Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ბოლო წლებია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ერთი ჯგუფი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი გალობა. ეს გახლავთ თანამედროვე ბერძნულ ერთხმიან სამგალობლო მელოდიებზე დადებული ქართული ლოცვითი ტექსტი. ამ გალობას სიახლის შემომტანები კანონიკურს უწოდებენ. შესაბამისად არაკანონიკურად ცხადდება ტრადიციული სამხმიანი ქართული გალობა, რომლის მიმართაც ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე უფრო მკვეთრი ეპითეტებიც გამოიყენებოდა. ნებსით თუ უნებლიედ ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ პატრიარქი არ არის ამ ახალი გალობის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი ამ ექსპერიმენტის დაწყებისთანავე და ამჟამადაც პატრიარქის პოზიცია სრულიად მკაფიო იყო. თვითნებურ ექსპერიმენტად შეაფასა ეს ყოველივე წმიდა სინოდმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი გამოხატა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამაც. გალობის საკითხთან დაკავშირებით ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა საგანგებო კონფერენცია, რომლის მასალებიც გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ეკლეკტური გალობის მომხრეთა დარწმუნება ვერ მოხერხდა. ისინი განაგრძობენ ახალი გალობის შესწავლას, ზოგიერთ ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება ახალი გალობის თანხლებით, გამოიცემა აუდიო კასეტები, კრებულები, გაზეთები და ა. შ. ცოტა ხნის წინ მათი თხოვნით საბერძნეთიდან ჩამივიდა მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისი, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მოიწვია. ობიექტური სურათის აღსადგენად გადავწყვიტეთ, გამოგვექვეყნებინა როგორც ამ ვიზიტის მასალები, ისე აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც.


1998 წლის 17 ივლისს საპატრიარქოში ჩატარდა შეხვედრა ეკლექტურ („ბიზანტიურ“) გალობასთან დაკავშირებით რომელზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქისა და მუსიკათმცოდნეების პოზიცია აღნიშნულ გალობასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამ შეხვედრის ნაწილს, რომელშიც ჩანს უწმიდესისა და უნეტარესის პოზიცია

უწმიდესი და უნეტარესი ილია II: -იცით, ეს რას მაგონებს? ქართველები რომ აფხაზად ეწერებიან, ქართველები რომ სომხად ეწერებიან, იმას ჰგავს. თქვენ რა, არ მოგწონთ ქართული გალობა, არ ვარგა თუ რა? მსოფლიო თაყვანს სცემს ქართულ გალობას, ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში, მე მესმის, საერთოდ, მუსიკალური ადამიანი ვარ, ვგალობდი გუნდში, როცა ვიყავი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი, აი, ჩემზე ამბობდნენ, რომ მას აქვსო იდეალური სმენა, ასე რომ, ჩემზე არ შეიძლება ითქვას, რომ მე გალობა არ მესმის საერთოდ. რა თქმა უნდა, თქვენ სპეციალისტები ბრძანდებით და იმდენი არ მესმის, რაც თქვენ გესმით, მაგრამ მე რაღაცა მაინც გამეგება და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, შეცდომის გზაა. მე ძალიან დიდ პატივს ვცევ ბიზანტიასა და მის კულტურას, ბიზანტიის გალობას საერთოდ. მე არაერთხელ მომისმენია ნამდვილი ბიზანტიური საგალობლები და მე ძალიან ბევრი ჩანაწერიც მაქვს ბიზანტიური. მაგრამ ამას ქართული სიტყვები კი არ უნდა, ამას უნდა ბერძნული სიტყვები. თუ ჩვენ გვინდა ბიზანტიური გალობა, იმას უნდა დავურთოთ ბერძნული სიტყვები. ეს იმას ჰგავს, რომელიმე მომღერალი სხვაზე რომ პაროდიებს აკეთებს. ეს არ არის სწორი გზა. მე ძალიან მომწონს ის, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ბიზანტიური გალობით, და რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ამისი სურვილი, უნდა შეისწავლოთ კიდეც, მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ ნამდვილი ბიზანტიური გალობა ბერძნული სიტყვებით, როცა ჩვენ გვეყოლება ბერძენი მაღალი სტუმარი ან პატრიარქი რომ მან გაიგონოს ბიზანტიური საგალობელი, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში, ქართულ ეკლესიაში რომ ჩვენ ასე ვიგალობოთ, ეს არის უკან წასვლა, დახევა კი არ არის, უკან წასვლაა. აი, კონკურსი იყო გამოცხადებული საბერძნეთში და ჩვენი მგალობლებიც იყვნენ, სომხეთიდან იყვნენ, კიდევ სხვა ქვეყნებიდან. ქართული გუნდიცა და გალობაც ჩაითვალა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გალობა მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხყოფა ქართული გალობისა და ქართული ტრადიციებისა, მამებისა და ჩვენი წარსულისა. აქ სპეციალისტები ბრძანდებიან და მე ვიცი, რომ უძველესი საუკუნეებიდან პოლიფონიური საგალობლები იყო, ახლა ზოგი ასე ფიქრობს, რომ აქებდით უფალსა ერთითა ხმითაო. მგონი, ფსალმუნშია ასე. საქმე ის არის, რომ ბიზანტიურშიც არ არის ერთი, არის ბანი და არის წამყვანი.

ჩვენ არ უნდა დავჩაგროთ ჩვენი ეროვნული კულტურა და არ უნდა დავამციროთ იგი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომელი კულტურა უფრო მაღალია და დიდია, ქართული თუ ბიზანტიური, და არც შეიძლება ასე. საერთოდ, კულტურათა ასეთი დაპირისპირება არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველი კულტურა დიდია და ძალიან მნიშვნელოვანი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ერისთვის რომელმაც შექმნა ეს კულტურა.

მამა ზურაბ ანთაძე: -თქვენო უწმიდესობავ, შეიძლება, მეც ვთქვა? ე.ი. ჩვენ ჩავატარეთ თეორიული მოკვლევა ორი მიმართულებით - საეკლესიო კანონიკის მიმართულებით და მეორე, საეკლესიო გალობის კვლევის მიმართულებით. ჯერ არ დასრულებულა, კიდევ რაღაც წყაროები გვინდა ვნახოთ, ვიპოვოთ და წარმოგიდგენთ ამ მოპოვებულს, გაცნობებთ. მხოლოდ ორი რამ მინდა კანონიკიდან და ისტორიიდან გითხრათ. როგორც ისტორია ამბობს, რომ სრული სახე საეკლესიო კანონიკურ გალობას მისცა იოანე დამასკელმა, შექმნა 8 ხმა, რომელიც მანამდეც არსებობდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ოთხი ხმა დაწერა მეფე დავით წინასწარმეტყველმა, ფსალმუნების დამწერელმა. ეს იყო ძველი აღთქმის საკადრი გალობა, ანტიფონური გალობა, რომელიც მერე გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში, შეივსო უკვე ახალი აღთქმის ღვთისმეტყტველებით, ახალი აღთქმის საგალობლებით და საბოლოო სახე მისცა იოანე დამასკელმა. ეს ერთი. მეორე, ისტორიული კვლევა, რომ დღევანდელი რომ ავიღოთ, ბერძნული საერო სიმღერები ხალხის, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბერძნულ საეკლესიო გალობას. სულ სხვაა. იმის ძირი არის პალესტინა, არაბული და უფრო ებრაული ინტონაციები. ასე რომ, იმის თქმა, თითქოს ეს ბერძნულია, აბსოლუტურად არ არის ბერძნული. იმიტომ, რომ სრულიად ეწინააღმდეგება ბერძნულს. ეს არის ძველი სატაძრო გალობა, რომელიც იგალობებოდა ძველ ეკლესიებში. როგორც მკვლევარები ამბობენ, ისევ ისტორიულად, რომ საქართველოში XI საუკუნემდე არის სხვა აზრი, მაგრამ მალხაზიმ ერთერთი დამადასტურებელი ჩემი სიტყვების უკვე მოიყვანა, რომ XI საუკუნეში დაიწყო შეცვლა. და მანამდე საქართველოში იყო ძველი საეკლესიო გალობა, რომელიც სრულიად ემყარებოდა დამასკელის 8 ხმას, იგივე მელოდიები იყო, იგივე წესი და კანონი. და ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, რომ XI საუკუნის შემდეგ ქართულმა ეროვნულმა გალობამ დაიჭირა ადგილი ეკლესიაში. გრიგორი ღვთისმეტყველი აღწერს, რომ საბერძნეთის ეკლესიაში, მცირე აზიისა და სხვა ეკლესიაში პირდაპირ მიდიოდა ბრძოლა, რომ ბერძნული ხალხური მელოდიები შედიოდა ეკლესიაში. ამას პირდაპირ ებრძოდნენ, რომ დარჩენილიყო ის ძველი კანონიკური გალობა ეკლესიებში. ასე თუ ისე, საბერძნეთში საეკლესიო დატოვეს საეკლესიოდ, საერო კი - საეროდ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო და, შეძლება, კვლევა სხვანაირი ფორმით წავიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველი ქართული საეკლესიო გალობა, რომელიც აუცილებლად იყო, თუნდაც იგივე მელოდიები, როგორიც ჰქონდა იოანე დამასკელს შედგენილი, ის ძველი ქართული გალობა, საეკლესიო კულტურა აღვადგინოთ. ყველგან საეკლესიო გალობა ერთია, ხალხური სიმღერები - სხვაა. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გვინდა დავაკნინოთ ქართული ხალხური შემოქმედების უდიდესი მონაპოვარი - სამხმოვანება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ვისაც უნდა, რომ იგალობოს სამხმიანი, ასეა, მაგრამ ვისაც უნდა მოიძიოს ძველი, კანონიკური, ამას ხელი არ უნდა შეეშალოს.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე არ გეთანხმები, მამაო ზურაბ, ე.ი. ასე გამოდის, რომ ის, რასაც თქვენ ამბობთ, ის კანონიკურია და ეს კი არაა კანონიკური. ეს არის უდიდესი შეცდომა და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. არ შეიძლება, ის ჩავთვალოთ ჩვენ კანონიკურად და ეს არაკანონიკურად. ე.ი. მთელი ჩვენი წინაპრები რასაც გალობდნენ, არაკანონიკური იყო? ეს ერთი, მეორე, მანდ არის, მამაო ზურაბ, კიდევ, (მაცალეთ ცოტა ხანს) საქართველოს ეკლესიამ თავისი ავტოკეფალია V საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამისათვის იგი თითქმის XX საუკუნემდე იბრძოდა. თქვენ გახსოვთ როცა, გიორგი მთაწმიდელი გამოძახებული იყო ანტიოქიის პატრიარქთან, თეოდოსისთან, კამათი ჰქონდა, ე.ი. მის დროსაც კი გვედავებოდნენ ჩევნ ავტოკეფალიას. რა თქმა უნდა, V საუკუნეში საქართველომ მიიღო ავტოკეფალია, ბერძნული გავლენა, რა თქმა უნდა, იყო კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აი, მე გეტყვით თქვენ: ამერიკის ეკლესია, მგონი, 20 წელი მაინც ავტოკეფალურია, და მთელი საგალობლები რუსული აქვს. დედა ეკლესიიდან გადავიდა, როგორც გალობდა რუსული ეკლესია, აიღეს და სიტყვები მიუსადაგეს და გალობენ რუსულ საგალობლებს. აი, ეს პროცესი იყო სწორედ, ის კი არ იყო, რომ ის კანონიკური იყო და მრავალხმოვანი არ იყო კანონიკური.

მამა ზურაბ ანთაძე: - თქვენო უწმიდესობავ, თუ თქვენ გვაკურთხებთ, რომ მორჩით, გავჩერდებით, თუ თქვენ გვაკურთხებთ, გააგრძელეთ, ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენი თხოვნაა, რომ მოგვცეთ უფლება.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე ერთ რამეს გეტყვით. ნამდვილი ბიზანტიური გალობა შეისწავლეთ და როცა სტუმრები ჩამოგვივა, მოგიწვევთ და...

მამა ზურაბ ანთაძე: - როგორც გვაკურთხებთ, მაგრამ საერთოდ გვგონია, რომ ეს არის ნამდვილი ბიზანტიური. ესე იგი გავჩერდეთ?

უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - დიახ, გაჩერდით.

P.S. ამ შეხვედრის აუდიო ჩანაწერი არსებობს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7, 2003 წ.

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ www.orthodoxy.ge-დან

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 19:08)