეულს ჰპოვებს, მას დაუყოვნებლივ მისცემს მადლს. ”არ აძლევს სიწმინდეებს ძაღლებს” (მთ. 7.7), არამედ ვისშიც ხედავს კეთილ გონებას, იმას ანიჭებს მაცხოვნებელ და საკვირველ ბეჭედს, რომელსაც უძრწიან დემონები და სცნობენ ანგელოზები, რათა ერთნი განიდევნებოდნენ და ივლტოდნენ, მეორენი კი, როგორც მოთვისეს, გარს ევლებოდნენ. ვინც ეს სულიერი და მაცხოვნებელი ბეჭედი მიიღო, საკუთარი არჩევანიც უნდა გააჩნდეს. რადგან როგორც საწერ კალამს, ან ლახვარს სჭირდება მოქმედი, ასევე მადლსაც სჭირდება მორწმუნენი.

4. საჭურველს ღებულობ არა ხრწნადს, არამედ სულიერს. ამიერიდან დაინერგე გონისმიერ სამოთხეში (გამოცხ. 12.7). ღებულობ ახალ სახელს, რომელიც წინათ არ გქონდა. ამის უწინარეს კათაკმეველი იყავი, ახლა კი მორწმუნე გეწოდა. გადაინერგე შემდეგ სულიერ ზეთისხილზე, ველური ზეთისხილიდან დაემყენი კეთილ ზეთისხილს (რომ. 11.24), ცოდვებიდან სიმართლეს, მწვირედან სისუფთავეს, გახდი თანაზიარი წმინდა ვენახისა (ინ. 15.1-4). თუ დარჩები ვენახში, აღორძინდები როგორც ნაყოფიერი რტო, ხოლო თუ არ დარჩები, ცეცხლით მოისპობი. ამრიგად, ვინაყოფიეროთ ღირსეულად. ნუ იქნება, რომ ვინმე ჩვენგანს შეემთხვეს, როგორც იმ უნაყოფო ლეღვს და რაჟამს მოვა იესო, დაიწყევლოს უნაყოფობის გამო (მათ. 21.19), არამედ შეეძლოს ყველას ამისი თქმა: “ხოლო მე, როგორც ნაყოფიერი ზეთისხილი უფლის სახლში, უფლის წყალობას ვესავ უკუნისამდე” (ფს. 51.10), ზეთისხილი არა გრძნობადი, არამედ სულიერი, ნათლით შემოსილი. მისია დარგვა და მორწყვა (I კორ. 3.6), შენი კი – ნაყოფის გამოღება. ღვთისაა მონიჭება, შენი კი – მიღება და დაცვა. ნუ მოიძაგებ მადლს იმ მიზეზით, რომ უსასყიდლოდ გებოძა, არამედ მიიღე და დაიმარხე ღვთისმოშიშებით.

5. ჟამი არს აღსარებისა. აღიარე ჩადენილნი სიტყვით თუ საქმით, ღამით თუ დღისით. აღიარე შეწყნარების ჟამს და გამოხსნის დღეს (II კორ. 6.2), რომ მიიღო ზეციური საუნჯე. უსმინე შეფუცებებს, მისდიე სწავლებებს და დაიხსომე, რაც ითქმის, რადგან ითქმის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოისმინო, არამედ რათა სარწმუნოების მიერ დაბეჭდო თქმულნი. ყოველგვარი ადამიანური საზრუნავი აღხოცე შენგან, რადგან სულისთვის იღვწი (τρέχεις), ყოველივე ამქვეყნიური ყოვლითურთ დაუტევე. უმცირესია დატოვებული, უფლის მიერ მონიჭებული კი უდიდესი. უარყავი აწინდელი და ირწმუნე მოსალოდნელი. რამდენი მოქცევი წელიწადისა განვლე ამქვეყნიური ამაოების მიერ მოუცლელმა და ორმოცი დღე ვერ მოიცლი, რომ საკუთარი სულისთვის ილოცო? “მოიცალეთ და გულისხმაყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი” (ფს. 45.11), ამბობს წერილი. ფუჭად ლაყბობას ერიდე, ნურც ავად იმეტყველებ და ნურც ავმეტყველებს მოუსმენ წადიერებით, არამედ ლოცვისთვის განემზადე უფრო მეტად, ღვაწლით წარმოაჩინე სიმტკიცე შენი გულისა. გაწმინდე შენი ჭურჭელი (შდრ. მთ. 23.26), რომ უმეტესი მიიღო მადლი. ცოდვათა მიტევება თანაბრად ეძლევა ყველას, ხოლო სულიწმინდასთან ზიარება სარწმუნოების შესაბამისად ენიჭება თითოეულს (შდრ. რომ. 12.6). თუკი მცირეს იშრომებ, მცირეს მიიღებ, ხოლო თუ ბევრს იშრომებ, სასყიდელიც დიდი იქნება. საკუთარი თავისთვის იღვწი, შენთვის სასარგებლოს უმზირე.

6. თუკი რამ უთანხმოება გაქვს ვინმესთან, მიუტევე. მოსულხარ ცოდვათა შენდობის მისაღებად, შენც გმართებს შეუნდო შემცოდეებს. რადგან რა პირით ეტყვი უფალს “მომიტევე მე ჩემი მრავალი შეცოდება”, როდესაც შენ თვითონ მცირესაც არ უთმობ თანამონებს (მთ. 18.23-35)? შეკრებებზე3 მოშურნე იყავ არა მხოლოდ ახლა, როცა სამღვდელონი გთხოვენ მოშურნეობას, არამედ მადლის4 მიღების შემდგომაც. რადგან თუკი მიღებამდე კარგია ის, რაც ხდება, მიღების შემდგომ არ იქნება კარგი? თუკი დამყნობამდე უსაფრთხო იყო მორწყვა და გაფხვიერება, უფრორე მშვენიერი არ იქნება დანერგვის შემდგომ? იღვაწე საკუთარი სულისთვის, განსაკუთრებით ამ დღეებში; საღმრთო საკითხავებით გამოკვებე შენი სული, რადგან გაგიმზადა შენ უფალმა სულიერი ტაბლა; თავადაც თქვი ფსალმუნთმგალობლის მსგავსად: “უფალი მმწყემსავს მე და არაფერი მომაკლდება, იქ, ამწვანებულ ადგილზე დამამკვიდრა მე, განსასვენებელ წყალზე გამომზარდა მე, მოაქცია ჩემი სული” (ფს. 22. 1-3), რომ ანგელოზნიც იხარებდნენ და თავად ქრისტემ, დიდმა მღვდელთმთავარმა, მოიწონოს თქვენი არჩევანი, წარგადგინოთ თქვენ ყოველნი და უთხრას მამას: “აჰა, მე და ყრმანი, რომელნიც მომცა მე ღმერთმა” (ეს. 8.18; ებრ. 2.13). და დაგიცვათ თქვენ, მისადმი სათნოყოფილნი, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

 

-------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - ქრისტეს უხილავი თანამყოფობა ყოველთვის იგულისხმება საეკლესიო საიუდმლოთა და წეს-განგებათა აღსრულებისას. შდრ. "წესი და განგებაჲ წმიდისა და ანგელოზებრივისა სქემისაჲ": "და ჰრქუა მღდელმან: აჰა ესერა, ქრისტე უხილავად აქა მდგომარე არს. იხილე, რამეთუ არავინ გაიძულებს მიღებად წმიდისა ამის სქემისა". იხ. დიდნი კურთხევანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, I, თბ. 2002, გვ. 185.

2 - შდრ. Gრ: ἐν τῷ παναγίῳ τούτῳ Γολγοθᾷ. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის ქადაგებებს წარმოთქვამს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტაძარი ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენს და სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. ესენია: ანასტასისი, წრიული ფორმის ნაგებობა, რომელიც წმინდა საფლავის ადგილზე არის აგებული, მარტირიუმი, დიდი, წაგრძელებული ფორმის ბაზილიკა, რომელიც ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენის ადგილზე ააგეს და გოლგოთა, მცირე ზომის ნაგებობა, რომელიც ჯვარცმის ადგილზე მდებარეობს. ამიტომაცაა, რომ მქადაგებელი უშუალოდ გოლგოთისკენ მიუთითებს მსმენელებს.

3 - შდრ. Gრ: Εἰς τὰς συνάξεις ἔσο σπουδαῖος. აქ საუბარია მოსანათლად განმზადებულთა შეკრებებზე, რაც მათი დამოძღვრისა და ქრისტიანობის ელემენტებში გარკვევისათვის ეწყობოდა.

4 - იგულისხმება ნათლისღების საიდუმლო. შდრ. წმ. კირილე იერუსალიმელი, მისტაგოგია 4.8: "სანამ მადლს მიეახლებოდი, "ამაოება ამაოებათა" იყო შენი საქმენი". იხ. "გული გონიერი", №2, 2011 წ. გვ. 104.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", №3, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 15 January 2012 19:48)