Georgian (Georgia)English (United Kingdom)
"განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო..."

ქრისტეს აღდგომის რწმენას ახალაღთქმისეულ პასექს - ჩვენ მრწამსის წარმოთქმისას ვაღიარებთ, თუმცა თვითონ სარწმუნოების სიმბოლოში სიტყვა პასექი არსად გვხვდება, ვგალობთ თუ ხმამაღლა წარმოვთქვათ მრწამსს, მისი გაჟღერებისას ჩვენ, ერთი მხრივ, ვაღიარებთ ეკლესიის რწმენას და მეორე მხრივ, ვამოწმებთ ჩვენ რწმენას ერთი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც იუდეაში, პონტოელი პილატეს პროკურატორობის დროს, ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის ჯვარს ეცვა "და ივნო და დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა."

ქრისტეს აღდგომა პირდაპირ უკავშირდება მაცხოვრის მაცხოვნებელ ტანჯვასა და ჯვრის მიერ სიკვდილს: "ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. (მათ. 20.28). აღდგომის სიხარული ჩვენ ქრისტეს ჯვრით მივიღეთ, როგორც ეს საპასექო ჟამნში წერია, "რამეთუ მოიწია ჯვრის-მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა".

ამდენად, ყოველწლიურად ვდღესასწაულობთ რა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ჩვენ უწინარეს ყოვლისა, თაყვანს ვსცემთ მაცხოვრის ტანჯვას. როგორც ადრინდელი ქრისტიანები ამბობდნენ, ჯერ ჯვრისმიერ პასექს აღვასრულებთ და მხოლოდ ამის შემდგომ წარმოვთქვამთ სააღდგომო პასექის საზეიმო სიტყვებს. სამწუხაროდ, მრავალი ქრისტიანისათვის დაკარგულია სიტყვა პასექის საღვთისმეტყველო მნიშვნელობა. მრავალს ამ სიტყვაში მხოლოდ უდიდესი საეკლესიო დღესასწაულის - ქრისტეს აღდგომის - ხმამაღალი ღაღადისი ესმის და არ უკვირდება ამავე სიტყვისათვის ნიშნეულ გოლგოთის საშინელებას. საღვთისმსახურო წიგნები გვიმოწმებენ, რომ ადრეულ ქრისტიანებში, საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, ღამისთევის მსახურებაზე, გარდა წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვისა, რომლის წაკითხვაც დღემდეა შემორჩენილი, რომელიმე დიდი წმინდა მამის ქადაგებაც იკითხებოდა, მე-4 გალობის წინ, იკითხებოდა ასევე წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის 45-ე "სიტყვა პასექზე". იგი იწყებოდა წინასწარმეტყველ ამბაკუმის სიტყვებით და გრძელდებოდა ხსენებული მე-4 გალობის სძლისპირით: "საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ ჰსდეგინ ჩუენ თანა და გვიჩვენენ ჩვენ ანგელოსი ნათლისა..." ამ უნიკალურ საპასექო სიტყვაში საეკლესიო ღვთისმეტყველების უდიდესი საიდუმლოა ახსნილი. ამავე ქადაგებაში თვით სიტყვა პასექის ეტიმოლოგიური მნიშვნელობაც არის მოცემული. პასექი ძველებრაულად ნიშნავდა "გვერდით ჩავლას" ან "გადასვლას". წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტების მიხედვით, აღნიშნული სიტყვა ბერძნულ სინამდვილეში ახალი აზრით დაიტვირთა, რადგანაც ის ძალზე გავდა იმ სიტყვას, რომელიც ბერძნულში "ტანჯვას" აღნიშნავს. სიტყვის მნიშვნელობის ამგვარ ცვლილებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პირველი და მეორე მნიშვნელობებით ის უფლისაგან მოსულ ხსნას მიანიშნებდა. ძველ აღთქმაში ეს ხსნა იყო ისრაელის გამოსვლა ეგვიპტიდან, მეწამული ზღვის გადალახვა, სამსხვერპლო, საპასექო კრავის დაკვლა და ყოველწლიური, ძველაღთქმისეული პასექის დღესასწაულობა. რაც შეეხება ახალ აღთქმას, აქ ეს ხსნა იესო ქრისტეს, საღვთო ტარიგის აღდგომას მიანიშნებს. თავად უფალი იესო ქრისტე თავს სწირავს ჯვარზე ქვეყნიერების გამოსახსნელად, რომელსაც ჩვენ ყოველკვირეულად (კვირა დღეებში) და ყოველწლიურად (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე) ვიხსენებთ საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას.

ძველსა და ახალ აღთქმას შორის არსებულ საპასექო კავშირს განსაკუთრებულად კარგად გამოხატავს სააღდგომო კანონის I გალობის სძლისპირი: "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიხსნნა და ქუეყანით ცად აღმიყუანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს." სწორედ ამ სძლისპირში მითითებული "აღმიყუანნა" არის ჩვენი პასექი! მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე ღმერთი თავისი აღდგომით საუკუნო სიცოცხლეს გვანიჭებს. ამიტომაც თითოეული სააღდგომო ღვთისმსახურების ბოლოში ჩვენ მადლობელნი ვგალობთ: "და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო: თაყვანისვსცეთ მესამისა დღისა აღდგომასა მისსა".

საპასექო კანონის მე-9 გალობის ჩასართავში, ზემოთ აღნიშნულის მსგავსად, მაცხოვრის სამსხვერპლო სიკვდილი ახალაღთქმისეული პასექით არის მოხსენიებული: "ქრისტე - ახალი პასექი, მსხვერპლი ცხოვრებისა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდუათა სოფლისათა".

ქრისტეს პასექი ჩვენთვის მაცხოვნებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ თავად ვმონაწილეობთ მასში. მაგრამ ისმის კითხვა: ჩვენ როგორღა შეგვიძლია ქრისტეს პასექში მივიღოთ მონაწილეობა?

დასაწყისი ამ მონაწილეობისა ნათლისღებაში ცხადდება. წმ. პავლე მოციქული აღნიშნავს: "ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით" (რომ. 6. 3-4). ნათლისღებისას ადამიანი ქრისტესთან ერთად თანადაეფლობა და მასთან ერთად მადლით აღდგება (კოლ. 2.12). სწორედ ამის შესახებ არის საუბარი პასექის მე-3 გალობის მე-2 ტროპარში: "გუშინ შენ-თანა ჯვარს ვეცმოდი ქრისტე და თანა-აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენ-თანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა." ნათლისღება არის სიკვდილი ცოდვისათვის და გაცოცხლება ღმერთში: "რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ".

მაცხოვრის პასექში მონაწილეობა საღვთო ლიტურგიაშიც ხდება. ამის შესახებ ცხადად მიუთითებს წმ. პავლე მოციქული: "მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური. ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად. რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს" (I კორ. 11. 23-26).

ჩვენ მაცხოვრის სიკვდილში მონაწილეობით, რაც ნათლობით, სინანულითა და საკუთარი ნებით ჯვრის მტვირთველობით ხორციელდება, ჩვენ, ღვთის მადლით, ქრისტეს აღდგომისმიერი ცხოვრების მონაწილენიც ვხდებით: "მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს" (II კორ. 4.10). სწორედ ამაშია ახალაღთქმისეული საიდუმლო, რომელიც მაცხოვნებელია მათთვის, რომლებსაც მტკიცედ სწამთ ქრისტეს აღდგომა.

ახალი აღთქმის პასექი ქრისტეს ჯვარი და აღდგომაა, რომლებსაც ჩვენ განუყოფელ ერთობაში მოვიაზრებთ და თაყვანს ვსცემთ, როგორც ჩვენი ხსნის საფუძველს. ჩვენთვის იესო ქრისტე არის ახალი პასექი, ხსნა სოფლისა და ჩვენი მაცხოვარი. მან თავი შესწირა, რათა მის საყვარელ ქმნილებას სამოთხეში წართმეული ცხოვრება დაბრუნებოდა. ამიტომაც ქრისტეს ეკლესია წმინდა აღდგომის სადღესასწაულო დღეებში შეუჩერებლივ გალობს: "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკულისაგან მიხსნნა და ქუეყანით ცად აღმიყუანნა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს".

 


გიორგი გვასალია
თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №17 (324), 2005 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 15 November 2011 12:28)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96