Georgian (Georgia)English (United Kingdom)
(“სახარების ერთი ადგილის გაგებისათვის)

წმიდა სახარების ცალკეული ადგილების თავისებური, ახლებური გააზრება ზოგჯერ საღმრთო მოშურნეობით, ღვთის სიტყვის სიღრმეთა გამოძიების სურვილითა და სიყვარულითაა ნასაზრდოები, ზოგჯერ კი, პირიქით – შეგნებული გაყალბების მცდელობით, რაც ანტიეკლესიურ მიზნებს ისახავს.

ასეთია, მაგალითად, სახარების სიტყვების დამოწმებით საერთო საეკლესიო მსახურების უარყოფა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცდა მორწმუნეთა ერთობის დარღვევისა, დედაეკლესიის წიაღიდან მის წევრთა ჩამოცილებისა.

ზოგჯერ საერთო საეკლესიო მსახურების უარყოფის საბუთად და დასტურად თავად მაცხოვრის სიტყვებს იშველიებენ: “ხოლო შენ, რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად” (მათე 6,6).

“მაშასადამე, - განმარტავენ საეკლესიო ერთობის ოპონენტები, - ეკლესიაში სხვების დასანახავად ლოცვას როდი გვამცნობს უფალი, არამედ უნდა ჩავიკეტოთ საკუთარ ოთახებში და ვილოცოთ ფარულად, რათა ზეციერმა მამამ, დაფარულთა მხილველმა, ცხადად მოგვავგოს თავისი მადლი”

სახარების აღნიშნული ადგილის ამგვარი ახსნა ახალი არ არის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში გაჩნდა კითხვა: თუკი ქრისტემ საიდუმლო ლოცვა გვასწავლა, ამით ხომ არ აკრძალა საზოგადო-საეკლესიო ლოცვა?

ამ კითხვას იმთავითვე დამაჯერებელი უარყოფითი პასუხი გასცეს ეკლესიის მამებმა, მაგრამ სხვადასხვა ვარიაციით იგი დღესაც მეორდება და მორწმუნეთა შორის მითქმა-მოთქმას იწვევს.

საღმრთო წერილის სიტყვების გაყალბება და მცდარი ინტერპრეტაცია არაწმიდა სულის მოქმედების შედეგია (გავიხსენოთ, როგორ ცდილობს ეშმაკი მაცხოვრის შეცდენას საღმრთო წერილის სიტყვების დამოწმებით: (იხ. მათე 4,6). კეთილმსახურების ნიღბით მაცთურს სურს ქრისტიანული ერთობის დარღვევა, ქრისტეს სახელით შეკრებილ მორწმუნეთა გათითოკაცება და, მაშასადამე, უფლისაგან მათი ჩამოცილება (იხ. მათე 18,20). ამავე მიზანს ემსახურება სახარების ზემოაღნიშნული ადგილის მცდარი განზოგადებაც.

როგორ უნდა გავიგოთ “საკუთარ საუნჯეში” შესვლა და კარის ჩაკეტვა? ნუთუ მართლა ღვთისათვის სათნო არაა ეკლესიაში ლოცვა? ამაზე წმიდა იოანე ოქროპირი მიუგებს: “ერთობლივი ლოცვა ფრიად სათნოა ღმრთისათვის. მაგრამ ღმერთი ხედავს, თუ რა მიზნით ვჩადით ამას; თუკი საკუთარ სენაკში შეხვალ და მოიხურავ კარს სხვების დასანახავად, - აქაოდა, ლოცვას ვიწყებო, - სენაკში განმარტოება და კარის ჩაკეტვა არავითარ სარგებლობას არ მოგიტანს. ასევე, არც ეკლესიაში ძმათა შორის ლოცვა გავნებს რასმე, თუკი ფარისევლურად კი არა, გულით ილოცებ. ღმერთს სურს, ლოცვის ჟამს მედიდურობა და ამპარტავნება განაგდო შენგან და ჩაკეტო კარი სულისა შენისა”. მაშასადამე წმიდა მღვდელმთავრის სიტყვით “საკუთარ საუნჯეში ჩაკეტვა” მაინცდამაინც ოთახში განმარტოებას კი არ გულისხმობს (რაც, თავისთავად, ცუდი არაა, რაკი მყუდრო გარემოს ქმნის ღმერთთან ზრახვისათვის), არამედ უფრო ღრმა რამეს.

“საუნჯე” გულის სიღრმედ აქვს განმარტებული წმიდა იოვანე ბოლნელსაც: “რაი-მე არს სიტყუაი ესე თუ: შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი? – არა იტყვის სენაკსა, არცა კარსა ძელისასა, არამედ იტყვის ესრეთ: შევედ გულსა შენსა და დაჰაშ პირი შენი და დაადუმენ ბაგენი შენნი და ილოცევდ გულსა შინა შენსა ფარულად, და მამაი იგი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად” (იხ. ქადაგება ყველის აღების კვირიაკეს).

ამრიგად, უფალს ის კი არ დაუკანონებია, რომ ვილოცოთ მხოლოდ საკუთარ ოთახებში, ხოლო ეკლესიაში ლოცვაზე უარი ვთქვათ, არამედ მიგვითითებს მხოლოდ ლოცვის ხასიათზე: იგი გულის სიღრმიდან, იმ საუნჯიდან გამომავალი უნდა იყოს, რომელიც გარეშეთათვის დაფარულია, გულთამხილავი ღმრთისათვის კი – ხილული.

სხვაგვარად, თუკი ღმრთისადმი მიმართული ლოცვა, თუნდაც ხმამაღალი ღაღადებით გამოთქმული, მლოცველის გულს არ ეკარება (“სხვაგან ქრის მისი გონება”), - ასეთი ლოცვა ლოცვად არც შეიძლება ჩაითვალოს. ჭეშმარიტი ლოცვა ადამიანის გულიდან, კაცთათვის დაფარული სიღრმიდან გამომავალი სიტყვაა (შდრ. “ღრმითაღმო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო” – ფს. 129,1) და არა გარეგნული მოქმედება და უქმსიტყვაობა.

მხოლოდ სულის სიღრმიდან მომავალი ლოცვა აღწევს ღმერთამდე. ამასთან, ჭეშმარიტი ლოცვა არავითარი პირობებით არაა შეზღუდული, ლოცვა შეიძლება ყველგან და ყოველთვის – საზოგადო სალოცავსა და საკუთარ სახლში, ზღვასა და ხმელეთზე, ბუნების წიაღში, მგზავრობისას, განსაცდელისა და ავადმყოფობის ჟამს, და ა.შ. ქრისტე მაცხოვარი თავადვე გვაძლევს მაგალითს ყოველგვარ პირობებში ლოცვისა. იგი ლოცულობს განმარტოებითაც (ლუკა 5,16; მათე 14,23; 26,39-44; ლუკა 22,41-45; მარკ. 1,35;14,35) და სხვათა თანდასწრებითაც: ნათლისღების ჟამს (ლუკა 3,21), მოწაფეთა წინაშე (ლუკა 11,1; იოანე 17,1-26), ჯვარცმისას (ლუკა 23,34-46).

უფალი არ კრძალავს სხვათა თანდასწრებით ლოცვას, თუნდაც ხმამაღლა გამოთქმულს, თუკი იგი გულის სიღრმიდან იქნება გამოსული (ფს. 129,1). ქრისტე განიკითხავს მხოლოდ მწიგნობრებსა და ფარისეველთ, რომელთაც “უყუარან შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაი და ლოცვაი, რათა უჩუენონ კაცთა (მათე 6,5), რომელნი შეშჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარჟამ ილოცვენ (მარკ. 12,40). მართლაც, სხვის დასანახავად გამიზნული “ლოცვა” ამაო თავმომწონეობაა და სხვა არაფერი. ასეთ “მლოცველებს” ამქვეყნადვე “მიუღებიეს სასყიდელი მათი”, ხოლო თუ ლოცვა გულწრფელია, მას სხვათა თანდასწრებაც ხელს ვერ შეუშლის.

ქართულ სახარებაში “საუნჯე” შემთხვევით არაა ნახსენები. ეს სიტყვა განიმარტება, როგორც “განძთსაცავი”, “საფასე”, “სალარო”, “ბეღელი”. “დაუნჯება” კი ნიშნავს სიმდიდრის შეკრებას, დაგროვებას (იხ. ილია აბულაძის “ძველი ქართული ენის ლექსიკონი). იგი ზედმიწევნით გამოხატავს სახარების სათანადო ადგილის სულისკვეთებას. გულის სიღრმე, საიდანაც გამოდის ლოცვა, საუნჯეა ადამიანის სულისა. იქ ხდება დაუნჯება ისეთი განუქარვებადი სიმდიდრისა, როგორიცაა ღმრთის და მოყვასის სიყვარული, მისწრაფება სიმართლისა და ჭეშმარიტებისაკენ და ა.შ.

სახარების ახალ ქართულ ვერსიაში “საუნჯე” შეცვალა “ოთახმა” ან “სენაკმა”. მაგალითად 1991 წლის სტოკჰოლმის გამოცემაში ვკითხულობთ: “შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ”. რამდენადმე განსხვავებულია ბიბლიის 1989 წლის გამოცემის ტექსტი; “ოთახის” ნაცვლად იქ “სენაკი” წერია, მაგრამ ამათ შორის არსებითი განსხვავება არ არის: “შენ კი, როდესაც ლოცულობა, შედი შენს სენაკში, მოიუხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად; და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად”.

ახალი თარგმანის ავტორები, როგორც ჩანს, მთლიანად ვერ გათავისუფლებულან ძველი ქართული სახარების გავლენისაგან, მაგრამ მოუხდენიათ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება: “საუნჯე” შეუცვლიათ “სენაკით”, “ოთახით”.

რამდენადაა მართებული ასეთი გადაწყვეტილება?

“საუნჯეს” ბერძნული სახარების სათანადო ადგილას შეესაბამება “ტამეიონ”, რომელსაც ორი მნიშვნელობა აქვს: 1. საგანძური, სიმდიდრე, ხაზინა, განძთსაცავი, საწყობი, ბეღელი (ესაა პირველადი მნიშვნელობა სიტყვისა; ძველი დაწერილობით “ტამიეიონ”); 2. ოთახი, სენაკი.

სახარების მთარგმნელთ უმეტესწილად სიტყვის მეორე მნიშვნელობა მიუჩნევიათ კონტექსტისათვის შესაფერისად. “”ტამეიონ”-ი “ოთახად” უთარგმნიათ, ლათინურად “კუბიკულუმ”, სომხურად “სენიაკ” (შდრ. ძველქართული “სენაკი”), გერმანულად “კემმერლაინ”, რუსულად “კომნატა”, იტალიურად “კამერეტტა” და სხვა ენებზე.

ქართული სახარების მთარგმნელთ, როგორც ჩანს, სიტყვის არქაული მნიშვნელობა უფრო შესაფერისად მიუჩნევიათ კონტექსტისათვის, და არცთუ უსაფუძვლოდ:

“საკუთარ ოთახში” ლოცვის ვალდებულება იმას გულისხმობს, რომ პირველ რიგში, სავალდებულოა ასეთი ოთახის ქონა. თუ არა გაქვს საკუთარი სენაკი, როგორ შეასრულებ ქრისტეს ბრძანებას: “შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ისე ილოცეო”?

მაცხოვრის სიტყვებში ოთახი რომ იგულისხმებოდეს, გამოვა, თითქოს ქრისტე საკუთარი ოთახის მოწყობისაკენ მოგვიწოდებდეს, რაკი მის გარეშე ღვთივსათნი ლოცვა შეუძლებელი ყოფილა.

ასეთი მიდგომა კი სრულიად ეწინააღმდეგება სახარების სულისკვეთებას. ღმერთი მომხვეჭელობისაკენ, თუნდაც საკუთარი ოთახების მოწყობისაკენ კი არ მოგვიწოდებს, არამედ, პირიქით, მონაგების გაცემისაკენ, თუ იგი ჩვენს სულს მძიმე ტვირთად აწვება (მათე 19,21).

უფლისავე სიტყვით – “მელთა ხურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა – საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არ აქუს, სადა თავი მიიდრიკოს” (მათე 8,20; შდრ ლუკა 9,89).

რასაკვირველია, ეს როდი ნიშნავს, რომ საკუთარი სახლის ქონა ცოდვაა, მაგრამ ქრისტეს მიმდევარს ათასი განსაცდელი სდევს: მან შეიძლება, დაკარგოს სახლიც, ქონებაც; აღარ ჰქონდეს სენაკი, სადაც ლოცვისათვის განმარტოვება შეეძლებოდა, მაგრამ ამით მას უფალთან მისასვლელი გზა როდი ეღობება.

აშკარაა, უფალი საკუთარ ოთახში ლოცვიას არ გვავალდებულებს. ბერძნული “ტამეიონ” უნდა გავიგოთ ერთი და ერთადერთი - “საუნჯის” (გადატანით – “გულის სიღრმის”) მნიშვნელობით; ამიტომ ეკლესიური ერთობის მოწინააღმდეგეთა დაჟინება, თითქოსდა უფალი გვიკრძალავდეს ეკლესიაში ერთობლივ ლოცვას და საამისოდ საკუთარ ოთახებში ჩაკეტვას გვიბრძანებდეს, - ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და მათეს სახარების სათანადო ადგილის გაყალბებაზეა დამყარებული.

აღნიშნული მუხლის მცდარი ინტერპრეტაცია, ჩვენი აზრით ლათინური თარგმანიდან იღებს სათავეს. ბერძნული “ტამეიონ”-ის შესატყვისად იქ “გაზა” (“საუნჯე”, “სიმდიდრე”) ან მისი რომელიმე სინონიმი რომ დაეწერათ, საფიქრებელია, სხვა მთარგმნელებიც მის კვალს დაადგებოდნენ და უადგილოდ ნახმარ “ოთახს” თავიდან ავიცილებდით.

საღმრთო წერილის თარგმანის სიძნელეთა გამოყენება საკუთარი ინტერესებისათვის, საზოგადოდ, ჩვევად აქვთ ტენდენციურ მქადაგებელთ. სახარების ზემოაღნიშნული ადგილის ანტიეკლესიური განმარტებაც, ღმრთივსულიერებას კი არა, გაუგებრობას ეფუძნება და ქრისტიანულ თვალსაზრისთან შეუთავსებელია.

საღმრთო წერილის ახალი თარგმანების შემქნელნი ძნელი ამოცანის წინაშე დგანან. მათი თითოეული მცდარი ფრაზა თუ გამოთქმა, შესაძლოა, ახალ-ახალი მწვალებლური აზრების წყაროდ იქცეს. წინამდებარე მაგალითიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ღვთივსულიერების გარეშე სახარების თარგმნა და კომენტირება საუფლო მოძღვრებიდან გადახვევისა და დამღუპველი ცთომილების საშიშროებას გვიქადის. საღმრთო წერილის ახალქართულ თარგმანებში კი მსგავსი უზუსტობები ჯერ კიდევ არცთუ იშვიათია.

ამიტომაც, ქრისტეს მოძღვრების მოშურნეთათვის, სულიწმიდის მადლით განბრძნობილ მამათა მიერ თარგმნილი ძველქართული სახარება – შეუცვლელ სამაგიდო წიგნად რჩება და მას ჯეროვანი პატივი უნდა მიეგოს.

------------------------------

წინამდებარე წერილი უკვე დაწერილი გვქონდა, როდესაც გავეცანით მათეს სახარების უახლეს თარგმანს, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის (ეპისკოპოსი იოანე) ხელმძღვანელობით შესრულებულს. სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ იგი სხვა ახალქართულ თარგმანებთან შედარებით სახარების ზოგიერთი ადგილის ბევრად უკეთეს ვარიანტს გვთავაზობს. სახელდობრ, “საუნჯის” შესატყვისად იქ მისი სინონიმი – “განძი” წერია. ამით, ჩვენი აზრით, სახარების ტექსტის მნიშვნელოვანი შესწორება მოხდა.

 

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, 24(331), 2005 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:11)