Georgian (Georgia)English (United Kingdom)

რიცხვ. პირვ. φ. 2/5b/917
15/28 მაისი, 2000

მის უნეტარესობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს თბილისში

თქვენს უნეტარესობას, შვილურად და თაყვანცემითად, აღდგომილი ქრისტეს მიერ მოვიკითხავთ!

სიხარულით მივიღეთ რა თქვენი უნეტარესობის გულითადი ეპისტოლე წმინდა პასექის ჟამს, წინამდებარე ნაწერის გზით, რაც ბეჭედდადებულია წმინდა კინოტის მიერ, გამოვთქვამთ ჩვენს მხურვალე მადლობას, ერთი მხრივ, იმ ქრისტესმიერი სიყვარულისათვის, რაც თქვენ გამოავლინეთ ჩვენს წმინდა ადგილას მოღვაწე მამათა და ძმათა მიმართ, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცა თქვენთან სულიწმინდისმიერი ზიარებისა, მესამე მხრივ კი, არანაკლებ, თქვენს იმ ღვთისსარწმუნო ვედრებათა გამო, უფლისადმი რომ აღავლენთ ჩვენთვის, ამ წმინდა მთაზე სიმდაბლით მცხოვრებთათვის.

სანაცვლოდ ჩვენც, მთელი წმინდა მთის მოღვაწენი, ჩვენის მხრივ მდაბლად ვლოცულობთ, რომ მან, ვინც სიკვდილიდან და ხრწნილებიდან უხრწნელებისკენ აღმოიყვანა ადამიანთა ნათესავი, სულიწმინდის მიერ გადმოღვაროს თქვენზე და თქვენს ღვთისმოყვარე და, ამასთან, ჩვენგან შეყვარებულ სამწყსოზე მთელი ზეციური კურთხევა და საბოძვარი თქვენი უწმინდესი ეკლესიის მართლმადიდებლურ სიმდიდრედ, მიწყივ გამოვითხოვთ რა კვლავაც თქვენი უნეტარესობის ღვთისსარწმუნო ლოცვა-კურთხევას და ვემთხვევით რა თქვენს მარჯვენას უღრმესი კრძალვით.

ათონის წმინდა მთის ოცი წმინდა მონასტრის
ყველა წარმომადგენელი და
წინამძღვარი
საერთო კრებულისა

ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტი

რიცხვ. პირვ. φ. 2/7/1040
31.5/13.6, 2000

თქვენს უნეტარესობას შვილურად და თაყვანისცემით მოვიკითხავთ!

გავეცანით ეპისტოლეებს გასული 1999 წლის 25.5, 23.6, 8.9, 10.10, 26.11 და მიმდინარე 2000 წლის 21.2 და 31.5 რიცხვით, გამოგზავნილებს თქვენგან, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მხრიდან, სახელდობრ, თქვენი საღვთისმეტყველო კომისიისგან და თქვენი სამდივნოსგან, რომლებშიც გულმოდგინედ ეძიებთ წმინდამთის შეხედულებას იმის შესახებ, რაც ძალუმად აშფოთებს თქვენს ეკლესიას. კერძოდ, ესაა საღვთისმეტყველო პრობლემა უფლისმიერი მსჯავრის შესახებ უნათლავი და აბორტის შედეგად მოკლული ჩვილების მიმართ მეორედ მოსვლის ჟამს. შევეცდებით, სწორედ კინოტის მიერ ბეჭედდასმული ჩვენი ამ წინამდებარე მოწერილობის მიერ, დახმარების სახით, შემოგთავაზოთ წმინდამწერლობითი და წმინდაპატერიკული გამოკვლევა და დასაბუთება საკითხისა, თანაშევაერთებთ რა მოძიებულთა მიმოხილვას და ციტატების ნაკრებს, რაც ამ მიზნით შეადგინა ჩვენმა სპეციალურმა კომისიამ.

აღვნიშნავთ, რომ ის, რასაც დახმარების სახით გიგზავნით, წარმოადგენს წმინდა მთის პირველად მიახლოებას საკითხთან და არა საკრებო განჩინებას, რაც სრულიად სცილდება წმინდა მთის კანონიკურ და საეკლესიო კომპეტენციას, რადგან იგი წარმოადგენს არა ეკლესიას, არამედ – უბრალოდ სამონასტრო ცენტრს. მთელი წმინდა მთის მოღვაწეების სახელით მდაბლად ვევედრებით უფალს თქვენი და თქვენეული სამწყსოს განათლების, გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის. ამასთან, მიწყივ გამოვითხოვთ თქვენი უნეტარესობის ღვთისსარწმუნო ლოცვა-კურთხევას და ვეამბორებით თქვენს მარჯვენას უღრმესი კრძალვით.

ათონის მთის ოცი წმინდა მონასტრის
ყველა წარმომადგენელი და წინამძღვარი
საერთო კრებულისა

დასკვნები

ადამიანი, რომელიც შედგება სხეულისა და სულისგან (ლთ), წარმოადგენს სრულ ჰიპოსტასს მუცლადღების დასაბამშივე (ლე, ლვ, ლზ, მ). სხეული გამომდინარეობს მშობელთა ხორციელი თანაყოფისგან, ხოლო სული გვეძლევა ღვთისგან მუცლადღებისთანავე დაფარული და მხოლოდ მისთვის (ღვთისთვის) საცოდნელი წესით (ლვ). შესაბამისად, დაუბადებელი ჩვილიც, რომელიც ან ბუნებრივად მოკვდა, ანდა აბორტის შედეგად იქნა მოკლული, წარმოადგენს სრულ არსებას (ჰიპოსტასს), ხმობილს საუკუნო ცხოვრებისათვის (κεκλημενην δία τὴν αὶώνιον ζωήν).

რადგან საკითხი ეხება ადამიანური არსების ცხონების საკითხს, საღვთო წერილთა და ღმერთშემოსილ მამათაგან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ადამიანი ცხონდება მხოლოდ ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, ესე იგი, - მართლმადიდებლურში, ჩვენეულში. ნათლობის, მიროცხნებისა და ზიარების წმინდა საიდუმლოთა მიერ ნათელღებული შეიყვანება ქრისტესმიერ ცხოვრებაში, იღებს მადლს და განათლებას სულიწმინდისას, დადგინდება ქრისტეს სხეულის წევრად და ეზიარება მარადიულ ცხოვრებას და სასუფეველს (ვ-თ, იდ, კა, კგ, კე, კვ).

ყველა შობილი ჩვილი, ქრისტიანებისა და არაქრისტიანი მობლებისა, ბუნებითად თანაზიარია პირველმამის, ადამის, ცოდვასთან და ნამემკვიდრევი აქვს ხრწნადობა და სიკვდილი, თუნდაც რომ არ ჰქონდეს მას ნებსითი ცოდვა (ა, ვ, ია). ამის აუცილებლობა გამომდინარეობს ადამიანური ბუნების ერთობიდან, თანახმად სამოციქულოსი: “ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში და ცოდვის მიერ – სიკვდილი და, ასე, ყველა ადამიანამდე განივრცო სიკვდილი” (რომ. 5,12).

მაგრამ რადგან ბუნებითად და არა ნებსითად ვეზიარეთ ცოდვასა და სიკვდილს ადამიანური ბუნების ერთიანობის გამო, იმგვარივე წესით ქრისტეს ხორციელი განგებულების მიერ (ვ-ი) საჩუქრად მოგვემადლება ჩვენ (χαρίζεται δωρεάν εἰς ἡμᾶς) ცოდვისაგან და სიკვდილისგან ცხონება (ვ, ი), როგორც ამბობს, აგრეთვე, მოციქული: “რამეთუ თუკი ერთის ცთომილებით მრავალნი მოკვდნენ, ბევრად უფრო ღვთის მადლი და საჩუქარი ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მადლით ბევრის მიმართ გარდაემატა” (რომ. 5,15).

პირველმამისეული ცოდვის მიტევება და სიკვდილის მოსპობა გვეძლევა წმინდა ნათლობის მიერ, როგორც ამას ცხადად განაჩინებს 121-ე კანონი კართაგენის კრებისა (გ). არსობრივი განახლება მონათლულისა მდგომარეობს ქრისტესთან თანააღდგომაში, რის გამოც არც ცოდვა, არც სიკვდილი არ ბატონობს მასზე (რომ. 6,3-14), არამედ იგი მოქალაქეობს “სულის სიახლეში” (რომ. 7,6).

უჟამოდ მკვდარი და, ამის გამო, უნათლავი ჩვილები არ იდიდებიან ცათა სასუფეველში (δὲν δοξάζονται εἰς τὴν Βασιλείαν τῶν Οὐρανῶν), რადგან არ მიუღიათ წმინდა ნათლობა და, შესაბამისად, არ განთავისუფლებულან პირველმამისეული ცოდვისაგან და არ გაუნაწილებიათ და არ მიუღიათ სულიწმინდისეული განახლება (ია, იბ, კ. კბ, კგ, კვ-ლბ). ამასთან, არ ისჯებიან (δὲν κολάζονται) (ია-იგ, კზ, ლ-ლბ), რადგან არ უარუყვიათ ნათლობა (δὲν ἠρνήθησαν τὸ Βάμτισμα), არამედ უნებლიეთ დააკლდნენ მას (ἀλλὰ ἀκουσίως τὸ ἐστερήθησαν. იბ), და რადგან არ სჯის ღმერთი საუკუნო წარწყმედით (δὲν τιμωρεῖ ὁ θεός μέ αἰωνίαν ἀπώλειαν) შვილებს მამათა ცოდვების გამო (ლა, ლბ); არცთუ, კიდევ, გვირგვინს იღებენ როგორც ისინი, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საღვთო მცნებები ქმნეს (იგ).

მთელ ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა მამები აზრს გვაწვდიან (γνωμοδοτοῦν) ღვთის მართლმსაჯულებისადმი შევრდომით (იბ), მაგრამ არ ვარაუდობენ უფრო ზედმეტს (δὲν εἰκάζουν περισσότερα) იმაზე, რამდენსაც გვთავაზობს საღვთო ნათლობისა და მისმიერი ცხონების შესახებ დოგმატური მოძღვრება. ამის გამო, წმინდა ნეკტარიოს პენტაპოლელს განჩინება გამოაქვს (ἀποφαίνεται) მისი წინამორბედების – წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა გრიგოლ ნოსელის – აზრის (γυώμην) მოხმობით (ია).

ამასთან აშკარაა, რომ წმინდა მამების განჭვრეტით კარგია არ გვქონდეს ცნობისმოყვარეობა ღვთის ამგვარ მსჯავრთა გამო (ლა, ლგ).

------------------------------------------------------------------------------

* აღნიშნული სტატია (ციტატების ნაკრებითურთ) პირველად გამოქვეყნდა გაზეთში: “საეკლესიო სიწმინდენი”, 2000, 2, გვ. 6-7

ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

”მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში”. თბილისი, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:08)