Georgian (Georgia)English (United Kingdom)

“რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი” (ფს. 32.15), რომელმან ხორცნი შეისხნა და განკაცნა, დაგვმოძღვრა, ჯვარს ეცვა და აღსდგა მკვდრეთით, ჩვენში ეძებს მხოლოდ იმას, რაც ჩვენი შექმნისთანავე ჩადო ჩვენივე სულებში. მან ღირსგვქმნა თავის მოწაფეებად, განგვწმინდა და განგვასპეტაკა ცოდვებისაგან, მშვენიერებით შემოსა მთელი ქვეყნირება. ყოველივე ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დღევანდელი ლუკას საკითხავიდან: “და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ” (ლუკა, 6.31). ბრწყინვალედ ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი: “რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა” (ესაია, 10.23), რადგან ამ ერთადერთ და მოკლე გამონათქვამში უფალმა იესო ქრისტემ წარმოაჩინა მთელი თავისი სათნოება, მცნებანი, კეთილმორწმუნეობა და სიმშვიდე.

მათე მახარებელიც ამასვე ამბობს: “ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი” (მათ. 7.12); იგი არაერთგზის სხვაგანაც მიუთითებს სახარებაში, რომ სიყვარული ღვთისა და მოყვასისა აუცილებელია. “ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მათ. 22.40). ეს ორი ჭეშმარიტება მთელ კაცობრიობას აუწყა უფალმა და არა მხოლოდ ისრაელიანთა მოდგმას, ყველას, ცისქვეშეთში მცხოვრებთ, განურჩევლად სჯულისა და განღმრთობისა სრულყოფილების ერთადერთი და სწორი გზა უჩვენა.


უფალმა ცხადად დაანახა თითოეულ ჩვენგანს, რომ მცნებანი, რომლებიც მან დაგვიწესა აუცილებელია კაცთა მოდგმისათვის და ადამიანურ ბუნებას ასაზრდოებს. ღვთიური იაკობიც აი, რას გვეუნება: “განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა”  (იაკობი, 1.21). წინასწარმეტყველ იერემიას პირით იგივე გვაუწყა უფალმა: “აღუთქუა უფალმან... აღთქმაჲ ახალი... მომცემელმან სჯულთა ჩემთამან გონებითა მიმართ მათთა” (იერ. 31. 31-33). რამეთუ სულში დაუნჯება ნიშნავს სახარებისმიერი მცნებების გონებაში აღბეჭდვას და უფლებამოსილებას გვანიჭებს იცხოვრო ამის შესაბამისად. უფალმა იმგვარად შექმნა ადამიანი, რომ მას პირადი ნება მიანიჭა, რათა თავად შეიმეცნოს თუ ვითარ ხამს მოქცევა.

როდესაც ამ უმთავრესი მცნების დაცვა გვიბრძანა უფალმა, იმთავითვე დაგვმოძღვრა კიდეც, რომ მისი აღსრულება ადამიანისათვის საჭირო და აუცილებელია: “ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყავთ მათდა მიმართ” (მათ. 7.12), და გვიჩვენა, რომ ეს მცნება სამართლიანი, საჭირო, სასარგებლო და ადვილად აღსასრულებელია კაცთა მოდგმისათვის. ნუთუ არ იცი ადამიანო, რომ მრისხანება, გაბოროტება, სიძულვილი ადამიანების მიმართ უამრავ უკეთურებათა და სიავეთა დასაბამია. თითოეული ჩვენგანი ხომ შეძლებისდაგვარად ცდილობს არ ჩაიდინოს რაიმე ისეთი, რომ მისი საქციელი გახდეს საბაბი სხვათა მრისხანებისა, შეურაცხყოფისა. უსიამოვნებებს სხვადასხვა გზით ცდილობს აარიდოს თავი, რასაკვირველია, მხოლოდ იმის გამო, რომ მრისხანება ბოროტებაა, უსამართლობას და გაღიზიანებას ბადებს. ხომ მრისხანებაში ვარდები, თუკი შენს ცოლს ვინმე შეხედავს ვნებიანად და გულისხმისყოფით, ან თუ ვინმე მოგატყუებს, ხომ არასოდეს მიენდობი კაცს ცრუსა და ღალატიანს. ერთი სიტყვით, ის რაც სახარებისეული მცნებებით იკრძალება ადამიანთათვის სარგებლობის მომტანია. აღარაფერს ვიტყვი ძველი აღთქმის მიერ დაკანონებული მცნებების აღსრულების თაობაზე, რომელიც კრძალავს ისეთ მძიმე ცოდვებს, როგორიცაა მკვლელობა, მრუშობა, ცილისწამება, ძალადობა და სხვა. ამ ცოდვებს შესაბამისი ქველმოქმედებანი და სათნოებანი უპირისპირდება და რაოდენ სიხარულის მომნიჭებელია მათი აღსრულება და მერმე იმის შეგნება, რომ სხვა ადამიანს სიკეთეს მოუტანს შენი საქციელი. ხედავ, ადამიანებმა კარგად უწყიან მცნებათა სარგებლიანობისა და სამართლიანობის შესახებ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ისინი არც თუ ისე ძნელი აღსასრულებელია. გაკიცხვის ღირსადაც არ მიიჩნევდი იმ ადამიანს, რომელიც გაბოროტებული სიძულვილით, ბოღმით, მრისხანებით, ცდილობს ათასგვარი უსიამოვნება მოგაყენოს, რადგან ასეთი ადამიანის სულში ჩაბუდებული ვნებების მოთოკვა ძალზე ძნელია და ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელია.

ბოროტი ადამიანისაგან მოყენებულ წყენას, მოტყუებას, შეურაცხყოფას თუკი დაითმენ, სწორი გადაწყვეტილება მიგიღია. შენც ხომ გაგინაწყენებია ვინმე, უსამართლოდ მოქცევიხარ, მოგიტყუიებია, მაშინ ხომ არ მსჯელობ ასე, - მას ადანაშაულებ. იმას, რასაც სხვა ადამიანს ძნელად თუ აპატიებ, ეცადე არც შენ ჩაიდინო, ხოლო თუ გსურს კეთილად მოგექცენ, შენც ეცადე ქველმოქმედება და სათნოება გამოიჩინო სხვათა მიმართ. ხომ გითხოვია ძნელბედობის ჟამს თავშესაფარი, მოუციათ, დახმარების ხელი გამოუწვდიათ, ხომ კმაყოფილი დარჩენილხარ?

ამიტომ თუ სხვასაც იგივე მდგომარეობაში მყოფს იხილავ, კარგად აწონ-დაწონე და შესაბამისად მოექეც, რათა გულდაწყვეტილი და აბუჩად აგდებული არ დარჩეს გაჭირვებაში მყოფი. ვთქვათ და შენს ძალ-ღონეს აღემატება ის, რასაც მეორე ადამიანი ითხოვს შენგან – რამდენადაც ძალგიძს ისე დაეხმარე. პავლე მოციქული ხომ ამბობს: “რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს” (II კორ. 8.12). თუ გსურს სხვებს უყვარდე, მოგიტევონ, შეგინდონ შეცოდებანი, შენც შეიყვარე ისინი, ერიდე განკითხვას, ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავ მათ მიმართ, რამეთუ პეტრე მოციქული იტყვის: “რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა” (I პეტრ. 2.15).

ამრიგად, მაჭირვებელნი და მოძულენი ამაოდ ცდილობენ გასცენ ის, რის მიღებასაც ელიან სხვებისგან. რომელი ჭკუათმყოფელი ეცდება წინ აღუდგეს ბუნებით დაკანონებლ წესებს. რამეთუ იყო საყვარელი და სასურველი პიროვნება, სათნოებებს სჩადიოდე და თავადაც იმკიდე სიკეთეს – ყოველი ადამიანისათვის სანუკვარი ოცნებაა. ადამიანთა მოდგმის სულიერი მოთხოვნილება ყოველთვის იყო, არის და იქნება დახმარების ხელი გაუწოდოს გაჭირვებაში მყოფთ და ვითარცა ღვთის მსგავსად და ხატად ქმნილი არსება სხვებისგანაც მოელის დახმარებას.

ცოდვილ ადამიანს მაინც არ გაუნელდა სიკეთისადმი ლტოლვა. სიყვარული მოყვასისადმი, რაც ყოველგვარი ქველმოქმედების თავი და თავია, არაერთგზის შებილწეს, გააუფასურეს ადამიანებმა. ამად გააშიშვლა უფალმა ადამიანური სისუსტეები, მოგვიწოდა მივმსგავსებოდით მას კაცთმოყვარეობასა და სახიერებაში. ლუკა მახარებლის პირით გვამცნო: “როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ” (ლუკა, 6.31). “გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი. ხოლო ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.” “უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?” (ლუკა, 6. 23-25; მათ. 4.57).

ამ სახარებისეულ გამონათქვამში ერთი სიტყვით სახელდებული “ცოდვილიანი” იმ ადამიანების მისამართითაა ნათქვამი, რომლებიც არ სცნობენ უფალ იესოს, ანუ ნაგულისხმევია “წარმართნი”, აგრეთვე ისინი, რომლებიც არ ცხოვრობენ სახარებისმიერი ცხოვრებით, თუმცა “ქრისტიანებს” უწოდებენ თავიანთ თავებს. თუ რით უნდა განვსხვავდებოდეთ წარმართთა და უსჯულოთაგან ამის შესახებ დიდი პავლე მოციქული აი, რას ეუბნება იუდეველებს: “აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა?” (რომ. 2.26).

ამრიგად, სახარებით იესო ქრისტე გვეუბნება: თქვენ, ვინც მე შემომიდექით, მადლს მიიღებთ ჩემგან თუ აღასრულებთ მცნებებს. ხოლო თუ იმ საქმეებს ჩაიდენთ, რასაც ურწმუნონი და წარმართნი სჩადიან, რაც არ უნდა დიდი სიკეთე ჩაიდინოთ ამქვეყნად ვერ განმართლდებით ჩემს წინაშე. ამას ამბობს უფალი არა იმ მიზნით, რომ ადამიანები ერთმანეთს გადაჰკიდოს, შეაძულოს სხვადასხვა სარწმუნოების, რჯულისა და ადათის მქონე ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ დაგვანახოს – ყოველი ქველმოქმედება და სათნოება ჩადენილი კაცთაგან დაუმწყალობელი რჩება, თუკი ადამიანი სულს არ განიწმედს ბილწებათაგან, რაც თან სდევს თუნდაც უმნიშვნელო ბოროტებას. ამრიგად, მარადიული ჯილდოს მოლოდინში მხოლოდ სულით უმწიკვლო, უცოდველი ადამიანები უნდა იყვნენ. ასეთი ადამიანები ცოდვილებსა და ორგულებზე მეტად განიკითხებიან. გაცილებით დიდი სასჯელი ელით იმ პიროვნებებს, რომლებიც თავიანთი სიტყვებითა და საქმეებით საწინააღმდეგო მოქმედებებს სჩადიან. ასეთივე ბედი ეწევათ მეამბოხე, ღვთივდადგენილი მთავრობისა და მხედრობის მოწინააღმდეგე ძალებს, მათ, რომლებიც განიკითხავენ ქრისტეს სამოციქულო ეკლესიას.

ამიტომ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე გვიყვარდეს მტერნი ჩვენნი, სიკეთე ვთესოთ უსასყიდლოდ: “გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის” (ლუკა, 6.35).

ამრიგად, როდესაც სიკეთეს სჩადიხარ იმის მიმართ, ვინც გიმტრო, არ დაგინდო, ვალი არ დაგიბრუნა, ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში, ნუ იფიქრებ, რომ ამაოდ დაშვერი და გაფლანგე შენი მონაგარი, რამეთუ ეხლა არს ჟამი კეთილ საქმეთა ქმნისა, ხოლო ჟამი სამკალის აღებისა მომავალი სუფევისაა. ამიტომ დაითმინე მოწევნილი ჭირ-ვარამი, რამეთუ თესვისა და მკის ჟამი არც თუ ისე შორსაა ერთმანეთისგან (მათ. 5. 3-11). შენი სიკეთე, ისევე როგორც ბოროტი ადამიანის ბოროტება უკვალოდ არ ქრება. სიკეთეც მრავლდება და ასევე, ერთხელ ჩადენილი ბოროტება უამრავ ახალ ბოროტებას შობს. რამეთუ ამქვეყნიური ნათელი უფრო მეტი ელვარებით ანათებს იმქვეყნად. მაშასადამე, თუკი შენ შენი საქმეებით აქვე ემსგავსები ძე-ღმრთისას, სიკეთეს ჩაიდენ ყველას მიმართ, ისევე როგორც ყოვლადმოწყალე უფალი, ხატად და მსგავსად მისა იქმნები, საღვთო ნათელით გაბრწყინდები უკუნითი უკუნისამდე. უფალმა მოგვიწოდა: “იყავით ძენი ღმრთისანი”. ძე ღმრთისა, იესო ქრისტე, ციდან დაეშვა დედამიწაზე, ხორცი შეისხნა და კანკაცდა, მოკვდა და დაეფლა, ბოლოს მკვდრეთით აღდგა და ამაღლდა, რათა ჩვენ, ძენი წარწყმედისანი და ცოდვისანი ზეციური სასუფევლისა და დიდებისათვის ვეზიარებინეთ. რას ითხოვს უფალი იესო ქრისტე ჩვენგან? არაფერს, გარდა მტრების სიყვარულისა, ქველმოქმედებისა, თანამდებთათვის თანანადების მიტევებისა, იმას, რაც ჩვენი სულების მასაზრდოებელი და განმაცხოველებელია.

ეს უდიდესი წყალობაა, უფლის მიერ გაღებული, ჩვენს გადასარჩენად. მან ხომ თავი გასწირა ჩვენთვის, უღირსთათვის, ზეციურ დიდებასა და სასუფეველს თანაზიარგვქმნა, სინანულისა და გულისშემუსვრილებისაკენ მოგვიწოდა: “კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყუნეთ ძე მაღლის; რამეთუ იგი თავადი ტკბილ-არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა” (ლუკა 6. 33-35), რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოდ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა

წმ. გრიგოლ პალამა - შვიდი ქადაგება, თბილისი, 2001 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 04 NOVEMBER 2011 21:37)