Georgian (Georgia)English (United Kingdom)

უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრის შესახებ

[საქართველოს საპატრიარქომ მიიღო წერილობითი პასუხი იერუსალიმის ბერძნული მართლმადიედბლური საპატრიარქოს წმინდა სინოდისგან უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრთან დაკავშირებით. აღნიშნული პასუხი შედგება ორი დოკუმენტისგან. პირველი მათგანი (ინგლისურ ენაზე) ეკუთვნის წმინდა სინოდის მდივანს, არქიმანდრიტ დიმიტრის, რომელიც იერუსალიმის წმინდა და სამღვდელო სინოდის ბეჭდით და სახელით გვიგზავნის იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ზემორე საკითხზე. მეორე დოკუმენტი (ბერძნულად) წარმოადგენს კონსტანტინე არისტარქოსის მიერ შედგენილ ტექსტს, რაც, მისივე მითითებით, შეიცავს “მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას” (τὴν διδασκαλίαν τῆς ὀρθοδόξου ἐκκλησίας) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ტექსტი არისტარქოსმა შეადგინა იერუსალიმის პატრიაქისა და წმინდა სინოდის საგანგებო დავალებით. პატრიარქმა დიოდოროსმა და იერუსალიმის წმინდა სინოდმა აღნიშნული ტექსტი მიიღეს, დაბეჭდეს და, როგორც ითქვა, საქართველოს ეკლესიას გამოუგზავნეს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით.

არსი აღნიშნული პასუხისა ისაა, რომ უნათლავად აღსრულებული ჩვილების საუკუნო ხვედრი განეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ “ღვთის მოწყალებას, სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას”, რომ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვისებრ, “საეჭვოებაში  იმარჯვებს ღვთის კაცთმოყვარეობა”, რომ წმ. ანასტასის სიტყვისებრ, “არ წარიწყმიდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო”, რომ საეკლესიო კანონები “არაფერს ამბობენ ამ უნათლავი ბავშვების სულთა მდგომარეობაზე სიკვდილის შემდეგ, რადგან იგი (ეს მდგომარეობა) აშკარად განეკუთვნება ღვთის მსჯავრს, სიყვარულს, სამართლიანობასა და მოწყალებას”.

ძნელი არაა დავინახოთ იერუსალიმის წმინდა სინოდის ზემორე სწავლებათა სრული იგივეობა ჩვენს მიერ მრავალგზის ციტირებულ ძველ მამათა, ეკლესიის უდიდეს წმინდანთა თვალსაზრისებთან (წმ. ათანასე ალექსანდრიელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ აკრანკატელი, წმ. ანასტასი სინელი და სხვა), აგრეთვე, ათონის მთიდან მოსულ ვრცელ პასუხთან, რაც სრული სახით ჩვენი გაზეთის მეორე ნომერში გამოვაქვეყნეთ. კერძოდ ათონელმა მამებმა, როგორც ხაზგასმით მიუთითეს მათვე, გამოგვიგზავნეს აღნიშნულ საკითხთან მათი “პირველადი მიახლოება” და უნათლავი ჩვილების საუკუნო ხვედრის შესახებ ნათლად გვასწავლეს, რომ ისინი არც სასუფეველში იდიდებიან, არც ისჯებიან, რადგან “არ სჯის ღმერთი საუკუნო წარწყმედით შვილებს მამათა ცოდვების გამო”, რომ ამ მხრივ უნდა ვიხელმძღვანელოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმ. გრიგოლ ნოსელის ნააზრევით და რომ “კარგია არ გვქონდეს ცნობისმოყვარეობა ღვთის ამგვარ მსჯავრთა გამო”.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ ახლახანს მიიღო აგრეთვე, სრულიად გარკვეული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ისეთი დიდი ავტორიტეტისგან, როგორიც არის ფსკოვო-პეჩორის მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი, რომელიც წერს:

"Вопрос об этих младенцах у нас не стоит, они не вошли в мире в облике человеческом, а вопрос о душе их зародившейся в момент зачатия мы решать не можем - это тайна Божия. Если Господь определит их как мучеников - Господь определит, Господь и управит в вечности. Но горе матери. Вот о ком должны быть думы наши. Ей надо помочь найти путь к покаянию истинному. Пока жива она и жива надежда на спасение - покоянием" (ინახება საქართველოს საპატრიარქოში).

ეგევე აზრი გამოთქვა თავის პასუხში მამა კირილ პავლოვმაც, რომელიც "не дерзает рассуждать на подобного рода богословские вопросы (о загробной участи младенцев и проч.). Это проблемы не его уровня и он не считает себя в праве выносить свое суждение по этому поводу" (ინახება საქართველოს საპატრიარქოში).

აღნიშვნის ღირსია, რომ სრულიად გარკვეული პასუხი ხსენებულ საკითხზე საკუთრივ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს კარგა ხანია აქვს გამოთქმული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ცნობილი შრომა "Очерк Православнаго Догматическаго Богословия" (1912), რომელიც ტიტულზევე ატარებს  ხაზგასმას, რომ იგი აპრობირებულია წმ. სინოდის სასწავლო კომიტეტის მიერ (Учебным Комитетом при Св. Синоде книга в первом издании одобрена) და სინოდისგანვე დადგენილია სასულიერო სემინარიებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ (в качестве учебного пособия для духовных семинарий). სწორედ ამ წიგნში, რაც, როგორც ითქვა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ განჩინებულია სასულიერო სემინარიების სახელმძღვანელოდ, დასმულია შეკითხვა:

"какова загробная участь тех из умирающих младенцев, которые не были крещены, конечно, не по своей вине?" (с. 287).

პირველადი პასუხი სრულიად ერთმნიშვნელოვანია:

"На этот вопрось можно отвечать лишь предположительно" (с. 287).

და მოცემულია მყარი დასკვნა:

"это составляет для пас глубокую тайну" (с. 287).

კვლავ გავუსვამთ ხაზს, რომ ზემორე ციტატებს ზედმიწევნით თანხვდება იერუსალიმის წმინდა სინოდისგან ახლახანს მიღებული პასუხი, რომლის სიტყვა-სიტყვით თარგმანსაც ქვემოთ წარმოვადგენთ.

ედიშერ ჭელიძე]

იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქო სამდივნო

მაქვს პატივი, იერუსალიმის ჩვენი ბერძნული მართლადიდებლური საპატრიარქოს წმინდა და სამღვდელო სინოდის სახელით ფაქსის მიერ გამოგიგზავნოთ ჩვენი ეკლესიის აზრი (the opinion of our Church). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შეკითხვაზე იმ ჩვილთა საბოლოო ხვედრის შესახებ, რომლებიც წმინდა ნათლობის მიღების გარეშე მოკვდნენ.

არქიმანდრიტი დიმიტრი
წმინდა და სამღვდელო სინოდის მდივანი,
იერუსალიმის, 12 დეკემბერი, 2000.

 

მის უნეტარესობას, ჩვენს მამასა და იერუსალიმელთა პატრიარქს, უფალ დიოდოროსს და წმინდა და სამღვდელო სინოდს

უნეტარესო მამაო და მეუფეო

გიპასუხებთ თქვენს ეპისტოლეზე საქართველოს უნეტარესი პატრიარქის, უფალ ილიას ეპისტოლესთან დაკავშირებით იმ ბავშვთა (τεκνων) საბოლოო ხვედრის შესახებ, რომლებიც აბორტის გზით შობამდე, ანდა შობის შემდეგაც (ἤ καὶ μετὰ τὴν γέννησιν αὐτῶν) უნათლავად მოკვდნენ. კეთილმოშიშებით აღვიძვრი, რომ სიმდაბლით გადმოვცე ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება (τὴν διδασκαλίαν τῆς ὀρθοδόξου ἡμῶν ἐκκλησίας) ამ საკითხზე.

უპირველესად, თანახმად უფლის სიტყვებისა: “ვინც ირწმუნა და მოინათლა, ცხონდება, ხოლო ურწმუნო დაისჯება” (მარკ. 16,16), არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ ადამიანისათვის გზა ცხონებისა ნათლისღებისმიერია. ურწმუნო და ნათლობის უგულებემყოფელი თავისთავს აკლებს ცხონებას, თუმცა ამის თქმა სავსებით არ შეიძლება უასაკო ბავშვთა შესახებ, რადგან ისინი არც ურწმუნონი ყოფილან, არცთუ უგულებელმყოფელნი საკუთარი ნათლობისა. სასჯელი მათი უნათლავობის გამო აქვს მშობლებს, რომლებსაც შეეძლოთ აღესრულებინათ მათი ნათლობა, მაგრამ უგულებელყვეს ეს, რის გამოც სწორედ ისინი ექვემდებარებიან დასჯას.

უნათლავად მომკვდარ ბავშვთა შემთხვევები, რომელთა გამოც დასჯას ექვემდებარებიან მათი მშობლები, სამად განიყოფება:

1. ბავშვები, გამოსულები გამოგდებითად დედისგან, მისი ნების გარეშე. ასეთ დროს დედას ვალდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით ეკლესიის ლოცვისა და მას უნდა დაედოს კანონი საღვთო ზიარებისგან ერთწლიანი განყენებისა (XII კანონი წმ. იოანე მმარხველისა, პედალიონი, ასტერის გამოც., ათენი 1976, გვ. 711).

2. ბავშვები, გამოსულები დედის ნებაყოფლობითი აბორტის შედეგად. ასეთ დროს დედას ვალდებულება აქვს, რომ ამასთან დაკავშირებით მიიღოს ეპიტიმია საღვთო ზიარებისგან ხუთწლიანი და სამწლიანი განყენებისა (XI კანონი წმ. იოანე მმარხველისა, პედალიონი, იქვე).

ამ ორ შემთხვევაში ეპისტიმია, ზუსტად თუ ვიტყვით, დაედებათ უნებლიე ან ნებაყოფლობითი მკვლელობის და არა ნათლისღების დაკლების გამო, რის შესახებაც არ შეიძლება იყოს აქ საუბარი, რადგან მკვდრები არ ინათლებიან (XVIII კანონი კართაგენის ადგილობრივი კრებისა, პედალიონი, გვ. 475). რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაამტკიცოს ვინმემ, რომ ხსენებული დედები თავიანთ ბავშვებს გარდა სიცოცხლისა ნათლობასაც აკლებენ.

3. ბავშვები, მომკვდარნი უეცარი სიკვდილისგან ნათლობის გარეშე. ასეთ დროს მათი მშობლები როგორც უგულებელმყოფელნი ანდა სიკვდილის საშიშროების ვერ შემცნობნი, ექვემდებარებიან საღვთო ზიარებისგან სამწლიანი განყენების ეპიტიმიას (XXIV კანონი წმ. იოანე მმარხველისა, პედალიონი, გვ. 712). ეს კანონი განაჩინებს ნათლობის ყოველგვარად დაჩქარებულობას მხოლოდ ავადმყოფობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში მშობლებს ეკლესიისგან ეძლევათ განსაზღვრული დროითი ინტერვალი მათი ბავშვის წინასწარ მოსამზადებლად ნათლობისათვის ნაჩქარევობის გარეშე. ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ჩვილის () ნათლობა არ არის ნებადართული დედის განწმენდამდე და ლოცვის მიღებამდე (XXXVIII კანონი წმ. ნიკიფორე აღმსარებელისა, პედალიონი, გვ. 731).

ზემორე კანონთა გულმოდგინე დამუშავებას ვერავინ შესძლებს, თუ არ დაუკვირდება იმას, რომ ისინი ეხებიან სასჯელს, რაც ღვთის წინაშე აქვთ აბორტის ჩამდენ ან თავიანთი ბავშვების მონათვლის უგულებელმყოფელ ცოცხალ მშობლებს, მაგრამ არაფერს ამბობენ ამ უნათლავი ბავშვების სულთა მდგომარეობაზე სიკვდილის შემდეგ, რადგან იგი (ეს მდგომარეობა) აშკარად განეკუთვნება ღვთის მსჯავრს, სიყვარულს, სამართლიანობასა და მოწყალებას. ამავე სულით შეეხო ამ საკითხს წმ. ანასტასი სინელიც, რომელიც თავის “კითხვა-მიგებაში” გვაწვდის პასუხს, კითხვას სხვამს რა ამგვარად: “სად ვამბობთ, რომ მიდიან ხუთი წლის ან ოთხი წლის უბოროტო ბავშვები იუდეველებისა და უნათლავებისა? სასჯელში თუ სამოთხეში?” მისი პასუხი ასეთია: “რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარიწყმიდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია, რომ არ შევლენ ისინი გეჰენიაში, თუმც არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა” (კითხვა-მიგება 81-ე, PG. 89, 709 B). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც, ასევე, ამბობს: “საეჭვოობაში იმარჯვებს ღვთის კაცთმოყვარეობა” (სიტყვა წმინდა ნათელთათვის, PG. 36, 357 B). ასევე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი ევსებიოსი, ქადაგებს რა ნათლობის შესახებ, პასუხისმგებლად წარმოგვიდგენს უგულებელმყოფელ მღვდლებსა და მშობლებს, არაფერს უმატებს რა უნათლავი ბავშვების მდგომარეობის შესახებ: “თუ მოვა ბავშვი მოსანათლად და მოკვდება იგი მღვდლის დაუდევრობის გამო, ვაი იმ მღვდელს, ხოლო თუ იგი უნათლავი მოკვდება მშობლების დაუდევრობის გამო, მღვდელი უდანაშაულო რჩება, მაგრამ ვაი იმ ბავშვის მშობლებს. ამიტომ, მშობლებმა არ უნდა დატოვონ ბავშვი მოუნათლავად დიდი ხნით, რადგან დაუბეჭდავი ცხვარი მგლის წილია, რამეთუ ქრისტეს კანონი აღასრულა ყველამ, ვინც დაიცვა სამწყსო” (სიტყვა მადლის გადაცემის შესახებ მქონესაგან არმქონეზე, და მღვდლების შესახებ”, PG. 86, 349 AB).

ზემომოტანილი, ჩემი მდაბალი აზრით, წარმოაგენს გზამკვლევს ეკლესიისთვის დღესაც თავის მწყემსურ საქმეში, რადგან იგი (ეკლესია) თავის ყურადღებას მიაპყრობს მშობლების სწორ გზაზე დაყენებას (რათა განერიდონ ისინი აბორტს როგორც მომაკვდინებელ ცოდვას და დროულად აღჭურვონ თავიანთი შვილები ნათლობის საიდუუმლოთი, რაც წარმოადგენს გასაღებს ეკლესიაში შესვლისა, სასუფევლისა და ღვთის პირის სინათლის ხილვისა), განუკუთვნებს რა მსჯავრს უჟამოდ აღსრულებულ ან აბორტის შედეგად საშინლად დაზარალებულ უნათლავ ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ღვთის მოწყალებას, სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას (τὸ ἔλεος τὴν ἀγάπην καὶ τὴν φιλανθρωπίαν τοῦ θεοῦ).

დავდებთ რა ამას თქვენი უნეტარესობისა და წმინდა და სამღვდელო სინოდის განსასჯელად, ვეამბორები თქვენს მარჯვენას უღრმესი კრძალვით.

იერუსალიმი 29.11/12.12.2000
კონსტანტინე არისტარქოსი

 

-----------------------------------------------------------------------

* აღნიშნული სტატია (ციტატების ნაკრებითურთ) პირველად გამოქვეყნდა გაზეთში: “საეკლესიო სიწმინდენი”, 2001, 1, გვ. 5

 

ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

”მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში”. თბილისი, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:07)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96