Georgian (Georgia)English (United Kingdom)
და საკითხავი რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: ”ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ნათელვიღეთ ქრისტე იესოს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ?” სიტყვებამდე: ”არა რჯულის ქვეშ ხართ, არამედ მადლის” (რომ. 6, 3-14)

1. სასარგებლოა ყოველდღიური მესაიდუმლეობანი და უახლესი სწავლებანი, უახლეს საქმეთა მაუწყებელნი, მეტადრე კი თქვენთვის, რომელნიც შეიცვალეთ ძველისგან ახლად. ამიტომ, აუცილებელია წარმოგიდგინოთ თქვენ განგრძობა გუშინდელი მესაიდუმლეობისა, რომ იცოდეთ იმ ყოველივეს სახისმეტყველება, რაც ტაძრის შიგნით[1] აღსრულდა თქვენზე.

2. შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს, რომელმაც გაშიშვლებით ”განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი და ძელზე განცხადებით განაქიქა ისინი” (კოლ. 2,15). რამდენადაც ჩვენს ასოებში დაიბანაკეს წინააღმდგომმა ძალებმა,[2] არ ეგების შემდგომში ტარება ძველი კვართისა. ვგულისხმობ არა ამ სამოსელს, ყოვლითურთ გრძნობადს, არამედ ”ძველ კაცს, გახრწნილს სიცრუის გულისთქმებით” (ეფეს. 4,22), რომლითაც, დაე, ნუ შეიმოსება კვლავ მისგან ერთგზის განძარცვული სული, არამედ იმგვარად თქვას, როგორც ამბობს ქრისტეს სასძლო ”ქებათა” წიგნში: ”განვიძარცვო კვართი ჩემი, რომლითაც შემმოსს იგი?”(ქებ. 5,3). ჰოი, საქმე საკვირველი! ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (შესაქ. 2,25).

3. შემდეგ, გაშიშვლებულებმა, იცხეთ შეფუცების ზეთით[3] თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს - ქრისტეს. მოეკვეთეთ ველურ ზეთისხილს, დაემყნეთ კეთილს და ზიარნი გახდით ჭეშმარიტი ზეთისხილის სიპოხისა (რომ. 11,17-24). შეფუცების ზეთი, აღმომფხვრელი წინააღმდგომის ქმედების ყოველგვარი კვალისა, ნიშანდება იყო (σύμβολον ἦν) ქრისტეს სიპოხესთან ზიარებისა. ისევე როგორც შებერვანი წმინდანთა[4] და მოხმობა ღვთის სახელისა ძლიერი ალისებრ სწვავს და განდევნის დემონებს, ამგვარადვე, შეფუცების ეს ზეთი ღვთის მოხმობით და ლოცვით ისეთ ძალას იძენს, რომ არა მხოლოდ სწვავს და გამოწმენდს ცოდვათა ნაკვალევს, არამედ განდევნის კიდეც ბოროტის ყოველგვარ უხილავ ძალას.

4. ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ  საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან – აქ მდებარე საფლავთან,[5] და თითოეულს გკითხეს, გწამდათ თუ არა სახელი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა; აღიარეთ მაცხოვნებელი აღსარება, სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. ისევე როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ზიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით – ღამე. რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით როგორც დღის სინათლეზე მყოფნი. ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის  საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: ”ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა” (ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: ”ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა”. ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა.[6]

5. ჰოი, საქმე უცხო და საკვირველი! არათუ ჭეშმარიტად ვკვდებით, არც ჭეშმარიტად დავიფლვით, არც ჭეშმარიტად ჯვარცმულნი აღვდგებით, არამედ მიბაძვა სახეობითია, გამოხსნა კი ჭეშმარიტი. ქრისტე ნამდვილად ჯვარს ეცვა, ნამდვილად დაეფლა და ჭეშმარიტად აღდგა და ეს ყოველივე ჩვენ მოგვემადლა, რომ მის ვნებებთან მსგავსებითად ზიარებულნი ჭეშმარიტებით გავხდეთ მიმღებნი გამოხსნისა. ჰოი, კაცთმოყვარეობა ზეაღმატებული! ქრისტემ მიიღო თავის უბიწო ხელებსა და ფეხებზე სამსჭვალნი, ტკივილი დაითმინა და მე, გარეშე ტკივილისა და შრომისა, ზიარების მიერ, მომმადლებს ხსნას.

6. ნუვინ მიიჩნევს, რომ ნათლისღება ცოდვათა მოტევებისა და ძეობილობის მადლის მომნიჭებელია მხოლოდ, როგორც იოანეს ნათლისღება იყო ოდენ ცოდვათა მოტევების მომცემელი. არამედ ზედმიწევნითი ვუწყით, რომ არის იგი როგორც ცოდვათაგან განმწმენდელი და სულიწმინდის ნიჭის მბოძებელი,[7] ასევე ქრისტეს ვნებათა ნაცვალსახეც. ამის შესახებ პავლეც ახლახანს ხმობდა და ამბობდა: “ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ნათელვიღეთ ქრისტე იესოს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ. თანადავეფლენით მას ნათლისღებით” (რომ. 6,3-4). ეს, შესაძლოა, წარმოთქვა იმათ წინააღმდეგ, რომელნიც განაწესებენ, რომ ცოდვათა მომტევებელი და ძეობილობის მბოძებელია ნათლისღება, თუმცა კი აქვს მას მსგავსებითი თანაზიარება ქრისტეს ჭეშმარიტ ვნებებთან.

7. რომ ვიცოდეთ, რომ ყოველივე, რაც ქრისტემ დაითმინა, ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჭეშმარიტებით და არა მოჩვენებით დაითმინა და ჩვენ მოზიარენი გავხდით მისი ვნებებისა, მთელი ზედმიწევნითობით ხმობს პავლე: ”თუკი თანანერგნი გავხდით მისი სიკვდილის მსგავსებისა, ასევე აღდგომისაც ვიქნებით” (რომ. 6,5). კარგად თქვა ”თანანერგნი”, რადგან მას შემდეგ, რაც აქ დაინერგა ვენახი ჭეშმარიტი (შდრ. ინ. 15,1-8), ჩვენც სიკვდილის ნათლისღებისეული ზიარებით მისი ”თანანერგნი” გავხდით. მთელი ყურადღებით მიაპყარი გონება მოციქულის სიტყვებს. არ უთქვამს, რომ ”თანანერგნი გავხდით სიკვდილისა”, არამედ ”სიკვდილის მსგავსებისა”. რადგან ნამდვილად მოიწია ქრისტეზე ჭეშმარიტი სიკვდილი, განიყო ხორცისგან სული, ჭეშმარიტი იყო დაფლვა, სპეტაკი სახვევლით (შდრ. მათ. 27,59) წარიგრაგნა მისი წმინდა სხეული და ყოველივე ჭეშმარიტად გადახდა მას, ჩვენზე კი მსგავსება მოიწია ვნებებისა და სიკვდილისა, მაგრამ, ამასთან, არა მსგავსება, არამედ ჭეშმარიტება გამოხსნისა.

8. შეისწავლეთ რა ეს ყოველივე ჯეროვანი სისრულით, იპყარით ხსნოვნაში, გევედრებით, რომ მეც, უღირსმა, ვთქვა თქვენზე: ”მიყვარხართ, რადგან ყოველჟამს გახსოვართ მე და გადმოცემანი, რომელნიც გადმოგეცით, გიპყრიათ” (შდრ. I კორ. 11,2). ძალუძს კი ღმერთს, რომელმაც წარმოგადგინათ თქვენ ”როგორც ცოცხალნი მკვდართაგან” (რომ. 6,13), მოგცეთ თქვენ “ცხოვრების სიახლეში სვლა” (რომ. 6,4), რამეთუ მისია დიდება და სიმტკიცე, აწ და უკუნისამდე, ამინ.

-----------------------------------------------------------------------

[1] – შდრ. ბერძნ. ἐν τῷ ἐσωτέρῳ ; ლათ. in interiori aede; რუს. во внутреннем.

[2] – შდრ. რომ. 7,23: “ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა”.

[3] – როგორც ცნობილია, ქრისტიანული ღვთისმსახურების ადრეულ ეპოქაში ზეთისცხება-მირონცხების სხვადასხვა ტრადიცია არსებობდა. ასე მაგალითად, “მოციქულთა დიდასკალია” და “თომას აქტები” (III ს.) მიუთითებენ ზეთით ცხებას საკუთრივ ნათლისღების წინ, როგორც სულიწმინდის საბოძვარს (შდრ. საქმ. 10,37 და შემდ.). წმ. კირილე იერუსალიმელი ასახელებს ორ ცხებას: პირველი – შეფუცების ზეთით ნათლისღების წინ და მეორე – წმინდა მირონით ნათლისღების შემდგომ, როგორც ნიჭს სულიწმინდისა. ხოლო “მოციქულთა გადმოცემანი” (“იპოლიტე რომაელისა”) (III ს.) და “აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი” (II-V სს.) იხსენიებენ სამ ცხებას: პირველს “შეფუცების ზეთით” ნათლისღების წინ და ორს ნათლისღების შემდგომ “ევქარისტიის ზეთით” (მოგვიანებით წმინდა მირონით). მეორე ცხება სრულდებოდა უმალვე ნათლისღების შემდგომ მღვდლის მიერ, მესამე ცხება კი ხელდასხმასთან ერთად ეპისკოპოსი ასრულებდა, თანაც მაშინ, როცა ახალნათელღებული ტაძარში შედიოდა საზიარებლად. რომის ეკლესიაში ამგვარი პრაქტიკის არსებობას ადასტურებს პაპ ინოკენტი I-ს წერილი, დათარიღებული 416 წლით.

[4] – იგულისხმება შებერვა, რომელსაც მღვდელმსახური შეფუცების ლოცვების წარმოთქმამდე აღასრულებს. შდრ: “შეჰბეროს მას სამგზის პირსა და ჯუარი დასწეროს შუბლსა მისსა და პირსა და მკერდსა და თქუას: უფლისა მიმართ...” (იხ. დიდინი კურთხევანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, I, თბ. 2002, გვ. 93). აქ “წმინანთა” უნდა ნიშნავდეს: “სიწმინდის მოქმედთა”, ე.ი. “მღვდელმოქმედთა”, “წმინდა საიდუმლოს აღმსრულებელთა”.

[5] – შდრ. ἐπὶ τὸ προκείμενον μνῆμα. ქადაგება წარმოთქმულია იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, სადაც, როგორც ცნობილია, არის მაცხოვრის საფლავი. მქადაგებელიც სწორედ ამ საფლავზე მიუთითებს ნათელღებულებს.

[6] – შდრ. წმ. გრიგოლ ნოსელი: “სამგზის უკუე შთასლვითა წყალსა შინა და აღმოსლვითა ცხოველსმყოფელსა დაფლვასა და აღდგომასა უფლისასა გამოვსახავთ”. ე. კოჭლამაზაშვილი, წმიდა გრიგოლ ნოსელის “დიდი კატექეტური სიტყვის” ძველი ქართული თარგმანი, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, I, თბ. 2008, გვ. 142).

[7] – შდრ. ბერძნ. πρόξενον

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", სააღდგომო გამცოემა, N2, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 18:54)