Georgian (Georgia)English (United Kingdom)
1. საერო ცხოვრებიდან სასულიერო იერარქიამდე

XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორი რთული წინააღმდეგობრივიც იყო გასული საუკუნის პირველი მეოთხედი საქართველოსათვის, ასეთივე მძიმე იყო იგი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსისათვის. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ წლებში, როცა ბოლშევიკების მიერ ოკუპირებულ და საშინელი რეპრესიების დროს ღვთის განგებამ მას არგუნა ყოფილიყო სულიერი წინამძღოლი ქართველი ხალხის, ქართული ინტელიგენციის, არისტოკრატიისა. მან უშიშრად იტვირთა ქართველი ერის სულიერი გაძლიერების მისია და თავისი თავის მსხვერპლად მიტანით გაადაარჩინა საქართველოს თავისუფლების იდეა, მისმა თავდადებამ თვით ურწმუნო ადამიანებშიც კი დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმკვიდრა.

უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია დაიბადა 1861 წლის 7 ოქტომბერს მარტვილში.

1871-1873 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 1873-1879 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. ეს იყო დრო, როდესაც რუსეთის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა თავისი ვერაგული ზრახვის, ქართველთა დენაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას, ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობოდა აფხაზეთში. ჭაბუკმა ბესარიონ ხელაიამ თავის თავზე იწვნია რუსეთის ველიკოდერჟავული პოლიტიკის ვერაგობა. უკვე იკვეთებოდა ქართველთა და აფხაზთა შორის გაუცხოების ტენდენცია, ქართველობა საკუთარ სამშობლოშივე დევნილი იყო. შედარებით უკეთესი ვითარება იყო მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, სადაც იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომელნიც მოსწავლეებს გატაცებით უამბობდნენ საზოგადოებაში უკვე დავიწყებულ ქართველ მეფეებზე, ქართველ გმირებზე, ქართველ წმინდანებზე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი წარმომადგენლების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაწყებული ქართველი ერის დიდი გამოღვიძების სიო პროვინციებშიც იგრძნობოდა.

1879 წელს ჭაბუკი ბესარიონ ხელაია ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. საქართველოს ყოფილ დედაქალაქ XIX საუკუნეში ამიერკავკასიის ცენტრად წოდებულ თბილისს უჭირდა ქართული ქალაქის სახის შენარჩუნება. თბილისში 41 ერისა და ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა, მათ შორის 21% ქართველი, 37%-სომეხი, 30%-რუსი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ერის წარმომადგენლები (1,29). 1866 წელს ქალაქში შემოღებულ იქნა თვითმმართველობა ქალაქის თავად არჩეულ იქნა გენერალი არწრუნი, მაგრამ თბილისში მოღვაწეობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი. აქვე ფუნქციონირებდა "ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება," გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის "ივერია", სერგეი მესხის "დროება", მიმდინარეობდა პოლემიკა ქართული ბანკის გამო. ქართველი სამღვდელოების მოწინავე ნაწილი უკვე აღარ ერიდებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარს. თვით სასულიერო სემინარიაში კი სულისშემხუთველი, შოვინისტური ატმოსფერო იყო გამეფებული. ქართველი პედაგოგები განიცდიდნენ დევნას, შეურაცხყოფას, სემინარიელებს ქართულად ფიქრსაც უკრძალავდნენ, მიუხედავად ამისა ბესარიონ ხელაიამ მტკიცედ გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება ქართველი ხალხისათვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების ბრძოლისათვის მიეძღვნა.

როგორც ზაქარია ჭიჭინაძე გადმოგვცემს: "ბესარიონ ხელაია იყო უღრმესად მოყვარე თავის სამშობლო ქვეყნის, თავის ერის, ქართული მწერლობის და საქართველოს ისტორიის... ყოველთვის გულ-ნაკლული იყო ქართველი ერის ასე დაცემასა და დაქვეითებაზედ. სძულდა სასტიკად უგულო ამხანაგები, ნამეტურ ისინი, რომელნიც ხშირად საქართველოსაც წარა-მარად უარჰყოფდნენ." (2,5). 1887 წელს იგი აკურთხეს სოხუმის ეპარქიის სოჭის ეკლესიის მღვდლად, 1892 წლიდან სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია, 1890 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" გამოქვეყნდა მამა ბესარიონ ხელაიას წერილი გუდაუთის უბანში მისიონერ ამბროსი კავკასიძის სტუმრობის შესახებ. მისიონერი ამბროსი კავკასიძე კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი იყო და გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და მჭერმეტყველებით ეხებოდა რა მის ქადაგებას გუდაუთის თემის ლიხნის ეკლესიაში მამა ბესარიონ ხელაია დასძენდა: "შემდგომ წირვისა არქიმანდრიტმა ხალხს უთხრა ქადაგება, სწორედ რომ ვთქვათ, უფრო დარიგება იყო მისი სიტყვა, ვიდრე საეკლესიო ქადაგება და ხალხზე ამიტომაც დიდად იმოქმედა მისმა მდაბიო, გასაგონის ენით წარმოთქმულმა სიტყვამ. შემდგომად ასეთის სწავლა-მოძღვრებისა აუხსნა ხალხს შვილების სწავლების სარგებლობა და უთხრა, რომ თქვენს საზოგადოებაშიც სკოლა გამართეთო... წირვის შემდეგ ხალხმა ერთხმად გადაწყვიტა იქონიონ სკოლა, შეადგინა განაჩენი, რომ მოამზადონ სახლი სკოლისა და მასწავლებლებისათვის. არქიმანდრიტი დაჰპირდა, როდესაც სკოლის შენობა მზად იქნება, მასწავლებელსაც გამოგიგზავნით, სკოლის საჭირო წიგნებსაც და ნივთებსაცო, მასწავლებელსაც ჯამაგირს ჩვენ მივცემთო. ასეთმა მამობრივმა დარიგებამ და შემწეობის აღმოჩენამ და დახმარებამ ძალიან ასიამოვნა ხალხი, თითქოს გულიო მოულბაო ყველას და თბილი სხივი ჩაუფინა. ვიდრე არქიმანდრიტი ცოტას დაისვენებდა და ისადილებდა, საზოგადოებამ ნიშნად პატივისცემისა ფეხი აღარ მოიცვალა იმ ადგილიდან. მერე ყველა წარმომადგენელნი საზოგადოებისა გამოეთხოვნენ, დიდი მადლობა გადაუხადეს ასეთის თანაგრძნობისათვის და გაისტუმრეს... ღმერთმა ინებოს, რომ ამისთანა კაცები ხშირად დაჰხედავდნენ ხოლმე ჩვენს მივიწყებულს მხარეს და ათასში ერთხელ მაინც გაგვაგონებდნენ კაცობრიულსა და კეთილს სიტყვა-პასუხსა." (20, 1890, 30 IV) დასძენდა მამა ბესარიონი. სოხუმში მოღვაწეობამ კიდევ უფრო განუმტკიცა აზრი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისათვის ბრძოლაში სასულიერო პირისათვის აუცილებელი იყო მრავალმხრივი განათლება, ამიტომ იგი 1897 წელს სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. მამა ბესარიონის სოხუმის საკათედრო ტაძრიდან ყაზანში სწავლის გასაგრძელებლად წასვლას ასე გამოეხმაურა გაზეთი ცნობის ფურცელი "კეთილი მოძღვრის წასვლა."

"მამა ბესარიონ ხელაიას მრევლის განუსაზღვრელი სიყვარული ჰქონდა დამსახურებული თავისი მამაშვილურისა და სათნო ქცევით. ყველას გული დაწყვიტა საყვარელის მოძღვრის მოშორებამ." (21, 1897, 30 XI).

1897 წლის 30 დეკემბერს სერგი გორგაძემ ჟურნალი "მწყემსის" რედაქტორს დეკანოზ დავით ღამბაშიძეს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა "ვიცი, თუ რა დიდათ სასიამოვნოა ჩვენი შეგნებული საზოგადოებისათვის უმაღლესი სწავლა-განათლების მქონე სასულიერო პირთა შემომატება, ვიცი აგრეთვე როგორი სიხარულით ეგებებოდით თქვენ და თქვენი პირით მთელი ჩვენი სამღვდელოება ლეონიდის, დიმიტრის, კირიონის, ექვთიმეს ბერად აღკვეცას. ამისათვის ვესწრაფი ვაცნობო პატივცემულ "მწყემსის" მკითხველებს ერთი ფრიად სასიხარულო ამბავი, რომელიც ჭეშმარიტად ამართლებს იმ აზრს, რომ ეს უკანასკნელი ათი წელი საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში შავი სამღვდელოების განახლების ხანად უნდა ჩაითვალოს, რომ ქართველებს მტკიცე სარწმუნოება ქრისტესი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატივისცემა არც ისე გაქრობიათ გულში, როგორც ეს ზოგიერთ ერებს ეგონათ - ამის უტყუარ მაგალითს, ზემოთაღნიშნული პირთა გარდა, წარმოგვიდგება კიდევ მამა ბესარიონ ხელაია, რომელიც წელს ჩვენთან ერთად მიიღეს ყაზანის სასულიერო აკადემიაში. ამის გადაწყვეტილება სინოდისაგან 31 ოქტომბერს მოგვივიდა. მამა ბესარიონს თბილისის სასულიერო სემინარია დაუმთავრებია... ამ ოთხი წლის წინათ დაქვრივებულა და ხელზე დარჩენია ობლად სამი შვილი. საბედოდ მამა ბესარიონის მამა (მღვდელი - ზოსიმე) ცოცხალი ჰყავს და სწორედ ამ გარემოებას შეუწყვია მისთვის ხელი, თორემ შეიძლება ვერც კი გაებედნა ყმაწვილების დატოვება... ვისურვებთ სხვა ახალგაზრდა მღვდლებსაც მიებაძოთ მამა ბესარიონის მაგალითისათვის და არ დაზარებოდეთ უმაღლესი სწავლის მიღება სამშობლო ეკლესიის სამსახურად და სასახელოდ" (22, 1897, 30 XII). ამ დროს ყაზანის სასულიერო აკადემიაში არაერთი ქართველი სწავლობდა, მათ შორის გამოირჩეოდნენ: ექვთიმე კაჭახიძე (შემდგომში მიტროპოლიტი დავითი), მიხეილ ფხალაძე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III), სერგი გორგაძე (ისტორიკოსი), იპოლიტე ვართაგავა (მწერალი, კრიტიკოსი). როგორც ეს უკანასკნელი გადმოგვცემს: "ვინც ბესარიონს ახლოს გაეცნობოდა, დარწმუნდებოდა, რომ ის უსათუოდ ნიჭიერი, განვითარებული, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო, უერთგულესი ამხანაგი და ადამიანი იყო... აღმოჩნდა, რომ არამც თუ ჩვენზე ნაკლებ, უმეტესად ყოფილა ქართული ეროვნული და საზოგადოებრივი საკითხებით დაინტერესებული, ისიც გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა სამშობლოში წარმოებულ პოლიტიკურ ლიტერატურულ-კულტურული ბრძოლის მსვლელობას, ჩვენი ისტორიის პირველწყაროებზე მუშაობდა და დაემზადებინა რამდენიმე ისტორიული თუ სხვა ხასიათის ნარკვევი. რუსი სტუდენტებიც მალე დარწმუნდნენ, რომ ბესარიონი იყო დიდად მომზადებული და განვითარებული პიროვნება: ორ სასემესტრო თხზულებებში მან სასტიკ პროფესორთა უაღრესად საპატიო დაფასება მიიღო." (3,63)

1900 წლის 11 თებერვალს ბესარიონი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა ამბროსი. 1900 წლის 11 თებერვალს საღამოს 6 საათზე ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ათამდე ქართველი შეიკრიბა დანიშნული იყო მღვდელი ბესარიონ ხელაიას ბერად აღკვეცა. წესი რექტორმა, ეპისკოპოსმა ანტონმა შეასრულა და გულშიჩამწდომი სიტყვა წარმოსთქვა. იგი ღმერთს ბესარიონის სახელით შეავედრა, აიღო ხელში მაკრატელი შეიკვეცა თმის ღერი და ამის მერე "ბესარიონი" აღარავის გაუგონია: მას უწოდეს ამბროსი." მღვდელმთავარს უთქვამს: "საბერო სათნოებათა შორის სიმდაბლე ყველაზე უფრო მაღალი და ძნელი სათნოებაა. იგი შველის კაცს, მოთმინებით აიტანოს ყოველგვარი გაჭირვება... ჭეშმარიტი სიმდაბლით აღჭურვილი მოძღვარი თვით გულქვა და ამპარტავან ადამიანებზეც კი ძლიერ ზნეობრივ გავლენას იქონიებს ხოლმე... სიმდაბლის მქონე კაცი იმითაა კიდევ ძლიერი, რომ მას თვით სიკვდილის მოახლოებაც კი ვერ შეაშფოთებს, იმ სიკვდილისა, რომლის წინაშეც ასე ხშირად თრთიან ხოლმე თვით უძლეველი და გულმაგარი გმირები. ასეთია სიმდაბლის უაღრესობა, მაგრამ რამდენადაც ძლიერია იგი, იმდენად უფრო ძნელია მისი მოპოვება; განსაკუთრებით ძლიერ უჭირთ ეს ახალგაზრდა და გამოუცდელ ბერებს." (9,25-26). აკადემიის დამთავრების შემდეგ მამა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. 1901 წელს მცირე ხნით მოღვაწეობდა სოხუმში, მაგრამ მისი იქ ყოფნა ხელს არ აძლევდათ ანტიქართულ ძალებს, იგი მოურიდებლად ამხელდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების შოვინისტურ პოლიტიკას. ამიტომ 1902 წელს იგი გადმოყვანილ იქნა რაჭაში, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად. აქ მან თავისი თავდადებული საქმიანობით მოსახლეობის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1903 წელს მარიამობის დღესასწაულზე ჩასულ ცნობილ ქართველ მწიგნობარს სოსიკო მერკვილაძეს წირვის შემდეგ მოუსმენია მისი ქადაგება, იგი იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა, რომ მსმენელთა უმრავლესობას სიხარულის ცრემლები ჰქონდა. "მამა ამბროსი სულ წელიწადი არ არის, რაც წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისათვის ეს მოკლე დროც საკმარისი ყოფილა, რომ წრფელის გულით შეყვარებია ხალხს. ახლო მახლო სოფლებში ჩვენ იმისთანა კაცს არ შევხვედრივართ, რომელიც წრფელის გულით არ იყოს განმსჭვალული მამა ამბროსისადმი ღრმა პატივისცემით და სიყვარულით. სოსიკო მერკვილაძე არქიმანდრიტ ამბროსის გულთაზრიან ღვთსისმსახურს უწოდებდა." (2,11)

მამა ამბროსიმ თითქმის გაუკაცრიელებული მონასტერი კვლავ ააღორძინა. მან დაწვრილებით შეისწავლა რაჭა-ლეჩხუმის სიძველენი. საქართველოს ისტორიის, ქართული ხელნაწერების შესწავლის ინტერესი ჯერ კიდევ ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს გამოავლინა. მან სასულიერო აკადემიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "Борьба Христианства с Исламом в Грузии". ამის შესახებ 1901 წლის 14 ივლისს გაზ. "ივერია" აუწყებდა საზოგადოებას. ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია ამ მიმართულებით საქმიანობა. არქიმანდრიტმა ამბროსიმ ჟურნ. "განთიადსა" და "ცხოვრებაში" 1915-1917 წ.წ. "ამბერის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში." მან საინტერესოდ აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერების ისტორია. "უმრავლესობა ჭელიშის მონასტერში დაცულ ხელნაწერებისა გადმოუტანიათ სხვავიდან, სხვავის, ან ველტყევის უდაბნოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ ახლა ძნელია დანამდვილებით ითქვას, რომელი, ან რამდენი მათგანი ეკუთვნოდა სხვავის უდაბნოს. ამის მიზეზი იყო დაუდევრობა, ან უკეთ ვთქვათ, შეუგნებლობა მონასტრის მმართველობისა, რომელნიც ამ ხელნაწერებს არ აძლევდნენ არავითარ მნიშვნელობას და ამის გამო, ეკლესიის ქონებათა აღწერილობაში არ შეუტანიათ... ბევრი ძვირფასი ხელნაწერი სამუდამოდ დაკარგულთა მეცნიერებისათვის. ხოლო დანარჩენი მიუყრიათ ეკლესიის კუთხეში სხვა უხმარ და უვარგის ნივთებთან, რომელთაც მონასტერი არ საჭიროებდა, ამის გამო ხელნაწერები იმდენად დამპალ-დანესტიანებული აღმოჩნდა, რომ საჭირო შეიქმნა მათი გამომზეურება და თითო ფურცლობით შრომა, რასაც მოუნდა მთელი ერთი თვე. გაშრობა-გამომზეურების შემდეგ შეძლებისდაგვარად გადავათვალიერეთ ხელნაწერები და ამის შედეგია მათი მოკლე აღწერა." (2,5-6). არქიმანდრიტმა ამბროსიმ აღმოაჩინა ქართული მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი "ქართლის მოქცევის" ჭელიშური ვარიანტი, რომელიც მისივე გამოკვლევით შევიდა ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემული "ძველი საქართველოს" პირველ ტომში, ხოლო ცალკე გამოიცა 1911 წელს.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ 1907 წლის 28 დეკემბერს საისტორიო საზოგადოებაში წაიკითხა სპეციალური გამოკვლევა "ქართლის მოქცევის" ჭელიშური ვარიანტის შესახებ მისი აზრით "ხელნაწერის პირველი ნაწილი უნდა ეკუთვნოდეს XIII-XIV საუკუნეს. ჩვენ შესაძლებლად ვთვლით - განაგრძობდა იგი - ამ ხელნაწერის დედნის გადაწერა დავსდოთ არა უგვიანეს XI საუკუნისა და თუ ეს უკანასკნელი აზრი მივიღეთ, მაშინ უთუოდ იმაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ვარიანტი ქართლის მოქცევისა უძველესი დედნიდან უცვლელად არის გადაწერილი" (22,3) - არქიმანდრიტი ამბროსი კარგად იცნობდა წმ. ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ხელნაწერ ვარიანტებს. ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე აკეთებდა სერიოზულ მეცნიერულ დასკვნებს, თუმცა ქრისტიანული თავმდაბლობით შენიშნავდა: `ჩვენ, როგორც არასპეციალისტს ისტორიულ კითხვებში, არ შეგვეძლო უფრო საბუთიანად შეგვედგინა ეს ჩვენი მოხსენება და ამისათვის შეიძლება ვერ დავაკმაყოფილეთ საზოგადოების ცნობისმოყვარეობაო." (22,4). არქიმანდრიტ ამბროსის ამ აღმოჩენას მაღალ შეფასებას აძლევდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა.

არქიმანდრიტი ამბროსი სიამაყით აღნიშნავდა: "საქართველოს ეკლესია მდიდარი იყო სარწმუნოებრივი რელიქვიებით, არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ძვირფასი ნივთებით, რომელთაც სამღვდელოება და ხალხი დიდი მზრუნველობით ინახავდნენ. ისინი გადაურჩა განადგურებას და მხოლოდ, მშვიდობიანობის დროს, XIX საუკუნის განმავლობაში დაიკარგა იმდენი საეკლესიო სიმდიდრე, რამდენიც მთელი შვიდი საუკუნის განმავლობაში მაჰმადინათა მძლავრობის დროს არ დაკარგულა." (2,23).

XIX საუკუნის ბოლოს ქართველმა თარგდალეულებმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით მოახერხეს ქართული ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება და გამთლიანება. სახელმწიფოებრივი და ეროვნულ-სარწმუნოებრივი თავისუფლება ეს იყო ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილის იდეალი, ამ იდეალის ერთგული იყო არქიმანდრიტი ამბროსი ხელაიაც. რუსეთის ხელისუფლება გრძნობდა მოსალოდნელ უსიამოვნებას და თვითონაც ემზადებოდა ღირსეულ მამულიშვილთა თვალთვალისა და დევნისათვის ამის დასტურია ქუთაისის გუნერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსისა და ეპისკოპოს არსენის საიდუმლო მიმოწერა სოხუმის ოლქში ბესარიონ ხელაიას და სხვათა მონაწილეობით არსებული ქართული მოძრაობის შესახებ.

"ვიძიებ რა საქმეს სოხუმის ოლქის ქართველების შესახებ, რომელთაც თავის მიზნად დაუსახავთ აფხაზეთისა და სამურზაყანოს სრულიად გაქართველება ქართულის სკოლების დახმარებით და წირვა-ლოცვის და ყოველივე მღვდელმსახურების ქართულს ენაზედ შესრულებით, რაიც სრულიად უცნობია აფხაზთათვის. ამიტომ გთხოვთ კეთილი ინებოთ და შემდეგი დამატებითი ცნობები მომაწოდოთ.

1) იცნობთ თუ არა, რომ სოხუმის ოლქში არსებობს მკვიდრი ორგანიზაცია ქართველთა, რომელთაც დაუსახავთ აფხაზთა გაქართველება და მით რუსეთის ინტერესებს მათი ჩამოშორება;

2) სდევნის თუ არა ქართველთა პარტია იმ მღვდლებსა და მასწავლებლებს, რომელნიც თქვენს განკარგულებას ასრულებენ და მათ არ თანაუგრძნობენ და არ ემორჩილებიან მათ უკანონო მოქმედებას, ე.ი. ქართული ენის სწავლებას სკოლებში და ჩუმათ მაინც წირვა-ლოცვის აღსრულებას ქართულად;

3) სცდილობენ თუ არა აფხაზეთის გაქართველებას შემდეგნი პირნი: თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, მღვდელნი: მაჭავარიანი, კერესელიძე, ჩხენკელი და ხელაია ვისარიონი;

4) გჯერათ და უწყით, რომ ქ. სოხუმის მცხოვრები თედო სახოკია პრესაში და საზოგადოებაში კრიტიკას იწვევს და მასხრად იგდებს ყოველივე თქვენს განკარგულებას;

5) მართალია, რომ მღვდელმა მაჭავარიანმა პანაშვიდი გადაიხადა ქართულს ენაზედ გარდაცვალებულის მწერლის წერეთლის გამო და ქართულადვე სიტყვა წარმოსთქვა თედო სახოკიასა და ანთ. ჯუღელის თხოვნით;

6) მართალია თუ არა, რომ მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ, რომელიც ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვის შემოღებას მოითხოვდა, განგიცხადათ, რომ აქ საქართველოა და არა რუსეთი და ამიტომ წირვაც ქართულად უნდა იყვესო;

7) მართალია თუ არა, რომ მღვდელი კერესელიძე წინააღმდეგობას უწევდა თქვენს განკარგულებას და როცა მოინდომეთ მისი გაძევება, სინოდალურის კანტორამ წინააღმდეგობა გაგიწიათ;

8) რადგანაც უტყუარი ცნობები მაქვს, რომ ნაცნობობა აქვთარასაიმედო და წარმართი მიმართულების ხალხთან (აფხაზებთან)თედო სახოკიას, მღვდლებს - ჩხენკელს, კერესელიძეს, მაჭავარიანს და ბესარიონ ხელაიას, ამიტომ გთხოვთ აღნიშნულნი პირნი დამიხასიათოთ ზნეობრივის მხრივ თითო მათგანი კერძოდ და დაწვრილებით გამაცნოთ მათი მოღვაწეობა;

9) მართალია, რომ კორესპონდენტი თედო სახოკია განგებ, წინდაწინვე განზრახულის მიზნით ამახინჯებდა ფაქტებს და ყალბ სტატისტიკურ ცნობებს ათავსებდა გაზეთებში მეგრელებისა და ქართველების შესახებ, რათა დაემტკიცებინა აუცილებელი საჭიროება ქართული ენის საჭიროებისა სასწავლებლებში;

10) რით აიხსნება სინოდალური კანტორისაგან მხარის დაჭერა მღვდელ კერესელიძისა და სრულიად უდანაშაულო მღვდელის კავკასიძის გაძევება;

11) სცნობთ თუ არა, რომ მღვდელნი: მაჭავარიანი, ჩხენკელი, კერესელიძე და ხელაია მავნებელნი და საშიშნი არიან იმპერიის ინტერესებისათვის;

12) მართლმადიდებელ ეკლესიისათვის მავნებელნი არის თუ არა მოღვაწეობა თედო სახოკიასი და ჯუღელისა.

პასუხს გთხოვთ გამოაყოლოთ დედანი იმ განცხადებისა, რომელიც სამურზაყანოელებმა მიართვეს თქვენს მაღალკურთხევას, რათა მათის შვილებისათვის არ ესწავლებინათ ქართული ენა. ამ წერილობით მათს გაცხადებას უაღრესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეპარქიალურ საბჭოს ვითომ 1895 წელს მღვდელის მაჭავარიანის და პოლკოვნიკის ქორქაშვილის ძალდატანებით გაუგზავნია მოწოდება სამურზაყანოელებისათვის, გინდათ თუ არა ქართული ენის სწავლება, რაის შედეგიც ყოფილა ზემოხსენებული განცხადება,რომელშიც სამურზაყანოელები აშკარად ამბობენ, არა გვსურს ქართული ენის სწავლებაო...

საიდუმლო შეკითხვებზედ, რომელიც 12 მუხლისაგან შესდგება და რომელიც ქართველთა მოძრაობას შეეხება ოლქში, შემიძლიან შემდეგი გიპასუხოთ:

1) პირველივე დღეებიდან ჩემის სოხუმის ოლქში დანიშვნისა, შევნიშნე, რომ ეპარქიაში მცხოვრებნი ქართველები ყოვლის ღონისძიებით სცდილობენ დანერგვას სამურზაყანოსა და აფხაზეთში ქართველთა მოქალაქეობრიობას, რაშიაც სრულ დახმარებას უწევს მას სამღვდელოება, რომელნიც განსაკუთრებით ქართველთა და მეგრელთაგან შედგება. ამის დამამტკიცებელი საბუთი მრავალი მომეპოვება. 1895 წელს სამასწავლებლო საბჭოში ქართველებმა აღძრეს შუამდგომლობა ქართულის ენის სწავლებისა აფხაზეთსამურზაყანოში და წარმოადგინეს განჩინებაც სოფლების საზოგადოებითგან, რომელნიც ითხოვდნენ ქართულის სწავლებას სკოლებში. მე წინ აღვუდექი ამას, რის გამოც ჟურნალ "Русский Труд"-ში მოათავსეს წერილი, რითაც უკმაყოფილებას მიცხადებდნენ, როცა 14 იანვარს წმ. ნინოობას ნება არ მივეცი ქართულს ენაზე წირვისა სოხუმის საკრებულო ტაძარში, მაშინ ხომ მათი უკმაყოფილება აშკარა იყო და ნათლად დავრწმუნდი, რომ ქართველები აღარა ხუმრობდნენ აფხაზეთის გაქართველებას. ქართველების მოძრაობა დიდათ აბრკოლებს აფხაზების გარუსების და გადაგვარების საქმეს.

2) რაც შეეხება ქართველთაგან დევნას რუსეთისათვის თავდადებულ სამღვდელოებისა და მასწავლებლებისას, დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლიან, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში ოქუმუს მღვდელის მამა ქავჟარაძისას, რომელიც მარჯვე დამცველი იყო და გამტარებელი ცხოვრებაში რუსულის მოქალაქეობრიობისა და რომელსაც ათასი ცოდო დასწამეს, რათა გაეძევებინათ ის სამურზაყანოდგან, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი დევნა არსებობს.

3) რამე დადებითი საბუთები თედო სახოკიასა ან ჯუღელისა, მღვდლების - მაჭავარიანისა, კერესელიძისა და ხელაიას მოქმედებისა და მეცადინეობის შესახებ ქართული ენის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად აფხაზეთში არ მომეძებნება, მხოლოდ პირველის შესახებ შემიძლიან ვთქვა, რომ თუ ის ავტორია გაზეთებში მოთავსებულ ყალბ ცნობებისა, მაშასადამე, იგი ყოფილა გამავრცელებელი და დამამკვიდრებელი ქართული ენისა და მოქალაქეობისა აფხაზეთში, ხოლო რაც შეეხება მღვდელს კერესელიძეს, თვით დირექტორიც კი სახალხო სკოლებისა, სთვლის მას არაკეთილსაიმედო პირათ, რომელსაც შეუძლიან ცუდი გავლენა იქონიოს მოსწავლე ახალგაზრდობაზედ, როგორც სამღთოს სჯულის მასწავლებელს ოჩამჩირეში.

4) დეკანოზმა მაჭავარიანმა მართლა გადაიხადა პანაშვიდი გარდაცვალებულის მწერლის წერეთლის სულის მოსახსენებლად და ქართულადვე სთქვა სიტყვა ჩემ ნებადაურთველად, მაგრამ ვის ჩაგონებითა და განძრახვებით ჩაიდინა ეს საქმე, არ ვუწყი.

5) მღვდელმა ხელაიამ კერძო ლაპარაკში, როდესაც მიმტკიცებდა და მთხოვდა ქართული წირვა-ლოცვის შემოღებას, მითხრა, რომ "აქ საქართველოა და არა რუსეთი და წირვა-ლოცვაც ქართულად უნდა იყვესი".

6) მღვდელის - კერესელიძის სხვა მრევლში გადაყვანა ჩემის განკარგულებით მოხდა, რადგანაც თავის უხასიათობის გამო ვერა რიგდებოდა მრევლთან და უვარგისი იყო მასწავლებელი საღმრთო სჯულისა.

7) რაც შეეხება მღვდლებს - ჩხენკელსა და მაჭავარიანსა, არაფერს ცუდ საქმეში შემჩნეულნი არა მყოლიან და არც მათს მიმართულებაში შეიმჩნევა სამარცხვინო რამ, რაც შეეხება მღვდელს ბესარიონ ხელაიას, აკადემიაში შესვლამდის არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია და რაც შეეხება მის მიმართულებას, ეს ხომ უკვე ზემონათქვამიდამ მის შესახებ ნათლად სჩანს.

8) თედო სახოკია განგებ ყალბ ცნობებს ათავსებდა გაზეთებში ქართველთა და მეგრელთა სოხუმის ოლქში მოსახლეობის შესახებ, რადგანაც მას როგორც სოხუმის ოლქში მცხოვრებს, კარგად უნდა სცოდნოდა ნამდვილი სტატისტიკური ცნობები, მაგრამ იგი წინად განზრახვით ამახინჯებდა ყოველივე ცნობას.

9) მღვდლის კერესელიძის გამოქომაგება სინოდალურ კანტორისაგან და ჩემის გადაწყვეტილების გაბათილება ამის სხვა მრევლში გადაყვანის გამო, აიხსნება იმ გარემოებებით, რომ მისი საქმე გაარჩია კანტორამ მაშინ, როდესაც ეგზარქოსი არ იყო თბილისში და მის მაგივრობას ასრულებდა ქართველთ ეპისკოპოსი ალექსანდრე. მისი, ე. ი. კერესელიძის, მოშორებას მოითხოვდა დაჟინებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი. დარწმუნებული ვარ, კერესელიძის საქმე რომ გაერჩია ეგზარქოსს და არა ქართველ ეპისკოპოსს, ჩემს გადაწყვეტილებას კერესელიძის გადაყვანის შესახებ დაადასტურებდა.

10) თუ რომ მღვდლები მაჭავარიანი, კერესელიძე და ხელაია მოქმედებენ აფხაზეთ-სამურზაყანოს გასაქართველებლად, მაშინ, რასაკვირველია, მავნეთ უნდა ჩაითვალოს მათი მოღვაწეობა, რადგანაც ამით ისინი წინააღუდგებიან რუსეთის იმპერიის მიზანსა და მისწრაფებასა.

11) მოქმედება თედო სახოკიასა და ჯუღელისა მავნებლად უნდა ჩაითვალოს მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, რადგანაც გაქართველებული მათგან ახალგაზრდობა მტრად გაუხდება რუსეთის ეკლესიას, რომელიც სულ სხვა მიზნით მოქმედებს აფხაზეთში.

ამასთანავე ვადგენ განცხადების პირს სამურზაყანოელებისას, რომლითაც ისინი უარყოფენ ქართული ენის საჭიროებას თავიანთს სკოლებში და დასძენენ, რომ თუმცა ამ განცხადების წინედ წარმოდგენილი იყო რამდენიმე განჩინება სამურზაყანოელებისა ვითომ ქართულის ენის სწავლება შემდეგის საჭიროების შესახებ, მაგრამ ყველა ესენი განზრახ შედგენილი იყო სამღვდელოებისაგან და მრევლი აქ არაფერს მონაწილეობას არ იღებდა. (10, 144-150).

მამა ამბროსი ხელაია, რომელმაც შესანიშნავად იცოდა რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკის მიზნები აფხაზეთში ამხელდა ამ პოლიტიკის რეაქციულობას და ქართველ პატრიოტებთან ერთად მედგრად იცავდა ქართულ პოზიციებს. იგი სიხარულით შეხვდა ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) სოხუმის ეპარქიის მმართველად დანიშვნას. კირიონისადმი გაგზავნილ წერილებში ეხება როგორც სოხუმის ეპარქიის, ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის პრობლემებს. 1906 წლის 14 თებერვალს მამა ამბროსი ეპისკოპოს კირიონს ატყობინებს: "ღმერთს ვთხოვ თქვენს მშვიდობით დაბრუნებას სამშობლო მხარეში და გამარჯვებას იმ საქმეში, რომლის გადასაწყვეტადაც თქვენ ხართ მიწვეული ჩრდილოეთის სატახტო ქალაქში. მართალია, ცუდად დატრიალებულია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის ბედ-იღბალი, მაგრამ რა ვქნათ, როდის ვიყავით ბედნიერნი, რომ ახლა ვიქმნეთ. მაგრამ ვიქონიოთ მომავლის იმედი... ჩემი და რამდენიმე აქაური მღვდლის აზრი უკეთუ საინტერესოა თქვენთვის, ეს არის: დათმობა არაფრისა და რასაც ძალით მოგვცემენ, ვემორჩილებით მხოლოდ დროებით; როდესაც მოხერხებულ დროს ვნახავთ, ვეცდებით განვახორციელოთ, რაც პეტიციებშია ნათხოვნი. მომავალი კრება, ჩემის აზრით, ჩვენ არას მოგვცემს და არც უნდა დავთანხმდეთ ჩვენი საქმის იქ გადაცემაზე. კრებას არ წაურთმევია ჩვენთვის ავტოკეფალური წეს-წყობილება ჩვენი ეკლესიისა და არც შეუძლია იმის მოცემა, რაც "დე იურე" უკვე გვაქვს, მხოლოდ ფაქტიურად ძალმომრეობამ წაგვართვა. ამიტომ წართმეულის დაბრუნება შეუძლია წამრთმეველს. ან ჩვენ თვითონ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოსპობით... საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია ამ საქმის (ავტოკეფალიის) მსვლელობით, მთხოვენ, თქვენი რეზოლუცია გამოაქვეყნოთ. ხალხის გამოსაღვიძებლად საჭიროდ მიაჩნიათ ეს" (24, 92-93). 1906 წლის 8 მარტს არქიმანდრიტი ამბროსი ეპისკოპოს კირიონს წერდა: "თქვენი სოხუმში დაბრუნებამ სოხუმის სამღვდელოება და მთლად ქართველობა მეტად გახარა, მაგრამ არა ქართველებს, პოლიტიკანებს, როგორც ეტყობა, ლახვრად დაესო გულში. ეტყობა ვერ მოუნელებიათ ის გარემოება, რომ ბოლო მოეღება სოხუმის ეპარქიაში იმ უსამართლობას, რომელიც მეფობდა იქ ქართველების შესახებ. თქვენ, დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არც ერთი ერის წარმომადგენელს არ მოექცევით. ამის თავდებია თქვენი წარსული მოღვაწეობა რუსეთში. მაგრამ ამას ბნელი ძალების წარმომადგენელნი ვერ შეიგნებენ და აკი კიდეც "ხულიგნურად" გამოილაშქრეს თქვენს წინააღმდეგ გაზეთ "კოლოკოლში". იმედია ღირსეულ პასუხს გასცემთ. შეიძლება, თქვენს შემდეგ მეც რამე მოვახსენო ამ ხულიგნური წერილის ავტორს... სწერონ რაც უნდათ, სიმართლემ უნდა გაიტანოს თავისი. ჩვენი ხსნა ეკლესიის თავისუფლებაშია, რომელსაც თქვენ მედგრად იცავთ." (25, 1319).

ამის შემდეგ არქიმანდრიტმა ამბროსიმ უპასუხა "კოლოკოლში" ფსევდონიმს ამოფარებულ დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს. "ხმა სოხუმიდან". ეს არ იყო უბრალო პასუხი შავრაზმელი მჯღაბნელის გამოხდომაზე, ამ წერილში კარგად ჩანდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. არქიმანდრიტი ამბროსი აღნიშნავდა: "ყველას ემახსოვნება შეუწყნარებლობა და სიძულვილი ყოველივე ქართულისადმი... ამითგან დასნებოვნებულნი იყვნენ ცნობილი მოღვაწენი კავკასიაში: ეპისკოპოსი არსენი, დეკანოზები-ვოსტორგოვი, იასტრებოვი და სხვანი... საკუთარი ეროვნული ფიზიონომიის შენარჩუნებისაკენ სწრაფვის გაძლიერება, ამ მიმართულებით ხალხის გამოღვიძება არის ზემოხსენებულთა და მათ მსგავს კაცთა მოღვაწეობის შედეგი და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ აზრით მათ ხალხს დიდი სამსახური გაუწიეს... აღნიშნეულ პირთა მოღვაწეობის მიზანი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის რუსებთან დაახლოება... მაგრამ ისინი ამით როდი შემოიფარგლნენ, მათ მეტი მოინდომეს მხარის რაც შეიძლება სწრაფი გარუსება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. არქიმანდრიტი ამბროსი ამხელდა იმ სასულიერო პირთა საქმიანობას, რომელნიც ჩართულნი იყვნენ დაუნდობელ რუსიფიკაციის პოლიტიკაში, რომელნიც ქართულ ენას "ძაღლების ენას", ქართულ საეკლესიო გალობას "ძაღლების ყეფას" უწოდებდნენ, ცდილობდნენ აფხაზეთის ქართველობის შეურაცხყოფას, უკრძალავდნენ მათ მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვებს. იგი კონკრეტული მაგალითებით აჩვენებდა თუ რამდენად უარყოფითია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა აფხაზეთში და როგორ უწყობდა იგი ხელს ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ. მაჰმადიანობის გავრცელებას, იხსენებდა ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე), რომელიც ცდილობდა აფხაზებს მშობლიურ ენაზე შეესწავლათ ქრისტიანული სარწმუნოების არსი, ჰქონდათ ღვთისმსახურება. წერილის დასასრულს არქიმანდრიტი ამბროსი აღნიშნავდა: "დარწმუნებული ვართ, რომ ყოვლადსამღვდელო კირიონი თავისი მოღვაწეობით სოხუმის ეპარქიაში აღდგენას ძმობას და ერთობას ყველა ეროვნებათა შორის, ხოლო ამიერკავკასიიდან გაქცეული ანაფორიანებისა და ზოგადად ბ. "რუსიის" მსგავსი ქართველოფობების ღვარძლითა და კაცთსიძულვილით სავსე სიტყვები ვერ გამოიღებენ იმ შედეგს, კერძოდ აფხაზეთში ძმათმძულვარებისა და ძმათამკვლელ სისხლის ღვრას, რასაც ლამობენ." (9, 121-122).

1905-1907 წლების რევოლუციური გამოსვლებისათვის ალიხანოვ-ავარსკის რაზმებმა ცეცხლის ალში გაახვიეს დასავლეთ საქართველოს სოფლები და დაბები. საქართველოს ეგზარქოსის წინადადებით იმპერატორმა ნიკოლოზ II-ემ გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გადააყენა თანამდებობიდან საყვედურის გამოცხადებით. ხელისუფლების აზრით, ეპისკოპოსი ალექსანდრე ხელს უშლიდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნის გეგმის განხორციელებას. ეს ამოცანა დააკისრეს რენეგატ ქართველს, ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძეს, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა თავისი მისიის შესრულებას.

ამავე დროს სოციალურ-დემოკრატების ბოლშევიკურმა ფრთამ გააძლიერა ცილისწამება და შეურაცხყოფა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებზე. კოსმოპოლიტიზმი თუ პატრიოტიზმი?" "კლასობრივი და სოციალური საკითხები,"აი ყველაზე აქტუალური თემები, რომელმაც გადაფარა ყველა და ყველაფერი. "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!" გაჰკიოდა დიდი და პატარა. ასეთ ეგზალტირებას თან ახლდა ვერაგული შურისძიებაც 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მოხდა გადაგვარებული ქართველი სოციალდემოკრატების და რუსეთის რეაქციული ძალების ინტერესთა თანხვდომა, ბრძოლა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლების იდეების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. 1907 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქართველი ხალხისათვის. მეუფე ალექსანდრე გარდაცვალება ძლიერ განიცადა არქიმანდრიტმა ამბროსიმ, რომელმაც 1907 წლის 16 ნოემბერს შიომღვიმის მონასტერში თავისი გამოსათხოვარი სიტყვა ასე დაიწყო:

"ესრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მათეს სახ. თ. 5, 16).

ესეც კიდევ ერთი მსხვერპლი ამ მოკლე დროში. გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა სიკვდილმა საქართველოს მოსტაცა ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე. თუმცა კაცი ღვთისაგან დაწესებულ კანონს ვერ გადაუვა და ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ კიდევაც გარდააცილა თავის ხანგრძლივ სიცოცხლით იმ ზომას, რომელიც დადებულია რჩეულთათვის (ფსალმ. 89,10). მაგრამ ამ ნაირ ზეგარდმო მადლით ცხებულ ადამიანთა მიცვალებას კაცის გული მაინც ვერ ურიგდება, მას უნდა ყოველთვის ჰყავდეს იგი სამშობლო მხარის ნუგეშად.

ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს თავდადებული მოღვაწეობა მშობლიურ ეკლესიის და სამშობლო მხარის აღორძინებისათვის უდიდესი მისაბაძი მაგალითია ჩვენ ქართველთათვის, მისი სხივოსანი სათნოებიანი სახე მუდმივი საუკეთესო გზის მაჩვენებელია.

"ესრეთ ბრწყინავდიან ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა"-ო. გვიბრძანებს ქრისტეს წმიდა მოძღვრება და გვითითებს ამ ღირსეულ ცხედარზე, - განსვენებულის ხანგრძლივ, სათნოებიან და სახელოვან მოღვაწეობაზე.

რომელი ერთი განსვენებულის სათნოებით სავსე ხანგრძლივ, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების მხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება?! ჩვენ არ ძალგვიძს ამ მოკლე სიტყვაში სავსებით დავახასიათოთ მისი ღირსაღსანიშნავი ცხოვრების ყველა მხარეები, ამისათვის საჭიროა მეტი დრო და მეტი ნიჭი და მჭევრმეტყველება.

განსვენებულმა ყოვლად სამღვდელომ გვასწავლა ჩვენ, რამდენათ შეიძლება ამ უკუღმართ დროშიაც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი, - ქრისტიანული იდეალების მატარებელნი, როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, - იმ სიყვარულისა, რომელიც ყველას ერთ რიგათ უნდა ეფინებოდეს, - არ არჩევდეს ახლობელს არა ახლობელისაგან, - რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის, - როგორც მატარებელი ამნაირი სიყვარულისა, ის თავის ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ეს ქრისტესაგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესა- ძლებელია განხორციელდეს. ჯერ ისევ სტუდენტობის დროს, როდესაც ყაზანის მხარეში ხოლერა მძვინვარებდა, განსვენებული უშიშრად და თავგანწირულად ემსახურებოდა ამ საშინელი სენით შეპყრობილთ განურჩევლად მათი ჩამომავლობისა და სარწმუნოებისა, მისი თავგანწირულობა მოძმეთათვის, მისი მოურიდებლობა ამ საშინელი და მეტადრე მაშინ თავზარდამცემ სენისა ანცვიფრებდა ყველას, რაც ხაზგასმით აღნიშნულია თვით ყაზანის აკადემიის ისტორიაში. ეს ერთი ფაქტიც მშვენიერად ახასიათებს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ქრისტიანულს ცხოვრებას. ასეთივე დარჩა განსვენებული უკანასკნელ წუთამდის. ის თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ამ ქვეყნად მრავალფერად ასრულებდა ამ დიად მცნებას, - მცნებას მოძმეთა სიყვარულისათვისას.

მისი ქველმოქმედება, მისგან აღდგენილნი ქართველთა კულტურის მაჩვენებელი ნაშთები, მისგან გამოცემული საღვთისმეტყველო და სამეცნიერო ჩვენ წინაპართა ნაწარმოებნი, მისის საფასით აღდგენილნი, მშობლიური გალობა, მისი შრომა და სიქველე მამულის შვილთა აღზრდაში და მრავალი სხვა მისი ამნაირი ღვაწლი ყველასაგან ცნობილია. მისი ღრმა სარწმუნოება ცხოვრებაში განხორციელებული, სიყვარული სამშობლო ქვეყნისა თვით მისი ქრისტიანულ სარწმუნოებასთან მჭიდროდ შეკავშირებული, - მისი პირუთვნელობა, უშიშრობა ამ სოფლის უფალთა და ძლიერთა მხილებაში და მრავალი სხვა მისი სათნოებიანი სულის თვისებანი ხდიდა მას ნამდვილ წარმომადგენელად იმ ძველი ჩვენი წმიდა მამათა, რომელთა მრავალმხრივმა ღვაწლმა დაიცვა ჩვენი სარწმუნოება, ენა და ეროვნება მოზვავებულ-აუარებელი მტერთაგან. ყველა ამაებზე უკვე ბევრი თქმულა და დაწერილა და მეც აქ არას ვიტყვი.

ვიტყვი ორიოდე სიტყვას მხოლოდ იმაზე, რაც აქ არ თქმულა, - განსვენებულის მოციქულებრივ მოღვაწეობაზე აფხაზეთში. ღმერთმა პირველ ხანებში მას არგუნა სამსახური და მოღვაწეობა ამ საქართველოს განაპირა მხარეში, ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღმზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ-მქადაგებელს და ბოლოს როგორც მწყემსთ-მთავარს. ის მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, - არ ზოგავდა საკუთარ საშვალებას სკოლათ დაარსებისათვის, - თავის ხარჯით ზრდიდა აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ, - მედგრად იცავდა სამღვდელოების და სამწყსოს ინტერესებს, უხვად ეწეოდა ქვრივ-ობოლთა, მის და სამწყსოს შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე. მას არ უყვარდა მდიდრული ცხოვრება, ცხოვრობდა თითქმის ეგრეთვე სადათ, როგორც ერთი უკანასკნელი ღარიბი მის სამწყსოთაგანი. ეს სადა ცხოვრება, ეს ხალხთან სიახლოვე ხდიდა მას ნამდვილ ძველ მშობლიურ ეკლესიის მწყემსთმთავართა მსგავსად.

მოვიყვან ერთს მაგალითს იმისას, თუ რანაირი გავლენა ჰქონდა განსვენებულის ამნაირ ცხოვრებას ხალხზედ, რანაირი უზომო ნდობა ჰქონდა დამსახურებული თვით მაჰმადიან აფხაზთა შორის. 1866 წლის ამბოხების ჩაქრობის შემდეგ აფხაზების უმრავლესობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო ოსმალეთში.

ამ უბედურ დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელის მატარებელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენ.

აი, ამ ხანებში მწყემსთ-მთავართან შემოდის ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თავისის თორმეტი წლის შვილით. როდესაც ყოვლად სამღვდელომ ჩვეულებრივი ალერსიანი კილოთი ჰკითხა ურუსს მოსვლის მიზეზი, უკანასკნელმა მოახსენა შემდეგი: "შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი დავსტოვო შენთან, მეტი არა გამაჩნია რა, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვსტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება გავუზიარო ჩემს ერთადერთ შვილს და შენთან მოვიყვანე, მოწყალეო მამაო, ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი"-ო.

თვალცრემლიანი მამა გამოეთხოვა საყვარელ შვილს, რომელიც განსვენებულის მეოხებითა და საფასით აღიზარდა და მღვდელობაში დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.

ამ ფაქტს განმარტება არ სჭირია. ამნაირ განწყობილებას სამწყსოსთან დიდი ნაყოფი მოჰქონდა. იწყეს აფხაზთა ქრისტიანობის მიღება, რომელიც კიდეც დამთავრდა თითქმის 80-იან წლებში ნეტარ ხსენებული აფხაზეთის მეორე მოციქულის ეპ. გაბრიელის დროს. ამის შემდეგ განვლო საკმარისმა დრომ, ქრისტიანული საქმე პროგრესულად დენის ნაცვლად რეგრესიულად მიმდინარეობს. უკანასკნელი ცნობებით, რამდენიმე სოფელმა უკვე უარყო ქრისტიანობა. მიზეზი ცხადია: არ არიან ალექსანდრე-გაბრიელისებრი მოციქულნი.

ნეტარხსენებულო მწყემსთ-მთავარო, სხვა შენი მრავალ მხრივ ღვაწლთან ერთად ამასაც არ დაივიწყებს ქართველი ერი, აფხაზეთის ქრისტიანი ნაწილი და იქაური სამღვდელოება.

განისვენე, ქართველთა მამაო და კეთილო მწყემსთმთავარო, ზეგარდმო მადლით ცხებულო მოღვაწევ, აღმაშენებლად წოდებულო, - განისვენე ამ შენგან განახლებულ-გამშვენებულ ტაძარში. ეს წმ. ტაძარი იქნება საუკუნო შენგანვე შექმნილი ნივთიერი ძეგლი შენს საფლავზე და ყოველ ქართველის გულში კი გედგმება სამუდამო უხილავი ძეგლი.

ილოცე, ჩვენო ახალო ღვთის წინაშე შუამდგომელო, - ილოცე სხვა ჩვენ წმ. მამებთან ერთად სამშობლო მხარის ქრისტიანულად და კულტურულად აღყვავებისათვის. ამინ." (26, 9-13).

არქიმანდრიტი ამბროსი.

2. ბრძოლა საქართველოს ეკლესიური და ეროვნული ინტერესების დასაცავად

არქიმანდრიტი ამბროსი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ერთ-ერთი დაუცხრომელი მებრძოლი სასულიერო პირი იყო. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიის ნაწილად გამოაცხადეს, რომელსაც სათავეში რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. რუსი ეგზარქოსები გახდნენ რუსული ველიკოდერჟავული და შოვინისტური იდეოლოგიის მთავარი დასაყრდენნი საქართველოში. რუსი ეგზარქოსების ანტიქართული, ანტიქრისტიანული საქმიანობის შესახებ არაერთი საყურადღებო ნაშრომი თუ მოგონებაა გამოქვეყნებული. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი რუსი სლავოფილის ნ. დურნოვის, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ჩანაწერები.

ქართველი ხალხი არასოდეს შეგუებია სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოკიდებულების დაკარგვას.

XIX საუკუნის I ნახევარში, 1802 წლის კახეთის აჯანყებით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1819-20 წლების იმერეთის საეკლესიო ამბოხი მიმართული იყო საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის მძარცველური პოლიტიკის წინააღმდეგ.

იმერეთის აჯანყების მოთავეთა, დოსითეოზ ქუთათელის და ექვთიმე გენათელის რუსეთის ხელისუფალთაგან სამაგალითოდ დასჯამ საქართველოში საბოლოოდ დამსხვრია ერთმორწმუნეობის დოგმებზე აღმოცენებული რომანტიკული მეგობრობისა და ქრისტიანული სათნოების ილუზიები.

ქართველი ერი მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ან უნდა დაევიწყებინა ყოველივე ქართული და გარუსებულიყო, ან ებრძოლა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა არჩევანი მეორის სასარგებლოდ გააკეთა.

XIX საუკუნის II ნახევარში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძის თაობა. პირველი ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებისაკენ, ამას მოჰყვა აღმსარებლობით და ცნობიერებით დაქუცმაცებული ქართველობის გამთლიანობის რთული პროცესი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა ქართველ სამღვდელოებასთან ერთად დღის წესრიგში დააყენეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა. საზოგადოების ინფორმირებისა და მომზადების მიზნით ქართულ და რუსულ პრესაში, სამეცნიერო ჟურნალებში დაიწყო პოლემიკური სტატიების ბეჭდვა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მის ავტოკეფალიას, რუსი ეგზარქოსების ანტიქართული საქმიანობის მხილებას. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა თუ XIX საუკუნის 60-70-იან წლებში სალონური შეკრებების მთავარი თემა იყო, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში უკვე თამამ, პოლემიკურ ხასიათს ატარებდა. ამ მოძრაობის მესვეურთ "ავტოკეფალისტებს" უწოდებდნენ. ავტოკეფალურ მოძრაობას მხარს უჭერდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, პროფ. ალ. ცაგარელი, პროფ. ალ. ხახანაშვილი, პროფ. ი. ჯავახიშვილი, პროფ. ზ. ავალიშვილი, ს. გორგაძე, ნ. მარი. სასულიერო პირებიდან - ეპისკოპოსები: გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, ლეონიდე ოქროპირიძე, კირიონ საძაგლიშვილი, ანტონ გიორგაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, დეკანოზები: ნიკიტა თალაკვაძე, კალისტრატე ცინცაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი და სხვები.

რუსეთის ხელისუფლება პირველ ხანებში არასერიოზულად აღიქვამდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას და ფიქრობდა, ეს მოძრაობა მეცნიერულ პოლემიკას არ გასცდებოდა, მაგრამ, როდესაც 1905 წელს თბილისში ქართველი სამღვდელოების საგანგებო ყრილობაზე მიღებულ იქნა შემდეგი პეტიცია: "ქართველმა სამღვდელოებამ მხედველობაში მიიღო ზემოთქმული, აგრეთვე ის, რომ ჯერერთი, ივერიის ეკლესია კანონიკურად გახლავთ ავტოკეფალური, ვინაიდან არ ყოფილა კრების დადგენილება მისი ავტოკეფალიის გაუქმებისა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო: მეორეც, მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თვითშეგნების სრულიად აღსარება, თავისუფალი შინაგანი წყობილებით, თავისუფლად ძალუძს თავისი სიტყვითმსახურება, ყველა თავისი საქმისა და მისადმი რწმუნებული ყოველივეს თავისუფლად მართვა, მხოლოდ თავისუფლად თვითმმართველ ეკლესიას შესწევს უნარი დაიცვას თავისი სრული დიდებული წმიდა რწმენა და სავსებით ფლობდეს ღვთაებრივი მოწოდების განსახორციელებლად აუცილებელ ხმას, რომელიც ადამიანის გულს აღანთებს; და ბოლოს ეკლესიის დამოუკიდებლად არსებობისათვის მეტად საჭიროა მატერიალური საშუალებები. ამიტომ ითხოვს: I ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს ავტოკეფალური უფლებები და თავისი კათოლიკოსითურთ აღდგეს მცხეთა-ივერიის საკათალიკოსო ადრინდელ საზღვრებში.

II. აღდგეს წესი, როცა ღვთისმსახურთა განთავისუფლებულ ადგილებს არჩევნების შედეგად იკავებდნენ.

III. კათოლიკოსთან დაფუძნდეს წმიდა სინოდი, ხოლო ეპარქიის მღვდელმთავრებთან საბჭოები; შედგენილი გარკვეული ვადით არჩეული სასულიერო და საერო პირთაგან.

IV. კათოლიკოსთან არსებული წმიდა სინოდის ხელში მოექცეს ყველა ეკლესიის, მონასტრის, სამღვდელოების, სასწავლოსასულიერო დაწესებულების და საქველმოქმედო დაწესებულებების უმაღლესი მართვა-გამგეობა.

V. ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს სახელმწიფოსათვის გადაცემული საეკლესიო მამული." (27, 81-82). პეტიციას ხელი მოაწერა 412 ღვთისმსახურმა. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი, რომელმაც საერო მთავრობის ჯარი მოსთხოვა "მეამბოხე" და "ურჩი" სამღვდელოების დასაშლელად. რუსმა ჯარისკაცებმა სიამოვნებით შეასრულეს ხელისუფლების სურვილი და მათრახებით სცემეს გოლოვინის გამზირზე საეკლესიო დროშებით, ხატებით გამოსულ ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლებს. რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ არათუ შეანელა, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება იძულებული გახდა პეტერბურგში 1906 წელს სინოდის საგანგებო სხდომა დაენიშნა, სადაც უნდა გაერკვიათ რამდენად კანონიერი იყო ქართველი სამღვდელობის მოთხოვნა. სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის ინტერესებს იცავდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, პროფ. ნ. მარი, პროფ. ალ. ცაგარელი, პროფ. ალ. ხახანაშვილი. რუსეთის ხელისუფლებამ ქართველებს ისევ ქართველი რენეგატები დაუპირისპირა, ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი, ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე. ამ უკანასკნელმა ასე გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია - დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი... საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო." ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ავტოკეფალისტების დევნა, დაწესდა მათზე საიდუმლო თვალთვალი, ჭორების გავრცელება. ეპისკოპოს კირიონს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში დასდეს ბრალი (მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სამხილი არ არსებობდა) და გადაასახლეს რუსეთში, რეპრესიების მსხვერპლი გახდა არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, როგორც იგი წერდა: "1908 წლის დამლევს უწმიდესი სინოდის განკარგულებით სასტიკად ვიქენი დასჯილი: აღმეხადა მღვდელ-მსახურების უფლება და გაგზავნილ ვიქენი რიაზანის სამების მონასტერში, სადაც გავატარე ერთ წელიწადზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ. 1910 წელს დამიბრუნეს მღვდელმსახურების უფლება და მომცეს წინამძღვრის ადგილი. ჩემი გადმოსახლების შემდეგ გადის თითქმის რვა წელიწადი, მაგრამ ყოველ ჩემ თხოვნას სამშობლოში დაბრუნებაზე უწმიდესი სინოდი უყურადღებოდ ტოვებდა. უკანასკნელი პირადადაც გამომიცხადეს, რომ ჩემზე ითვლება რაღაც ძველი ცოდვები, მაგრამ როდესაც მოვითხოვე ამ ცოდვების დასახელება, მითხრეს, რომ ამის თქმა უხერხულია და ვერც გაიგებ როდისმეო. სჩანს მათ არა აქვთ კონკრეტული ფაქტები ჩემს წინააღმდეგ და მხოლოდ მათი პოლიტიკა უნდა თხოულობდეს ჩემი სამშობლოს გარე ყოფნას, როგორც მათი შეხედულებით, არასაიმედო პირისას. ამის გამო ახლაც, როდესაც სხვა გადმოსახლებულებს აჰხადეს არასაიმედო პირების სახელი, როდესაც, როგორც გაზეთებმაც გვამცნეს, მოხდა მათი რეაბილიტაცია, ჩემს მდგომარეობას არ ეშველა რა და ახლაც სიტყვიერად მაგებინებენ, რომ ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება მოუხერხებელია, რადგან ძველი ცოდვები ამის წინააღმდეგს გვიკარნახებსო, მაგრამ მწამს, რომ დრო მალე გამოიცვლება. საზოგადოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება." (2,30).

არქიმანდრიტი ამბროსი 1909 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის დეკემბრამდე რიაზანის ეპარქიის სამების მონასტრის პატიმარი იყო, აკრძალული ჰქონდა ღვთისმსახურება, მასაც ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა დააბრალეს. რადგან წარმოდგენილი აბსურდული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, აღუდგინეს ღვთისმსახურების უფლება და ნოვგოროდის ეპარქიის სტარაია რუსას მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მისი სამშობლოში დაბრუნების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა...

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არქიმანდრიტ ამბროსის საშუალება მიეცა სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი აქტიურად ჩაერთო ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1917 წლის 12(25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. არქიმანდრიტი ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის საქმიანობაში. მოსაგვარებელი იყო რუსეთის დროებით მთავრობასთან და საქართველოში მის ფილიალ - ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან ურთიერთობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოში სამართლებრივი ურთიერთობის, რუსეთის ეკლესიის სინოდთან დამოკიდებულების საკითხები. ასევე რთული იყო ქონებრივი დავის საკითხების მოგვარება.

რუსეთის სასულიერო იერარქებს გაგონებაც არ სურდათ იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან რაიმე ურთიერთობა დაემყარებინათ. ისინი თვლიდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო არაკანონიკური, რევოლუციური აქტი და უარს ამბობდნენ ქართველ სასულიერო პირებთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე, რაც შეეხებოდა რუსეთის დროებით მთავრობას, დიდი სიხარულით არც ისინი შეხვედრიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, ამგრამ მაინც თანახმანი იყვნენ ეწარმოებინათ მოლაპარაკება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ქართული ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე რუსეთის სახელმწიფოში.

1917 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე პეტროგრადში რუსეთისდროებით მთავრობასთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია) და დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე. ქართველ სასულიერო პირებს იმედი ჰქონდათ იმხანად პეტროგრადში მოღვაწე ქართველების დახმარებისა და არც შემცდარან, კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, ნინო გელოვანი, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ რევოლუციურ პეტროგრადში ყოველნაირ დახმარებას უწევდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას. ქართველი სასულიერო პირები შეხვდნენ რუსეთის სინოდის ობერპროკურორ ლვოვს, სარწმუნოების მინისტრ კარტაშევს, რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს კერენსკის. დაძაბული მოლაპარაკების დროს გამოიკვეთა რუსეთის მთავრობის პოზიცია, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამტკიცებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას, თუ საუბარი იქნებოდა არა ტერიტორიალურ, არამედ ეროვნულ ავტოკეფალიაზე.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში გამომგზავრების შესახებ.

1917 წლის 14 აგვისტოს თბილისში საეკლესიო კრების წინასწარ სხდომაზე მოისმინეს ეპისკოპოს ანტონის, არქიმანდრიტ ამბროსისა და დეკანოზ კალისტრატეს ინფორმაციები პეტროგრადში გამართული მოლაპარაკებების შესახებ და მიიღეს გადაწყვეტილება ემოქმედათ საკუთარი სინდისისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების შესაბამისად.

1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი კრება, რომელმაც მიიღო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, დაამტკიცა 13 ეპარქია, გამოარჩია მმართველი მღვდელმთავრები. აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პირველად ეს პატივი წილად ხვდა ეპისკოპოს კირიონს, რომელსაც ეწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი და უწმიდესი კირიონ II. საეკლესიო კრებაზე არქიმანდრიტმა ამბროსიმ წაიკითხა სამურზაყანოდან თავად მიხეილ ანჩებაძის მისალმება - აფხაზეთის საზოგადოება ძმური სალმით მიესალმება მოძმე ერს, ულოცავს დღესასწაულს და აუწყებს აფხაზეთის საქართველოსთან შეერთებას. სწორედ ის ფაქტი, რომ ბაგრატ III იწოდებოდა მეფედ აფხაზთა და ქართველთა, დასაფლავებულია ბედიის მონასტერში, მაჩვენებელია იმ სულიერი კავშირისა, რომელიც არსებობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის

საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაამტკიცა ამბროსი ხელაია, რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონმა იმავე დღეს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობას ყველა აღიარებდა. მეუფე ამბროსიმ ჩაიბარა ჭყონდიდის ეპარქია და შეუდგა საქმიანობას. 1917 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II იმსჯელეს ცხუმ-ბედიელის კათედრის აღდგენის აუცილებლობაზე. საკათალიკოსო საბჭომ მიტროპოლიტ ამბროსის ასეთი შინაარსის მიმართვა გაუგზავნა: სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭომ ამა წლის 2 გიორგობისთვეს თავის სხდომაზე იქონია მსჯელობა ცხუმის (აფხაზეთის) კათედრის აღდგენის შესახებ.

ეს კათედრა ძველად იყო ცხუმ-ბედიის ეპარქიებისა (ტერიტორია ძველი ეპარქიების: დრანდის - იმავე ცხუმის, ბედიისა, მოქვისა და ბიჭვინთისა) - ეხლანდელი სოხუმის ოლქი გაგრის უბნის მიმატებით, კათედრა მღვდელმთავრისა იყო ცხუმში (სოხუმში), რეზიდენცია იქვე.

ცხუმის კათედრას ძველად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სარწმუნოებრივი- საეკლესიო კავშირი აერთებდა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ქართველ ერს აფხაზებთან ძმურის კავშირით.

სამწუხაროდ, მრავალ მიზეზებისა გამო, ეს კავშირი ქართველთა და აფხაზთა შორის, ცოტა არ იყოს, შესუსტდა.

საკათალიკოზო საბჭოს აზრით, საქართველოს ეკლესიის აღდგენა და მომავალი უეჭველი აღორძინება მისი თავდებია, რომ შესაძლებელი უნდა იყოს კვლავ გაძლიერება ქართველთა და აფხაზთა შორის ძმური კავშირისა და სარწმუნოებრივ-საეკლესიო ერთობისა" (12, 463).

ვინაიდგან დღეს აფხაზეთი არის მიწერილი ჭყონდიდის ეპარქიაზე, საკათალიკოზო საბჭო მოგმართავთ თქვენ მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და გთხოვთ მიმოვლიოთ ეს მხარე (აფხაზეთის) და გააცნოთ ადგილობრივნი მკვიდრნი თუ რაოდენად მოუცილებელი საჭიროება არის, როგორც ქართველთათვის, ისე კიდევ უფრო აფხაზთათვის განახლება იმ სარწმუნოებრივ-საეკლესიო კავშირისა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე აერთებდა ამ ღვიძლ ძმებს.

1917 წლის 12 დეკემბერს სამურზაყანოს სამღვდელოებამ ასეთი შინაარსის ოქმი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ უწმიდეს კირიონს და მიტროპოლიტ ამბროსის.

1917 წელსა დეკემბრის 12 დღესა. ამ რიცხვს შედგა დაბა გალში სამურზაყანოს ნაწილის და სოფელ ილორის, სამღვდელოების და სამრევლოთა წარმომადგენლების შეერთებული კრება. თავმჯდომარედ იქმნა ამორჩეული მღვდელი სამსონი სვანიძე, ხოლო მდივნად მღვდელი ბართლომე ხარებავა, ამის შემდეგ კრება შეუდგა დღევანდელი მომენტის მიერ გამოწვეული სხვადასხვა საკითხების გარჩევას, საკითხების, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადგილობრივი საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას. ვინაიდან სამურზაყანო შესულია საქართველოს საკათალიკოსოში კრებამ ერთხმად დაადგინა:

1) სანამდე გამოირკვეოდეს, სამურზაყანო-აფხაზთა ურთიერთ შორის დამოკიდებულება ეკლესიური ცხოვრების მხრივ, დროებით მიეკედლოს ჭყონდიდელის სამიტროპოლიტოს და დღეის რიცხვიდან მოსპოს ყოველივე დამოკიდებულება სოხუმის ეპისკოპოზი სერგი და მისი კანცელარიასთან.

2) კრებამ დაადგინა დაარსდეს სამურზაყანოში სამი საეკლესიო საოლქო საბჭო: ა) დ. გალში, სადაც შედის შემდეგი მრევლები: ა) პირველი და მეორე გალი, ბ) ხუმუშქური, გ) რებჩხი, დ) პაპიჩონი, ე) რეფი, ვ) შეშელეთი, ზ) ბარღები, თ) ქვემო ბარღები, ი) ნაბაკევი, ი) თაგილონი პირველი და მეორე, იბ) ოტობაია პირველი და მეორე, იგ) ნაჭკადუ და ივ) ზემო ცხირი; ბ) დ. აჩიგვარში, სადაც შედის შემდეგი მრევლები: ა) ილორი, ბ) ბედია პირველი და მეორე, დ) სანავარდო, ვ) მუხური, ზ) წარჩე, ც) გუდავა პირველი და მეორე, ი) ოქუმი, ია) ღუმურიში და იბ) ჩხორთოლი; გ) ს. ჭუბურხინჯი, სადაც შედის შემდეგი მრევლები: ა) ფახულანი, ბ) საბერიო პირველი, მეორე და მესამე, ე) დიხაზურგა, ვ) ჭუბურხინჯი პირველი და მეორე და ზ) ცხირი.

3) დაარსდეს ყოველივე ეკლესიასთან სამრევლო საბჭო.

4) საოლქო საბჭოსი წევრებად ამოირჩეს დ. გალში მღვდელნი სამსონი სვანიძე, ალექსანდრე რურუა და აბელი ჩეხერია, მთავარი დიაკონი ნიკანდრე ანჯაფარიძე, მედავითნე დიმიტრი კაკუბავა და აქვსენტი ჭანტურია, ხოლო ერის კაცთაგან ზოსიმე ქეცბაია და სოსრანი ქორქია. დ. აჩიგვარაში მღვდელნი კონსტანტინე მაჯგანაძე, ბართლომე ხარებავა და ხარიტონი შელია, მედავითნენი ანტონი შარანგია, ალექსანდრე ხოჭავა და კონსტანტინე გეგეჭკორი, ხოლო ერის კაცისაგან მიხა თარბაია, დედორე გვილავა და ნიკო ბენია.

ს. ჭუბურხინჯში - მღვდელნი ნიკოლოზი ჭედია, აქვსენტი რურუა და სამსონი მაჯგანაძე, დიაკონი ეგნატე შონია, მედავითნე მელიტონი ანჯაფარიძე, ერის კაცთაგან - გიორგი ჯახია და კოსტა პატარაია და 5) ოქმის დედანი დარჩეს დ. გალში, ხოლო ასლი გაუგზავნოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორეს და ჭყონდიდელი მიტროპოლიტ ამბროსის. თავმჯდომარე მღვდელი სამსონ სვანიძე. მდივანი მღვდელი ბართლომე ხარებავა.~ (12, 689).

ეპარქიაში დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ეკლესიისაკენ შემობრუნებულიყო. ეკონომიკური სიდუხჭირე, ნაკლებ მორწმუნეობა, რთული პოლიტიკური ვითარება, ყოველივე ეს თავის დაღს ასვამდა საეპარქიო ცხოვრებას. ამას დაემატა ყოვლად მახინჯი მოვლენა ე.წ. კუთხურობის მომენტების წინ წამოწევა ეკლესიაში. დაპირისპირებანი, ინტრიგები ყველაზე მეტად მედროვეებს აწყობდათ. დაპირისპირებისა და მუხანათობის მსხვერპლი გახდა 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. ასეთ რთულ ვითარებაში დიდი სულიერი სიმტკიცე და მშობელი ეკლესიის სიყვარული იყო ის ძალა, რამაც გააძლებინა მეუფე ამბროსის, იგი კვლავ ჩვეული გულმოდგინებით ემსახურებოდა თავის საქმეს.

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დიდი წინააღმდეგობები ხვდებოდა თავისი იურისდიქციის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განვრცობისას, განსაკუთრებით დიდი სირთულეები იყო აფხაზეთში. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ XIX საუკუნის II ნახევრიდან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა აფხაზებში, რომელთა მუსლიმანური ნაწილი სწორედ რუსების მიერ იქნა გასახლებული XIX საუკუნის 70- 80-იან წლებში მათ უნერგავდნენ იმ აზრს, რომ თითქოს მათი ერთადერთი მტრები ქართველები იყვნენ. აფხაზეთის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ვითარების შეცვლის მიზნით რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან ასახელებდნენ ათასობით რუსს, ხოლო საქართველოს სხვადასხვა პროვინციებიდან ქართველებს იქ ჩასახლების უფლება არ ჰქონდათ. რუსეთის ხელისუფლებამ სცადა XX საუკუნის დასაწყისში სოხუმის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორებაც, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა, რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების წაქეზებით აფხაზმა ბოლშევიკებმა მიზნად დაისახეს აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორება. რუსი ეპისკოპოსი სერგი ამ დროს სოხუმში იმყოფებოდა და რუსულენოვან მრევლს მოუწოდებდა არ დამორჩილებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. აფხაზმა ბოლშევიკებმა შექმნეს სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, ჩამოაყალიბეს წითელი რაზმები, დაიკავეს სოხუმი და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. საქართველოს მთავრობას სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა შეიარაღებული ჩარევისა, რათა დაეცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. "1918 წლის ივნისში სახალხო გვარდიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით დაამარცხა აფხაზ სეპარატისტთა და მათ დასახმარებლად ყუბანიდან შემოსული კაზაკთა წითელი რაზმები, დაიკავა სოხუმი. 22 ივნისს სახალხო გვარდია შევიდა გაგრაში, 2 ივლისს აღებულ იქნა ადლერი, 6 ივლისს სოჭი, 26 ივლისს ტუაფსე." (6, 67). საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის აღდგენის შემდეგ საეკლესიო სეპარატიზმის სულისჩამდგმელებსაც ფრთები შეეკვეცათ. 1919 წლის ოქტომბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი უწმიდესი ლეონიდი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ამბროსისა და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის თანხლებით სოხუმს ესტუმრა, შეხვდა მოსახლეობას და წარუდგინა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. მიტროპოლიტი ამბროსი თავის მოღვაწეობას შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე რთულ ეპარქიაში. საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი ტაქტი, ქრისტიანული შემწყნარებლობა, ადგილობრივი პირობების კარგად ცოდნა, პატრიოტიზმი. მან თავის გარშემო შემოიკრიბა სოხუმის ქართველობა. თავადმა ვ. შერვაშიძემ სოხუმში უკანონოდ მყოფ რუს ეპისკოპოსს სერგის ასეთი წერილი გაუგზავნა "საკათალიკოსო საბჭოს მიერ სოხუმის ეპარქიის კანონიერ მმართველად დანიშნულია მიტროპოლიტი ამბროსი. თქვენი ადგილი აქ აღარ არის." (3, 164). მიტროპოლიტმა ამბროსიმ დაიწყო ეპარქიაში ქართული წირვა-ლოცვების აღდგენა. ქადაგებებში აფხაზეთის მცხოვრებთ მოუწოდებდა ურთიერთსიყვარულის, მეგობრობისა და ქრისტიანული სათნოებისაკენ.

1918 წლის 1 სექტემბერს მიტროპოლიტმა ამბროსიმ სოხუმის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილ ქართველ მორწმუნეებს ამ სიტყვებით მიმართა

"მადლი თქვენდა მშვიდობა ღვთისა მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა" (გალატ. 1,3)

მოციქულის ამ სიტყვებით მოგმართავთ თქვენ, მართლმადიდებელნო ქართველნო, წევრნო საქართველოს ეკლესიისანო! სიყვარულით მოგესალმებით.

მე დიდი ხანია ვეძებდი შემთხვევას, მენახა ამ ღვთივდაცულ ქალაქის ქართველობა, მინდოდა გამეგო აქაური მდგომარეობა, თქვენი ქრისტიანული მისწრაფებანი, თქვენი მშობლიური, აწ უკვე თავისუფალი ეკლესიის ინტერესების დაცვის სურვილი, ამ მისწრაფებისა და სურვილის სიღრმე-სიდიადის რაოდენობა. ჰქონდა სხვა საბუთიც ამ ჩემს სურვილს. სოხუმი ჩემთვის განსაკუთრებით დაუვიწყარია. აქ აღმეხილა მე პირველად გონების თვალი, აქ ვმსახურობდი როგორც მოძღვარი და, კიდეც თქვენშიც ვხედავ ნაცნობ პირებს, რომელთანაც მქონია სულიერი კეთილი განწყობილება. აქ გავიგე და შევიგნე ჩვენი ეკლესიის მონობაში ყოფნის აუტანლობა, მდგომარეობის სიმწვავე, - ის, რომ მორწმუნე ერი გამეფებული არაქრისტიანული რეჟიმის გამო ჩქარის ნაბიჯით მიექანებოდა გაურწმუნოების გზაზე. აქ გადაგვარება-გარუსების პოლიტიკა უკიდურესად იყო გამეფებული. აქ ჩამესახა პროტესტის გამოცხადების აუცილებლობა. აქიდან - სოხუმიდან იწყება ჩემი ეკლიანი გზით სიარული, აქ იყო დასაბამი ჩემი ტანჯვადევნულობა- ვაება-უბედურებისა. მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ სოხუმი იყო აგრეთვე დასაბამი ჩემის ახლანდელის შედარებით ბედნიერებისა, ვინაიდან მე ბედნიერათ მიმაჩნია ჩემი თავი, რომ ვიხილე ის, რასაც ელტვოდნენ ბევრნი მამულიშვილნი, მაგრამ ვერ იხილეს, ე.ი. მაქვს საშვალება თქვენთან ერთად გავიზიარო ბედნიერება ეკლესიურად და ეროვნულად თავისუფლებაში ყოფნისა. მაშ, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო იყო და იქნება ნახვა, თქვენთან ყოფნა, რომ დავრწმუნდე თქვენს სარწმუნოებრივად და ეროვნულად განმტკიცების გზაზე დადგომაში.

დიახ, ჩვენი ეროვნული ეკლესია ახლა თავისუფალია, მისი ბედ-იღბალი ახლა ჩვენს ხელშია და ვისაც აინტერესებს სარწმუნოებრივი კითხვები, ვინც მის აუცილებელ საჭიროებაში დარწმუნებულია, მისი გამაგრებას ხელი უნდა შეუწყოს. ვისაც სწამს ჩვენი ეკლესიის ამაგი წარსულში, - ის, რომ მან - დედა ეკლესიამ - მრავალ საუკუნეების განმავლობაში დაიცვა ჩვენი ეროვნება, შეგვანახვია ჩვენი ვინაობა, გვიხსნა გადაგვარება-განადგურებისაგან, - რომ მის შვილთა და მის წიაღში შექმნეს მდიდარი ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება, მოგვცა ის მდიდარი საგანძური ლიტერატურულ ნაწარმოებთა, რომლის მცირე ნეშტი, რაც ბარბაროს მტერთა ხელს გადაურჩა, - შენახულია ჩვენს და სხვა ქვეყნების მუზეუმებში და რომელთაც განცვიფრებაში მოჰყავთ უცხო ქვეყნების მეცნიერები, - ვისაც სწამს ყველა ეს და შეგნებული აქვს, უსათუოდ ისიც უნდა იწამოს, რომ ამნაირი ეკლესია პატივსაცემია, ის სამომავლოშიაც შეძლებს მოუტანოს სარგებლობა მშობლიურ ერს.

ამ ერთწელიწად ნახევრის წინ ჩვენმა ეკლესიამ მიიღო თავისუფლება, დააღწია თავი ასი წლის მონობას, აიყარა მონობის ბორკილები. მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ყველამ ხელი უნდა მოვუმართოთ ეროვნულ ეკლესიას, გავამაგროთ მისი თავისუფლება, რადგან ეს მოპოვებული თავისუფლება ჩვენ მიგვაჩნდა ეროვნულ თავისუფლების საფუძვლად, ქვაკუთხედად. აკი მართალიც გამოდგა. ამ ორი-სამი თვის წინათ ჩვენ ვეღირსეთ პოლიტიკურ-ეროვნულ თავისუფლებასაც. ეკლესიის მოღვაწენი და თვით ეკლესიაც გამოდგნენ პიონერებად ხალხის ეროვნულ-პოლიტიკური განთავისუფლების საქმისათვის. მაშ, ღირსია ჩვენი ეკლესია ყურადღებისა.

ჩვენი ეკლესია წააგავს ახლადგანკურნებულ ავადმყოფს, რომელსაც ფეხები იმდენათ არ გამაგრებია, რომ მას საშიშროება არ მოელოდეს დაუხმარებლად სიარულის დროს. საჭიროა მხარში ამოდგომა, დახმარება, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში სიდამბლეში მყოფი და ახლადგანკურნებულ და ფეხადგმული ეკლესიამ შეიძლოს გამოიჩინოს ის ცხოველმყოფელი ძალა და უნარი მოქმედებისა, რომლითაც ის განთქმული იყო ძველად. იოანე კესარიელი იტყვის თავის "ფიზიოლოგიაში" იმ ერთნაირ ხვლიკზე, რომელიც დაბერდება და კბილებ ჩაცვინული ხდება და მღვიმეში სძინავს. ასი წლის შემდეგ ის გამოდის მზეზე, მისი ყვითელი კანი ლურჯად აბრწყინდება, კბილები ამოუდის და ახალგაზრდავდება. საქართველოს ეკლესიაც ასი წელიწადი დამწყვდეული იყო მოუძლურებული, მოქმედების უნარისაგან გაძარცული, მაგრამ ახლა მას მოხვდა მზის სხივები და ისიც გადახალისდებაგაბრწყინდება. ეს მოხდება მხოლოდ ჩვენის მეოხებით და ხელშეწყობით.

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული რთული ვითარების სრული სურათია მიტროპოლიტ ამბროსის მოხსენებაში, რომლითაც მან მიმართა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს 1918 წლის 26 დეკემბერს სოხუმის ეპარქიის 56 ეკლესიის კრებულთა ჯამაგირები გადმორიცხულ იქმნა მთავრობისაგან ჩემს განკარგულებაში. ამასთან 36 კრებულისათვის ჩემ მიერ გახსნილი იქმნა კრედიტი სენაკის და ფოთის ხაზინებში, ხოლო ხუთი ეკლესიის კრებულთათვის - სოხუმის ხაზინაში. დანარჩენთათვის არ გამიხსნია კრედიტი, რადგან ისინი არ გადმორიცხულან ჯერაც ჩემს ეპარქიაში. ამ უკანასკნელთაგან ათი კრებულისათვის, არ ვიცი რა უფლებით, კრედიტი გაუხსნია სოხუმის ეპისკოპოსს.

რაც შეეხება სოხუმის სობორის კრებულს, მისთვის უკანასკნელად (გაუციათ) ჯამაგირი ჩემდა დაუკითხავად და ამისთვის შევაჩერე. ეს კრედიტი გადმორიცხულია ჩემს განკარგულებაში იქაურ ქართველთა სარწმუნოებრივი მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და არა რუსთათვის, რადგან ქართველთა რიცხვი ქ. სოხუმში თითქმის თვრამეტი ათასამდეა, რუსების კი არ აღემატება შვიდი-რვა ათასს, ხოლო საკრებულო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულდება მხოლოდ რუსულ ენაზე, რადგანაც ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა სოხუმის ქართველთათვის ქართველი მღვდლის დანიშვნა და წელიწადიც თავდება. მე შემეძლო გამეხსნა ეს კრედიტი სოხუმის ეპისკოპოსის განკარგულებაში, მაგრამ ამას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ სოხუმის საკრებულო-ტაძარში ქართველთათვის წირვა-ლოცვა არ სრულდება დრო გამოშვებით მაინც და ჩემს მიმართვას სოხუმის ეპისკოპოსმა სერგიმ ერთხელაც არ ინება ჩემთვის პასუხი გაეცა. როგორც ჩემთვის შემდეგში ცხად იქმნა, ამისი მიზეზი ის იყო, რომ იგი ჩვენს ეკლესიას და მის იერარქიას არ სთვლის მართლმადიდებლურ ეკლესიათ და კანონიერ იერარქიად. ამის გარდა ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ სოხუმის ეპისკოპოსი არ სცნობს საქართველოს რესპუბლიკას და მის მთავრობას და სოხუმის საკრებულო ტაძარში მისი ბრძანებით აღავლენენ ღვთისადმი ვედრებას არა საქართველოს, არამედ რუსეთის მეუფეებისათვის. ეპისკოპოსის სერგის რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობის მომხრეობაზე საკათალიკოზო საბჭომ უკვე იცის ჩემის მოხსენებიდან. მე არ მიმაჩნია სამართლიანად ჩვენი რესპუბლიკის ხაზინამ აძლიოს კრედიტი იმ ეკლესიას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში მყოფი, არ იწყნარებს მის ქვეშევრდომობას.

ეპ. სერგი განაგებს ეკლესიურად შავი ზღვის სანაპიროების იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს ანაპიდან საქართველოს საზღვრამდის. მაშასადამე, ის უნდა ითვლებოდეს ეპისკოპოსად რუსეთის ტერიტორიის მცხოვრებთათვის და არა საქართველოს რესპუბლიკის ნაწილის მცხოვრებთათვისაც და, თუ ითვლება ორ სახელმწიფოში მოსამსახურეთ, ცხადია, რომ ეს ხდება არა კანონიერად, და საქართველოს რესპუბლიკის ხაზინამ არც უნდა აძლიოს ამნაირი მღვდელმთავრის საკათედრო ტაძრის კრებულს ჯამაგირები, მით უმეტეს, რომ ამ ტაძარში ქართველთათვის არ სრულდება წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.

ამისთვის, ჩემის აზრით, როგორც სოხუმის, ისე აფხაზეთის იმ მრევლების კრედიტები, რომელიც გახსნილია ჩემს განკარგულებაში იქაური ქართველების სარწმუნოებრივი მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, შემდეგშიაც უნდა დარჩეს ჩემს განკარგულებაში და ამის თაობაზე ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს მოახდინოს სათანადო განკარგულება

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი." (12, 463).

ცხუმ-ბედიელმა მეუფე ამბროსიმ 1918 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში დააყენა საკითხი სოხუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შემოღების აუცილებლობის შესახებ.

ქალაქ სოხუმში ქართველ მცხოვრებთა რიცხვი აღწევს თვრამეტ ათასამდე და ამდენი მართლმადიდებელი ხალხი დარჩენილია უეკლესიოდ და უწირვა-ლოცვოდ მშობლიურ ენაზე. სოხუმის საკათედრო ტაძრის კრებულში არის ერთი ქართველი მღვდელი, მაგრამ მას უფლება არა აქვს ამ ტაძარში შეასრულოს წირვალოცვა ამ ენაზე. სამართლიანობა მოითხოვს, რომ საქართველოს ფარგალში მყოფ ქალაქში საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომების სარწმუნოებრივი მოთხოვნილებაც იქმნეს დაკმაყოფილებული და სოხუმის ქართველობაც მოითხოვს, რომ მისი უფლებებიც აღდგენილ იქმნეს და იმ საკრებულო ტაძარში, რომელშიც მასაც უდევს წილი, სრულდებოდეს მორიგეობით ქართულ-რუსულ ენებზე წირვა-ლოცვა.

ამისთვის ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს აღძრას შუამდგომლობა ვისთანაც ჯერ არს, მიეწეროს სოხუმის ეპისკოპოს სერგის, დაკმაყოფილებულ იქმნას სოხუმელ ქართველების ეს კანონიერი სურვილი და ქართველ მღვდელს და წიგნის მკითხველმგალობლებს, რომელნიც სოხუმის ტაძარში შეასრულებენ წირვა-ლოცვას ქართულ ენაზე, ჯამაგირი მიეცეს იმ კრედიტიდან, რომელიც გახსნილია ჩემს განკარგულებაში სოხუმელ ქართველთათვის." (12, 463).

ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მიტროპოლიტ ამბროსის მოხსენება საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსადმი 1919 წ. 21 მაისს გაგზავნილი წერილის გამო 30 აპრილიდან №2106-თა, პატივი მაქვს მოვახსენო ზემოხსენებულ საბჭოს შემდეგი: სოხუმის ქართველობა შუამდგომლობდა, რომ საკათალიკოზო საბჭოს გაეგზავნა სოხუმში ვინმე წევრთაგანი იქაური საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად. ამ გადაწყვეტილებამდის მივიდნენ სოხუმელები იმ მოსაზრებისა გამო, რომ ჩემი, როგორც მღვდელმთავრის, გარევა იმნაირ საქმეში, სადაც საჭირო იყო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, არ მიაჩნიათ სასურველად. ამავე აზრის იყო თვით საკათალიკოზო საბჭოც სოხუმელთა შუამდგომლობის გარჩევის დროს, რის გამო სოხუმში წასვლა და საქმის მოგვარება დაეკისრა ერთ თავის წევრთაგანს. ახლა კი ზემოხსენებული წერილით მეცნობა, რომ დანიშნულ წევრს სოხუმში გამგზავრებაზე უარი განუცხადებია და ამ მიზეზისა გამო საბჭო იძულებული გამხდარა თავისი უწინდელი დადგენილება და შეხედულება გამოეცვალა და დაედგინა, რომ სოხუმის საეკლესიო საქმეები მოწესრიგდნენ ჩემი ხელმძღვანელობით და, რომ ჩემდა დასახმარებლად თავის წევრს გაგზავნის სოხუმში მხოლოდ მაშინ, როდესაც მე იქ გავემგზავრები. ამის გამო პატივი მაქვს მოვახსენო საკათალიკოზო საბჭოს, რომ თუ მას სასურველად მიაჩნია ჩემი ამ საქმეში გარევა და თუ ეს არ გამოიწვევს რაიმე უხერხულობას, მაშინ მე თვითონ სხვის დაუხმარებლად ვიტვირთებ საქმის მოწესრიგებას აქტიურ ნაბიჯების გადაუდგმელად, რადგან ეს არ უნდა შეეფერებოდეს მღვდელ-მთავრის ხარისხს, და რადგან სხვისგან გადადგმული მოსალოდნელი აქტიური ნაბიჯებში მე თანაზიარი და პასუხისმგებელი არ შემიძლია ვიყო.

დამოუკიდებლად ამისა, მოვახსენებ საკათალიკოზო საბჭოს, რომ ზემოხსენებული წერილის მიღების შემდეგ ამ თვის პირველ ნახევარში გავემგზავრე სოხუმში და უკვე გავმართე მოლაპარაკება სოხუმელ ქართველობასთან და აფხაზთა საბჭოს თავმჯდომარე და წევრებთან ამ საკითხის გამო, აგრეთვე მოვამზადე ნიადაგი სოხუმის ეპისკოპოსთან ამ საქმეზე მშვიდობიან მოლაპარაკებისათვის, რომლის გამართვა გადაიდო სხვა დროისათვის, რადგანაც ეპისკოპოსი სერგი ამ ხანად სოხუმში არ იმყოფება . ამ დღეებში მივემგზავრები სარევიზიოდ სამურზაყანო და აფხაზეთში - სოხუმში ჩავაღწევ, ალბათ, ერთი თვის შემდეგ და მაშინ მოვახსენებ საკათალიკოსო საბჭოს, რა შედეგი ექნება ჩემს იქ ყოფნას.№ (12, 463).

ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი ქადაგება სოხუმის საკათედრო ტაძარში 1919 წლის 5 ოქტომბერს.

ძმანო, ქრისტიანენო! დღეს წაკითხული სახარება ღირსია გაწაფული ყურადღებისა; ის გვასწავლის რამდენათ მიიზიდავს ის ჩვენზე ღვთის მადლს.

დიდია ძალა სარწმუნოების. სარწმუნოებამ განკურნა განრღვეული, დიდი იყო სარწმუნოება რომაელის ასისთავისა, რომელზედაც ბრძანა ქრისტემ, მთელ ურიასტანში არ მიხილავს ამნაირი სარწმუნოებავო. და განიკურნა მონა მისი, რომელზედაც სთხოვდა ქრისტე-მაცხოვარს. სარწმუნოებამ განკურნა ის დედაკაცი, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა უკურნებელის სნეულებით და რომელმაც ფარულად შეახო ხელი ქრისტეს კალთებს და განიკურნა. სარწმუნოებამ ჰქმნა ის, რომ ქრისტესთან ჯვარცმული ავაზაკი გახდა სამოთხის მკვიდრი. რა არ ჰქმნა შესაძლებელად მოციქულების სარწმუნოებამ? ისინი გაუნათლებელნი, ღარიბნი, ფეხშიშველნი მიმოივლიან მთელ მაშინ ცნობილ ქვეყნიერებას, სძლევენ მეფეთა, დიდებულთა, მეცნიერთა და სწავლულთა, სძლევენ წარმართობას, ურწმუნოებას და ქრისტეს სახარებას მოჰფენენ დედამიწას, ყველას დაუმორჩილებენ მას.

განა კერძო ცხოვრებაში და კერძო საქმეებშიაც არა აქვს მნიშვნელობა სარწმუნოებას? ვინ არ იცის, რომ რწმენა ანიჭებს კაცს გამარჯვებას? თუ კაცს სწამს დაწყებული საქმე, მაშინ ის დაწყებისთანავე ის ნახევრად გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოს. ხოლო თუ ადამიანს დაწყებული საქმის შესაძლებლობა თვითონ არა სწამს, არა აქვს რწმენა, რომ ღმერთი მისცემს მას გამარჯვებას, მაშინ ძალიან, ძალიან საეჭვოა ის სისრულეში მოიყვანო მასში გაიმარჯვოს. რა მეომარი იქნება ის, რომელსაც ომის დროს არა სწამს, რომ გაიმარჯვებს, რომელთაც არა სწამთ, რომ მათ ღმერთი შეეწევა? ამნაირივე მხედრობა გაჭირვების დროს თვით გარბის ბრძოლის ველიდან, რის მაგალითები მოგვცა წარმართული წლების უმაგალითო ომებმა.

როდესაც ჯარში შეიტანეს ურწმუნოება, მას წაერთვა სიმტკიცე, წაერთვა უნარი და სურვილი სამშობლოს დაცვისა.

მორწმუნე ოჯახის ცხოვრება ტკბილი და სათნოებიანია, ოჯახის წევრთა შორის სუფევს სიყვარული, თანხმობა, შრომისმოყვარეობა, ზომიერება, სმა-ჭამა-სიმხიარულეში, - ერთი სიტყვით, ის, რაც ანიჭებს კაცს ბედნიერებას.

მორწმუნე დედ-მამანი სასარგებლონი არიან სამშობლოსათვის, რადგან ზნეობა-სარწმუნოებით აღსავსე შვილებს უზრდიან მას; იმნაირ შვილებს, რომელთაც შეუძლიათ თავის მოღვაწეობით მოუტანონ სამშობლოს სარგებლობა. ხოლო ურწმუნოება ოჯახის დამრღვევია, ზნეობრივი ნიადაგის გამომცლელი ცხოვრებაში. რა შვილები უნდა აღუზარდონ ეკლესიას და სამშობლოს იმ დედ-მამამ, რომელთაც თვითონ არა აქვთ სარწმუნოება, არ იზიარებენ სახარების იდეალებს, არ მისდევენ მის ზნეობრივ სწავლას? ამნაირი ოჯახი უნდა ჩაითვალოს ავადმყოფ ოჯახად და უბედურია ის ხალხი, ის სახელმწიფო, ის ერი, რომელიც შედგება ამნაირის ერთეულებისაგან, მაშინ თვით ერიც დაავადებული და სუსტი იქნება და ამნაირი ერი მიექანება გადაგვარება-განადგურებისაკენ.

სარწმუნოება ანიჭებს კაცს ბედნიერებას, სულის სიმშვიდეს სიკვდილის ჟამსაც კი, ის ნუგეშისმცემელია, რადგან მას სწამს, რომ სიკვდილი მხოლოდ მიცვალებაა, გარდასვლაა მომავალ სანეტარო ცხოვრებაში. ურწმუნოთა უკანასკნელი ჟამი ცხოვრებისა ვოლტერისებურად აღშფოთებული და აუტანელია.

მოვიხსენიებ იმასაც, რომ უსაფუძვლოა ის აზრი, რომელიც გავრცელებულია ჩვენს ახალგაზრდობაში. ვითომ სარწმუნოება იყოს მტერი თავისუფლებისა. ეს აზრი აშენებულია გაუგებრობაზე. ან თუ შეგნებულად ამბობენ და იმეორებენ ამას, მაშინ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამნაირი მქადაგებელნი არიან მტერნი ნამდვილის თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლების დამყარება, მისი გამაგრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხში განვამტკიცებთ სარწმუნოებას. თავისუფლება უნდა ემყარებოდეს ქრისტეს ზნეობრივ იდეალებზე, მისი მცნებების აღსრულებაზე. უამისოდ თავისუფლება გარდაიქმნება თვითნებობად, როგორც ამას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ჩვენში ადგილი, და ხალხს მოუტანს სარგებლობას წილ მავნებლობას.

ამის დასაბუთება ახლა შორს წაგვიყვანს და ამისთვის, რომ მეტად არ დავღალო თქვენი ყურადღება, სხვა დროისთვის გადავდებ. აქ ვიტყვი მხოლოდ, რომ მოციქული პავლეც დღეს წაკითხული სამოციქულოში გვეუბნება ამ ზნეობრივი ცხოვრების საჭიროებაზე ხალხის კეთილდღეობისათვის, ხოლო თავისუფლებაც საჭიროა მხოლოდ ხალხისათვის, მისი კეთილდღეობისათვის და სულიერად ამაღლებისათვის. მაშასადამე, სარწმუნოება საჭიროა თავისუფლების გამაგრება-გაფართოებისათვის.

მაშ, მივხედოთ, მორწმუნენო, ქანანეველის ღრმა სარწმუნოებას და მაშინ ჩვენი ცხოვრება იქნება მშვიდი, მყუდრო, ზნეობრივათ ამაღლებული, და მაშინ იქნება ნამდვილი ახლად მოპოვებული ჩვენი თავისუფლება; მხოლოდ მაშინ ჩვენი ცხოვრება გადიქნება იმ სასუფეველად, რომელზედაც გვითხრა ქრისტემ, რომ ის ჩვენ შიგან არისო" (28, 38).

მიტროპოლიტმა ამბროსიმ 1919 წლის 12 დეკემბერს ასე გაამხნევა სახალხო გვარდიის ჯარისკაცები...

"მახვილო, ვიდრემდის არა დასცხრები, კვლავ ეგე ქარქაშსა შენსა, განისვენე და დასცხერ" (იერემია, 47, 6).

ასე კვნესოდა გამუდმებული ომებისაგან გულდათუთქული წინასწარმეტყველი იერემია, როდესაც იგი ხედავდა თავისი სამშობლოს უბედურებას. არ სცხრება ახლაც მახვილი, არ ისვენებს და ძალაუნებურად ვურიგდებით იმას, რომ ღმერთს შევსთხოვოთ მოანიჭოს ჩვენს მხედრობას მტრებზე გამარჯვება, ვურიგდებით აუცილებლობას, ვიდღესასწაულოთ არა მშვიდობიანი მუშაობა, არამედ მებრძოლთა ინსტიტუტის დაარსების წლისთავი, - იმ მებრძოლთა რომელნიც აუცილებლობას მოუშორებია თავიანთ ოჯახებში შრომა-მუშაობისათვის.

ბრძოლა და სისხლისღვრა, საუბედუროდ, ჯერკიდევ საჭიროა სამშობლოს კეთილდღეობისათვის და იმისათვის გულის სიღრმიდან გილოცავთ, მამულისშვილნო, ამ დღესასწაულს, ორი წლისთავს საქართველოს სახელოვანი სახალხო გვარდიის არსებობის და მოღვაწეობისას. დიდმნიშვნელოვანია ეს დღე პირად ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლების ისტორიაში. დიდია ღვაწლი საქართველოს გვარდიისა ჩვენი თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ბევრი მტერი აღმოუჩნდა ჩვენს თავისუფლებას, ხოლო ამ მტერთა შორის განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენს შავ რეაქციის მოტრფიალე მოხალისენი. ყველანი დასცხენ, ხოლო ესენი არა სცხრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკანასკნელ დროს წითელი ლაშქარი ძალზე ერეკება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფრონტებში მათი მდგომარეობა კრიტიკულია, ჩვენს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა. ყაჩაღურათ წაიყვანა ჩვენი გემი ჭოროხი, მათი სამხედრო გემები ფირალობენ ჩვენს საზღვრებში, ფოთში სროლაც აუტეხიათ. თავისუფლების მტრები არ სცხრებიან.

ბევრი სისხლი დაღვარა სახალხო გვარდიამ, კერძოთ და საზოგადოთ ჩვენმა ჯარმა, სამშობლოს კეთილდღეობისათვის, მის დასაცავად გარემომდგარ მტერთაგან ყველგან სახელოვნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. მაშ, იმედია, შავრაზმელ მოხალისეებსაც ჩვენი მხედრობა აჩვენებს თავის სიმამაცეს და დაარწმუნებს, რომ საქართველო აბუჩად ასაგდები არ არის, რომ საქართველო ისტორიულად გამოცდილია თავის სამშობლოს დაცვაში და არავის არ შეალახვინებს სისხლით და ტანჯვით მოპოვებულ თავისუფლებას.

ჩვენი მთავრობა არ თანაუგრძნობს სისხლისღვრას, ამაში ის ეთანხმება ქრისტიანულ მოძღვრების მისწრაფებას. სახარება წინააღმდეგია სისხლისღვრისა. ომების მოსპობას შეჰხარიდნენ წინასწარმეტყველნი; ისინი მწარე სინამდვილით დაღონებულნი მწუხარებით მოსთქვამდნენ "მახვილო, ვიდრემდის არა დასცხრები...", ისინი სიხარულით ელოდნენ შორეულ მომავალში მაინც იმ დროს, ოდეს შესაძლებელი იქნება თხა და მგელმა ერთად იძოვონ და საომარი იარაღები გადაკეთდეს მიწის სამუშაო იარაღებად. მაგრამ ახლო მომავალში ამისი მოლოდინი შეცდომა იქნება. ისტორიული მსვლელობა იძულებული ჰყოფს ჩვენს ერს შეურიგდეს მწარე სინამდვილეს. ისტორია მეორდება. მუდამ ამნაირი იყო ჩვენი ხალხის ცხოვრება-მდგომარეობა. ვინ არ მტრობდა მას? სპარსელები, ოსმალება, მონღოლები, სელჩუკები, რომაელები, ბიზანტიელები, მთიელები, გადამთიელები და მრავალნი სხვანი სცდილობდნენ მოესპოთ ჩვენი ერისთვის თავისუფლება, დაპატრონებოდნენ ჩვენს სამოთხესებურ ქვეყანას, მაგრამ პატარა საქართველო, როგორც ბიბლიური პატარა დავითი, წინაღუდგებოდა ხოლმე გოლიათებს და ხმლით იცავდა თავის სამშობლოს.


რა აძლევდა მას ძალას მრავალ საუკუნეების განმავლობაში წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში იმ აუარებელ და მძლავრ მტრებთან, რომელნიც რკინის რკალივით გარსშემორტყმოდნენ ჩვენს სამშობლოს? ამაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარწმუნოებას, რომელიც თუ ხალხში განმტკიცდა, ჭეშმარიტად სასწაულმოქმედია. ამისთვის არ შემიძლია არ გამოვსთქვა ჩემი სიხარული იმის შესახებ, რომ თქვენ, სამშობლოს შვილნო და მამულის იმედნო, ეს თქვენი და მთლად ქართველობის დღესასწაული დაუკავშირეთ ეკლესიას, ღვთის მოგონებას, მისდამი ვედრებას. ამისთვის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მცველი, მფარველი და შემწე მტერთაგან სამშობლოს დაცვაში იქნება თვით ღმერთი.

ძველად ქართველობა უძლეველი იყო სარწმუნოებით და მამულის სიყვარულით. ეს აძლევდა მას სიმხნეს. ტკბილი იყო მისთვის სარწმუნოების და მამულისათვის სიკვდილი, რადგან ეკლესია სარწმუნოებასთან ერთად უნერგავდა მას მამულის სიყვარულსაც. მარაბდის ომში საბრძოლველად გამოვიდა მროველი მიტროპოლიტი დიმიტრი, აზიარა ხალხი ბრძოლის წინ და თვითონ თავის მაგალითით ამხნევებდა მებრძოლთ და კიდევაც შეეწირა სამშობლოს, მოკლული იქმნა ბრძოლის ველზე. ამნაირი მაგალითები ჩვენს ისტორიაში ბევრია.

ძველად მორწმუნე ქართველს საბრძოლველად მიმავალს, თან მიჰქონდა ჯიბით მშობლიური მიწა და მით ეზიარებოდა ბრძოლის ველზე სიკვდილის წინ და იტყოდა: "მექმნეს მშობლიური მიწა ზიარებადო." ამდენათ დიდი იყო მასში სარწმუნოება და სამშობლოსადმი სიყვარული.

თქვენც გიღვივით გულში ის გრძნობა მამულის სიყვარულისა და, როდესაც მას გააორკეცებს სარწმუნოება და ეკლესიისადმი სიყვარული, მაშინ უძლეველი იქნებით, მაშინ სირცხვილეულ იქნებიან მტერნი ჩვენის თავისუფლების.

მაშ, განიხარე ტკბილო სამშობლოვ, შენი საუკეთესო შვილნი შემოკრებილან დღეს სადღესასწაულოდ, რომ ამით მტკიცედ შეკავშირდნენ ჩვენის თავისუფლების მტრებთან საბრძოლველად.

განიხარე შენც, დედა ეკლესიავ, შენნი შვილნი შენ გიგონებენ, შენს ლოცვა-კურთხევას წარიმძღვარებენ თავის სამშობლოს დასაცველად მოღვაწეობაში.

ღმერთო, მიეცი ამათ ძალა საქართველოს მტერთაგან ხსნაში, რომ სამშობლომ შეიძლოს თავისუფლების განმტკიცება და კულტურის გზაზე ჩვენი ერის ჩქარის ნაბიჯით სიარული." (10, 283-286).

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის რეაქციული ძალები საეკლესიო ვითარებას ხელოვნურად ართულებდნენ მეუფე ამბროსი 1919 წლის 19 დეკემბერს. ამის შესახებ მოახსენებდა მის უწმიდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს,

თქვენო უწმიდესობავ,

მოწყალეო მამამთავარო!

სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის დროებით საეკლესიო მართველობამ, უკაზით 21 ამა წლის ივნისიდან № 31-ი წინადადება მისცა ცხუმის ყოფილ ეპისკოპოზს სერგის, რომ მას დამოკიდებულება არ ქონოდა ჩემთან, რადგან მე ვარ წარმომადგენელი საქართველოს ეკლესიისა, რომელიც `ჩამოშორდა რუსეთის ეკლესიას". ეს განკარგულება ცხუმის ყოფილა საეპარქიო მთავრობის მიერ გაეგზავნა შესასრულებლად სოხუმის ოლქის რუსთ მონასტრების და ეკლესიების წინამძღვრებს.

თუმცა ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი და ძმანი სათანადო პატივით დახვდნენ თქვენს უწმიდესობას, მაგრამ, როგორც ბოლო დროს აღნიშნული მონასტრის წარმომადგენლობამ განმიცხადა, წინამძღვარი და ძმანი მონასტრისა ცნობენ თავის თავს უხერხულ მდგომარეობაში, რადგან მათ არ შეუძლიან ანგარიში არ გაუწიონ რუსეთის ეკლესიის დროებითი მმართველობის განკარგულებას; მასთან კი მათ არ სურთ საქართველოს ეკლესიასთან შეწყვიტონ კავშირი. სხვა მონასტრები კი ჩემთან უარეს დამოკიდებულებაში არიან, ხოლო სოხუმის საკათედრო ტაძრის ყოფილმა რუსთა კრებულმა პირდაპირ განმიცხადა, რომ მას არ შეუძლია დაემორჩილოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, რადგან ეს მას, კრებულს, აკრძალული აქვს რუსეთის ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ. ასევე მოიქცა გაგრის ეკლესიის კრებული.

ყოველივე ზემოხსენებულს ბოლო მოეღოს და ამიერკავკასიის ყველა ნაწილებში აღდგენილ იქნას საქართველოს ტერიტორიალური ეკლესია, როგორც ამას მოითხოვს საეკლესიო კანონები, ამისათვის საჭიროა, რათა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ცნობილი იქმნას აღმოსავლეთის პატრიარქიებს მიერ, ხოლო ეს რომ მოხდეს, აუცილებელი საჭიროა გაიგზავნოს აღმოსავლეთში საგანგებო დელეგაცია, რომელშიაც, ჩემის აზრით, უნდა შევიდეს ერთი მღვდელმთავარი, ერთი მღვდელი და ერთი ერის კაცი. ამ საქმეში უსათუოდ დაგვეხმარება საქართველოს წარმომადგენელი კონსტანტინოპოლში.

ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება დაჩქარებით, რადგან, როგორც საქართველოს აღდგენილი სახელმწიფოს ცნობაა საჭირო სხვა სახელმწიფოთა მიერ, ისე საჭიროა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა მიერ, განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ.

თუ სოხუმის ეპარქიის რუსების მონასტრები ჩამოგვშორდა, ეს საქართველოს ეკლესიისათვის არამც თუ სასურველი არ არის, არამედ სხვადასხვა მხრით ძლიერი საზიანოც იქნება. ამასთანავე ვუდგენ თქვენს უწმინდესობას სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის ეკლესიის დროებითი მართველობის 21 ივნისის უკაზის პირის პირს.

თქვენის უწმინდესობის მსასოებელი და მორჩილი, ამბროსი, მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა." (10, 288-290).

1920 წლის 28 თებერვალს დამფუძნებელი კრების მოწვევის წლისთავთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა ამბროსიმ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: "თქვენ აზნაურებისა (თავისუფლებისა) ჩვენებულ ხართ, ძმანო, განა ხოლო აზნაურობა ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა, მისთვის ჰმონებდით ურთიერთარს" (გალატ. 5, 13).

ამ სიტყვებით მოგვმართავს მოციქული პავლე და ამით გვიმტკიცებს, რომ თავისუფლება არის ნიჭი ღვთისა. ეს სიტყვები საუკეთესოდ შეეფერება დღევანდელ დღესასწაულს, წლისთავს ამ თავისუფლების დაბრუნებისა. ვამბობთ "დაბრუნებისა", ვინაითგან ეს ნიჭი ღვთისა წაგვერთვა ამქვეყნიურის უსამართლობით და ძალმომრეობით. 28 თებერვლის აქტმა დაგვიბრუნა ეს თავისუფლება და, რასაკვირველია, ეს დღე მათთვის, ვინც მოტრფიალეა თავისუფლებისა, ვინ მას მოელოდა და მისთვის იბრძოდა, არის დიდი სიხარულის დღე.

დიახ, ახლა დამყარდა იმნაირი წესწყობილება, როდესაც ხალხის სინდისმა თვალ-ყური უნდა ადევნოს მათ მოქმედებას, ვისაც ცხოვრება აყენებს მართვა-გამგეობის სათავეში. ახლა პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს უფლებამოსილთა თვითნებობისაგან, ვინაითგან დაიმსხვრა ბორკილები, რომლითაც მრავალი საუკუნოების განმავლობაში შებოჭილი ვიყავით, თვითეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მხოლოდ ღვთის და სინდისის წინაშე, წინაშე მართლმსაჯულებისა და კანონისა. საქართველოს რესპუბლიკისათვის დიდმნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც დღე დამფუძნებელი კრების მოწვევის და ამ გზით თავისუფლების გამაგრებისა და კანონიერების გზაზე დადგომისა. დიდი ბედნიერებაა, უდიდესი მონაპოვარია ხალხის კეთილდღეობისათვის.

ამისთვის, მამულიშვილნო, წრფელის გულით გილოცავთ ყველა ამას. ეკლესია და ქრისტეს სწავლა დამცველია თავისუფლებისა ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ერთი რუსეთის მეცნიერი, რომელმაც შესწირა თავი თავისუფლებისათვის ბრძოლას, ამბობს: "ქრისტიანობას სწამს შეერთება იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთისა და კაცისა, შეერთება მიწიერის და ზეციერისა, ღვთაებრივის და კაცობრიულისა და მოითხოვს ამნაირსავე შეერთებას, ამნაირსავე ღმერთკაცობას ყველა მორწმუნისაგან, ყველა ჩვენგანმა უნდა თავის არსებაში განასახიეროს ღმერთი სიტყვით და საქმით." ჩვენ უნდა ჩვენს ცხოვრებაში განვახორციელოთ ზნეობრივი მხარე, რომელიც აძლევს სიმაგრეს და ძალას ჩვენს მოქმედებას. თავისუფლება უნდა გამოიხატოს მოძმეთადმი სიყვარულში, პატივისცემაში მოძმის პიროვნებისა, მისი რწმენისა და მისწრაფებისა. თუ ჩვენ სიტყვით ვქადაგებთ თავისუფლებას და საქმით მას ვარღვევთ და ვსცდილობთ მხოლოდ პირადი თავისუფლებისათვის, მაშინ ეს იქნება არა თავისუფლება, არამედ თვითნებობა.

რას ვხედავთ ახლა? არის განხორციელებული ჩვენში პიროვნების დაფასება? საუბედუროთ, არა. პიროვნების დაფასება გარეშე პარტიული თვალსაზრისისა არ არსებობს.

ჩვენში ძველ წესწყობილების დროს ზიზღს იწვევდა დიდების მოყვარეობა იმათი, ვინც მთავრობის მაღალ საფეხურებზე მსახურობდა, მაგრამ ახლაც არ ვხედავთ ამ დიდებისმოყვარეობას დემოკრატიულ არისტოკრატიის, ახალ მოდის თავადობას?

მექრთამეობა უწინდელის მოხელეებისა განსაცვიფრებლად მიგვაჩნდა, მაგრამ ამაში ახლა ჩამოვრჩებით ძველ მოხელეებს?

უწინ გვეჯავრებოდა სისხლისღვრა, ახლაც განა კაცი კაცისათვის მგელი არ არის? განა ერთმანეთის შეუბრალებლობა ახლაც იმნაირად არ მეფობს, როგორც ძველად?

რა არის ამის მიზეზი? რისთვის არ განგვკურნა ჩვენ თავისუფლებამ? მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ მოღვაწეობაში და მოქმედებაში ნამეტანათ შევამცირეთ ზნეობრივი ელემენტი. განვდევნეთ შკოლიდან და ცხოვრებიდან ქრისტეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლა, ურომლისოდ ჩვენი მოღვაწეობა ცალმხრივია, მას არ ასულიერებს ღვთის სასოება ჩვენში, ერთმანეთის სიყვარული, ურომლისოდ თავისუფლება იღებს არასასურველ მიმართულებას... უამისოდ თავისუფლება ორივე გვერდით მჭრელი მახვილია, რომელმაც შეიძლება მოგვიტანოს სარგებლობის წილ მავნებლობა, გაამეფოს ანარქია, ამისთვის თავისუფლება, პეტრე მოციქულის თქმით, არა საფარველად უკეთურებისა უნდა გვქონდეს, არამედ ძმათა სიყვარულისათვის (პეტრე, I, 2, 1-7), ხოლო ასვლებით "არა მიზეზად ხორცთა," არამედ სიყვარულით ურთიერთარს მორჩილებისათვის (გალატ. 5, 13), მშვიდობა და ძმურის სიყვარულის დაბრუნებისათვის ამქვეყნად. "უკეთუ ურთიერთარს იკბინებოდეთ და შეიჭმებოდეთ იხილეთნვე უკვე ურთიერთარს განილინეთ." ვიმეორებ, დაუდვათ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქორსტეს ზნეობრივი სწავლა, მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელება და მაშინ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი. შევევედროთ უფალს მოგვცეს მან ამნაირი მიმართულება და მაშინ გვექნება ნამდვილი თავისუფლება, მაშინ გაიფურჩქნება ჩვენი სამშობლო მხარე და ვიქნებით ბედნიერნი" (10, 297-300).

1920 წლის 26 მაისს სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ წარმოსთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად:

მოგილოცავთ ამ დიდ და დიდმნიშვნელოვან დღეს საქართველოს განთავისუფლება-გათვითცნობიერებისას, მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებისას. ეს დღე სასიხარულოა ყველა ერთგული მამულისშვილისათვის; მათთან ერთად მშობლიური დედაეკლესიაც ხარობს, ვინაითგან ის მომხრეა თავისუფლებისა, მანაც ბრძოლით მოიპოვა ეს თავისუფლება ერის თავისუფლებაზე ადრე; ხარობს, რომ ეკლესიური თავისუფლება დაედვა საფუძვლად სახელმწიფოებრივი თავისუფლებას. ეს გარემოება გვეუბნება, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ღირსი დევნისა, რომ ის არ არის კლერიკალობის მიმდევარი და რომ უსამართლობა და მავნებელია ტრაფარეტულად მივსდიოთ საფრანგეთის მაგალითს ეკლესიასთან ურთიერთობის დამყარების საქმეში. ჩვენში ეკლესიის თავისუფლებას მოყვა ერის თავისუფლება და დედა-ეკლესიაც თავის შვილთ უგზავნის ლოცვა-კურთხევას, ულოცავს თავისუფალ განვითარების გზას.

საქართველოს ისტორია გვიმტკიცებს, რომ ეკლესიამ დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლოს, იხსნა ის გადაგვარება-განადგურებისაგან; მრავალი საუკუნოების განმავლობაში აუარებელ მძლავრ მტრების წინააღმდეგ ბრძოლის დროს სარწმუნოება ამაგრებდა და აძლევდა სიმხნეს ქართველ ერს და ეს მრავალმოწამე ერი, ეს იობი ხალხთა შორის, გამოვიდა გამარჯვებული და შეინახა თავისი ენა, ზნე, ჩვეულება და ეროვნული ელფერი. ესეც ცოტაა, აი, აუარებელი სიმრავლე მონუმენტალურ ნაშთებისა, რომელთა გარეგნული ხუროთმოძღვრული მოხაზულობა, მეცნიერთა სიტყვით, მისულა უმწვერვალეს განვითარებამდის. აი, სიმრავლე ხელთნაწერებისა, გონების ნაწარმოებებისა, რომელთა მეოხებით ჩვენ გვიცნობენ საზღვარგარეთ კულტურულ წინაპართა შვილებად. აი, დღეს წმ. ეკლესია იხსენიებს ექვთიმე ათონელს - მთარგმნელს და მწერალს XI საუკუნისას, რომლის ნაწარმოებთა სიმრავლე განსაცვიფრებელია. ყველა ამას აზის ბეჭედი სარწმუნოებრივ-ეკლესიური.

ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხ68 ვდომილია და მუდამჟამ იფარავდა მას. მაგრამ თქვენ იტყვით, რისთვის ახლა არ გვეხმარება დედა ღვთისა ძველებურადო? რისთვის მოგვაკლდა მისი მფარველობაო?

არა, ახლაც არა ვართ მოკლებული ღვთისმშობლის მფარველობას და ღვთის მოწყალებას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მცირე მორწმუნეობისა გამო არ ვხედავთ მას, არ გვინდა დავინახოთ. მოიგონეთ უკანასკნელი სამი წელიწადი. რა საშიშროება არ მოელოდა ჩვენს სამშობლოს? ფრონტიდან დაბრუნებული ჯარი გვემუქრება წალეკით, მაგრამ აგვცდა, გადავრჩით უვნებლად. ანარქია და სამოქალაქო ომმა მოიცვა მთელი რუსეთი, ჩვენში კი, თუმცა იყო ნიადაგი, ცდილობდნენ შინაური და გარეული მტრები, მან ვერ მოიკიდა ფეხი; ამხედრდნენ ჩვენს წინააღმდეგ მეზობლები: ოსმალენი, სომხები და რუსის მოხალისენი, მაგრამ მოგვეცა ძალა; მოგვადგა დიდი გრიგალი ბოლშევიზმისა, მაგრამ ესეც აგვცდა; ბოლოს ახლაც გვეომება სხვისგან ზურგმომაგრებული ყოფილი ჩვენი მოკავშირე სახლემწიფო (ადერბაიჟანი), მაგრამ სირცხვილეულ იქმნება ეს მოღალატეც... ვისი ხელი მოქმედებს ამ შემთხვევაში? ვინ გვიფარავს?

თვით სათავეში მყოფნი და პასუხისმგებელნი პოლიტიკაში გვეუბნებიან "გარემოება ხელს გვიწყობსო", მაგრამ რაა ეს გარემოება? განა ეს ყველა ბრმა შემთხვევაა? განა მასში არ არის აზრი და წესრიგს არ ექვემდებარება? ვინ არის ამ მიზანშეწონილობის, კანონიერების მიზეზი? ვინ აძლევს ამ შემთხვევა-გარემოებებს აზრს, თუ არა ღმერთი. ამ დასკვნამდე მიდის მორწმუნე ადამიანი და მართალიცაა ის.

იესო ქრისტეს მოწაფენი ერთხელ გენისარეთის ზღვაზე ნავით მიდიოდნენ; იყო შუა ღამეს გადაცილებული. ამოვარდა ქარი, დაიწყო ღელვა, მათ საშიშროება მოელისთ, შეშინებულნი არიან. ამ დროს ხედავენ ზღვის ზედაპირზე მოდის ქრისტე, მათ მიიღეს მოჩვენებათ და უფრო შეშინდნენ. ქრისტე მაცხოვარმა უთხრა მათ: "ნუ გეშინისთ, მე ვარო" და დამშვიდდა ბუნება. ახლაც ჩვენთანაა ქრისტე.

როდესაც პეტრე იხრჩობოდა, ზღვაში მომავალ ქრისტეს შესთხოვა: "უფალო, მიხსენ მეო"; მან გაუწოდა ხელი და უთხრა: "ნუ გეშინის, მე შენთანა ვარო."

მაშ, თავისუფალო სამშობლოვ, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების. ჩვენთან არს ღმერთი და როდესაც პეტრესაებრ შევსთხოვთ მას "უფალო, გვიხსენ ჩვენო," ის გვეტყვის: "გამხნევდით, ნუ გეშინისთ, მე თქვენთანა ვარო." მაშინ ჩვენ მარტონი არ ვიქნებით: ჩვენი შემწე იქნება ღვთისმშობელი და ქრისტე მაცხოვარი.

მაშ, მოვიკრიბოთ, აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამას შეუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი. მაშინ მტრები სირცხვილეულ იქმნებიან და ჩვენი ერის თავისუფლებაც განმტკიცდება. მაშინ ჩვენი სიხარულიც იქნება სრული და სამარადისო.

"უკეთუ ღმერთი ჩვენი კერძო არს, ვინა არს ძვირის მყოფელ ჩვენდა" (რომ. 8, 31). (28, 46).

უჭირდა ეპარქიას, უჭირდა ეპარქიის წინამძღოლს ამას ადასტურებდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსის წერილი სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს ეპარქიის გადარჩენის მიზნით დაფინანსების საჩქაროდ აღდგენის აუცილებლობის შესახებ გაგზავნილი 1920 წ. 26 ოქტომბერს.

"აგერ მეშვიდე თვეა ჩვენი კრედიტი არ გახსნილა. უსახსრობის გამო იძულებული შევიქენი კანცელარიის მოხელენი დამეთხოვა. მე გავხდი მდივანი, რეგისტრატორი და გადამწერიც. ამას ვუნდები და ეოარქიაში სიარულზე ლაპარაკიც მეტია, თუ საკათალიკოსო საბჭოს ნებავს იარსებოს სოხუმის ეპარქიამ და რამე კეთდებოდეს აფხაზეთში, საჭიროა მეტი ყურადღება და მზრუნველობა ამ სამისიონერო ეპარქიისათვის.

ამისთვის ხელახლა და უკანასკნელად ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს მიიღოს ზომები, აღგვიდგეს ყველა თვეების კრედიტები და დაჩქარებით.

მიტროპოლიტი ამბროსი." (12, 463).

1921 წლის 14 იანვარს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი სიტყვით გამოვიდა სოხუმის სამხედრო რაზმის მესამე წლისთავთან დაკავშირებით:

1. მამულისშვილნო! გილოცავთ სამი წლის თავს თქვენის რაზმის არსებობისას. ამ სამი წლის წინ ის იყო ჯერ კიდევ სუსტი, როგორც ახალშობილი ჩვენი მხედრობა იყო ჩვილი, გამოუცდელი, მაგრამ ის მოინათლა ომების ქარცეცხლში, გაიზარდა, დავაჟკაცდა, გაძლიერდა. ის გახდა მამულის იმედი, მისი მედგარი მცველი, მტერთა მძლე.

2. მის გაძლიერებას, მის ძლევამოსილებას ხელს უწყობდა სარწმუნოება. ყოველ საქმეში დიდია მნიშვნელობა რწმენისა. ის საქმე, რომლის დაძლევა სწამს კაცს, დაწყებისთანავე ნახევრად გათავებულია გამარჯვებით. ხოლო როდესაც ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ჩვენი დამხმარეა, მაშინ მხედრობაც უძლეველია. როდესაც მამულის დაცვას ვუკავ- შირებთ სარწმუნოების დაცვასაც, მაშინ მხედრობა გალომებულია. ამ სარწმუნოების და მამულის დაცვის მისწრაფებით ძლიერ იყო ძველად ჩვენი სამშობლო, ამით ლომგულობდა ქართველი მხედარი. ეს იყო მიზეზი, რომ ის ადვილად იგერიებდა უთვალავ მტრებს, რომელნიც პატარა საქართველოს რკინის რკალივით გარსშემორტყმოდა და იყო მათთვის საშიში; ამით შეინახა მან თავისი ვინაობა, თავისი ელფერი, ნაციონალური ზნე-ჩვეულება.

3. დიდი თემური, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყნების დაპყრობა ჩემთვის არის გართობა აგეთივე, როგორც ჭადრაკის თამაში, თემური, რომლის ომებს ადარებდნენ ქარიშხალს ყოვლის გამანადგურებელს, ჩააფიქრა საქართველომ. და ათქმევინა, მან მიიპყრო მთელი მისი ყურადღება.

მეორე არაუნაკლულესი აღმოსავლეთის საშიშროება - შაჰაბასი - მარტყოფში...

4. მე დიდი მადლობელი ვარ, რომ თქვენი რაზმის თუ ათასეულის არსებობის სამი წლისთავი დაუკავშირეთ სარწმუნოებას, რომ გაიხსენეთ ღმერთი, მას სწირავთ მადლობას. ეს ჩვენი მხედრობის ზრდაში დიდი სანუგეშო მოვლენაა.

5. რამ იხსნა საქართველო იმ ქარიშხალებისაგან, რომლებმაც მას უვნებლად თავს გადაუარეს ან, უკეთ ვსთქვათ, მოულოდნელად განზე გაუარეს. ამ სამი წლის განმავლობაში, თუ არა ღვთის განგებულებამ, რომელიც ჩვენ გვეწევა. მისი შემწეობით ჩვენ, ვით პატარა დავითმა, ვსძლიეთ გოლიათები (ფსალმუნნი, 151, 1-7 - ჯ. გ.).

6. გისურვებთ თქვენ დღეგრძელობას, ღვთის მფარველობას, სიმხნევეს და მტერთა ზედა ძლევას." (28, 48).

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა ფეხქვეშ გათელეს, ბოლშევიკებმა შექმნეს საოკუპაციო მმართველობა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის - რევკომის სახით. მათთვის სრულიად მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. რევკომის 1921 წლის 15 აპრილის №22 დეკრეტის მე-14, მე-15 მუხლებში ნათქვამი იყო: " არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არ აქვს უფლება, იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად." (13, 13). საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვეს იურიდიული პირის სტატუსი. დაიწყო საეკლესიო ქონების მიტაცება. კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში საეპარქიო ცხოვრება. ადგილობრივი სეპარატისტული ძალები ახლა უკვე ბოლშევიკური იდეოლოგიით შეფერილნი კიდევ უფრო გააფთრებით უტევდნენ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ქართული ორიენტაციის ძალებს. მეუფე ამბროსი ამ რთულ ვითარებაშიც ახერხებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ინტერესების ღირსეულ დაცვას.

1921 წლის 11 ივლისს თბილისში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე. პატრიარქი 17 ივლისს დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. საგანგებოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: პიროსი, დავითი, მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები: კალისტრატე, ეპიფანე, ნაუმი. საკათალიკოზო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აერჩიათ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი. 19 ივლისს საგანგებო დეპეშა გაიგზავნა სოხუმში მიტროპოლიტ ამბროსის სახელზე, რომელშიც აღნიშნული იყო საკათალიკოზო საბჭოს გადაწყვეტილება და მესამე საეკლესიო კრების ჩატარების სავარაუდო თარიღი. მეუფე ამბროსიმ საპასუხო დეპეშით მადლობა გადაუხადა საკათალიკოზო საბჭოს ნდობისათვის და დასძინა, ეპარქიაში შექმნილი ურთულესი ვითარების გამო იმხანად ვერ ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას. "რადგანაც, როგორც მეცნობა საქართველოს საკათალიკოსოს კანცელარიისაგან (19 ივლისი 1921 წ. №1578) მორიგი კრება დანიშნულია გელათის მონასტერში 1 სექტემბრისათვის ახალი სტილით, მე ამჟამად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ახლავე ჩამოსვლა თბილისში, ვინაიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაშიც საქმეები მოსაწესრიგებელია. ამისათვის აგვისტოს თვის მეორე ნახევარში გავემგზავრები ქალაქ ქუთაისში საეკლესიო კრებაზე დასასწრებად, რასაც პატივისცემით ვაცნობებ საკათალიკოსო საბჭოს." (3,61).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მესამე საეკლესიო კრება ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს, გელათში. კრებას ესწრებოდა 212 დელეგატი. კრების პრეზიდიუმი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით, თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ამბროსი, მიტროპოლიტი ნაზარი, ეპისკოპოსი დავითი, მოქალაქენი: დავით ნიჟარაძე, რაფიელ ივანიცკი (ინგილო).

სამდივნო: დეკანოზები ერასტი თუთბერიძე, გიორგი ინაშვილი, ეპიფანე ჯაოშვილი, ნაუმ შავიანიძე.

მესამე საეკლესიო კრება გაიმართა ქართველი ერისათვის უდიდესი განსაცდელის ჟამს, შვიდი თვე იყო გასული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებას ან დუმილით უნდა აევლო გვერდი იმ ურთულესი პოლიტიკური და ეროვნული პრობლემებისათვის, რომელიც ახალი საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში შეიქმნა, ან უნდა ემხილებინა მისი ანტიეროვნული და ანტიხალხური ხასიათი. საეკლესიო კრებაზე გულისტკივილით აღინიშნა, თუ ოფიციალური ხელისუფლება არ გადახედავდა თავისსავე დეკრეტს, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციაა, მაშინ იძულებულნი გახდებიან გამოაცხადონ მართლმადიდებელი ეკლესია დევნილად. საეკლესიო კრებამ მოუწოდა სასულიერო პირებს წინ აღდგომოდნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლების იმ ზრახვებს, რომელიც მიზნად ისახავდა საეკლესიო განძის ხელყოფას. საეკლესიო კრებამ აღნიშნა საქართველოში შექმნილი ურთულესი ვითარების ჟამს მხოლოდ მკაცრი დისციპლინით, მართლმადიდებლობის დაცვით და ერთიანობით შესაძლებელი იყო ეკლესიის და ერის ინტერესების დაცვა.

კრებამ რეკომენდაცია მისცა გრიგოლ ფერაძეს, რათა იგი უცხოეთში გამგზავრებულიყო სწავლის გასაგრძელებლად.

საეკლესიო კრებამ იმსჯელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატების - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსისა და ქუთათელგაენათელი მიტროპოლიტ ნაზარის შესახებ. ფარული კენჭისყრით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი.

3. "მე ავდივარ გოლგოთაზე"

1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას მცხეთაში შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის აღსაყდრება. ეს საზეიმო დღე არ იყო მაშტაბური, ხალხი უკვე დათრგუნული იყო საოკუპაციო ხელისუფლების მიერ, არც ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ მრავლად, სამაგიეროდ სვეტიცხოვლის ეზოში იგრძნობოდა ბოლშევიკური მილიციის რაზმების სიმრავლე, აღარც უცხო სახელმწიფოთა მისიის წარმომადგენლები, არც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები, ერთადერთი ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის გევორქ V წარმომადგენელი მღვდელი ხუციევი მოსულიყო. დაიწყო საზეიმო წირვა. მწირველნი იყვნენ: მიტროპოლიტი ნაზარი, ეპისკოპოსები: პიროსი და დავითი. შესრულდა პატრიარქის აღსაყდრება, უწმიდეს ამბროსის სიტყვით მიმართეს: მიტროპოლიტმა ნაზარმა, ეპისკოპოსმა პიროსმა.

მრევლს, სრულიად საქართველოს მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, რომელმაც აღნიშნა: "საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნო, ქართველ ერის მოძღვარნო სამღვდელო და სამონაზნო პირნო და აქ შეკრებილნო მორწმუნენო!

უღრმესი გულწრფელობით აღსავსე მადლობას გწირავთ, რომ მიიღეთ შრომა და ამ საღმრთო წირვაზე აღავლინეთ მხურვალე ვედრება ყოვლად მოწყალე ღვთისადმი სული წმიდის მადლის შემწეობის გამოსათხოვათ ჩემი უღირსებისათვის!

რა უნდა ვსთქვა ამ ჩემთვის დიდმნიშვნელოვან წამებში დიდებული სვეტიცხოვლის ამბიონიდან, საიდანაც გაისმოდა მრავალ მჭევრმეტყველ მამადმთავართა მკვეთრი სიტყვა. მეკარგება გაბედულობა, როდესაც ამ ისტორიულ ამბიონზე ვდგევარ და როდესაც წარმოვიდგენ ჩემს უღირსებას. მეხატება წარსული ჩემი ცხოვრება, რომელშიც მე ნათლად ვხედავ ღვთის ჩემს უღირსებაზე განგებულებას, მზრუნველობას, ვხედავდ, რომ ხელი უფლისა იყო ჩემ ზედა მარონინებდა იმ გზით, რომელიც არა სთნდა სულსა ჩემსა და რომელიც კაცობრიულ წარმოდგენით უნდა ამეცილებია თავიდან, რომელიც არ მინდოდა სოფლიურ მიდრეკილებათა და ქეფიც ხელობისა გამო ჩემისა. ახლაც მწამს, მომიწოდა უფალმა ამ დიდი და მძიმე მსახურებისათვის, მაგრამ რა მეთქმის მორჩილების მეტი და ამ წამებშიაც რა შემფერის თუ არ დუმილი.

მოციქულებს მოუწოდა უფალმა და ისინი არა სიტყვებით მიმართავენ მას, არა იმას სცდილობენ, რომ თავისი მჭევრმეტყველობით მოაწონონ ვისმეს თავი, არამედ მორჩილება-დუმილით სტოვებენ ყველაფერ და მისდევენ მომწოდებელს. გენისარეთის ტბაზე მესათხეველნი ითვალისწინებდნენ არა აწმყოს, არამედ იმას, რომ გახდებოდნენ "მესათხევლედ კაცთა" (მათე, 4. 10), შემოივლიდნენ მთელ ქვეყნიერებას, სძლევდნენ მეცნიერთა, მეფეთა და დიდებულთა ამა ქვეყნისათა, დაამხობდნენ წარმართობას და ქრისტეს სახარებას მიანიჭებდნენ გამარჯვებას. მიუხედავად ამნაირი დიდი მომავლის წინაგრძნობისა, მათ ირჩიეს დუმილით და სიტყვის მიუგებლად მისდიონ ქრისტეს მოწოდებას. მით უმეტეს მე არა მეთქმის რა, როდესაც მომავალშიც ვერას ვხედავ, არა ვხედავ, რომ შევიძლო რისიმე საყურადღებოს გაკეთება.

ან მართლაც რა უნდა ვსთქვა ჩემს უღირსებაზე? მაგრამ ამის შესახებ უკვე მაქვს ნათქვამი სხვა დროს და სხვა ადგილას და არ გავიმეორებ. მხოლოდ ვიტყვი პავლე მოციქულთან ერთად - "მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა" გავიყოფდი თქვენს შორის (I კორინთ. 2,3).

მამათმთავრობის ტვირთის სიმძიმეზე? მაგრამ ვინ ჩვენგანმა არ უნდა იცოდეს სიმძიმე და სიძნელე მოვალეობის ასრულებისა, მეტადრე ამ აუტანელ დროს, როდესაც სათავეში მეოფნი სიძულვილით და მტრულად უყურებენ ეკლესიას, როდესაც ურწმუნოება გარეგნულად მაინც გამეფებულა და სირცხვილათ მიაჩნიათ თავის სარწმუნოების გამოაშკარავება. მაგრამ ვიცი ჭეშმარიტება მოციქულის სიტყვებისა, რომ მომწოდებელი ღმერთია, ვინაითგან "არავინ თავით თვისით მიიღოს პატივი, არამედ რომელნი წოდებულ არიან ღვთისა მიერ" (ებრ., 5,4) და რომ "ყოველი მღვდელმთავარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათვის დადგეს იგი ღვთისა მიერ" (იბიდ, 5.1). მაშასადამე, ჩემი უღირსებაც, ვიმეორებ, ღვთისაგან მოწოდებულია ამ დიდ თანამდებობაზე და ის მომცემს ძალას ხალხისათვის მსახურებას, ვინაითგან მოციქული პავლესთან ერთად მეც მეუბნება უფალი "ძალა ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო" (2 კორინთ. 12,6).

გამოვთქვა წუხილი სარწმუნოების დაცემის შესახებ ჩვენში? მაგრამ ესეც არ უნდა იყოს საჭირო. მახსოვს, რომ ჩემ წინამოადგილემ განსვენებულმა ლეონიდემ ამ ამბიონიდან კათოლიკოზობაზე აყვანის დღეს ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესია ოთხივე კუთხივ შავი ღრუბლით არის მოცული და სწუხდა, ვაი თუ ვერ გავფანტო ეს საბედისწერო ღრუბლებიო. მდგომარეობის უნუგეშობის დასამტკიცებლად მან მსმენელებს მიუთითა ამ დიდებულ ტაძრის აწინდელ მდგომარეობაზე და ბრძანებდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. "ღვთისა სახლი დღეს თითქმის ყველგან პატივაყრილია, დარბეულია, დამცირებული და ყოველგვარად შევიწროვებულია. სამღვდელოება და მორწმუნენი განიცდიან დევნა-შეურაცხებას, ქრისტიანობა მრავალთ დაუსახავთ მოსპობათ, მოკლედ, დღეს თითქმის ყველანი ამხედრებულან ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ და მისი მდგომარეობა მოგვაგონებს "კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დასწუნებულსაო." ამნაირად ახასიათებდა განსვენებული მამათმთავარი ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას 1919 წელს და დასძენდა, რომ ვაი თუ ვერ გავაკეთო რამეო. გადავხედოთ ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობას. რას ვხედავთ ახლა? ვხედავთ, რომ ეკლესიის მდგომარეობა არამც თუ არ გამოკეთებულა, არამედ ბევრად უფრო გაუარესებულა, მის გარშემო შავი ღრუბლები უფრო და უფრო საბედისწეროთ გამხდარა. რისთვის ვერ შესძლო ეკლესიურ საქმის განახლება-გამოკეთება ამ დიდად ნიჭიერმა და მჭევრმეტყველ - პატრიოტ მღვდელმთავარმა? მისთვის, რომ მას გარემოება ხელს არ უწყობდა, მის გარშემო მჭიდროთ ვერ შეკავშირდნენ ეკლესიის კეთილდღეობისათვის თავდადებულნი მორწმუნენი. ეს ნათლად ამტკიცებს ჩემი სიტყვების სინამდვილეს, იმ სიტყვებისას, რომელიც წარმოვსთქვი სიონის ტაძარში პირველად შესვლის დროს, რომ თუნდაც გენიოსი გვყავდეს ეკლესიურ ცხოვრების სათავეში, ვერას გაარიგებს თუ თვით შეგნებულ მორწმუნეთა არ გაუწიეს მას დახმარება.

მაგრამ შორს ჩვენგან უიმედობა, ვინაითგან წარსულ ივნის-ივლისის სოფლების შემოვლამ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში დამარწმუნა, რომ ხალხმა პირი იბრუნა სარწმუნოებისაკენ, რომ მას სწყურია სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრების მოსმენა, რომ მას ეს სადღეისო აუცილებელ მისწრაფება-მოთხოვნილებად გახდომია, რასაც უწინ ადგილი არ ჰქონდა. ხალხის ამ გარდაქმნაში, სარწმუნოებისაკენ პირის დაბრუნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის, ნუ გაგიკვირდებათ სოციალისტ-პროპაგანდისტებს, მათი სარწმუნოების საწინააღმდეგო ქადაგებას, მათგან ხალხის წმიდათა წმიდის შეგინება-შელახვას. დიახ ხალხში არის სარწმუნოება, ის აქამდის დაფერფლილი იყო, ახლა კი თანდათან ღვივდება. განა ამასვე არ გვიმტკიცებს დღევანდელი დღესასწაული, ეს სვეტიცხოველის თაყვანისსაცემად მოსულ მორწმუნეთა სიმრავლე და განა ყველა ეს არ გვარწმუნებს, რომ შორს უნდა იყოს ჩვენგან უიმედობა.

ჩვენს უიმედობაზე ღმერთი მოგვიგებს იმაზე მეტს, გვანუგეშებს უფრო მეტად და საგრძნობელად, ვინემ ანუგეშა წინასწარმეტყველი ილია, როდესაც ის ისრაელთა ურწმუნოებისა გამო აქაბის დროს სასოწარკვეთილებაში შთავარდა. "დამიტევებიეს ისრაელისა შვიდი ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრიკნეს მუხლნი მათნი ბაალს" (3 მეფეთა, 19,18). თუ ღმერთმა მაშინ ილიას უთხრა ეს სიტყვები, რომ არიან კიდევ შვიდი ათასი მორწმუნენიო, ახლა ის მიგვითითებს ამ სვეტიცხოველის და სხვა ტაძრების დღეობების დროს ზღვა მლოცველებზე, რომელთაც ქედი არ მოუხარეს ახლანდელ ურწმუნოებას და უღმერთობის ქადაგებას.

მაშასადამე, ნუ შეძრწუნდებიან გულნი ჩვენნი, ვესავთდეთ უფალსა. დადგება და მოახლოებულიც უნდა იყოს ის დრო, როდესაც ამ მორწმუნე ხალხიდან გამოვლენ ჩვენი ეკლესიის განახლებააღორძინების საქმეში დამხმარენი და ჩვენ ეკლესიურ ცხოვრების სათავეში მყოფნი არ ვიქნებით მარტონი. ამის საბუთს გვაძლევს არა ამერეთი მარტო, არამედ იმერეთიც, სადაც ხალხი სარწმუნოებრივი საქმეში კიდევ უფრო გათვითცნობიერებულია. სარწმუნოებრივ საქმეში ამერ-იმერნი ერთმანეთში შეთანხმებულ-შეკავშირებულნი არიან. ამ მხრივ დიდებულია დღევანდელი დღესასწაული სვეტიცხოვლობა. ეს არის არა მარტო დღესასწაული ტაძრისა, არამედ ამერ-იმერთა გამოხმაურება, მათი მჭიდროდ შეკავშირება ეროვნულად და ეკლესიურად, ვინაითგან ჩემი უღირსება, არჩეული ცათამობაძავ გელათის თაღებქვეშ, ამ ხახულის, აწყურის, გელათის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების სავანეში, საქართველოს ემბაზმა - სვეტიცხოველმა, დღეს ლოცვა- კურთხევით მიმიღო. ბედნიერად მიმაჩნია ჩემი თავი, რომ იმერამერის კავშირი სიმბოლურად გამოიხატა ჩემს არჩევა-კურთხევაში.

დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ამისთვის საუკეთესო მატარებელი და დამცველი ეროვნული იდეალებისა არის ეროვნული ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირათ ეროვნული იდეალებიც დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეაც სამარადისო და შეურყეველია.

ხალხი მჭიდროთ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაითგან ეს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოების, სამშობლოს დაცვისათვის, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა უსათუოდ მამულის დაცვასაც. ეს მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებად და აუცილებელ მოთხოვნილებათ. ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდან. მრავალ საუკუნოების განმავლობაში ამ მისი (ცხოვრების) ღრმად ჩაყრილ საძირკველზე მას აუშენებია მკვიდრი შენობა თავისი ეროვნული ცხოვრებისა და შემეცნებისა და როგორ გნებავთ ახლა ის საძირკველი გამოუცვალოთ ამ დიად შენობას და ჩაუყაროთ ახალი ამავე სიღრმეში? მოსახერხებელია განა ამნაირი ცდა, საძირკველის გამოცვლა არ შეარყევს თვით შენობას? თუ ეს მოსახერხებელია და საშიშარიც არ არის, მაშინ გკითხავთ, ამ ახალ საძირკველის გამაგრებისათვის რამდენი საუკუნის განუწყვეტელი მედგარი შრომის განმეორებაა საჭირო ხალხისათვის? ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო, სასურველი? ასე იტყვიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, ეროვნულ შენობას უნდათ გამოაცალონ ბურჯი, რომელზედაც ის აშენებულია და ჩაუყარონ ახალი - ინტერნაციონალიზმის და ურწმუნოების საძირკველი, მაგრამ ფუჭი უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა. ერთადერთი შედეგი ამისა შესაძლებელია მხოლოდ ის იქმნეს, რომ დროებით შეაჩერებენ ხალხის ეროვნულ განვითარებას.

აი, რას უნდა ჩაუფიქრდეს არა მარტო ეკლესიის მორწმუნე წევრი, არამედ ყველა, ვისაც თავის მოღვაწეობის მიზნად დაუსახავს ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, მისთვის სამსახური.

მაშ, მორწმუნენო მამულიშვილნო, ორივე - ეკლესიაც და სამშობლოც, ტკბილია, ორივე წმიდათა წმიდაა. შევიგნოთ ისტორიული გაკვეთილების ძალა, შევისწავლოთ ხალხის მრავალსაუკუნოებრივი ცხოვრების ნაყოფი, ხალხის ფსიქოლოგია და ის გვასწავლის და გვეტყვის, რომ საჭიროა შემოვკრბეთ ეროვნული ეკლესიის გარშემო. პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე. ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც.

აი, ამნაირად არა ხალხის საზოგადოდ, რომელსაც ინსტინკტად გახდომია ამის შეგნება, არამედ ინტელიგენციის გადაქმნის მოლოდინი მომცემს მე ძალას ჩემი ცხოვრების მიწურული საღამო შევსწირო ჩვენი ეკლესიის და ერის კეთილდღეობას, მათ სამსახურს. მხოლოდ ამ იმედით ვიტვირთე ეს დიდი ჯვარი მამამთავრობისა და ჩვენი მრავალტანჯულ ეკლესიის საჭეთმპყრობელისა." (28, 53).

1921 წლის 14 ოქტომბერს ასეთი შინაარსის სიტყვით მიმართვა ქართველი ხალხისადმი გმირობის ტოლფასი იყო. რა შეიცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში? 1921 წლის 24 მარტს საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ, რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ. საოკუპაციო ხელისუფლებამ, თავის თავს მიანიჭა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ფუნქცია. 1922 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა "საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია". 1921-1922 წლებში "ოკუპირებულ საქართველოში რუსეთის მსგავსად ჩამოყალიბდა მმართველობის ტოტალიტარული სისტემა. ოფიციალურად იგი პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფო სისტემად იწოდებოდა. თუმცა ცხადი იყო, რომ პროლეტარიატის დიქტატურით ინიღბებოდა ბოლშევიკების დიქტატურა."  (112, 6). საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველო დაჰყო ავტონომიებად, მისი ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი გაასხვისეს სომხეთზე, აზერბაიჯანზე, რუსეთზე, თურქეთზე. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების ადგილობრივი მარიონეტები უმტკიცებდნენ ქართველ ხალხს, საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციაში გაერთიანება, ხოლო შემდეგ ახალი მოდერნიზებული რუსული იმპერიის სსრ კავშირის შემადგენლობაში შესვლა. ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ გააფთრებით შეუტია ქართულ ეროვნულ ცნობიერებას. დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რბევა. საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურის ისტორია გამოცხადდა მავნე საგნებად. ახალი იდეოლოგიური დოგმები ფეხს ვერ მოიკიდებდნენ თუ არ გააძევებდნენ უნივერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილს, დიმიტრი უზნაძეს, გიორგი ჩუბინიშვილს, გრიგოლ წერეთელს. ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო აკადემიური, კლასიკური განათლება. მას "ახალი იდეების" მატარებელი ახალგაზრდობა და წითელი პროფესურა სჭირდებოდა. ივანე ჯავახიშვილი გიორგი ხაჭაპურიძის (პერაშკოვის) შეფასებით - ქართველ ნაციონალისტ ისტორიკოსთა ხროვის ხელმძღვანელი იყო. ქართული ლიტერატურა მრავალსაუკუნოვანი აგიოგრაფია, სარაინდო ლიტერატურა, დიდი გურამიშვილი, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ბოლშევიკური ხელისუფლების ადგილობრივი ლიდერის ფილიპე მახარაძის შეფასებით სრულიად მიუღებელი იყო. მრავალმხრივ საყურადღებოა მისი წერილი "დანიელ ჭონქაძე და მისი დრო", სადაც ავტორისათვის მიუღებელი იყო, როგორც კლასიკური ქართული მწერლობა, ასევე XX საუკუნის ის მწერლები, რომელნიც "ნაციონალისტური სულისკვეთების" იყვნენ. მაინც ვინ იყვნენ ისინი?: კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი, გ. ტაბიძე, ცისფერყანწელები. სამაგიეროდ ვის ენდობოდა ახალი ხელისუფლება? ფრიდონ ნაროუშვილს, ვალია ბახტაძეს, სანდრო ეულს, შაქრო ნავთლუღელს სევარტი თალაკვაძეს. საქართველოს ისტორიის ნაცვლად სკოლებში შემოღებულ იქნა სამაქალაქო განათლება, კლას- თა ბრძოლის ისტორიის სწავლება. ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, თამარის ნაცვლად მოსწავლეებს აზეპირებინებდნენ კლასთა ბრძოლის ისტორიის ფაქტებს. ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, სასულიერო პირები, საეკლესიო დაწესებულებები. საოცარი სიზუსტით იყო აღწერილი შექმნილი ვითარება დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ჩანაწერებში: "ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო 1921 წლის 9 მარტს კოჯრის გმირები (ქართველი იუნკრების) გვამთა გამოსვენება მიხეილის საავადმყოფოდან მთელი თბილისის სამღვდელოების მონაწილეობით. გამოვასვენეთ 33 კუბო, გალობდა სამი გუნდი, წინ მიგვიძღოდა ჯვარი შავი დროშით, დაგვესწრო მთელი თბილისი განურჩევლად ეროვნებისა. გაიმართა ისეთი პროცესია, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჭაღარა თბილისს, მოვდიოდით შესანიშნავი დისციპლინით სამხედრო ტაძარში, (იქ სადაც დღევანდელი პარლამენტის შენობაა ს.ვ.). სადაც მათთვის მომზადებული იყო საფლავები, იქ ჯერ კიდევ მენშევიკების ქალაქიდან გასვლამდე დავასაფლავეთ ისევ ამ ბრძოლაში დახოცილი ოფიცრები, იუნკრები და ჯარისკაცები - 15 კუბო. ამათ მაშინ წირვა გადაუხადა კათოლიკოსმა ლეონიდმა. იქვე აუგეთ წესი კურთხევანს მე ვკითხულობდი. ნოე ჟორდანიაც დაგვესწრო მაშინ თავისი მინისტრებით, ახლა კი ანდერძი ავუგეთ ეზოში, საფლავის პირზე, ზღვა ხალხით გარშემორტყმული, გრანდიოზული სურათი იყო, ანდერძის კურთხევანს ისევ მე ვკითხულობდი, ხმამაღლა, მკაფიოდ და მწუხარებით. ხალხს ჟრუანტელი უვლიდა ტანში, სიტყვები არ წარმოთქმულა განგებ "უსიტყვოდ" უფრო ბევრი ითქვა. ბოლოს საუკუნოდ ხსენებაზე დაიჩოქა სამღვდელოებამ, მთელმა ხალხმა, როგორც ეზოში მდგომმა, ისე გალავნის ნაპირზე. თუ სახლების სახურავებზე. გამოვიდა დიდი დემონსტრაცია ჩვენი დედაქალაქის ასე ვერაგულად და მუხანათურად რუსი არმიის მიერ დაჭერისა გამო ჩვენი უბედური-უგუნური ქართველი ბოლშევიკების წინამძღოლობით. ეს საცოდავები ჯერაც ვერა გრძნობენ თუ რა უმაგალითო ღალატში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჩვენს ისტორიას, ბოლშევიკებმა გაყვლიფეს ყველაფერი, საქართველოს 50 მილიარდიანი კონტრიბუცია დაადეს... დიდძალი ხალხი იხვრიტება ყოველ ღამე. ბოლშევიკები კარგად ჩაცმული-დახურულნი მშვენიერ სასახლეებში გამოჭიმულნი ყოველ დღე-ღამე ლხინში ატარებენ დროს. ჩიტის რძეც კი არ აკლიათ მათ და მათ ოჯახებს... ხალხს ეგონა, ვინაიდან რუსის ჯარი შემოდის წინა დროს სიიაფე და წესრიგი იქნებაო, მაგრამ როდესაც რუსები შეესივნენ მათ სარჩო-საბადებელს, ცოლ-შვილს ვანდალური სიმხეცით, ახლა თავში ხელებს იცემენ... დღეს ჩვენს წინააღმდეგ შეერთდნენ ოსები, რუსები, სომხები. სომხებთან საზღვარი ლამის ნავთლუღამდე მოვიდეს! ალავერდის ქარხნები და თვით ახტალის მონასტერი დღეს სომხეთის საზღვრებ- შია, ზაქათალა ბოლშევიკებს აზერბაიჯანისათვის გადაუციათ... ქალაქი აივსო სომხებით, რუსებით... საქართველოს იღუპება, საჭიროა საღი, გაერთიანებული სოციალ-პოლიტიკური მოღვაწეობა.~ (14, 025995).

ამ დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანგარიშგასაწევ ძალად რჩებოდა. მოქმედი იყო 1450 ეკლესია, 25 მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 1600-ზე მეტი კაცი. როგორ უნდა მოქცეულიყო შექმნილ ვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მმართველი, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი? გულგრილად ეცქირათ საქართველოს ნგრევისათვის თუ ემხილებინათ ბოლშევიკური ხელისუფლების ანტიხალხური ხასიათი? ამ საკითხზე არაერთხელ ჩატარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სხდომა. უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი გრძნობდა, რომ დუმილი, წაყრუება ბოლშევიკური ხელისუფლების მოქმედებებზე დანაშაულის ტოლფასი იყო. ამიტომ მან იტვირთა რა ერის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას მიმართა საგანგებო მემორანდუმით. მემორანდუმის ტექსტი ასე იწყებოდა: "კულტურულ კაცობრიობას, გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს მონა ღვთისა ამბროსი, სულიერი მწყემსი და პატრიარქი სრულიად საქართველოისა, ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს." შემდეგ პატრიარქი კონფერენციის მონაწილეებს მოკლედ მოუთხრობდა საქართველოს შესახებ, მის როლზე ქრისტიანულ აღმოსავლეთში, რომელმაც 1918 წელს აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ მცირე ერთა მჩაგვრელმა რუსეთმა ხელმეორედ დაადგა კისერზე მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი. "ოკუპანტები, მართალია ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად თავს გრძნობს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება." (16, 5167). პატრიარქი სინანულით აღნიშნავდა, რომ ის შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახლა სოციალიზმის დროშით ნათლავენ, ქართველ ერს ფიზიკურ გადაშენებამდე და გახრწნამდე მიიყვანდა, რომ იდევნებოდა ჩვენი დიდებული წარსული, ეკლესია, სამღვდელოება უკიდურესად დევნილი და უფლებააყრილი იყო. უწმიდესი ამბროსი საერთაშორისო საზოგადოებისაგან მოითხოვდა დახმარებოდნენ საქართველოს, რათა მოეხდინათ ზეგავლენა რუსეთზე, რათა მას დაუყოვნებლივ გაეყვანა საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და დაცულ ყოფილიყო მისი მიწაწყალი უცხოელ მოძალადეთა თარეშისაგან. "საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოთ მოაწყოს ისეთი ნორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება." (16, 5167).

გენუის კონფერენციაზე საბჭოთა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ჩიჩერინს სურდა საერთასორისო საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ თითქოს საქართველოს მშრომელებმა სახალხო რევოლუციის გზით დაამხეს მენშევიკური მთავრობა, რომ საქართველო სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკა იყო და ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მისი "დელეგატი" ბუდუ მდივანი აქ იმყოფება და ჰკითხეთ საბჭოთა საქართველოს მშრომელთა განწყობის შესახებო, მაგრამ ჩიჩერინს არავინ დაუჯერა. უწმიდესი ამბროსის მამხილებელმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონფერენციის მონაწილეებზე. საქართველოს ოკუპაციის თემა გააგრძელა დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, რომელმაც განაცხადა: `მე მივიღე დეპეშა, რომელიც მაცნობებს, რომ საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები აწარმოებენ საომარ მოქმედებებს საქართველოს პროვინციებში სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭაში. ამ დროს მე-9 არმია იგზავნება ქუთაისიდან იმ მხარეში, რომელმაც 1921 წლის მიწურულში გარეკა ბოლშევიკები და აღადგინა დემოკრატიული წეს-წყობილება. დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში სისხლი იღვრება, ქვეყნის სხვა ნაწილებში მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდება, მოსალოდნელია უსაშინლესი კატასტროფა." (8, 71). ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა გულდასმით მოისმინეს საქართველოს დიდი სატკივარი გაცხადებული მისი სულიერი წინამძღოლისა და ემიგრაციაში გაძევებული მთავრობის თავმჯდომარის მიერ, სიტყვიერი პასუხი მოსთხოვეს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დელეგაციას, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთეს საქართველოსათვის რეალური დახმარების აღმოჩენის მიზნით და პირისპირ მარტოდმარტო დატოვეს ქართველი ხალხი ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინაშე.

ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო დამოუკიდებლობის იდეის მატარებელი ადამიანების მასობრივი დაპატიმრება-დახვრეტები. 1922 წელს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზეიმით აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავი, მაგრამ მოზეიმე სტუდენტთა რიგებში რუსი ჯარისკაცები შეიჭრნენ და დაიწყო პატრიოტი ახალგაზრდების დაპატიმრება. საოკუპაციო ხელისუფლებამ იერიში მიიტანა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებზე, სტუდენტებზე, ევროპული განათლების ადამიანებზე, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე. პატრიოტობა, სამშობლოს სიყვარული პროვინციულ ჩამორჩენილობად მოინათლა. ახალი იდეოლოგია ვერ დამკვიდრდებოდა, თუ ძველის მიმდევრებს ფიზიკურად არ გაანადგურებდნენ. ქართველი პატრიოტების ბენია ჩხიკვიშვილის, ვალიკო ჯუღელის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, კოტე აბხაზის, გიორგი ხიმშიაშვილის, გოგიტა ფაღავას, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ქარცივაძის, ვარდენ წულუკიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის სახით მტრის ხატს ქმნიდნენ, ხოლო პატრიოტებად, რევოლუციური იდეებისათვის წამებულ ადამიანებად ასაღებდნენ ი. სტალინს, ფ. მახარაძეს, მ. ორახელაშვილს, ბ. მდივანს და სხვებს. საქართველოს ყველა კუთხეში სისხლის გუბეები დააყენეს, ქვეყანაში შიშმა დაისადგურა. უწმიდესმა ამბროსიმ ჯერ კიდევ 1921 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილ ქართველ პატრიოტთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდზე აღნიშნა: `მარ- თლმადიდებელნო ძმანო და დანო! პირველი მღვდელმსახურება ჩემს მიერ სამწყსოში შემხვდა ამ წმ. ტაძარში, შემხვდა დღეს, როდესაც სრულდება ხსენება იმათი, რომელნიც შეიწირნენ მსხვერპლად ჩვენთა ცოდვათათვის. ეს არის მიზეზი, რომ ჩემს პირველ წირვას დაესწრო ამდენი საზოგადოება. ღმერთს ენება, რომ სამსახური დამეწყო მოწყვეტილ მამულიშვილთათვის ლოცვა-ვედრების ღვთისადმი აღვლენით.

დიახ, ჩვენ ვიხსენებთ დღეს იმათ, ვინც ბრძოლის ველზე სისხლი დაღვარეს. ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა, მაგრამ ვიკითხოთ, რისთვის დაიხოცნენ? რა იყო მიზეზი მათი უდროოდ ამ წუთისოფლის გამოსალმებისა? ვიტყვი გაბედულად, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი ჩვენის უსჯულოებისა, ჩვენის ცოდვებისა და შეცდომებისა წინაშე ღვთისა და მამულისა. ეს სინამდვილეა, ვინაითგან აწმყო არის შედეგი სულისა. ჩვენ დავივიწყეთ ღმერთი, სარწმუნოება, სახარების უკვდავი იდეალები, მოძმეთა სიყვარული, კაცი კაცისათვის შეიქმნა მგელი. ვიძახით ერთობა, სიყვარული და თანასწორობაზე და ყველა ეს, თუმა მშვენიერი, სანატრელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. არ არსებობს ნამდვილი ძმობა და თანასწორობა. ამის მაგიერ გამეფებულია ჩვენში შური, მტრობა და სიძულვილი. თუ გვინდა, რომ არ მეორდებოდეს ამნაირიმოვლენანი, ერთი რომელთაგანის მოსაგონებლად აქ ვართ შეკრებილნი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სარწმუნოებას, გავატაროთ, განვახორციელოთ ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს იდეალები თანასწორობის, ძმობისა და სიყვარულისა.

ერთგულნი მამულიშვილნი იცავენ თავის სამშობლოს და არავის შეუძლია, არავის აქვს უფლება, სთქვას, რომ ისინი, ვის ხსენებასაც დღეს ვასრულებთ, არ ყოფილიყვნენ გამსჭვალულნი მამულის სიყვარულით, მისთვის არ დაეღვარათ სისხლი, ვინაითგან, უეჭველია, მათ ამოძრავებდათ მამულის დაცვის სურვილი. შეიძლება ბევრმა ეს არ გაიზიაროს, მაგრამ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ დახოცილთა სულის ვედრებას, მათ ფსიქოლოგიას, მათს რწმენას.

როგორც გინდა არ ვიფიქროთ, რა აზრისანი არ უნდა ვიყოთ, მაინც უნდა ვიწამოთ, რომ მათი სისხლი სამშობლოს მიწაზე დანთხეული არის წმიდა, ვინაითგან მას ამნაირათ ჰქმნის არა მარტო ის, რასაც ჩვენ მათზე ვფიქრობთ, არამედ თვით მათი სულისკვეთება, რომელმაც მათ მისცა ძალა თავი გაეწირათ.

ქართველთა ერის ისტორია სისხლით არის დაწერილი. ამ ისტორიაში ბევრი რამ არის ჩამაფიქრებელი, ცრემლების მომგვრელი, მაგრამ მასში პოეზიაც ბევრია. მართალია, სამშობლოს თავგადასავალს ქართველი თვალცრემლიანი იგონებს, მაგრამ ამ ცრემლებში იხარება მომავლის იმედიც, პოეტური აღმაფრენა. ეს არის სამწუხარო, მაგრამ სიხარულის მომგვრელი ცრემლები.

როდესაც ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ წარსულში ქართველი ერის ცხოვრება იყო სავსე ტრაგიზმით, რომ მას რკინის რკალივით გარშემორტყმოდნენ აუარებელნი მტერნი, მას ემუქრებოდნენ გადაგვარება-ჩანთქმით, რომ ამის საშუალებად მიაჩნდათ ქრისტიანულ სარწმუნოების მოსპობა, და მაჰმადის სჯულის ძალით გავრცელება, რომ სცდილობდნენ შეეგინებიათ მათი წმიდათა წმიდა, რასაკვირველია, გული გვიწუხს. მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ ჩვენი წინაპართა სიმხნე-სიმამაცეს, მათს ეკლესიის და სამშობლოს სიყვარულს, მათთვის თავდადებას, როდესაც ისტორია გვეუბნება, რომ ქართველი მიდიოდა მტრის მოსაგერიებლად და ჯიბით თან მიჰქონდა მშობლიური მიწა, სიკვდილის წინ მით ეზიარებოდა და იტყოდა: "მექმნეს მე ზიარებად სამშობლოს მტვერიო," რომ მისთვის ტკბილი იყო სარწმუნოებისა და მამულისათვის სიკვდილი, რომ ქართლის დედა არა იმაზე სწუხდა, რომ მამულს და ეკლესიას შვილი შესწირა, არამედ იმაზე, რომ მეტის შეწირვა ვერ შეიძლო, როდესაც ყველა ამას წარმოვიდგენთ, გული სიხარულით გვევსება, ვამაყობთ, გვებადება მომავლის იმედი, რომ ის ხალხი, რომელსაც ასე უყვარს სამშობლო, არ მოკვდება, მას აქვს მომავალი.

აი, ის სისხლიც, რომელსაც დღეს ჩვენ ვიგონებთ, ამნაირს მნიშვნელობისაა; ის არის თავდები მომავალი თაობის სიმხნემამაცობისა, არის მაჩვენებელი იმისა, რომ წინაპართა სული მამულის სიყვარულისა, მისთვის თავდადებისა, არ გამქრალა ჩვენს ხალხში და, მაშასადამე, შეგვიძლია იმედით ვუყუროთ მომავალს.

დაე, მათი ხსენება იყოს საუკუნო ქართველი მამულისშვილების გულში, რომ ამით მათში ინერგებოდეს ის სულისკვეთება, რომელმაც მომავალშიაც არაერთხელ უნდა იხსნას ჩვენი სამშობლო, შეანახვინოს მას თავისუფლება და სარწმუნოება." (28, 52).

ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ არ აპატია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს ამბროსის, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს ქართველი ერის კანონიერი უფლებების დასაცავად ხმის ამოღება და დაიწყო შეტევა მის წინააღმდეგ. ჯერ საზოგადოების დამუშავება ბოლშევიკურმა პრესამ დაიწყო, "ბნელეთის მოციქულები," "საბჭოთა ხელისუფლების შეუნიღბავი მტრები," "ბურჟუაზიის ლაქიები," ასეთი სათაურებით გამოქვეყნებულ წერილებში რას არ აბრალებდნენ ქართველ სამღვდელოებას. გენუის კონფერენციიდან ჩამოსულმა ბუდუ მდივანმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პირდაპირ განაცხადა - კათოლიკოსის სიტყვამ დიდი ზიანი მოუტანა საბჭოთა ხელისუფლებას. ჩვენი "ჩეკა" რატომ არ აპატიმრებს მას?" ეს იყო ერთგვარი დირექტივა და "ჩეკაც" სიამოვნებით შეუდგა მასალების შეგროვებას, ფარულ თვალთვალს. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე მოგონებებში საოცარი სიზუსტით აღწერს 1922 წლის მოვლენებს: 13 ივნისს "ჩეკას" თანამშრომლები საპატრიარქო რეზიდენციაში გამოცხადდნენ და იკითხეს - სად არის კათოლიკოსი? კოტე ცინცაძე ("ჩეკას" თავმჯდომარე) იბარებსო. უწმიდესი ამბროსი გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და წაიყვანეს, კათოლიკოსის "ჩეკაში" წაყვანის ამბავი გახმიანდა, სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო, სადაც მსჯელობდნენ როგორ მოქცეულიყვნენ შექმნილ ვითარებაში. დრო გადიოდა და კათოლიკოსის შესახებ ვერაფერი გაიგეს. ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება სადილის გაგზავნის შესახებ, მაგრამ სადილი არ მიიღეს და მიმტანს გამოუცხადეს, კათოლიკოსი მესამე განყოფილებაში იმყოფებოდა დაკითხვაზე, რომელიც საღამოს 20 საათამდე გაგრძელდებოდა. გვიან საღამოს კათოლიკოს-პატრიარქი დააბრუნეს.

14 ივნისს კვლავ შეიკრიბა საკათალიკოსო საბჭოს სხდომა, რომელიც გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ - სახეზე თითქოს განმკრთალი იყო, ეტყობოდა, რომ ერთ დღეში დიდი სულიერი ტანჯვა გამოევლო. როგორც მან საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს უამბო "ჩეკაში" მისი დაკითხვა "ჩეკას" თავმჯდომარეს კოტე ცინცაძეს უწარმოებია, დაკითხვას ესწრებოდა მდივანი ქალბატონი, რომელიც იწერდა კათოლიკოს-პატრიარქის პასუხებს. ეცნობი ამ ამაღელვებელ ისტორიას და გული სიამაყით გევსება, როგორ სულიერ და ფიზიკურ სიმტკიცეს იჩენდა ერის სულიერი წინამძღოლი. ჩეკას აინტერესებდა პატრიარქის გარდა ვინ იღებდა მონაწილეობას გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის შედგენაში, "ვინ ამოგირჩიათ თქვენ საქართველოს ოპეკუნად?" უწმიდესი ამბროსის პასუხი ასეთი იყო: "ამომირჩია გელათში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ, მორწმუნე ქართველობისაგან შემოკრებილმა, მე მოსილი ვარ იურიდიული და ზნეობრივი უფლებებით, როგორც მამამთავარი აღვიმაღლო ხმა, როდესაც ისეთი ვითარება იქმნება, რომელშიც შეუძლებელი ხდება ერის რელიგიურზნეობრივი აზრის შენარჩუნება, როდესაც ერს ერთმევა საშუალება თავისუფალი მოქალაქეობისა." კოტე ცინცაძემ პატრიარქს განუცხადა, რატომ მენშევიკების დროს არ იმაღლებდით ხმას, რატომ მათ არ ეწინააღმდეგებოდითო. უწმიდესმა ამბროსიმ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ურწმუნონი იყვნენ, მაინც უფრო ეროვნულად იქცეოდნენ და იცავდნენ იმას, რაზეც ახლა ეკლესიას მოუხდა ხმის ამაღლება. უწმიდესმა ამბროსიმ საბჭოთა ხელისუფლება დაადანაშაულა საქართველოს ხელახალ ოკუპაციაში, რომ თქვენი მცდელობის მიუხედავად, თითქოს საქართველოს დამოუკიდებელია, აშკარაა, მთელი ძალაუფლება "ოსობაოა კავკასკაია არმიის" ხელშია. უწმიდესი ამბროსის ამ სიტყვებმა "ჩეკას" თავმჯდომარეს კოტე ცინცაძეს წონასწორობა დააკარგვინა, მან აღელვებით დაიწყო იმის მტკიცება, რომ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველოში ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, რომ შექმნა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა, რომ საქართველოში მყოფი რუსი ჯარი ქართველებს არაფერს უშლის, პირიქით იცავსო. უწმიდესმა ამბროსიმ ბოლშევიკურ მარიონეტულ ქართულ ხელისუფლებას ბრალი დასდო საქართველოში უცხო ელემენტების მომრავლებაში, ელემენტარული დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში, როცა ქვეყანაში იდევნება განსხვავებული აზრი, იდევნება ოპოზიციური ჟურნალ-გაზეთები, რომ უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. "ჩეკას" თავმჯდომარემ გულახდილად უთხრა უწმიდეს ამბროსის "ჩვენ რევოლუციას ვაწარმოებთ, პროლეტარიატის დიქტატურა გამოვაცხადეთ, წარმოებს ბრძოლა მოწინააღმდეგეებისადმი, ყველა თავისუფლებანი, რაც კი არის, ეს მხოლოდ ჩვენთვის გვინდა, თქვენ და თქვენი დრომოჭმული მიმდევრები ცხოვრებიდან გარიყული ხართ. თქვენ ვინ მოგცემთ თავისუფლებას. კოტე ცინცაძემ შეახსენა უწმიდეს ამბროსის თქვენ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის გამოც ყოფილხართ გადასახლებული, მართალია ეს მინუსად არ ჩაგეთვლებათ, უმაღლესი განათლებაც გქონიათ მიღებული, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ახლა სხვა დროა? კოტე ცინცაძემ უწმიდეს ამბროსის მოსთხოვა პასუხები კითხვებზე: 1. როდის და რამდენი ქონება გაზიდეს რუსებმა საქართველოდან. 2. რაში გამოიხატება ბოლშევიკების მიერ საქართველოში სარწმუნოების დევნა? 3. რა ვნება მოაქვს რუსის ჯარის ყოფნას საქართველოში? დაკითხვის დროს "ჩეკას" თავმჯდომარე კორექტულად იქცეოდა, როცა დაკითხვა დაამთავრა, წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა, მდივანს გადაულაპარაკა -მანქანით მიაცილეთ შინამდეო." (14, 94-95).

უწმიდესი ამბროსი დაბრუნდა რა საპატრიარქო რეზიდენციაში, შეუდგა იმ მასალების მოძიებას, რომელშიც აღნუსხული იქნებოდა ბოლშევიკური ხელისუფლების უკანონო ქმედებანი. ხელისუფლებას აინტერესებდა რა მასალებს წარუდგენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ბოლშევიკურ ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა ახალ საკავშირო სახელმწიფოში საქართველოს შესვლის საკითხზე. ი. სტალინის, ს. ორჯონიკიძის ჯგუფი მიიჩნევდა, რომ საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით უნდა შესულიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რაც ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტის კიდევ უფრო შეზღუდვას ნიშნავდა, ხოლო მეორე ჯგუფი: ბ. მდივანი, კ. ცინცაძე და სხვები თვლიდნენ, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებლად უნდა შესულიყო საბჭოთა კავშირის შემდგენლობაში. ეს ჯგუფი "ნაციონალ-უკლონისტებად" მოინათლა და დაიწყეს მათი დევნა `ჩეკას~ თავმჯდომარე კოტე ცინცაძე, როგორც ნაციონალ-უკლონისტი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან. ახალმა ხელმძღვანელობამ კიდევ უფრო შეურიგებელი პოზიცია დაიკავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიმართ. 1922 წლის 2 ივნისს საპატრიარქო რეზიდენციაში გამოცხადდნენ ჩეკისტები, რომელთაც პირადად ინახულეს კათოლიკოს-პატრიარქი და ჩააბარეს საბრალდებო ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო. ხელისუფლება კათოლიკოსს ბრალს სდებდა სამ დანაშაულში: "პროვოკაცია, კონტრრევოლუციონერობა, მთავრობის გაბრიაბრუება. ისინი იმდენად უპატივცემულოდ ექცეოდნენ პატრიარქს, რომ უწმიდესმა ამბროსიმ ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის დაცვისაკენ მოუწოდა მათ.

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის დიდი დევნა. 1922 წლის 17 ნოემბერს მთავრობის დადგენილებით საქართველოს საპატრიარქოს ჩამოართვეს რეზიდენცია. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ საპროტესტო წერილში აღნიშნავდა, რომ საპატრიარქო სასახლე იყო საქართველოს ეკლესიის საკუთრება. ამავე დროს მოაგონებდა მთავრობას, რომ 1922 წლის №3137 დადგენილებით, ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა არსებული შენობები ეკლესიის განკარგულებაში გადასცა, ამის მიუხედავად, "ამისთვის 17 ნოემბერს, ჩემს ბინაში მოვიდნენ თბილისის საბინაო განყოფილების წარმომადგენლები, გაზომეს იგი, შევიდნენ ეკლესიაში და თვით საკურთხეველშიც ქუდებით, მიუხედავად ჩემი წარმომადგენლის პროტესტისა, დაიწყეს თავის მართლება იმით, რომ სინდისის თავისუფლებააო, ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ნოემბრის 18, თქვენ გაახელით დელეგაცია, სამი საპატიო პირისაგან შემდგარი და გთხოვეთ დაგეცავით მოსალოდნელი შეურაცხყოფისა და უსამართლობისაგან." (12, 539). ხელისუფლების წარმომადგენლებმა არც კი მოუსმინეს საკათალიკოსო საბჭოს დელეგაციას, კათოლიკოსის სასახლის დასაკავებლად გაგზავნილ იქნა 15 შეიარაღებული ახალგაზრდა, მათ დავალებული ჰქონდათ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის რეზიდენციიდან გაძევება. ერთ-ერთი უცხო ტომის ახალგაზრდა კადნიერად მიიჭრა კათოლიკოსთან და მიმართა, თქვენ ხართ უფლებააყრილი პიროვნება, თქვენ არ გაქვთ ნება გეჭიროთ ეს ბინა, იგი ჩვენ გვჭირდება კომკავშირლებისათვის, რომელთა ხუთი წლისთავი აქ უნდა გადავიხადოთ." (12, 539). კომკავშირელი ახალგაზრდები თავხედურად აცხადებდნენ, რომ სასახლის ავეჯი, ქონება რეკვიზიციის ძალით უნდა წაეღოთ, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქს დაუტოვებდნენ იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ. უწმიდესმა ამბროსიმ მტკიცედ განაცხადა, რომ იგი თავისი ნებით არ დატოვებდა შენობას. ამასვე აცნობებდა მთავრობის თავმჯდომარეს: "გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ ბინა, რომელიც მე მიჭირავს არის საქართველოს მორწმუნე ერისგან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის მიჩენილი ბინა, რომლიდანაც გასვლა ჩემის ნებით მეკრძალება, რომ ეს ბინა დაკავშირებულია ეკლესიასთან, აქ მოთავსებულია თბილისის საეპარქიო კანცელარია, რომ ამ ბინიდან კათოლიკოს-პატრიარქის გაძევება, ეკლესიის მოშლა და კანცელარიის გატანა გამოიწვევს ქართველ ერში უკმაყოფილებას, რასაც უნდა ვერიდოთ მეც, როგორც ქართველი ერის მამამთავარი და უმაღლესი მოძღვარი და თქვენც, როგორც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ერი დიდია ჩემზეც და თქვენზეც და ამის გამო თქვენც და მეც უნდა ხელს ვუწყობდეთ მის ბედნიერებას, კეთილდღეობას და მყუდროებას." (12, 539). ბოლშევიკურ ხელისუფლებას პატრიარქის შეგონება არაფრად უღირდა. პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა ანტირელიგიური პროპაგანდა. პრესაში ქვეყნდებოდა "მუშათა მოწოდებანი" გაესამართლებინათ "ანაფორიანი ინტრიგები", "ბნელეთის მოციქულები," `მენშევიკური საქართველოს იდეალისტები." მართალია ხელისუფლება საჯაროდ აღიარებდა სინდისის თავისუფლებას, მაგრამ პროვინციებში, დიდ ქალაქებში ადგილობრივი ბოლშევიკური მმართველობის დეკრეტებით აუქმებდნენ მოქმედ ეკლესიებს, აღწერდნენ საეკლესიო ქონებას და ახდენდნენ მის კონფისკაციას. იმდენად გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა ქუთაისში, რომ მიტროპოლიტი ნაზარი ერთხანს იძულებული გახდა ეპარქია დაეტოვებინა. სასულიერო პირებზე ნადირობა გამოცხადდა. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი აცხადებდა: `მე არ ვეწინააღმდეგები არამორწმუნეთა მიერ მორწმუნეებთან იდეურ ბრძოლას, მაგრამ ჩემი არსება ვერ შეურიგდება იმას, რომ რელიგიის წინააღმდეგი არასრულწლოვანმა ახალგაზრდობამ შელახოს მოქალაქეთა ცხრა მეათედის რწმნა და სინდისი, ძალით დაიჭიროს სამლოცველო სახლები." (12, 539). 1923 წელს საქართველოში დაიხურა 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. 1923 წლის 23 ნოემბერს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისარიატის მიერ მიღებული დადგენილებით. 1. დახურული ეკლესიების მთელი საეკლესიო ქონება გადადიოდა ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტების განკარგულებაში. 2. ამ ქონებიდან ის საეკლესიო განძეულობა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, დაცულ იქნას სახალხო განათლების სამუზეუმო დაწესებულებაში. 3. დანარჩენი საეკლესიო განძეულობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტების მიერ გლეხების საჭიროებისათვის." (7, 41).

ამ დადგენილებამ პროვინციელ უვიც ბოლშევიკ აქტივისტებს ხელფეხი გაუხსნა საეკლესიო სიწმინდეთა დატაცებისა და განადგურებისაკენ. ისინი ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატებს, ბარძიმფეშხუმებს "ეკლესიებში ტყუილ-უბრალოდ დაყრილ ოქრო-ვერცხლს" უწოდებდნენ. ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, წიგნებს. საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებს. იმისათვის, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან ხალხის ყურადღება გადაეტანათ ყველა უბედურების მიზეზად ეკლესიამონასტრები, სასულიერო პირები გამოჰყავდათ.

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების აქტივისტები აწყობდნენ ანტირელიგიურ ღონისძიებებს. მაგალითად, ქუთაისში საჯარო სასამართლო გაუმართეს 735-738 წლებში მურვან ყრუს წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ წმ. დავით და წმ. კონსტანტინეს ნეშტებს. ორი კვირის მანძილზე მათ ლანძღავდნენ, რომ ისინი არავითარი წმინდანები არ იყვნენ და ხალხს ატყუებდნენ. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი წმიდა დავით და კონსტანტინეს ნეშტები რიონში უნდა გადაეყარათ, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი მუზეუმში გადაბრძანება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები გრძნობდნენ, რომ ახლოვდებოდა მათი დაპატიმრების დრო. 1923 წლის 11 იანვარს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი კვლავ წაიყვანეს "ჩეკაში" დაკითხვაზე. წასვლის წინ უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ხელი მოაწერა განკარგულებას მისი დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის შექმნის შესახებ, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი). რეპრესიების, შიშის მიუხედავად ათასობით მორწმუნე შეიკრიბა სიონის საპატრიარქო ტაძართან, რათა გაემხნევებინათ მისი უწმიდესობა. მორწმუნე ხალხს შეხვდა ეპისკოპოსი ქრისტეფორე. უწმიდესი ამბროსი შინაპატიმრობაში შეხვდა წმიდა ნინოს დღესასწაულს. ქრისტიანობის უდიდესი დღესასწაული აღდგომაც შინაპატიმრობაში გაატარა. 1922 წლის 2 ივლისს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი იძულების წესით გამოასახლეს საპატრიარქო რეზიდენციიდან. შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის სახელზე გაგზავნილ წერილში იგი წერდა: "მე ახლა განვიცდი პატიმრობას და როგორც პატიმარი, შეუ- ძლიათ წამიყვანონ იქ, სადაც საჭიროთ დაინახავენ, მაგრამ, როცა ერთმევა ბინა საკათალიკოსოს, ეს ეკლესიის ცენტრალურ დაწესებულებათა გაუქმებას უდრის, ამით პერიფერიებიდან დაწყებული, საქართველოს ეკლესიის ნგრევა დამთავრდება ეკლესიის ცენტრალური მთავარი სასიცოცხლო ნერვის გადაჭრით, რაც თუმცა რასაკვირველია, ეკლესიას და სარწმუნოებას არ მოსპობს, რამდენადმე მაინც შეაფერხებს მისი ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას. ეს კი ვფიქრობ, მთავრობის წინაგანზრახულებაში არ უნდა შედიოდეს, რადგან, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა მიზანშეწონილი და სარგებლობას მოკლებული რადგანაც ჯერჯერობით მე არავისაგან არ ვარ თანამდებობიდან გადაყენებული და მხოლოდ დროებით, ჩემი ტყვეობის ასე თუ ისე დასრულებამდე ჩემი მოვალეობის აღსრულება გადაცემული მაქვს სხვა მღვდელმთავრისათვის ვალდებულად მიმაჩნია ჩემი თავი მოგმართოთ თხოვნით, სახლი, რომლიდანაც გამომასახლეს, დარჩეს საქართველოს ეკლესიის განკარგულებაში კათოლიკოსის და საკათალიკოსო დაწესებულებათა მოსათავსებლად, ხოლო ის ეკლესია, რომელიც ამ შენობაშია (იგულისხმებოდა ღვთისმშობლის ეკლესია ს.ვ.). მოთავსებული და რომელიც მშვენივრად არის მოწყობილი მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად არ იქნეს დანგრეული ანუ სხვა რაიმე სარწმუნოებრივი თვალსაზრისით შეუფერებელი დანიშნულებისათვის მოხმარებული." შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა წერილი გადაგზავნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, სადაც ცენტრალური კომიტეტის მდივანმა მიხეილ კახიანმა ასეთი რეზოლუცია დაადო `უარი ეთქვას, საერთოდ კი ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა სრულებით არც უნდა მიიღოს განცხადებანი ისეთ პირთაგან, როგორც არის კათალიკოსი ამბროსი." (12, 166)

ხელისუფლებას არაფრის გაგონება არ სურდა. ჯერ კიდევ 1922 წლის 23 ივლისს დალუქეს საპატრიარქო რეზიდენცია, კათოლიკოსის სამუშაო ოთახები. 6 ივლისს შედგენილი აქტი იტყობინებოდა: "მე ქვემორე ხელის მომწერმა ნ. გოგიშვილმა, ქ თბილისის აღმასკომის მუშათა და გლეხთა ინსპექციის რევიზორმა საბინაო განყოფილების გამგე დ. დოლიძისა და სახლების სამმართველოს თანამშრომლის ა. გალამიანის თანდასწრებით გავხსენით კათოლიკოს ამბროსის კუთვნილი სალარო, სადაც აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: ვერცხლი, ჯვრები, ყელსაკიდი, პანაღიები, რაც წონით 1 გირვანქა და 83 მისხალია." (12, 1519). საპატრიარქოდან წაიღეს როგორც საეკლესიო, ასევე საერო დანიშნულების ნივთები. გადაარჩიეს ისინი, ზოგი დაიტაცეს, ზოგიც გაყიდეს. ხმა გაავრცელეს თითქოს პატრიარქმა ამბროსიმ გადამალა ნივთებიო.

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენცია აღარ ჰქონდა პატრიარქს, მას ყოველდღე "ჩეკაში" დაკითხვებზე იბარებდნენ და ბრალს სდებდნენ ქართველი ერის ინტერესების ღალატში.

1923 წლის 12 იანვარს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ "ჩეკამ" მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების დაპატიმრების შესახებ. იმავე დღეს დაპატიმრებულ იქნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე), დიდუბის ეკლესიის დეკანოზი იოსები (მირიანაშვილი), ქაშუეთის ეკლესიის დიაკონი დიმიტრი (ლაზარიშვილი), მცხეთის სვეტიცხოვლის წინამძღვარი არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), ვერის ეკლესიის წინამძღვარი ანტონი (თოთიბაძე), სიონის ეკლესიის წინამძღვარი მარკოზი (ტყემალაძე), ნიკოლოზ არჯევანიძე, ნიკოლოზ თავდგირიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება დაიწყო. მას სურდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრული მოსპობა. თბილისში მეტეხის ციხეში უმძიმეს პირობებში, ვითარცა ავაზაკნი ისე შეჰყარეს ერის სულიერი წინამძღოლები, ის ადამიანები, რომელთაც ხმა აღიმაღლეს ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობათა წინააღმდეგ. როგორი მძიმე წლები არ გადაუტანია ქართველობას საუკუნეთა მანძილზე, მაგრამ ის რაც 1921-1924 წლებში ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა, ამის მსგავსი არ ახსოვდა ისტორიას. ქართველ პატრიოტებს დაუნდობლად ანადგურებდნენ, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ინტერნაციონალიზმის დროშით ამცრობდნენ და აქუცმაცებდნენ საქართველოს. საქართველოში ქართველის გარდა ყველა კარგად გრძნობდა თავს. ქართველ ბოლშევიკებს მოსკოველი ბატონების წინაშე რომ თავი მოეწონებინათ თავიანთ მოქმედებებში შეუბრალებლობა, სისასტიკე და არაეროვნულობის დემონსტრირება უნდა მოეხდინათ და ასეც იქცეოდნენ.

4. "მე შევასრულე ჩემი მოვალეობა"

ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ საკათალიკოზო საბჭოს წევრების, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაპატიმრებით ნიშანი მისცა საქართველოს სხვადასხვა პროვინციების პარტიულ აქტივისტებს გაეძლიერებინათ ანტირელიგიური ბრძოლა. 1924 წელს თბილისის მაზრაში დაიკეტა 48, ქუთაისის მაზრაში 160, შორაპნის მაზრაში, 148, ოზურგეთის მაზრაში 130, რაჭა-ლეჩხუმში 255, გორის მაზრაში 78, ზუგდიდის მაზრაში 75, სიღნაღის მაზრაში 65, ცხინვალის ზონაში 60 ეკლესია-მონასტერი. მაზრებში დიდი ზარ-ზეიმით ტარდებოდა ანტირელიგიური კონფერენციები, სადაც სასულიერო პირებს აიძულებდნენ დაეგმოთ ქრისტიანული სარწმუნოება, საჯაროდ მოენანიებინათ თავიანთი "შეცდომები". მოძღვრის გარეშე დარჩენილ ეკლესიებში დაცული ხელნაწერები, ხატები, საეკლესიო სიწმინდეები იძარცვებოდა. საარქივო მასალებიდან ირკვევა რა ბარბაროსული მეთოდებით ტარდებოდა ანტირელიგიური ღონისძიებანი. 1923 წელს ხონის წმიდა გიორგის ხატი დაამტვრიეს აღმასკომის თავმჯდომარემ ნადარეიშვილმა, პარტკომის ინსტრუქტორმა ხუბუამ. სენაკის რაიონ სოფ. სალხინოში ტრადიციული ქრისტიანული წესით დაკრძალული მიცვალებულები ამოასვენეს და წითელი დროშებისა და რევოლუციური სიმღერების სასულე ორკესტრის თანხლებით გადაასვენეს კომუნისტურ სასაფლაოზე. ეკლესიებიდან გამოჰქონდათ წმინდა ნაწილები და აგიზგიზებულ კოცონზე წვავდნენ.

ასეთი გაუგონარი მკრეხელობანი მოსახლეობის დიდი ნაწილის აღშფოთებას იწვევდა. ამ ვითარებაში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ტაქტიკური მოსაზრებით უკან დაიხია, მიიღო საგანგებო დადგენილება "რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის შესახებ," რომლის თანახმადაც, თუ 300-მდე ხელმოწერა შეგროვდებოდა ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესია კვლავ გაიხსნებოდა. 1924 წლისათვის 1000-მდე ეკლესია იყო დახურული. ერთი ორი დახურული ეკლესიის კვლავ გაღება საერთო უმძიმეს სურათს ვერ ცვლიდა.

1924 წლის 10 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით ნაძალადევის მუშათა თეატრში (ამჟამად იმ ადგილზე კინოთეატრი `საქართველოა ს.ვ.) მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. უკიდურესი ცინიზმი შეი- ძლება უწოდო იმას, რომ ბოლშევიკური ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრივი, ეროვნული და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის მებრძოლ სასულიერო პირებს, როგორც "სამშობლოს მოღალატეებს" ასე ასამართლებდა. დარბაზში მობილიზებულ იქნა ეგზალტირებული მუშები, პროლეტკულტელები რომელნიც სკანდირებდნენ "ძირს კონტრრევოლუცია," "სამშობლოს მოღალატეები," ანაფორიანი აგენტები."

ბოლშევიკურ გაზეთებში: "მუშაში", "კომუნისტში", პირველ გვერდებზე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი ამბროსის, დაპატიმრებული საკათალიკოსო საბჭოს წევრების კარიკატურები. სამშობლოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიოტებს სასამართლოს დარბაზში არ უშვებდნენ. ისტორიამ შემოგვინახა ამ სამარცხვინო სასამართლო პროცესის მონაწილეთა ვინაობა. სასამართლოს თავმჯდომარე გ. ჩხეიძე, წევრები: გ. რთველიძე, ვ. წივწივაძე, საზოგადოებრივი ბრალმდებლები: ორზუმელიანი, გუმბრიევი, ოქოიანი, ვარლამიანი. სახელმწიფო ბრალმდებელი: ალ. ერქომაიშვილი, მდივანი, აბაკელია, წინასწარ გადაწყვეტილი განაჩენის მიუხედავად უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების დაცვა მაინც იკისრეს ადვოკატებმა კ. ნინიძემ, ა. გუნცაძემ, დ. დადიანმა, ვ. ყანჩელმა, ქ. ქავთარაძემ. ბოლშევიკურ პრესაში, შრომითი კოლექტივების საერთო კრებაზე მიღებული ასეთი შინაარსის რეზოლუციები იბეჭდებოდა. `ჩვენ მთავარი სახელოსნოს მუშები მოვითხოვთ, რათა შავი ყორნები კონრრევოლუციისა დასჯილი იქნან უმაღლესი სასჯელით და ის მენშევიკ-სოციალისტები, რომლებიც მათ იცავენ, მოთავსებულ იქნან საბრალმდებლო სკამზე." (17). სასამართლოს სხდომის ყოველი დღე იწყებოდა "განსასჯელთა" ადვოკატების შანტაჟითა და ლანძღვით, როგორ ბედავთ ამ ავაზაკი, მოღალატე მღვდლების დაცვას? საბჭოთა წყობილებას არც თქვენ სჭირდებით და არც თქვენი მოღალატე მღვდელნი. ქართველი ხალხის სახელით უწმიდეს კათოლიკოსს ბრალს სდებდნენ ოქოიანი, ორზუმიანი, ვარლამიანი. ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება მომხდარიყო?მაინც რას ამტკიცებდნენ ისინი? "მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი შიმშილის ბრჭყალებში გამომწყვდეული სულს ღაფავდა. სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ეკლესიებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, რომ ტყუილუბრალოდ ეკლესიებში დაყრილი ოქრო-ვერცხლის მაგივრად მშიერი ხალხისათვის პური ეყიდათ." (17). საეკლესიო სიწმინდენი, წმიდა ხატები ამ უტიფარი, უმეცარი გადამთიელებისათვის `უბრალო ოქრო-ვერცხლი იყო." სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ ჰქონდა თურმე იმის უფლება, რომ ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკა, და ეს შეეძლოთ მათ, პატრიარქის და საკათალიკოსო საბჭოს წევრების დასჯას მოითხოვდნენ: საპონ-ზეთის, საფეიქრო, ხე-ტყის, რკინიგზის მე-6 სალანდაგო დეპოს მუშები. მიუხედავად ყოველივე ამისა ხელისუფლებამ სულიერად ვერ გატეხა ქართული ეკლესიის მესაჭე და საკათალიკოსო საბჭოს წევრები. სასამართლოს სხდომების პარალელურად ბოლშევიკურ პრესაში შაქრო ნავთლუღელი, გიგო ხეჩუაშვილი დასცინოდნენ უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, საკათალიკოზო საბჭოს დაპატიმრებულ წევრებს.

"აქ ზის ავტორი მემორანდუმის,
გენუის კრების შემვედრებელი,
რომ "კრება" ერთხმად დახმარებოდა
და "წამებისაგან" დაეხსნა ერი"...
გიგო ხეჩუაშვილი კი დაცინვით ამბობდა.
"ესე არიან "სულის მამანი"
ბრალდებულების სკამზე მსხდომელნი,
მოღალატეთაგან პასუხს მოითხოვს
დღეს ბრალმდებელი ხალხი მშობელი."

მომავალი თაობებისათვის სულიერი სიმტკიცისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის უწმიდესი და უნეტარესის ამბროსი ხელაიას საბოლოო სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა სასამართლო პროცესზე. მისი აზრით, ბრალდება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაუყენეს არასწორი იყო. ხელისუფლება საკათალიკოსო საბჭოს ედავება საეკლესიო ქონების დამალვის, გენუის კონფერენციაზე კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაგზავნილ მემორანდუმზე "კონტრრევოლუციონერობაზე," უწმიდესი ამბროსის აზრით, ხელისუფლების რომელი ფორმა იქნება საქართველოში ამის განხილვა ეკლესიის საქმე რ არის, მაგრამ მას სასურველად მიაჩნია მართვა-გამგეობა ქვეყნისა დამყარებულ იყოს ხალხის ნებისყოფაზე და თვითგამორკვევაზე." (19, 1988). მისი აზრით, ქართველ კომუნისტებს "რევოლუციური ინტერესებიდან" გამომდინარე, საქართველოს თავისუფლება არ მიაჩნდათ საჭიროდ. მის უწმიდესობას მოჰყავდა. გაზ. "მუშაში" გამოქვეყნებული ბოლშევიკების დაცინვა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი. "თავისუფალი დამოუკიდებელი, ნეიტრალური ზურნა." მისი უწმიდესობის აზრით, თუ ქართველი კომუნისტები საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენი არიან, მაშინ მას ასამართლებს რუსეთის ხელისუფლება, რადგან მემორანდუმის თანახმად იგი იცავდა საქართველოს სახელმწიფოებრივ და რელიგიურ თავისუფლებას, თუმცა რომელ თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი, როცა იდევნება ქართული ენა, როცა საქართველო დააქუცმაცეს ავტონომიებად, როცა დევნა-შევიწროებას განიცდიან ქართველი პატრიოტები, დევნილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სასულიერო პირები. "სტორია გვიმტკიცებს - აღნიშნავდა მისი უწმიდესობა - რომ დევნილობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება... იგი არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნილობა ამ მოთხოვნილებებს კიდევ უფრო აძლიერებს, ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით." (19, 1988). უწმიდესმა ამბროსიმ უპასუხა ორზუმელიანების, ოქოევებისა და ვარლამიანების "ბრალდებას." თითქოს გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნით, საკათალიკოსო საბჭომ, უწმიდესმა კათოლიკოსმა გადაიმტერეს ქართველი ერი. მისი აზრით, ქართველი ხალხისათვის, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, არ შეიძლება სულერთი იყო მისი მომავალი. "თუ მე ვიცავდი ჩვენი ერის თავისუფლებას, ამის უფლებას მაძლევდა ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება - აცხადებდა უწმიდესი ამბროსი - თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინააღმდეგოდ, დიდმპყრობელობის, ანომალიის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი. (იგულისხმება ვ. ლენინი). თუ ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა, დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება... მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილ იქნება... ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემ თავს, როგორც მორწმუნე ვიტყვი, იყოს ნება ღვთისა და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: "ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემ ზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა." (19, 162). უწმიდესი ამბროსი გრძნობდა, რომ მისი ეს სიტყვები ურწმუნო სასამართლოს წევრებისათვის არაფერს არ ნიშნავდა, მაგრამ იგი იყო გამხნევება ათასობით პატრიოტი ქართველისა, რომელთა ეროვნული სულის ჩაკვლას ცდილობდნენ ბოლშევიკები.

1924 წლის 19 მარტს საღამოს 8 საათზე ბოლშევიკურმა სასამართლომ გამოიტანა სამარცხვინო განაჩენი: "კათოლიკოს ამბროსის - იგივე ბესარიონ ხელაიას - დაპატიმრება 7 წლით და 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით, იასონ კაპანაძეს დაუსწრებლად (რადგან გაქცეული იყო საზღვარგარეთ ს. ვ.) 9 წლით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით. კალისტრატე ცინცაძეს - 3 წლით და 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით, მარკოზ ტყემალაძეს 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით, იოსებ მირიანაშვილის 9 თვით და 23 დღით სასტიკი იზოლაციით.

სამშობლოსა და სარწმუნოების თავისუფლებისათვის მებრძოლნი მეტეხის ციხეში გაგზავნეს. ბოლშევიკური ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად წარმოეჩინათ როგორც მოღალატენი, ქართველი სასულიერო პირები სამშობლოსათვის წამებულ გმირებად შერაცხეს. 1924 წლის ეროვნული აჯანყების მონაწილე ელიზბარ მაყაშვილი წერდა: "ოჰ, მეტეხო, როგორ დამავიწყდები! ეს მძიმე, მოღუშული და დარდიანი ციხე დღეს საქართველოს დედაქალაქად გადაქცეულა, ქართველ მამულიშვილთ აქ მოუყრიათ თავი. პროფესორები და ექიმები, მკვლევარნი და ვექილნი, ქართველი სტუდენტობა, სამღვდელოება - ჩვენი სპეტაკი და წამებული მოხუცი კათალიკოსის, ამბროსის მეთაურობით." შაქრო ნავთლუღელისა და მისი მსგავსი არამზადებისაგან განსხვავებით დავით კოპალეიშვილს ასეთი სტრიქონები მიუძღვნია ტანჯული ქვეყნის ტანჯული პატრიარქისათვის:

"მძიმედ გაიღო ციხის კარები,
ვით ქანდაკება მარმარილოსი
შემოაბრძანეს ციხე მეტეხში
ტანჯულ ქართლოსის კათალიკოსი.
ვერ შეეგებნენ ჩაკეტილ იყვნენ:
პოეტი, მუშა, ექიმი, დენდი,
ვერცა მოხუცი, თეთრი ნაზარი,
ვერც პარიტეტის ტყვე პრეზიდენტი.
ჩეკას დახუთულ ბნელ-ცივ სარდაფში,
სადაც ბუდეა გველ-ბაყაყ-ხვლიკის,
იტანჯებოდა მტარვალთა ხელში.
ერის მინისტრი, იქ, ხომერიკი,
კაცსა გულადსა, კაცსა ფოლადსა,
ტანჯვა ენახა ნოეს, მრავალი,
უცდიდა თვის ბედს შეუდრეკელი,
ორთქმავალისა ქვეშე მავალი.
ტანჯვისა გვირგვინს თავზე ატარებს
ჩვენი მცხოვანი მამა ამბროსი
მეტეხის კარებს ერთად გაგვიღებს
ხომერიკი და კათალიკოსი."

ემიგრანტმა ქართველმა პოეტმა გიორგი ყიფიანმა "ლევილის მზეს" სამშობლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ასე მიმართა:

"ვფიცავ ლოდზე ნაგრეხ სუროს,
ლევილის მზეს თვალცრემლიანს,
სადაც ჯვრები გარდასულთა,
ცოცხლებივით გვიცქერიან...
ვფიცავ დროშას სამჯერ კოცნით,
საქართველოს დიდების დღეს,
სამთაფერის ცაში ფრიალს,
ოცდაექვსი მაისის მზეს.
პრეზიდენტის მოხუც სახეს,
დამარცხებულ ქართლოსის ჯარს,
ყელგამოჭრილ პატრიარქებს,
კათალიკოს ამბროსის ჯვარს.
ვფიცავ-ვფიცავ აქაც-იქაც.
გულს შიგნით და სულის ძირას,
საფლავშიაც რომ დავიცავ
ხალხის სისხლით ნაკურთხ მიწას! (2, 60-41).

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები. 1924 წლის აგვისტოში ქართველი ხალხის საუკეთესო შვილების მიერ მოწყობილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტით უპასუხა. საქართველოს ყველა კუთხეში სისხლის წვიმები დააყენა. გაუსამართლებლად ხოცავდნენ ყველა ეჭვმიტანილს. კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები იყო ჯალათებისადმი მიმართული: "გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე, მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად სიცოცლის მიტანისა." (ბაბო დადიანი).

გაანადგურეს ქართული ინტელიგენცია, საზოგადოების არისტოკრატიული ნაწილი, 1924 წლის აგვისტოში ე.წ. "სამეულის" გადაწყვეტილებით ქუთაისში დახვრიტეს: მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, მღვდელი იორეთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. ბოლშევიკური ხელისუფლების ეს სისასტიკე ახსნილ იქნა იმით, რომ თითქოს ხსენებული სასულიერო პირნი ეწეოდნენ ანტისაბჭოთა პროპაგანდას. სინამდვილეში ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა ქუთაისის მაზრის სოფ. როდინოულში ეკლესიის კურთხევაზე, მაგრამ ისინი დაპატიმრებულ იქნენ ადგილობრივი თემსაბჭოს თავმჯდომარის მიერ.

"1924 წელს, აგვისტოს 3 დღესა, მე, სვირის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრმა ამბერკი ჯუღელმა, შევადგინე ოქმი ესე შემდეგზედ:

2 ამა აგვისტოს ღამით ვიღაც უცნობი პირის მიერ გადმომეცა "ბარათი", სადაც იგულისხმებოდა, რომ ამავე რაიონის სოფელ როდინაულშიდ კერძო ოჯახში მოეყარათ თავი მღვდლებს და რაღაც შემჩნევითი მოქმედებას ეწეოდნენ ფართო აგიტაციური სახით, რისთვისაც საჭიროთ ვსცანი, გამეგზავნა მილიცია და მომეყვანა აღნიშნული პირები მათი მოვალეობისა და ვინაობის გამოსარკვევათ, რაც იმ წამსვე იქნა შესრულებული და აღნიშნული მღვდლები იქნა ჩემს წინაშე წარმოდგენილი კრების შინაარსის და მღვდლების მოქმედების მცოდნე პირებთან ერთად 3 აგვისტოს, რაზედაც საჭიროთ მიმაჩნია იქნას დაკითხული შინაარსის მცოდნე პირები და შედგეს ოქმი ესე ზემოთ ნაჩვენებ მღვდლებზედ.

ამავე რიცხვს საქმის დასკვნამდი მისაღწევად დაკითხულ იქნა ჩემს მიერ დავალებით გაგზავნილი რაიმილიციის უმფროსი თანამშრომელი ამხ. ბარნაბა გედევანის ძე მაღლაკელიძე, მცხოვრები სოფელ როდინოულში, რომელმაც აჩვენა შემდეგი:

პირველ ყოვლისად, რომ მე გამეგო, თუ სად იყო ასეთი და რომ გზას არ ავცდომოდი, მივმართე ადგილობრივ საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც ვნახე თავის სამართველოში, რომელსაც ეს გარემოება უკვე გაეგო და ალაგიც მიჩვენა, თუ სად იყვნენ მღვდლები თავ შეყრილი, რომელიც იმ წამსვე ჩემთან ერთად წამოვიდა და მღვდლები აღმოჩნდნენ როდინაულის თემის მცხოვრების მათე ჩუბინიძისას. ჩვენ რომ ერთად დავრწმუნებულიყავით მათ საერთო სჯაბაასშიდ და გაგვეგო, თუ ვინ ან და რა პირები იყვნენ თავ მოყრილნი, ამისათვის წინასწარ განვიზრახეთ ჩუმათ მისვლა, რაც მართლაც შევსძელით და დაუგდეთ ყური მათ მსჯელობას. სრულებითაც გამოურკვეველი იყო ჩვენთვის, თუ ვინ იყვნენ ეს უკანასკნელები და როცა მივაყურეთ, გავიგონეთ შემდეგი: კომუნისტური პარტია არის მასის დამღუპველი, რომელიც უკარგავს მთელ კაცობრიობას სარწმუნოებას და აბრმავებს მათო. უმეტეს ნაწილათ მოიხსენიებდნენ პარტიის ლიდერებს ზიზღით. ამ საერთო კამათთან იყო ირგვლივ შემორტყმული თემის მომწიფებული მასა. ბევრი რაიმე საწინააღმდეგოს ქონდა ალაგი მათი ლაპარაკით და ბევრიც შეიძლებიყო იქვე აეწერა კაცს, მაგრამ ჩვენც ვეღარ ვიქონიეთ მოთმინება, რისთვისაც მოვსთხოვეთ ოჯახის უფროს კარების გაღება, რაც იქნა შესრულებული. ჩვენი შესვლის დროს ნაწილი ხალხისა და ერთიც, სვირის თემის მცხოვრები მღვდელი კირილე ბოჭორიშვილი გაიპარა და ნაწილი კი დარჩა. ყველანი ისხდნენ მაგიდის ირგვლივ. ჩვენ მისვლას დარჩენილ პირებზედ არავითარი ზეგავლენა არ მოუხთენია, პირიქით, დაგვიწყეს შეკითხვა, თუ რაზედ მოსულხართო, რისთვისაც მე მათ განუმცხადე ჩემი თანა მსახურება და ამავე დროს მოვსთხოვე მათ დავალების და პირადობის მანდატები, რომლებმაც ეს ირონიით მიიღეს და მომთხოვეს მე, პირიქით, მანდატი. მე ამ დროს მათ წავაკითხე, თუ ვისი დავალებით და ან რა საქმისთვის ვიყავი წასული. პირველ რიგშიდ გამომიცხადეს კატეგორიული უარი და როცა მე მათ კვლავ მივმართე, დამმორჩილებოდენ, ამ დროს ნაწილი მღვდლებისა გახთა თანახმა, ნაწილმა კი უარი სთქვეს, მაგრამ ასეთი მათ ერთმანეთშიდ თვითონვე გამოასწორეს. როცა მე გარეთ გამოვედი, იქვე ვნახე ოჯახის მანდილოსანი, რომელმაც ჩემი შეკითხის შემდეგ, თუ რათ ან და რა საჭიროებას წარმოადგენდა ეს მღვდლები, მან მიპასუხა: მაგათ ახლავთ კიდევ მიტროპოლიტი, რომელიც ამ წამსვე დასწვა კერძო ოთახშიდო. მე ამ დროს ვსთხოვე მღვდლებს, გამოეყვანათ ასეთი, მაგრამ მათ კატეგორიული უარით მიპასუხეს. თვით ოჯახის დედა კაცსაც ვსთხოვე, გამოეყვანა, მაგრამ მანაც უარი მითხრა. შემდეგ მე უთხარი მილიციონერს, რომელიც მე მახთა, გამოეყვანათ ეს უკანასკნელი, მაგრამ არავითარი დამორჩილება არ იქონია მიტროპოლიტმა, რის შემდეგ ისევ მე მომმართეს და შემდეგ მე წავედი. საბჭოს თავმჯდომარის თანდასწრებით როცა შევედი ოთახშიდ, მიტროპოლიტმა მოგვსთხოვა მანდატი. მეც ასეთი სურვილი მისი ავასრულე და უჩვენე მანდატიც და ის დავალებაც, რომლის ძალითაც მე ვიყავი წასული, მაგრამ მასზედ ჩემმა საბუთებმა არავითარი გავლენა არ იქონია და, პირიქით, მომსთხოვა, გამეთავისუფლებია მისი ოთახი და განიზრახა ისეთი მოქცევა უშვერის ენით და არსებული მთავრობის საწინააღმდეგოთ, რომელსაც თვითონ გრძნობდა, ვითომც ჩვენ შევეცდებოდით და ხელით შევეხებოდით, მაგრამ ჩვენ ასეთშიდ თავი შევიკავეთ და ისევ ხვერწნით მოვსთხოვეთ მათ, ამდგარიყო და ჩვენთან წამოსულიყვნენ მათი ვინაობის გამოსარკვევათ. ასეთმა ჩვენმა ლმობიერმა მოქცევამ მას აამაღლებია ხმა და დაგვიწყო კვლავ შემდეგი სიტყვების ძახილი: თქვენ, კომუნისტებო, ქვეყნის დამაქცევარი ხართ, თქვენ დააქციეთ სარწმუნოება და საქართველო. თქვენი ჭუჭყიანი ხელი არ მომაკაროთ, თქვენ ხართ განდევნილი კაცობრიობისაგანო და ასეთი საზიზღარი სიტყვებით განაგრძობდა თავისას, რამაც გამოგვიყვანა საერთო მოთმინებიდან და თანაც უფრო გაამწვავა ჩვენშიდ მასზედ მიტანილი ეჭვიანობა, რისთვისაც მე მივმართე ჩემთან მხლებ მილიციონერს, რათა აეყვანა ხელით და გამოეყვანა გარეთ. ეს შესრულებულ იქნა. მაგრამ გამოყვანის დროს მთელი მღვდლები, რიცხვით 9 კაცი, ამხედრდენ ჩემს საწინააღმდეგ. ამ დროს მე მას თავი დავანებე და ეს მღვდლები წამოვიყვანე საბჭოს სამმართველოშიდ. ამ დროს მე მოვიწვიე ასისთავები და ოცისთავები, რისთვისაც მე მინდოდა ეს მღვდლები მათთვის გამომეტანებია და ერთი მილიციონერთაგანი სვირის სადგურზედ აღმასკომის სამმართველოშიდ. ამ დროს მთელი მღვდლები აბუნტდენ და შექმნეს ხმაური საერთო "პანიკის" გამოსაწვევათ და ნაწილი გლეხებსაც მოუწოდებდენ, ამხედრებულიყვნენ ჩვენს საწინააღმდეგოთ. ხალხი მართლაც მოგროვდა, მაგრამ რამოდენიმე შეგნებული გლეხების საშვალებით შევსძელით მათი დამშვიდება, ე. ი. მოსული გლეხების და იქიდან წასვლაც. და რადგან მღვდლებმაც დარწმუნდენ, რომ მოსული გლეხობა მათ არავითარ შველასა და დახმარებას არ უწევდენ, შემდეგ ამისად დამთანხმდენ და წამომყვენ სამმართველოშიდ. როცა ესენი გამოვგზავნე, მე და საბჭოს თავმჯდომარემ კვლავ მივმართეთ დარჩენილ მღვდელს. რაც შეეხება, ჩვენ არ ვიცოდით, თუ ვინ იყო ის, მღვდელი იყო, თუ სხვა ვინმე, რადგან თვითონ არ გვაცნობდა ასეთს. ჩვენმა მასთან მისვლამ უფრო ფართოთ მლანძღველი ხასიათი მიიღო, როგორც ჩვენზედ პირადათ, უმეტესად არსებული მთავრობის საწინააღმდეგოთ, რის შემდეგ იქნა სახლიდან გამოყვანილი წესიერად და იქვე მდგომ ურემზედ დავსვით, მაგრამ მან არას დიდებით არ გაჩერდა ურემზედ, რისთვისაც კვლავ გაიძახოდა - მე ვარ იესო ქრისტე ნაზარეთელი და უნდა ტანჯული შევიქნე ჭუჭყიანი მთავრობის ხელითო. იმდენათ იქნა ხმა ამაღლებული, რომ მოითხოვდა შველას, მაგრამ ჩვენის იქიდან მისი წამოყვანის საშვალებათ გახთა ურემი, რომლითაც ჩამოვიყვანეთ სამმართველოშიდ. გზაშიდ დიდ ძალი ლანძღვა განაგრძო, მაგრამ ჩვენ მას ვაგონებდით, რომ ჩვენ ვიყავით საბჭოთა მოსამსახურეები და არა ჯალათები, ის მაინც თავისას განაგრძონდა." (32, 7-12).

19 აგვისტოს ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს პასუხისმგებელი რწმუნებულის თანაშემწეს შონიას ასეთი დადგენილება გამოუტანია: "მე ქუთაისის მაზრის პ/ბ პასუხისმგებელმა თანაშემწემ შონიამ, განვიხილე რა საქმე № 590 ბრალდების გამო ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზირ ლეჟავასი, დიაკონ ბესარიონ კუხიანიძის, მღვდელ გერმანე ჯაჯანიძის, სიმონ მჭედლიძის, ნიკოლაძის, პოლიევქტოს ვარდოსანიძის, ეს უკანასკნელი დახვრეტას გადაარჩინა თავისმა ყოფილმა ნათლულმა (ე.წ. ტროიკას ერთ-ერთმა წევრმას.ვ.). სვირის თემის როდინოულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დავადგინე: ისინი ეწეოდნენ კონტრრევოლუციურ საქმიანობას მიმართული საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ." ასეთი შეთითხნილი ბრალდების მსხვერპლი გახდა სასულიერო პირთა ეს ჯგუფი. შთამომავლობისათვის დაიკარგა მათი საფლავებიც. სიმბოლურად ეს შეიძლება საღორიის თუ საფიჩხიის მიდამოებში ვეძიოთ, სინამდვილეში სად განისვენებენ წამებულთა ნეშტები ჩვენთვის უცნობია.

ბოლშევიკურ პრესაში არ წყდებოდა დაქირავებულ კალმოსანთა ცილისმწამებლური წერილების ბეჭდვა. აი მაშინდელი ხელისუფლების მხარდაჭერთა აზროვნების ნიმუშები:

"წაიღეს განძეულობა, რაც იყო ეკლესიაში,
ჩააწყვეს იაშჩიკებში და გადამალეს მიწაში,
გენუას კაცი აფრინეს თან გაატანეს უსტარი.
საბჭოთა წყობა არ მოგვწონს, სულ დაგვიბნია დავთარი."

ან

"მწუხარებით შეიცვალა წმინდა მამათა სიხარული
სიმწრისაგან იღრიალეს როს იხილეს ხიშტი მტრული."

ვინმეს ახსოვს, ვინ იყვნენ შაქრო ნავთლუღელი? ვალია ბახტაძე? ფრიდონ ნაროუშვილი? სილიბისტრო თორდია? არაქელა ოქრუაშვილი? ისინი იყვნენ იმ ავადსახსენებელი ბოლშევიკური სისტემის მეხოტბენი, რომელთათვისაც სამშობლო, სარწმუნოება, ქართველობა სალანძღავად, ჩამორჩენილობად ქცეულიყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა სილიბისტრო თოდრიას, სერგო ორჯონიკიძესა და ფილიპე მახარაძეს მათი სახით ბოლშევიკურ იდეოლოგიას საკადრისი მიუზღო. მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი ტანჯვა-წამება დამცირება და შეურაცხყოფა აიტანეს სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებულმა სასულიერო და საერო პირებმა. აუტანელ პირობებში უხდებოდათ მეტეხის ციხეში ყოფნა ქართველ სასულიერო იერარქებს. უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ბოლომდე შეინარჩუნა სულიერი სიმტკიცე. ხელისუფლებისათვის თანდათან არასასურველი ხდებოდა სინდისის თავისუფლების დეკლარირების პირობებში საკათალიკოსო საბჭოს წევრებისა და პატრიარქის ციხეში ყოფნა. ცდილობდა მათ გატეხვას, რათა დაეწერათ ბოლშევიკური მთავრობის სახელზე პატიების თხოვნა. უწმიდესსა და უნეტარესი ამბროსის არქივში ასეთი ჩანაწერია: `შეიძლება მეც მომეთხოვოს იგივე სინანული, როგორიც ჩამოურთმევიათ რუსეთის პატრიარქ ტიხონისათვის და ამის გამო ჩემი განცხადების პროექტი ამნაირად იქნება მე ჩემი თავი არ მიმაჩნია დამნაშავედ... მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ ინტერვენციას საქართველოს რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებაში მოჰყვებოდა ეკლესიური თავისუფლების დაკარგვა, რაც მე უბედურებად მიმაჩნდა ჩვენი მშობლიური ეკლესიისათვის ჩემი შიშები სავსებით გამართლდა და ეკლესიას კიდევაც დაატყდა დიდი უბედურება." (12, 895).

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ვერ მიაღწია უწმიდესი პატრიარქისა და დაპატიმრებული სასულიერო პირებისაგან პატიების, მონანიების თხოვნის მიღებას, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველებს დააწერინეს თხოვნა  დაპატიმრებულთა შეწყალებისა და დიდსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება 1925 წლის 10 მარტს მათი განთვისუფლების შესახებ. 11 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა, დიდი შიშიანობის მიუხედავად მრავალრიცხოვანი საზოგადოება დაესწრო მას. პატრიარქმა სიტყვით მიმართა მათ: "სავსებისაგან გულისა ბაგენი იტყვიან" - ამბობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ამით გვითითებს ადამიანის ბუნების იმ მოთხოვნილებაზე, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს კარგად მოეხსენება, რომლის დასაკმაყოფილებლად ვცდილობთ გულზე მოწოლილი გრძნობანი სხვას გავუზიაროთ. ამ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას ვგრძნობ მე ახლა, როდესაც ორი წლის და ორი თვის დაშორების შემდეგ ვდგევარ ამ წმიდა ტაძარში თქვენ წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა და სხვა მიზეზის გამო, ეს წადილი გულში უნდა ჩავიკლა და დავკმაყოფილდე მხოლოდ თქვენდამი მადლობის გამოცხადებით იმისთვის, რასაც მე დღეს აქ ვხედავ. მე ციხეშიაც მესმოდა თქვენი გულისწუხილი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მესმოდა და ვგრძნობდი თქვენს თანაგრძნობას და ეს მამხნევებდა და ამატანია ის, რაც ამ საბჭოს დროს მე ავიტანე. ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისი, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და ატარებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება. აქ იხატება თქვენი ღრმა სარწმუნოება. რწმენის საქმეებში არ ემსგავსებით ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადიხრება იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო. მე ჯერ არ შევდგომივარ ჩემი მოვალეობის შესრულებას, საჭიროა გავეცნო ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას, იმას, თუ რა გაკეთებულა ორი წლის განმავლობაში. შეიძლება ბევრს კიდევაც გაუკვირდეს ამნაირი ჩემი განცხადება და გულში გაიფიქროს, რა საჭიროა ეკლესიის მდგომარეობის გაცნობა, ვინ არ იცის და არ ხედავს, ჩვენი ტაძრები დაკეტილია, ზოგი მთლად დანგრეულია საძირკვლამდის, საეკლესიო სამკაულები, ხატები, ჯვრები და ძვირფასეულობა გადატანილია და სხვაო, მაგრამ მე საქმეს ცოტა სხვანაირად ვუყურებ: ნამდვილ ეკლესიას ვგულისხმობ თქვენში - მორწმუნეებში და არა შენობებში, სამკაულებში და ძვირფასეულებაში. კარგია ეკლესია მაშინ, როდესაც ის გამშვენიერებულია სარწმუნოების სიმტკიცით, მისი გაღრმავებით. ამ მხრივ, მე მწამს, რომ ეკლესია ახლა უფრო განმტკიცებული და გამდიდრებულია, ვინემ იყო უწინ. გარეგნულ ხელქმნილ ტაძრების სიღარიბეში ხელთუქმნელი ეკლესია უფრო გალამაზდა. ამას ნათლად ამტკიცებს მორწმუნეთა შემოკრება ამ წმიდა ტაძარში. ეს მეტად სანუგეშოა. მალე ნებითა ღვთისათა შევუდგები მოვალეობის შესრულებას. უნდა განვაცხადო, რომ ჩემი სამსახურის დროს სწავლა-მოძღვრების საგანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოება და ზნეობა, ეკლესიური ცხოვრების აღდგენა. მაგრამ რომ ჩემი სამსახური იყოს ნაყოფიერი, ამისთავის მარტო ჩემი ძალა არ არის საკმარისი. მე ამაში მეჭირება თქვენი - სამღვდელოებისა და მორწმუნეთა დახმარება. იმედი მაქვს, მიიღებთ მხედველობაში ჩემს მოხუცებულობას, უძლურებას და შემაწევთ თქვენს გამოცდილებას და მუშაობის უნარს, ხოლო ეს მოსახერხებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველანი განვამსჭვალებით ჩვენი დედა ეკლესიის სიყვარულით, ერთმანეთის ძმურად გატანით, როდესაც პირად ინტერესებს ვანაცვალებთ საზოგადო - ეკლესიურს. კათოლიკოსობა თავისთავად არ არის. როდესაც კათოლიკოსობაზე არჩევის შემდეგ ამ ამბიონზე ავდიოდი განვაცხადე, რომ მე ავდივარ გოლგოთაზე, რომ მე მიტვირთავს დიდი ჯვარი, რომლის სიმძიმის ქვეშ შესაძლებელია, დავეცე თუ თქვენი - მორწმუნეების და თანაშემწეობის დახმარება არ მექნება - მეთქი. ეს წინასწარმეტყველება გამოდგა, თუმცა ჩემი ნათქვამი თავისთავად არ იყო არავითარი წინასწარმეტყველება. ეს იყო დამყარებული გამოცდილებაზე, ახალ აღდგენილი ავტოკეფალური ჩვენი ეკლესიის სამი თუ ოთხი წლის ისტორიაზე. მე ვარ საქართველოს ეკლესიის მესამე საჭეთმპყრობელი. რაც მოუვიდათ კირიონს და ლეონიდს ყველამ იცის, რაც მომივიდა პირადად მე, ეს უკვე ცხადად ყველამ დაინახა. თუ კირიონსა და ლეონიდს სახელს უტეხდნენ სიტყვით თუ წერით, ეს მეც განვიცადე, თუ მათ გადაყენებას ცდილობდნენ, მეც არ დამკლებია ეს მოწყალება. მე უფრო მედგრად მომეთხოვა გადადგომა უმაღლესი საეკლესიო დაწესებულებიდან. რა იყო ამის მიზეზი? ამის მიზეზი იყო ჩვენი შეუგნებლობა, ჩვენი უდისციპლინობა... ჩვენ არ გვესმოდა, რომ ეკლესიის თავის სახელის გატეხა, არის იმავე დროს სახელის გატეხა ეკლესიისა, სახელის გატეხა თვით იმ მორწმუნეთა, იმ ერისა, რომელმაც აირჩია უვარგისი თავი და საჭეთმპყრობელი. იმ ქვეყნებში, სადაც მორწმუნე ხალხი მომწიფებულია საზოგადო ეკლესიურ მოღვაწეობისთვის, სხვანაირად იქცევიან, ირჩევენ ხშირად იმდენად მოხუცებულებს, ანუ ხანში შესულებს, რომელნიც მოკლებულნი არიან მუშაობის უნარს, მაგრამ მისი სახელით და მის მაგივრად აკეთებენ ეკლესიურ საქმეებს. როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას..." (12, 539). აქ შეწყდა მისი სიტყვა, ცუდად გახდა, მაგრამ თავი შეიმაგრა, ცრემლი მოერია, გადახედა აქვითინებულ მრევლს და ჯვარი გარდასახა მათ... პატრიარქთან მიდიოდნენ ადამიანები და ულოცავდნენ ციხიდან გათავისუფლებას. იყო წერილობითი ადრესებიც. "უწმიდესო მეუფეო, წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი განმსჭვალული შენდამი დიდი სიყვარულით, დღე დღეზე ელოდა ციხიდან განთავისუფლებას და ხილვას. მრავალჟამიერ დიდო მეუფეო ჩვენი ერის საკეთილდღეოდ." (3, 96). უწმიდესმა და უნეტარესმა საგანგებო პარაკლისი გადაიხადა კოჯრის მისადგომებთან ბოლშევიკურ საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკერებისათვის... პატრიარქი ვერ გატეხეს, ვერც პოზიცია შეაცვლევინეს ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ. 1921-1927 წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით მღვდელმთავრის ხარისხში აიყვანეს 1. დეკანოზი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) ურბნელად 1922 წელს, 2. დეკანოზი სვიმეონი (ჭელიძე) ჭყონდიდელად 1923 წელს. 3. არქიმანდრიტი ნესტორი (ყუბანეიშვილი) ბათუმ-შემოქმედელად 1924 წელს, 4. დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე) მანგლელად 1925 წელს. 5. დეკანოზი სტეფანე (კარბელაშვილი) ბოდბელად 1925 წელს. 6. არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე) წილკნელად 1925 წელს. 7. დეკანოზი მიხეილი (ფხალაძე) ალავერდელად 1925 წელს. 8. დეკანოზი ალექსი (გერსამია) ცაგარელად 1925 წელს. 9. დეკანოზი ვარლაამი (მახარაძე) 1926 წელს. 10. არქიმანდრიტი ეფრემი (სიდამონიძე) მანგლელად 1927 წელს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას უნდა შეეცვალა ეკლესიასთან ბრძოლის ტაქტიკა. საჭირო იყო ეკლესიაში ხელისუფლების დასაყრდენის შექმნა შიდა დაპირისპირების პროვოცირება და ეკლესიის შიგნიდან აფეთქება.

5. "განახლებისა და რეფორმების" დროშით უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის დამხობის მზაკვრული გეგმა.

ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია. მან თავისი პოზიცია დაუფარავად დააფიქსირა 1921 წლის 15 აპრილს რევკომის დეკრეტით, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონგარეშე გამოცხადდა. ბოლშევიკები ათეისტები იყვნენ და მიზნად ისახავდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის საერთოდ მოსპობას, მაგრამ იმასაც გრძნობდნენ, რომ თავიანთი შავბნელი საქმიანობის პირველ ეტაპზე ეს გაუჭირდებოდათ. ამიტომ ასეთი გეგმა შეიმუშავეს ერთის მხრივ ადმინისტრაციული, ძალმომრეობითი, ტერორის გზით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მეორეს მხრივ თვით ეკლესიის წიაღში ჩაენერგათ ბოლშევიკური ხელისუფლების მხარდამჭერი სასულიერო პირებად მოვლენილი ლიბერალები. ხელისუფლებამ სამშობლოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებისათვის მებრძოლთ "მოღალატის, ჩამორჩენილი, კონსერვატორების, რეაქციონერების და უცხოეთის დაქირავებული აგენტების" იარლიყი მიაკერა, ხოლო ბოლშევიკური ექსპერიმენტებისა და უზნეობისადმი ლოიალურად განწყობილ სასულიერო პირებს "პროგრესული სამღვდელოება" უწოდა.

1922-1925 წლებში ბოლშევიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღწერეს მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული ოქროსა და ვერცხლის საეკლესიო სიწმინდენი, შემდეგ გამოზიდეს ეკლესია-მონასტრებიდან და "მშრომელთა საჭიროების" საბაბით გაყიდეს. 1922-1924 წლებში პოპულარული გახდა სასამართლო პროცესები. 1923 წლის 9 თებერვალს ონში `მშრომელთა საჩივრის საფუძველზე ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება ქრისტიანული სარწმუნოების, როგორც ხალხის მტრის დაგმობის და რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების გაუქმებისა და დანგრევის შესახებ. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივი პარტიული და კომკავშირელი აქტივისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტ ეკლესიას დაარბევდა, ვინ უფრო შეურაცხყოფდა სასულიერო პირებს.

ბოლშევიკური ხელისუფლება საზოგადოების წინაშე თავის მართლების მიზნით, რომ ქვეყანაში სინდისის თავისუფლება იყო იღებდა ისეთ კანონებს, რომელშიც ადასტურებდა, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მაგალითად 1924 წლის 21 ნოემბრის დეკრეტით "რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის შესახებ" მითითებული იყო, რომ მორწმუნეებს თავისუფლად შეეძლოთ ეკლესიის გახსნა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად ხელისუფლება სასტიკად დევნიდა მორწმუნეებს, სასულიერო პირებს. ბოლშევიკურ ხელისუფლებას მოსვენებას უკარგავდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის, საკათალიკოსო საბჭოს შეურიგებელი პოზიცია საოკუპაციო ხელისუფლებისადმი. ამიტომ "ჩეკამ" შეიმუშავა საიდუმლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა "ანტისაბჭოელი კათოლიკოსის ეკლესიის მესაჭეობიდან ჩამოშორებას, "რეაქციული" საკათალიკოსო საბჭოს გარეკვას და მის ნაცვლად საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სასულიერო პირების, "პროგრესული სამღვდელოებისათვის" ავტორიტეტის მოპოვებას. ე.წ. "პროგრესული, რეფორმატორი" სასულიერო პირები, რომ მზად იყვნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის, ეს კარგად გამოჩნდა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაკეთებულ განცხადების შინაარსიდან. სადაც ნათქვამი იყო: "ვაღიარებთ საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობს ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებას, ვგმობთ 1924 წლის აგვისტოს ავანტურას." (12, 539). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით ასეთი განცხადების გაკეთება იმ დროს, როცა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს წევრები მეტეხის ციხეში იტანჯებოდნენ, ხოლო ათასობით პატრიოტი, სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლნი დაუნდობლად გაანადგურეს, გამაოგნებელი იყო ქართველი ხალხის იმ ნაწილისათვის, ვისთვისაც ძვირფასი იყო სამშობლოს თავისუფლების იდეა. ხელისუფლების წაქეზებით ეკლესიის დროებითი მმართველობა გაიტაცა "განახლებისა და რეფორმების" იდეებმა. მათ მიაჩნდათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვერ აუწყო ფეხი რევოლუციური დროის მოთხოვნებს, პატრიარქი კვლავ მართლმადიდებლურ, კონსერვატორულ მიმართულებას იცავდა ეკლესიაში, ამიტომ აუცილებელი იყო სიახლეები. "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ ეპისკოპოსები: ქრისტეფორე და დავითი. ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) დაუფარავად აცხადებდა: "დრო არის განახლება შეტანილ იქნას ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში თანახმად თანამედროვე კულტურის, სახელმწიფოებრივი წეს-წყობილებისა." (3, 115).

საეკლესიო სფეროში "რეფორმებისა და განახლების" ჯგუფის საქმიანობა, რომ ინსპირირებული იყო ხელისუფლებისაგან ეს იქიდანაც ჩანდა, რომ მათი სხდომების ოქმები, განცხადებები დაუბრკოლებრივ ვრცელდებოდა ბოლშევიკური პრესის მეშვეობით. მაგალითად 1923 წლის 2 სექტემბერს ქუთაისში სამღვდელოების შეკრებას ესწრებოდა ადგილობრივი ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ვალია ბახტაძე, რომელმაც სასულიერო პირებს მიმართა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო განახლებული ეკლესია და რა შემთხვევაში ითანამშრომლებდა ხელისუფლება მასთან. ქუთათელმა ეპისკოპოსმა დავითმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი ერთგულება `განახლებისა და რეფორმების~ მიმართ და განაცხადა: "დადგა დრო, ეკლესიაში განხორციელდეს ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. ამ გზით გადადგმული იქნას პროგრესული ნაბიჯები ეკლესიურ ცხოვრებაში"... გენუის კონფერენციაზე ქართველი სამღვდელოების სახელით გაგზავნილმა მემორანდუმმა, კონტრრევოლუციურმა გამოსვლებმა საქართველოს ეკლესია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. საბჭოთა ხელისუფლებამ იგი თავის მტრად მიიჩნია და ამიტომ დაარბია ეკლესიები, დაიქსაქსა სამღვდელოება, მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეკლესიას პოლიტიკასთან არავითარი საერთო არა აქვს, თუ ამას დავამტკიცებთ ნორმალურ პირობებში, მაშინ ხელისუფლება შეწყვეტს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიას. ამიტომ მოვითხოვთ ჩვენს ეპარქიაში შეჩერებულ იქნას ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლა, აღდგენილ იქნას ტაძრები. თუ მაინც ვინმე შეინიშნა ანტისამთავრობო გამოსვლებში ისინი სასტიკად იქნან დასჯილნი." (13, 1523). ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ "სარეფორმო ჯგუფის" წევრებისათვის ხალხში ავტორიტეტი შეექმნა მათი მოთხოვნები შეასრულა, ქუთაისის ეპარქიაში გახსნა ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიები, გაათავისუფლა დაპატიმრებული სასულიერო პირები.

"განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრებმა ახალი განცხადება გააკეთეს: "დღეს საქართველოში არსებული საბჭოთა ხელისუფლება არის ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს მხარი დაუჭირონ მას. ვაცხადებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გამოსვლას შემცდარად და არაკანონიერად. საჭიროდ მიგვაჩნია იგი გადაყენებულ იქნას კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან." (3, 116). ეს იყო ხელისუფლებისა და "რეფორმატორ" სასულიერო პირთა ნამდვილი სურვილის გულახდილი აღიარება. უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი იყო დიდი ავტორიტეტი ქართველი ხალხისათვის თუ მას გადააყენებდნენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში მართულ სასულიერო პირს დასვამდნენ კათოლიკოსპატრიარქად ამაზე უკეთესი ანტირელიგიური ბრძოლა, ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის განეიტრალება ხომ შეუძლებელი იყო. თუ მართული სასულიერო პირები სამშობლოს და ეკლესიის თავისუფლებას ავანტურად მონათლავდნენ ვის სჭირდებოდა ასეთი ეკლესია? რა თქმა უნდა ხელისუფლებას, რომელიც მოახერხებდა ხალხის საბოლოო დამონებას და ანტირელიგიური ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებას.

"განახლებისა და რეფორმების" ჯგუფმა მიიღო ყოვლად უზნეო გადაწყვეტილება, თბილისში, მეტეხის ციხეში უწმიდეს ამროსთან გაეგზავნა დელეგაცია ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) და მღვდელ პლატონ ცქიტიშვილის შემადგენლობით, რომელთაც უწმიდეს ამბროსის ასეთი შინაარსის წერილი მიართვეს: `საქართველოს ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიმანდრიტი, ზოგიერთი დეკანოზი დაპატიმრებულნი არიან, ეპარქიების მართვა-გამგეობა შეჩერებულია. ტაძრები გამონაკლისის გარდა დაკეტილია, სამღვდელოება დაქსაქსულია, მორწმუნე ერი შეწუხებულია. ყოველივე ეს ეკლესიის და ხელისუფლებას შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგია, რაც გამოიწვია თქვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა. ამიტომ გთხოვთ უარყოთ მემორანდუმი, რომლის შინაარსიც მთავრობის დღევანდელ სახელმწიფოებრივ მოქმედებას არ შეესაბამება და არ შესწიროთ მას ეკლესიის კეთილდღეობა," (13, 1523). მათ არაორაზროვნად მიანიშნეს პატრიარქს, რომ აჯობებდა თუ თავისი ნებით გადადგებოდა. ე. ი. ჯერ უნდა მოენანიებინა გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გამო, ბოდიში მოეხადა საბჭოთა ხელისუფლებისათვის და გადამდგარიყო პატრიარქის თანამდებობიდან. უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ გულისყურით მოუსმინა მათ და მტკიცედ განუცხადა: რომ იგი თავისი ნებით არ გადადგებოდა: თუ საჭიროა ჩვენი ეკლესიისათვის, მე იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული." ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისათვის, სამღვდელოების უმრავლესობისათვის სრულიად მიუღებელი იყო "განახლებისა და რეფორმების" მიმდევართა სურვილები, მიზნები. ბოლშევიკური ხელისუფლებისა და ეკლესიის რეფორმატორთა ნამდვილი სახე კარგად წარმოჩნდა მათ მიერ შემუშავებულ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სარეფორმო პროექტში." პროექტის თანახმად უქმდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა, სამაგიეროდ საქართველოს ეკლესიას განაგებდა თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტულით თბილისის მღვდელმთავარი, რომელსაც ასევე დაექვემდებარებოდა ქართლ-კახეთის ეპარქიის კათედრა, მისი რეზიდენცია იყო თბილისში. თბილისის მღვდელმთავარს თანაშემწედ ეყოლებოდა ქორეპისკოპოსი. პროექტის მიხევით იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიას მართავდა ქუთაისის მღვდელმთავარი, რომელსაც კათედრა ექნებოდა ქუთაისში, აფხაზეთისა და სამურზაყანოს ეპარქიას მართავდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, რომელსაც კათედრა ექნებოდა სოხუმში. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს ეხმარებოდნენ მთავარხუცესები, რომელთაც ეპარქიები დაყოფილი აქვთ ოლქებად და ცხოვრობენ, სადაც მოუხდებათ. "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრებისათვის სრულიად მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ერთიანი, ძლიერი ცენტრალიზებული ორგანიზაციის მატარებელი ორგანო. მათი პროექტით ცვლილებები უნდა შეხებოდა თვით ეკლესიასაც. საკურთხეველს კანკელის ნაცვლად მოაჯირი შეცვლიდა. ეკლესიიდან მაცხოვრის ხატის გარდა სხვა ხატები უნდა გაეტანათ (?!) ტაძარში იკრძალებოდა საცეცხლურისა და საკმევლის გამოყენება (?!) ზარი შეიძლებოდა წირვის დაწყების წინ მხოლოდ ერთხელ დაერეკათ. რეფორმატორები უარყოფდნენ სასწაულმოქმედი ხატის არსებობას (?!) მათი აზრით დროის მოთხოვნების შესაბამისად უნდა გამარტივებულიყო ღვთისმსახურება, წირვის დროს არ იყო სავალდებულო სამოციქულოს წაკითხვა. შვიდი საიდუმლოდან სავალდებულო არ იყო სინანული და ზეთის კურთხევა. "ჰიგიენური მოსაზრების გამო ზიარების დროს სავალდებულო არ იყო ერთი ბარძიმიდან ზიარება. საეკლესიო წიგნები ასომთავრულ-ხუცურისა და ძველი ქართულის ნაცვლად უნდა გათანედროვებულიყო. არასავალდებულოდ ცხადდებოდა სასულიერო პირების მიერ სამღვდელმთავრო და სამღვდელო შესამოსელით სიარული. კატეგორიულად იკრძალებოდა ბერ-მონაზვნობა. ვისაც უნდოდა შეეძლო განდეგილად ეცხოვრა. ეს მას არანაირ პრივილეგიას არ ანიჭებდა. საეპისკოპოსო კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო ცოლიანი, ან ქვრივი. შესაძლებლად იყო მიჩნეული დაქვრივებული მღვდლის მეორედ დაქორწინება. "განახლების და რეფორმების" ჯგუფის პროექტი კრძალავდა მარხვას, ამცირებდა საეკლესიო დღესასწაულებს. მოითხოვდა საეკლესიო დღესასწაულების ახალი სტილით აღნიშვნას, მრავალსაუკუნოვანი ქართული საგალობლების გათანამედროვებას. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ნათელი იყო: "ეკლესიის საქმიანობის გამოცოცხლება და პროგრესის გზაზე დამყარება, კარჩაკეტილობისა და ცალმხრივობის მოსპობა, მისი გამოცოცხლება და გავრცელება ყველა იმ საქმეებზე, რომელნიც ემსახურებიან, როგორც კერძო პიროვნებას, ისე საზოგადოებრივი განვითარებისა და პროგრესის საქმეს." (13, 1523).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, დევნილობას დაემატა ე.წ. "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო მართლმადიდებლური დოგმებისა და მრავალსაუკუნოვანი კანონიკური ტრადიციების განადგურებისაკენ. ქართველი "რეფორმატორები" რუსეთში ფართოდ გავრცელებულ ე. წ. "ცოცხალი ეკლესიის" იდეოლოგიას იზიარებდნენ.

ბოლშევიკური ხელისუფლება დადებითად აფასებდა ქართველ რეფორმატორთა მიერ შედგენილ ეკლესიის განახლების პროექტს. ბოლშევიკური გაზეთები "კომუნისტი," ზარია ვოსტოკა," "მუშა და გლეხი" იწონებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განახლების (სინამდვილეში მოსპობის) პროექტს. გაზ. "მუშა და გლეხში" 1923 წლის №23 სარედაქციო მინაწერში "პირველი ნაბიჯი" აღნიშნული იყო: "ჩვენ ვფიქრობთ - პირველი ნაბიჯი ქუთაისის სამღვდელოების წარმომადგენლობისა მოკლე ხანში უფრო და უფრო რადიკალურ გამოძახილს პოვებს სამღვდელოების დაბალ ფენებში, ყოველგვარი ახალი პროგრესული ნაბიჯის გადადგმა როგორც დადებითი მოვლენა კიდევ უფრო დააფიქრებს მათ, ვისაც ეკლესია სწამს, ამ ეკლესიის საფუძვლების შესახებ. დაფიქრება კი ყველაზე უფრო შეუწყობს ხელს იმას, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით ეკლესიის საკითხში, მის სრულ მოსპობას." ამაზე გულახდილად რაღა უნდა ეთქვათ ხელისუფლებისა და ეკლესიის წიაღში აღმოცენებულ განახლებისა და რეფორმების ჯგუფის წევრებს. ისტორია მარტო წარსული არ არის იგი აწმყოსა და მომავალშიც დაფიქრებისა და სწორად განსჯის საუკეთესო საშუალებაა. წარსულით მომავლის წინასწარმეტყველებაა, გადახედავ მას და რწმუნდები ზოგჯერ ფაქტები და მოვლენები როგორ ჰგავს ერთმანეთს...

1925 წლის 10 მარტს, როდესაც საპატიმროდან გაათავისუფლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს წევრები, ისინი სასწრაფოდ შეიკრიბნენ და სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილი ურთულესი ვითარების გამო. უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ საგანგებო ბრძანებით გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა და დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქის და საკათალიკოსო საბჭოს ძალაუფლების განმტკიცება. იგი გრძნობდა ჯანმრთელობის გაუარესებას, ამიტომ გვერდით უნდა ჰყოლოდა ერთგული და ჭკვიანი სასულიერო პირები. მან 1925 წლის 30 ოქტომბერს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ეპისკოპოსად აკურთხა, ამავე დღეს მიტროპოლიტობა მიანიჭა, დააჯილდოვა ბარტყულაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით, გამოაცხადა უპირატეს მღვდელმთავრად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ. ამავე დროს უწმიდესი ამბროსის ბრძანებით შეიქმნა საგანგებო კომისია ეპისკოპოსის მელქისედეკ ალავერდელის და დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილის შემადგენლობით, რომელთაც დაწვრილებით უნდა შეესწავლათ "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის საქმიანობა. ქუთათელ ეპისკოპოს დავითს მოწინააღმდეგენი თავის ეპარქიაშიც გამოუჩნდნენ, მაგრამ საკათალიკოსო საბჭოში მას მხარი ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ დაუჭირა, უფრო მეტიც, მოითხოვა მისთვის მიტროპოლიტობა. საკათალიკოსო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოს დავითის სხვა ეპარქიაში გადაყვანის შესახებ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იგი არ დაემორჩილა. ბოლშევიკური ხელისუფლება კმაყოფილებითა და სიხარულით ადევნებდა თვალყურს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, კიდევ უფრო აძლიერებდა ანტირელიგიურ პროპაგანდას და ღიად მხარს უჭერდა "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრებს. ამ კრიტიკულ ვითარებაში უწმიდეს და უნეტარეს ამბროსის გვერდით ურყევად იდგნენ: მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპისკოპოსები: მელქისედეკი, პავლე, ალექსი, დეკანოზები: ივანე მირიანაშვილი, გიორგი გამრეკელი, საკათალიკოსო საბჭოს წევრები: ივანე რატიშვილი, გიორგი იმნაიშვილი. "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრებმა ეპისკოპოს დავითის სახელით საქართველოს საპატრიარქოში ასეთი შინაარსის წერილი გამოაგზავნეს: "ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საკათალიკოსო საბჭოსთან." (13, 1523). მათ თვითნებურად გამოაცხადეს ეპისკოპოს დავითის მიტროპოლიტის ხარისხში აყვანა, ხოლო 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში ასევე თვითნებურად მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის, საკათალიკოსო საბჭოს მოწინააღმდეგე სამღვდელოება - სულ 77 დელეგატი, მათ შორის თვითნებურად გამიტროპოლიტებული ქრისტეფორე და დავითი, ეპისკოპოსები იოანე, სიმეონი, ნესტორი. საეკლესიო კრებაზე მოწვეულ იყვნენ ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც, მაგრამ ისინი არ წამოეგენ ამ ავანტურას და უარი განაცხადეს უკანონო კრების მუშაობაში მონაწილეობაზე.

მეამბოხეებმა ქუთაისის საეკლესიო კრების დღის წესრიგი ასე განსაზღვრეს: 1. დროებითი საეკლესიო მმართველობის დაარსება. 2. საქართველოს მორწმუნე მრევლისადმი მიმართვის ტექსტის მიღება. 3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს მოქმედებისა და მისის დღევანდელი შემადგენლობის გადაყენების შესახებ. 4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრების მოწვევის დროის განსაზღვრა. 5. მიმდინარე საკითხები.

"რეფორმატორებმა" ჯერ კიდევ 1926 წლის მარტში ასეთი განჩინება გამოიტანეს, "დაევალოს მიტროპოლიტ ქრისტეფორეს შეუდგეს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შესრულებას" (15, 102). საეკლესიო ძალაუფლების ხელში ჩაგდების ასეთი დაუოკებელი სურვილის მიუხედავად "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრები გრძნობდნენ მორწმუნე საზოგადოებაში როგორ უარყოფითად შეფასდებოდა ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან ნაწამები კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გადაყენება. ამიტომ მათ ამჯობინეს უფრო შემოვლითი გზებით მოქმედება. 1. გადაყენებულად გამოაცხადეს საკათალიკოსო საბჭოს შემადგენლობა, 2. საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად საეკლესიო კრების მოწვევამდე თბილისში დაარსეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ ქრისტეფორეს თავმჯდომარეობით. 3. სრულიად საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას ევალება ჩაიბაროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს ყველა საბუთი, თანხა, ინვენტარი. კანცელარიის ბეჭედი. 4. ყველა ის სასულიერო პირი, ვინც არ დაემორჩილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის გადაწყვეტილებას დათხოვნილად ითვლებიან. კრების მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი გაგზავნილ წერილში ქუთაისის კრების გადაწყვეტილებები საქართველოს ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობით ახსნეს. "ჩვენი მიზანია - წერდნენ ისინი - საქართველოს ეკლესიის ერთიანობის, სიმშვიდის და სიმტკიცის შენარჩუნება. ჩვენ არავითარი განზრახვა არა გვაქვს უადგილო და უდროო რეფორმები შემოვიღოთ ეკლესიაში, ვარწმუნებთ თქვენ უწმიდესობას, რომ თქვენდამი პატივისცემა უაღრესად გაღვივდება, როგორც ჩვენი, ისე მთელი მორწმუნე ერის გულში, უკეთუ გაიზიარებთ ჩვენს თქვენთან თანამშრომლობას, თანახმად წარმოდგენილი დადგენილებისა, რომელიც არ არის მიმართული თქვენი უწმიდესობის პიროვნების წინააღმდეგ, არამედ გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ეკლესიის სიყვარულით." (13, 1651). ქუთაისის საეკლესიო კრების ინიციატორებმა შესანიშნავად გამოიყენეს ბოლშევიკური მთავრობის გადაწყვეტილება, რელიგიურ ორგანიზაციათა ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ. 1926 წლის 28 დეკემბერს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის გვერდის ავლით რეგისტრაციაში გაატარეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა, სადაც სათანამშრომლოდ უფლებააყრილი კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსიც მიიწვიეს.

რას აკეთებდა შექმნილ ვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი? მან სასწრაფოდ მოიწვია საკათალიკოსო საბჭოს სხდომა, სადაც ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა: `მივიღე ინფორმაცია, რომ ქუთაისში ეპისკოპოს დავითის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვის გარეშე მოწვეულია საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა ეპარქიებიდან ზოგიერთი მღვდელმთავარი და სასულიერო პირი. საკათალიკოსო საბჭომ მიიღო მხედველობაში, რომ ამნაირი კრება არ არის გათვალისწინებული საქართველოს ეკლესიის დებულებით, განაჩინა: ქუთაისში ჩატარებული კრება გამოცხადდეს უკანონოდ.~ (13, 1651).

ეგრეთწოდებული "რეფორმატორები" კიდევ უფრო შორს წავიდნენ 1926 წლის 30 დეკემბერს აიძულეს მიტროპოლიტი კალისტრატე გადამდგარიყო მოსაყდრის თანამდებობიდან, ხოლო შემდეგ შეეცადნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს კანცელარია, საქმის წარმოება. აღშფოთებული და განრისხებული კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აცხადებდა: "ვიდრე მე ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკათალიკოსო საბჭოს კანცელარია იმყოფება ჩემს განკარგულებაში და ის არავის არ გადაეცემა. არსებულ საეკლესიო კანონთა გარეშე ქუთაისში მომხდარი ყრილობის მიერ არჩეულ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობის მიუხედავად მის პირად შემადგენლობას მე ვერ ვცნობ." (12, 539). ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ რეფორმატორების ზრახვებს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი წამოეშველა. 1927 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსის ჩამოართვეს საკათალიკოსო და საეპარქიო კანცელარია, რომელიც გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველობას. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ 1927 წლის 12 იანვარს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: "ქუთაისის საეკლესიო ყრილობა საეკლესიო კანონების მიხედვით ოდნავადაც არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ კრებად, ვინაიდან კანონიერად ითვლება მხოლოდ ის კრება, რომელიც მოწვეულია ეკლესიის პირველ მღვდელმთავრისაგან, კათოლიკოს-პატრიარქისაგან. ხსენებული ყრილობა არამც არ ყოფილა მოწვეული ჩემს მიერ, არამედ პირდაპირ გამოცხადებული იყო ჩემგან და საკათალიკოსო საბჭოსგან უკანონოდ." (12, 539). ასეთ ვითარებაში მათთვის საპატრიარქო კანცელარიის ჩაბარება დაუშვებელი იყო. მაგრამ ხელისუფლების წამომადგენლებისათვის საეკლესიო კანონები არ არსებობდა. მათთვის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი მიუღებელი იყო. მართალია 1925 წელს იგი საპყრობილედან გაათავისუფლეს, მაგრამ მათი აზრით იგი მაინც არ იშლიდა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას, არ სცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას როგორც კანონიერს, კვლავ იხდიდა პანაშვიდებს 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურ საოკუპაციო ჯარებთან დაღუპული ქართველი პატრიოტებისათვის, 1924 წლის აჯანყების მონაწილე დაღუპულთათვის, წინააღმდეგობა გაუწია მათ სამხედრო ტაძრის ჩამორთმევის გამო. ამ დროს "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფი, რომელნიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველობაში იყვნენ არაერთ განცხადებაში აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, აღიარებდნენ ბოლშევიკურ ხელისუფლებას, როგორც ქართველი ხალხის ერთადერთი კანონიერი ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებას. ოფიციალური ხელისუფლების წაქეზებით დროებითი მმართველობის წევრებმა 1927 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ფაქტიურად ჩამოაშორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობას. ამ ნერვიულობამ, შფოთმა და ცილისწამებამ, კიდევ უფრო გააუარესა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ჯანმრთელობა. 1927 წლის 22 მარტს დროებითი მმართველობის წევრები შევიდნენ უწმიდესი ამბროსისთან და გამოუცხადეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო საქმის წარმოებისაგან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან. "ამის გამოცხადების მეორე დღეს 23 მარტს უწმიდესმა ამბროსიმ დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა..." (15, 102).

ასეთი არაადამიანური, გაუსაძლისი ტერორის ვითარებაში, რომელშიც ამყოფებდნენ მის უწმიდესობას, დაასრულა თავისი სიცოცხლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა მწყემსმთავარმა, რომელიც სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლოდ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისაბაძ გმირად იქცა პატრიოტი ქართველობისათვის.

1927 წლის 29 მარტს შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა, რომელმაც მოისმინა მიტროპოლიტ კალისტრატეს სიტყვიერი განცხადება. მან გაახმოვანა განსვენებული პატრიარქის სურვილი მისი დაკრძალვის დროს არ იქნას წარმოთქმული სიტყვები. უწმიდესი ამბროსი ყველაფერს ითვალისწინებდა, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად მიცვალებულზე ან კარგი უნდა ეთქვათ, არ არაფერი. ვინ გაბედავდა მასზე კარგი თქმას? თუ გაბედავდა ამით ხომ საფრთხეს შეუქმნიდა თავის თავსაც და ეკლესიასაც. ამ "უხერხულობისაგან" გაათავისუფლა განსვენებულმა სასულიერო იერარქები. დამკრძალავ კომისიას ხელმძღვანელობდა ალავერდის ეპისკოპოსი მელქისედეკი, შიშიანობის, ტერორის მიუხედავად სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდებზე მრავალრიცხოვანი საზოგადოება იკრიბებოდა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ხელისუფლებისათვის ზედმეტად მიჩნეული სახელოვანი ქართველი ინტელიგენცია, რეპრესიების გადარჩენილნი ეთხოვებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიამაყეს. 3 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სახელოვანი პატრიარქების უწმიდესი კირონ II და ლეონიდს გვერდით დაკრძალეს საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის წამებული გმირი სულიერი წინამძღოლი...

6. წმინდანთა დასში

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ამბროსი ხელაია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში სამეცნიერო პუბლიკაციებში XX საუკუნის 30-80-იან წლებში მოიხსენებოდა როგორც შეურიგებელი ანტისაბჭოელი და "დიდი საბჭოთა სოციალისტური მშენებლობის" მოწინააღმდეგე. სამწუხაროდ სასულიერო წრეებშიც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელნიც გაუმართლებლად მიიჩნევდნენ, საბჭოთა ხელისუფლებისადმი მის შეურიგებელ დამოკიდებულებას. საბჭოური იდეოლოგიური დოგმებით დამუშავებული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობი იყო უწმიდესი ამბროსის საქმიანობა. დიდი მოთმინება და მუშაობა იყო საჭირო საზოგადოების მოსამზადებლად. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, როცა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების, იმ საოკუპაციო ჯარების შთამომავალთა მხეცობანი, რომელთაც თავის დროზე ებრძოდა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, საქართველოში შეიცვალა აზროვნების წესი. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეამ გააცოცხლა ის მივიწყებული გმირები, რომელნიც თავის დროზე ამ იდეას შეეწირნენ. უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის სახელი თავისი ჩვეული ბრწყინვალებით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ქართულ სინამდვილეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II სინოდის სხდომაზე დააყენა საკითხი მოემზადებინათ ყველა საჭირო მასალა უწმიდესი ამბროსის წმინდანად შერაცხვისათვის.

1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელიც გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. პატრიარქმა კრების მონაწილეებს ამცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ისტორიული გადაწყვეტილება ერისა და ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი შერაცხილ იქნას წმინდნთა დასში ამბროსი აღმსარებლის სახელით და მისი ხსენების დღედ დაწესდა 16 (29) მარტი. როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II ხმა აუთრთოლდა და ცრემლები მოერია, ეს იყო ღირსეული წინამორბედისადმი შთამომავლობის სახელით გამოთქმული უდიდესი სინანულისა და სიყვარულის გამოხატულება.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით შეიქმნა წმ. ამბროსი აღმსარებლის ხატები... აშენდა წმინდანის სახელზე ახალი ტაძრები.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ამბროსი, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ქართველი ერი არასოდეს არ დაივიწყებს იმ საოცარი გმირობისა და სულიერი გაუტეხლობის მაგალითს, რომელიც წმიდა ამბროსი აღმსარებელმა გამოიჩინა. მისი ლოცვა და მფარველობა იქნება შემწე ბეწვის ხიდზე მყოფ საქართველოსათვის, იმ საქართველოსათვის, რომლის წინაშე კვლავ მწვავედ დგას ეროვნული თავისთავადობისა და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების საკითხი.

გვჯერა, ჩვენი გადარჩენის და გამთლიანების, იმისა, რომ ქართველ ერს სხვათა კარნახის გარეშე შეეძლება გადაწყვიტოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ძირითადი მიმართულებანი, ასევე პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. დაე ბოლო ოცი წლის მანძილზე დაღვრილი სისხლი იყოს ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების სიმტკიცისათვის უკანასკნელად გაღებული მსხვერპლი. როგორც უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: "მწუხარებას სიხარული მოსდევს... თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას, დავინახავთ, რომ ხშირად ყოფილა საქართველო გაძარცვული და შეურაცხყოფილი, ყოფილა პერიოდები, როცა მტერს ეგონა, რომ დააჩოქა და ხერხემალში გატეხა ჩვენი ქვეყანა, ამგრამ საქართველო კვლავაც ფეხზე წამომდგარა, რადგან ღმერთი უგზავნიდა დიდ მოღვაწეებს, სულიერ მამებს, რომელთა ლოცვა და შრომა ეწეოდა ერს." (29, 362).

დოკუმენტები

როგორც ყაზანიდან გვატყობინებენ, წელს ყაზანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა დაუმთავრებიათ შემდეგს ქართველებს: მ. მირიანაშვილს - საბეითლო ინსტიტუტში, გორგაძესა და მღვდელმონაზონს ამბროსის (ერისკაცობაში ხელაია) - სასულიერო აკადემიაში. მღვდელმონაზონს ამბროსის დაუწერია ჩინებული საკანდიდატო დისერტაცია "Борьба Христианствас Исламом в Грузии". პროფესორ მალოვს უთხოვნია დისერტანტისათვის, შეავსოს ზოგიერთი თავი ამ დისერტაციისადა წარადგინოს იგი მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

გაზ. "ივერია". 1901 წ. 14 ივლისი.

სოსიკო მერკვილაძე - გულთაზრიანი ღვთისმსახური

...მარიამობისთვის 15-ს ნიკორწმინდიდგან წავედით ახლო-მახლო მდებარე ადგილების დასათვალიერებლად... მივედით მონასტერში. ჯერ წირვა გამოსული არ იყო. ჭელიშის მონასტერი ღვთისმშობლის სახელობაზედ არის აგებული და ამ დღეს მონასტრის დღეობა იყო - მარიამობა. ხალხი ბლომად მოსულიყო ახლო-მახლო სოფლებითგან. მწირველი ბრძანდებოდა ყაზანის აკადემია სწავლა დამთავრებული და დღეს წინამძღვარი ამ მონასტრისა არქიმანდრიტი ამბროსი თავის კრებულით. წირვის შემდეგ მამა ამბროსიმ წარმოსთქვა გრძნობით სავსე ქადაგება, რომლის გაგონებამაც მრავალ მლოცველს სიხარულის ცრემლი მოჰგვარა.

მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისათვის ეს მოკლე დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელისგულით შეეყვარებია ხალხს. ამისთანას შესახებ თქმულა:

"რა კარგია კარგი კაცი,
კარგს საქმეზედ აგებული,
ქვეყანა ჰყავს მადლიერი,
სწორის გულით მოგებული."

ახლო-მახლო სოფლებში ჩვენ იმისთანა კაცს არ შეხვედრივართ, რომელიც წრფელის გულით არ იყოს გამსჭვალული მამა ამბროსისადმი ღრმა პატივისცემით და სიყვარულით.

- როგორია, ძმობილო, თქვენის უდაბნოს ახალი წინამძღვარი? - ვკითხავდით სოფლელებს.

- რომ იტყვიან, ღვთის ენა-პირი ასხიაო, სწორედ ის არის. აგერ, ამ ხნის კაცი გახლავართ და ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისნაირი ქადაგება გაგვიგონია, - იყო პასუხი.

ჭელიშის უდაბნოს გარეგანი შეხედულება და მისი მდებარეობა ცხადად დაგარწმუნებთ, რომ ჩვენ გვყოლია ნამდვილი ღვთის მოსავი და ხალხის მოყვარე მამები, რომელთაც კარგად სცოდნიათ სალოცავად და ერისთვის სამოღვაწეოდ როგორი ალაგია - საჭირო.

ჭელიშის მონასტერი შემოკრულია უშველებელის მაღლის მთებით, არც გზა აქვს ახლოს და არც კვალი; ძნელად მისასვლელია. მიუდგომელ მთებში, როგორც ჩაშუქებული სანთელი, სდგას ობლად პატარა მონასტერი ჭელიშისა, გალავანშემოზღუდული ქვიტკირის კედლით და ამ მონასტერში მავედრებელ ძმათა სახლებით.

მონასტრის გალავანს გარეთ მრავალი დიდრონი ნიგვზის ხეებია, პატარა ვაკე, სხვა ბოსტნეულობა ითესება და დიდი აუზიც კალმახებისათვის. მამა ამბროსიმ გვითხრა, მონასტერს ზოგი ფრიად ძვირფასი ეტრატის ხელნაწერებიც აქვს შესანიშნავის ზედ-წარწერებით, მაგრამ დაეხიათ ზოგი მათგანი ვიღაც უვიცებს და წყლის ჭურჭლის თავ-დასაცობად თურმე ჰხმარობდენო.

როგორც უმეტეს ნაწილს ჩვენს უდაბნო-მონასტრებში, ისე ჭელიშშიაც არ არის ჯერჯერობით რიგიანად მოწყობილი ქართულის გალობის საქმე, თუმცა აქ, როგორც ზევითა ვსთქვით, ათამდე ბერია შევრდომილი. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ მთელი რაჭა ამ მხრივ ძლიერ ჩამორჩენილია საქართველოს ყველა კუთხეებს.

ხშირად იკითხავენ ხოლმე: იმისთანა მორწმუნე ერში, როგორიც იყვნენ დასაბამითვე ქართველები, რამ დასცაო ასე ძლიერად სარწმუნოება?

ჩვენის აზრით, ჩვენს ხალხში სარწმუნოება შეასუსტა იმან, რომ ახალ-ახალ მღვდლებისაგან აღარ ისმის აღარც ცოცხალი სიტყვა, აღარც ქადაგება, აღარც გალობა და აღარც დარიგება.

მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჭელიშის მონასტერში მამა ამბროსის მეცადინეობით მალე ეშველება ამ სატკივარს. (2,5-7).

არქიმანდრიტი ამბროსი
სიტყვა წარმოთქმული 8 სექტემბერს სიონის ტაძარში ილიას პანაშვიდის წინ, მე-2 საათზე

ვკადნიერდები და ვბედავ მეც ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.

დღეს მთელი საქართველოს დასტირის დიდებული მამულიშვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიადესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ეროვნული ლიტერატურისა. არა გვყავს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, - მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.

მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაო" (გამოცხ. 2,10), გვიბრძანებს ჩვენ უფალი, მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამ ქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედება-მოღვაწეობის საფუძვლად: "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი" ამნაირის კაცისა (ფსალ. 115.6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თავისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).

მაშასადამე არ მომკვდარა ილიაც; ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭერმეტყველებით განთქმულნი ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭერმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თვისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. ვიტყოდი მეტსაც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან ამ დიდებული საქართველოს შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.

განსვენებული დიდებულია თავისი მრავლამხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი დიდებული ილიაა საგლოვო- სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო,- მისი დამკარგველი. განა არ კმაროდა, რაც უკუღმართ დროვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს. შვილს იმ საქართველოსი, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი ორმოცდაათი წელიწადი.

თუ კი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივი დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩაუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. მან კეთილად განვლო გზა, მისი ნავალი და კვალი წარუშლელია, ეკლიანი გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ; ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისათვის, მოციქულის თქმისაებრ, გზა არს მისთვის "გვირგვინი ცხოვრებისა" (გამოცხ. 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.

დიდებულ გვამთა გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის.მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განმწმენდად, უკუღმართ გზიდან მომქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შემაერთებლად, განმამტკიცებლად.

შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელი ამ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა.

თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენი სამშობლო მხარე შეიძლებს კიდევ წარმოშობის ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ კი საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული.

ღმერთო მაღალო და ძლიერო, გვაკმარე ეს უბედურება. ეს იყოს უკანასკნელი მსხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზად. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობილის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურისთვის ეს იქნება უკანასკნელი ჭეშმარიტად დიდი ღვაწლი დიდებულის ილიასი, - მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის საშუალება.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო ილიავ!" (12, 539).

სიტყვა წარმოთქმული დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მიერ სვეტიცხოვლის ტაძარში 1917 წლის 12(25) მარტს

არც ერთ კულტურულ-ისტორიულ ერს არ დასტეხია დესპოტურ რუსეთისაგან ისეთი უბედურება და სულიერად თუ ქონებრივად განიავება, როგორც ჩვენ, - ქართველობას! არ ვიცი, რომელი ერთი დავიჩივლო, რომელი ერთი: ჩვენი დამცირება თუ შეურაცხყოფა აღვნიშნო?! რა გვიყო დესპოტიის მომსახურე მოხელეებმა! რამდენჯერ აგვიწიოკეს რუსეთთან თავის ნებით, უფლებრივ ტრაქტატით შეკავშირებული სამშობლო! რამდენჯერ მანდილი მოჰხადეს ჩვენს უმანკო დედებს, დებს და შვილებს, ქვეყანას ნამუსი აჰხადეს!.. რამდენი ვაჟკაცნი გამხდარან მსხვერპლნი განუკითხავ თვითნებობისა! რამდენ მათგანს დაულევია სული დესპოტის ციხე-სატუსაღოებში, რამდენთა ძვლებით მოკენჭილა ციმბირის კატორღები და ტუნდრა-ჭაობები?! ოჰ, უსამართლოდ დასჯილნო, უმანკო მსხვერპლნო, ჩვენო მეცხრამეტე საუკუნის დიდო მოწმენო, ნეტარო ანტონ კათალიკოზო, ფილადელფოს კიკნაძენო, დოდაშვილნო, ისმინეთ ჩვენი თქვენდამი ოხვრა და სულთქმა! ეხლა მაინც გაიხარეთ სულით!

შემოგვისიეს სხვადასხვა ერნი!!! ჩამოგვისახლეს ვიგინდარები, გაამეფეს ერთა შორის სიძულვილი, შური და დამღუპავი ქიშპობა, რომ ერთმანეთი ამოგვეჭამა, რათა ჩვენი მზიანი, ტურფა და ტკბილი სამშობლო ხელიდგან გამოგვცლოდა და მათ დარჩენოდათ...

ესეც არ გვაკმარეს, შეეხნენ ადამიანის წმიდა-წმიდას, - სინდისი შეგვიბღალეს, ჩვენს მხცოვან სვეტიცხოველს გუმბათი გადაუმტვრიეს, ეკლესიას თავი მოსჭრეს; სამშობლოდან გაგვაძევეს, იქ ჩაგვკლეს, ჩაგვასამარეს. ივერიის სამოციქულო ეკლესიას გენერალ ტორმასოვის განკარგულებით რუსეთის სინოდი დაუდგინეს მმართველად ეგზარქოსების საშუალებით! რუსეთის ეკლესია, - ეს უმცროსი დაი ივერიის ეკლესიისა - ბატონად დაგვიდგინეს, რათა დები ერთმანეთისათვის შეეძულებინათ. შელახეს და დაარღვიეს ეკლესიური, მსოფლიო კრებათაგან დადგენილი კანონები.

ჩამოგვართვეს ჩვენი ძველისძველი სიწმინდე-სამლოცველოები, ტაძარ-მონასტრები, ჩვენი მოწამებრივი ერის სისხლით ათასჯერ მორწყულნი და მათ კედლებზე მისხმულ ტვინით გაპოხილნი. ჩვენ განმანათლებელ წმ. ნინოს სათაყვანებელი საფლავიც კი არ დაინდეს, ჩამოგვართვეს, ვიგინდარა მოლოზნებს გადაცეს და ჩვენი ერის გადაგვარების ბუდე-იარაღად დასახეს. გაძარცვეს ხატები, ძვირფასი სამკაულები, ფუთობით თვალ-მარგალიტი გაზიდეს, გაგვაღატაკეს 140 მილიონად შეფასებული ივერიის ეკლესიის ადგილ-მამული ჩამოგვართვეს და სახაზინოდ შერაცხეს, ეკლესიას და მის მსახურთ კი ლუკმა დაუძვირეს, გააჩანაგეს, ეკონომიურ მონობაში ჩაგვყარეს, რათა უფრო ადვილად გავენადგურებიეთ.

ესეც არ გვაკმარეს! ზნეობრივად იმზომ დაგვაქვეითეს ქართველი სამღვდელოება, რომ საკუთარი ხელით ჩვენ თვითონ ვსჩიჩქნიდით თვალებს უფლებააყრილ დედა-ეკლესიას...

წაგვკიდეს ერთმანეთს, დასთესეს ჩვენში ისეთი ღვარძლი, რომ დღესაც ამ განახლების და აღორძინების მომენტშიც კი ვერ ავმაღლებულვართ და თავი ვერ დაგვიღწევია გამანადგურებელ ინტრიგებისათვის! სამშობლოდან გაგვიძევეს სახელოვანი სწავლულნი, მხცოვანი იერარქი კირიონი, გულწრფელნი, ფაქიზნი და სიმართლისათვის წამებულნი - ეპისკოპოსნი დავითი და არქიმანდრიტი ამბროსი.

ჩვენი ძმანი და თანამწირველნი სვავებივით შესევიან ჩვენს მონასტრებს და დაურიდებლად ღრღნიან, კრეხავენ! ეს დაკნინებული მტაცებლები წითელ-ყვითელ ჯვარ-მენდლებით და ლენტბანტ- ორდენ-მიტრებით მორთულ-მოკაზმულნი სიცილ-ხარხახით და უდარდელად დროს ტარებით უფსკრულში მიაქანებენ მშობლიურ ქვეყანას და მის ეკლესიას.

მაგრამ... ჩვენთან არს ღმერთი! დაჰკრა განახლების, აღორძინების და ჩვენი ეკლესიის აღდგინების ჟამმა!.. ვუპატრონოთ მშობელ ეკლესიას, რომლის დედობრივ კალთაში აღიზარდა ქართველი ერის ცნობილი ძველი და ახალი ქრისტიანული კულტურა. ვუპატრონოთ სისხლში განბანილ, მოწამებრივ შარავანდედით მოსილ ივერიის ეკლესიას!..

ჩვენი ეკლესია მუდამ სინათლის, სიმართლის და სიხარულის მთესველი იყო, სანამ მის მაჯისცემას სხვა არ დაუდგა დარაჯად. ის არასოდეს არ ცდილობდა ერზე გაბატონებულიყო! ჩვენმა ეკლესიამ არ იცის რა არის ევროპული ანუ სინოდალური კლერიკალიზმი, დემოკრატიული ერის ეკლესია არ შეიძლება იყოს სხვა, თუ არა დევნილთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მზურველი დედა...

ისმინე, უფალო, შეგვეწიე ჩვენო სასო ღვთისმშობელო, კვართო უფლისაო, მირონო მცხეთისაო, გვიოხეთ წმინდანნო ნინო, მირიან და ნანა, ნეტარნო კათალიკოსნო, მღვდელთ-მთავარნო, მეფენო, დედოფალნო და მამულიშვილნო, აქ განსვენებულნო!.. ვფიცავთ, არასოდეს დაგაობლოთ, ჩვენო სვეტიცხოველო!...

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და ავტოკეფალურ, ჯვარის მტვირთველ ივერიის ეკლესიას!" (14, 025995).

თქვენო უწმიდესობავ!

22 ოქტომბერს ჩვენთვის სამუდამოდ სამახსოვრო დღეს, როცა ქართველმა ერმა ამდენი პატივი დასდო საქართველოსადმი ჩემს მიერ სიყვარულს და ჩემს მწერლურ შრომას გაუმართა ორმოცი წლის იუბილე, მე თქვენი სახელით მომესალმა მანგლელი მღვდელმთავარი.

მაშინ მოკლებული ვიყავი საშაულებას, გადამეცა ჩემი უღრმესი მადლობა თქვენი უწმიდესობისა და ქართველი სამღვდელოების მიმართ. ახლა კი ამ წერილით მადლობას გიძღვნით თქვენ და მთელ ქართველ სამღვდელოებას, რომელმაც პატივი მცა იუბილეზე დასწრებით და ასე დააფასა ჩემი შრომა სამწერლო ასპარეზზე. ამასთან ერთად მინდა დავსძინო, რომ მთელ ჩემს ცხოვრებაში ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ დავკავშირდი კეთილშობილ ქართველ ერთან. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ ქართველი ერი, ისტორიულად ასე ტანჯული, დაიმკვიდრებს კაცობრიობაში იმ ადგილს, რომლის ღირსიც არის მისი ათასწლოვანი კულტურა, რომ ეს ერი განამტკიცებს ქრისტიანულ კულტურას, რომლის აპოლოგეტიც იყო ამდენ საუკუნეთა განმავლობაში, და რომლისთვისაც ამდენი წმიდა სისხლი დაუღვრია, თქვენი უწმიდესობის მოციქულებრივი მოღვაწეობა არის ამის საწინდარი.

თქვენი უწმიდესობისა და ქართველი ერის მარადი პატივისმცემელი არტურ ლაისტი 1922 წ. (2, 35).

უწმიდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბასილ III, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის გრიგოლ III, უწმიდეს დამიანეს იერუსალიმის პატრიარქს, უწმიდეს ნიკოლოზს ალექსანდრიის პატრიარქს.

განგებითა ღმრთისაითა 1921 წლის ივლისის თერთმეტს გარდაიცვალა საჭეთმპყრობელი ივერიის ეკლესიისა. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდი. იმავე წლის 5 სექტემბერს ღვთივ განგრძნობილმან კრებამან მორწმუნე ერისა და სამღვდელო დასისგან მთავარეპისკოპოსად მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღირჩია უღირსება ჩემი.

ვძრწი და ვშიშობ, რაჟამს გულისხმა ვყოფ მძიმესა მას უღელსა, რომელიც განგებამან ღმრთისაგან დამაკისრა მე, გარნა ვითვალისწინებ რა ივერიის ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში მუდმივად პოულობდა ნუგეშსა და დახმარებას ერთმორწმუნე აღმოსავლეთის ეკლესიებიდან.

ვსასოებ, ასეთ შველასა და დახმარებას დღესაც არ იქნება მოკლებული იგი და გულშემატკივარი დედა, აღმოსავლეთის ეკლესია, ზნეობრივად ახლაც გაუწვდის ხელს მას."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი.

1921 წ." (12, 539).

კულტურულ კაცობრიობას, გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს

მონა ღვთისა ამბროსი, სულიერი მწყემსი და
პატრიარქი სრულიად საქართველოსა,
ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს

ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.

მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ; მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია, იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.

მდაბალი ამბროსი, პატრიარქი სრულიად საქართველოისა,

7/II-22 წ. ტფილისი" (16, 516).

ალექსანდრე მანველიშვილი - ამბროსი თავდადებული

1922 წელს საქართველოში, კერძოდ სვანეთსა და ხევსურეთში, ბრძოლები მიმდინარეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს მთელმა ქვეყანამ იცოდა. ბოლშევიკები შეეცადნენ გენუის კონფერენციის გახსნამდე ამ აჯანყების ლიკვიდაცია მოეხდინათ, მაგრამ ვერ შეძლეს და სწორედ ამ დროს გენუის კონფერენციაზე გაისმა ხმა საქართველოს კათოლიკოსისა, ამბროსის მემორანდუმის სახით. საქართველოს კათოლიკოსმა თავი გასწირა სამშობლოსათვის და შექმნილ ჯოჯოხეთურ პირობებში, თბილისიდან ხმა მიაწოდა კონფერენციას. მემორანდუმში დაწვრილებით არის აღწერილი საქართველოს უბედური მდგომარეობა და განათლებული კაცობრიობისაგან მოითხოვს დახმარებას. მემორანდუმი წაკითხულ იქნა კონფერენციაზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარედან მოქმედებდა საქართველოს არაოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ცდა არ დაუკლია რომ საქართველოს საკითხში მთელი მსოფლიო თანაგრძობა და დახმარება მოეპოვებინა" (2, 39).

პროფ. კორნელი კეკელიძის ჩვენება სასამართლოზე

მემორანდუმის შინაარსს ვიცნობ, ჩემი შეხედულებით საეკლესიო კანონების მიხედვით კათოლიკოს ამბროსის ჰქონდა მისი გაგზავნის უფლება. ამის მაგალითები ბევრია საქართველოს წარსულში. კათოლიკოს ამბროსის ვიცნობ როგორც ჩინებულ პუბლიცისტს. მიხედვით მისი წერილობითი გამოსვლებისა რუსეთის სინოდის წინააღმდეგ და აგრეთვე სხვა მეცნიერული ნაშრომებით. კიდევ ამას დავუმატებდი, რომ ის გულახდილი და პატიოსანი კაცია. (16, 300).

საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკას") მოხსენებიდან

"კათოლიკოსი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები არ დაკმაყოფილდნენ გენუის კონფერენციაზე კონტრრევოლუციური მოწოდებით და განაგრძნობდნენ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რაც გამოიხატა იმაში, რომ 1923 წლის 9 იანვარს საკათალიკოსო საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო კათოლიკოსი ამბროსი. მას სახალხო კომისარ- თა საბჭომ გაუგზავნა ტელეფონოგრამა. იმის შესახებ, რომ სახკომსაბჭოს №68-ე დადგენილებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტაძრები გადაეცა კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირს და ამიტომ ევალება საბჭოს გაუგზავნოს იმავე იანვარს 10-ს პირველ საათზე თავისი ორი წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში. თბილისის სამხედრო ტაძრების მღვდელმსახურების და სხვა საგნების ჩასაბარებლად. ამ ტელეფონოგრამის საპასუხოდ საკათალიკოსო საბჭომ კათოლიკოს ამბროსის თავმჯდომარეობით ასეთი დადგენილება გამოიტანა. ძალისა გამო 1921 წლის №21 დეკრეტისა, ვერ სცნო თავისათვის შესაძლებლად დასთმოს თბილისის წმიდა გიორგის (ყოფილი სამხედრო) ტაძარი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის... ამგვარმა გამოლაშქრებებმა კიდევ ერთხელ ნათელყო ის, რომ საკათალიკოსო საბჭოს კათოლიკოს ამბროსის მეთაურობით აუღია შეურიგებელი გეზი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ. (16, 300, 36).

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს მოქ. კ. ცინცაძეს

"გაახლებთ რა ამასთანავე ჩემ მიერ აღთქმულ წერილს, მაქვს პატივი გთხოვოთ გასცეთ განკარგულება, რომ თუ საჭირო არ იქნება პირადად თქვენ მიერ ჩემი ნახვა, ნუ ინებებთ ჩემს დაბარებას, განსაკუთრებით იმ სახით, როგორც ადგილი ჰქონდა დღეს: მოვიდა უბარათოთ ერთი ყმაწვილი და გადასცა ჩემს მსახურს დაუყოვნებლივ გამოვცხადებულიყავი კომისიაში."

კათალიკოსი ამბროსი, 1922 წ. 26 ივნისი. (16, 516).

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს

"უკვე მესამე კვირა გადის, რაც დაპატიმრებულნი არიან საკათალიკოსო საბჭოს სამი წევრი, მეც აკრძალული მაქვს ბინიდან გასვლა, მთხოვნელების მიღება და მაშასადამე ჩემი მოვალეობის აღსრულება, იქმნება უხერხული მდგომარეობა, გთხოვთ დააჩქაროთ საქმის გამოძიება, რომ რაც შეიძლება მალე ბოლო მოეღოს გაურკვეველ და არასასურველ მდგომარეობას".

კათოლიკოსი ამბროსი. 1923 წელი. 20 იანვარი. (16, 516).

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს

"ჩემი პატიმრული ცხოვრების პირობებში სიონის ტაძრის ეზოში გადასახლებით რამდენადმე გამოიცვალა. საკათოლიკოსო სახლში მქონდა კარის ეკლესია, სადაც შემეძლო წირვა-ლოცვის შესრულება, ახლა კი კარის ეკლესია არა მაქვს. და ამისათვის გთხოვთ რაც შეიძლება დაჩქარებით მომცეთ განმარტება, მაქვს თუ არა უფლება კვირა უქმე დღეებში შევასრულო წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი. 1923 წ. 8 ივლისი. (16, 516).

მეტეხის ციხის უფროსს

გთხოვთ მიშუამდგომლოთ ვისთანაც ჯერ არს, რომ ვიქნე გადაყვანილი საგუბერნიო ციხეში იქ მოთავსებული დაპატიმრებულ სამღვდელო პირებთან ერთად.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი

საქ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კათოლიკოს-აპტრიარქ ამბროსის განცხადება

ვინაიდან ჩემი საქმის გარჩევა, როგორც გაზეთმა გვაცნობა დაინიშნება ამა თვის მეორე ნახევარში და რადგანაც დასკვნითი დადგენილება უკვე ჩამბარდა ვთხოვ სასამართლოს: 1. დამინიშნოს დამცველები, 2. მომეცეს საშუალება გამოძიების მასალების გათვალისწინებისა, 3. მიეცეს ჩემს შვილებს ჩემი ნახვის უფლება. 4. მომეცეს ნება მივიდე ჩემს ბინაზე. ჩემი პირადი არქივიდან იმ მასალების ამოღებისა, რომელიც გაამყარებს გენუის კონფერენციაზე გამოგზავნილ დებულებებს.

საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო კომისიის ("ჩეკას") თავმჯდომარეს

ამა თვის 13-ში მე ვიყავ მოწვეული თქვენ მიერ საგანგებო კომისიაში. ჩვენების ჩამოსართმევად ჩემს მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გამო.

მე ვფიქრობდი, რომ ჩემი განმარტება დამაკმაყოფილებელი იქნებოდა საქმის სათანადო მსვლელობისათვის, მაგრამ თქვენ მიერ დანიშნულმა გამომძიებელმა ქავჟარაძემ მომიწვია საგანგებო კომისიაში და მომთხოვა დავასაბუთო მემორანდუმში აღნიშნული დებულებანი. ამის გამო საჭიროდ ვრაცხ განვაცხადო შემდეგი. საქართველო დამოუკიდებელი იყო 1918-1921 წლებში. იგი იცნო რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. მიუხედავად ამისა 1921 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა გადმოლახა საქართველოს საზღვრები და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, მოსპო ქართველი ერის სუვერენობა. ამ გარემოებას მოჰყვა საქართველოს დაქუცმაცება მისი ერთი ნაწილი გადაეცა აზერბაიჯანს, მეორე სომხეთს, მესამე ახლადშექმნილ ავტონომიურ ოსეთს. ცალკე რესპუბლიკების სახით გამოეყო აფხაზეთი და აჭარა. საქართველოს რკინიგზა შეუერთდა რუსეთისას, საქართველოს ჯარი გაითქვიფა რუსეთისაში, ქართული ენა განიდევნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან."

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი. (16, 516).

ნაწყვეტი 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან

მოსამართლე წივწივაძე - რომელ ენაზე იყო დაწერილი მემორანდუმი?

კათოლიკოსი ამბროსი - ქართულ ენაზე.

მოსამართლე ბარათაშვილი - რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათოლიკოსი ამბროსი - გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

ბარათაშვილი იყო თუ არა შემთხვევა, რომ მღვდლები პროპაგანდას ეწეოდნენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ?

კათოლიკოს ამბროსი - არა, არ იყო. და რომ ყოფილიყო მე წინააღმდეგი წავიდოდი.

პროკურორი ოკუჯავა - თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათოლიკოსი ამბროსი - ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

პროკურორი ოკუჯავა - ხომ იცით, რომ საბჭოთა მთავრობის ხალხი ირჩევს?

კათოლიკოსი ამბროსი - ახლა ვიცი. პირველი ყრილობის შემდეგ, მემორანდუმის დაწერამდე ასე არ იყო.

მოსამართლე ერქომაიშვილი. რა მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათოლიკოსი ამბროსი - ვიცავდი საქართველოს სახლმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე - რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათოლიკოსი ამბროსი - პასუხობს, რომ მან დღესაც არ იცის, ვის ინტერესებს იცავს წითელი ლაშქარი, რომ როდესაც ის წითელი ლაშქრის გაყვანას ითხოვდა. მას ჰქონდა მხედველობაში ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

კითხვაზე - როდის იყო საქართველო თავისუფალი ადრე თუ წითელი ლაშქრის შემოსვლამდე ბრალდებოდა კათოლიკოსი უპასუხებს: წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ლაშქარი შემოვიდა საქართველოს დამოუკიდებლობა დაიკარგა. და რომ მისი აზრით ხალხიც ასე ფიქრობდა.

შეკითხვაზე: რაში ხედავს კათოლიკოსი მორწმუნეთა ინტერესების შელახვას და როდის იყო შელახული სარწმუნოებრივი ინტერესები ეკლესიისა, კათოლიკოსი პასუხობს: სარწმუნოებას ნიკოლოზ II იცავდა, მაგრამ მე მაშინაც ვიბრძოდი და ეხლაც ვიტანჯვი. ჩემი დაკვირვებით საბჭოთა ხელისუფლება თელავდა სარწმუნოებრივ ინტერესებს, ამაშინ მე დარწმუნებული ვიყავი და ეს გამართლდა კიდეც.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე: მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?

კათოლიკოსი ამბროსი: არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოიტანთ საქართველოს რუკას.

თავმჯდომარე: თქვენ ამბობთ, რომ წინააღმდეგი ხართ უცხო სახელმწიფოს ჩარევისა და თვითონ კი ისეთ ხალხს მიმართავთ, რომელნიც მშრომელი ხალხის ინტერესებს არ იცავენ!

კათოლიკოსი ამბროსი: გენუაში იყო მოწვეული სამშვიდობო კონფერენცია, სადაც სხვათა შორის, ირჩეოდა პატარა ერების თავისუფლების საქმე. იქ იყო წასული საქართველოს წარმომადგენელი და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის დაიცავდა საქართველოს დამოუკიოდებლობას. ამიტომ ვფიქრობდი მემორანდუმის გზით მის დახმარებას.

სასამართლოს წევრი რთველაძე - სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათოლიკოსი ამბროსი: მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათოლიკოსი ამბროსი: ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა: რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ლაშქარს?

კათოლიკოსი ამბროსი: იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა: რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათოლიკოსი ამბროსი: ასოცი წლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ხალხისა?

კათოლიკოსი ამბროსი: ენის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, როდესაც ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

სასამართლოს წევრი ერქომაიშვილი: მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჯარის ჩარევა ეკლესიის თავისუფლებაში?

კათოლიკოსი ამბროსი: თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი, რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც. (16, 300).


საოკუპაციო ხელისუფლების დეკრეტი №21

სახელმწიფოდან ეკლესიის და ეკლესიიდან სკოლის გამოყოფის შესახებ:

1) სარწმუნოება კერძო საქმეა ყოველივე მოქალაქისა. ყოველ მოქალაქეს შეუძლიან აღიაროს ესა თუ ის სარწმუნოება, ან არ აღიაროს სრულებით არავითარი სარწმუნოება.

2) მიკუთვნება ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი არ ქმნის მოქალაქესათვის რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას.

3) ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან.

4) აკრძალულია გამოცემა ყოველგვარ ისეთ ადგილობრივ კანონებისა და დადგენილებათა, რომელთაც შეუძლიათ სინდისის თავისუფლების შევიწროება ან და შეზღუდვა. ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვა, დაკავშირებული ამა თუ იმ სარწმუნოების აღიარებასთან ან და საზოგადო სარწმუნოების უარყოფასთან. გაუქმებულია.

შენიშვნა. ყველა ოფიციალური აქტების შესრულების დროს ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი მიკუთვნების დასახელება უარყოფილია.

5) სახელმწიფოებრივ და სხვა საზოგადოებრივ უფლებრივ დაწესებულებათა მოქმედებას არავითარი რელიგიური წესების და ცერემონიების შესრულება თან არ ახლავს.

6) თავისუფალი შესრულება რელიგიური წესებისა უზრუნველყოფილია იმდენად, რამდენად ისინი არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ წარმოადგენენ მოქალაქეთა უფლებების შელახვის ცდას. ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს მიიღოს ასეთ შემთხვევაში სათანადო ზომები საზოგადოებრივ წესრიგის და მშვიდობიანობის უზრუნველსაყოფად.

7) არავის არ შეუძლიან თავისი რელიგიურ შეხედულებებზე დაყრდნობით მხარი აუხვიოს თავის მოქალაქობრივ მოვალეობათა შესრულებას. გამონაკლისი ერთი მოქალაქობრივი მოვალეობის მეორეთი შეცვლის პირობით დაშვება ყოველ კერძო შემთხვევაში სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

8) სარწმუნოებრივი ფიცი ისპობა, აუცილებელ შემთხვევაში უნდა დადებულ იქნას მხოლოდ საზეიმო აღთქმა.

9) მოქალაქობრივი ვითარების აქტები წარმოებულ უნდა იქნას მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლების მიერ, სახელდობრ, მოქალაქეობრივ ვითარების აღნუსხვის განყოფილების საშუალებით.

10) სკოლა გამოყოფილია ეკლესიისაგან.

11) სარწმუნოებრივი საგნების სწავლება ყველა სახელმწიფო, საზოგადო და აგრეთვე კერძო სასწავლებლებში, სადაც გადიან საზოგადო განათლების საგნებს, დაშვებული არ არის. მოქალაქეთ შეუძლიანთ ასწავლონ და ისწავლონ სარწმუნოებრივი საგნები კერძოთ.

12) ყველა საეკლესიო და რელიგიური საზოგადოებები ემორ- ჩილებიან საერთო წესებს შესახებ კერძო საზოგადოებებისა და კავშირებისა და არ სარგებლობენ არავითარ უპირატესობით და სუბსიდიით არც სახელმწიფოსა და არც მისი ადგილობრივ ან სხვაგვარ ავტონომიურ და თვითმართველ დაწესებულებიდან.

13) არც იძულებითი გადასახადები საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებათა სასარგებლოდ, აგრეთვე არც ძალდატანებით ან დამსჯელი ზომები ამ საზოგადოებების მხრივ მათივე თანაწევრთა მიმართ არ შეიძლება დაშვებულ იქნას.

14) საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებებს არ აქვთ ნება კერძო საკუთრების ფლობისა, აგრეთვე იურიდიული პიროვნების უფლებასაც მოკლებული არიან.

15) საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებათა მთელი ქონება ცხადდება სახალხო საკუთრებათ.

შენობები და საგნები, რომელნიც დანიშნულნი არიან სპეციალურად საღვთისამსახურო მიზნებისათვის, უფასოდ ეძლევათ სახმარებლად სათანადო სარწმუნოებრივ საზოგადოებებს ცენტრალურ ან და ადგილობრივ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების განსაკუთრებული დადგენილებით.

ეკლესიის სახელმწიფოდან და სკოლის ეკლესიიდან გამოყოფის დეკრეტის შესახებ ინსტრუქცია სახალხო კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული იქნება ცალკე.

ს. ს. ს. რ. რევკომის თავმჯდომარის მოადგილემ ორახელაშვილი.

რევკომის მდივანი შ. გაბრიჩიძე.

1921 წ. აპრილის 15 დღესა.

ტფილისი-სასახლე.


სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის, თავი III, სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების წესის დარღვევა.

123. მოსატყუებელი მოქმედების ჩადენა ხალხში ცრუმორწმუნოების აღსაძრავად, აგრეთვე ამით რაიმე სარგებლობის მოსაპოვებლად გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ან ამავე ვადით იძულებით მუშაობას.

124. სწავლება მცირეწლოვანთა და არა სრულწლოვანთათვის რელიგიური მოძღვრებისა სახელმწიფო ან კერძო სასწავლებელსა და სკოლაში გამოიწვევს იძულებით მუშაობას ერთ წლამდე.

125. ყოველივე ძალდატანება საეკლესიო და რელიგიური ორგანიზაციისა და ჯგუფის სასარგებლოდ გადასახადის აკრეფის დროს გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე, ადგილობრივ საბჭოსთან ხელშეკრულების დადების უფლების ჩამორთმევით ორ წლამდე ღვთისმსახურებისათვის საჭირო ქონებისა და შენობის მოხმარების შესახებ და ორგანიზაციის ქონების კონფისკაციით.

126. მითვისება რელიგიური ან საეკლესიო ორგანიზაციის მიერ საადმინისტრაციო, სამოსამართლო ან საქვეყნო სამართლის ხასიათის სხვა ფუნქციისა ან და იურიდიული პიროვნების უფლებისა გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე აღნიშნული ორგანიზაციის ლიკვიდაციით და მისი ქონების კონფისკაციით.

127. შესრულება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებასა და საწარმოში რელიგიური წესისა, აგრეთვე მოთავსება ამ შენობაში რაიმე რელიგიური გამოხატულებისა გამოიწვევს იძულებით მუშაობას სამ თვემდე ან ჯარიმის 300 მანეთამდე (ც. ა. ლ-ის 1925 წ. ოქტომბრის 6 დადგ. № 45 (კან. კრ. 1925 წ. № 3, მუხ. 68)).

128. ხელის შეშლა რელიგიური წესის ასრულებისათვის, უკეთუ ეს წესი არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესიერებას, და მის შესრულებას თან არა სდევს მოქალაქეთა უფლების შელახვა, გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე.

მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების შესახებ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განმარტება ცირკულიარი №66 მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დამოუკიდებლად სამღვდელო პირთა მიერ სარწმუნოებრივი წესების შესრულების უფლების შესახებ

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ადგილობრივი ორგანოების შეკითხვების გამო, აკრძალული აქვთ თუ არა სამღვდელო პირთ სარწმუნოებრივი წესების (მონათვლა, დასაფლავება, ჯვრის წერა და სხვა) შესრულება ამა თუ იმ მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტის "მმაჩ"-ის ორგანოში რეგისტრაციაში გატარებამდე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სახალხო კომისარიატები განმარტავენ:

"ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის" დეკრეტის თანახმად სამღვდელო პირთა მიერ სარწმუნოებრივი წესების შესრულება არის კერძო საქმე და რამდენად ამ წესების შესრულება არ ეწინააღმდეგება მომქმედ კანონმდებლობას და არ არღვევს არსებულ წესრიგს, სამღვდელო პირთ უფლება აქვთ შეასრულონ იგი თავისუფლად, ყოველგვარ შევიწროების გარეშე.

აღნიშნულის გამო სამღვდელო პირთ შეუძლიათ შეასრულონ მონათვლა, ჯვრის წერა, დასაფლავება და სხვა სარწმუნოებრივი წესები დაბადების ქორწინებისა და გარდაცვალების აქტების რეგისტრაციაში გატარებამდე, ამავე დროს, რადგანაც საქართველოს ს. ს. რ. კანონმდებლობით მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების ამონაწერის გაცემა მიკუთვნებული აქვთ "მმაჩ"-ის ორგანოებს.

დადგენილება №42 სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. სახალხო კომისართა საბჭოსი მიწის კოდექსის მე-9 მუხლის შეცვლის შესახებ

სრულიად საქართველოს საბჭოთა მე-2 მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესიის 1924 წლ. მარტის 10 თარიღისა და 77 №2 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი და საქართველოს ს. ს. რ. სახალხო კომისართა საბჭო ადგენენ:

მიწის კოდექსის მე-9 მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად:

"მიწის სარგებლობის უფლება სოფლის მეურნეობის საწარმოებლად აქვს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს (განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა), ვინც მოისურვებს მიწის საკუთარის შრომით დამუშავებას.

მოქალაქე, რომელიც მოისურვებს მიწის მიღებას თავისი შრომით დასამუშავებლად, მიიღებს მიწას მიწადმოქმედების სახალხო კომისარიატის სათანადო ორგანოსაგან, უკეთუ ამ ორგანოს მოეპოვება სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი სათადარიგო მიწის ფონდი.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე - შ. ელიავა.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი - ს. თოდრია.

1925 წ. სექტემბრის 21

ტფილისი - სასახლე.

"კომუნისტი", 1925 წ. № 222 სექტემბრის 27.

განმარტება სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-9 და 82 მუხ. შეფარდების შესახებ.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-9 მუხ. შეცვლის გამო. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აუქმებს მიწის კოდექსის მე-9 და 82 მუხლის შესახებ 1924 წ. ივნისის 4-ს თარიღით გამოცემულ თავის განმარტებას და ხელახლად განმარტავს.

1. კულტის მსახურს და მის ოჯახის წევრს მიწა მიეცემა საერთო წესით (მიწ. კოდ. მე-9 და შემდეგი მუხლები), ამასთანავე საკითხს მიწის მიცემის შესახებ გადასწყვეტს სამაზრო საადგილმამულო ორგანო.

უკეთუ თხოვნა თავისუფალი ან სათადარიგო მიწებიდან ხელახლა მიწის გაცემის შესახებ, შემოვა ერთსა და იმავე დროს კულტის მსახურისა და ისეთი მოქალაქისაგან, რომელიც მშრომელ მიწათმომქმედ მოსახლეობას ეკუთვნის და რომელიც კულტის მსახური არ არის, პირველ რიგში მიწით დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ზემოხსენებული მოქალაქე.

ის კულტის მსახური და მისი ოჯახის წევრი, რომელსაც მიწის ნაკვეთი უკვე აქვს ფაქტიურ შრომის სარგებლობაში, შეინარჩუნებს მიწად სარგებლობის უფლებას სხვა მშრომელ მიწადმოსარგებლეებთან თანაბრად, შემდეგშიაც მას მიწა შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ იმ წესით და იმ შემთხვევაში, რაც კანონშია აღნიშნული. ამასთანავე მღვდელმსახურებისათვის გასამრჯელოს მიღება მიწით სარგებლობის უფლებას კულტის მსახურს არ უსპობს.

2. იმავე კოდექსის 82 მუხლი, რომლითაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ვისაც კი სოფლად მუდმივი ცალკე მოსახლეობა აქვს, უნდა დაუტოვოს სამოსახლო ადგილი, იმისდა მიუხედავად, აქვს მას თუ არა მიწით შრომის უფლება, - ჰგულისხმობს აგრეთვე რელიგიური კულტის მსახურთაც საერთოდ.

სრულიად საქ. საბჭ. ცენტრ. აღმასრ. კომიტ. თავმჯდ. ფ. მახარაძე.

სრულიად საქ. საბჭ. ცენტრ. აღმასრ. კომიტ. მდივანი ს. თოდრია.

დადგენილება №124 სრულიად საქართველოს ცენტრალური აღნასრულებელი კომიტეტისა ეკლესიების გახსნა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის შესახებ

რათა მტკიცედ განხორციელებულ იქნეს ძირითადი კანონი სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების შესახებ (1921 წ. აპრილის 15-სა და 21 №-რის დეკრეტი), რომლითაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილია სარწმუნოებისა და რელიგიური კულტის თავისუფლად ასრულება, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს:

1) გაუქმებულ იქნეს ყველა მომქმედი დადგენილება, ინსტრუქცია და ადმინისტრატიული განკარგულება, რაც შეეხება რელიგიურ საზოგადოებათ და ზღუდავს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთა მიერ რელიგიური კულტის თავისუფლად ასრულებას.

2) შემოღებულ იქნეს ქვემოდ აღნიშნული წესი ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების გახსნისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთა ხელში სარგებლობისათვის გადაცემისა, რომელთა გადაცემის შესახებ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმება ჯერ არ მომხდარა; ესევე წესი შემოღებულ იქნეს აგრეთვე წინად დახურული ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების გახსნისა და გადაცემისათვის, ხოლო იგი არ ვრცელდება იმ სამხედრო ტაძრებზე, რაც სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გადაეცა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წ. იანვარს 8 თარიღით და 68 ნომრით გამოცემული დადგენილების ძალით:

ა) საქართველოს სოც: საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთ შეუძლიანთ მიიღონ სარგებლობისათვის თავისი სარწმუნოების ტაძრები და სამლოცველო სახლები, აგრეთვე ღვთისმსახურებისა და რელიგიური წესებისათვის მიკუთვნებული ქონება, რისთვისაც უნდა დაარსონ რელიგიური საზოგადოება, რომლის დამფუძნებელ წევრთა რიცხვი შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ბ) რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელნი ტაძრებს, სამლოცველო სახლებს და ქონებას მიიღებენ სარგებლობისათვის ადგილობრივ აღმასრულებელ კომიტეტისაგან ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ და უვადოდ თანახმად საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის რევოლიუციონური კომიტეტის მიერ 1921 წ. აპრილის 15 თარიღით და 21 ნომრით გამოცემული დეკრეტის მე-15 მუხლისა.

გ) ხელშეკრულების დადებისას, რელიგიურ საზოგადოებას რეგისტრაცია უნდა ექნეს სათანადო მაზრისა ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში.

ვ) ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის უარი ხელშეკრულების დადებაზე ან რელიგიურ საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ერთი თვის ვადაზე იმ დრიდან, როდესაც ჩაბარებულ იქნება წერილობით დასაბუთებული დადგენილება უარის შესახებ.

4) ამა დადგენილების გამოცემამდე დაარსებული და რეგისტრაცია-ქმნილი რელიგიური საზოგადოება განაგრძობს თავის არსებობას ახალი რეგისტრაციის მოუხდენლად. დადგენილება ესე გავრცელება ამ საზოგადოებაზედაც.

5) რელიგიური საზოგადოება შეიძლება დახურულ იქნეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომიასრიატის განკარგულებით იმ შემთხვევაში, უკეთუ იგი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგო მეთოდით იმოქმედებს.

6) დაწესებულება და თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიის და სამლოცველო სახლის გახსნას და სხვ., ან დევნას აღძრავს იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ეკლესიის გახსნას ითხოვს, აგრეთვე ღვთის მსახურს, კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს, პასუხს აგებს, როგორც ხელისუფლების გადამეტებისათვის.

7) მეთვალყურეობა ამა დადგენილების მტკიცედ აღსრულებისათვის დაეკისრებათ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებს და მათვე დაევალებათ ამა დადგენილების განსავითარებლად გამოსცენ სათანადო ინსტრუქციები.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარე მ. ცხაკაია.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანს ს. თოდრია.

1924 წ. ნოემბრის 21.

ტფილისი - სასახლე.

გამოქვეყნებულია გაზ. "კომუნისტის" მე-268 №-ში 1924 წ. ნოემბრის 23.

ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგ. რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქცია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებისა

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1924 წ. ნოემბრის 21 თარითით და 124 №-ით გამოცემული დადგენილების - "ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის შესახებ" - ასრულებისათვის.

1. შემოღებულ იქნეს ქვემო აღნიშნული წესი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთათვის, როგორც იმ ეკლესიების გადაცემისათვის, რომელნიც წინად დახურულ იქნენ ადგილობრივი ადმინისტრატიული ხელისუფლების განკარგულებით, ისე იმ ეკლესიების გადასაცემად, რომელთა მორწმუნეთათვის გადაცემის შესახებ შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, (გარდა იმ სამხედრო ტაძრებისა, რაც სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წლ. იანვარს 8 თარიღის და 68 №-ის დადგენილებით გადაეცათ სახელმწიფო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს).

2. უკეთუ მოქალაქენი, რიცხვით არა ნაკლებ 7 კაცისა, მოისურვებენ რელიგიური საზოგადოების შედგენის და ეკლესიის ან სამლოცველო სახლის და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთების უსასყიდლოდ სარგებლობისათვის მიღებას, - იმათ საამისო განცხადება უნდა შეიტანონ ადგილობრივ - მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში.

3. განცხადებაში აღნიშნულ უნდა იყო: ა) რელიგიური საზოგადოების დამფუძნებელთა (უკეთუ საზოგადოება ჯერ შედგენილი არ არის), ან წარმომადგენელთა სახელი, მამის სახელი და გვარი, ბ) რელიგიური საზოგადოების სახელწოდება, გ) დამფუძნებელთა საცხოვრებელი ადგილი და დ) სახელწოდება ეკლესიისა (სამლოცველო სახლისა), რომლის ღვთისმსახურებისათვის მიღება სურთ მათ.

4. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტი ქონებას და მის აღწერილობას გადასცემს იმ მოქალაქეთ, რომელთაც განაცხადეს სურვილი ამ ქონების სარგებლობისათვის მიღებისა, ხოლო აღწერილობის მეორე ცალს მიმღებთა ხელისნაწერით დაიტოვებს თავისათვის.

5. წინა მუხლში ნახსენებ ეკლესიისა და ქონების მისაღებად საზოგადოების დამფუძნებელნი ან განკარგულებელი ორგანო დასდებენ ხელშეკრულებას სათანადო მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტთან.

შენიშვნა: სანიმუშო ხელშეკრულება ამასთანავე დართულია.

6. ხელშეკრულების დადების შემდეგ რელიგიური საზოგადოება წინასწარ გატარებულ უნდა იქნეს რეგისტრაციაში ადგილობრივ მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში, რის შემდეგაც მას შეუძლიან დაიწყოს მოქმედება.

7. უკეთუ ეკლესია და ქონება დამფუძნებლებმა მიიღეს, იგინი რელიგიური საზოგადოების შედგენის შემდეგ ეკლესიასა (სამლოცველო სახლს) და ქონებას გადასცემენ რელიგიური საზოგადოების განმკარგულებელ ორგანოს, და ქონების გადაცემის აქვს, აგრეთვე ცნობას რელიგიური საზოგადოების განმკარგულებელი ორგანოს შემადგენლობის შესახებ, სადაც აღნიშნულ უნდა იქნეს განმკარგულებელი ორგანოს თვითეული წევრის სახელი, მამის სახელი და გვარი, - წარუდგენენ სათანადო აღმასრულებელ კომიტეტს.

8. ხელშეკრულებით, რომელიც დაიდება საკულტო შენობის და ქონების უფასო სარგებლობის შესახებ, რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელნი (განმკარგულებელი ორგანო) პასუხს აგებენ, თუ მინდობილი სახალხო ქონება უკლებლად და წესიერად არ იქნება შენახული, აგრეთვე თუ ტაძარში წესიერება დარღვეული იქნება.

9. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის უარი ხელშეკრულების დადებაზე და რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება განსაჩივრებულ იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ერთი თვის ვადაზე იმ დღიდან, როდესაც ჩაბარებული იქნება წერილობითი დასაბუთებული დადგენილება უარის შესახებ.

10. თავის საზოგადო კრებების დადგენილებათა აღსრულებისათვის, აგრეთვე საგარეო წარმომადგენლობისათვის რელიგიური საზოგადოება თავის წრიდან აირჩევს წარმომადგენლებს (განმკარგულებელ ორგანოს), რომელნიც უძღვებიან მიმდინარე მუშაობას, იწვევენ საზოგადოების მიერ დანიშნულ ვადაზე საზოგადო კრებებს და სხვ.

რელიგიური საზოგადოების ან მორწმუნეთა ჯგუფის სარგებლობაში მყოფ სადგომში მორწმუნეთა კრება ხდება თავისუფლად და ისე, რომ ყოველ ცალკე შემთხვევაში წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხალხი მონაწილეობს ამ კრებებზე; ამრიგადვე მოხდება კრება, მოწვეული იმ საკითხების გამო, რაც შეეხება ტაძრის დაცვა-შენახვის და საკულტო ქონებების გამგებლობას.

12. ქადაგება შეიძლება თავისუფლად იმ პირობით - კი რომ თავისი შინაარსით ქადაგება იყოს მარტოოდენ რელიგიური და რელიგიურ-დამრიგებელი ხასიათისა.

13. რელიგიური საზოგადოების ან მორწმუნეთა ჯგუფის წევრებს შეუძლიათ შეაგროვონ ნებაყოფლობითი შემოწირულებანი იმ ხარჯების დასაფარავად, რაც დაკავშირებულია საკულტო ქონების სარგებლობასთან, ეკლესიის მსახურთა და მგალობელთა დაქირავებასთან და სხვ.

14. გაუქმებულ იქნეს ყველა წინად გამოცემული ინსტრუქცია რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის, აგრეთვე ეკლესიების და ღვთისმსახურებისათვის მიკუთვნებული ქონების სარგებლობის წესის შესახებ.

იუსტიციის სახალხო კომისარი ი. ვარძიელი.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი შ. მათიკაშვილი.

1924 წ. დეკემბრის 2.

ქ. ტფილისი.

"კომუნისტი" №280 1924 წ. დეკემბრის 7.

ხელშეკრულება (დანართი)

ჩვენ, ქვემორე ამისა ხელის მომწერთ, წარმომადგენელთ (ამა და ამ) რელიგიური საზოგადოებისა, (ამა და ამ ადგილას ან ამა და ამ ქალაქში მცხოვრებთ), დავდეთ ეს ხელშეკრულება (ამა და ამ) აღმასრულებელ კომიტეტთან, (მისი რწმუნებულის თანამდებობა, სახელი და გვარი) ამ სახით მას შინა, რომ 192.. წელს... თვე... დღეს... აღმასრულებელი კომიტეტისაგან უვადო და უფასო სარგებლობისათვის მივიღეთ (აქა და აქ) მდებარე (ესე და ეს ღვთისმსახურების შენობა) და ღვთისმსახურების საგნები ჩვენი ხელმოწერით შემოწმებული განსაკუთრებული აღწერილობით, შემდეგი პირობით:

1. მთელი ჩვენი (ესა და ეს) რელიგიური საზოგადოება მოვალედ რაცხს თავს გაუფრთხილდეს მასზე გადაცემულ სახალხო ქონებას და ისარგებლოს ამ ქონებით ამრტოოდენ მისი დანიშნულების შესაფერისად, ამასთან საზოგადოება კისრულობს მთელ პასუხისმგებლობას ჩაბარებული ქონების სიმრთელისა და შენახვისათვის, აგრეთვე ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა სხვა მოვალეობის შესრულებისათვის.

2. საზოგადოება მოვალეთ რაცხს თავს ტაძრებითა და იქ შენახულ ღვთისმსახურების საგნებით ისარგებლოს და ასარგებლოს ყველა ერთმორწმუნე მარტოოდენ რელიგიური მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

3. საზოგადოება მოვალეთ რაცხს თავს მიიღოს ყოველი ღონისძიება იმისთვის, რომ მისთვის ჩაბარებული ქონება არ მოხმარდეს ისეთ მიზანს, რომლიც არ შეეფერება ამა ხელშეკრულების 1-ლ და 2 მუხლს.

კერძოდ საზოგადოება მოვალეა აკრძალოს მის გამგებლობაში გადასულ ღვთისმსახურების სადგომში:

ა) საბჭოთა ხელისუფლების სამტროდ მიმართული პოლიტიკური კრებების გამართვა;

ბ) საბჭოთა ხელისუფლების ან მისი ცალკე წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული წიგნების, ბროშურების, ფურცლების და ეპისტოლების დარიგება და გაყიდვა;

გ) საბჭოთა ხელისუფლების ან მისი ცალკე წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ქადაგების და სიტყვების წარმოთქმა;

დ) მცხოვრებთა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრების მიზნით ზარის რეკვით განგაშის ატეხა და ხალხის მოგროვება.

4. საზოგადოება მოვალეა თავისი საღსრით გასწიოს... ტაძრის (ან სხვა ღვთისმსახურების შენობის) და ამ ტაძარში დაცული საგნების შენახვისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯები, სახელდობრ: რემონტი, გათბობა, დაზღვევა, დაცვა, გასტუმრება ვალებისა, გადასახადებისა, ადგილობრივი შენაწერისა და სხვ.

5. საზოგადოება მოვალეა იქონიოს ღვთისმსახურების ქონებისა საინვენტარო აღწერილობა, სადაც შეტანილი უნდა იქნას რელიგიური კულტის ყოველი ახლად შესული (შეწირულებით, სხვა ტაძრებიდან გადაცემით ან სხვა გზით) საგანი, რომელიც ცალკე მოქალაქეების კერძო საკუთრებას არ შეადგენს.

6. საზოგადოება მოვალეა, როცა ღვთისმსახურება არ სწარმოებს, შეუშვას ტაძარში აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელნი ქონების დროგამოშვებით შესამოწმებლად და დასათვალიერებლად.

7. მიღებული ქონების დაკარგვის ან გაფუჭებისათვის საზოგადოება პასუხს აგებს იმ ზარალის ფარგლებში, რომელიც ქონებას მოუვა.

8. საზოგადოება მოვალეა, უკეთუ საჭირო იქნება მიღებული ქონების უკანვე ჩაბარება, ჩააბაროს იგი იმ სახით. რა სახითაც მან მიიღო სასარგებლოდ და შესანახად.

9. უკეთუ საზოგადოება მოისურვებს ხელშეკრულების მოსპობას, იგი მოვალეა ამის შესახებ წერილობით აცნობოს აღმასრულებელ კომიტეტს, ამასთან ამ განცხადების შეტანიდან ერთი კვირის განმავლობაში ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება და საზოგადოება პასუხს აგებს აღსრულებისათვის; საზოგადოება მოვალეა აგრეთვე ამ ხნის განმავლობაში ჩააბაროს მის მიერ მიღებული ქონება.

10. საზოგადოების ყოველ წევრს, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელი უწერია, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულების მონაწილეთა რიცხვიდამ; ამისთვის მან წერილობითი განცხადება უნდა შეიტანოს აღმასრულებელ კომიტეტში, ამგრამ ეს ვერ იხსნის გასულ პირს პასუხისმგებლობისაგან მთელი იმ ზარალისათვის, რომელიც სახალხო ქონებას მოუვიდა იმ ხნის განმავლობაში, როდესაც გასული წევრი მონაწილეობას იღებდა იმ ქონების სარგებლობაში და გამგებლობაში, იმ დრომდე, ვიდრე იგი სათანადო განცხადებას შეიტანდა.

ამ ხელშეკრულების დედანი ინახება... აღმასრულებელი კომიტეტის საქმეებში, ხოლო სათანადოთ შემოწმებული ასლი გვეძლევა ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენელთ, რომელთაც ამ ხელშეკრულებაზე ხელი გვიწერია და რომელთაც 1924 წ.... აღწერილობით რელიგიურის მიზნით სასარგებლოდ მივიღეთ ღვთისმსახურების შენობანი და მათდამი დაცული საგნები.

11. უკეთუ საზოგადოება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობათა შესასრულებლად არ მიიღებს ყველა შესაძლებელ ღონისძიებას, ხელშეკრულება ესე სათანადო აღმასრულებელ კომიტეტის მიერ შეიძლება მოსპობილ იქნას ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება აშკარად იქნება დარღვეული, დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

საქართველოს ს. ს. რესპუბლიკის კანონმდებლობა ეკლესიის შესახებ

საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოს, სკოლა ეკლესიას, თუმცა სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებლის პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალისტურ მიზანთა გარეშე.

ს. ს. ს. რესპუბლიკის კონსტიტუცია. მუხ. 11.

ოფიციალური განყოფილება სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ახსნა-განმარტება საქართველოს სოც. რესპ. ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) 11 მუხლისა

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მე-11 მუხლ. ანიჭებს ყველა მოქალაქეს რელიგიური პროპაგანდის თავისუფლებას. 11-მუხლი მოქალაქედ გულისხმობს მხოლოდ საბჭოთა მოქალაქეს და არა უცხოელს, რაც სჩანს ძირითადი კანონის მერვე მუხლიდან. აქ, სხვათა შორის აღნიშნულია, რომ ყველა ის მოქალაქობრივი უფლება-მოვალეობა, რაც კი საქართველოს ს. ს. რ. კონსტიტუციით დაწესებულია საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. მოქალაქეთათვის, ვრცელდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ყველა მოქალაქეზე.

ამის გამო სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური "პროპაგანდის თავისუფლება ეკუთვნის მარტოოდენ საბჭოთა მოქალაქეთ, და არა უცხოელთ.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი ს. თოდრია.

1927 წ. თებერვლის 18.

ტფილისი - სასახლე. (30, 1-16).

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის სიტყვა სასამართლო პროცესზე. "მე შევასრულე ჩემი მოვალეობა"

სანამ რამეს ვიტყოდე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც მე მედება, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ჩვენ ღვთისმსახურნი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ "ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა" (რომ. 13,1), რადგანაც ხელმწიფებასა შინა მყოფნი "მსახურნი ღმრთისანი არიან" (რომ, 13,6), მათთვის უნდა ვილოცოთ (1, ტიმ. 2,2) და მათზე არა ვსთქვათ ბოროტი (საქ. მოციქ. 23,5), მაგრამ ბოროტის არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ. ამისთვის ჩემს სიტყვაში მთავრობის შეცდომების აღნიშვნის დროს თუ რამე არამართებული წამომცდეს, გთხოვთ, ეს ჩარიცხოთ უნებლიე შეცდომათ, ანუ მიიღოთ უბრალო Lapsus Linguea-დ და ბოროტ განზრახულების ხასიათი არ მისცეთ. მე სახეში მყავს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

ჩვენ - საკათალიკოსო საბჭოს მთელ შემადგენლობას - ბრალად გვედება ის, რომ არ შევასრულეთ მთავრობის წინადადება, გაგვეგზავნა წარმომადგენელი ყოფილი სამხედრო ტაძრის ჩამორთმევის დროს დასასწრებლად და რომ არ მოვისურვეთ ჩვენის ხელით ჩაგვებარებინა იგი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის მოსახმარად. საკათალიკოსო საბჭომ ეს თავისთვის ჩასთვალა მიუღებლად, რაც მას ჩამოერთვა წინააღმდეგობის გაწევად, მოღალატეობად, აჯანყებისაკენ ხალხის მოწვევად და სხვ. ამნაირი ბრალდების არსებობა მე გავიგე მხოლოდ უკანასკნელი დაკითხვის დროს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ გამიგია, საიდან შეიძლება ამნაირი დასკვნის გამოყვანა.

რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: "კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა." სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათა წმიდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა. ამის გამო ამნაირ შემთხვევებში, როგორც გეუბნება ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვემორჩილოთ უფრო ღმერთსა, ვიდრე კაცთა (საქ. მოც. 5,29). ეს ნორმები ეკლესიური ცხოვრებისა, ამნაირიურთიერთობა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის მიღებულია ყველა საქრისტიანო ქვეყნებში და არ გვეგონა, თუ ჩვენი მთავრობა ამას არ გაუწევდა ანგარიშს. ამ თვალსაზრისით ვსთქვით, რომ წინადადება ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან იმის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილების და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს. ჩვენ აზრათაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენს ამნაირ კანონიერ განცხადებას მთავრობა მიიღებდა საწინააღმდეგოდ. მით უმეტეს, რომ ტაძარს ჰყავდა თავისი წინამძღვარი, რომლის განკარგულებაში იყო ეკლესიის ქონება და რომელიც თავისთავად იყო სასულიერო მთავრობის წარმომადგენელი. საქართველოში დაიკეტა 1200-ზე მეტი ეკლესია, ზოგი მთლად დანგრეულ იქმნა, მაგრამ არც ერთის შესახებ სასულიერო მთავრობისათვის არც კი შეუტყობინებიათ და რაღა სამხედრო ტაძრის ჩაბარება არ შეიძლებოდა უკათალიკოსო საბჭოთ?! გვცოდნოდა, რომ ჩვენს, ჩვენის თვალსაზრისით კანონიერ განცხადებას, საერო მთავრობა მიიღებდა საწყენათ, ჩვენ სხვანაირათ გამოვსთქვამდით ჩვენს აზრს და წინააღმდეგობას არ გავუწევდით. ამას წინათ რამდენიმე ჯარისკაცმა-ბაპტისტმა, განაცხადა, რომ მათ სარწმუნოება უკრძალავს ჯარში სამსახურს და ეს განცხადება სამხედრო სასამართლომ სცნო პატივსადებად და გაათავისუფლა ისინი სამხედრო ბეგარის მოხდისაგან. დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოც ასე შეხედავს ჩვენს განცხადებასაც და ამისთვის ამის შესახებ მეტის თქმა მიმაჩნია საჭიროთ. 1) დანაშაულად მითვლიან იმასაც, რომ მცხეთის და სიონის ტაძრების განძეულობის დამალვა ვიცოდი. ამნაირი ბრალდება მიმაჩნია გაუგებრობად, ვინაითგან ნივთების ქუთაისში წაღების დროს მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ, 2) არც ჩემი და არც სხვების ჩვენებიდან არ სჩანს, რომ ეს მე ვიცოდი ნივთების აღმოჩენამდე. საიდან და როგორ არის ეს ბრალდება შეთხზული, არვიცი. და 3) მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდგან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარ დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს განძეულობის დაცვისათვის მიმართავდნენ ამ საშუალებას. ამან შეგვინახა იგი, როდესაც მისი გადატანა მოხდა ქუთაისში, ეს განძეულობა არ შეადგენდა მთავრობის კუთვნილებას. ეს მოხდა ძველი მთავრობის დროს, როდესაც ეკლესიას არ ჰქონდა ჩამორთმეული საკუთრების უფლება. თუნდაც ჩამორთმეული ჰქონოდა, მაშინაც სამღვდელოების მოვალეობა იქნებოდა, რადგან მის ხელში იქნებოდა მისი მოვლა-დაცვის საქმე. ამის შემდეგ განსაცვიფრებლად მიმაჩნია საბრალდებო, ოქმში ხმარება სიტყვის "გატაცება", მეტის თქმას ამის შესახებ არ ვსთვლი საჭიროდ.

უმთავრესი ბრალდება ჩემს საწინააღმდეგოდ წამოყენებული, როგორც საბრალდებულო ოქმიდან სჩანს და როგორც პროკურორის სიტყვიდანაც მესმა, არის კონტრევოლუცია. ჩემი კონტრევოლუციონერობა გამოიხატა გენუის კონფერენციაზე ჩემ მიერ წერილის გაგზავნაში, მაგრამ არ მესმის რა იყო კონტრევოლუციონერული ჩემს წერილში. ნუთუ ის ერთადერთი ძირითადი დებულება, რომ თითოეულმა ერმა თავისი საქმეები მოაწყოს ისე, როგორც ეს მას უნდა, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? უკანასკნელმა საერთაშორისო ომმა ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ მანვე ამართა დროშია, რომელზედაც მსხვილის ასოებით წააწერა: "მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება." ეს ლოზუნგი იმდენად აღმაფრთოვანებელი, სანეტარო და სასიხარულო იყო, რომ მისთვის ანგარიში უნდა გაეწიათ. ასეც მოხდა. თვით ნიკოლოზ მეორის მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ერებისადმი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ის იბრძვის ამ ლოზუნგის განხორციელებისათვის. მეტყვით, ეს განცხადება არ იყო გულწრფელიო და მეც სავსებით გეთანხმებით, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს არა იმას, გულწრფელი იყო ეს განცხადება თუ არა, არამედ იმას, რომ მთავარსარდალი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ცხოვრების სინამდვილისათვის, ეღიარებია ის, რასაც თვითონაც არ თანაუგრძნობდა, დიახ, ის წამოაყენა ცხოვრებამ და მას ყველაზე უწინ ანგარიში გაუწია სოციალისტურმა მიმართულებამ, მაგრამ სტალინის სიტყვით, მეორე ინტერნაციონალმა და მისმა ლიდერმა კაუცკიმ ეს ლოზუნგი ჩამოაქვეითეს ავტონომიამდე, ხოლო პოლიტიკური და ეკონომიური მხარე დაუტოვეს ისევ გაბატონებულ ერებს. საბჭოთა ხელისუფლებამ კი გააფართოვა ის მცირე ერებისათვის პოლიტიკურად გამოყოფის უფლების მინიჭებამდე.

აი, ეს თვითგამორკვევის უფლება თხოულობს, რომ თითოეულმა ერმა თავისი ცხოვრება და მართვა-გამგეობა მოაწყოს ისე, როგორც თვითონ მოისურვებს და თუ სტალინის სიტყვა შეიცავს ჭეშმარიტებას, თუ საბჭოთა ხელისუფლებამ გააფართოვა თვითგამორკვევის ლოზუნგი და მცირე ერებს უბოძა უფლება პოლიტიკური გამოყოფისა, თავისუფლება-სუვერენობისა, მაშინ ცხადია თვით გამორკვეული და სუვერენული ერისათვის თავისუფლების წართმევა ამ ლოზუნგის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მეტი არც მე მითქვამს რა.

მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას, ჩემთვის სულერთია რომელი პარტიის ხელში იქნება მართვა-გამგეობა, რომელს ექნება ძალაუფლება და რომლის დიქტატურა იქნება დამყარებული. ამის განხილვაში შესვლა ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ მრწამს და სასურველად მიმაჩნია მართვა-გამგეობა დამყარებული იყოს ხალხის ნებისყოფაზე და თვითგამორკვევაზე, ხალხის სურვილი ჩემთვის კანონია. ამ სურვილზე დამყარებული წეს-წყობილება მარგებელია ხალხის ეროვნული მთლიანობისათვის და მისი კულტურულად წინმსვლელობისათვის. მე არ გამეგონა, რომ მომხდარიყოს ხალხის დაკითხვა ამის შესახებ და ამის გამო, როდესაც პირველი დაკითხვის დროს დამისვეს კითხვა, არჩეულია თუ არა ხალხისაგან ახლანდელი ჩვენი მთავრობაო, მეტი რომ არ მეთქვა, ვუპასუხე: არ ვიცი მეთქი. როდესაც დამკითხველმა საყვედურით მითხრა, როგორ, ინტელიგენტმა კაცმა არ უნდა იცოდე, რომ წარსულ თებერვალს (ეს იყო 1922 წელს) იყო ყრილობა და მან აირჩიაო, მე ბოდიში მოვიხადე და მხოლოდ შევნიშნე, რომ მაშასადამე 1921 წ. თებერვლიდან 1922 წ. თებერვლამდის - ერთი წლის განმავლობაში - აურჩევლად უმსახურნია მეთქი. და ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდგან ერთი წელიწადი საჭიროც იქნებოდა ხალხის დაწყნარებისა და თვითგამორკვევისათვის. ჩვენ, ეკლესიის მსახურნი კი იმ აურჩეველ მთავრობასაც ვცნობდით, ვინაითგან ანგარიშს ვუწევდით ფაქტს - ეროვნული მთავრობის არსებობას და არ შევდიოდით კანონიერება-უკანონობის განხილვაში...

...მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილია: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: "Хозяин земли русской". სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მისი მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: "Эти горы наши... Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены".

და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება. 1905 წ. მე ვიყავი დონის ოლქში და, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ კავკასიაში, საქართველოში გამოცხადდა თავისუფლება რუსეთის ბატონობიდან, ხშირი იყო შემთხვევა, რომ მეკითხებოდნენ როგორც ქართველს, ნუთუ მართლა საქართველო გამოეყოფა რუსეთსო. ეს შეუძლებლად მიაჩნდათ. მით უფრო, რომ ადგილობრივი რუსობაც ასე ფიქრობდა. როდესაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მართლა დაარსდა საქართველოს რესპუბლიკა, სოხუმის რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას. დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: "როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია, მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. საქართველოს თავისუფლება სასაცილოდ მიაცნდათ, მას ასახელებდნენ: "Кукурузная республика " ანუ "Республика на 1 1/2 часа". ბატონობის იდეაზე აღზრდილი ბუნებრივათ გულკეთილი ადგილობრივი რუსი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა.

...მაგრამ ძნელი სათქმელია ქართველი კომუნისტები, ვისი სურვილის აღმასრულებელნი იყვნენ ერთი კი ცხადია, მათ სურდათ საქართველო შესულიყო დიდი რუსეთის ფარგლებში...

...მათ არ სწამდათ საქართველოს თავისუფლება. გაზეთ "კომუნისტის" ერთ-ერთ შარშანდელ თუ შარშანწინდელ ნომერში ნათქვამია, რომ რევოლუციონერული თვალსაზრისი მოითხოვდა თავის დროზე ტფილისზე დაკვრას და პოლონეთზე გალაშქრებასო. გამოდის, რომ რევოლუცია თხოულობს ერისათვის თავისუფლების წართმევას. იმავე გაზეთის შარშანდელ ნოემბრის ერთ ნომერში (№263) ესევე აზრი უფრო ცხადად არის გამოთქმული. იქ ნათქვამია, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტური თვალსაზრისით არ იყო მისაღები, საქართველოში თავისუფლად დათარეშობდნენ იმპერიალისტური ჯარები, რაც დიდ საფრთხეს უმზადებდა რუსეთს და სხვა მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებს, ამისათვის რუსეთის წითელი არმიის 11 თებერვლის ისტორიული ნაბიჯი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორიის მიხედვით გამართლებული ხდებაო."

მე არ ვიცი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორია და ამის შესახებ ვერას ვიტყვი, მხოლოდ შევნიშნავ, რომ სახიფათოდ და მოლიპულ გზაზე დადგომად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ საქართველოს მდგომარეობა საშიში იყო რუსეთისათვის... ეს ერთი. მეორეთ უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფლება თავისთავად არასდროს არ უნდა იყოს დასაგმობი. ის ყოველთვის სასურველია. არ ყოფილა ხალხი, რომელიც მას შეხაროდა, არ ეძებდა, რომლის მიღწევა არ მიაჩნდა ბედნიერებად. შესაძლებელია, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ ვერ მოიხმარა იგი, როგორც ამას რიგი მოითხოვდა, მაგრამ აქ თავისუფლება რა შუაშია. თუ ძველი მთავრობის დროს საქართველოში იმპერალისტური ჯარები თავისუფლად დათარეშობდნენ, დე, ახლა მთავრობამ აიღოს ეს თავისუფლება და განახორციელოს ის, როგორც საჭიროა, დე, ახალი სუვერენული რესპუბლიკის მთავრობის ხელში ნუ ითარეშებენ იმპერიალისტური ჯარები და საქართველოს თავისუფლება ნუ იქნება საშიშარი სხვა ერებისათვის. ეს იყო ჩემი აზრი და არა ახალი ხელისუფლების უარისყოფა, მაგრამ... აქ დავუსვამ მრავალწერტილს და გავჩუმდები. მხოლოდ არ შემიძლია, არ ავღნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტების ერთ ნაწილს მიაჩნდა სასაცილოდ და მასხრად აგდებდა, ერთი რუსული ასოებით დაბეჭდილი გაზეთი "Правда Грузии"... ამნაირად იხსენიებდა მას: "თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური ზურნა." აქ საჭირო არ არის კომენტარები. ყველა ეს სრულიად არაფერში არ ეთანხმება ხალხის თვითგამორკვევის და პოლიტიკურად გამოყოფის უფლებას, პირიქით. პირდაპირი მისი უარყოფაა. შეიძლება ვცდებოდე, რადგან მარქსისტული თეორია ჩემს სპეციალობას არ შეადგენს, მაგრამ არცოდნა არცოდვაა, ნათქვამია და ამისთვის მომეტევება.

მიუხედავად ზემონათქვამისა, მე მეუბნებიან, რომ ჩემი გამოსვლით ვითომ ვუღალატე ჩვენს მთავრობას, სახელი გავუტეხე მას, გავაბიაბრუე, არ უნდა მიმემართა გენუის კონფერენციისათვის, რომ ჩემის მიმართვით მე მინდოდა გამომეწვია ინტერვენცია, ევროპის შეიარაღებული ჯარებით ჩარევა საქართველოს საქმეებში, თითქოს ამით მე ხელი შევუშალე ჩვენს იქ წარმომადგენელს მის საქართველოს საკეთილდღეოდ ზრუნვაში. ამნაირი ბრალდება მე მიმაჩნია გაუგებრობის ნაყოფად და ამის გამო უსამართლობად. მე ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა...

ჩემი წერილი მიმართული იყო დიდმპყრობელობის წინააღმდეგ და ეს ცხადად არის მასში გამოთქმული. ერთი სიტყვითაც არ დამიგმია ახალი ხელისუფლება საქართველოში, პირიქით, იქ გამოთქმულია, რომ მე არ შევდივარ იმის განხილვაში, როგორი უნდა იყოს მართვა-გამგეობა, რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო. წერილი დაწერილია ახალი ხელისუფლების არსებობის წლისთავზე, ხოლო ჩვენი ქრისტიანული მოძღვრებით ყოველი დამკვიდრებული მთავრობა განუკითხავად უნდა ვიცნათ და ვემორჩილოთ ყოველი სამოქალაქო ხასიათის საქმეებში. ამის გამო, ცხადია, მე მინდოდა დამოუკიდებლობა უკვე დამყარებული მთავრობისათვის. გენუის კონფერენცია მე წარმოდგენილი მქონდა, როგორც სახელმწიფოების წარმომადგენლების კრება, მოწვეული მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის -კრება, რომელსაც საგნად ჰქონდა მცირე ერების პრეტენზიების განხილვა და ამისთვის ვფიქრობდი, რომ ყველას ჰქონდა უფლება მიემართა მისთვის თავისი აზრის გამოთქმით. მე ვიცი, რომ იქ იყო ჩვენი წარმომადგენელიც, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, დაიცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენობა-თავისუფლებას და რომელსაც ამაში ეჭირვებოდა დახმარება. ამ შემთხვევაში კი ჩემს წერილს შეეძლო რამდენადმე მაინც გაეადვილებია ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუ ის იყო საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ სიტყვით, საქმით კი გამოდიოდა დამატებათ რუსეთის წარმომადგენლისა და დამცველად დიდმპყრობელობისა, მაშინ, რასაკვირველია, წერილი მას სამსახურს ვერ გაუწევდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არც იყო მიზანი წერილისა და, მაშასადამე ამაში არ შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი. ყველა ამის შემდეგ მე კიდევაც მიკვირს, რისთვის მასამართლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო და არა რუსე- თისა, მაგრამ ვინც უნდა გამასამართლოს - საქართველოამ იმისთვის, რომ მე ვიცავ ეროვნული ეკლესიის და ერის თავისუფლებას, თუ რუსეთმა იმისათვის, რომ ხმა ამოვიღე დიდმპყრობელობის წინააღმდეგ, სულ ერთია, ორივე შემთხვევაში ცხადად მტკიცდება, რომ საქართველო არ არის თავისუფალი რესპუბლიკა და მოქმედებს გარეშე დირექტივებით...

...სანამ კაცი კაცისთვის, როგორც ამბობენ რომაელები, მგელია, ჯარების ყოლა, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ ეროვნული თვალსაზრისით მოითხოვს, რომ ჯარი იყოს უსათუოდ ეროვნული.

მქონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი კითხვებს, რომელნიც წამოყენებულნი არიან ჩემს წერილში? მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა. არ ვიცი მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავიყვანოთ პრინციპები: "კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა" - ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მთავრობის უარყოფასა და წინააღმდეგობაში და სხვ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს და საზოგადოთ არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას. ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: "მეწყალის ერი ესეო" (მარკ. 8,2). "ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო," გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღეობისათვის, მათი ბრძოლა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, მის უსამართლობასთან, მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც მრისხანე იმპერატორი თეოდოსი არ შეუშვა ეკლესიაში მისგან თესალიაში მოხდენილი სისხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს, სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობის და ერის ინტერესების დასაცავად ამქვეყნიურ ხელისუფალთა მძლავრებისაგან. სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა. რამდენად მოურიდებელნი იყვნენ მღვდელმთავარნი ამ შემთხვევაში, გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი. იმერეთის მეფე სოლომონ დიდის მემკვიდრე, ალექსანდრე, ურწმუნოებისა და სხვა დანა- შაულობებისათვის სამღვდელო კრებამ განკვეთა ეკლესიიდან და, როდესაც ის მიიცვალა, აუკრძალა მისი ქრისტიანული დამარხვა. ის დაასაფლავეს წესის აუგებლად ეკლესიის და სასაფლაოს გარეშე. თვალცრემლიანი მეფე სოლომონ დიდის მუდარებამ და თხოვნამ ვერ გაჭრა, ვერ შეაშინა მღვდელმთავართა კრებული. მოიგონეთ ანტონ ჭყონდიდელი და მისი გამოსვლა ტყვეთა ყიდვის წინააღმდეგ, რაც იმერეთის მეფეს და გურია-სამეგრელოს მთავრებს გადაქცეული ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის სისტემად, როგორც სავალდებულო ბეგარა. აუარებელი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იგზავნებოდა სტამბულში სულტანისათვისაც ყოველწლობით. კრებამ ძალა დაატანა მეფეს და მთავრებს და ხელწერილი დაადებინა ამ სენის მოსპობისათვის. განსაკუთრებითი აღსანიშნავია რუსების დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების ხანა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ეკლესიის და ერის თავისუფლების დამცველებათ გამოდიან ქუთათელი და გაენათელი და ხალხის აჯანყებას სათავეში უდგებიან. ორივე გაამგზავრეს რუსეთისაკენ, მაგრამ მხოლოდ გენათელმა ექვთიმემ ჩააღწია ნოვღოროდში, სადაც ის უნდა დაებინავებინათ. იმპ. ალექსანდრე პირველმა მოისურვა მისი ნახვა, ჩაიყვანეს პეტერბურღში, იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ამისთვის არ მოერიდა ემხილებია საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის და სამშობლოს დამცველების წამებისათვის, მას უწოდა ახალი ნერონი. ეს იყო მიზეზი, რომ ის გააგზავნეს სვირის მონასტერში ოლონეცკის გუბერნიაში, სადაც განისვენა და დასაფლავებულია. (2005 წელს წმინდანად შერაცხილი ექვთიმეს ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს გელათში ს.ვ.).

ამნაირად როგორც სარწმუნეობრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა - პასუხისმგებლად ღვთის ეკლესიისა და ერის წინაშე.

მიუხედავად ყველა ამისა, ჩემი წერილი იყო ნამდვილი ეკლესიური აქტი და თუ მან მიიღო გარეგნულად პოლიტიკური ხასიათი, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაითგან ასეთი თუ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა, მისგან აღებული გეზის ცვალებადება გვაძლევს შეძლებას, წარმოვიდგინოთ პერსპექტივები ეკლესიის მდგომარეობისა მომავალში. ახალ ხელისუფლებას პირველ ხანებში უნდოდ უყურებდა და მეც მაფიქრებდა ეკლესიის მომავალი ბედი, ვინაითგან მთავრობის გეზი ეკლესიურ საკითხში სავსებით უარყოფითი იყო. თუ ხალხს არ მოსწონდა თავისუფლების დაკარგვა, მეც ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას მოყვებოდა ეკლესიის დევნა. და მისი თავისუფლებისმოსპობა, რაც სავსებით გამართლდა. ფაქტიურად ეკლესიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელილია და იურიდიულადაც ცდილობენ მის მოსპობას. შარშანწინ რუსეთში იყო გამართული დიდი კამპანია, ბევრს წერდნენ ეკლესიური ავტოკეფალიების მოსპობის საჭიროებაზე, რადგან რუსეთის მთავრობას სურდა ეკლესიურ ცხოვრებაშიაც შემოეღო ისეთივე ცენტრალიზაცია, როგორიც იყო დამყარებული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამნაირი იყო მისწრაფება მთავრობისა საქართველოშიაც. ამ მიზნით უნდოდა მას საქართველოში დამყარებულიყო "ცხოველი ეკლესია" და ამის პროპაგანდას ეწეოდა სამღვდელოებაში. ზოგიერთნი წევრნი სამღვდელოებისა გაებნენ დაგებულ მახეში და ერთი მათგანი კიდეც ჩაეწერა მთავარ კომიტეტში. ამ მიზნით მეც მომეცა წინადადება, დამეწყო მიწერ-მოწერა "ცხოველ ეკლესიასთან." დავმორჩილებოდი მას, ხოლო ერთ საბჭოს წევრთაგანს შეაძლიეს საპატიო თანამდებობა, ჩადგომოდა "ცხოველ ეკლესიას" სათავეში, მაგრამ ეს, რასაკვირველია, უარყოფილ იქნა, როგორც ცდა ეკლესიური თავისუფლების მოსპობისა და ეკლესიური ცენტრალიზაციისა. ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოს ეკლესიის მმართველი აპარატის წევრები ჩათვლილი იქნენ კონტრევოლუციონერებად, რეფორმების შემოღების მოწინააღმდეგედ, თუმცა საკათ. საბჭოს უკვე დაწყებული ჰქონდა საქმე ფართე რეფორმების შემოღებისა ეკლესიურ ცხოვრებაში. მაგრამ საქმე შეაფერხა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების დაპატიმრებამ, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც მოწინავედ და პროგრესულად სთვლიდნენ თავიანთ თავს და დარჩნენ თავისუფლად სამოქმედო ასპარიზზე, რომელთა ლიდერის თავმჯდომარეობით სარეფორმო კომისიაც კი იყო არჩეული, ვერაფრის გაკეთება, როგორც მოსალოდნელიც იყო, ვერ შეძლეს (იგულისხმება ეპისკოპოსი დავითი ს.ვ.). საქმე იმაშია, რომ საკათ. საბჭოს უნდოდა რეფორმების შემოღება ეროვნულ ნიადაგზე, ადგილობრივი პირობების მიხედვით, ხოლო "მოწინავე" სამღვდელოების წრე, რომელსაც შეერჩია მოქმედების ასპარეზი, ფიქრობდნენ რეფორმების მოხდენას რუსეთის ეკლესიის ტრაფარეტით იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკლესია გაებათ მონობის უღელში, დაემორჩილებიათ ისევ რუსეთის ეკლესიისათვის.

რადგანაც ამნაირი უარყოფითი იყო მთავრობის გეზი სარწმუნოებრივ საკითხებში და მოველოდი ამნაირ შედეგებს, მე, როგორც ეკლესიის თავი, ვეძებდი საშუალებას ეკლესიის ინტერესების დაცვისათვის და ამ მიზნით მივმართე გენუის კონფერენციას.

აქ თავისთავად ისმება კითხვა, აქვს თუ არა ეკლესიის თავს უფლება ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად თქვას რამე ეროვნული თავისუფლების შესახებაც და, თუ არ აქვს, იქნება თუ არა ეს პოლიტიკურ სფეროში შეჭრა? ჩემის რწმენით, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება. ის გვეუბნება, რომ კაცი ღვთისაგან თავის სახედ და მსგავსად შექმნილია. ღვთის სახეობა და მსგავსება აღბეჭდილია მის სულიერ თვისებებში, რომელთა შორის უმთავრესი თვისებაა თავისუფლება. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი (გალ. 5,1); გვეტყვიან რომ მოციქული ამბობს ინდივიდუალურ და სარწმუნოებრივ თავისუფლებაზე და ხალხის თავისუფლებას არ ეხებაო, მაგრამ ვინც ჩაუკვირდება მოციქულის სიტყვებს, დარწმუნდება, რომ ის გულისხმობს კოლექტიურ ინდივიდუმებს - ერებს და მათს ამქვეყნიურ ურთიერთობას. ამას მოციქული ცხადად გვიმარტავს, როდესაც გვეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გვქონდეს არა "საფარველად უკეთურებისა" (1 პეტ. 2,16), არა `მიზეზად ხორცთა," არამედ ძმათა სიყვარულისათვის, ხოლო უკეთუ "ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ ნუუკუე ურთიერთას განილინეთ", ამბობს იგი (გალ. 5, 13-15). ე.ი. თუ ერთმანეთში უთანხმოება და ბრძოლა გექნებათ, ვაითუ ამოწყდეთო. ცხადია, აქ ნათქვამია ადამიანების კრებულთა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ამის გამო თუ მე ჩემს წერილში შევეხე ერის თავისუფლების საკითხს, ამის უფლებას მაძლევდა საღი წერილი და ჩვენ, სასულიერნო პირნი ამ მოვალეობის ასრულებას გვერდს ვერ ავუხვევთ. ეს ერთი.

მეორეს მხრით, როგორ გინდა არ შეეხო ხალხის ცხოვრების საკითხებს, და ამან არ მიიღოს პოლიტიკური სახე, როდესაც ეკლესიის და პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობა ერთი და იგივეა - ეკლესიის წევრნი იმავე დროს არიან სახელმწიფოს წევრნი. ამის გამო ყოველ ჩვენს მოქმედებას, ყოველ სიტყვას შეიძლება მიეცეს პოლიტიკური ხასიათი, თუ ამის სურვილი გვექნება. ეკლესიის და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამოყოფა მე ისე მესმოდა, რომ გამოყოფილ ეკლესიის შინაურ საქმეებში სახელმწიფო არ ჩაერეოდა, მაგრამ სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ვსცდებოდი. 1922 წელს ერთი პროვინციელი ქალაქის ეკლესიაში ხალხს მივმართე სიტყვით, რომელშიდაც ვეუბნებოდი მას, რომ ის იყოს ერთგული ეკლესიისა, რომ ასრულოს ქრისტიანული მოთხოვნილება, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან, რომ მთავრობა ამის გამო არ ერევა მის შინაურ საქმეებში, მორწმუნეებს არ უკრძალავს იქონიოს თავისი სარწმუნოება, სინდისის თავისუფლება და სხვა თურმე ეს სიტყვაც ადგილობრივ ხელისუფალთ მოეჩვენათ საწინააღმდეგოდ და უთქვამთ, როგორ გაბედა ამის თქმაო. იყო შემთხვევა, მქადაგებელმა თავის სიტყვაში მოიყვანა ქრისტეს სიტყვები: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან" ეკლესიასო. აჰა, ჯოჯოხეთი გვიწოდაო. დასაბამიდან ქრისტიანობისა ეკლესიაში მიღებულია ლიტანიობა, მაგრამ ამასაც თვლიან კონტრევოლუციონერულ დემონსტრაციად და სხვა.

საქართველოს ეკლესია და სამღვდელოება არას დროს არ ყოფილან კონტრევოლუციონერული მიმართულების. თუ მათზე მსჯელობენ რუსეთის ეკლესიის ანალოგიით, ეს დიდი უსამართლობა იქნება. ჩვენმა ეკლესიამ და ერმა 120 წელიწადი გაატარა მონობაში. დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა თავისუფლება და სურს შეინარჩუნოს ის. სამღვდელოების ზრახვები ამის იქით არ მიდის. სულ სხვაა რუსეთის ეკლესია. პირველსავე საეკლესიო კრებაზე (1917-18 წლები) იყო გამოთქმული, რომ რუსეთის ხსნა მხოლოდ თვითმპყრობელ მეფეშია, მასზე მსჯელობდნენ და ოცნებობდნენ, ხოლო ამ კრების გაგრძელებამ (ვარლოვიცში) კიდევაც დაადგინა, მოწვეულ იქნას რუსეთის ტახტზე მეფე. დელეგატთაგან ხელს აწერდა 86 (როძიანკომ შეიკავა თავი), ერთმა მღვდელმთავარმა (მიტრ. პლატონი), როგორც გამოქვეყნებული იყო, შეადგინა საღმრთო რაზმი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, - აბა, გვიჩვენეთ ამნაირი რამ საქართველოს ეკლესიის კრებების ან კერძო სამღვდელო პირის ისტორიაში? მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესია გაცილებით უფრო კარგ პირობებშია, ვიდრე საქართველოსი. რაშია საქმე? თუ აქ ჩემი წერილია მიზეზი, ხალხი და სამღვდელოება რა შუაშია? ის ჩემი დაწერილია ეკლესიური და ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და მევე მეთხოვება პასუხი.

როგორ არის დაყენებული ეროვნული საკითხი? პირველად საბჭოთა ხელისუფლებას არც კი ჰქონდა თავის პროგრამაში ეროვნული საკითხი, ის უარყოფილი და დაჩრდილული იყო ინტერნაციონალურ მიმართულების უკიდურესობით (ის ემსახურებოდა მხოლოდ დიდმპყრობელობის იდეას). შემდეგ ამ საკითხს მიექცა ყურადღება. სტალინი ამბობს, რომ ნიკოლოზ მეორის დროს მხოლოდ და მხოლოდ ერების გარუსებაზე ფიქრობდნენო. ამაში მეც სავსებით ვეთანხმები, რადგანაც ჩემი 37 წლის მსახურების განმავლობაში ამ ბოროტებას ვებრძოდი ბეჭდვითის სიტყვით (ადგილობრივ და სატახტო პეტროგრადის ჟურნალ-გაზეთებში) და საქმით, რის გამო დევნა, ტანჯვა და მწუხარების მეტი არა დამიმსახურებია რა. მაგრამ განაგრძოს სტალინმა, როგორია ახლა ამ საკითხის მდგომარეობა. ახლა სულ სხვაო, ამბობს იგი, საბჭო- თა ხელისუფლება არ ცდილობს ყველა ერები ალაპარაკოს ერთ ენაზე. რაც უნდა პატარა იყოს ერი, ის სცდილობს შეუქმნას მას წერა-კითხვა და მწერლობა. მე-X ყრილობამ დაადგინა: 1. საბჭოთა ხელისუფლება ყველა ერებში მოეწყოს ადგილობრივი პირობების, ზნე-ჩვეულების და მიდრეკილების მიხედვით და შეფარდებით. 2. საქმის წარმოება და მიწერ-მოწერა უსათუოდ უნდა იქნეს ადგილობრივ ენაზე და 3. სკოლებში სწავლების ენად უნდა იქნას უსათუოდ ადგილობრივი ენა. მე-XII ყრილობამ კიდევ უფრო გააფართოვა ეროვნული საკითხი. ამნაირად საბჭოთა ხელისუფლება ეროვნული საკითხის უარყოფიდან გადაიხარა მის ცნობამდი, მისი სამსახურისაკენ (თუმცა ეს ჯერ, სავსებით არ არის განხორციელებული). ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ამას თხოულობდა ცხოვრება და ამისთვის ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაეწიათ.

მიუხედავად ამისა, ყველა რუსი კომუნისტი ამას არ თანაუგრძნობს. ლენინმა სთქვა: "გაფხიკეთ ზოგიერთი კომუნისტი რუსი და თქვენ დაინახავთ წითელ პატრიოტსა და შოვინისტსაო." მათში ბევრია დიდმპყრობელობის იდეის მიმდევარნი - იმ დიდმპყრობელობის, რომელსაც ლენინმა უწოდა русопятство. X ყრილობაზე აღნიშნული იყო, რომ რუსი კომუნისტები განაპირა ქვეყნებში ამაყობენ თავის რუსობით, მათ სწამთ არა ფედერაცია, არამედ განუყოფელი რუსეთი. უკრაინის წარმომადგენელმა კომუნისტმა ზატონსკიმ აღნიშნა X კრებაზე, რომ პოლონეთის და გალიციის წინააღმდეგ მიმავალ ჯარს ამხნევებდნენ რუსული პატრიოტიზმით, რუსეთის განუყოფელობით. თვით სახელწოდება "საბჭოთა რუსეთში"` ზატონსკი ხედავს იმავე დიდმპყრობელობით იდეას და ამბობს: გერმანიაც რომ შემოგვიერთდეს, ნუთუ მაშინაც დარჩება სახელი "საბჭოთა რუსეთიო."

როგორც რუსეთის დიდმპყრობელობას, русопятство -ს, წითელ პატრიოტიზმს, და რუსეთის განუყოფლობას, ისე ზატონსკის პროტესტს აქვს თავისი საფუძველი. აქ ნათლად მოსჩანს ბუნება ადამიანისა, სიყვარული თავისი ერისა და სამშობლოსადმი, პატრიოტიზმი, მართალია, პირველ შემთხვევაში ზოოლოგიურია, მაგრამ მაინც პატრიოტიზმია. ამნაირ მიმართულებას, რასაკვირველია, ლენინი და საუკეთესო კომუნისტები გმობენ, მაგრამ მისი არსებობა მაინც ფაქტია. ერთმა ჩვენმა უმაღლესმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში გამოსთქვა, რომ რუსეთის დიდმპყრობელობას უნდა ვებრძოლოთო. მაშ რაშია საქმე? მარტო ჩემთვის ხომ არ უნდა იყოს დანაშაული დიდმპყრობელობის წინააღმდეგ ხმის ამოღება. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ის დებულებანი, რომელნიც დაედვა ჩემს წერილს, არ ყოფილან უმნიშვნელო. იმნაირ ვითარებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება და მიაქციეს კიდეც.

ეროვნულ ცხოვრების მიმდინარეობაში დეფექტების მაჩვენებელი ფაქტებიო, მკითხავენ. არ ვიცი საჭიროა ფაქტების მოყვანა თუ არა. ამბობენ, რომ მდგომარეობა ახლა უარესია, ვინემ იყო. იმ დროს, როცა ჩემი წერილი იგზავნებოდა გენუის კონფერენციაზე. უარესობისას მე ვერას ვიტყვი, რადგან უკანასკნელი წელიწადი პატიმრობაში მყოფობისა გამო მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მაგრამ თუ ეროვნული ცხოვრების მდგომარეობის უარესობა სინამდვილეა, მაშინ საჭიროა გამოირკვეს, სად არის ამის მიზეზი. ჩვენი კომუნისტების ენერგია, რომის მოყვარეობა და ქართველი ერის საკეთილდღეოთ ზრუნვა მრწამს და ამისთვის, ვფიქრობ, ამის მიზეზები უნდა ვეძიოთ გარეშე პირობებში - ჩვენში მოქმედ გარეშე ძალების სიძლიერეში. იმედია ჩვენი მუშაკების ენერგია შეებრძოლება ამ ხელის შემშლელ პირობებს და დაძლევს მათ ერის საკეთილდღეოდ. ამჯერად კი მაინც მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

ა. დაწესებულებაში ყველაზე უკეთ მე ვიცნობ საგანგებო კომისიას, რადგან ორ წელიწადზე მეტი ჩემი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული. ჩემი პირველი ამ დაწესებულებაში შესვლის დროს თავმჯდომარის კაბინეტის კარებთან მჯდომ დარაჯს ვკითხე ქართულად რაღაც, ხოლო მან მიპასუხა: " Я по грузински, не знаю ". მე, რადგან ვიცოდი რუსული, მივიღე დაკმაყოფილება, მაგრამ რა ქნას რუსულის უცოდინარმა? მას მეკარესთანაც მოენე სჭირდება.

აფხაზეთიდან ჩამოვიდა გლეხი, შვილი ჰყავდა დაპატიმრებული ჩეკაში და მისი ნახვა უნდოდა, იარა მთელი ორი თვე და ვერავის გააგებია თავისი სურვილი, რადგან ჩეკაში წამყოლი მოენის შოვნა ძნელია. მერე ურჩიეს და თხოვნით მიმართა ჩეკის თავმჯდომარეს, რამაც გასჭრა, მიიღო დაკმაყოფილება. მაგრამ რამდენი დაუჯდა საწყალ გლეხს შვილის ნახვა? წამოსვლის დროს გაყიდა ხარ-კამეჩები სახარჯოდ და დაჰკარგა ორი საუკეთესო თვეების (მაისი და ივნისი), როდესაც აფხაზეთში წარმოებს ხვნა-თესვა სიმინდისა (სოფლის მუშაობა).

დააპატიმრეს ჩემთან მყოფი მღვდელმონაზონი ეფრემი, გავუგზავნეთ სადილი ქართულად დაწერილი ბარათით, დამიბრუნეს უკან, არ მიიღეს, ბარათი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო.

იქვე მოპასუხე ემუდარება გამომძიებელს, მომიყვანეთ მოენე და მალაპარაკეთ ქართულადო, გამომძიებელმა არ დაუკმაყოფილა თხოვნა და დაასაბუთა ამნაირად: "Все равно и по грузински также будет врать, как и по русски"...

ბ. ფოსტა. იმ ხანებში, როდესაც გავგზავნე წერილი გენუაში, ჩემმა კანცელარიამ გაგზავნა საქმის წერილი დუშეთის მაზრაში, დააბრუნეს ამანათზე რუსული წარწერით, რომ მისამართი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო. ერთმა დიდმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში გამოაქვეყნა შემდეგი: "ერთის ფოსტის უფროსისაგან მოვიდა მოთხოვნილება: რადგან საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენა სავალდებულოა, მოგვაშორეთ რუსი მოახელე ქართულის უცოდინარი, რომელიც ვერ ასრულებს მოვალეობას. ეს საკითხი მშვენიერათ გადავწყვიტეთ. რუსულ ენაზე მოსული ტელეგრამა რუსმა მიიღოს, ხოლო ქართულ ენაზე ქართველმა. მხოლოდ არ იყო მოხსენებული, იმ ფოსტის განყოფილებაში არსებობს თუ არა მოხელეთა მორიგეობა და თუ არსებობს, რას იზამს რუსი ქართულის უცოდინარი, როდესაც მისი მორიგეობის დროს მოვა დეპეშა ქართულ ენაზე. არის თუ არა ამნაირი პრივილეგია ქართველისათვის რუსეთში. მაგალითად მოსკოვში, პეტროგრადში, ვლადიკავკაზში და სხვაგან, სადაც ქართველობა ბლომადაა.

გ. რკინის გზა. უკანასკნელ დრომდე იქ ქართული ენა განდევნილი იყო. ერთმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მთავრობას უსაყვედურებენ, რომ რკინის გზაზე საქმის წარმოება არ არის ქართულად. ახლა მუშავდება კანონ-პროექტი, ორის კვირის შემდეგ გამოვა, რომლის შემდეგ ქართველ გლეხს შეეძლება მოგზაურობა ქართული ენის საშუალებითო. ამ განცხადებამ სიხარული და ტაში გამოიწვია. გამოქვეყნდა ეს სასურველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ რკინის გზის სამმართველოში საქმე უნდა წარმოებდეს რუსულ და ქართულ ენაზე, რუსი - თუნდაც ქართული ენის უცოდინარი მოსამსახურენი საჭირონი არიან, რადგან საქართველოს რკინის გზა შესულია რუსეთის რკინის გზათა ცხრილშიო. და სხვ. იმის გამო, რკინის გზა შეუერთდა რუსეთის რკინის გზებს. ქართველს, რუსულის მცოდნეს, არ შეუძლია არაქართულ რესპუბლიკის ტერიტორიაში საპასუხისმგებლო ადგილები დაიკავოს რკინის გზის სამმართველოში, ალბად იმისთვის, რომ ქართველს ნდობა დაკარგული აქვს. ამას წინათ გაზეთში გამოცხადებული იყო, რომ რკინის გზაზე მომხდარ რაიმე გაუგებრობის შესახებ პრეტენზიები უნდა გაასაჩივრონ სარკინიგზო ცენტრალურ დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება მოსკოვში. ნუთუ არ შეიძლებოდა აქ, თბილისში დაარსებულიყო ამნაირი დაწესებულება ანუ განყოფილება მაინც, სადაც ყველა ქართველს თავის ენაზე შეეძლებოდა მიემართა საჩივრით.

დ. ამბობენ, რომ უმთავრეს საფინანსო დაწესებულებაში - სახელმწიფო ბანკში - ქართველის სამსახური იშვიათია და თუ ვინმე მსახურობს, უკავია სულ დაბალ მოსამსახურის ადგილი.

ე. განათლების კომისარიატში მხოლოდ შარშან გადავიდნენ საქმის ქართულ წარმოებაზე. 1923 წლის მაისის თვეში გამოვიდა კომისარიატის ბრძანება ამის შესახებ.

ვ. რაღაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდოდათ აერჩიათ პასუხისმგებელი მდივანი ქართული ენის უცოდინარი. კრების დამსწრეთაგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ფარგლებში მოსამსახურისათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, და ამისათვის მას "Раб Правда"-მ უწოდა შოვინისტი და პურიშკევიჩი.

სხვა მაგალითების მოყვანას მე არ შევუდგები, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუხვიო იმ შეკითხვას, რომლებსაც აძლევდნენ ყოფილი მენშევიკები ხელისუფალთ 1923 წლის აგვისტოს ყრილობის დროს, რადგან ეს შეკითხვები ხალხის სურვილების მაჩვენებელნი არიან:

ზ. თქვენ ამბობთ, ეუბნებიან ყოფილი მენშევიკები კომუნისტებს, რომ რუსეთის პროლეტარიატი არავის მისცემს ნებას, რომ ქართული ენა იქნეს დაჩაგრულიო. თუ ჩვენი რესპუბლიკა დამოუკიდებელია, რისთვის ჩვენმა პროლეტარებმა, კომუნისტებმა და ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს და მიიღოს ზომები ამის შესახებო.

თ. როდესაც ქართველი მსახურობს ქარხანაში, ვალდებულია ის უყვარდეს თავისი სამშობლო თუ არაო.

თ. რა საჭიროა იყო საქართველოს დაყოფა ავტონომიებად, განსაკუთრებით რა საჭირო იყო ოსეთის და აჭარის რესპუბლიკების დაარსება. საჭიროა თუ არა ყველა მაზრას, თემს და სოფელს ჰქონდეს ავტონომიური უფლებებიო.

ი. როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან.

კ. როდესაც ქართველი გლეხი - რუსულის უცოდინარი - მიდის რომელიმე დაწესებულებაში, ვალდებულია თუ არა ის თავისთვის მოენე თვითონ იშოვოსო.

ლ. მიაქციეს ყურადღება ტფილისში ხალხის გამრავლებას და ცრემლში ამოვლებულ ირონიით ამბობენ: "მარქსმა სთქვა, ყველა ქვეყნის პროლეტარებო შეერთდით და არას დროს, არსად არ უთქვამს, ყველა ქვეყნის ლტოლვილებო ტფილისში შეგროვდითო" და სხვ.

ჩაუკვირდით ამ შეკითხვებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ხალხი რაღაცით არ არის კმაყოფილი, რაღაც აწუხებს მას და ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. ჩაუკვირდით და თქვენ იმასაც დაინახავთ, რომ მე იმისთანა არაფერი მითქვამს, რაც სინამდვილეს ეწინააღმდეგებოდეს და მომაკვდინებელ ცოდვად შეიძლებოდეს ჩამეთვალოს.

შეიძლება ვინმემ მომცეს შენიშვნა, რომ ამდენს ვლაპარაკობ ეროვნული კითხვების შესახებ და თითქმის არაფერი მითქვამს ეკლესიის მდგომარეობაზე, მაგრამ განა საჭიროა რაიმეს თქმა ეკლესიის მდგომარეობაზე? თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკვირდება, ნათლად ხედავს ეკლესიური ცხოვრების სინამდვილეს, ხოლო ვისაც ისტორია უსწავლია ან გასცნობია ოდნავ მაინც. იმან იცის, რომ ამნაირი დევნულობა, როგორც ჩვენში მოხდა, ისტორიამ არ იცის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს, როდესაც მორწმუნენი იძულებულნი იყვნენ თავიანთი სარწმუნოებრივი მოვალეობების აღსასრულებლად ჩამძვრალიყვნენ კატაკომბებში, იმნაირი სისასტიკე, როგორიც ჩვენში გამოიჩინა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, არ ყოფილა არც რუსეთში და არც სხვა საბჭოთა ფედერაციის რესპუბლიკებში. რუსეთიდან ჩამოსულები განცვიფრებაში მოდიან, როდესაც გაიგებენ ეკლესიის მდგომარეობას საქართველოში. ამას წინათ გაზეთ "კომუნისტში" (30 ნოემბერი, 1923 წელი № 276) მოყვანილი იყო ცნობა, რომ განჯის მუსულმანურ სასულიერო წოდების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთში ძალადობაზე მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიაც კიცხავენ ინგლისის იმ აგენტებს, რომელნიც არამუსულმან ქვეყნებში ავრცელებენ უმეცრებას და ცრუმორწმუნებას, სდევნიან სამღვდელოებას, საღმრთო უფლებებს და შეურაცხყოფენ მუსულმანთა წმინდა ადგილებს. ყველა ამისთვის კიცხავენ ბრიტანეთს და მადლობას უცხადებენ საბჭოთა ხელისუფლებას სამართლიანი მოპყრობისა და მისგან დამყარებული რწმენის თავისუფლებისათვის. ბედნიერი მუსულმანი მორწმუნენი! მათში არ ყოფილა დევნა სარწმუნეობისა! ბედნიერი მუსულმანური სამღვდელოება, რამდენად წინ წასულა იგი სამი წლის განმავლობაში, რამდენად გაუსწრია ჩვენი ქართული სამღვდელოებისათვის!!! ვაი, ჩვენი სირცხვილი! არც სომხების რესპუბლიკაში დაკეტილა არამც თუ იმდენი ეკლესიები, რამდენიც საქართველოში, მაგრამ იმედია, მომავალში ჩვენც მოგვეცემა რწმენის თავისუფლება.

სად იყო ამ სისასტიკის მიზეზი? ამბობენ, რომ ამის მიზეზი იყო თვით ხალხი. მას არ უნდოდა ეკლესიები, სამღვდელოება და სარწმუნოება, მაგრამ მართალია ეს? სასულიერო მთავრობის წარმომადგენლის თანდასწრებით ეკითხათ ხალხისთვის ფარული ხმის მიცემის საშუალებით, თორემ პირდაპირ გამოთქმას ხალხი ვერ ბედავს, რომ ამან არ გამოიწვიოს რეპრესიები ან რაიმე ბუგეულში მომხდარი უბედურების მსგავსი. თუ ფარული დაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა რიცხვი მცირე აღმოჩნდებოდა, მაშინ ჩვენ თვითონ დავკეტავდით ეკლესიას და მორწმუნეთ მივაწერდით სხვა სამრევლოს.

გადმოგვცემენ, რომ ერთ სოფელში (სამეგრელო) ეკლესიის დაკეტვის და მღვდლისათვის მღვდელმოქმედების აკრძალვის შემდეგ ერთ ღამეს მოჰგვარეს მღვდელს სამოცი მოსანათლი ბავშვი, რამდენი ყოფილა ამ სოფელში მორწმუნე? თითო ოჯახში ხუთი სული რომ ვიანგარიშოთ, გამოვა სამასი სული მორწმუნე. ახლა რამდენი მორწმუნე ოჯახი იქნებოდა, რომელსაც მოსანათლავი არ ეყოლებოდა. აი ეს და ამნაირი სოფლები ურწმუნოებად არიან გამოცხადებულები. მე ხელში მქონდა და შეიძლება ახლაც მქონდეს, აღწერილობა აბაშის ეკლესიის დანგრევის ისტორიისა. ბუგეულის ეკლესიის დაკეტვის ისტორია სასამართლოს კარგად მოეხსენება და სხ. სამეგრელოდან, ამბობენ, მოსანათლავი ბავშვები მიჰყავდათ და ჯვრისწერაში მიდიოდნენ იმერეთში, აფხაზეთში და სხვაგანაც. ყოფილა მაგალითი თბილისშიაც ჩამოყვანისა. მიცვალებულებს წესის აუგებლად მარხავდნენ, ხოლო წესის ასაგებად და წირვის გადასახდელად საწყლები მიდიან შორეულ ადგილებში. ამდენად დიდია შეწუხებაო, ამბობენ, მაგრამ შეიძლება ეს ხალხისათვის სასარგებლო იყოს სარწმუნოებრივად და ეკონომიურადაც? რას გვეუბნება ამნაირი მაგალითები?

როდესაც ხალხის ურწმუნოების მტკიცება არ გამოდგა საკმარისად, დევნულობის მიზეზად გამოაცხადეს ჩემი გენუის კონფერენციისადმი მიმართვა და დაიწყეს მტკიცება, რომ მანამდის არ ყოფილა სარწმუნოების დევნაო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ხალხის სურვილი აქ არა შუაშია და თუ ხალხის სურვილი იყო ეკლესიების დაკეტვა, უჩემწერილოდაც მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მეორეს მხრით, საკადრისი იქნებოდა მთავრობისათვის ჩემი დანაშაულისათვის ხალხის დასჯა სარწმუნოებრივად? მაგრამ ვიკითხოთ, მართალია ის მტკიცება, რომ ჩემი წერილის გაგზავნამდის არ ყოფილიყოს ვითომ დევნა სარწმუნოებისა? როდესაც ახალი ხელისუფლება მყარდებოდა საქართველოში, მე განვაგებდი სოხუმის ეპარქიას. რა ვნახე? სოხუმში ახალი მთავრობის თითქმის პირველი აქტი იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის საკათედრო ტაძრის ჩამორთმევა და გადაცემა რუსებისათვის, რომელბიც რაოდენობით სოხუმის მკვიდრთა ერთ მეოთხედსაც არ შეადგენდნენ და რომელნიც არ ემორჩილებოდნენ საქართველოს ეკლესიას. მეორე, ეკლესიისათვის არა საკეთილო ზომა იყო სამღვდელმთავრო სახლის ჩამორთმევა, ჩემი იქიდან ძალით გამოგდება, ბარგების ქუჩაში გამოყრა, ჩემი კომისარიატიდან კომისარიატში შეიარაღებული მილიციონერების საშუალებით ტარება და ჩემი ხუთი თვის განმავლობაში ხან ვისთან და ხან ვისთან თავის შეფარება. მე-3. კარის ეკლესიის დანგრევა. 4. კანცელარიისა და ისტორიისათვის ძვირფასი არქივის სანახევრო განადგურება და ნაშთის სამზარეულოსთან ნესტიან ოთახში შეყრა, სადაც სისტემატურად ნადგურდებოდა. 5. საეკლესიო სახლების ჩამორთმევა და მღვდელ-მსახურთა შევიწროება, რის გამო ზოგიერთი მღვდელთაგანი იძულებული გახდა, სოფელში შეეფარებია თავი და თავის რიგის შესასრულებლად იქიდან ეარა ქალაქში და სხვ. ყველა ეს მოხდა ახალი მთავრობის დამყარების პირველ თვესავე. იგივე მოხდა ფოთში, რის გამოც მღვდელმთავარი, რომელსაც ბინა წაართვეს, იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებინა. საკათ. საბჭოს შუამდგომლობით შინაგან საქმეთა კომისარიატმა გასცა განკარგულება ფოთის სამღვდელმთავრო სახლის დაბრუნების შესახებ. მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ უყურადღებოდ დასტოვა ცენტრალური მთავრობის განკარგულება. რუსეთის ცენტრალიზაციის სისტემას მტკიცედ ვიცავთ და ვემორჩილებით და შინ კი ვერ განგვიხორციელებია ეს სისტემა. შინაგან საქმეთა კომისარიატმა შეიმუშავა პროექტი, რომ ის შენობები მაინც დარჩნენ ხელუხლებელი, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიის ეზოებში. პროექტი დამტკიცებულ იქმნა ცენტ. აღმასრულებელი კომიტეტისაგან, მაგრამ სისრულეში მოყვანას ვერ ეღირსა. საკათ. საბჭოს საქმეებში ბევრია მაგალითები პროვინციის დაბა-სოფლებში სახლების ჩამორთმევისა და სამღვდელოების შევიწროებისა. ცხადია, ახალ ხელისუფლებას თავიდანვე ეტყობოდა, თუ რანაირი იქნებოდა მისი გეზი საეკლესიო საქმეებში და ტყუილია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი წერილის ბრალი იყოს, მე ამას ვერ დავუშვებ, იმდენად ვერ დავამცირებ მთავრობას, რომელსაც პატივს ვცემ.

გარეშე ამისა უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ისტორია გვიმტკიცებს, რომ დევნულობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება. პირიქით, შენიშნულია რომ დევნულობა აძლიერებს მას, მეცნიერთა აზრით, პირველ საუკუნეებში რომ არ ყოფილიყო სასტიკი დევნულობა, შეიძლება ქრისტიანობას არც კი გაემარჯვა, ჩამქრალიყო, მაგრამ ბრძოლამ მისცა მას ძალი არსებობის განმტკიცებისა. სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისად საზოგადო კანონებიდან. მაშინ ხალხს დასჭირდება ეკლესიები, სამკაულები და შესამოსლები. ვინ აღუდგენს მას დანგრეულ ეკლესიებს. დაუბრუნებს შესამოსლებს და ეკლესიურ აუცილებლად საჭირო სამკაულებს? მიზანშეწონილად და მოფიქრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეკლესიის შესახებ? მე მესმის მხოლოდ იდეური ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება თავისი რწმენის დაცვისა. მაგრამ კმარა ამის შესახებ, ვინაითგან ახლა თვით მთავრობა მიმხვდარია, რომ მისი მოქმედება გადაჭარბებული იყო. შეცდომა მოუვიდა. ეს ბეჭდვითაც კი გამოაქვეყნა მან, რაც მომასწავებელია გეზის შეცვლისა.

ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ ხელისუფლებამ აღიარა თავისი შეცდომებიო. აგრეთვე ყოფილი მენშევიკების ყრილობის დროს და სხვა შემთხვევებშიაც კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ მას ბევრი შეცდომები მოუვიდა, მაგრამ ამის აღიარების მას არ რცხვენია. დიდად სასახელო თვისებაა. ყოველი ადამიანი შეცდომის შვილია, შეცდომები მას თან სდევენ. მისი თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ, როდესაც ადამიანი არ ჯიუტობს, როდესაც გულახდილად მისი აღიარებისა არ რცხვენია, ეს მომასწავებელია გასწორებისა და წინმსვლელობისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კომუნისტების დაყოფა ორ ბანაკად - ცენტრალისტებისა და უკლონისტებისა - შედეგია უკანასკნელთაგან ეროვნულ საკითხში თავის შეცდომების შეგნებისა და ეროვნული პრინციპების მიღებისა. პირველმა პარტიამ გარეშე ხელშემწყობლებისა გამო გაიმარჯვა, ხოლო უკლონისტები გარიყულ იქნენ იმის გამო, რომ დიდმპყრობელი ერისთვის საჭირო და მარგებელი იყო ცენტრალიზმი. ზინოვიევი თავის იმ წერილში, რომელმაც გამოიწვია დისკუსიები, ამბობს: "ისეთი ქვეყნის მმართველს, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რუსეთის (ხაზი ჩემია) კომპარტიას არ შეუძლია არ იყოს ცენტრალისტურ ორგანიზაციად" - ("კომუნისტი" 9 დეკემბერი, 1923 წელი, №284). როგორც ამ სიტყვებიდანაც სჩანს, კომუნისტურ ხანასი სუყველა ერებისათვის არ არის საჭირო და სავალდებულო ცენტრალისტური წეს-წყობილება, ხოლო არ არის გამორკვეული საკითხი, არის თუ არა მარგებელი საქართველოსთვისაც ცენტრალიზმი და, ჩემის აზრით, ქართულ დისკუსანტებისათვის საჭირო იყო მიექციათ უმთავრესი ყურადღება ამ საკითხის გამორკვევისათვის.

საკავშირო ცაკის მესამე ყრილობაზე მოსკოვში ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა წარადგინა დებულების პროექტი სადირექტივო კომისარიატის დაარსების შესახებ და ამის საჭიროების დასასაბუთებლად თქვა შემდეგი: "კლასობრივი მხრით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ცენტრალისტები". მაგრამ იმავე დროს ანგარიში უნდა გავუწიოთ სსრ კავშირის ხალხთა ნაციონალურ თავისებურებებს და შევიტანოთ ეს ჩვენს კონსტიტუციაში. ცენტრალიზაცია, საერთო საკავშირო კომისარიატები, შეეფერებიან საბჭოთა ხელისუფლების კლასობრივ საფუძველს. მეორე მხრით, ჩვენ გვაქვს კომისარიატები, რომლებიც გამოხატავენ ნაციათა მისწრაფებებს და შეეფერებიან ცალკე რესპუბლიკების კულტურულ-ისტორიულ და ყოფა-ცხოვრების თავისებურებებს, ეს კომისარიატები აბსოლუტურათ ავტონომიური არიან ("კომუნისტი". 10 ნოემბ. 23 წ. №259), აქედან ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ კულტურული ავტონომია, მაგრამ ისიც არ ვიცით დანამდვილებით, ამ სფეროშიც ვართ თუ არა სრულიად თავისუფალი და ის სადირექტივო კომისარიატი, რომელიც უნდა დაარსდეს, ალბათ საჭიროა ამ ავტონომიურ ფარგლების ვითარებისათვის. ბეჭდვით სიტყვას არც კი დაუსვამს საკითხი, გამოერკვია, აქვს თუ არა ქართველ ერს რაიმე საქმეებში დამოუკიდებლობა, არსებობს თუ არა რაიმე თავისუფლება. ეს კითხვა შეიძლება დაისვას ფორმალური მოსაზრებით, ხოლო ნამდვილად კი ზემოთ ნათქვამის შემდეგ ცხადია, რომ საქართველოში არ არსებობს ეროვნული თავისუფლება. კომუნისტური მოძღვრება წინააღმდეგია სახელმწიფოებრივობის არსებობისა და ხელს უწყობს მის სრულიად
მოსპობას. სტალინი ამბობს ამის შესახებ შემდეგს: "1917 წელს, როცა ჩვენ წინ, ოქტომბრისაკენ მივდიოდით, ჩვენ საქმე ისე წარმოგვედგინა, რომ გვექნება კომუნა, რომ ეს იქნება მშრომელთა ასოციაცია, რომ ბიუროკრატიზმს დაწესებულებებში მოეღებათ ბოლო და რომ სახელმწიფოს, თუ უახლოეს პერიოდში არა, ორი-სამი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც, გადავაქცევთ მშრომელთა ასოციაციად. პრაქტიკამ კი დაგვანახა, რომ ეს არის იდეალი, რომლიდანაც ჩვენ კიდევ შორს ვართ, რომ იმისათვის, რათა სახელმწიფო განთავისუფლდეს ბიუროკრატიზმის ელემენტებისაგან, იმისათვის, რომ საბჭოთა საზოგადოება მშრომელთა ასოციაციად გადაიქცეს, საჭიროა მოსახლეობის მაღალი კულტურული დონე, საჭიროა გარშემო სრულიად უზრუნველყოფილი მშვიდობიანი პირობები. იმისათვის რომ საჭირო არ იყოს ჯარების დიდი კადრები, რომლებიც მოითხოვენ აუარებელ ხარჯებს და მძიმე უწყებებს, რომლებიც თავის დაღს ასვამენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებსაც ("კომუნისტი". 14 დეკ. 23 წ. №288). დიახ, თვით კომუნისტები დარწმუნდნენ, რომ კომუნიზმის განხორციელებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. განხორციელება კომუნიზმისა მოხდება მაშინ, როდესაც დადგება ის დრო, როდესაც გახდება შესაძლებელი დავინახოთ "თხა და მგელი ერთად ძოვდეს", როდესაც, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, საომარი იარაღები სახნისებად იქნებიან გადაკეთებული, როდესაც კაცი კაცისთვის არ იქნება მგელი, ერთი სიტყვით, როდესაც ადამიანის ბუნება გარდაიქმნება. მართალია ეს დრო სანატრელია, მაგრამ ეს არის ოცნება, მართალია ძალიან ტკბილი, მაგრამ მაინც მხოლოდ ოცნება. დავუშვათ, რომ ეს ოცნება შეიძლება იქცეს სინამდვილედ და მისთვის საჭიროა მზადება, თანდათანობით განხორციელება ამ იდეალისა, მაგრამ ვერ გაგვიგია, რისთვის უნდა დაწყებულ იქნას უსათუოდ საქართველოდან, მისი დამოუკიდებლობის გაუქმებიდან. დაიწყოს თვით დიდმპყრობელობა და საქართველო - ცნობილი თავისი წამბაძველობით თვისებით - უსათუოდ მიყვება მის მაგალითს. უამისოდ ცენტრალიზაცია - წვრილ ერებისაგან თავისუფლების დაკარგვის საშუალებით მომხდარი, - მარგებელი იქნება მხოლოდ დიდმპყრობელი ერის ძლიერება-ბატონობის განმტკიცებისათვის. იტყვიან, ეს საჭიროა იმ კავშირისათვის, რომელიც არსებობს და მარგებულია პატარა ერების ფიზიკურად შენახვისათვისო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ ერებს შორის უფრო სამართლიანობა იქნება, ვიდრე ბატონსა და მონათა შორის.

ერთმა ჩვენმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში სთქვა: "1921 წლის განმავლობაში მე კიდევ მესმოდა საშიშროება ქართველი ერის ეროვნულად განადგურებისაო." შესანიშნავი ეროვნული თვალსაზრისის გამომხატველი სიტყვებია. ბევრი რამეს გამოყვანა შეიძლება ამ სიტყვებიდან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებისა გამო ამ ხელად ამის ტვირთვა არ შემიძლია. შევნიშნავ მხოლოდ, რომ თუ მას მოუვიდა ამნაირი საშიშროება, სხვებსაც და მათ შორის მეც მქონდა უფლება, დამბადებოდა იგივე საშიშროება და თუ დამებადა იგი, გეკითხებით თქვენ, ვიყავი მოვალე ამომეღო ხმა თუ არა? როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ ვხედავდი ხალხის ეროვნულად მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი, ხმა ამომეღო, ხოლო ახლა ამ მოვალეობის ასრულებისათვის ვსდგავარ საქართველოს უზენაეს ეროვნულ სასამართლოს წინაშე, რომელიც მასამართლებს, როგორც დამნაშავეს.

ერთმა არა ქართველმა პასუხისმგებმა კომუნისტმა (და გაზ., "მუშა"-მაც №20, 1924 წ.) მითხრა, რომ მე ჩემის გამოსვლით გადავიკიდე ერის მშრომელი ნაწილი, მაგრამ რომელ ერს გულისხმობს?! ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვისაც მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები კიდევაც შევსწირე. არა, არ დავიჯერებ. გლეხობა, რომელიც შეადგენს ქართველი ერის 90% მეტს, რომელიც მუდამ დაჰყურებს დედამიწას და რწყავს მას თავისი ოფლით, რომელიც მისგან მოელიდ თავის საზრდოს, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავის სამშობლოს მოსიყვარულე და მის თავისუფლების იდეის დამცველს არასდროს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება.

დარწმუნებული ვარ, იმ ქართველ მშრომელთ, რომელნიც ქალაქებში მუშაობენ, დროგამოშვებით მაინც აუძგერდება გული სამშობლოს ბედ-იღბლის და მდგომარეობის მოგონებით. ქართველი მუშის დამახასიათებელია ის თვისება, რომ ის იშვიათ შემთხვევაში წყვეტს კავშირს სოფელთან. შრომობს და ნაშრომის გადანარჩენი უმეტეს შემთხვევაში მიაქვს თავისი მამაპაპეული ოჯახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენში ძალიან ცოტაა ეგრეთ წოდებული ბოგანო მუშა. ის დარწმუნებულია, რომ მისი ინტერნაციონალური და კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა არ არის თავის სამშობლოს სიყვარულის წინააღმდეგი, ამა თუ იმ ერისთვის ზრუნვა არ უშლის და არ ეწინააღმდეგება მის კოსმოპოლიტურ შეხედულებას. პირიქით, მან იცის, რომ ქართველი ერისთვის ზრუნვა იმავე დროს არის კაცობრიობის სამსახური, ვინაითგან ქართველობაც არი ამ კაცობრიობის ნაწილი. მართალია, ინტერნაციონალური მიმართულების განვითარების განვითარების პროცესში არი ერთი პერიოდი, რომელსაც უძახიან სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას, რომლის შინაარსს შეადგენს ოცნებობა მთელი ქვეყნიერების ბედნიერებაზე და იმავე დროს მისი მიმდევარნი არ აქცევენ ყურადღებას თავის ოჯახს, თავის ხალხს, თავის სახელმწიფოს, თავისას ყველაფერს უცხოელზე დაბლა აყენებენ და აღფრთოვანებულია ყველა იმით, რაც სხვისია. მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვისია. არ ვიცი, გავლილია თუ არა ეს ხანა ჩვენი ერის ცხოვრებაში. მხოლოდ ვიცი, რომ ამნაირი მიმართულება იყო ჩვენში და ახლაც არიან ზოგიერთები, რომელნიც მზად არიან დიდმპყრობელ ერთან დაკავშირებას შესწირონ ქართველი ერის თავისუფლება და ეროვნული ინდივიდუალობა. ამისთვის გასაგებია ზემოთ მოხსენებული შეკითხვა: "ქართველი, როდესაც ის მუშაობს ქარხანაში, არის თუ არა მოვალე უყვარდეს თავისი სამშობლო." 1904 თუ 1905 წელს ჩვენი სამშობლოს რომელიღაც კუთხეში იყო შიმშილობა და გაზეთებმა გამართეს ფულის შეგროვება დამშეული ქართველებისათვის დასახმარებლად. ერთმა ქუთაისურმა სოც. დემოკრატიულმა გაზეთმა გამოსთქვა, რომ ის თანახმაა ააგროვოს შეწირულობა მხოლოდ იმ პირობით, თუ შეგროვილი ფული გაეგზავნება გერმანიის მუშებს. ამ განცხადებამ გააოცა საზოგადოება. შეეკითხენ ამის შესახებ ბებელს, რომელმაც განუმარტა შემკითხველს, რომ გერმანიის მუშებს იმ დროს არ ეჭირებოდა ქართველობის შემწეობა და ურჩია, რომ იზრუნონ თავის ერისთვის, მისი კულტურულად ამაღლებისათვის, რომ ის გახდეს ღირსეული წევრი ინტერნაციონალურ ოჯახისა და ეს უკანასკნელი იქნება სამსახური კაცობრიობისა. იმედია, ახლა ამნაირ სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას ჩვენს მუშაობაში არა აქვს ადგილი, რომ მათ შეგნებულად უყვართ თავისი სამშობლო და მაშასადამე არც იქნებიან წინააღმდეგი ჩემი გამოსვლისა, რომელსაც საგნად ჰქონდა თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, რომ მე არასდროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციური მიმართულების და არსად არ მითქვამს მუშათა დიქტატურის წინააღმდეგ. ამის გამო მე გავსცემ პასუხს მუშებს და იმედი მაქვს ქართველი ერის მშრომელი ნაწილი არ შეასრულებს ამ გაზეთს "მუშის". რჩევას და არ "დამასამარებს". არ მწამს, რომ მას ჰქონდეს ამნაირი გადაწყვეტილება, რადგან მე არას დროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციონერული მიმართულებისა.

ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წ.). განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები - არ მქონდა ნება წირვალოცვისა და მღვდელ მსახურებისა ისევე, როგორც ახლა - ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეს უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ, ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მე აღვნიშნავ სამ მომენტს, რომელიც დამახასიათებელია ახლანდელი ჩემი მდგომარეობისა. მეორე ექსორიობის დროს, მთელი 1909 წლის განმავლობაში, ჩემი საქმე ჰქონდა ხელში გენერალ-პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ცნობილ შეგლოვიტოვს, მაგრამ მანაც ვერ სცნო შესაძლებლად ის გადაეცა სასამართლოსათვის. შესაძლებელია, ამ არარუსების მოძულესაც ეკლესიური თავისუფლების საკითხი მიაჩნდა იმდენად ნაზ და პატივსაცემ საკითხად, რომ მისი სასამართლოსათვის გადაცემა შეუფერებლად მიაჩნდა. ამის გამო საქმე მოსპო და მე დამიბრუნეს უფლებები, გარდა სამშობლოში დაბრუნებისა.

2. 1917 წლის რევოლუციამ მომისწრო ქ. სტარაია რუსაში, ნოვღოროდის გუბერნიაში, სადაც მე ვიყავი დანიშნული მონასტრის წინამძღვრად. რევოლუციის პირველ ხანებში სტ. რუსაში იყო არეულობა, სახლების რბევა, ძარცვა, და ჩემი მონასტერიც განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მას მოელოდა დიდი საშიშროება და არ ვიცოდი, რა საშუალებებისათვის მიემართა. ახალმა რევოლუციონურმა მთავრობამ სრულიად მოულოდნელად დამიბარა თავის ერთ კრებაზე და შემეკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ მთავრობამ იკისროს მონასტრის დაცვაო. მე, რასაკვირველია, თანხმობა განვუცხადე და მადლობაც გადავუხადე მზრუნველობისათვის. და მართლაც ამის შემდეგ მონასტერს არ ჰქონია არავითარი საშიშროება. ამის გამო, როდესაც პეტროგრადში გამიწვიეს მონაწილეობის მისაღებად იმ დელეგაციაში, რომელიც საქართველოდან იყო გაგზავნილი ეკლესიის თავისუფლების რუს. მთავრობისაგან დადასტურებისათვის, სამი თვის განმავლობაში იქ ყოფნის დროს სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მონასტრის დაცვის საქმე უზრუნველყოფილად მიმაჩნდა, რასაც დაადასტურებს აქ მყოფი დელეგაციის ერთი წევრთაგანი, რა იყო მიზეზი მონასტრისთვის რევოლუციონერული მთავრობის ამნაირი ყურადღებისა? რასაკვირველია არა ჩემი თვალების სიმშვენიერე, ჩემდამი სიყვარული, არა მათ ღრმა სარწმუნოება და სიყვარული მონასტერ-ეკლესიებისადმი, რადგან სტარაია, რუსას რევოლუციონერები თითქმის ყველა არა ქრისტიანები იყვნენ, არამედ ის გარემოება, რომ მე ვიყავი დასჯილი და ექსორიაყოფილი საქართველოდან თავისუფლების ძებნისათვის.

მესამე შემთხვევა, რომლის აღნიშვნა მინდა, ეხება საბჭოთა ხელისუფლების ხანას. პირველი დაკითხვის დროს, 1922 წლის ივნისში, დამკითხველი მაძლევს კითხვას: ნიკოლოზ მეორის დროს ვიყავი მე დასჯილი თუ არა. ვუპასუხე, რომ მთელი ჩემი სამსახური გავატარე დევნულობაში და ორჯერ რუსეთშიაც ვიყავი გადასახლებული, მაგრამ ნუთუ ესეც მინუსია ჩემს ცხოვრებაშიმეთქი. მიპასუხა: "არა, ეს უცილობელი პლიუსი არისო."

როდესაც ამ სამ მომენტს ვითვალისწინებ ახლა, ვერ მომიხერხებია ისინი შევუთანხმო ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მიზეზი დევნულობისა ერთ და იგივე იყო როგორც ნიკოლოზ მეორის დროს, ისე შემდეგაც და ვერ გამიგია, როდის ვიყავი დამნაშავე, მაშინ, როდესაც შეგლოვიტოვმაც კი ვერ მომცა თავისუფლების ძებნისათვის სამართალში, თუ ახლა, იმავე დანაშაულისათვის, თუ ეს დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს. თუ 1917 წ. როგორც თავისუფლების მძებნელს, პატივით მეპყრობოდნენ რევოლუციონერები, ახლა უაღრესი სოციალისტური მიმართულების დროს, როდესაც გამოცხადებულია მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება და, მაშასადამე, თავისუფლებისაც, ვერ გამიგია, რისთვის უნდა ვიდევნებოდე და ვიდგე ეროვნულ სასამართლოს წინაშე, როგორც დიდი დამნაშავე.

თუ მე ვიცავდი ჩვენი ერი თავისუფლებას, თუ ამის უფლებას მაძლევს ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება, თუ საბჭოთა ადგილობრივი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა და მხოლოდ ვიცავდი მის დამოუკიდებლობას, თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინაარმდეგოდ, იმ დიდმპყრობელობისა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი, თუ საბჭოთა ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ მე ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა და დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება.

ვათავებ და ვიტყვი, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს ეროვნული უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნება. ასევე განაჩენი დაგვანახებს იმასაც, საბჭოთა ხელისუფლება მართლა იზიარებს მისგან აღიარებულ ლოზუნგს ერთა თვითგამორკვევისას, თუ ეს მხოლოდ იდეალია, რომლის განხორციელებას უნდა ველოდოთ შორეულ მომავალში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიურ ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, - იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი - იყოს ნება ღვთისა! - და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: "ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა" (ლუკა 23,28). (19, №10).

სრულიად საქართველოს ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ

"ყოველი მორწმუნე ქართველისათვის ცხადი უნდა იყოს, თუ როგორ სატირალ მდგომარეობაშია საქართველოს ეკლესია და ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ თუ დროზე არ იქნა მიღებული საწირო ზომები ჩვენი ეკლესია მთლიანად განადგურდება. ამის მიზეზია საკათალიკოსო საბჭოს უტაქტო მოქმედება, საეკლესიო კანონების უგულებელყოფა დროისა და გარემოებისათვის ანგარიშის გაუწევლობა. საკათალიკოსო საბჭომ უსამართლოდ დასაჯა საქართველოს ეკლესიის ყველაზე უხუცესი მღვდელმთავარი ეპისკოპოსი დავითი და მოინდომა მისი ქუთაისიდან მაწყვერელ ეპისკოპოსად გადაყვანა, სადაც არც ბინაა, არც საშუალება მის შესანახად. მას ბრალი წაუყენეს ვითომ ერეტიკოსობაში.

ეპისკოპოს დავითის მიერ შედგენილი საეკლესიო რეფორმის პროექტი, პირიქით ძალიან კარგია.

ეპისკოპოსი დავითი იყო კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან და მოსთხოვა გადადგომა, ეს არა თუ დანაშაული, არამედ მოვალეობის შესრულება იყო, რომელიც გამოხატავდა სამღვდელოების სურვილს არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში...

ქუთაისის კრების მიზანია - საქართველოს ეკლესიის მართვაგამგეობა ჩააყენოს ნორმალურ კალაპოტში. გარეშე პოლიტიკისა მისი სრული ავტოკეფალიის საფუძველზე. ჩვენ არავითარი მწვალებლური რეფორმების მომხრენი არა ვართ... ჩვენ რეფორმების ჟინით არ ვართ შეპყრობილნი და არც ვაპირებთ მის შემოღებას, თუ ამას საჭიროდ არ დაინახავს საქართველოს საეკლესიო კრება.

1926 წ. 25 დეკემბერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის

"წარმოვადგენთ რა პირს დადგენილებისას დანართებითურთ ქ. ქუთაისში ამა წლის 24-25 დეკემბერს მომხდარ საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსთა სამღვდელოთა და მორწმუნე ერისაგან კრებისას, მოწიწებით გთხოვთ შეხედოთ ჩვენს მოქმედებას, როგორც დროისა და შექმნილ გარემოებათაგან ნაკარნახევს. ჩვენი მიზანია საქართველოს ეკლესიის ერთიანობა, სიმშვიდე, სიმტკიცე. ჩვენ არავითარი განზრახვა არ გვაქვს უადგილო და უდროო რეფორმები შემოვიროთ ეკლესიაში, ვარწმუნებთ თქვენს უწმიდესობას, რომ თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა უაღრესად გაღვივდება, როგორც ჩვენი, ისე მთელი მორწმუნე ერის გულში. უკეთუ გაიზიარებთ ჩვენ თქვენთან თანამშრომლობას კარგი იქნება. წარმოდგენილი დადგენილება არ არის თქვენი უწმიდესობის პიროვნების წინააღმდეგ, არამედ გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ეკლესიის სიყვარულით.

ქუთაისის კრების თავმჯდომარე მიტროპოლიტი ქრისტეფორე"

"მივიღე ინფორმაცია, რომ ქუთაისში ეპისკოპოს დავითის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვის გარეშე მოწვეულია საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა ეპარქიებიდან ზოგიერთი მღვდელმთავარი და სასულიერო პირი. საკათალიკოსო საბჭომ მიიღო მხედველობაში, რომ ამნაირი კრება არ არის გათვალისწინებული საქართველოს ეკლესიის დავალებით - განაჩინა: ქუთაისში ჩატარებული კრება გამოცხადდეს უკანონოდ". კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი. (15, 324, 325).

ნდობის ბარათი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენდობა ამის წარმომდგენს იოსებ მრეველიშვილს, რათა მან მიიღოს განსვენებული კათოლიკოსის ამბროსის მიერ უნივერსიტეტისათვის სიცოცხლე- შივე შეწირული ბიბლიოთეკა.

უნივერსიტეტის რექტორი

1927 წ. 5 აპრილი. თბილისი. (12, 539).

პატრიარქის შთამომავალნი - ანა კლდიაშვილის მოგონება

ამბროსი ხელაიას მეუღლე - კესარია მერჭულე მესამე შვილის - ანას (ჩემი ბებიის) დაბადებას გადაჰყვა 23 წლის ასაკში. ამბროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა. კესარია დაკრძალულია ილორში, სამრეკლოში, რადგან ილორი მერ- ჭულეების სალოცავი ყოფილა.

კესარია მერჭულეს ნათესავები ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ. იქ მას ძმის შვილები და შვილიშვილები ჰყავს. ცხადია, ამჟამად ისინიც ლტოლვილები არიან და მათთან ურთიერთობა გვაქვს. ამბროსის სოხუმში, კიროვის ქუჩაზე სახლი ჰქონდა ეზოთი. შემდგომ ამ სახლში ცხოვრობდა მისი ვაჟი - ალექსანდრე. მახსოვს ბიძია ალექსანდრესთან რომ ჩავდიოდით, გზად ილორში ჩემი დიდი ბებიის საფლავს ვეწვეოდით ხოლმე.

ალექსანდრემ განათლება პეტერბურგში მიიღო. მას ორი ცოლი ჰყავდა. პირველი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. შვილი არ ჰყავდა და მეგობარმა აფხაზმა აჩუქა თავისი ვაჟი _ ვახტანგი, რომელსაც რატომღაც "უშკურას" ვეძახდით. ალექსანდრე მეორე ცოლმა - რუსმა ქალმა დინამ ვერ შეითვისა 6-7 წლის ვახტანგი და მშობლებს დაუბრუნა. მიუხედავად ამისა, ურთიერთობა ალექსანდრესა და ვახტანგს შორის არ გაწყვეტილა. მრავალი წლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილ ალექსანდრესა და დინას სწორედ ვახტანგი და მისი ცოლი უვლიდნენ. ალექსანდრემ სიკვდილის წინ სახლი შვილობილს დაუტოვა. ვახტანგი ამჟამად ლტოლვილია და ზუგდიდში ცხოვრობს. ადრე გალში ცხოვრობდა. ამასწინათ ჩამოვიდა და თქვა, რომ ამბროსის სახლი ბომბმა დაანგრია. ვახტანგს ხელაიების გვარი არ მიუღია, მას აფხაზური გვარი აქვს, მაგრამ ქართველების მხარეს იბრძოდა და აფხაზებმა პირველი არეულობის დროს (რუსთაველის ძეგლი როცა დაანგრიეს) დაჭრეს.

ამბროსი ხელაიას უფროსი შვილი - ნინო ცოლად გაჰყვა ვიქტორ დონდუას, ცნობილ ოჯახიშვილს, ვარლამ, კარპეზ და დავით დონდუების ძმას. ისინი პარიზში ცხოვრობდნენ. იქ სამედიცინოზე სწავლობდა დონდუა. მათი ერთადერთი შვილი _ თამარი რუანში იყო დაბადებული. (ასეთი სასაცილო რამ ხდებოდა, საქართველოში სადაც მიდიოდა, ყველგან უწერდნენ რომ დაბადებულია რიონში...).

ვიქტორ დონდუა - ამბროსის სიძე, ექიმი იყო, ამასთანავე დიდად გატაცებული ხელოვნებით და პარიზში საკუთარი ანტიკვარული მაღაზია ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის წინ ბებიაჩემი სორბონაში სასწავლებლად ჩავიდა და დასთან ცხოვრობდა. რამდენიმე წელი იქ სწავლობდა - საბუთიც კი შემოგვრჩა - მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრო. რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაცხადა - ვინც არ დაბრუნდება, საზღვრები დაიკეტება და აღარ შემოვუშვებთო. როგორც მამიდაჩემისაგან, (იგი მამაჩემს დეიდაშვილად ეკუთვნოდა და მე მას მამიდას ვეძახდი) თამარ დონდუასგან გამიგია, ამის გამო დიდი უსიამოვნება ქჰონდათ პარიზში. ბებიაჩემს - ანას დაბრუნება უნდოდა, თავისი და - ნინოც დაიყოლია, მაგრამ მისი მეუღლე ვიქტორ დონდუა უარზე იყო. მძიმე კაცი ყოფილა, ქალების მოყვარული, ამიტომ ბებიაჩემმა ანამ - მტკიცე და ძლიერმა უმცროსმა დამ იძალა - ხელი მოჰკიდა უფროს დას. ნინოს, დისშვილს - თამარს და ერთად გამოემგზავრნენ პარიზიდან. კერ ლონდონში ჩასულან, შემდეგ ფინეთში და იქიდან გემით პეტერბურგში. თამარი მაშინ ხუთი წლის ყოფილა. თურმე ბავშვის საზღვარზე გადმოყვანის უფლება არ ჰქონდათ. გემზე ბებიაჩემმა ბავშვი ლეიბებში დამალა და გააფრთხილა ორი საათი ხმა არ ამოიღო და არ გაინძრეო. შემოწმებისას ჩემოდნები და მთელი ბარგი გაჩხრიკეს, მაგრამ ბედად ლეიბებისათვის ხელი არ უხლიათ. ასეთი წვალებით ჩამოაღწიეს თბილისში. ნინო მეორედ არ გათხოვილა. მკაცრი და თავშეკავებული ქალი იყო. პარიზიდან წამოსვლას არ ნანობდა. იქ დაახლოებით რვა წელი გაატარა. ომის წლებში ნინო ხელაია ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა.

მისი მეუღლე, ვიქტორ დონდუა ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა. მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეძებდა შვილს, მაგრამ აქ ისეთი სიტუაცია იყო რომ თამარი პასუხს არ სცემდა. ბოლოს, უკვე 16-17 წლის რომ ვიყავი, მოვიდა ცნობა დონდუას გარდაცვალების შესახებ. ანტიკვარული მაღაზია პარიზში და მთელი ქონება დაუტოვა შვილს - თამარს. დონდუას არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონია. ეს იყო დაახლოებით 1977-78 წელი. ამდენად შეშინებული იყო თამარი, რომ არ მიაკითხა ამ საბუთს. არაფერი ვიცით სად წავიდა ის ქონება, ნათესავებს ვაკითხინეთ საფრანგეთში და გავიგეთ, რომ დონდუას ერთი მომვლელი ქალი ჰყოლია სახლში და სავარაუდოა, რომ ყველაფერი მას დარჩა, ან, რაც იმ დროს ხშირად ხდებოდა, სუკმა წამოიღო ყველაფერი (შეტყობინებაც სუკიდან მოვიდა) და სამახსოვროც არაფერი დარჩენია თამარს.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ თამარი და დედამისი (ამბროსის შვილი და შვილიშვილი) ერთ ოთახში ცხოვრობდნენ სიონის ეზოს უკან რომ სახლები იყო - იქ. საერთო და სამზარეულოთი. ნინოს ქალიშვილი თამარი ბიბლიოგრაფი იყო. წლების მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა მხარეთმცოდნეობის განყოფილების გამგის მოადგილედ, ძველი თაობის მეცნიერები, ახალგაზრდობა - ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. თამარი არ გათხოვილა და შთამომავლობაც არ დარჩა.

ამბროსის მესამე შვილი - ბებიაჩემი ანა, ჩვილი დაობლებული გოგონა ამბროსის წუთითაც არ მოუშორებია. არც ნათესავისთვის მიუცია. ძუძუს მეგრელი ქალი აწოვებდა, შემდეგ რუსი გამზრდელი და და ზრდიდნენ. საერთოდ ამბროსი არაჩვეულებრივი მამა იყო. სამივე შვილი ყველგან თან დაჰყავდა. გადასახლებაშიც ახლდნენ.

პირველად გადასახლებული იყო პეტერბურგთან, სტარაია რუსაში. ბებიაჩემმა ანამ იქ დაამთავრა რუსული სკოლა და ქართული დიდხანს არ იცოდა.

დედა რომ გარდაიცვალა რუსი გამზრდელი მოუყვანეს, შემდეგ სტარაია რუსაში მოუწია ცხოვრება და სწავლა, როგორც უკვე ვთქვი ბოლოს სორბონაში. ასე რომ თბილისში დაბრუნებულმა მხოლოდ რუსული და ფრანგული იცოდა. კლდიაშვილების რძალი რომ გახდა, მერე საგანგებოდ ისწავლა ქართული. ქართულ ლიტერატურასაც კარგად იცნობდა.

სხვათაშორის ამბროსიმ კარგად იცოდა მეგრული. მახსოვს სანდრო ძიაც შესანიშნავად ლაპარაკობდა მეგრულად. ბებიაჩემიც თურმე ფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა მეგრულს.

ბებიაჩემი პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ფრანგულის თარჯიმნად მუშაობდა ფოთში. ვასილ კლდიაშვილი - ჩემი დიდი ბაბუა, ჰყავდა ორი ვაჟი - ნიკოლოზი და ვასილი. ბაბუაჩემი ნიკოლოზ კლდიაშვილი ფოთის სადგურის უფროსი იყო. მას ლენიგრადში ჰქონდა მიღებული რკინიგზელის განათლება.

ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ფოთში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთი ვაჟი - გია გაუჩნდათ. მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ რომ იყო, ბებიაჩემი დაეცა და იმის მერე შვილი აღარ ეყოლა. ასე რომ, მამაჩემს სამწუხაროდ და-ძმა არ ჰყოლია.

მამა და დედა ექიმები იყვნენ - ფტიზიატრები. შეუღლებიდან რვა წლის შემდეგ გავუჩნდი მე - ერთადერთი შვილთაშვილი ამბროსი ხელაიასი.

ამბროსის თბილისში ბინა არ ჰქონია. საპატრიარქოს შენობაში ცხოვრობდნენ. ახლაც იმავე შენობაშია საპატრიარქო. ერთხელ, მამაჩემმა, საპატრიარქოში სტუმრობისას მაჩვენა მესამე სართულზე ოთახი, სადაც ეძინა პატარაობისას და ფანჯარა, რომლიდანაც ერთ-ერთ მონაზონთან ერთად უყურებდა პატრიარქის გასვენებას ეზოდან.

ვიცი, რომ საპატრიარქოშივე გარდაიცვალა.* (შენიშვნა: საპატრიარქოს აღნიშნული შენობა უკვე ჩამორთმეული იყო ხელისუფლებისაგან. ს.ვ.). მამაჩემს ახსოვდა რაღაც შეშფოთება, ოთახში შერბოდნენ, გამორბოდნენ... ბებია 31 წლის იყო. იგი კლდიაშვილების ოჯახში ცხოვრობდა - საიათნოვას ქუჩაზე. საპყრობილედან გამოსულ პატრიარქს, როგორც ჩანს აღარ ტოვებდა ბებიაჩემი და ექვსი წლის მამაჩემთან ერთად საპატრიარქოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ამბობენ, რომ ბებიაჩემი სასამართლოზე გამოდიოდა და იცავდა მამას.

მამიდაჩემმა, თამარმა, ამბროსის თუ რაიმე ნივთი ჰქონდა შემორ- ჩენილი - მე გადმომცა. ჩემთვის მოუყოლია: ამბროსი მეტეხიდან რომ გამოუშვეს ძალიან მძიმედ იყო, თირკმელები ჰქონდა დაზიანებული და ციხის სინესტეში უფრო გაუმწვავდა ავადმყოფობა. გამოუშვეს იმიტომ რომ იცოდნენ - დიდი დღე აღარ ეწერა. და აი, მეტეხიდან გამოსული დასუსტებული პატრიარქი მარტოდმარტო, ძლიერი ნელი ნანიჯით გადმოდიოდა ე.წ. ვირის ხიდზე (ახლანდელ მეტეხის ხიდზე). მოდიოდა ძალიან დიდხანს, სვენებსვენებით. ხალხმა ეტყობა დაინახა და სანამ სიონამდე მიაღწია მთელმა თბილისმა გაიგო რომ ციხიდან გამოსული პატრიარქი სიონში მიდის. როდესაც ამბროსი სიონში შევიდა ტაძარი ხალხს ვეღარ იტევდა... მრევლი მუხლმოდრეკილი და დამხობილი შეხვდა თავის პატრიარქს. სიონში შესულ პატრიარქს ამდენი ხალხი რომ დაუნახავს, ხელები ზემოთ აღუპყრია და უთქვამს: "მადლობა უფალს, საქართველო არ მოკვდარა!" მამიდაჩემი მუდამ თვალცრემლიანი იხსენებდა ამ ამბავს.

ამბროსი ხელაიას ბოლო წუთების შესახებ არაფერი ვიცი. ბებიაჩემი არაფერს ყვებოდა. საერთოდ არ იხსენებდა. დაზაფრული და დაშინებული იყო. ყველა წერილი და ნივთი სამალავში ჰქონია შენახული, ისე რომ არც უთქვამს.

მისი სიკვდილის შემდეგ შემთხვევით ვიპოვეთ. კლდიაშვილების ნაქონი ძველი საწერი მაგიდა გვქონდა და უცებ გატყდა. რა გატეხავდა იმხელა მაგიდას, რაღაც დაეცა და ფიცრებს შორის ნაპრალში სამალავი აღმოჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ გატყდა თორემ დაძველებულ მაგიდას ალბათ ისე გადავაგდებდით, რომ არაფერი დაგვაფიქრებდა. სახლში არცერთი ფოტო არ იყო ამბროსისა. ასე გადაგვირჩა წლების მანძილზე, მაგიდაში გადანახული ფოტოები, პატრიარქის პირადი ფოტოები, პატრიარქის პირადი წერილები, სასამართლოზე წარმოთქმული მისი უკანასკნელი სიტყვის ხელნაწერი.

ამბროსი ხელაიას მთელი ბიბლიოთეკა, პირადი ნივთები, თუ კი რამე გააჩნდა აქ, საპატრიარქოში და სოხუმში, კონფისკაციას დაექვემდებარა. ერთადერთი როიალი დაუტოვეს. მეც მახსოვს სოხუმში ის როიალი.

ამბროსის ჰქონდა ოქროს ჯვარი, რომელიც სანდრო ძიას დარჩა. გაიქურდა ის სახლი და ჯვარიც მოიპარეს. მეორე, ვერცხლის ჯვარს სამალავში მალავდა ბებიაჩემი. ამჟამად ჩვენი ოჯახის საკუთრებაა, თუკი როდესმე გაკეთდება ამბროსი ხელაიას ისეთი საფლავი, როგორიც ამ პიროვნებას შეეფერება, მინდა ეს ჯვარი გადავცე ეკლესიას, რათა საფლავზე მინის ქვეშ დასვენდეს.

გვაქვს კიდევ ნივთები, საპყრობილეში ტუსაღებისაგან ნაჩუქარი. მაგალითად ქაღალდის საჭრელი და ყაისნაღი, რომელიც ქალიშვილს გამოუგზავნა - მოტეხილი თავი აქვს და წარწერა: "პატრიარქს - მიხეილისაგან."

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოგახსენეთ, სახლში ამბროსი ხელაიას შესახებ არ საუბრობდნენ, დედაჩემს (ე.ი. ამბროსი ხელაიას რძალს) ძლიერ ეამაყებოდა ასეთი სახელოვანი ღვთისმსახურის შთამომავალი რომ ვიყავი და ჩუმ-ჩუმად მახსენებდა ამას. შესაძლოა დედაჩემის ასეთ განწყობას ისიც უწყობდა ხელს, რომ მისი ბაბუა მღვდელი იყო. სიმონ მჭედლიძე დედამისის ბიძა იყო და რამდნეიმე ნათესავიც სასულიერო პირი ჰყავდა.

მე ბავშობიდან მორწმუნე ვარ. დედაც და მამაც პარტიულები იყვნენ, მაგრამ დედა მალულად ცდილობდა გარკვეული ეკლესიური წესები დაეცვა ოჯახში. ვერ ვიტყვი რომ ჩვენი ოჯახი ეკლესიური იყო ამ ცნების ჭეშმარიტი გაგებით.

დედაჩემი და მამიდაჩემი წირვა-ლოცვაზე დადიოდნენ, მაგრამ ერთად - არასდროს. ჩუმად, ცალ-ცალკე ესწრებოდნენ წირვას. მამიდაჩემს, რადგან სიონის ეზოში ცხოვრობდა, შეეძლო შეუმჩნევლად სანთლის ანთება ამბროსი ხელაიას საფლავზე.

ერთი რამ ცხადია. ქვეყანაში შექმნილი იმდროინდელი ვითარებისა და ამბროსი ხელაიას გამორჩეული მოღვაწეობის გამო, მისმა შვილებმა - დაშინებულებმა, რომ სასიკვდილო მანქანის მსხვერპლი არ გავმხდარიყავით. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახი და მისი კავშირი ამბროსისთან შეუმჩნეველი ყოფილიყო ბოროტი ძალებისათვის. ამბროსის გარდაცვალების შემდეგ დაკითხვებზე დაყავდათ მისი ოჯახის წევრები, ემუქრებოდნენ, მთელი ქონება ჩამოართვეს და იქიდან გამოყოლილი შიში ვეღარ დაძლიეს.

ამბროსის შვილებსა და შვილიშვილებს არავითარი წუხილი არ გამოუხატავთ დაკარგული ქონების გამო. არც არაფერს გამოდევნებიან.

მამიდაჩემს არასდროს არავისთვის მიუმართავს დასახმარებლად. უკადრისობდა ამას. სიონის უკან რომ დაანგრიეს ბინა, გლდანში მისცეს. ისიც კი ვერ მოახერხა რომ ბინა სადმე ახლოს ეთხოვა.

ბედნიერები იქნებოდნენ ამბროსის წმინდანად შერაცხვას რომ მოსწრებოდნენ... ვინ იფიქრებდა ამას?!

ჩემმა მეუღლემ - გია ბუღაძემ 1987 წელს. ამბროსი ხელაიას ნახატების მთელი სერია მიუძღვნა, რომელშიც პატრიარქის პორტრეტიც არის. უნივერსიტეტში 1988 წელს მოეწყო ამ ნახატების გამოფენა. მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, ილია II რომ მობრძანდა გამოფენაზე, მამაჩემმა მღელვარებისაგან სიტყვა ვერ თქვა, თითქოს რაღაც გაეჩხირა ყელში და ცრემლები წამოუვიდა - ხმა ვერ ამოიღო. ჩემი ოჯახიდან ყველაზე მეტად მე დავუკავშირე ცხოვრება და საქმიანობა ეკლესიას. ხელოვნებათმცოდნე გახლავართ. ვმუშაობ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში). ისეთი სპეციალობა ავირჩიე, რომ ძალაუნებურად უნდა მცოდნოდა თეოლოგიური საკითხები, წამეკითხა ეკლესიის მამების ნაშრომები, ვყოფილიყავი ახლოს ეკლესიასთან.

საპატრიარქოსთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ამჟამად ვარ საეკლესიო ხელოვნების საბჭოს წევრი და ქართული სიწმინდეთა შემსწავლელი განყოფილების თანამშრომელი.

მეუღლეც ღმერთმა ისეთი მარგუნა, რომლისთვისაც სარწმუნოება ეკლესია წმინდათა წმინდაა.

მყავს ვაჟი 21 წლის გია კერესელიძე - ჭკვიანი, მშრომელი, მოსიყვარულე ახალგაზრდა, რომელიც ჯერ ენერგეტიკულზე სწავლობდა, მიატოვა ეს ფაკულტეტი II კურსიდან და ფილოსოფიურზე ჩააბარა. ამჟამად IV კურსზეა.

კიდევ მყავს უმცროსი ქალიშვილი, 11 წლის ნინო. და კიდევ ერთი უცნაური დეტალი. 20 წლამდე ხორცი არ მიჭამია და პირველად ძალით მაჭამეს ფეხმძიმობისას. (ფრინველის ხორცი დღემდე არც კი გამისინჯავს) ერთ-ერთმა მორწმუნე ექიმმა მკითხა, გვარში ვინმე არ გყოლია, ხანდახან ეს გენეტიკურიაო. მართლაც, დედის მხრიდან მღვდელები მყავდა, მამის მხრიდან - ცხადია! მერჭულეების გვარსაც თავისი მადლი გააჩნია.

განსაკუთრებული განსაცდელის დროს მიგრძვნია საოცარი, აუხსნელი შემწეობა, რომელსაც ის განსაცდელი ჩემთვის სასიკეთოდ მოუბრუნებია. შინაგანად დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემი დიდი ბაბუის - წმინდა ამბროსი ხელაიას სულის შემწეობაა. (31, 2-3).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმიდესი და უნეტარესის ამბროსის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები

1861 წლის 7 ოქტომბერი - დაიბადა მარტვილში;

187-1873 წლებში - სწავლობდა ოჩამჩირის ერთკლასიან სასწავლებელში;

1873-1879 წ.წ. - სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში;

1878-1885 წ.წ. - სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში;

1886 წელს ეკურთხა მღვდლად;

1886-1896 წლებში მსახურობდა სოჭში, სოხუმში;

1882 წ. დაინიშნა სოხუმის ეპარქიის ხაზინადარად;

1892 წლიდან სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია;

1893 წლიდან სოხუმის პირველი კეთილმორწმუნეა;

1893 წელს დაქვრივდა;

1897-1901 წლებში სწავლობდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში;

1900 წლის 11 ნოემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ამბროსი;

1902 წელს დაინიშნა ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად;

1904 წელს გადაყვანილ იქნა უსტმედი ველიცკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად;

1906 წელს დაინიშნა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად;

1909 წელს გადაასახლეს რიზიანის მონასტერში, წირვის უფლების გარეშე;

1910 წელს სასამართლომ გაამართლა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს;

1910-1917 წ.წ. ნოვგოროდის გუბერნიის, სტარაია რუსას წინამძღვარია;

1917 წლის ივლის-აგვისტოში აწარმოებდა მოლაპარაკებას საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ - რუსეთის სახელმწიფოში;

1917 წლის აგვისტოდან საქართველოშია;

1917 წ. 15 ოქტომბერს აკურთხეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად, იმავე დღეს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში;

1919 წლის 28 აგვისტოდან ცხუმ-ბედიელია;

1921 წლის 18 ივლისს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 5 სექტემბერს გელათში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1921 წლის 14 ოქტომბერს შესრულდა მისი აღსაყდრება;

1922 წლის 7 თებერვალს მან გაგზავნა მემორანდუმი გენუის კონფერენციაზე.

1922 წლის 30 მაისს მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე;

1922 წლის 22 ივნისიდან შინაპატიმრობაშია;

1923 წლის 12 იანვარს იგი დაპატიმრებულ იქნა;

1924 წლის 10 მარტიდან 19 აპრილამდე მიმდინარეობდა მისი სასამართლო პროცესი;

1925 წლის 10 მარტს იგი გაათავისუფლეს პატიმრობიდან;

1927 წ. 29 მარტს იგი გარდაიცვალა, 3 აპრილს დაიკრძალა სიონში.

1995 წლის 18 სექტემბერს შეირაცხა წმინდანად.

ბოლოთქმა

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი თითქმის დედაქალაქის ხნისაა. რამდენი მწუხარებისა და სიხარულის ცრემლები დაუფრქვევიათ მის ჭაღარა კედლებში ჩვენს სახელოვან წინაპრებს. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჩემი სტუდენტობის ხანაში ხშირად ვსტუმრობდი ამ წმიდა ტაძარს, სადაც უმეტესად სიწყნარე და სიმშვიდე იყო. ვხედავდი ერთ არისტროკატ ქალბატონს ბაბო დადიანს, რომელსაც დავუახლოვდი, მან მიამბო მეტეხის საპყრობილეში, როგორ დაუმსახურებლად იტანჯებოდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს წევრები, სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პატრიოტები. ამ დროიდან გამიჩნდა სურვილი რაც შეიძლება მეტი მცოდნოდა უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქებზე, კირიონ II-ის, ლეონიდეს, ამბროსის, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის შესახებ. დავიწყე მასალების მოძიება, რაც უფრო ბევრ მასალას ვეცნობოდი მით უფრო რთული მეჩვენა მისი ქაღალდზე გადატანა, მაგრამ ღვთის შეწევნით ეს მოვახერხე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უენტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით XX საუკუნის ორი წამებული პატრიარქი უწმიდესი კირიონ II და უწმიდესი ამბროსი წმინდანებად შეირაცხენ. მათ წმიდა საფლავებზე ყოველდღე ცოცხალი ყვავილებია, ციმციმებს კანდელი... ეს არის იმ მადლიერი შთამომავლობის სიყვარულის გამოხატულება, რომელთაც ბოლშევიკურ სასამართლოზე ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ "დარწმუნებული ვარ ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უწმიდესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველი ქართველის გულში, იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამით ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს."

თქვენო უწმიდესობავ! 87 წლის შემდეგაც იგივე პრობლემების წინაშე დგას თქვენი სათაყვანებელი სამშობლო, თქვენი ლოცვა, მფარველობა მას ისე სჭირდება, როგორც XXI საუკუნის დასაწყისის ცოცხალი ლეგენდის, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა. ჩვენ, თქვენს შთამომავლობას სამშობლოს, სარწმუნოების, ურთიერთის ნამდვილი სიყვარული და ერთიანობა, აწმყოში წარსულთან და მომავალთან კავშირი.

სერგო ვარდოსანიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

15.07.2009 წ.

 

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა

1. შ. კაკურია "ქ. თბილისის მოსახლეობა 1803-1970 წლებში. თბილისი, 1975.

2. კათოლიკოსი ამბროსი, თბილისი. 1994.

3. ს. ვარდოსანიძე "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში. თბილისი, 2001.

4. არქიმანდრიტი ამბროსი "ჭელიშის ვარიანტი ქართლის მოქცევისა". თბილისი, 1911.

5. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე)"ჩემი მოგონებებიდან". თბილისი, 2001.

6. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003.

7. საქართველოს სსრ კანონთა, საქართველოს სსრ პრეზიდიუმის ბრძანებათა ქრონოლოგიური კრებული 1921-1940 წლებში. თბილისი, 1959.

8. გ. ცხოვრებაძე "ქართული პოლიტიკური ემიგრაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხები 1921-1924 წლებში. თბილისი, 1996.

9. ნ. პაპუაშვილი "ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში. თბილისი, 2005.

10. ჯ. გამახარია, `წმიდა ამბროსი აღმსარებელი და აფხაზეთი." თბილისი, 2006.

11. სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის უწყებათა კრებული, ტფილისი. 1927.

12. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ფონდი. №539.

13. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე №1523.

14. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი. №025-995.

15. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი №102.

16. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი ფონდი №5167

17. გაზეთი "მუშა" 1924 წ. 15 მარტი.

18. გაზეთი "კომუნისტი". 1924 წ. 12 მარტი.

19. ჟურნ. "მნათობი" 1988 წ. №10.

20. "ივერია" 1890 წ. 30 აპრილი.

21. "ცნობის ფურცელი" 1897, 30/XI.

22. "მწყემსი" 1897 წ. 30 დეკემბერი.

23. ამბერი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". ჟურნ. "განთიადი", 1916.

24. გ. საითიძე "წამებული მშობელი ქვეყნისა და ეკლესიისათვის." "ისტორიანი". თბილისი, 2000.

25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირიონის ფონდი, საქმე 1319.

26. სიტყვები და წერილები ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეზე, შეკრებული და გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძისაგან. თბილისი, 1908.

27. კალისტრატე ცინცაძე "ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია". თბილისი, 1994.

28. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ამბროსი ხელაიას ფონდი №38.

29. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი" ტ. III. თბილისი, 2008.

30. სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის უწყება- თა კრებული. ტფილისი. 1927.

31. ჟურნ. "საყდარი" 1999 №2,3.

32. ვ. გურული "მიტროპოლიტ ნაზარის საქმე." თბილისი.

 

სერგო ვარდოსანიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

2009 წ, თბილისი

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 22 December 2011 00:08)