Georgian (Georgia)English (United Kingdom)

და საკითხავი პეტრეს პირველი კათოლიკე ეპისტოლიდან: “იფხიზლეთ, იღვიძეთ...” (I პეტ. 5,8), ვიდრე დასასრულამდე ეპისტოლისა. მისივე კირილესი და იოანე ეპისკოპოსისა[3] (τοῦ αὐτοῦ Κυρίλλου καὶ Ιωάννου ἐπισκόπου)

1. უწინაც მსურდა მომეთხრო თქვენთვის, ჰოი, ერთგულნო და სასურველნო შვილნო ეკლესიისა, ამ სულიერ და ზეციურ საიდუმლოთა შესახებ. მაგრამ რადგანაც კარგად ვიცოდი, რომ ხედვა სმენაზე გაცილებით სარწმუნოა, ველოდე აწინდელ ჟამს, რომ ამ მწუხრის[4] შემდეგ სათქმელისთვის უფრო მომზადებულნი გპოვოთ და ნათლიერი და კეთილსურნელოვანი ბაღის მდელოსკენ გიწინამძღვროთ. ამასთანავე, საღვთო და ცხოველმყოფელი ნათლისღების ღირსქმნილნი, დადგინებულნი ხართ შეწყნარებად უსაღვთოეს საიდუმლოთა. ამიტომაც, დაგვრჩენია რა მხოლოდ ის, რომ უსრულეს სწავლებათა ტაბლა წინადაგიგოთ, აჰა, დაწვრილებით გასწავლით თქვენ ამათ, რომ იცოდეთ განმარტება[5] იმისა, რაც ნათლისღების ამ მწუხრის განმავლობაში აღსრულდა თქვენზე.

2. თავად შეხვედით სანათლავის სტოაში[6] და [პირით] დასავლეთისკენ მდგომებს გესმათ და გებრძანათ გაწვდენა ხელისა[7] და, თითქოსდა იქ მდგომს, განეშორეთ სატანას. ეს კი უნდა იცოდეთ, რომ ძველ აღთქმაში ასეთი სახეა წარმოდგენილი: როცა ფარაო, ეს უფიცხლესი და უმძვინვარესი ტირანი, ავიწროებდა ებრაელთა თავისუფალ და კეთილშობილ ერს, უფალმა მიავლინა მოსე მათ გამოსახსნელად ეგვიპტელთა მტანჯველი მონობისგან. ტარიგის სისხლი სცხეს კარის წირთხლებს, რომ მომსვრელი გასცლოდა იმ სახლებს, რომელთაც ჰქონდათ სისხლის ნიშანი (გამ. 12,7). ასე სასწაულებრივად გათავისუფლდა ებრაელი ერი. თუმცა გათავისუფლებულებსაც დაედევნა [ფარაო] და მიუხედავად იმისა, რომ იხილა ზღვა სასწაულებრივად მათთვის გაპობილი, წინ მიიწევდა მაინც და ფეხდაფეხ მისდევდა [მათ]. მაგრამ მეყსეულად ჩაიძირა და დაინთქა იგი მეწამულ ზღვაში (გამ. 14. 22-30).

3. ახლა გადადი ძველებიდან ახალზე, სახიდან – ჭეშმარიტებაზე. იქ მოსე, ღვთის მიერ ეგვიპტეში გაგზავნილი; აქ ქრისტე, მამის მიერ სოფლად მოვლენილი; იქ, – რომ გამოიყვანოს ეგვპტიდან ერი დაბეჩავებული; აქ ქრისტე, - რომ იხსნას სოფელში ცოდვისგან დამაშვრალნი; იქ ტარიგის სისხლი უკუმქცეველი იყო მომსვრელისა; აქ უბიწო კრავის, იესო ქრისტეს სისხლი დემონთა მაოტებელ იქნა (I პეტ. 1,19); ის ტირანი მისდევდა ძველ ერს ვიდრე ზღვამდე; შენც ეს უტიფარი, ურცხვი და ბოროტმთავარი დემონი მოგდევს თვით გამომხსნელ ნაკადულამდე; იგი დაინთქა ზღვაში; ეს კი უჩინარდება მაცხოვნებელ წყალში.

4. მაშ, ისმენ, გაწვდილი ხელით, თითქოსდა იქ მყოფს, მიმართო: ”ვიჯმნი შენგან, ეშმაკო!”[8] მინდა ისიც ვთქვა, აუცილებელია რადგან, თუ რის გამო იდექით [პირით] დასავლეთისკენ. დასავლეთი ხილული სიბნელის ადგილია, ხოლო იგი არის რა ბნელი, სიბნელეში აქვს სამფლობელოც, ამიტომ სახეობრივად დასავლეთისკენ მზირალნი განეშორეთ ბნელსა და პირქუშ მთავარს. ხოლო რა წარმოთქვა თითოეულმა თქვენგანმა მდგომარემ? ”გემიჯნები შენ, სატანა!” შენ, ბოროტსა და უმძვინვარეს ტირანს. აღარ მეშინია შენი ძალისა, - ამბობ, - რადგან დაარღვია იგი ქრისტემ, გახდა რა მოზიარე ჩემი სისხლისა და ხორცისა, რომ ვნებათა მიერ სიკვდილით სიკვდილი დაეთრგუნა, რომ მარადჟამს, თანამდებნი არ ვყოფილიყავით კირთებისა (ებრ. 2,15). ”გემიჯნები შენ”, ცბიერსა და უვერაგეს გველს, ”გემიჯნები შენ”, ბოროტგანმზრახს, თვალთმაქცური მეგობრობით ყოველგვარი უსჯულოების აღმსრულებელს და ჩვენს პირველმშობელთა განდგომილების მიზეზს. ”გემიჯნები შენ, სატანა”, ყოველნაირი ბოროტების წარმომშობსა და მოქმედს.

5. შემდეგ, მორიგი ფრაზით, გასწავლეს გეთქვა: ”და ყოველთა საქმეთა შენთა”. საქმე სატანისა არის ყოველგვარი ცოდვა, რომელთაგან გამიჯვნაც აუცილებელია, ისევე როგორც ვინც მტანჯველს ვისმე გაექცევა, მის იარაღსაც ყოვლითურთ განერიდება სადმე. ამრიგად, თითოსახეობითად ყოველი ცოდვა აღირიცხება ეშმაკის საქმეებში. გარდა ამისა, იცოდე, რომ რასაც ამბობ, მეტადრე კი ამ უსაშინლეს ჟამს, ჩაწერილია ღვთის მიერ აღწერილ უხილავ წიგნებში. ასე რომ, თუკი რამ საწინააღმდეგოს მათსას აღასრულებ, განისჯები როგორც გარდამავალი რჯულისა.[9] მაშ, გაემიჯნე სატანის სამქეებს. ვამბობ ყოველგვარ ქმედებასა თუ განზრახვას, გონების წინააღმდეგ ქმნილს.

6. შემდეგ ამბობ: ”და ყოველთა სიბილწეთა შენთა”. სიბილწე ეშმაკისა კი არის სანახაობებით გატაცება[10] და ცხენთა რბოლა, ნადირობა და ყველა ამგვარი ამაოება, რომელთაგან გათავისუფლებასაც ითხოვს წმინდანი და ღმერთს მიმართავს: ”მოაქციე ჩემი თვალები, რომ არ იხილონ ამაოება” (ფს. 118,37). ნუ გაგიტაცებს და გაგაგიჟებს სანახაობა, რადგან იქ იხილავ მსახიობთა აღვირახსნილობას, რაც თავხედობასა და ყოველგვარ უხამსობაში ვლინდება, და გამდედრებულ კაცთა[11] გაცოფებულ როკვას. ნურც ისინი მიგიზიდავენ, რომელნიც ნადირობისას საკუთარ თავს ცხოველებს უძღვნიან, ოღონდ კი უბადრუკ მუცელს აამონ; რომელნიც მუცლის გამო თვითვე მართლაც ხდებიან ლუკმა მტაცებელი მხეცებისა, ოღონდ სტომაქი საკვებით გაანებივრონ. მართებულად რომ ვთქვა, თავიანთი ღმერთისთვის – მუცლისთვის (შდრ. ფილ. 3,19) საკუთარ სიცოცხლეს პირისპირ ებრძვის უფსკრულთა თავზე. გაექეცი ცხენთა რბოლასაც, შლეგურ და სულის ქვედამზიდველ სანახაობას, რამეთუ ეს ყოველივე არის სიბილწე ეშმაკისა.

7. გარდა ამისა, საკერპოებში და სახალხო ზეიმებზე გამოფენილნი, იქნება ეს ხორცი, პური, თუ სხვა ამგვარნი, ყოვლადუწმინდური დემონების მოხმობით შებღალულნი, ეშმაკის სიბილწეთა შორის აღირიცხება. რადგან, ისევე როგორც ევქარისტიის პური და ღვინო, სათაყვანებელი სამების წმინდა მოხმობამდე უბრალო პური და ღვინოა, მოხმობის შემდგომ კი პური ქრისტეს ხორცი ხდება, ხოლო ღვინო – ქრისტეს სისხლი, სწორედ ასევე, იგივე საკვები სატანის სიბილწისა, თავისი ბუნებით ლიტონი, უწმინდურდება დემონთა მოხმობით.

8. ამის შემდეგ ამბობ: ”და ყოველთა მსახურებათა შენთა”. ეშმაკის მსახურება კი არის საკერპოებში ლოცვა და ყოველივე ის, რაც უსულო კერპთა პატივად აღესრულება: სანთელთა ანთება თუ წყაროებსა და მდინარეებთან კმევა და სხვა ამგვარნი (მსგავსად ზოგიერთებისა, რომელნიც, სიზმრებისგან თუ დემონებისგან მოტყუებულნი, მიდიან ამ ადგილებში და ჰგონიათ, რომ ხორციელ სნეულებათაგან განიკურნებიან). ნუ იქნები ამათი მიმდევარი. ფრინველთგრძნეულება,[12] მკითხაობა, ნიშნებზე დაკვირვება (κληδονισμοί), თუ თილისმები, ფურცლებზე წარწერები (ἐν πετάλοις ἐπιγραφαί), მაგია, თუ სხვა რამ ბოროტხელოვნება, და მსგავსნი ამათნი, მსახურებაა ეშმაკისა. გაერიდე ამ ყოველივეს, რადგან თუკი სატანისგან განშორებისა და ქრისტესადმი შედგომის შემდეგ კვლავ ამათში ჩავარდები, უფრო მწვავედ განიცდები მძლავრისგან. რადგან უწინ გეპყრობოდა როგორც საკუთარს და მწარე მონობით გაუძლურებდა, ახლა კი ფრიად გაბოროტებულია შენზე. დააკლდები ქრისტეს და განიცდები მისგან. არ გსმენია ძველი აღთქმისა, რომელიც ლოტისა და მის ასულთა შესახებ გვიამბობს ჩვენ? იგი ვერ გადარჩებოდა თავის ასულებთან ერთად, მთისთვის რომ არ მიეღწია, მისი ცოლი კი მარილის სვეტად იქცა (შესაქ. 19,26) და საუკუნოდ გაქვავდა, რადგან ჰქონდა ბოროტი არჩევანისა და უკუმიქცევის განზრახვა. ასე რომ, ეკრძალე საკუთარ თავს და, დაადე რა ხელი ერქვანს (ლუკ. 9,26), ნუ მიუბრუნდები ამ ცხოვრების დამწარებულ საქმეს. არამედ ივლტოდე მთისკენ, იესო ქრისტესკენ, რომელიც არის ლოდი უხელოდ გამოკვეთილი და ყოვლიერების აღმავსებელი (დან. 2, 34-35).

9. როცა სატანას განეშორები, ყოველგვარ აღთქმას მასთან დათრგუნავ და ძველ კავშირებს ჯოჯოხეთთან (შდრ. ეს. 28,15) დახსნი, გაიღება შენთვის სამოთხე ღვთისა, რომელიც დანერგა მან აღმოსავლეთით (შესაქ. 2,8), საიდანაც ურჩობის გამო გამოძევებულ იქნა ჩვენი პირველმამა (შესაქ. 3,23). ნიშნად ამისა შემობრუნდი შენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ – სინათლის ქვეყნისკენ. მაშინ შენ მოგიწოდეს, რომ წარმოგეთქვა: ”მწამს მამა, ძე და სულიწმინდა, და ერთი ნათლისღება სინანულისა”. რომელთა შესახებაც წინა ქადაგებებში,[13] ღვთის მადლით, ვრცლად მოგითხარ შენ.

10. ამ სიტყვებით განმტკიცებულმა იფხიზლე, რადგან ”წინააღმდგომი ჩვენი – ეშმაკი, როგორც მბრდღვინავი ლომი, დადის და ეძებს, თუ ვინ შთანთქას” (I პეტ. 5,8). მაგრამ ამ ჟამთა უწინარეს შთანთქავდა სიკვდილი მძლავრი, ახალშობის წმინდა საბანელზე კი ”აიღო ღმერთმა ყოველი ცრემლი ყველა სახისგან” (ეს. 25,8). მეტად ნუღარ იგლოვ, განიძარცვე რა ძველი კაცი, არამედ გიხაროდეს (ეს. 61,10), რამეთუ შეიმოსე სამოსელი ცხოვრებისა – იესო ქრისტე (რომ. 13,14).

11. ეს ყოველივე სტოაში (ἐν τῷ ἐξωτέρῳ οἴκῳ) აღესრულა. ხოლო როცა ღვთის ნებით, შემდგომი მესაიდუმლეობის გზით წმიდათა წმიდაში[14] შევალთ, მაშინ შევიტყობთ იქ აღსრულებულთა სიმბოლურ მნიშვნელობას.
ღმერთს მამას კი დიდება, სიმტკიცე და ძლიერება, ძით და სულიწმინდითურთ, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

------------------------------------------------------------------------------

 

[1] – შდრ. μυσταγωγική ტერმინი ”მისტაგოგია” ნიშნავს ”საიუდმლოში შეყვანას”, ”საიდუმლოს განდობას”. ანტიკურ ეპოქაში ამ ტერმინით აღინიშნებოდა წარმართულ მისტერიებში მონაწილეობა, ქრისტიან ავტორთა შრომებში კი აღნიშნული ტერმინი გულისხმობს მორწმუნის მიერ ეკლესიის მაცხოვნებელი მოძღვრების გაცნობა-შესწავლას და საეკლესიო საიდუმლოებებთან ზიარებას.

[2] – შდრ. κατήχησις მოტანილი ტერმინი ნიშნავს ”ზეპირ დამოძღვრას”, ”სიტყვიერ განსწავლას”, ”ქადაგებას”.

[3] – უნდა აღინიშნოს, რომ მისტაგოგიურ ქადაგებათა შემცველი ზოგიერთი ბერძნული ხელნაწერი ქადაგებათა წარმომთქმელად კირილესთან ერთად იოანე ეპისკოპოსსაც ასახელებს, რომელიც კირილეს მემკვიდრე იყო იერუსალიმის სამღვდელთმთავრო საყდარზე (387-417 წწ.). ამასთან დაკავშირებით მკვლევართა შორის გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, ეკუთვნის თუ არა საერთოდ ეს ქადაგებანი კირილე იერუსალიმელს, მით უმეტეს, რომ ხელნაწერთაგან ერთი - Monacensis gr. 394 (X ს.), რომელიც გამცოემაში A ლიტერით არის აღნიშნული, ზედწარწერებში მხოლოდ იოანეს მოიხსენიებს (იხ. Sources Chretiennes N126, გვ. 82). დასახელებულ ხელნაწერულ მონაცემებს ისიც დაერთვის, რომ ეკლესიის მამათა დიდი ნაწილი კირილე იერუსალიმელის მისტაგოგიურ ქადაგებებს არსად ახსენებს, მაშინ, როცა მრავალგან გვხვდება დამოწმება წმინდანის კატეხიზმური ქადაგებებისა. გარდა ამისა, ქადაგებაში წარმოდგენილი ლიტურგიკული მონაცემები ზოგიერთ მკვლევარს მათ გვიანდელობას ავარაუდებინებს, ვიტყვით იმას, რომ წარმოდგენილი თვალსაზრისები არგუმენტების სიმცირის გამო ეჭქვეშ ვერ აყენებს ქადაგებების კირილესადმი მიკუთვნებულობას, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვა ამჯერად ჩვენს მიზანდასახულობას სცილდება, ხელნაწერებში იოანე ეპისკოპოსის მოხსენიებასთან დაკავშირებით კი გავიმეორებთ პროფ. ედიშერ ჭელიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რის თანახმადაც იოანე არის არა წარმომთქმელი, არამედ რედაქტორ-გამომცემელი ხსენებული ქადაგებებისა და ამის გამო, ძველი ტრადიციისამებრ, გარკვეული საავტორო უფლებითაც აღჭურვილი.

[4] – იგულისხმება დიდი შაბათის მწუხრი, რომლის დროსაც, უძველესი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ნათლისღების საიდუმლო აღერსულებოდა.

[5] – შდრ. τὴν ἔμφασιν, ”ახსნა”, ”განმარტება”.

[6] – შდრ. εἰς τὸν προαύλιον τοῦ βαπτίσματος οἰκον როგორც ჩანს, ეშმაკის უარყოფა აღესრულებოდა არა უშუალოდ სანათლავში, არამედ სანათლავის ”წინკარში”, ”წინაეზოში”, ”სტოაში”. შდრ. რუსული: ”въ преддверие, въ притворъ, где совершается крещение

[7] – წინგაწვდილი ხელით სატანის უარყოფა იერუსალიმური საღვთისმსახურო პრაქტიკისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მე-10 საუკუნის Sin.12 ხელნაწერში დაცული ნათლისღების წეს-განგების უძველესი ქართული რედაქცია, სადაც ვკითხულობთ: ”ოდეს ნათელ-სცემდეს, დაადგინოს კათაკუმეველნი დასავალით, ჴელი მარჯუენჱ გართხმად სცეს და ათქუმიოს ესრჱთ: ვიჯმნი შენგან ეშმაკო...” იხ. Sin.12 (ფოტოპირი), 112r.

[8] – ქადაგებაში მოხმობილი სატანის უარყოფის ლიტურგიკული ფორმულა ზუსტად თანხვდება დასახელებული Sin.12 ხელნაწერის მონაცემს. იხ. Sin.12, 112r ამიტომაც ვამჯობინებთ სათარგმნ ფრაზას Sin.12–ს ტექსტი მივუსადაგოთ. შედარებისთვის მოვიტანთ შესაბამის ფრაზას Sin.73 (XII-XIII სს.) ხელნაწერში დაცული გიორგი მთაწმინდელისეული კურთხევანიდან: ”ვიჯმნი ეშმაკისაგან” (იხ. დიდნი კურთხევანი, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, I, თბ. 2002, გვ. 98).

[9] – სიტყვ. ”გარდამავალი”, παραβάτης შდრ. გალ. 2,18: ”...გარდამავალად სჯულისა თავი ჩემი შევირაცხო”. "...παραβάτην ἐμαυτὸν συνιστάνω".

[10] – შდრ. θεατρομανίαι, “სანახაობებით გატაცება”, “სანახაობებისადმი ვნებიანი მიდრეკილება”.

[11] – შდრ. ἐκτεθηλυμένων ἀνδρω̃ν, Lat. effeminatorum virorum. რუს. женоподобыихъ мужей.

[12] – შდრ. οἰωνοσκοπία, მკითხაობა გარეულ ფრინველთა ფრენის, ხმისა და მოძრაობის მიხედვით.

[13] – წმ. კირილე იერუსალიმელს მხედველობაში აქვს ის ქადაგებები (რიცხვით 18), რომლებიც მან ნათელღებადთა მიმართ წარმოთქვა. ხსენებული ქადაგებები, უდიდესწილად, სარწმუნოების სიმბოლოს განმარტებას ეძღვნება.

[14] – იგულისხმება სანათლო, სადაც ნათლობის საიდუმლო აღესრულება.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", სააღდგომო გამცოემა, N2, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:53)