Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით
მუჴლნი მაწუეველობითნი785

ოდესცა786 მიემთხჳო კეთილსა787 ზიარებასა ცხოველსმყოფელთა788 საიდუმლოთა789 ნიჭთასა790, უგალობდ791 მეყსეულად და მადლობდ792 დიდად793, და ამათ794 მჴურვალითა სულითა ღმრთისა მიმართ იტყოდე:

დიდებაჲ შენდა ღმერთო,

დიდებაჲ შენდა ღმერთო,

დიდებაჲ შენდა ღმერთო795.

და მეყსეულად, შემდგომად წმიდისა ზიარებისა,

ლოცვანი სამადლობელნი796

უსახელოჲსაჲ
797

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო798, რამეთუ არა განმაგდე799 მე, ცოდვილი, არამედ  ზიარყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს-მყავ. გმადლობ შენ, რამეთუ მე, არაღირსი, ზიარებად უხრწნელთა800 შენთა და ზეცისა ნიჭთა801 ღირს-მყავ; არამედ,  მეუფეო კაცთმოყუარეო, ჩუენთჳს მომკუდარო და აღდგომილო და მომნიჭებელო ჩუენდა საშინელთა ამათ და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა802 კეთილისსაქმედ და განსაწმედელად803 სულთა და ჴორცთა ჩუენთა, მომეც ყოფად ამათი804 ჩემდაცა805 საკურნებელად სულისა806 და ჴორცთა, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა, განსანათლებელად თუალთა გულისა ჩემისათა, სიმშჳდედ სულიერთა ძალთა ჩემთა807, სარწმუნოებად ურცხუენელად808, სიყუარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა809 და810 შენისა სასუფეველისა თჳსებად, რაჲთა811 სიწმიდესა შინა შენსა ამათ მიერ დაცვული812 მადლსა შენსა მოვიჴსენებდე მარადის და არღარა თავით თჳსით ცხოველ-ვიყო813, არამედ -  შენდამი, მეუფისა ჩუენისა814 და ქველისმოქმედისა,815 და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოჲსაჲთა, მარადისმყოფსა განსუენებასა მივიწიო816, სადა მედღესასწაულეთა ჴმაჲ დაუცხრომელ არს და დაუსრულებელ - სიტკბოებაჲ მათი, რომელნი ჰხედვენ817 პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქუმელსა818, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად819 სასურველი და გამოუთქუმელი სიხარული მოყუარეთა შენთაჲ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ გიგალობს820 ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

სხუაჲ ლოცვაჲ დიდისა ბასილისი

მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეთაო821 და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთათჳს, რომელნი822 მომცენ მე კეთილნი, და ზიარებისათჳს უხრწნელთა და და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთაჲსა823. გევედრები უკუე შენ824, სახიერო და კაცთმოყუარეო, დამიცევ მე საფარველსა ქუეშე შენსა და საგრილსა ფრთეთა შენთასა825, და მომანიჭე მე წმიდითა სჳნიდისითა826, ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვად ჩემდამდე827, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ.

რამეთუ შენ ხარ პური ცხოვრებისაჲ და წყაროჲ სიწმიდისაჲ, მომცემელი კეთილთაჲ828 და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ829, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაჲ830 სჳმეონ მეტაფრასტისაჲ831

მომცემელო საზრდელად ჴორცისა შენისა ნებსით, რომელი832 ცეცხლი არს და შესწუავს833 უღირსთა, ნუ დამწუავ მე, ნუ834, შემოქმედო ჩემო; უფროჲსღა835 განვლე შორის შედგმულებათა ასოთა ჩემთასა836, ყოველთა ნასხმანთა მიმართ837, თირკუმელთა838 და გულსა839, დაწუენ ეკალნი ყოველთა ჩემთა შეცოდებათანი840; სული განწმიდე, წმიდა-ყვენ841 საცნობელნი, გოჯნი დაამტკიცენ842 ძუალთა თანა ერთბამად, საცნობელთაჲ განმინათლე მარტივი იგი ხუთებაჲ843, ყოვლითურთ შემმსჭუალე მე844 შიშსა შენსა, მარადის დამიფარე, დამიცევ და დამიმარხე845 მე ყოვლისაგან საქმისა და სიტყჳსა სულთა განმხრწნელისა; წმიდა-მყავ846, განმწმიდე847 და წარმიმართე მე848, განმამშუენე849 გულისჴმა-მიყავ და განმანათლე მე850; გამომაჩინე მე საყოფელად შენდა, წმიდისა სულისად ხოლო, და არღარა საყოფელად ცოდვისა,  რაჲთა მე, ვითარცა ტაძარსა შენსა, შემოსლვითა ზიარებისაჲთა, ვითარცა ცეცხლსა, განმევლტოდის ყოველი ძჳრისმოქმედი, ყოველი ვნებაჲ851. მეოხად ჩემდა მოგიძღუანებ შენ ყოველთა განწმედილთა, წესთმთავართაცა უჴორცოთასა, წინამორბედსა შენსა, ბრძენთა მოციქულთა, ხოლო უფროჲს მათსა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა852; მათნი ვედრებანი, კეთილმოწყალეო, შეიწირენ, ქრისტე ჩემო, და ძედ ნათლისა მყავ მსახური შენი, რამეთუ შენ ხარ განწმედაჲ და მხოლოჲ სულთა ჩუენთა, სახიერ, ბრწყინვალებაჲცა853, და შენდა ჯეროვნად, ვითარცა854 ღმრთისა და მეუფისა,  დიდებასა აღვავლენთ ყოველნი855 ყოველსა დღესა.

ლოცვაჲ წმიდისა კჳრილე ალექსანდრიელისაჲ856

ჴორცი შენი წმიდაჲ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ857 და სისხლი შენი პატიოსანი - მოსატევებლად ცოდვათა858, ხოლო მეყავნ მე859 სამადლობელი ესე - სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა ღირს-მყავ მე, ცოდვილი, დადგომად მარჯუენით დიდებისა შენისა  მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა860 დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა861. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ862

ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინისმცემელო863, სიხარულო ჩემო, გმადლობ შენ, რამეთუ ღირს-მყავ მე, არაღირსი, ზიარყოფად უხრწნელისა864 ჴორცისა და პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისაჲსა,  არამედ, მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი865 თუალნი გულისა ჩემისანი866, რომელმან ჰშევ წყაროჲ უკუდავებისაჲ867;  ცხოველ-მყავ მე, მომკუდარი ცოდვითა868; მოწყალისა ღმრთისა წყალობისმოყუარეო დედაო869, შემიწყალე მე და მოეც ლმობიერებაჲ და შემუსრვილებაჲ გულსა შინა ჩემსა870 და სიმდაბლე – ზრახვათა შინა871 ჩემთა და აღმოწოდებაჲ – ტყუეობათა შინა გულისსიტყუათა ჩემთასა872, და ღირს-მყავ მე, ვიდრე უკუანაჲსკნელად873 აღმოფშჳნვადმდე ჩემდა874, დაუსჯელად მიღებად875 ყოვლადწმიდათა საიდუმლოთა განმწმედელობასა876 საკურნებელად სულისა877 და ჴორცთა, და მომმადლენ878 მე879 ცრემლნი სინანულისა და აღსაარებისანი გალობად და დიდებად შენდა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა რამეთუ კურთხეულ ხარ და დიდებულ უკუნისამდე. ამინ.

 

მერმე სთქუ880:

აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა, მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა; ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა881.

 

ესრეთ:

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო შეგჳწყალენ ჩუენ, 3-ჯერ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ, 3-ჯერ.

დიდებაჲ.

აწ და.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა-იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა; პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ  მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

ტროპარი ოქროპირისაჲ

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქროჲ, გამობრწყინდა და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა და სიმაღლე სიმდაბლისაჲ გჳჩუენა ჩუენ, არამედ  ვითარცა-იგი სიტყჳთა შენითა განმსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყუასა - ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ.

კონდაკი.

ზეცით მოიღე საღმრთოჲ მადლი და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყუანისცემაჲ სამებისა მხოლოჲსა ღმრთისაჲ, იოვანე ოქროპირო, ყოვლადსანატრელო ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღუვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

აწ და.

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო ურცხუენელო და შუვამდგომელო დამბადებელისა მიმართ მითუალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ყოფ ჴმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ  ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი-ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე-ექმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ჴელისაღმპყრობელ, რომელი-ეგე მარადის იღუწი პატივისმცემელთა შენთა[თჳს], ღმრთისმშობელო.

უფალო შეგჳწყალენ, 12-ჯერ.

დიდებაჲ.

აწ და.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...

დიდებაჲ.

აწ და.

უფალო შეგჳწყალენ, 3-ჯერ.

გუაკურთხენ.

უკუეთუ არს ჟამისწირვაჲ დიდისა ბასილისი, ითქუმის ტროპარი ბასილისი:

ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყუაჲ შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოებაჲ. ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეუფოჲ იგი მღდელობაჲ განაშუენე, წმიდაო მღდელთმთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ.

კონდაკი.

გამოჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განჰფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა და ჰბრწყინავ ზეცათა შინა, ყოვლადპატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ბასილი.

და უკუეთუ არს ჟამისწირვაჲ პირველშეწირულისაჲ, სთქუ ესე ტროპარი და კონდაკი წმიდისა გრიგოლი დიალოღონისაჲ:

ტროპარი

ზეგარდამო საღმრთოჲ მადლი მოიღე, დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვაჲ თავს-იდევ, ვინაჲცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე, ყოვლადნეტარო, მასცა ევედრე, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი

წინაჲსწარ მთავრობად გამოჩნდი, მწყემსთმთავრად, განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოჲსა, მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღურებითა ზეციერითა და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათთანა იხარებ და იშუებ ზეცათა შინა.

-----------------------------------------------------------------------------------

ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი

785 - მუჴლნი მაწუეველობითნი (G: στιχοι προτρεπτικοι)] ამისა შემდგომად წარმოდეგ და ჯუარცუმულისა ჴორცსა შიშით ეზიარე EP; - DMG

786 - ხოლო ოდეს M

787 - კეთილსა  (EP = G: καλῆς) - M

788 - ცხოველსმყოფელთა]ცხოველსმყოფელსა M; ცხოვრებისმყოფელთა EP (შდრ. ბერძნ. ζωοποιῶν, რაც კალკირებულად სწორედ ტერმინ "ცხოვრებისმყოფელთა" იგივეობრივია, თუმცა დამკვიდრებულ შესატყვისად "ცხოველსმყოფელნი" გვაქვს, რაც აგრეთვე იდენტურია ბერძნული ტერმინისა და ამიტომ, როგორც უფრო ბუნებრივს, მას ვანიჭებთ უპირატესობას

789 - საიდუმლოთა (EP = G: μυστικῶν)]საიდუმლოსა M

790 - ნიჭთასა (G: δωρηματων)]ნიჭსა M; მონიჭებასა EP

791 - უგალობდ (EP)]აქებდე M ( ბერძნული ὕμνησον ორივეგვარად შეიძლება ითარგმნოს, თუმცა კილოს ასპექტით მართებულია ბრძანებითი "უგალობდ". შდრ. ბერძნ.)

792 - მადლობდ (EP)]ჰმადლობდე M (ბერძნულშიც EP-ის მსგავსად ბრძანებითია: ευχαριστησον

793 - დიდად (G: μεγα)]ფრიად EMP

794 - ამათ (G: ταδε)]ამას EMP

795 - D-ში ამ სამგზისი სადიდებლის წარმოთქმა ასეა მითითებული: "შემდგომად ზიარებისა: დიდებაჲ შენდა ღმერთო გ გზის"

796 - და მეყსეულად შემდგომად წმიდისა ზიარებისა ზიარების შემდეგლოცვანი სამადლობელნი]  ლოცვაჲ ა წმიდისა ბასილი დიდისა შემდგომად წმიდისა (- P) ზიარებისა EP; ზიარების შემდეგ ესრეთ ლოცვაჲ სამადლობელი;   და ლოცვაჲ ესე D (ბერძნ. καὶ ευθυς τας επομενας ευχαριστηριους Ευχας – "და მეყსეულად შემდგომნი ესე სამადლობელნი ლოცვანი")

797 - უსახელოჲსაჲ (G: ανωνυμου. ინგლ. Anonymous) – DEMP (როგორც წინა შენიშვნაში ვნახეთ, EP-ს მიხევით ეს ლოცვა წმ. ბასილი დიდს ეკუთვნის)

798 - ჩემო EP; ჩ~ო E M = G: μου)

799 - განმაგდე (M = G: απωσω)]მომიძაგე DEP

800 - უხრწნელთა (G: αχραντων)]ყოვლადწმიდათა DEP

801 - ნიჭთა (M = G: δωρεῶν)]ნიჭსა E; ნიშთა D

802 - შენთა (DEP = G) - M

803 - განსაწმედელად (M = G: αγιασμω)]განსანათლებელად DEP

804 - ამათი (DEP = G: ταῦτα)]ამისა M

805 - ჩემდაცა (G: καμοι)]მეცა M; და მეცა EP; და მეც D

806 - + ხოლო M (აქაც "ხოლო" შეესაბამება ბერძნულ τε-ს, მაგრამ ქართულისთვის ხელოვნურია და რადგან DEP ნუსხებში იგი გამოტოვებულია, ჩვენც ვტოვებთ)

807 - + მიერ DEP (?)

808 - + მიერ E (?)

809 - დამარხვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა (M)]დასწავლად აღთქუმათა შენთა, მოსაღებელად საღმრთოთა მადლთა შენთა DEP (ბერძნულში გვაქვს: εις περιποιησιν τῶν σου, εις  εντολῶν προσθηκην τῆν θειας σου χαριτος, სადაც περιποιησις ნიშნავს როგორც "შენახვას, გაფრთხილებას, დაცვას" ანუ "დამარხვას", ასევე "შეთვისებას" ანუ, გარკვეული აზრით, "დასწავლას", თუმცა ზემორე კონტექსტში უფრო გამართლებულია პირველი მნიშვნელობა, რადგან ზიარებულს უფლის მცნებანი უკვე დასწავლილი უნდა ჰქონდეს. ასევე, მეორე შემთხვევაშიც უმჯობესია M-ის "მცნებანი", ვიდრე DEP-ს "აღთქუმანი", რადგან ბერძნული εντολη-ს ტერმინოლოგიურ შესატყვისს სწორედ "მცნებაჲ" წარმოადგენს და არა "აღთქუმაჲ". რაც შეეხება "მოსაღებელს", იგი, ცხადია, შეუსაბამოა ბერძნული ტერმინისა προσθηκη, რაც "შემატებას" ანუ სწორედ "შეძინებას" ნიშნავს. და ბოლოს, მრავლობითი "მადლთა", რაც ორსავე ქართულ რადაქციაში დასტურდება, არ თანხვდება ორიგინალის მხოლობითს, რომლის მიხედვითაც მოვახდინეთ შესწორება)

810 - M (DEP = G)

811 - რამეთუ რაჲთა DEP (?)

812 - სიწმიდესა შინა შენსა ამათ მიერ დაცვული (G: εν τω αγιασμῶ σου δι' αουτῶν φυλαττομενος)]სიწმიდითა შენითა დაცული DEMP (შდრ. ინგლ. Preserved by them in your holiness)

813 - და არღარა თავით თჳსით ცხოველ-ვიყო (G: καὶ μηκετι εμαουτῶ ζῶ)]და არავინ თავით თჳსით ცხოველ-არს M; და რაჲთა არა ამისთჳს თავით თჳსით ცხოველ-ვარ DEP (აღნიშნული სიტყვები წარმოადგენს განმეორებას პავლე მოციქულის საღვთო სწავლებისა იმის შესახებ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე", გალ. 2.20; აღნიშნულის გამო, როგორც ვხედავთ, M ძალიან მცდარია. რაც შეეხება DEP-ს, ამ ნუსხათა ტექსტი გაცილებით მართებულია, თუმცა მნიშვნელოვანი დახვეწა მასაც სჭირდება, რაც ორიგინალის მიხედვით განვახორციელეთ. შდრ. ინგლ. no longer live for myself)

814 - ჩუენისა (DEP = G: ημετερω)]ჩემისა M (შდრ. ინგლ. ოურ)

815 - ქველისმოქმედისა (M = G: ευεργετη)]კეთილისმომცემელისა DEP

816 - სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოჲსაჲთა, მარადისმყოფსა განსუენებასა მივიწიო (M = G)]სასოებასა ცხოვრებისა საუკუნოსა (საუკუნესა D) მარადისმყოფისა (მარადისმყოფსა D) მივიწიო განსუენებასა DEP

817 - მედღესასწაულეთა ჴმაჲ დაუცხრომელ (ακαταπαυστας) არს და დაუსრულებელ (απεραντος) - სიტკბოებაჲ მათი, რომელნი ჰხედვენ (G)]მედღესასწაულეთა ჴმაჲ დაუსრულებელ არს და წარუვალი სიტკბოებაჲ მათი, რომელნი ჰხედვენ M; მედღესასწაულეთა ჴმაჲ დაუსრულებელ არს და წარუვალი სიტკბოებაჲ (?) ჰხედვენ (ხედვენ EP) DEP)

818 - გამოუთქუმელსა (M = G)]გამოუთქუმელად DEP (შდრ. ინგლ. the ineffable beauty)

819 - ჭეშმარიტად (G: ὄντως)]ჭეშმარიტი DEPM

820 - გიგალობს (M = G: υμνεῖ)]გადიდებს DEP

821 - საუკუნეთაო (M = G: αιωνιων)]საუკუნეო DEP

822 - რომელ DEP

823 - და ზიარებისათჳს უხრწნელთა და და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთაჲსა (M = G)]ზიარებითა ყოვლადწმიდითა და და ცხოველსმყოფელითა შენითა საიდუმლოთა DEP

824 - შენ  (G) - DEPM (

825 - საფარველსა ქუეშე შენსა და საგრილსა ფრთეთა შენთასა (M = G)]ქუეშე საფარველსა შენსა და საგრილსა ფრთეთა შენთასა EP; ქუეშე საფარველსა ფრთეთა შენთასა D

826 - წმიდითა სჳნიდისითა (M = G: εν καθαρῶ συνειδοτι)]სიწმიდით ზრახვად DEP

827 - ჩემდამდე (M = G: μου)]და DEP

828 - მომცემელი კეთილთაჲ (DEP = G: δοτηρ τῶν αγαθῶν. ინგლ. the giver of all good things) M

829 - თანა მამით და სულით წმიდითურთ (M = G)]თანა დაუსაბამოჲთ შენით მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ DEP

830 - ეს ლოცვა D-ს აკლია

831 - მეტაფრასტისაჲ (G: Μεταφραστοῦ)]მეტფ~რ E; - M

832 - Kორცისა შენისა ნებსით, რომელი (M = G)]Kორცსა თჳსსა ნებსით EP

833 - და შესწუავს უღირსთა (M = G)]შემწუელი უღირსთა და EP

834 - ნუ დამწუავ მე, ნუ (G)]ნუ დამწუავ მე M; ნუ დამწუავ EP

835 - უფროჲსღა (M = G)]არამედ უფროჲს EP

836 - განვლე შორის შედგმულებათა ასოთა ჩემთასა (G: διελθε προς μελῶν μου συνθεσεις)]შემოვედ ასოთა შინა ( - M) ჩემთა EMP

837 - ნასხმანთა მიმართ (G)]ნასხამთა EMP (ბერძნული αρμος უფრო ითარგმნებოდა ტერმინით "ნაწევარი", - მაგ. ზირაქ. 27.2, ებრ. 4.12 და სხვა, - თუმცა "ნასხმანიც" მისაღებია)

838 - თირკუმელთა (M = G: νεφρους)]მუცელსა EP

839 - + და EP (ამგვარი შემატებანი ქვევითაცაა, რასაც აღარ ვუთითებთ)

840 - ჩემთა შეცოდებათანი EP = G: μου πταισματων)]შეცოდებათა ჩემთანი M

841 - = ყოველნი EP

842 - გოჯნი დაამტკიცენ (G: შდრ. ინგლ. make firm my knees)]ნასხამნი დაამტკიცენ EPM (ბერძნულში გვაქვს: τας ιγνυας στηριξον. ტერმინი η ιγνυα არ უიგივდება "ნასხმანს" და არც არის მიზანშეწონილი, რომ ორი სხვადასხვა შინაარსის ბერძნული ტერმინი ერთი შესატყვისით ითარგმნებოდეს. ხენებული ιγνυα "მუხლის შიგა ნაწევარს", უფრო ზოგადად კი "მუხლს", "ფეხს" აღნიშნავს და იგი ძველ ქართულად ითარგმნებოდა ტერმინით "გოჯი". მაგალითად, III მეფეთა 18. 21 მუხლში ვკითხულობთ: "ვიდრემდის თქუენ ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა  თქუენითა?" - ἕως πότε ὑμεῖς χωλανεῖτε ἐπ' ἀμφοτέραις ταῖς ἰγνύαις შდრ. ინგლ. სეპტ. How long wilt ye halt on both feet? ამრიგად, ხსენებული ლოცვის ტექსტშიც მართებულ შესატყვისად "გოჯნი" გვესახება)

843 - საცნობელთაჲ განმინათლე მარტივი იგი ხუთებაჲ (G: αισθησεων φωτισον απλῆν πενταδα)]საცნობელნი განმინათლენ M; სასმენელნი განმინათლენ EP

844 - მე (G) - EMP

845 - დამიფარე, დამიცევ და დამიმარხე (M = G)]მცევდ და მფარევდ EP

846 - წმიდა-მყავ (M = G: αγνιζε) -EP

847 - + განმბანე EMP ( - G)

848 - მე  (G) - EMP

849 - განმამშუენე (G: καλλυνε. ინგლ. adorn me) – EMP (აღნიშნული ბერძნული ზმნა ნიშნავს "გამშვენიერებას, გალამაზებას, შემკობას". ამ შინაარსს კარგად გადმოსცემს ძველი ქართული "განშუენებაჲ", რაც გვხვდება, მაგალითად, "წმ. შუშანიკის მარტვილობაში": "განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა", თ. 10)

850 - და განმანათლე მე (M = G: φωτιζε με) - EP

851 - გამომაჩინე მე საყოფელად შენდა, წმიდისა სულისად ხოლო, და არღარა საყოფელად ცოდვისა,  რაჲთა მე, ვითარცა ტაძარსა შენსა, შემოსლვითა ზიარებისაჲთა, ვითარცა ცეცხლსა, განმევლტოდის ყოველი ძჳრისმოქმედი, ყოველი ვნებაჲ (G)]გამომაჩინე საყოფელად სულისა შენისა,  რაჲთა სადგურ მისდა ვიქმნე და არა ცოდვისა და რაჲთა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისაჲთა, ვითარცა ცეცხლითა, დაიწუას ყოველი ძჳრისსაქმე და ვნება M; გამომაჩინე მე სადგურად შენისა მხოლოდ სულისა, რამეთუ  რაჲთა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისაჲთა, ვითარცა ცეცხლითა, დაიწუას ყოველი ძჳრისსაქმე და ყოველი ვნებაჲ, რომელ არს ჩემშორის EP ( როგორც ვხედავთ, ქართული რედაქციები მეტად არაზუსტია და სინტაქსურად გაუმართავი, რაც მძიმე აზრობრივ ცთომილებებს განაპირობებს, რადგან ისე გამოდის, რომ ღვთის ტაძარი ანუ ზიარებული ადამიანი იწვება ცეცხლით. ტექსტი ზედმიწევნით შესწორდა ორიგინალის მიხედვით. შდრ. δεῖξόν με σὸν σκήνωμα Πνεύματος μόνου, καὶ μηκέτι σκήνομα τῆς  ἀμαρτίας'  ἵν' ώς σὸν οἶκον, εἰσόδῳ κοινωνίας, ώς πῦρ με φεύγη πᾶς κακοῦργος, πᾶν παθος. შდრ. ინგლ. Mark me as your dwelling place, of the Spirit only and no longer a place of sin, so that when you enter as if into your own home of communion, every evil doer and every passion will flee from me as from fire. ერთადერთი აუცილებელი შენამატი, რაც ბერძნულ ტექსტში შევიტანეთ, არის სიტყვა "სულის" ეპითეტი "წმიდა". ეს უთუოდ საჭირო იყო, რადგან ცალკე "სული" ქართულ თარგმანში შეიძლებოდა ადამიანის "სულად" გაგებულიყო, მაშინ როცა იგულისხმება საკუთრივ სულიწმინდა. თვით ბერძნულში ამგვარი დამატების გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, რადგან ამ ენისთვის ნიშანდობლივია მთავრული ასოები, ხოლო მთავრულით დაწერილი "სული" ყოველთვის სულიწმინდას ნიშნავს, რაც, ცხადია, ვერ აისახება ქართულში)

852 - მეოხად ჩემდა მოგიძღუანებ შენ ყოველთა განწმედილთა, წესთმთავართაცა უჴორცოთასა, წინამორბედსა შენსა, ბრძენთა მოციქულთა, ხოლო უფროჲს მათსა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა (G)]სავედრებელად შენდა შევსწირავ უჴორცოთა წესთმთავართა, წინამორბედსა შენსა და ყოვლადბრძენთა მოციქულთა, მათთანა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა M; სავედრებელად შევსწირავ შენდა ყოველთა წმიდათა ცისათა და წყებასა უჴორცოთასა, წმიდისა წინამორბედისა შენისა და ბრძენთა მოციქულთა შენთა და მათთანა ყოვლადწმიდასა დედასა შენსა EP (ამჯერადაც ქართული რედაქციების ტექსტი არასრულფასოვანია, თუმცა რამდენიმე ადგილას EP-ს მონაცემები უფრო თანხვდება ორიგინალს, ვიდრე M-ისა. რაც შეეხება ჩვენეულ შესწორებებს, ყველა მათგანი გამომდინარეობს ბერძნული ტექსტიდან. შდრ. Πρέσβεις φέρω σοι πάντας ἡγιασμένους, τὰς ταξιαρχίας τε τῶν ἀσωμάτων, τὸν Πρόδρομον σου, τοὺς σοφοὺς 'Αποστόλους, πρὸς τοῖς δε, σὴν ἄχραντας ἀγνὴν Μητέρα შდრ. ინგლ. As advocates, I bring to you all the saints, the captains of the incorporeal hosts, your Forerunner, your wise Apostles, and more than these, your spotless, pure Mother)

853 - მათნი ვედრებანი, კეთილმოწყალეო, შეიწირენ, ქრისტე ჩემო, და ძედ ნათლისა მყავ მსახური შენი, რამეთუ შენ ხარ განწმედაჲ და მხოლოჲ სულთა ჩუენთა, სახიერ, ბრწყინვალებაჲცა (G)]მათითა ვედრებითა შეიწირე, მოწყალეო ქრისტე ჩემო, მსახურ-მქმენ და ძე ნათლისა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და მხოლოჲ სახიერი და სულთა ჩუენთა განმანათლებელი M მათითა ხოლო ვედრებითა შეიწირე, მოწყალეო ქრისტე ჩემო, და მეცა ძედ ნათლისად გამომაჩინე, რამეთუ შენ ხარ სულთა ჩუენთა განმანათლებელი და მაცხოვარი EP (ხარვეზები ქართული რედაქციებისა, ვფიქრობთ, ნათელია. შესწორებანი ამჯერადაც მთლიანად გამომდინარეობს ბერძნული ტექსტიდან. შდრ. ὧν τας λιτας, εύσπλαγχνε, δεξαι, Χριστε μου, καὶ φωτος παῖδα τον σον ἔργασαι λατριν. Σὺ γρ ὑπάρχεις ἀγιασμὸς καὶ μόνος ἡμῶν, ἀγαθέ, τῶν ψυχῶν καὶ  λαμπρότης. შდრ. ინგლ., რაც ამჯერად მთლად ზედმიწევნითი ვერ არის: whose prayers accept, my compassionate Christ. Make your servant a child of light. For in your goodness, you alone sanctify and enlighten our souls)

854 - ჯეროვნად, ვითარცა (EP = G: πρεποντως, ως]ვითარცა ჰშუენის M;

855 - ყოველნი (M = G) - EP

856 - ლოცვაჲ (+ ვ EP) წმიდისა კჳრილე ალექსანდრიელისაჲ (EP)]სხუაჲ ლოცვაჲ M; ლოცვაჲ ე შემდგომად ზიარებისა წმიდისა კჳრილე ალექსანდრიელისაჲ D (ბერძნულშიც, M-ისებრ, ეს ლოცვა უავტოროდაა წარმოდგენილი. არ გამოვრიცხავთ, რომ DEP ნუსხებს შემონახული ჰქონდეთ მართებული ინფორმაცია ავტორის შესახებ, რის გამოც წმ. კირილე ალექსანდრიელზე მითითებას ვინარჩუნებთ)

857 - ცხოვრებად საუკუნოდ (M = G: εις ζωην αιωνιον)]ცხოვრებად და განსანათლებელად DEP

858 - + და ცხოვრებად საუკუნოდ DEP ( - MG)

859 - ხოლო მეყავნ მე (G)]მეყავნ მე, ხოლო M; მექმენინ ხოლო EP; მექმენინ D

860 - ყოვლადუხრწნელისა (G: παναχραντου)]ყოვლადწმიდისა M ; - DEP

861 - ხოლო მეყავნ მე სამადლობელი ესე - სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა ღირს-მყავ მე, ცოდვილი, დადგომად მარჯუენით დიდებისა შენისა  მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა (G H” M)]და საშინელსა შენსა განკითხვასა დამადგინე მარჯუენით შენსა, მექმენინ ხოლო სამადლობელი ესე სიხარულად და სალხინებელად და საკურნებელად სულისა და ჴორცთა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნისამდე DEM

862 - სხუაჲ ლოცვაჲ სხუაჲ ლოცვაჲყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ (M)]ლოცვაჲ ზ წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ EP; ლოცვაჲ ვ შემდგომად ზიარებისა წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ ვედრები[საჲ] D (ბერძნ. "ანონიმისა ზესთაწმიდისა ღმრთისმშობლისა მიმართ")

863 - ნუგეშინისმცემელო (M)]სალხინებელო და DEP (ბერძნულში გვაქვს: η παραμυθια. შდრ. ინგლ. ცომფორტ )

864 - ზიარყოფად უხრწნელისა (M = G: κοινωνον γενεσθαι τοῦ αχραντου)]ზიარებად ყოვლადწმიდასა DEP

865 - საცნაურნი (M)]გონიერად EP; - D (შდრ. ბერძნ. νοητους. აღნიშნული ტერმინი ითარგმნებოდა, ერთი მხრივ, როგორც "საცნაური", მეორე მხრივ – როგორც "გონიერი". არსებობდა სხვა შესატყვისებიც. დაწვრილებით იხ. ე. ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ. 1996, გვ. 427-452)

866 - DEP

867 - რომელმან ჰშევ წყაროჲ უკუდავებისაჲ (M)]წყაროჲსა უკუდავებისა (უკუდავისა D) მშობელო DEP

868 - ცხოველ-მყავ მე, მომკუდარი ცოდვითა (M)]განმაცხოველე მე, ცოდვითა მომკუდარი DEP

869 - მოწყალისა ღმრთისა წყალობისმოყუარეო დედაო (G: η τοῦ ελεημονος Θεοῦ φιλευσπλαγχνος Μητηρ)]წყალობისმოყუარისა მოწყალისა ღმრთისა დედაო M; მოწყალისა ღმრთისა დედაო DEP

870 - გულსა შინა ჩემსა (G: τη καρδι μου)]გულსა ჩემსა DEMP

871 - შინა (G) - DEMP

872 - აღმოწოდებაჲ – ტყუეობათა შინა გულისსიტყუათა ჩემთასა (G: ανακλησιν εν ταῖς αιχμαλωσιας τῶν λογισμων μου)]ჴსნაჲ - ტყუეობისაგან გულისსიტყუათა ჩემთა M; ჴსნაჲ - ტყუეობისაგან საცნობელთა ჩემთა DEP.  ბერძნული ανακλησις ტერმინოლოგიურად ითარგმნებოდა როგორც "აღმოწოდებაჲ". მაგალითად: "ღმერთი ყოველთა მიზეზ არს და დასაბამ, მყოფთა – არსება, ცხოველთა – ცხოვრება ... განვრდომილთა ვიდრემე მისგან – აღმოწოდება (ανακλησις) და აღდგომა", გარდამოცემა, თ.12. წმ. არსენ იყალთოელის თარგ., თბ. 2000, გვ. 64 (იგივე შესატყვისია ეფრემისეულ თარგმანშიც. იხ. იქვე)

873 - უკუანაჲსკნელად (DEP)]უკუანაჲსკნელ M

874 - ჩემდა (G: μου) - DEMP

875 - მოღებად DEP

876 - განმწმედელობასა (G: τον αγιασμον. ინგლ. the sanctification)  ] განსაწმედელად  DEMP

877 - სულისა (DM)]სულისა ხოლო (შდრ. ბერძნ. ψυχῆς τε) EP (ამჯერადაც "ხოლო" შეესატყვისება ბერძნულ τε-ს, რასაც, მიუხედავად სიზუსტისა, მკითხველისათვის უხერხულობა ახლავს და DM ნუსხათა რედაქტორების მსგავსად ჩვენც ვტოვებთ, თუმცა სქოლიოში ვუთითებთ)

878 - მომეც DEP (ბერძნ. παρασχου უფრო შეესაბამება M-ის შესატყვისს "მომმადლენ")

879 - + დედოფალო DEP ( - MG)

880 - მერმე სთქუ (G) - DEMP

881 - ეს მუხლები სახარებიდან ქართულ განგებას აკლია, მაგრამ არის ბერძნულში. საზოგადოდ, ბერძნულში აქ მთავრდება ზიარების შემდგომი განგება.

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:51)