Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

რაჟამს აღსდგე ძილისაგან, სამადლობელად ღმრთისა ბრძანე:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო შეგჳწყალენ ჩუენ (3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან, მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ (3-ჯერ). დიდებაჲ, აწ და.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა-იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ  მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

 

და1 ლოცვაჲ ესე:

აღდგომილნი ძილისაგან შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონებაჲ და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახუენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს და თითოეულისა საქმენი განშიშულდენ, არამედ  შიშით ღაღად-ვყოთ შუვაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ (12-ჯერ)2.

 

და ლოცვაჲ ესე

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათჳს არა განრისხენ ჩემ უდებსა3 და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ  ჩუეულებისაებრ კაცთმოყუარე მექმენ მე და უფსკრულსა შინა სასოწარკუეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად4 და დიდებისმეტყუელებად ძალსა შენსა და აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყუათა შენთა და გულისჴმისყოფად მცნებათა5 შენთა და ყოფად6 ნებისა შენისა და გალობად სახელსა შენსა აღსაარებითა გულისაითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა7, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჲჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


მრწამს
ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ.

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთჳს კაცთათჳს, და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა, და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა.

და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევასა არა არს დასასრულ.

და სული წმიდაჲ უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.

ერთი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ.

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით

და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ.


ლოცვაჲ დიდისა მაკარისი

ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ  მიჴსენ მე განსაცდელისაგან და იყავნ ჩემშორის ნებაჲ შენი, რაჲთა დაუსჯელად აღვაღო პირი ჩემი არაღირსი და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩუენ და სათნო-იყავ თანაწარსლვასა ამას სიგრძესა ღამისასა მშჳდობით თანაწარსლვად და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგჳფარენ, შენ, მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩუენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.

ლოცვაჲ დიდისა ბასილისი

უფალო ყოვლისა-მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ჴორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკჳდრ ხარ და ყოველთავე მდაბალთა ჰხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო ნათელო თუალთშეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკუდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ და გევედრებით, შეიწირე მწიკულევანთა ამათ ბაგეთა ჩუენთამიერი ვედრებაჲ და მომიტევენ ჩუენ ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი, საქმითნი, სიტყჳთნი და გონებითნი, ცნობითნი და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩუენ ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და მომმადლენ ჩუენ გონებაჲ მღჳძარე, გულისსიტყუაჲ კეთილი და  ყოვლისაგან ღამისა, - ამაოჲსა სოფლისაგან, - ჩუენზედა მომავალისა საცთურისაგან მიჴსნენ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ მიწევნად მეორედ მოსლვასა მას ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მოსლვასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა და მიგებად თითოეულსა საქმეთა მათთაებრ, რაჲთა არა განგდებულ ვიქმნნეთ უდებებითა, არამედ რაჲთა მღჳძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდენი წარდგომად სიხარულსა და შესლვად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რაჲთა ჩუენცა მკჳდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნნეთ დღესასწაულობად ჴმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქუმელსა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ წმიდისა ანგელოზისა მიმართ, მცველისა ცხოვრებისა ჩუენისა, სამარადისოჲ

წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე, ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათჳს, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა8 უფლებად ჩემდა უძლურებისათჳს მოკუდავთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲსა. უპყარ ჴელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა.

ჰოჲ9 წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ჴორცთაო, ყოველივე შემინდვე, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და რაოდენი ვცოდე დღესინდელსა ამას ღამესა, დამიფარე მე დღესაცა ამას და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკუვარებათა წინააღმდგომისათა, რაჲთა არა-რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი და მეოხ-იყავ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განმამტკიცოს შიშსა მისსა და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა და მკჳდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ

ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ Kსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ, ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

ყოვლადდიდებულო და მარადისქალწულო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, მიართუ ლოცვაჲ ჩუენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.


მოკითხვაჲ მთავარანგელოზისა მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ

ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, რამეთუ მაცხოვარი გჳშევ სულთა ჩუენთა.

ლოცვითა მოწოდებაჲ წმიდისაჲ, რომლისა სახელიცა გაქუს

ევედრე ღმერთსა ჩემთჳს, წმიდაო (სახელი), რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვივლტი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათჳს.

ტროპარი ჯუარისაჲ და ლოცვაჲ ერისა და მამულისათჳს

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცვულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდით: უფალო, დიდებაჲ შენდა.

ლოცვაჲ ცოცხალთათჳს

მოიჴსენე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, საუკუნითგან მყოფნი, რომელთათჳს განჰკაცენ და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდევ ცხოვრებისათჳს მართლმორწმუნეთა შენთაჲსა, აღსდეგ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯუენით ღმრთისა და მამისა, მოხედენ მოწყალებით მვედრებელთა შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უჴმარისა მონისა შენისაჲ და ყოვლისა ერისა შენისაჲ. პირველად მოიჴსენე, უფალო, შენი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდე და დაამტკიცე, განაძლიერე, აღამაღლე, განამრავლე, მშჳდობით დამყარებულ-ყავ, წარმართთა ზედამოსლვისაგან განათავისუფლე და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცუენ, მწვალებელთა გესლოვანებაჲ განაქარვე და მეტყუელებაჲ მათი ცუდ-ყავ ძალითა წმიდისა სულისა შენისაითა და მოაქციენ იგინი (მეტანიაჲ).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე ღმრთივდაცვული ერი ჩუენი, მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი.

მოიჴსენე, უფალო, ღმრთივდაცვული ერი ჩუენი და მეუფებაჲ მისი, გარეშეზღუდენ მპყრობელობანი მათნი და დაუმორჩილენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი და შთაუთხრენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშჳდობაჲ წმიდისა ეკლესიისათჳს და ყოვლისა ერისა შენისა, და მიეც მათ მშჳდობაჲ და დაწყნარებაჲ, რაჲთა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრებაჲ გუაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით ვცხოვნდებოდეთ (მეტანიაჲ).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაჲ ჩუენი ილია, წმიდანი მსოფლიოჲს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი, ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყჳერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანიაჲ).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამაჲ, მოძღუვარი, მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღჳძებს და იღუწის სულისა ჩემისათჳს და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობაჲ შეცოდებათა ჩემთაჲ (მეტანიაჲ).

აცხოვნენ, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელით), ძმანი და ნათესავნი ჴორციელნი და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშჳდობაჲ შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა (მეტანიაჲ).

აცხოვნენ, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქურივნი და მდებარენი უძლურებასა და დაჴსნილებასა შინა, მწუხარენი, განსაცდელთა შინა მყოფნი, ტყუეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათჳს მართლმადიდებლობასა შინა უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უვარისმყოფელთაგან; მონანი შენნი მოიჴსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა და ცოდვათა შენდობითა და ჴსნაჲ მოანიჭე მათ (მეტანიაჲ).

აცხოვნენ, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი და რომელნი მმძლავრობენ და მყუედრიან მე, ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულოებათა შინა მათთა ჩემთჳს, არამედ  მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელ აქუნ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა (მეტანიაჲ).

უვარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცთომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისაჲთა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ წმიდასა შენსა კათოლიკესა სამოციქულოსა ეკლესიასა, რაჲთა გიცნან შენ, მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი, და თაყუანის-გცენ (მეტანიაჲ).


ლოცვაჲ გარდაცვალებულთაჲ

მოიჴსენენ, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მჴევალთა შენთა, მშობელთა ჩემთანი (სახელები მათი) და ყოველთა ნათესავთა ჩემთანი და სასოებით მკუდრეთით-აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათანი, მიუტევენ მათ ყოველნივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნოჲ ჴსენებაჲ (3-ჯერ და მეტანიაჲ).

დიდებაჲ.

აწ და.

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-ჯერ).

----------------------------------------------------------------------------

ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი

1 - D-ში აქედან იწყება "ძილისაგან აღდგომის" ლოცვები ასეთი ტექსტით: "აღსდგე რაჲ ძილისაგან, ესე ბრძანენ უწინარეს შუაღამისა ეკლესიად მიმავალმან: აღდგომილნი ძილისაგან შეგივრდებით..."

2 - უფალო შეგჳწყალენ (12-ჯერ)] კჳრელეისონი იბ E

3 - უდებსა (E)]უძღებსა M (მართებულია E. შდრ. ბერძნ. ραθυμω. რაც შეეხება "უძღებს", მისი ბერძნული ტერმინოლოგიური ეკვივალენტი ყოველთვის არის ἅσωτος)

4 - + შენდა მომართ E

5 - მცნებათა (E)]გზათა M ("ლოცვათა" XIX ს-ისა და თანამედროვე პუბლიკაციებში დამკვიდრებული "გზათა" მცდარია და მართებულია E ნუსხის "მცნებათა", როგორც ამას ადასტურებს ბერძნული ორიგინალი: εντολας - "მცნებათა".)

6 - ქმნად M

7 - აღსაარებითა გულისაითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა – E (დიდებად და – M)

8 - + ეშმაკსა U

9 - ჰე U

 

"ლოცვათა" და "ღვთისმშობლის დაუჯდომლის" ახალი გამოცემის გამო

კრებული, რასაც ქართულად "ლოცვანი" ეწოდება, გვიანდელი წარმოშობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქრისტიანისთვის განკუთვნილი ლოცვები უძველესი დროიდანვე იჩენს თავს წერილობითი სახით, საკუთრივ ცალკე კრებულის შექმნა, როგორც ჩანს, მაშინ გახდა აუცილებელი, როდესაც  ამ ლოცვათა რაოდენობამ შთამბეჭდავ მოცულობას მიაღწია.

უეჭველია, რომ "ლოცვანი", როგორც კრებული, აღმოცენებულია იმ სამღვდელმსახურო წიგნიდან, რასაც "ჟამნი" ჰქვია. მართლაც, ამ ორ კრებულს შორის ხელშესახები ტექსტობრივი ნათესაობაა, თუმცა კონკრეტულად როდის უნდა მომხდარიყო "ჟამნის" საფუძველზე "ლოცვათა" კრებულის ჩამოყალიბება, ძნელი სათქმელია. საფიქრებელია ამას ადგილი ჰქონოდა XIV-XV სს-ში, რადგან უფრო ადრეული ეპოქის მოღვაწეებისთვის "ლოცვანი" ჯერ კიდევ უცნობია. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმო ჩანს ქართულ მასალაზე დაკვირვება. ცნობილია, რომ ქართველი მოღვაწეები უდიდესი ყურადღებით ეკიდებოდნენ ბიზანტიური ლიტურგიკული წიგნების ქართულად თარგმნას და ახდენდნენ საღვთისმსახურო სიახლეთა დაუყოვნებელ ათვისებას, რაც ყოველთვის იმდენად თანადროული იყო, რომ დღეს მკვლევართა სამართლიან  განცვიფრებასაც იწვევს. ასეთ დროს, ცხადია, მრავლისმთქმელი უნდა იყოს, რომ "ლოცვანი", როგორც კრებული, სახელგანთქმულ ქართველ მთარგმნელ-ლიტურგისტთა უმდიდრეს სამღვდელმსახურო მემკვიდრეობაში არსად ავლენს თავს. ეჭვი არაა, რომ ამ კრებულს აუცილებლად თარგმნიდა წმ. გიორგი მთაწმინდელი, საბერძნეთში და კონკრეტულად ათონის მთაზე მსგავსი რამ რომ უკვე არსებულიყო. აღარაფერს ვამბობთ ისეთ მოღვაწეებზე, როგორებიცაა წმ. ექვთიმე მთაწმინდელი, წმ. ეფრემ მცირე, წმ. არსენ იყალთოელი, გელათის საღვთისმეტყველო სკოლის მოღვაწეები და სხვა, რომლებიც ასევე მნიშვნელოვნად იყვნენ დაკავებულნი ლიტურგიკული ძეგლების თარგმნით. ამიტომაა საგულვებელი "ლოცვათა" კრებულის გვიანდელობა.

სახელწოდება "ლოცვანი" პირდაპირი თარგმანი უნდა იყოს ამ ტიპის კრებულის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვისა προσευχητάριον (προσευχή - "ლოცვაჲ"). მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ კრებულის ანუ προσευχητάριον-ის შინაარსით სიტყვა "ლოცვანი" გვიანდელია, თვით ის ლოცვითი მასალა, რაც შემდეგში ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდება, ფრაგმენტულად და გაფანტულად ადრეულ ნუსხებშიც დასტურდება (თუნდაც უძველეს სინურ ხელნაწერებში). შედარებითი სისრულით და ცალკე ლიტურგიკული სეგმენტის სახით ეგევე მასალა აშკარად ავლენს თავს XVI-XVII სს-იდან. ამ მხრივ ერთ-ერთი ადრეული ჩანს ხელნაწერი A 1737, რომელიც 1505-1515 წწ-შია გადაწერილი. ასევე ადრეულია ცნობილი "ჟამნ-გულანი" A 84, გადაწერილი 1567 წ-ს. XVI ს-ისად ითვლება A 616. XVI-XVII სს მიჯნისაა "ჟამნი" A 1153 და "ჟამნ-გულანი" H 369. საკუთრივ XVII ს-ის ნუსხებიდან ყურადღებას იმსახურებს ორი "ჟამნ-გულანი": H 342, გადაწერილი 1661 წ-ს, და H 1452, გადაწერილი 1674 წ-ს ("ყანჩაეთის ჟამნ-გულანი"). განსაკუთრებით ფასეული ჩანს XVII ს-ის "ლოცვანი" A 352 და XVII-XVIII სს მიჯნის "ჟამნ-გულანები": A 125 და A 231. ინტერესს იწვევს, აგრეთვე, ამავე ეპოქის სხვა "ლოცვანი": A 645, A 780 და ბევრი სხვა.

ჩამოთვლილ ნუსხებს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს XIII ს-ის "ჟამნი" Jer.127, რაც მრავალი მხრივ არის მეტად საყურადღებო.

ქართულ ნუსხებში გაფანტული  უმდიდრესი ლოცვითი მასალის სრულად შემოკრება და მეცნიერული დამუშავება-პუბლიკაცია  გადაუდებელი საჭიროების საქმეა, თუმცა წინამდებარე გამოცემა ამგვარი სისავსისა ვერ იქნება, რადგან ამის საშუალებას არ იძლეოდა უაღრესად შეზღუდული დრო და ფორმატი. შესაბამისად, შევეცადეთ მეტ-ნაკლებად შეგვენარჩუნებინა თანამედროვე "ლოცვათა" შედგენილობა და ამ შედგენილობის ფარგლებში მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ენობრივად და აზრობრივად გამართული ტექსტი, შესწორებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული ნუსხებისა და, სადაც ეს შესაძლებელი იყო, ბერძნულ ორიგინალთან ზედმიწევნითი შედარების საფუძველზე. რაც შეეხება საკუთრივ შესწორების მასშტაბს, ამას მკითხველი თვითონაც განსაზღვრავს თუნდაც გამოცემაზე დართული სქოლიოების მიხედვით, მაგრამ არსებული ვითარების ნათელსაყოფად მაინც აღვნიშნავთ: მიუხედავად, იმისა, რომ ტექსტობრივი შეცდომების დაფიქსირება წინასწარვე იყო სავარაუდო, "ლოცვათა" თანამედროვე გამოცემების სპეციალურმა ანალიზმა იმ მასშტაბის ხარვეზები წარმოაჩინა, რამაც ბევრად გადააჭარბა ყველაზე უფრო სამწუხარო მოლოდინს. ცთომილებანი არის ყველა სახისა და ყველგან, ყოველ ლოცვაში, მუხლში, წინადადებაში. სახეზეა პუნქტუაციის სრული ქაოსი (რაც სავალალო შინაარსობრივ გაუგებრობებს აღმოაცენებს), ენობრივი ნორმების აბსოლუტური, თითქოსდა თვითმიზნური, არევ-დარევა, უწყვეტი კონტექსტუალური რღვევანი, გადჯგუფებანი, გამოტოვებანი, დამატებანი, ლექსიკური ერთეულების სახეცვლანი და ყოველივე აღნიშნულის მიზეზით, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, არაიშვიათი დოგმატური გაუკუღმართებანი, თუმცა თვით ის ფაქტიც, რომ მორწმუნე მრავალ შემთხვევაში მექანიკურად წარმოთქვამს დამახინჯებულ ტექსტს, რადგან კონტექსტიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია, უკვე თავისთავად არის უმძიმესი დოგმატური გაუკუღმართება გამომდინაე იქიდან, რომ ქრისტიანობა, არსობრივად, შინაარსის რელიგიაა, სადაც გამოთქმის ფორმა მხოლოდ მაშინაა უდიდესი ცხოველმყოფელობითი ღირსებისა, როდესაც მასში სრულადაა საწვდომი მაცხოვნებელი შინაარსი, განმაღმრთობელი აზრი. თუ ვინარჩუნებთ ფორმას, წარმოვთქვამთ ლოცვის ტექსტს და არ გვესმის (ანდა დამახინჯებულად გვესმის) მისი აზრი, გამოდის, რომ მნიშვნელობას ვანიჭებთ მხოლოდ ლოცვის წარმოთქმას და არა ტექსტის სულიერი აზრის წვდომას, ასეთი დამოკიდებულება კი უცხოა მართლმადიდებლური მოძღვრებისათვის და, პირდაპირ უნდა ვთქვათ, მაგიურ რიტუალებს განეკუთვნება. დიახ, სწორედ მაგიურ ქმედებათა თანმხლებია აზრსმოკლებული ფრაზების ფორმალური წარმოთქმა, რაც თრგუნავს და პანიკურ შიშს უნერგავს ამ ქმედებათა მონაწილეს. მაცხოვარმა დაამხო ეს სიბილწე და მოძღვრებაში ცნობიერი წვდომა, ღვთისადმი შინაგანად განცდილი და გონითად გააზრებული მსახურება დაგვისახა განღმრთობის ერთადერთ გზად, რადგან ყველა სხვა გზა, ყველა სხვა სახის მსახურება "მპარავობაა და ავაზაკობა" (ი.10.1). როდესაც გაცნობიერებული არ გვაქვს ცთომილება, ღვთისგან შეიძლება შეგვენდოს იგი, მაგრამ თუ შეცდომა გამოაშკარავებულია და მაინც არ ვცდილობთ მის გამოსწორებას, ცხადია, აღარ ვართ შენდობის ღირსნი, ხოლო იმაზე დიდი შეცდომა რა უნდა იყოს, როდესაც აზრს ვაუქმებთ, არ გვესმის რა იგი, და ვტოვებთ მარტოოდენ ფორმას (ისიც უკიდურესად დამახინჯებულს). ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მკითხველს, ერთად ვიღვაწოთ ცთომილებათა აღმოსაფხვრელად, რათა ერთადვე "გონიერად ვილოცოთ ღვთისადმი".

სწორედ ამ განწყობით იყო ნაკარნახევი წინამდებარე პუბლიკაციაზე მუშაობის დაწყება. თუ როგორია შედეგი, ამას მკითხველი თავად განსჯის, ჩვენის მხრივ კი განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევთ აღნიშნული კრებულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, - ზიარების წინა და ზიარების შემდგომ ლოცვებს. ამ ნაწილში, ქართულ ნუსხებთან ერთად, შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ორიგინალი, რომ ღმერთმყოფელი ლოცვების ტექსტი ზედმიწევნით შესაბამისი ყოფილიყო თავისი დედნისა. ყველა ტექსტობრივი შესწორება, ნუსხათა და ორიგინალის მნიშვნელობისმქონე მონაცემები ამომწურავადაა ასახული სქოლიოებში. არაიშვიათად, პარალელისათვის ვიმოწმებთ მართლმადიდებლურ ლოცვათა ღირსეულ ინგლისურ თარგმანს, შესრულებულს ელადის ეკლესიის მიერ.

ყურადღებას მივაქცევთ, აგრეთვე,  კრებულის ბოლო ნაწილს, შვიდეულის დღეთა ლოცვებს, რაც უაღრესად საყურადღებოა როგორც ლიტურგიკულად, ასევე ფილოლოგიური კუთხითაც. აურაცხელი ტერმინოლოგიური მონაცემი ადასტურებს, რომ ამ ლოცვათა უდიდესი ნაწილი თარგმნილია გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში XII-XIII სს-ში, შესაძლოა თვით ნიკოლოზ გულაბერისძის მიერ. ვფიქრობთ, ეს ლოცვები იმსახურებს ცალკე მეცნიერულ გამოცემასაც, რადგან ყოველ მუხლში გამჟღავნებული უღრმესი საღვთისმეტყველო წვდომანი, რითაც აღსავსეა ეს ლოცვები, დაულევნელ სულიერ საუნჯედ წარმოგვიჩენს მათ, მით უმეტეს, რომ ბერძნულ ორიგინალს ვერ ვპოულობთ და შესაძლოა ასეთი სისრულით ლოცვათა ეს ჯგუფი მხოლოდ ქართულ ენაზე იყოს დაცული. სამწუხაროდ, ხსენებულ ლოცვათა ის პუბლიკაცია, რაც სახეზეა 1988 წ-ის საეკლესიო კალენდარში, იმდენად დამახინჯებულია, რომ მისგან სარგებლობის მიღება მეტად ჭირს. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ‘შვიდეულის ლოცვანი” ტექსტობრივად საკმაოდ ვრცელია და შეზღუდული ფორმატის პირობებში ამ ეტაპზე მოხერხდა მისი მხოლოდ ერთი ნაწილის გამოქვეყნება. იძულებულნი გავხდით გვერდი აგვევლო ოთხშაბათ-შაბათის იმ ვრცელი ლოცვებისთვის, რომლებიც წმ. იოანე დამასკელის სახელს უკავშირდება.

ზოგ შემთხვევაში ესა თუ ის ლოცვა ნუსხებში განსხვავებული რედაქციით გვხვდება და რადგან განსხვავებათა სრულად ჩვენება სქოლიოებში შეუძლებელი იყო, უპირატესობა მივანიჭეთ იმ რედაქციას, რომელიც უფრო ადრეულის  შედარებით გვიანდელ შესწორებად ჩანდა ორიგინალის საფუძველზე, თუმცა რედაქციულად განსხვავებული ტექსტებიც შემდეგში, ცხადია, გამოსაცემია.

გამოცემას დავურთეთ რამდენიმე ადრეული ლოცვა, რაც წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილმა "დიდმა კურთხევანმა" შემოგვინახა. განსაკუთრებით, ვფიქრობთ, ყურადღებას იქცევს ზიარების განგება, წარმოდგენილი მხოლოდ სამი ლოცვით (ორი ზიარებისწინა და ერთი - შემდგომი), და აგრეთვე "ლოცვანი დღისანი ჟამთა ზედა". დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ლოცვები უდიდესი შემწეობა იქნება ყოველი მლოცველისათვის.

"ლოცვათა" წინამდებარე გამოცემას, ძველი ხელნაწერების ტრადიციისამებრ, ვურთავთ "ღვთისმშობლის დაუჯდომლის" ორ რედაქციას, რომელთაგან ერთი შედარებით გვიანდელი თარგმანია (იგი დეტალურად შევუდარეთ ბერძნულს და, ლიტურგიკული საჭიროებიდან გამომდინარე, მასში შევიტანეთ აუცილებელი შესწორებანი, რაც სათითაოდ არის აღნუსხული სქოლიოებში), ხოლო მეორე რედაქცია, როგორც ჩანს, უკავშირდება X ს-ის ცნობილ ქართველ მოღვაწეს სტეფანე სანანოისძეს (შდრ. წმ. ეფრემ მცირის უწყება: "სანატრელსა სტეფანეს სანანოჲსძესა უთარგმნია საკითხავი დაუჯდომელთაჲ", | 90, 313; იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ. 1980. გვ. 179), რომელიც, ასევე, სავსებით მისაღები თარგმანია.

და ბოლოს, ქვემოთ წარმოვადგენთ "ლოცვათა" და ხსენებული "დაუჯდომლის" რედაქციათა წინამდებარე პუბლიკაციაზე დართულ სქოლიოებს, რომელთა შესაბამის ადგილს საკუთრივ ტექსტში ადვილად იპოვის მკითხველი ერთიანი ნუმერაციის კვალობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე სქოლიოები ტექსტთან ერთად იყო მოთავსებული გვერდის ქვემოთ (ეს ვარიანტი შენახული გვაქვს სპეციალური მეცნიერული პუბლიკაციისათვის), საბოლოოდ მაინც ვარჩიეთ, რომ შეგვედგინა სქოლიოთა ერთიანი ნუმერაცია (ცალკე "ლოცვებისთვის" და ცალკე "დაუჯდომლის" რედაქციებისთვის) და თვით სქოლიოები, "ფსალუნთა" წიგნისადმი მიძღვნილ გამოკვლევასთან ერთად, ტექსტისგან დამოუკიდებლად გამოგვექვეყნებინა ბროშურის სახით (რაც თან ახლავს "ფსალმუნთა" და "ლოცვათა" წიგნებს), რომ ამით, ერთი მხრივ, სრულად დაგვეკმაყოფილებინა  იმ მკითხველთა მოთხოვნილება, რომლებიც "ლოცვათა" ოდენ საღვთისმსახურო გამოყენებით არიან დაინტერესებულნი (სქოლიოებით გადატვირთული გვერდები კი მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის), ხოლო მეორე მხრივ არც იმ მკითხველთა მეცნიერული ინტერესები უგულებელგვეყო, რომლებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან საეკლესიო წიგნების ტექსტოლოგიურ ასპექტებს, მით უმეტეს, რომ ვალდებულნი ვიყავით ყველა ჩვენეული შესწორება წყაროთმცოდნეობითად დაგვესაბუთებინა. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ, შეზღუდული ფორმატის გამო, ქვემორე სქოლიოები მხოლოდ ნაწილია იმ უმდიდრესი მასალისა, რასაც ხელნაწერთა განსხვავებული მონაცემები გვიჩვენებს. ამასთან, სქოლიოთა სიჭარბის თავიდან ასაცილებლად, შედარებით მარტივი შესწორებანი თვით ტექსტშივე გვაქვს ფიქსირებული კვადრატული კავებით.

 

* * *

უპირველესად, მივუთითებთ იმ ნუსხებისა და პუბლიკაციების ლიტერებს, რომლებიც გამოყენებულია წინამდებარე გამოცემაში:

Q    -    A 1737

U    -    A 84

L    -    ჟერ 127

E    -    A 125

D   -    A 352

I    -    A 7101

M -  1988 წ-ის საეკლ. კალენდ.

M1  -   ამ გამოცემაზე დაფუძნებული სხვა გამოცემები

P  -  A 231

G  -  ბერძნული ტექსტი

--------------------------------------------------------------

1 - ამ ნუსხის მიხედვით არის წარმოდგენილი შემდეგი ლოცვები: ლოცვაჲ, უკუეთუ ავი სიზმარი ნახო ანუ ავს ჩუენებაში იყო; ლოცვაჲ გულისთქუმისათჳს, ოდესცა მოგიჴდეს; ლოცვაჲ წმიდისა მამისა დანიელისი ბრძოლასა სიძვისასა, სავედრებელი ღმრთისა; ლოცვაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ ეშმაკისაგან იძლიო; ლოცვაჲ გულმავიწყობისაჲ (იხ. A 780, 197-199)

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:49)