Georgian (Georgia)English (United Kingdom)
იოანე ყოვლად კეთილმოშიში მონაზონისა და წინამძღვრის, იბერის, მიმართ

ათანასემ, უნდო მონაზონმა და ლავრის წინამძღვარმა, საკუთარი ხელით წინა-განვაწესე პატიოსანი ჯვარი და სახელი ჩემი.

ათანასე, უნდო მონაზონი და ზესთაწმინდა და ღვთისმშობლის იმ ლავრის წინამძღვარი, რომელიც ათონის ჩვენეულ მთაზეა, წინამდებარე წერილობით თავდებობას და, ამიერიდან უკვე, წრფელ და შეუძრავ ბოძების [სიგელს] დავდებ და გავიღებ (ჩემი ნებსითი აზრითა და თვითარჩევითი განზრახვით და არათუ რაიმე აუცილებლობის, იძულების, დაცინვის, მზაკვრობისა თუ საქმის უმეცრებისაგან გამომდინარე, არამედ, როგორც ითქვა, მთლიანსულიერი გადაწყვეტილებით, განზრახვითა და ნებით, აგრეთვე მოწონებითა და თანხმობით იმ მთელი ჩემეული საძმოსი, რომელიც ღვთის შეწევნით შემოკრებილია ჩვენეულ ლავრაში, განსაკუთრებით კი უპირატეს ძმათა [დასტურით], რომლებმაც საკუთარი ხელით აღნიშნეს ქვემოთ თავიანთი მოწოენაბ და თანხმობა) ყოვლად კეთილმოშიში მონაზონისა და წინამძღვრის იოანე იბერის და, მის მიერ, მისეული ყოვლად კეთილპატიოსანი ლავრის, კლიმენტისეულად წოდებულის, მიმართ, რადგან ხსენებული ყოვლად კეთილმოშიში მონაზონი იოანე, მას შემდეგ, რაც იგი ჩვენს მთაზე მოვიდა და შემომიერთდა მე, მდაბალსა და ცოდვილს, დაემორჩილა რა ჩემს უღირსებას (შესაბამისად ღვთის მცნებისა და, აგრეთვე, თავისი სათნოებისა და ღირსპატიოსანი სულის გამო), მრავალი და ნაირგვარი სულიერი ზნე-ჩვევითა და წარმატებით გაბრწყინდა, სრულყო რა აღურიცხავი და დიდ-დიდი მსახურებანი ზემოხსენებულ მორჩილებაში. ამის გამო, არა მხოლოდ ღმერთს, არამედ მეც, მდაბალს, და მთელ ჩემს ქრისტესმიერ საძმოს იმგვარად გვემსახურა და გვარგო მან, როგორც არავინ სხვამ ყველა იმათგან, რომლებიც კი ამჟამად თუ ძველ დროში გაბრწყინებულან, ვინაიდან ესოდენ მრავალგზის დაშვრა ეს კაცი სამეფო ქალაქში მისვლითა და თავ-თავისი დროის იმპერატორებთან შეხვედრით (დაწყებული უფალ ნიკიფორეთი, ამ სახელოვანი იმპერატორით, ვიდრე დღევანდელ დღემდე), რომ თავისი გულითადი მცდელობისა და, აგრეთვე, კეთილი შუამდგომლობისა და მორჩილების შედეგად ოქრობეჭედი მიიღო იოანე იმპერატორისგან ჩვენს ლავრასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა იმას, რომ ყოველწლიურ შემოსავლად მიგვეღო ჩვენ ორას ორმოცდაოთხი [ოქროს] მონეტა ლემნოსიდან, რასაც აქამდე წლიურად ვიღებდით. ასევე, უფალ ბასილი იმპერატორისგან სხვა ოქრობეჭედი ებოძა მას ნეონის კუნძულის შესახებ, რაც მისცა ჩვენს ლავრას, დაუმტკიცა რა მას ეს კუნძული. შემდეგ, ღვთის თანაშეწევნით, საკუთარი ლავრაც დააფუძნა მან და მკვიდრობდა რა და მეწინამძრვრეობდა მას საკუთარი უფლებამოსილებით, არც ამ სახით შეუწყვეტია, არცთუ საერთოდ დაუხანებია ”თავისი სულის დადება ჩვენთვის და ჩვენეული ლავრისათვის (შდრ. ი. 10,17; ი. 10,15; ი. 10,11; მ. 12,18; ი. 13,37); პირიქით, თანამოსაგრეობდა და ყოველდღიურად თანამოსაგრეობს იგი ჩვენთან, შეამტკიცებს რა და აწესრიგებს ყოველივეს, რაც ჩვენ გვიკავშირდება. მან მოგვიბოძა ჩვენ, რისიც კი (იცოდა, რომ) საჭიროება გვქონდა. ამიტომ, ნაცვლად ამ მრავალრიცხოვანი, შეუდარებლად დიდი და წარმოდგენაზეც აღმატებული საქმეებისა, ვამბობ მის ჭეშმარიტ მორჩილებას, შრომას, დამაშვრალობას, მზრუნველობას, გულმოდგინებას, თავშეწირულობას (რათა არ ვახსენო მხოლოდ საბოძვარნი), მოვიწადინეთ ჩვენც, რომ მიგვენიჭებინა მისთვის და მისეული ლავრისთვის მცირე და კნინი ძღვენი, რაც, ვევედრეთ რა, რომ სამადლობელის სახით გაღებულიყო ჩვენგან, ძლივს მიიღო და დაგვთანხმდა. და ახლა ვუძღვნით მას უფალ ბასილი იმპერატორის ოქრობეჭედს გადასახადისაგან თავისუფალი ხომალდის შესახებ ექვსჯერ ათას ექვსი მედიმნას ტევადობას (რაც ჩვენ მოგვიბოძა ხსენებულმა უკეთილმსახურესმა იმპერატორმა, თუმცა გადასახადისაგან თავისუფალი ოცდახუთი სახლის გარეშე), რომ ჰქონდეთ მას და მისეულ ლავრას ამგვარი ოქრობეჭედი მუდმივად მთელი შემდგომი დროის მანძილზე სრულ უფლებამოსილებასა და აღუხოცელ მფლობელობაში, ისევე როგორც მის მომავალ მონაცლვეებსა და მემკვდირეებს, და არ გვექნება უფლება არც თვით მე, არც ჩემს მონაცვლეებს და მომავალ წინამძღვრებს, არცთუ საერთოდ ვინმეს, უცხოსა თუ შინაურს ჩვენი ლავრისას, რომ წამოვიწყოთ რაღაც მოძრაობა, ანდა ძიება, ანთუ რამეგვარი პროცესი ამ ოქრობეჭდისეული საბოძვარის შესახებ, თუნდაც ლიტონი სიტყვით, ხოლო თუ ვინმე ზემოჩამოთვლილ პირთაგან გამოაშკარავდება ანდა შემჩნეული იქნება ამგვარ მოქმედებაში, უპირველესად ჰქონდეს მას დაწყევლა ჩვენი წმინდა მამებისა, რომლებიც საუკუნიდან ესათნოვენ უფალს, ასევე წყევლა ჩემი სიმდაბლისა; უცხო იყოს იგი და განშორებული ჩვენი, ქრისტიანების, სარწმუნოებისაგან და გამცემ იუდასთან ჰქონდეს მას საკუთარი ნაწილი. მეტიც, საერთოდ არ მოუსმინონ მას არც სამოქალაქო რჯულდებათა მხრივ, არცთუ საღვთო და სამღდელო კანონთა მიხედვით, არამედ, ამეირიდან უკვე, ეს ჩემგან გაღებული წრფელი და შეუნანებელი საბოძვარი იყოს მტკიცე, ურყევი, უცვლელი და შეუძრავი, ჩემს ქრისტესმიერ ძმათა თანხმობითა და მოწონებით. ამასთან, რადგან იმავე ოქრობეჭედში ჩართულია ოცდახუთი სახლი, როგორც ზემოთ ითქვა, გადასახადისაგან თავისუფალნი, ქრისოპოლისში, რომლებიც ეკუთვნის ჩვენს ლავრას, თუკი ოდესმე მოხდება ისე, რომ დაიწყება ოქრობეჭდის ძიება, გადასახადების ამკრეფთა წინაშე წარსადგენად და მათ დასარწმუნებლად, რომლებიც ამგვარ (საბუთებს) გამოეძიებენ, განვაჩინებთ, რომ კლიმენტის ყოვლად კეთილპატიოსანი ლავრის წევრებმა წარმოადგინონ ხსენებული ოქრობეჭედი, უფრო კი ეს ოქრობეჭედი კლიმენტის ლავრისა და ჩვენეული ლავრის ძმათა მიერ გაიგზავნოს იმათ მიმართ, რომლებსაც დასაბუთებულად სურთ მისი ნახვა, ხოლო შემდეგ კვლავ უკან მიიღონ იგი კლიმენტის ლავრის ძმებმა საკუთარ მონასტერში.

ეს დაიწერა და წაკითულ იქნა ჩემსა და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ძმათა წინაშე, რომლებმაც საკუთარი ხელით აღვნიშნეთ ქვემოთ ჩვენი ნება, მოწონება და თანხმობა, და ყოვლითურთ კმაყოფილმა წინა-განვაწესე და ქვე-განვაწესე, საკუთარი ხელით, პატიოსანი ჯვრები და ჩემი სახელი, ქვემოდაწესებულ ღირსსარწმუნო მოწმეთა თანდაწრებოთ, რომლებიც თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურებენ ამას.

ხოლო დაიწერა წინამდებარე ბოძების (სიგელი) იოანე მონაზონის ხელით დეკემბრის თვეში მეცამეტე ინდიქტიონისა.

ათანასემ, მონაზონმა და ლავრის წინამძღვარმა წავიკითხე მთელი ტექსტი და ყოვლითურთ კმაყოფილმა წინა-განვაწესე და ქვე-განვაწესე, საკუთარი ხელით, პატიოსანი ჯვარი და სახელი ჩემი.

ანტონი მონაზონმა, მოვიწონე რა და დავეთანხმე წინამდებარე წრფელ ბოძების (სიგელს), საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

დიონისე მონაზონმა, მოვიწონე რა და დავეთანხმე წინამდებარე წრფელ ბოძების (სიგელს), საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

ეფრემ მონაზონმა და ხუცესმა

ევსტათი მონაზონმა და ხუცესმა

თეოფანე მონაზონმა და ხუცესმა

თომა მონაზონმა და დიაკონმა

კოზმა მონაზონმა და დიაკონმა

პაფნუტი მონაზონმა და დიაკონმა

პავლე მონაზონმა

ამბროსი მონაზონმა

იოანე მონაზონმა

თეოკტისტე მონაზონმა

არსენ მონაზონი და იკონომოსქმნილი დავესწარი წინამდებარე ბოძების (სიგელს) და, დავამოწმე რა, საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

ფილადელფოს მონაზონი და ხუცესი დავესწარი წინამდებარე წრფელ ბოძების (სიგელს) და, დავამოწმე რა, საკუთარი ხელით მოვაწერე ქვეშ.

კირილე მონაზონი და იღუმენი დავესწარი

ტიმოთე მონაზონი დავესწარი

მე, იოანე მონაზონი მოწმე ვარ (ლათინურად: Ego Johannes monachus teatis sum).

არისტობულე მონაზონი დავესწარი

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
ჟურნალო ”ემაოსი”, №1(4), 2005 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2011 00:17)