Georgian (Georgia)English (United Kingdom)

I თავი,  5-6, 9, 14-15 მუხლები

განმარტება მუხლისა: "შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი. ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან".[1]

ვფიქრობ, ამას რძალი ეუბნება არა ქალწულებს, არამედ რჯულით თავმომწონეებს, ძველი აღთქმით გაამპარტავნებულებს და გულზვიადებს, რომელნიც კიცხავენ მას არა მხოლოდ ტომით უცხოობის, არამედ უწინდელი დემონთმოშიშობის მიზეზითაც და ამით გამოწვეული შავი ფერის გამოც. სწორედ ამიტომ ეუბნება მათ: არა მხოლოდ შავი ვარო, არამედ მშვენიერიც, რადგან ძველად უსინათლოს კვლავ თვალის სინათლე მომეცაო, ძველი კონკები მეცვა და ეხლა ოქროთი ნაკემსი სამოსი მამკობსო, ჭრელით შევიმოსე და მივიღეო სამეფო პატივი, მეუფის წინაშე ვიდექ და დაგიშალეო მეუფის ტრფიალება შენ, ვინც იგი სასიკვდილოდ გაიმეტე, ხოლო საქორწინო სამყოფელს მრუშთა სიმრავლით უმწიკვლოება წაართვი. ასე რომ, ნუ ჰკიცხავ ჩემი ფერის სიშავეს, ო, ნურც მას, რომ უწინ ბოროტების შუაგულში შევიჭერ, აღვიარებ, შავი ვარ, ოღონდ მშვენიერი და, დაწინდული, ნეფეს ვეამები. გეშინოდეს მარიამის მაგალითისა, რადგან მანამ გაკიცხა მოსე, რომ ეთიპელი ცოლად მოიყვანა; შერისხული ქალი გახდა მსგავსი თოვლისა; როგორც უწმინდური, ბანაკიდან განდევნეს და არ მიბრუნებულა, სანამ არ მოინანია. მეც ეთიოპელი ვარ, ოღონდ დიდი რჯულისმდებლის რძალი და ასული მოგვის მადიამის, კერპთმსახურისა; ხოლო ჩემი ერი და მამის სახლი დავიწყებას მივეც, რის გამოც მოესურვა მეუფეს ჩემი მორთულობა. და ნუ მომხედავთ, რადგან შავად შევმოსილვარ იმის გამო, რომ მზემ ამითვალწუნა. აწ შავად შემოსილი, თეთრად მოქათქათე და სპეტაკი მიხილეთ და იღაღადეთ: ვინ არის იგი, რომელიც ამაღლდა თეთრი ყვავილის ფერი? ამ სიშავის მიზეზსაც გეტყვით. შავად შევიმოსე, როცა მხევლად ვედექ შექმნილს გარეშე შემოქმედისა და საგრძნობელ მზეს, ნაცვლად სიმართლის მზისა, ვეცი თაყვანი. მაგრამ მივხვდი, რომ განსხვავდება იგი ამისგან, უგულებელვყავ შექმნილი და შემოქმედისკენ შემოვიქეც სათაყვანებლად. ასე რომ, ნუ მომხედავთ, რადგან შავად შევმოსილვარ იმის გამო, რომ მზემ ამითვალწუნა ან, როგორც სვიმაქოსი ამბობს, მზემ დამამხო.

"შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო"; შავი ღვთისმოსავად უწინ არყოფნით, მშვენიერი - სინანულით; შავი ურწმუნოებით, მშვენიერი რწმენით. და ასე შავი ვიყავ ფრიად, მსგავსი კედარის სამყოფელთა, რაც ბნელისფერად განიმარტება; და ასე გავხდი მშვენიერი, როგორც ტყავნი სოლომონისანი, ნაცვლად ამისა: “ვითარცა კარავი სოლომონისი”, ვითარცა სოლომონის საფარველი, რომელზედაც მეუფე ამბობს: “განიცადეთ შროშანნი ველისანი, [ვითარ-იგი აღორძინდიან][2]; არა შურებიან, არცა სთვენ. [და მამა თქვენი ზეციერი მოსავს მათ. ამინ],[3] ხოლო გეტყჳ თქენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი”.[4] ამიტომაც ცოტა ხნის შემდეგ იმ შროშანას რძალს არქმევენ, რომ არცა რთავდეს, არცა ქსოვდეს, არამედ უზრუნველად ატარებდეს ცხოვრებას მათთან და თავად ნეფე მოსავდეს და აწვდიდეს საზრდელს. რძალი ამბობს, წინათ კედარის სამყოფელს ვემსგავსებოდიო, რაც ბნელისფერად და დაშავებად განიმარტება, წყვდიადს ვემონებოდი და მხევალი ვიყავიო დემონთა, აწ კი მოულოდნელად შევიცვალე და მიმსგავსებით ვემსგავსეო ტყავთა სოლომონისთა; რადგან თავად იგი გახდა არა მხოლოდ რძალი, არამედ სამშვიდობოდ [მოვლენილი] ქრისტეს ტაძარიც.

“ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე”.[5] ესეც დამოკიდებულია ზემოთქმულზე; ასწავლის იერუსალიმის ასულებს, შავი და შეუხედავი როგორ გახდა მშვენიერი მოულოდნელად, რადგან ძენიო, ამბობს, დედისა ჩემისანი აღიძრნენო ბრძოლად ჩემ ზედა. ძეთა იგი უწოდებს წმინდა მოციქულებს, რომელთა შესახებაც სულიწმინდა ეუბნება დედოფალს 44-ე ფსალმუნში: “მამათა შენთა წილ იყვნენ შვილნი შენნი, დაადგინენ იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა”.[6] ხოლო მათს (წმინდა მოციქულების) და თავის დედას უწოდებს ზეცის იერუსალიმს, რომელზედაც ნეტარი პავლე ამბობს: “ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ”.[7] ამრიგად, ძენი დედისა ჩემისანი აღიძრნენო ბრძოლად ჩემ ზედა. ბრძოლაში იგულისხმება კერპთმსახურების და სხვა ურჯულოების ძლევა მოციქულთა მიერ, რომლებიც თავს იდებდნენ რა თითოეულ მსმენელთან ბრძოლას და ჭიდილს, ეპაექრებოდნენ, რათა დაეძლიათ მათს სულებში ბოროტი ზნე და ჩაენერგათ ღვთისმოსავობის ჩვეულებანი და კანონები. იმისათვის, რომ უფრო ცხადად წარმოვიდგინოთ როგორ იღვწოდნენ ღვთისმოსავობის ნეტარი მქადაგებლები დამოწაფებულთა სულებში, მოვისმინოთ ნეტარი სტეფანეს მიერ საპაექროდ წარმოთქმული სიტყვა: “ქედფიცხელნო, უგულისყურონო და შეუსმენელნო, წმინდა სულს მუდამ წინ ეღობებით როგორც მამანი თქვენნი, ისე თქვენ”.[8] ხოლო ნეტარი პავლე კორინთელებისათვის გაგზავნილ ეპისტოლეში ამბობს: “ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების”;[9] და კიდევ: “ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინაწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა”.[10] გალატელებს კი წერს: “ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?”[11] ამის შემდეგ კიცხავდნენ, რჩევას არ აკლებდნენ, ცოდვათა ნაკლს უვსებდნენ და დაძველებულ ჩვეულებებს უშლიდნენ, ხოლო ძველის ნაცვლად ახალს, შეუხედავის და პირისახით საძულველის ნაცვლად მშვენებით საფერს და შავის ნაცვლად უთეთრესს და სპეტაკს წარმოადგენდნენ რძალს მეუფისას ღვთისმოსავობის პირველი განმმარტებლები და მქადაგებლები. ამით რძალს სურს აჩვენოს, როგორ გახდა მწყაზარი და მშვენიერი; იგი ამბობს: “ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე; დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა”.[12] მაშასადამე, თითქოს გადმომცესო ვენახნი რომელიმე ღმერთის მცნებანი; და მიბრძანესო, არა მხოლოდ მომევლო მათთვის და მემუშაკნა, არამედ დამეცვაო კიდეც, რათა რომელიმე ბოროტ ნადირს ნაყოფი არ წაეწყმიდა. ამ სიტყვებს მოსდევს: “სავენაჴე ჩემი არა დავიცევ”.[13] ორმაგი აზრი აქვს ამ ნათქვამს, თითოეული საღვთისმოსავოა და ფრიად სასარგებლო: რადგან რძალი ან იმას ამბობს, რომ მამისაგან გადმოცემულ უწინდელ ვენახს, რომელსაც მორწმუნეობამდე უვლიდა, არ გაუფრთხილდა და უმეთვალყურეოდ დააგდო, რათა ყოველივე უწინდელი სავსებით აღფხვრილიყო და დავიწყებას მისცემოდა; ან [იმას ამბობს], რომ უგულებელყო თავისი ვენახი, რაშიც თავისი სულის დასაყრდენს გულისხმობს, და სხვათა სარგებლობა საკუთარ სარგებლობას ამჯობინა. ამასვე ამბობს ნეტარი პავლეც: "[სიყვარული არა ეძიებნ თავისასა"[14]; და კიდევ: "ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული"[15]. თავის თავზე კი ამბობს: "არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ”.[16] მე ნათელვყავ ორივენაირად გასაგები შინაარსი, რათა ორივეს ცნობა შესძლებოდათ მკითხველებს და ის მიეღოთ, რომელსაც უფრო ჭეშმარიტად მიიჩნევდნენ.

განმარტება მუხლისა: “ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოჲსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო”.[17] აქ ფარაონი სახეობრივად დაარქვა მას, ვინც არ ივიწყებს ჩვენი ბუნების ნაკლულობას და უკეთურებას და ვინც ჩვენი საერთო მტერია – უსალოცავო და ულიტანიო, ფარაონის მსგავსად ემბაზის ნაკურთხ წყალში რომ ჩიძირა. ასე რომ მსგავსად მიმაჩნიხარო ჩემი მერნისა, რომლითაც ჩემ მიერ ფარაონის ეტლთა ზღვაში დანთქმა გავაცხადეო, მახლობელად ქცეულო ჩემო და უფალო ჩემი სიყვარულისა. თითქოს რაღაც ეტლს მიმართა მონის სახისთვის, რომელიც გააუქმა და [მონობა] თავად იტვირთა, რათა ყოველი გვარტომი ეხსნა. ამ მერანს ამსგავსებს რძალს და გასაგებად მოწმობს მოციქული, როცა ქრისტე მაცხოვარზე ამბობს: “რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა.”[18] და კდიევ: “ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად.”[19] ამრიგად, მოციქულთა სიტყვების მიხედვით უნდა გავიგოთ “ქებჲას” საიდუმლო სიტყვები და მოვუსმინოთ ნეფეს, რომელიც ეუბნება [რძალს]: შენ იქმენო მახლობელი ჩემი, ამიტომაც მახლობელს გარქმევო და საქმის მიხედვით მოისთვლეო სახელი; ჩემს მერანს მოჰგავხარ, რომლითაც გავაცხადეო საცნაური ფარაონის ეტლებითურთ ზღვაში დანთქმა ჩემ მიერ და შენ თავისუფლება გიბოძეო.

განმარტება მუხლისა: “ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.”[20] რძალმა არ იცის, რა სახელი უწოდოს ნეფეს, აქეთ-იქიდან მოიარებით ყოველმხრივ მოკრებილ სახელებს არქმევს, ხოლო სიყვარული რომ აჩქარებს უხმოს, არ ძალუძს ღირსი სახელის პოვნა. ამიტომაც ისევ კვიპრის[21] მტევანს უწოდებს, ანუ სურნელოვან კვიპრად გაშლილს, ნაცვლად კვირტის გამომღებისა. სურნელოვანია მას ჟამს მტევანი. დასძენს: “შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.” ასეთია სურნელოვანი. თუ ასე აღნიშნავს იუდეაში მდებარე ადგილს, როგორც საკვირველი ვენახებით მორთულს, მაშინ სახეობრივად უნდა გავიგოთ: იმ თალარებს შენი სურნელოვანი მტევანი სჯობსო. ხოლო თუ სახელის მნიშვნელობის მიხედვით უყენებს სახელწოდებას “გადისას”, რომელიც სასინჯ ქვად განიმარტება, ასე უნდა გავიგოთ: მე, ნაცადს და მრავალ ბრძოლაში გამოვლილს, შენი სურნელება მიტაცებსო. თუ ვენახთა დროულ მწიფობას სახეობრივად გავიგებთ (ეს ჟამია შუაგულ სინჯვისა და გამოცდისა და ადამიანის მიწიერი ცხოვრებაც ხომ გამოცდაა), გამოტანილი კვიპრის მტევნის სურნელებას ვარჩევდიო. ხოლო თუ ახლად აყვავებული ასეთია, ფიქრი გვმართებს, როგორიღა იქნება, როცა მასში თვალი შევა, და, თვალი რომ შედის, თუ მაშინ ამაზე უკეთესია, გულისხმით უნდა მივწვდეთ, როგორიღა იქნება მწიფე და საწნახელში დასაწური. მე მიმაჩნია, რომ იგი, სულიერი ცხოვრების საფეხურებთან შეფარდებით, ზოგთათვის ყვავილობს, ზოგთათვის მწკლარტეა, ზოგთათვის მასში თვალია შესული, ზოგთათვის მწიფობს, რჩეულთაგან შესასმელი. “სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან”.[22] როდესაც რძალი ამას იტყვის, ნეფე ისევ ეუბნება:

“აჰა ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო. აჰა ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან.”[23] ისევ აქებს მის მშვენიერებას, ჰკვირობს დროულობის ასაკს და აშინებს მისი შესაფერისობა გაორებისათვის. ყველას თვალებს ანაცვალებს მისას, ხოტბას ასხამს და ეუბნება: “თუალნი შენნი ტრედ არიან”, ანუ სულისმიერნი, რადგან მტრედის სახეში გაცხადდა სულიწმინდა და ნეფეში დაიდო ბინა. ამიტომაც არ ეუბნება, მტრედისაო, არამედ მტრედნიო: “ტრედ არიანო”, ანუ სულისმიერნი, ღვთის მადლით აღვსებულნი, სიბნელისა და დაშავებისაგან[24] თავისუფალნი, გაცხადებული სახით მეუფის დიდების სარკედ რომ ქცეულან, იმავე ხატად დიდებითი დიდებად[25] ფერნაცვალებნი თითქოს მეუფის სულისაგან და ძალმოსილნი ამ სიტყვების წარმოსათქმელად: “ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა”.[26]

----------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

[1] - "ქებაჲ ქებათაჲ", 1,5. ძეგლის კიმენური ტექსტისათვის იხ. გ. კიკნაძე, გიორგი მთაწმიდელის ერთი თარგმანის კიმენი და ლექსიკა; ძველი ქართული მწერლობის ოთხი ძეგლი X-XII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, თბილისი, 1965.

[2] - ეს მონაკვეთი ქართულ კანონიკურ ტექსტში არის.

[3] - ამას ჩვენ აღვადგენთ თეოდორიტეს "განმარტებაში" ჩართული ბერძნული ტექსტის მიხედვით.

[4] - მათე, VI, 28-29.

[5] - "ქებაჲ ქებათაჲ", 1,5. კიმენის დასახ. გამოც, გვ. 163.

[6] - ფსალმუნნი, 44,17.

[7] - გალატელთა მიმართ, IV,26.

[8] - Act. VII, 51. ეს ციტატა ჩვენვე ვთარგმნეთ.

[9] - I კორინთელთა მიმართ, V,1

[10] - II კორინთელთა მიმართ, XII,21.

[11] - გალატელთა მიმართ, III,1.

[12] - "ქებაჲ ქებათაჲ", 1,5.

[13] - იქვე.

[14] - I კორინთელთა მიმართ, XIII, 5.

[15] - იქვე, X,24.

[16] - იქვე, X,33

[17] - "ქებაჲ ქებათაჲ", I,9, კიმენის დასახ. გამოცემა, გვ. 164.

[18] - ფილიპელთა მიმართ, III,21.

[19] - II კორინთელთა მიმართ, III,18.

[20] - "ქებაჲ ქებათაჲ", 1,14. კიმენის დასახ. გამოცემა, გვ. 164.

[21] - სურნელოვანი მცენარეა კვიპრი.

[22] - ფსალმუნნი, XXII,5.

[23] - "ქებაჲ ქებათაჲ", I,15. კიმენის დასახ. გამოცემა, გვ. 164.

[24] - შდრ. ზემოთ განხილული "დაშავებულ ვარ".

[25] - ასეთივე კონსტრუქციაა, როგორიც არის: დღითიდღე, უკუნითი უკუნისამდე.

[26] - კორინთელთა მიმართ, II,10.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ლიანა კვირიკაშვილმა
"ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია", ტ. I. თბილისი, 1994 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:29)