Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

* * *

ქართული გალობა უნიკალურია, მას ცოცხალ ღვთისმსახურებასთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ამაღლებული ადგილი უკავია, რაც არც ერთ მუსიკას არ შეუძლია.

სვეტიცხოვლის ტაძრის მგალობელი, ეროვნებით გერმანელი, იულიანე რაბიუსი

* * *

- თქვენ ახსენეთ „მართლმადიდებლობის მრავალფეროვნება და მისი მრავალსახოვნება“, რომელმაც სიხარული განგაცდევინათ, სამწუხაროდ, ეკლესიაში გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიისთვის დამახასიათებელი ტრადიცია ღირებული არაა და უნდა მოხდეს ყველაფრის უნიფიცირება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება საეკლესიო გალობას, ანუ მრავალხმიან უძველეს ქართულ გალობას?

მიტროპოლიტი ანთიმოზი - ერთფეროვნება დასავლეთის ეკლესიისთვის არის დამახასიათებელი. ყოველი ადგილობრივი ტრადიცია კიდევ უფრო ამდიდრებს მართლმადიდებლობას. ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და შევინარჩუნოთ იგი, ვინაიდან მასში მჟღავნდება ერის ღრმა რწმენა, მისი რელიგიური გრძნობებიცა და ხასიათიც. სხვადასხვა ეკლესიებში თქვენ ნახავთ სხვადასხვა სტილს, იქნება ხატწერაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, შესამოსელში. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა, მთავარი და ძირითადი კი უცვლელი რჩება. საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ ერთი ადგილობრივი ეკლესია პატივს სცემს მეორე ადგილობრივ ეკლესიაში დამკვიდრებულ ტრადიციებს.

მართლმადიდებელი ეკლესია ყურადღებას აქცევს სულიერი ძვრებს, ევქარისტიას, დოგმებს, ხოლო გარეგნული მხარე ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად საეკლესიო მუსიკას, ჩვენ ბიზანტიური მუსიკის ძალიან ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს, მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ, შემოეტანათ რაღაც დასავლური მომენტები საეკლესიო მუსიკაში, მაგრამ ხალხმა მხარი არ დაუჭირა მათ და საბოლოოდ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ის, რაც ეკლესიაში ტრადიციულია უნდა შენარჩუნდეს. თქვენი პოლიფონიით აღტაცებული ვარ. ამ მუსიკით ქართველი ხალხი უახლოვდება ღმერთს. თქვენ ვალდებული ხართ მსხვერპლის ფასადაც კი დაიცვათ იგი.

რეთინასა და ავროპოტამოს მიტროპოლიტ ანთიმოზთან ინტერვიუდან

* * *

- გარდა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლებისა, თქვენ მუსიკალური განათლებაც გაქვთ. ჩვენთან დიდი დაპირისპირებაა ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე. ეს ეხება საეკლესიო გალობას. არსებობს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, თითქოსდა, ერთხმიანი გალობა ეკლესიური გალობის ერთადერთი კანონიკური ფორმაა. ისინი უარს ამბობენ უძველეს ქართულ გალობაზე, რომელიც პოლიფონიურია.

- ძალიან დიდი შეცდომაა ამა თუ იმ ხალხის, ერის ტრადიციის უგულებელყოფა. ხალხისაგან გამიჯვნა ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეს ეხება ნებისმიერ საკითხს, რომელსაც არა აქვს დოგმატური მნიშვნელობა, რადგან დოგმატიკა სულის ხსნასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეკლესიის წმიდა მამები ამბობენ, რომ ეკლესიაში უნდა ვიგალობოთ ჩვენი ხმით, ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე. საერთოდ, მართლმადიდებელ ეკლესიებში ორგვარი ფონეტიკური სისტემა არსებობს: ერთი არის ერთხმიანი, რომელიც, ტრადიციისამებრ, საბერძნეთში გამოიყენება, და მეორე - პოლიფონია, რომელიც საქართველოსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშია დამკვიდრებული. მაგალითად შეგვიძლია მოგიყვანოთ: ზოგს გრძელი თმა აქვს, ზოგს მოკლე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთს მეტი რწმენა აქვს, ვიდრე მეორეს. ორივე შემთხვევაში ეს არის ფონეტიკური მუსიკა, სადაც არ გამოიყენება ინსტრუმენტი, ამდენად, ორივე მისაღებია. ეს ტრადიციაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სისტემას აღიარებს ეკლესია. ამდენად, მცდარია თვალსაზრისი, რომ ერთმა უნდა იარსებობს და მეორემ არა. ორივეს აქვს არსებობის უფლება.

ძალიან ცუდია, როცა ამ ტიპის საკითხი საზოგადოებაში დაპირისპირების, გათიშვის საგანი ხდება. ეს არის მცდარი და დამღუპველი. ამავე დროს, ეს არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ნებისმიერ მორწმუნეს, ნებისმიერ სასულიერო პირს ან ერთ ეპისკოპოსს შეუძლია. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წმიდა სინოდმა ერთობლივი შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს.

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურთან უნეტარეს ქრისტოდულოსთან ინტერვიუდან

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ www.orthodoxy.ge-დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:07)