Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), ნათლისღების შესახებ

და საკითხავი რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: "ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ქრისტე იესოს მიმართ ნათელვიღეთ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ? თანადავეფლენით მას ნათლისღების მიერ სიკვდილში" (რომ. 6. 3-4) და შემდგომი.

1. "იხარეთ, ცანო, და იმხიარულე, მიწავ" (ეს. 49.13). იმათ გამო, რომელთაც მოელით უსუპით სხურება და სულიერი უსუპით განწმენდა ვნებისას უსუპითა და ლერწმით დარწყულებულის ძალით. ზეციურმა ძალებმა იხარონ, ხოლო სულიერ სიძესთან შეერთების მომლოდინე სულები განემზადონ, რადგან "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაამზადეთ გზები უფლისა" (ეს. 40.3). რამეთუ არ არის უმნიშვნელო საქმე, არც სხეულებრივი ჩვეულებისა არის გამოუკვლეველი შეერთება, არამედ ყოველივეს გამომეძიებელი სულიწმინდის სარწმუნოებისამებრი რჩეულობა. ამქვეყნიური ქორწინებანი და შეერთებანი ყოველთვის არ ხდება შეთანხმებულად, არამედ სადაც სიმდიდრეა ან მშვენიერება, იქ მყის თანხმდება სიძე. აქ კი, არა სხეულთა მშვენიერება, არამედ სულის უმწიკვლო სინდისი, აქ არა დასჯილი მამონაა, არამედ სულის სიმდიდრე ღვთისმოშიშებაში.

2. მაშ, სიმართლის შვილებო, დაუჯერეთ იოანეს, რომელიც გვევედრება და ამბობს: "გაამზადეთ გზა უფლისა" (ინ. 1.23), განაგდეთ ყოველგვარი შეფერხება და დაბრკოლება, რომ პირდაპირი სვლით იაროთ საუკუნო ცხოვრებისკენ. გაამზადეთ სულის სუფთა ჭურჭლები შეუორგულებელი სარწმუნოების მიერ სულიწმინდის მისაღებად. იწყეთ განბანა თქვენი სამოსისა სინანულის მიერ, რომ სასძლოში1 მოხმობილნი სუფთანი აღმოჩნდეთ. სიძე მოუწოდებს უკლებლივ ყველას, რადგან უხვია მადლი და მაღალხმიან მქადაგებელთა ხმა შემოკრებს ყველას, შემდეგ კი თავად განარჩევს შიგნით, სახეობრივ ქორწილში,2 შესულებს. ნუ იქნება, რომ ვინმეს, რომლის სახელიც ჩაწერილია,3 ახლა ესმას: "მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, არა გაქვს რა საქორწილო სამოსი?" (მათ. 22.12) დაე, ყოველმა თქვენგანმა მოისმინოს: "კეთილო, სახიერო და სარწმუნო მონავ, მცირეში სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში" (მათ. 25.21). ახლა ჯერ კიდევ კარს გარეთ დგახარ. დაე, ყოველმა თქვენგანმა თქვას: "შემიყვანა მე მეფემ თავის პალატში", "იხარებს ჩემი სული უფლის წინაშე, რადგან შემმოსა მე სამოსი ცხონებისა და კვართი სიხარულისა, დამადგა მე გვირგვინი, როგორც სიძეს და როგორც სძალი, სამკაულით შემამკო მე" (ქებ. 1.4; ეს. 61.10). რომ იყოს ყოველი თქვენგანის სული არქმონე მწიკვლისა, ხინჯისა, ან სხვა რამ ამგვარისა (ეფეს. 5.27). არ ვამბობ, რომ მადლის მიღებამდე (ეს როგორ იქნება, როცა ცოდვათა მიტევებისათვის მოგიწოდებს?), არამედ რათა მადლის მიღებისას უმწიკვლო სინდისი იყოს თანამორბედი მადლისა.

3. ჭეშმარიტად დიდია ეს საქმე, ძმანო, და ყურადღებით მოეკიდეთ მას. თითოეული თქვენგანი ღმერთს უნდა წარუდგეს ბევრეულ ანგელოზთა მწყობრის წინაშე, თქვენი სულები სულიწმინდამ უნდა აღბეჭდოს, უნდა შეერთოთ დიდი მეუფის ლაშქარს. მაშ, მოემზადეთ, მზად იყავით, შეიმოსეთ არა უბრწყინვალესი ქსოვილის სამოსი, არამედ სულის კეთილსინდისიერი ღვთისმოშიშება. საბანელს მიეახლე არა როგორც უბრალო წყალს, არამედ როგორც წყალთან ერთად სულიწმინდის მადლის მომცემელს. რადგან როგორც ბომონებს შეწირული უბრალოა თავისი ბუნებით, მაგრამ შებილწული ხდება კერპთა მოხმობით, ასევე, პირუკუ, ლიტონი წყალი სულიწმინდის, ქრისტესა და მამის მოხმობის მიმღები, უწმინდეს ძალას იძენს.4

4. რადგან ორმაგია ადამიანი, სულისა და სხეულისგან შედგენილი, ორმაგია განწმენდაც, უსხეულოსთვის უსხეულო, სხეულებრივისთვის კი სხეულებრივი. წყალი განწმენდს სხეულს, ხოლო სულიწმინდა აღბეჭდავს სულს, რომ სულიწმინდით სხურებული გულითა და წმინდა წყლით განბანილი სხეულით მივეახლოთ ღმერთს. მაშ, როდესაც წყალში ჩახვალ, ნუ გეგონება, რომ უბრალო წყალია, არამედ სულიწმინდის მოქმედებით მიიღე გამოხსნა. რადგან ორივეს გარეშე შეუძლებელია შენი სრულყოფა. არა მე ვამბობ ამას, არამედ უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ხელმწიფება აქვს საქმისა, რადგან ამბობს: "თუკი ვინმე არ იშვება ზეციდან", და დაუმატა: "წყლისა და სულისგან, არ შეეძლება შესვლა ღვთის სასუფეველში" (ინ. 3.3). არც მას აქვს სისრულე მადლისა, ვინც წყლით ნათელიღო, მაგრამ სულიწმინდის ღირსი არ გამხდარა და ვერც ვინმე ისეთი შევა ზეციურ სასუფეველში, ვინც ქველ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ არ მიუღია წყლისმიერი ბეჭედი. ფიცხელი სიტყვაა, მაგრამ არა ჩემი, არამედ ასე განაჩინა იესომ და საღმრთო წერილიდან ღებულობს სიტყვათა მტკიცებულებას. კორნელიოსი იყო კაცი მართალი, ღირსი ანგელოზთა ხილვისა, მისი ლოცვანი და მოწყალებანი აღმართული იყო ზეცაში ღვთის წინაშე კეთილ სვეტად. მოვიდა პეტრე და სულიწმინდა გადმოვიდა მორწმუნეებზე, ალაპარაკდნენ სხვა ენებზე და წინასწარმეტყველებდნენ. სულიწმინდის მადლის შემდგომ წერილი ამბობს, რომ "უბრძანა მათ პეტრემ იესო ქრისტეს სახელით ნათლისღება" (საქ. 10.48), რათა სულის სარწმუნოების მიერ შობისას სხეულსაც მიეღო მადლი წყლის მიერ.

5.
თუკი ვინმეს სურს იცოდეს თუ რატომ წყლის მიერ და არა სხვა ნივთიერების მიერ მოეცემა მადლი, წმინდა წერილი აიღოს და გაიგებს. დიდი რამ არის წყალი და სამყაროს ოთხ ხილულ სტიქიონთა შორის უმშვენიერესი. ანგელოზთა საცხოვრისია ზეცა, მაგრამ წყლისგან არიან ცანი. ადამიანთა ადგილია მიწა, მაგრამ წყლისგან არის მიწა. ექვს დღეში შექმნილი ყოველი ქმნილების უწინარეს, "ღვთის სული მიმოდიოდა წყლის ზემოთ" (დაბ. 1.2). სამყაროს საწყისი არის წყალი და სახარებათა საწყისი არის იორდანე. გათავისუფლება ისრაელისა ფარაონისგან - ზღვის გავლით და გათავისუფლება სამყაროსი ცოდვისგან - წყლის საბანელის მიერ ღვთის სიტყვით. სადაც აღთქმაა ვინმესთან, იქვეა წყალიც. წარღვნის შემდგომ დაიდო აღთქმა ნოესთან, აღთქმა დაიდო ისრაელთან სინას მთიდან, მაგრამ არა წყლის, მეწამული მატყლისა და უსუპის გარეშე. ელია აღტაცებულ იქნა, მაგრამ არა თვინიერ წყლისა, რადგან ჯერ იორდანე განვლო და შემდეგ მიაშურა ცას (ἱππηλατεῖ τὸν οὐρανόν). მღვდელთმთავარი ჯერ განიბანებოდა და შემდეგ აკმევდა. აარონი ჯერ განიბანა და შემდეგ გახდა მღვდელთმთავარი, რადგან როგორ შეძლებდა სხვებისთვის ლოცვას ჯერ კიდევ წყლით განუბანელი? ნათლისღების სიმბოლო იყო საბანელი, რომელიც კარვის შიგნით მდებარეობდა.

6. ძველის დასასრული და ახალი აღთქმის დასაწყისი არის ნათლისღება, რადგან იოანე იყო პირველსათავე, რომელზე დიდიც არავინაა დედაკაცთაგან შობილთა შორის, აღსასრული წინასწარმეტყველთა, "რადგან ყოველი წინასწარმეტყველი და რჯული ვიდრე იოანემდე" (მათ. 11.13), სახარებისეულ საქმეთა დასაბამი, რადგან ამბობს: "დასაბამი სახარებისა იესო ქრისტესი", და შემდგომ: "იყო იოანე უდაბნოში და ნათელს სცემდა" (მარკ. 1.4). შეიძლება ელია თესბიტელი ახსენო, ზეცად აღტაცებული, მაგრამ არ არის აღმატებული იოანეზე. გაყვანილ იქნა ენოქი, მაგრამ არ არის აღმატებული იოანეზე. მოსე იყო უდიდესი რჯულმდებელი და ყველა წინასწარმეტყველი იყო საკვირველი, მაგრამ არ იყვნენ იოანეზე აღმატებულნი. მე არ ვკადნიერდები წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველს შევუდარო, არამედ მათმა და ჩვენმა მეუფემ, უფალმა იესო ქრისტემ განაჩინა: "დედაკაცთაგან შობილთა შორის იოანეზე უდიდესო არ აღდგომილა" (მათ. 11.11), არა ქალწულთაგან შობილთა შორის, არამედ "დედაკაცთაგან". უდიდესი მონა თანამონებთან შედარდება, ძის უპირატესობა და მადლი კი შეუდარებელია მსახურებთან. ხედავ, როგორი ადამიანი გამოირჩია ღმერთმა ამ მადლის პირველსათავედ? უპოვარი და განმარტოების მოყვარული,5 მაგრამ არა ადამიანთა მოძულე, ჭამდა კალიას და ფრთოვანქმნილი იყო სულით, იკვებებოდა თაფლით და თაფლზე ტკბილი და სასარგებლო იყო მისი სიტყვები, აქლემის ბეწვის სამოსი მოსავდა და მოსაგრეობის სახეს წარმოაჩენდა თავის თავში. რომელიც სულიწმინდის მიერ ჯერ კიდევ მიდგომილი დედის მუცელში იკურთხა. იკურთხა იერემიაც, მაგრამ არ უწინასწარმეტყველებია მუცელშივე. მხოლოდ იოანე მუცელშივე "კრთებოდა სიხარულით" (ლუკა 1.44) და ვერ ხედავდა რა ხორციელი თვალებით, სულიწმინდით შეიცნო უფალი. რამდენადაც დიდი იყო ნათლისღების მადლი, დიდ წინამდგომელსაც საჭიროებდა.

7. იგი იორდანეში ნათლავდა, გადიოდა მასთან მთელი იერუსალიმი და ნათლისღების პირველნაყოფს ღებულობდა, რადგან ყოველგვარი მადლის აღმატებულება6 იერუსალიმშია. მაგრამ იცოდეთ, იერუსალიმელნო, მისულნი როგორ იღებდნენ ნათელს მისგან: "აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს" (მათ. 3.6), ამბობს. თავდაპირველად წარმოაჩენდნენ იარებს, შემდეგ იგი მიმართავდა მკურნალობას და ვინც ირწმუნებდა, საუკუნო ცეცხლიდან გამოხსნას ღებულობდა. და თუკი გსურს თავად დარწმუნდე იმაში, რომ იოანეს ნათლისღება არის გამომხსნელი დამსჯელი ცეცხლისგან, თვით მას მოუსმინე, რომელიც ამბობს: "იქედნეს ნაშობნო, ვინ მიგითითათ, რომ გაექცეოდით მოსალოდნელ რისხვას"? (მათ. 3.7). მაშ, ნუ იქნები შემდგომში იქედნე, არამედ იყავი რა ოდესღაც იქედნეს ნაშობი, განიძარცვე, ამბობს, პირვანდელი ცოდვილი ცხოვრების სახე.7 ყველა გველი ვიწრო ადგილის გავლით იძრობს კანს და განაგდებს რა ძველს შეჭირვების მეშვეობით, შედეგად განახლდება სხეულით. ამგვარად შედი, ამბობს, შენც ვიწრო და საჭირველი კარით, შეაჭირვე საკუთარი თავი მარხვით, განაგდე, რაც წარგწყმედს შენ. განიძარცვე ძველი კაცი თავისი საქმეებითურთ (კოლ. 3.9) და თქვი, როგორც ის ამბობს "ქებათაში": "განვიძარცვე ჩემი კვართი, როგორღა შევიმოსო იგი"? (ქებ. 5.3), მაგრამ შესაძლოა არის თქვენ შორის ვინმე ორგული, კაცთმოთნე (ἀνθρωπάρεσκος), რომელიც კეთილმსახურებას იჩემებს, ხოლო გულით არ სწამს, აქვს რა სიმონ მოგვის პირმოთნეობა. მოვიდა არა იმისთვის, რომ მადლი მიიღოს, არამედ რომ გამოსცადოს მიღებული? ასეთმა ისმინოს იოანესგან: "ცული უკვე ხეების ძირთან დევს, ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლში ჩავარდება" (მათ. 3.10). უწყალოა მსაჯული, უარყავი ორგულება.

8. მაშ, რისი გაკეთება ხამს და რა არის ნაყოფი სინანულისა? "ვისაც ორი პერანგი აქვს მისცეს იმას, ვისაც არა აქვს (სარწმუნო იყო მოძღვარი, რადგან პირველი თავად ასრულებდა იმას, რასაც ასწავლიდა, არ რცხვენოდა თქმისა და არც სინდისი უბრკოლოებდა ენას), და ვისაც საკვები აქვს, მსგავსადვე მოიქცეს" (ლუკ. 3.11). სულიწმინდის მადლის მიღება გსურს და გრძნობადი საკვები არ გემეტება უქონელთათვის? დიდს ეძებ და მცირეს არ გასცემ? თუნდაც მეზვერე იყო, ანაც მეძავი, გწამდეს ცხონება. "მეზვერეები და მეძავები წარგიძღვებიან თქვენ ღვთის სასუფევლისკენ" (მათ. 21.31). პავლეც სწამებს და ამბობს: "ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც" სხვანი, "ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ" (I კორ. 6. 9-11). არ უთქვამს: "ზოგიერთი თქვენგანი ასეთია", არამედ "ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო". უცოდინრობითი ცოდვა მიეტევება, ხოლო შეგნებული ბოროტება დაისჯება.

9. გაქვს სიქადული ნათლისღებისა თავად ღვთის მხოლოდშობილი ძისგან. რაღა უნდა ვთქვა ამის შემდგომ ადამიანზე? დიდია იოანე, მაგრამ რა არის უფალთან შედარებით? მაღალხმოვანია ხმა, მაგრამ რა არის სიტყვასთან შედარებით?8 უმშვენიერესია შიკრიკი, მაგრამ რა არის მეფესთან შედარებით? კარგია ნათლისღება წყლით, მაგრამ რა არის სულიწმინდითა და ცეცხლით ნათლობასთან შედარებით?  სულიწმინდითა და ცეცხლით მოციქულები მონათლა მაცხოვარმა, რადგან "მოულოდნელად იყო ზეციდან ხმა, როგორც ამოვარდნა ძლიერი ქარისა, და აავსო მთელი სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი, და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლისა, და დაივანა თითოეულ მათგანზე, და ყველანი აღივსნენ სულიწმინდით" (საქ. 2.3).

10.
თუ ვინმე არ მიიღებს ნათლისღებას, ვერ ცხონდები, გარდა მხოლოდ მოწამეებისა, რომლენიც წყლის გარეშეც იღებენ ნათლობას. მაცხოვარმა, რომელმაც ჯვრის მიერ სამყარო გამოისყიდა, გვერდის განგმერისას გამოადინა სისხლი და წყალი, რომ ერთნი, მშვიდობიანობის დროს, წყლით მოინათლონ, ხოლო სვებმა, დევნილობის ჟამს, საკუთარი სისხლით ნათელიღონ. მარტვილობას კი, ნახე, თავად მაცხოვარი უწოდებს ნათლისღებას, რომელიც ამბობს: "ძალგიძს შესვათ სასმისი, რომელსაც მე შევსვამ, და ნათლისღებით, რომლითაც მე მოვინათლები, მოინათლოთ?" (მარკ. 10.33). მარტვილებიც აღიარებენ, რომლებიც სახილველნი გახდნენ სოფლისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა (I კორ. 4.9), ხოლო შენ მცირედის შემდგომ აღიარებ,9 მაგრამ ჯერ კიდევ არ არის შენთვის დრო ამის მოსმენისა.

11. მაცხოვარმა ნათლისღება განწმინდა, მოინათლა რა თავად. თუ ძე ღვთისა მოინათლა, რომელი კეთილმსახური მოიძაგებს ნათლისღებას? ხოლო მოინათლა არა იმიტომ, რომ ცოდვათა მიტევება მიეღო (რადგან უცოდველი იყო), არამედ უცოდველად მყოფმა ნათელიღო, რომ საღმრთო მადლი და ღირსება (ἀξίαν, dignitatem) ებოძებინა ნათელღებადთათვის. რადგან, ისევე როგორც ბავშვები ნაზავნი არიან სისხლისა და ხორცისა, თავადაც მსგავსადვე ეზიარა იმავეს, რათა მისი ხორცში მოსვლის თანაზიარნი მისი საღმრთო მადლის ზიარნიც გავმხდარიყავით. ასე მოინათლა იესო, რომ ამის მიერაც თანაზიარებით, კვლავ ჩვენ, ცხონებასთან ერთად დიდებაც (τὴν ἀξίαν, honorem) მიგვეღო. ვეშაპი იყო წყლებში, იობის თანახმად, რომელიც პირში დაიტევდა იორდანეს.10 როდესაც საჭირო იყო შემუსვრა ვეშაპის თავისა, ჩავიდა წყლებში და შებორკა ძლიერი, რომ ჩვენ ზეცით მოგვეღო ხელმწიფება გველისა და ღრიანკალის დათრგუნვისა. მცირე არ იყო მხეცი, არამედ საშინელი, "ვერანაირ თევზმჭერ გემს მისი ოდენ კუდის ტყავის წაღებაც კი არ შეეძლო, მას უკან მოსდევდა დაღუპვა, რომელიც ყოველ შემხვედრს ანადგურებდა.11 შემოვიდა სიცოცხლე, რათა ამიერიდან ლაგამი ამოსდებოდა სიკვდილს,12 რათა ყველანი გამოვხსნილიყავით და გვეთქვა: "სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის ჯოჯოხეთო, შენი გამარჯვება"? (I კორ. 15.35). ნათლისღების მიერ დაიხსნა სიკვდილის ნესტარი.

12. ცოდვებით დამძიმებული მიდიხარ წყალთან, მაგრამ მადლის მოხმობა, რომელიც სულს აღბეჭდავს, ამიერიდან აღარ უტევებს საშინელ ვეშაპს, რომ გშთანთქას. ჩადიხარ ცოდვებით მომკვდარი და ამოდიხარ სიმართლით ცოცხალქმნილი, რადგან თუ თანანერგი გახდი მაცხოვრის სიკვდილის მსგავსებისა, აღდგომის ღირსიც გახდები (შდრ. რომ. 6.5). ისევე როგორც იესო, სოფლის ცოდვათა ამღებელი, მოკვდა, რომ სიკვდილი მოეკლა და შენ აღედგინე სიმართლეში, ასევე შენც ჩადიხარ რა წყალში და ერთგვარად დაიფლობი მასში, როგორც იგი კლდეში, კვლავ აღდგები, რომ "ცხოვრების სიახლეში ხვიდოდე" (რომ. 6.4).

13. მას შემდეგ, რაც მადლის ღირსი გახდები, მაშინ შენ მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლის ხელმწიფება მოგეცემა. როგორც ნათლისღების შემდგომ ორმოცი დღე გამოიცდებოდა (არა იმიტომ, რომ იქამდე გამარჯვება არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ სურდა ყველაფერი წესითა და თანმიმდევრობით აღესრულებინა), ასევე შენც ნათლისღებამდე ვერ კადნიერდებოდი მოწინააღმდეგეებთან გებრძოლა, ხოლო მიიღე რა მადლი და ამიერიდან ხარ გამხნევებული სიმართლის საჭურველით, იბრძოლე, მაშ, და, თუკი გსურს, იმახარებლე.

14. იესო ქრისტე ძე ღვთისა იყო, მაგრამ ნათლისღებამდე არ ქადაგებდა. თუკი თავად მეუფემ დაიცვა დროის წესი, ნუთუ მონებს უწესოდ გაკადნიერება გვმართებს? შემდეგ დაიწყო იესომ, როცა გადმოვიდა მასზე სულიწმინდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი. არა იმიტომ, რომ იესომ პირველად ნახა (რადგან ნახული ჰქონდა ხორციელად მოსვლამდეც), არამედ რათა იოანე ნათლისმცემელს ეხილა იგი, რადგან ამბობს: "მე არ მიხილავს იგი, არამედ ვინც გამომგზავნა მე წყლით მოსანათლად, მან მითხრა: ვისზეც იხილო სულიწმინდა გადმომავალი და დავანებული მასზე, ის არის" (ინ. 1.33). თუკი თავადაც გაქვს შეუორგულებელი ღვთისმოშიშება, შენზეც გადმოვა სულიწმინდა და შენზეც გაისმება მამისეული ხმა ზეციდან, არა "ეს არის ჩემი ძე", არამედ "ეს ახლა გახდა ჩემი ძე", რადგან მხოლოდ მას შეესაბამება "არის", ვინაიდან "დასაბამში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი" (ინ. 1.1). მასზეა ნათქვამი "არის", იმიტომ, რომ მარადიულად არის ძე ღვთისა, შენზე კი - "ახლა გახდა", იმიტომ, რომ არა ბუნებითად გაქვს, არამედ შვილებით ღებულობ ძეობილობას. იგი მარადიულად არის [ძე], ხოლო შენ წარმატების შესაბამისად ღებულობ მადლს.13

15. მაშ, გაამზადე სულის ჭურჭელი, რომ გახდე ძე ღვთისა, მემკვიდრე ღვთისა და თანამემკვიდრე ქრისტესი (რომ. 6.17). თუკი ნამდვილად გაამზადებ საკუთარ თავს, რომ [მადლი] მიიღო, თუ რწმენით მიეახლები, რომ ირწმუნო, თუ ნებით განაგდებ ძველ კაცს, ყველაფერი, რაც ჩაგიდენია, მოგეტევება, იქნება ეს სიძვა, მრუშობა თუ სხვა რამ, რაც ამგვარი აღვირახსნილობის სახეებია. რა არის ქრისტეს ჯვარმცმელობაზე უდიდესი [ცოდვა]? ამისგან განმწმენდელიც არის ნათლისღება. მოსულ სამი ათას კაცს, რომელთაც უფლის ჯვარცმა გააცნობიერეს და ამბობდნენ: "რა ვქნათ, კაცნო ძმანო", რადგან დიდია ჭრილობა, ჩვენ რომ მოგვაყენე, ჰოი პეტრე, ჩვენივე დანაშაულით, გვითხარი რა: "პირველსათავე ცხოვრებისა მოკალით". რა არის სალბუნი ასეთი ჭრილობისა? რა არის განმწმენდელი ასეთი ბიწისა? რა არის საშველი ასეთი წარწყმედილობისა?" მიუგო პეტრემ და თქვა: "შეინანეთ და ნათელიღეთ თითოეულმა თქვენგანმა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და მიიღებთ ნიჭს სულისა წმინდისა" (საქ. 3.38). ჰოი, გამოუთქმელი კაცთმოყვარება ღვთისა! გამოხსნის იმედი არ ჰქონდათ და სულიწმინდის ღირსნი გახდნენ. ხედავ ნათლისღების ძალას? თუკი ვინმე თქვენგანმა მგმობელი სიტყვებით ჯვარს აცვა ქრისტე, თუკი ვინმე თქვენგანმა უცოდინრობით უარყო ადამიანთა წინაშე, თუკი ვინმემ ბოროტი საქმეებით მოძღვრების შებღალვას შეუწყო ხელი, შეინანოს და იმედიანად იყოს, რადგან იგივე მადლი არის ახლაც.

16. "გამხნევდი, იერუსალიმ, შემოგძარცვა უფალმა ყოველი უსმართლობა შენი" (სოფ. 3. 14), "განბანა უფალმა ბიწი თავისი ძეებისა და ასულებისა სამსჯავროს სულითა და დაწვის სულით" (ეს. 4.4), "ასხურა თქვენზე წყალი წმინდა და განიწმინდეთ თქვენი ყოველი ცოდვისგან" (იერ. 36.25). ზეიმობენ თქვენთვის ანგელოზები და ამბობენ: "ვინ არის, ვინც ამოდის განსპეტაკებული, დაყრდნობილი თავის მოძმეებზე"? (ქებ. 8.5), რადგან უწინ მონა იყო სული, ახლა კი ძმად აღიწერა თვით მეუფისა, რომელიც იღებს რა მის შეუორგულებელ არჩევანს, ხმობს: "აჰა, მშვენიერი ხარ, ახლობელო ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ. შენი კბილები როგორც ფარა გაპარსულ ცხვართა" (ქებ. 4. 1-2) შენი კეთილსინდისიერი აღსარებისთვის, და შემდგომ: "ყველანი ტყუპად მსხმელნი" (ქებ. 4.2) ორმაგი მადლით, ვამბობ ან წყლისა და სულისგან სრულქმნილს, ანაც ძველი და ახალი აღთქმის მიერ ნაუწყებს.

დაე ყოველი თქვენგანი, ვინც მარხვის სარბიელი აღასრულა, ნათქვამი დაიხსომა, კეთილი საქმეებით ინაყოფიერა (კოლ. 1.10) და სულიერ სიძეს უბიწოდ წარუდგა, მიემთხვიოს ცოდვათა მიტევებას ღვთისგან, რომლისაც არის დიდება ძით და სულიწმინდითურთ, უკუნისამდე, ამინ.

 

-------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - შდრ. Gr: ἐις τὸν νυμφῶνα. :სასძლო", როგორც ცნობილია, "სიძე-პატარძლის ოთახს" ნიშნავს. შდრ. Ru: в чертог бачный.

2 - შდრ. Gr: ἐις τὸν τιπτικὸν γάμον. ლათ.: in nuptias figuratrices. "სახეობრივ ქორწილში" ნათლისღების საიდუმლო იგულისხმება. რუსული თარგმანი ნაკლებადეკვატურია. შდრ.: на таинственный пир бачный.

3 - კათაკმეველთა სახელების აღწერის შესახებ იხ. პროკატეხიზისი, შენ. 1.

4 - შდრ. წყლის კურთხევის ლოცვა ნათლისღების წეს-განგებიდან: "შენ უკუე, კაცთმოყუარეო მეუფეო, მოვედ და აწცა დანერგვითა წმიდისა შენისა სულისაჲთა განწმიდე წყალი ესე და მოეც ამას მადლი გამოჴსნისაჲ და კურთხევაჲ იორდანისაჲ, ყავ ესე წყაროდ უხრწნელებისად, სიწმიდისა მომნიჭებელ, ცოდვათაგან გამომჴსნელ, სენთა მაოტებელ, ეშმაკთა მომსრველ, წინააღმდგომთა ძალთაგან მიუახლებელ, ანგელოზთა ძალითა სავსე". იხ. დიდნი კურთხევანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, I, თბ. 2002 წ., გვ. 102.

5 - სიტყვ. "უდაბნოს მოყვარული". φιλέρημον.

6 - შდრ. Gr: ἀξίωμα, Lat: praerogativa.

7 - შდრ. Gr: τὴν ὑπόστασιν, Lat: substantiam [ac informationem].

8 - იგულისხმება სიტყვა ღვთისა, ძე ღმერთი. შდრ. πρὸς τὸν Λόγον.

9 - იგულისხმება სარწმუნოების აღსარება, ანუ "მრწამსი", რომელსაც მარტვილებიც წარმოთქვამდნენ მტანჯველთა წინაშე და რომელი ნათელღებადმაც უნდა წარმოთქვას ნათლისღებისას.

10 - შდრ. იობ. 40.18: "ანუ იყოს ღათუ წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა".

11 - შდრ. იობ. 41.13: "ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი".

12 - შდრ. იობ. 40.20-21: "მო-მე-ითრიოსა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა? ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი?"

13
- მსგავს მსჯელობას, როცა ტერმინი εἰμι (ყოფნა) და γίγνομαι (წარმოშობა, გახდომა) მიემართება, შესაბამისად, საღვთო და ადამიანურ ბუნებას, ვხვდებით ასევე წმ. კირილე ალექსანდრიელის შრომაში "იოანეს სახარების განმარტება", სადაც ვკითხულობთ: "შესაბამისად იქნა შემოტანილი ღვთის სიტყვის მიმართ "იყო", მისი ყოვლითურთ მარადიულობის, ყველა დროში შექმნილ საწყისზე უძველესობისა და მისი შექმნილად მიჩნევის შეუძლებლობის აღსანიშნავად, რადგან მარადის მყოფი როგორღა უნდა იყოს ქმნილებად მოაზრებული? ნეტარ ნათლისმცემელზე კი, როგორც ადამიანზე, რომელსაც შობილი ბუნება აქვს, შესაბამისად თქვა: "იქნა კაცი მოვლენილი ღვთისგან". იხ. PG., t. 73, col. 105.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", N3, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 09 November 2011 11:52)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96