Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იაკობ გოგებაშვილი, ყველა ქართველისთვის ახლობელი სახელი, იშვიათი პატივითაა შემკობილი. მისმა მთავარმა ნაშრომმა, ”დედაენამ”, დროის გამოცდას მეტნაკლებად გაუძლო და დღესაც რჩება ღირსეულ ძეგლად. მეტიც, ეს ძეგლი, მცირედით რედაქტირებული, ხელმეორედ იმკვიდრებს ადგილს ქართულ სკოლებში.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც გვიწევს აუცილებელი და მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს მოღვაწის საერო სახელგანთქმულობა, თუ ამ სახელგანთქმულობას წინ არ უძღვის და ყოვლითურთ არ მსჭვალავს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო ცხოვრების წესი, იგივე ცხონების წესი, რაც, გავიმეორებთ, ასე ფორმულირდება:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად და უმთავრესად, ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობისა, დოგმატური უცთომელობისა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადებისა.

როგორც აკაკი წერეთელთან დაკავშირებით, ამჯერადაც მკაფიოდ მივუთითებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ნამდვილი დამფასებლები და სულიერი მეგობრები ისინი არიან, რომლებიც არ ხელმძღვანელობენ კაცობრივი განსჯებით, ზრუნავენ ხსენებული მოღვაწის სულზე და წმინდანად კანონიზებას, საზოგადოდ, აღიქვამენ არა ამქვეყნიურ მოვლენად (რომ, ვთქვათ, მავანი ისურვებს, შესაფერის აქტიურობასაც გამოიჩენს და, თუ კარგად გაირჯება, ”მიაღწევს” მისთვის სასურველი პირის ”კანონიზებას”), არამედ საღვთო ყოვლადსამართლიანი გულმოწყალების გამოვლინებად, ზეციური ნების აღსრულებად, უდიდეს საკვირველებად, რაც, განგებულებისამებრ, ამასოფელსაც გაეცხადება (რომ ახალი წმინდანის სახით შევიძინოთ კიდევ ერთი დიდი მეოხი ღვთის წინაშე და ახოვანი მეწინამძღვრე ჩვენს სულიერ მორკინალობაში).

თუ რამ საღვთო ნიშანი არ მიგვიღია და, ამისდა მიუხედავად, მაინც დაისმის საკითხი მოღვაწის წმინდანად კანონიზებისა, ისღა დაგვრჩენია, თუნდაც კაცობრივი ძალისხმევით, გამოვიძიოთ კანონიზებადის აღმსარებლობის სიწმინდე, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ მის მიერ გამოთქმული შეხედულებების თანაშეზომადობა უცვალებელ დოგმატიკასთან (რადგან, საეკლესიო სწავლებით, სხვაგვარმადიდებელი ვერასოდეს დამკვიდრდება ცათა შინა სუფევაში) და, რაც აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართველი ერის საეკლესიო წარსულის, მაცხოვნებელ რწმენაში საქართველოს წმინდანთა ღვთივმიმადლებული გაბრწყინებულობის შემეცნება-აღქმის ხარისხი ხსენებული პირის მოღვაწეობაში.

აღნიშნული თვალსაწიერიდან იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციების შესწავლა, ვფიქრობთ, ამომწურავ მასალას გვაწვდის ხსენებული მოღვაწის მსოფლმხედველობრივი პოზიციის ადეკვატური შეფასებისთვის. აღვნიშნავთ, ამასთან, რომ ჩვენს წინაშე ამჯერად არ იკვეთება აუცილებლობა იაკობ გოგებაშვილის საკუთრივ ფილოსოფიურ-თეოლოგიური განსჯების ანალიზისა ორი მიზეზის გამო: (I) ამგვარი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი მსჯელობა-განხილვები მის ნაწერებში მინიმალურია; (II) მკვეთრად გამოხატული, სრულიად არაორაზროვანი შემფასებლობითი გამონათქვამების კვალობაზე, ფილოსოფიურ-თეოლოგიურ განსჯათა გარეშეც, ზედმიწევნით დგინდება ის, რაც ამ ეტაპზე უმთავრესია ჩვენთვის, კერძოდ: იაკობ გოგებაშვილის დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი.

კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამის გარკვევას ვესწრაფვით არა განყენებულად, არა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის ზოგადი შესწავლის კუთხით (ამ სახის გამოკვლევები ხსენებული მოღვაწის შესახებ, რა თქმა უნდა, არსებობს და კვლავაც დაიწერება), არამედ - მხოლოდ მისი წმინდანად კანონიზების პერსპექტივაში. არავის აქვს უფლება (ცხადია, არც ჩვენ), ”მკსინვარედ” განაკანონოს ვინმე იმის გამო, რომ მას შესაძლოა თავისი აზრი ჰქონდეს (თუნდაც კატეგორიული) ეკლესიის, სარწმუნოების, ერის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ასეთ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები არაიშვიათად გამოუთქვამთ არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ სხვა სარწმუნოების აღმსარებლებსაც, ისევე როგორც ზოგადად სარწმუნოების უარმყოფელ ათეისტებს. ყოველი არააგრესიული აზრის, მოსაზრების ყურადღებით მოსმენა უნდა დავითმინოთ და, წმ. გრიგოლ ხანცთელისადმი თქმულისა არ იყოს, თუ რამ იმგვარს ვპოვებთ, რაც მისაღებია, მივიღოთ, ”ჯირკუალი” კი განვაგდოთ. ესაა ზოგადი ხედვა. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად კანონიზების ლიტურგიკულ საკითხს, ცხადია, გარდაუვალად აუცილებელია იმის გარკვევა, თუ როგორი იყო კანონიზებადი პირის დამოკიდებულება საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა თვით იმ პიროვნებისთვისვე არ იქნება შეურაცხმყოფელი, ძალადობრივად ”შეირაცხოს” იმ ეკლესიის წმინდანად, რომლისადმი მისი დამოკიდებულებაც, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული იყო?

უპირობოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, პირველ რიგში, ხსენებული ეკლესიის უცთომელობასა და საღვთო მადლმოსილებას უნდა ცნობდეს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდეს მის უწმინდეს ისტორიას, მთელი შეგნებით აღიარებდეს ხსენებული ეკლესიის განმაღმრთობელ-გამომხსნელობით ღვაწლს ქართველი ერის სულიერი ფერისცვალების ანუ ცხონების საქმეში და თაყვანს სცემდეს მის წიაღში გაბრწყინებულ სულიერ მნათობებს.

ეკლესიასთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილის მიერ გამოთქმული მყარი თვალსაზრისებიდან გამოიყოფა ხუთი უმთავრესი მომენტი:

(I) - ხსენებული მოღვაწე ფაქტობრივად უარყოფს საქართველოს ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობას, მიიჩნევს მას მხოლოდ IV ს-ში წარმოშობილად.

(II) - იაკობ გოგებაშვილისთვის სრულიად უცხოა ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცნება, იგი საქართველოს ეკლესიას ყველგან, ყველა შემთხვევაში განიხილავს მხოლოდ როგორც ეროვნულ დაწესებულებას, რომელსაც, ავტორის რწმენით, IV ს-იდანვე ირგვლივ შემოსჯარვია მისდამი უაღრესად მტრულად განწყობილი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც მისი ეროვნულობის აღმოფხვრის მოწადინე ”უცხო, გარეგანი ძალები”.

(III) - ავტორს სწამს, აგრეთვე, სხვადასხვა აღმსარებლობათა სრული განურჩევლობა. მისთვის, კერძოდ, სომხური მონოფიზიტური სარწმუნოებაც ”მაღალი” და ”წმინდაა”.

(IV) - ქართველი ერისთვის, მთელი მისი ისტოირის მანძილზე, იაკობ გოგებაშვილის ურყევი აზრით, ქრისტიანობა მხოლოდ გარეგან აღმსარებლობად დარჩენილა, ოდნავადაც ვერ შეუღწევია მის სულში, ქართველებს რეალურად არასოდეს ჰქონიათ წმინდა წერილი.

(V) - იაკობ გოგებაშვილი არაერთგზის დაბეჯითებით მიუთითებს, რომ ეკლესიის მომავალი მის დემოკრატიზაციაშია, რაც ჯერ არჩევითი სისტემის დანერგვას გულისხმობს, საბოლოოდ კი - ”იდეალურს თავისუფლების სინდისისას”.

აღნიშნული ძირითადი პუნქტები შეიცავს ქვე-პუნქტებსაც, რომლებსაც, ვითარების სრული გარკვეულობიდან გამომდინარე, მხოლოდ გაკვრით შევეხებით. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ზემორე პუნქტები გვირგვინდება მეშვიდე პუნქტით, რაც გულისხმობს იაკობ გოგებაშვილის სრულიად მკაფიო დებულებას კონკრეტულად მართლმადიდებლობის შესახებ და რაც შესაბამის ადგილას იქნება სრულად ციტირებული.

დავიწყოთ პირველით, საქართველოს ეკლესიის (ავტორის თქმით: ”ქართული ეკლესიის” ან ”ეროვნული ეკლესიის”) დაარსების შესახებ უწყებით. იაკობ გოგებაშვილი მიუთითებს:

”ქართულმა ეკლესიამ, რომელიც წარმოიშვა მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ქართველების მიერ მოციქულთასწორი ნინოსგან ქრისტიანობის მიღებისას, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე განვლო სამი მთავარი პერიოდი: ანტიოქიური, ნაციონალური და რუსული” (იაკობ გოგებაშვილი, ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 89).

კიდევ:

”აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო” (მთავარნი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 343).

ახლა ვნახოთ, რა იგულისხმება იმ სამ პერიოდში, იაკობ გოგებაშვილი რომ გამოყოფს.

პირველი პერიოდი ანუ ანტიოქიური, მისივე თქმით, სათავეს იღებს წმინდა ნინოს მოღვაწეობიდან. ჩვენ არ შევჩერდებით იმის განხილვაზე, თუ რას ნიშნავს ქართველი ქრისტიანისთვის საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის უძველესი და უწმინდესი ჟამი, თუმცა იაკობ გოგებაშვილი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესია ამ დროს ანტიოქიის ეკლესიის მეტოქიონს წარმოადგენდა და არის რა ამ მოვლენით გულის სიღრმემდე აღშფოთებული, IV-V სს-ის ეპოქის საქართველოს ეკლესიას უკიდურესად უარყოფითი ტერმინებით ახასიათებს, უწოდებს რა მას ”ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკურს”. მოვუსმინოთ:

”პირველი - ანტიოქიური პერიოდი გრძელდებოდა [ას] წელიწადზე მეტს და ატარებდა წმინდა ბიუროკრატიულ, ჩინოვნიკურ ხასიათს. ქართული ეკლესიის მეთაური ინიშნებოდა გარეგანი ძალის, უცხო ხელისუფალის, ანტიოქიის პატრიარქის მიერ. ინიშნებოდა არა ქართველთაგან, არამედ ბერძენთაგან, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ქართულ მრევლთან. ეს გრძელდებოდა V საუკუნემდე” (იაკობ გოგებაშვილი, ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 89-90).

ხსენებულ ”ანტიოქიის პატრიარქში”, უპირველესად, ცხადია იგულისხმება უდიდესი წმინდანი, საქართველოს ეკლესიის პირველმაკურთხეველი, წმ. ევსტათი ანტიოქიელი, რომლის შესახებაც წმ. არსენ იყალთოელი აღნიშნავს:

”ხოლო მჴურვალემან მან ტრფიალმან ღმრთის მსახურებისამან კოსტანტინე... მიუვლინა მათ (ქართველებს, ე.ჭ.) ევსტათი ანტიოქიელ პატრიაქი ფრიადითა პატივითა, კაცი სარწმუნოჲ და სიბრძნითა და ცხორებითა განშუენებული, რომელი ნათლითა მართლმადიდებლობისაჲთა ყოველსა სოფელსა ჰნათობდა,... ესე ფრიადითა ძღუნითა განმდიდრებული მასწავლელად სჯულისა და წესთა და მოძღურებად ღმრთისმეცნიერებისა მეფისა მიმართ ქართველთაჲსა მოივლინა. და ვითარცა შემოვიდა წმიდაჲ იგი პატრიაქი სანახებსა ქართლისასა, და თანა აქუნდეს ძელი ცხორებისაჲ და ხატი მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, მოეგება მეფე და მთავარნი მისნი და ყოველი სიმრავლე ქალაქისაჲ და ჯეროვნითა პატივითა დიდითა აღიყვანეს პალატად და მიიღეს კურთხევაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ერმან. ხოლო პატრიაქმან უბრძანა წინაგანმზადებად ნათლისღებისათჳს. მოვიდა ღირსი ნინოცა და მიიღო კურთხევაჲ პატრიაქისაგან და მანცა ითხოა ლოცვაჲ ჯეროვანი სიმდაბლით და ქადაგად და მოციქულად და სანატრელად უწოდა და მისცა წიგნი ელენე დედოფლისაჲ, მოწერილი ნეტარსა ნინოს თანა ყოვლადშუენიერი და შემკული და ბრწყინვალე, ქებათა და შესხმათა მიერ მახარებელად და მოციქულად წოდებითა, და ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ და ხატი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაჲ, რომელნიცა წარმოეგზავნნეს დედოფალსა ელენეს ღირსისა ნინოჲსსა. ამის შემდგომად განჰმზადეს სანათლოჲ და ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით, და ყოველთა მთავართა მათთა და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა ჴელითა პატრიაქისაჲთა და შემდგომითი-შემდგომად ნათელს-იღებდეს ურიცხუნი სიმრავლენი წარმართთანი. ესე რაჲ იქმნა ამისა შემდგომად აკურთხნა ეკლესიანი იგი მათ მიერ აღშენებულნი და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაჲ და დაასხნა ჴელნი ღირსსა იოანეს მთავარეპისკოპოსად საყდარსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, და უკურთხნა მღდელნი და დიაკონნი, და მიუთხრნა მეფესა და ერსა განგრძნობილად სწავლანი საღმრთონი. და განიხარა მეფემან და ყოველმან სავსებამან მორწმუნეთა ერისამან და ჰმადლობდეს ღმერთსა” (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III, თბ. 1971, გვ. 36-37).

აი, ეს პიროვნება იწოდება იაკობ გოგებაშვილის მიერ ”წმინდა ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური” ეკლესიის წარმომადგენლად, ”გარეგან ძალად”, ”უცხო ხელისუფლად”.

მაგრამ რა ხდება შემდეგში, მეხუთე საუკუნიდან?

იაკობ გოგებაშვილი განგვიმარტავს:

”ამ საუკუნეში ენერგიული ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლანის დროს, ქართლის ეკლესია ღებულობს ავტონომიას, ხოლო მისი ეპისკოპოსი - კათალიკოსის ტიტულს, მაგრამ ეს იყო ბიუროკრატიული, ჩინოვნიკური ავტონომია, რადგან ანტიოქიის პატრიარქმა დაიტოვა უფლება - თვითონვე შეერჩია და დაენიშნა კათალიკოსი, ხოლო კათალიკოსად მუდამ ბერძენი ინიშნებოდა. ამ ჩინოვნიკმა კათოლიკოსმა გაძლო ასი წელიწადი, მიუხედავად ქართველების ყველა ღონისძიებისა - მიეცათ მისთვის ცოცხალი, ნაციონალური ხასიათი” (იქვე, გვ. 89).

ავტორისთვის გარკვეული გამოცოცხლება საქართველოს ეკლესიაში შეიმჩნევა მხოლოდ VI ს-იდან, მისი თქმით, ადარნასე მეფის დროიდან:

”მხოლოდ მეექვსე საუკუნეში, მეფე ადარნასეს დროს, ქართულმა ეკლესიამ პირველად შეძლო მოეპოვებინა უფლება იმისა, რომ სათავეში ჰყოლოდა კათოლიკოსი, საქართველოს ნამდვილი შვილი. მხოლოდ ამ მომენტიდან იცვლება ანტიოქიური პერიოდი ნაციონალურით, ჩინოვნიკურ-უწყებრივი - არჩევნობითობით” (დასახ. შრომა, გვ. 90).

ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ იაკობ გოგებაშვილთან პოლემიკაში შესვლას საქართველოს ეკლესიის ისტორიის ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, ხაზს გავუსვამთ მხოლოდ იმას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი არ შეიძლება აღნიშნული ეკლესიის უდიდეს და უმთავრეს მეტროპოლიათა (ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის) შესახებ საუბრობდეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი ტერმინებით. ავტორი, რომელიც გარკვეულწილად საზრდოობს ”ქართლის ცხოვრების” გვიანდელი აპოკრიფული ჩანართებით,[1] ისე გაშარჟებულად (თითქოსდა თვითმხილველურად) აგვიწერს ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის უწმინდეს ეკლესიათა და მათ იერარქთა ”უკეთურ საქმეებს” გაეროვნულების გზაზე მდგომი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ მკითხველს ხსენებულ ეკლესიათა მიმართ ექმნება უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება. მოვიტანთა საკმაოდ ვრცელ ციტატას:

”ქართული ეკლესიის უფლებები დამოუკიდებელი მმართველობის დარგში მოპოვებულ იქნა არა შუამდგომლობათა გზით ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, რომელიც მათ ჯიუტად უარყოფდა, არამედ, ასე ვთქვათ, ნახევრად რევოლუციური გზით. ... ანტიოქიის პატრიარქმა პროტესტი განაცხადა და მუქარა დაიწყო, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მას ურჩია, რომ დიდი უბედურების თავიდან აცილების მიზნით დაედასტუირებინა ავტონომია, რომელიც ფაქტიურად თვით ქართველებმა დაიწყეს. ანტიოქიის პატრიარქი იძულებული გახდა დათანხმებულიყო. იმავე პატრიარქს არაფრის გულისთვის არ უნდოდა ქართული ეკლესიისთვის მიეცა მირონის დამზადების ნება, მაგრამ პატრიარქის ჯიუტობის გამო მოთმინებიდან გამოსულმა ქართველებმა თვითნებურად დაიწყეს მირონის დამზადება, მაშინ პატრიარქი, რომელსაც არ პლასტუნები ჰყავდა და არც დრაგუნები, დათმობაზე წავიდა. მთელს ამ ბრძოლაში დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკური მატერიალიზმი, რომელსაც წმინდა მამები სიტყვებით ასე გააფთრებით უარყოფენ, მაგრამ საქმით არანაკლებ სწამთ, ვიდრე ცოდვილ ეკონომისტებს. საქმე ისაა, რომ ანტიოქიის პატრიარქს საქართველოში ჰქონდა ვრცელი მამულები, რომლებიც სხვადასხვა დროს მას შესწირეს ქართველმა მეფეებმა და დიდებულებმა. ამ მამულებს მართავდა ანტიოქიელი იღუმენი, რომელიც პატრიარქს ყოველწლიურად დიდძალს ფულს უგზავნიდა. ქართველებთან ყოველგვარი მძაფრი შეტაკებისას პატრიარქს ეშინოდა ამ მამულების კონფისკაციისა და ეს შიში აიძულებდა მას დაედასტურებინა ქართველი სამღვდელოებისა და ქართველი მრევლის მიერ ჩადენილი წმინდა რევოლუციური აქტები” (იაკობ გოგებაშვილი, ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 89-90).

მოტანილი ციტატიდან გამაოგნებელია შემდეგი: იაკობ გოგებაშვილმა, როგორც ვხედავთ, კარგად იცის, რომ მის მიერ ნაგულისხმევი ანტიოქიელ-კონსტანტინოპოლელი პატრიარქები აღნიშნული ეპოქისა (VII-IX სს-ისა) არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები (პირდაპირ ამბობს მათზე: ”წმინდა მამები”), მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი უყოყმანოდ განუკუთვნებს მათ სრულ ზნეობრივ დაცემულობას, რადგან უკლებლივ ყველა მათგანი სინამდვილეში თურმე, ზემორე ციტატის კვალობაზე, მხოლოდ ანგარებით, ვერცხლისმოყვარეობითი ვნებით ყოფილა დაბრმავებული ანუ, რაც იგივეა, ყოფილა ყოველგვარ სიწმინდესა და ზნეობას მოკლებული. შესაბამისად, ავტორისთვის ამ იერარქთა წმინდანობა მართლმადიდებელი ეკლესიის გამონაგონად ჩანს და არა უტყუარ ფაქტად (მართლაც, როგორ შეიძლება, რომ ანგარებიანი და ვერცხლისმოყვარე ადამიანი წმინდანი იყოს?). ასეთი უმძიმესი ბრალდებანი ხსენებულ მოღვაწეთა მიმართ, გასაგებია, ვრცელდება ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიაზე. მაგალითად, უაღრესად დამაფიქრებელია გამოთქმის განზოგადებული ფორმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა მიმართ:

”მთელს ამ ბრძოლაში დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკური მატერიალიზმი, რომელსაც წმინდა მამები სიტყვებით ასე გააფთრებით უარყოფენ, მაგრამ საქმით არანაკლებ სწამთ, ვიდრე ცოდვილ ეკონომისტებს”.

დავუბრუნდეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიას:

იაკობ გოგებაშვილის მტკიცებით, ”არჩევითობის სისტემის შემოღებამ” გააცოცხლა აქამდე მკვდარი ქართული ეკლესია:

”თუ რა მკვდარ ორგანიზმს წარმოადგენდა ქართული ეკლესია ჩინოვნიკური, ბიუროკრატიული პერიოდის მთელ მანძილზე და როგორ გაცოცხლდა ეს ორგანიზმი, როგორ აღივსო ძალითა და ენერგიით არჩევნობითი სისტემის შემოღებისას, ამას ქვემოთ დავინახავთ” (იქვე, გვ. 90).

მართალია, მითითებულია, რომ ”ქართული ეკლესიის გაცოცხლება” ”ქვემოთ” იქნებოდა ნაჩვენები, მაგრამ არც ამ სტატიაში და არც სხვაგან იაკობ გოგებაშვილი ამ მხარეს აღარ განავრცობს. მიუხედავად ამისა, დამოწმებული სიტყვებიც აბსოლუტურად ცხადად ადასტურებს, რომ, ავტორის სრული დარწმუნებულობით, წმინდა ნინოს მოღვაწეობიდან ვიდრე ”არჩევითობის სისტემის შემოღებამდე” ”ქართული ეკლესია” ყოფილა ”მკვდარი ორგანიზმი”, რომელიც სწორედ ”არჩევითობის სისტემის შემოღებას” (და არა ღვთის მადლს) გაუცოცხლებია.

ერთი აბზაცის შემდეგ, იაკობ გოგებაშვილი გადადის ”ქართული ეკლესიის ახალი ფაზის”, რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების განხილვაზე. სრულიად პირუთვნელად უნდა ითქვას, რომ XIX ს-ის ვითარების ანალიზის დროს იაკობ გოგებაშვილი წამოჭრის არაერთ პრობლემას, თვალსაჩინოს ხდის არაერთ უმძიმეს ხარვეზს აღნიშნული ეპოქისას, რაც მკითხველის სრულ თანაგრძნობას იწვევს (ეს თემა უთუოდ მონოგრაფიული კვლევის საგანია), თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ ყველაზე უფრო დამამწუხრებელმა ფაქტმაც კი არ უნდა დაგვაკარგინოს ობიექტურობის განცდა და არ უნდა მოგვდრიკოს საპირისპირო უკიდურესობისკენ, რაც, სამწუხაროდ, ხსენებული ეპოქის პრობლემებზე საუბრის დროსაც არაიშვიათად არის შესამჩნევი იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციებში. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ იმ ასპექტზე, რაც ცალკე პუნქტადაც აღვნიშნეთ ზემოთ და რაც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს მთავარ საკვლევს (ე.ი. იმას, თუ როგორია იაკობ გოგებაშვილის, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებადი პირის, დამოკიდებულება ხსენებული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, ამ ეკლესიის დოგმატური მოძღვრებისადმი). მოცემულ შემთხვევაში ვგულისხმობთ, კერძოდ, სხვა აღმსარებლობათა შეფასების საკითხს.

ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერესად ანუ მწვალებლობად რაცხს და უპირობოდ განკვეთს მისგან დოგმატურად განსხვავებულ უკლებლივ ყველა აღმსარებლობასა და სარწმუნოებას. ანათემირებულ აღმსარებლობათა შორისაა მონოფიზიტური ცრუსარწმუნოებაც, რასაც საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად იცავდა და იცავს სომხეთის ეკლესია. ჩვენ, ცხადია, არ ვგულისხმობთ იმას, რომ სომეხ მორწმუნეთა და მათ იერარქთა საქმიანობაში შეუძლებელი იყოს რაიმე ღირსეულის დანახვა, რაც კი ამქვეყნიურ, ყოფით მხარეებს შეეხება. მართლაც, დასაფასებელია მათი უწრფელესი სიყვარული საკუთარი ქვეყნისადმი, ერთიმეორის გატანის განსაკუთრებული თვისება, უაღრესი მოფრთხილება ეროვნული სიმდიდრეებისა და სხვა, მაგრამ ჭეშმარიტების (მართლმადიდებლური სარწმუნოების) გადასახედიდან, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყოველივე ეს სრულიად ფუჭია, რადგან სომხეთის ეკლესია მოკლებულია სულიერ სიცოცხლეს, განვრდომილია მართლმადიდებლობის მაცხოვნებელი წიაღიდან და, შესაბამისად, სარწმუნოებრივი ასპექტით, წარმოადგენს მხოლოდ მკვდარ სხეულს. ასეთ დროს სომეხ მორწმუნეთა თვალშეუდგამ სიმაღლეზე აყვანა, ვფიქრობთ, დიდი გადაჭარბებაა, ხოლო მათი ე.წ. ქრისტიანული აღმსარებლობის ”მაღალ სწავლად”, ”განათლებულ ღვთისმეტყველებად” და ”წმინდა დანიშნულებად” დასახვა, ამასთან მათი მღვდელთმთავრების წარმოჩენა ”საკუთარი ერის ნამდვილ მწყემსებად” (მაშინ როცა ისინი, პირიქით, წარწყმედისა და უფსკრულისკენ მიუძღვიან ერს) გვესახება მართლმადდიებელი ეკლესიის წინაშე დაშვებულ მიუტევებელ შეცდომად (რადგან კარდინალურად ეწინააღმდეგება მის განჩინებას სომხური სარწმუნოების შესახებ). აი, რამდენიმე ციტატა:

”აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენს მეზობლად არსებობს მეორე ადგილობრივი ეკლესია, ეკლესია სომეხთა. მას პატრონობს ღვიძლი მამა, არჩეული სომხის ხალხის მიერ და ნახეთ, რა სწრაფად, რა ადვილად მიანიჭა მას თავისს სამწყსოს ის საუნჯე, რისთვისაც ამაოდ იბრძვიან დღემდის საქართველოს შვილნი (იგულისხმება ეპისკოპოსთა არჩევა ხალხის მიერ, ე.ჭ.)... აი, ღირსეული და მისაბაძავი საქციელი... არჩევნები საუკეთესო სკოლაა ერის გამოღვიძებისათვის... საარჩევნო უფლება ეკლესიის სფეროში სომხობას მიანიჭებს მეტს სიფხიზლეს, მეტ გამჭრიახობას, მეტს მზრუნველობას საერთო ინტერესებისათვის და გადაიქცევა მშვენიერ მოსამზადებელ სკოლად საპოლიტიკო არჩევნებისათვის, რომელთაც ეხლა უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა დროთა ბრუნვამ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკანასკნელს მოსაზრებას დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა კონდაკის (აქ: ბრძანებულების, ე.ჭ.) გამოცემაზე სომეხთა კათალიკოსის მიერ” (დღევანდელი მომენტი ქართველთა და სომეხთა ეკლესიისა, გვ. 112-113).

”ამ გზასავე (განათლების, ე.ჭ.) ადგანან ჩვენი იღბლიანი და მარჯვე მეზობლები - სომხები. კაი ხანია მათ გახსნეს საკუთარი აკადემია ეჩმიაძინში, საიდგანაც განათლებულნი ღვთისმეტყველნი ყოველ წელს ოცობით გამოდიან და ხდებიან ნამდვილნი მწყემსნი თავის ერისა” (მთავარნი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა, გვ. 348).

”სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს სომხების ეკლესია, მათი სამღვდელოება. საეკლესიო კათედრიდგან ხშირად მოისმის მაღალი სწავლა სახარებისა..., განვითარებულნი პირნი ჰფენენ ცოდნასა და სწავლასა სამღვდელოებაში და ერში” (გვ. 350)

”სომხების სასულიერო პირნი იჩენენ უფრო და უფრო მეტს სიცოცხლეს და გავლენას, და პირნათლად გამოდიან თავისი მაღალი და წმინდა დანიშნულების წინაშე” (გვ. 350).

ნათელია, რომ იაკობ გოგებაშვილისთვის სომხური ეკლესია სანიმუშოა მისი ეროვნულობიდან გამომდინარე, მაშინ როცა თვით ეს ფაქტიც, ე.ი. ეკლესიის არსობრივი გაეროვნულების მცდელობაც (მონოფიზიტური ცთომილების სიმძიმეს რომ თავი დავანებოთ), მართლმადიდებელი ეკლესიის ურყევი დოგმატით, წარწყმედის გზაა. ვინც კაცობრიობის და მთელი სოფლის მაცხოვნებელ ეკლესიას ეროვნულ დაწესებულებამდე ამცრობს და ამის მნიშვნელობას მხოლოდ ეროვნულობით (უკეთ, ცრუეროვნულობით) საზღვრავს, არ აქვს უფლება ”ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის” შვილად იწოდებოდეს. ცხადია, თავად ეროვნულობა უდიდესი საღვთო სიკეთეა, მაგრამ ის ამგვარია მანამ, სანამ ჭეშმარიტი სარწმუნოების როგორც ცხოველმყოფელი სულის დამტევნელ და შემწყნარებელ სხეულად გვევლინება. შესაბამისად, ისევე როგორც სხეულის სიკეთე და მშვენიერება მაშინ ავლენს სრულად თავის ღირსებებს, მაშინ ხდება ეს ღირსებანი ყველასათვის საჩინო და საწადელი, როდესაც მაცოცხლებელი სულით განიმსჭვალება და აღივსება იგი, სხვა შემთხვევაში კი, სულს მოკლებული, მხოლოდ მკვდარი ნივთია და არანაირი ნიშან-თვისება (მით უმეტეს, ღირსება) აღარ გამოარჩევს მას სხვა მკვდარი ნივთების სიმრავლისაგან, ამგვარადვე, ერისთვის ნიშანდობლივი ყველა საკუთრივ ეროვნული ღირსება მხოლოდ იქ ავლენს ჭეშმარიტად თავის თავს, სადაც ”სული ქრის”, ე.ი. - იმ მაცხოვნებელ წიაღში, საეკლესიო მადლმოსილებაში, სადაც სულიწმინდის ჭურჭლად შემზადდება იგი.

ამგვარი თვალით უნდა ვხედავდეთ, რა თქმა უნდა, ერის ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანეს საკითხსაც, რასაც სწავლა-განათლების სისტემა ჰქვია. შეუძლებელია, არ დავაფასოთ ის ახოვანება, შემართებულობა და გაუტეხელი შეურიგებლობა, რასაც იაკობ გოგებაშვილი იჩენდა (მისი პუბლიკაციებიც ამის მკაფიო დასტურია) სასწავლო დაწესებულებებში გამოვლენილი უმწვავესი პრობლემებისადმი, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კუთხითაც სრულიად თვალსაჩინოა საპირისპირო უკიდურესობამდე მისული განწყობილება ავტორისა. მაგალითად, არის რა ხსენებული მოღვაწე სავსებით სამართლიანად აღშფოთებული ქართული ენის სწავლების სრულიად არადამაკმაყოფილებელი (მეტიც, დანაშაულებრივად დამამცრობელი) მდგომარეობით, ისევე როგორც, ზოგადად, იმდროინდელი სწავლების გამოკვეთილად ბიუროკრატიული მეთოდოლოგიით, ვითარების გამოსწორების გზას სხვა დისციპლინათა შეზღუდვა-გაუქმებაში ხედავს.

”დაგვინერგეს ბერძნულ-ლათინურ-სლავიანური სემინარია და სასულიერო სასწავლებელნი, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ ჩვენ ცხოვრებასთან, ჩვენი ხალხის მოთხოვნილებასთან” (მთავარნი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა, გვ. 350).

კიდევ:

”ყოველს გამოუსადეგარს საგანს ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს. ბერძნულ და ლათინურ ენას, მაგალითად, დათმობილი აქვს 39 გაკვეთილი” (გვ. 351).

”... თუ ორივე ენა არა, ერთი ბერძნული მაინც უნდა იქმნეს გაუქმებული” (გვ. 352).

საკითხავია, თუ ბერძნულ-ლათინურის სწავლება უნდა გაუქმდეს, წმინდა მამათა შრომები ან, გნებავთ, წმინდა წერილი, კერძოდ ახალი აღთქმა, რომლისგან მოკლებულადაც (როგორც ქვემოთ ვნახავთ) წარმოსახავს იაკობ გოგებაშვილი ქართველ ერს, რა ენიდან უნდა ითარგმნოს თანამედროვე ქართულზე, ნუთუ იმავე რუსულიდან, რომელსაც ასე ”ბასრობს” ავტორი? განა სწორედ ის ენა (ბერძნული) უნდა გავაუქმოთ, რომელსაც ოდითგანვე დაუცხრომელი სულიერი მგზნებარებით ეწაფებოდნენ საქართველოს ეკლესიის ღირსეული შვილები? განა აღმოსაფხვრელია წმინდა წერილისა და ეკლესიის მამათა შრომების ქართულად თარგმნის ეს უძველესი და უწმინდესი სულიერი ტრადიცია?

საქმეც სწორედ ისაა, რომ იაკობ გოგებაშვილის არაერთგზისი მტკიცებით (და ეს უკვე წინამდებარე განხილვის მომდევნო პუნქტია), საქართველოში, ქართველ ერში არც არასოდეს არსებულა რაიმე ხელშესახები სულიერი ტრადიცია, ქართველებს რეალურად არასოდეს ჰქონიათ წმინდა წერილი და საეკლესიო მოძღვრება.

ამ კუთხით იაკობ გოგებაშვილის მტკიცებულებანი კვლავაც იმავე უკიდურესი უტრირების შედეგია, რაზეც ზემოთ არაერთგზის მივანიშნებდით. მართლაც, ავლენს რა იგი, სრულიად სამართლიანად, კრიტიკულ დამოკიდებულებას ქართულენოვანი ბიბლიის (ავტორის თქმით: ”დაბადების”) სტამბური გამოცემის მიმართ, რაც, როგორც ცნობილია, აურაცხელ საკორექტურო ცთომილებას შეიცავს, მყისვე ახდენს ამ ფაქტის განზოგადებას საკუთრივ წმინდა წერილის ქართული თარგმანისადმი და კატეგორიულად აღნიშნავს:

”აქამომდე ჩვენი ენა მოკლებულია ‹‹დაბადებას››, წყაროს ქრისტიანობისას. დიახ, სწორედ მოკლებულია. ... იგი არის იმისთანა ენით ნათარგმნი, რომ არათუ ეხლა აღარავის ესმის, ვგონებ იმ ძველ დროშიაც არავის ესმოდა, როდესაც ეს ‹‹დაბადება›› გადმოითარგმნა ... მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არა ჰქონია და ბევრს ადგილას ჩვენი დაბადების აზრი ეწინააღმდეგება ნამდვილის აზრსა” (მთავარნი საჭიროებანი  სასულიერო წოდებისა, გვ. 345).

”ამისთანა ‹‹დაბადების›› ქონა უდრის არქონას. საჭიროა მთელი ‹‹დაბადება›› გადმოითარგმნოს გასაგებ ენაზედ... როცა ამისთანა ‹‹დაბადება›› მოეფინება ჩვენს ხალხში და ყოველის წიგნის მცოდნესათვის შეიქმნება ყოველდღიურ საკითხველად, მხოლოდ მაშინ იწყებს ქრისტიანობა ფესვების გადგმას ჩვენს ქვეყანაში, მანამდის კი მხოლოდ გარეგანი კანი ქრისტიანობისა, შემთხვევითი და დროებითი მისი ფორმები, იქმნებიან სათაყვანებელი საგანი ქართველთათვის” (გვ. 346).

უნდა აღვნიშნოთ, რომ, გარდა უდიდესი სულიერი მადლმოსილებისა, თუნდაც საკუთრივ მწიგნობრული, გნებავთ, კულტურული თუ ეროვნული ღირებულების ასპექტით, ბიბლიის წიგნთა ქართულენოვანი რედაქციები ესაა ჩვენი ერის აუწონელი და დაულევნელი საუნჯე, რითაც (თუ საკუთრივ ეს მხარეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი) სამართლიანად უნდა იამაყოს ყოველმა ქართველმა. მართლაც, თუ, მაგალითად, სომხური მეცნიერება ბიბლიის ძველსომხურ თარგმანს, რაც არსებითად ერთი რედაქციისაა, სხვადასხვაენოვან ბიბლიათა ”დედოფალს” უწოდებს და ყველაზე მაღლა აყენებს, რაღა ვთქვათ ქართულენოვან ბიბლიაზე, რომელიც ცალკეული ბიბლიური წიგნების ფარგლებში, ჩვეულებრივ, ორი-სამი, არაიშვიათად კი ოთხი-ხუთი, ხოლო ზოგჯერ ექვსი (მაგალითად, ”გამოსვლათა” წიგნის მხრივ) რედაქციის სახით არის ჩვენამდე მოღწეული, რომელთა თითოეული მონაცემი თავისი საკუთრივი ისტორიის მქონეა და, როგორც განსაკუთრებულად ფასეული სულიერი მოვლენა, სპეციალური მეცნიერული შესწავლის საგანს წარმოადგენს? ამასთან, სრულიად ნათლად იკვეთება ამ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით ტერმინოლოგიურ კვლევათა შედეგად, ამ ე.წ. ”დედოფლის” (ანუ სომხური ბიბლიის) ტექსტში წმინდა წერილის პროტოქართული თარგმანის აშკარა გავლენა (ამ ფაქტზე რამდენჯერმე უკვე გვქონდა წერილობითი ხაზგასმ). რა თქმა უნდა, ბიბლიის სომხური თარგმანი, რაც სომეხი ერის მართლმადიდებლობის ეპოქას ეკუთვნის, თავისთავად (როგორც სხვაგანაც გვაქვს ამის შესახებ გარკვევით გამოთქმული ჩვენი აზრი) მნიშვნელოვანი და ღირსეული ტექსტია, მაგრამ მისთვის ურჩეულესობის პატივის მიკუთვნება თვით ამ ღირსებათა წარხოცვის ტოლფასია. დავუკვრიდეთ ერთ ფაქტს: უკვე მომზადებულია და შესაძლოა მალე გამოიცეს კიდეც ერთ-ერთი სომეხი ბიბლეისტის, ტიგრან აივაზიანის მიერ შედგენილი ე.წ. ”ბიბლია პოლიგლოტა” ანუ ”მრავალენოვანი ბიბლია” (ნიმუშის სახით ხელმისაწვდომია ამ პუბლიკაციის გვერდი), რაც გულისხმობს სხვადასხვაენოვანი ბიბლიის პარალელურ ტექსტებს. რას ვხედავთ აღნიშნულ პუბლიკაციაში? შემდგენელს სომხური ბიბლია ნებისამებრ აღუზევებია ებრაულ-სირიულის გვერდით, ქართული ბიბლია კი, რომელიც საკუთრივ მოცემული ნიმუშის ფარგლებში (ესაა, კერძოდ, შესაქმის წიგნის დასაწყისი) უდიდესი მეცნიერული ღირებულების მქონე ხუთ სრულ რედაქციას ითვლის (ამგვარი რედაქციულ-მასალობრივი მონაცემების სისავსით იგი ბევრად აჭარბებს უკლებლივ ყველა სხვაენოვან ბიბლიას),  საერთოდ არ არის დამოწმების ღირსად მიჩნეული თუნდაც გვიანდელ რედაქციათა შორის, ანუ ქართულენოვანი წმინდა წერილი, ამ ”ნაშრომის” კვალობაზე, საერთოდ ამოშლილია ბიბლიის წმინდა ისტორიიდან. მკითხველს, ვფიქრობთ, მალე ექნება შესაძლებლობა თავად დარწმუნდეს თუნდაც საკუთრივ ”შესაქმის” წიგნის (მთლიან ბიბლიაზე რომ არაფერი ვთქვათ) ძველი ქართული ვერსიების განსაკუთრებულ საღვთისმეტყველო-მეცნიერულ ღირსებებში (მომზადებულია და ვიმედოვნებთ, რომ ღვთის წყალობით, გამოცემაც განხორციელდება ხსენებული ბიბლიური წიგნის ძველი ქართული ვერსიებისა უკლებლივ ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სხვაენოვანი ბიბლიური ტექსტის პარალელში, ვრცელი ფილოლოგიურ-თეოლოგიური კომენტარებით[2]).

ასე რომ, ფაქტობრივადაც და მეცნიერულ-თეოლოგიური ასპექტითაც სრულიად მცდარია აზრი ქართულენოვანი ბიბლიის იმ ზომამდე უვარგისობის შესახებ, რომ თითქოს მისი ქონა და არქონა ერთიდაიგივე იყოს. ჩვენ, ცხადია, მივესალმებით იაკობ გოგებაშვილის აზრს ბიბლიის ახალ ქართულად, ყველასათვის გასაგებ ენაზე თარგმნის აუცილებლობის შესახებ (ეს აზრი სადღეისოდ ხორცშესხმულია), თუმცა რაგინდ გაუგებარი იყოს მავანთათვის ძველი ქართული თარგმან-რედაქციები, რაგინდ მრავალრიცხოვანი იყოს სტამბური შეცდომები რომელიმე პუბლიკაციისა, არავის აქვს უფლება (ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ხმრივ ურყევი დარწმუნებულობა გვაქვს), უკიდურესობამდე გაამკვეთროს არსებული ხარვეზები და ქართველი ერის იმგვარ ველურ ტომად გამოაცხადოს, რომელსაც რეალურად თურმე არასოდეს ჰქონია წმინდა წერილი.

მაგრამ აქ საქმე წმინდა წერილით როდი თავდება. მთავარი ისაა, რომ თუ ქართველ ერს რეალურად ბიბლია არ ჰქონია და, ამასთან, თუ იგივე ბიბლია, იაკობ გოგებაშვილის აბსოლუტურად მართებული შეფასებით, ”წყაროა ქრისტიანობისა” (სრული ციტატა იხ. ზემოთ), მაშ, უპირობოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ წმინდა წერილის არქონასთან ერთად არც ნადმვილი ქრისტიანობა ჰქონია ოდესმე ქართველ ერს.

ეს დასკვნა ზემორე ციტატებშიც შესამჩნევია, მაგრამ იაკობ გოგებაშვილი არ კმაყოფილდება მხოლოდ მინიშნებებით და სრულიად მკაფიო და მიუკიბ-მოუკიბავ დებულებასაც გვაწვდის. მოვუსმინოთ:

”აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო, გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა” (მთავარნი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა, გვ. 343).

ზემორე სიტყვებს, როგორც იტყვიან, კომენტარი არ სჭირდება. კიდევ:

”ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს სიტყვებში: ”იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი”, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა და გახრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს” (გვ. 343).

და საბოლოო, ურყევი დასკვნა:

”ქრისტიანობამ ჩვენში კანს ვერ გაატანა და ვერ გამეფდა სულსა და გულში” (იქვე, გვ. 343).

ახლა, საპირისპიროდ, მოვუსმინოთ დიდ ილიას:

”ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით”.

ამ საღვთო სიტყვათა მიუხედავად, ვთქვათ, დავეთანხმეთ იაკობ გოგებაშვილის აზრს იმის შესახებ, რომ ქართველი ერის შინაგანი ქრისტიანობის ანუ ცხონების მიღმა დარჩენილა მთელი თხუთმეტი საუკუნის მანძილზე, სამომავლოდ თუ ბჟუტავს რამ იმედი ამ მდგომარეობის გამოსწორებისა? იაკობ გოგებაშვილი ამ იმედს არ წარხოცს ჩვენგან, მაგრამ მას აქვს მეტად თავისებური კონცეფცია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით:

პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, როგორც ამბობს იგი, ეკლესიური ცხოვრების სრული დემოკრატიზება ანუ არჩევითობის სისტემაზე მის მმართველობის დამყარება, რაც ამავე დროს, - მიიჩნევს ავტორი, - გახდება პოლიტიკური ანუ საერო მმართველობითი სისტემის დემოკრატიზების წინამორბედი. აი, შესაბამისი ციტატები:

”თვით ხალხი უნდა ირჩევდეს მეთაურს თავის ეკლესიისას, კათალიკოსს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მთელს საეკლესიო კრებულს” (დღევანდელი მომენტი ქართველთა და სომეხთა ეკლესიისა, გვ. 113).

”ერი, რომელიც ირჩევს მთელს სამღვდელოების კრებულს, დიაკვნებიდან კათალიკოსამდე, დღეს თუ ხვალ მოითხოვს, რომ მისს ხელშეუხებელს უფლებას შეადგენდეს სახელმწიფო მომსახურეთა არჩევანი მამასახლისიდან დაწყებული სამეფოს მეთაურამდე” (გვ. 114).

ამ პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევისა და რამდენიმე მომდევნო ეტაპის ასევე წარმატებული გავლის შემდეგ მივდივართ ეკლესიის ”ევოლუციის” საბოლოო მიზნამდე, რაც იაკობ გოგებაშვილის მიერ ასეა ფორმულირებული:

”რასაკვირველია, განმარტებული დემოკრატიზაცია ეკლესიისა არ არის უკანასკნელი ეტაპი ევოლუციის სარწმუნოების სფეროში. ეს დემოკრატიზაცია გაივლის არა ერთსა და ორს სადგურს, ვიდრე მიაღწევდეს უკანასკნელ იდეალურს თავისუფლებას სინიდისისას” (114).

იქნებ ეს ”უკანასკნელი იდეალური” სწორედ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი იდეალების ხორცშესხმას გულისხმობს?

სწორედ ამ კითხვის პასუხად იაკობ გოგებაშვილი სრულიად დაუფარავად  წარმოგვიჩენს თავის შეუვალ პოზიციას მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან დაკავშირებით (სხვათაშორის, როგორც ქვემოთაც გვექნება ამაზე ხაზგასმა, ზნეობრივად უთუოდ მისაბაძია ხსენებული მოღვაწის პირდაპირობა, გულწრფელობა, ფარისევლური შენიღბვისგან სათქმელის სრული გათავისუფლება).

დიახ, ყოველივე ის, რაც ზემომოტანილ ციტატებში თავისთავადაც იყო გამჟღავნებული, სრულიად მკაფიოდ არის დასმული კითხვის პასუხად იაკობ გოგებაშვილის მიერ უწყებული. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული ”იდეალური” მიზანი ეკლესიის ”ევოლუციისა” არათუ არ გულისხმობს მართლმადიდებლურ აღსმარებლობას, არამედ, პირიქით, ავტორის დაბეჯითებითი თქმით, სწორედ მართლმადიდებლობაა მთავარი დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა ზემორე ”დიადი” მიზნის მიღწევის საქმეში, დიახ, მართლმადიდებლობა, რომელიც, როგორც ხაზგასმით ამბობს ავტორი, ”შავ-ჭირად ევლინება” ქართველებს.

აი, ციტატა:

”საჭიროა მთელმა ქართველობამ მედგრად მოითხოვოს ეს ძვირფასი უფლება (მღვდელმსახურთა არჩევნები, ე.ჭ.) და მტკიცედ გამოაცხადოს, რომ თუ იგი უფლება არ დაგვიბრუნდება, არ დაგვეთმობა (ე.ი. თუ არ დაგვითმობენ, ე.ჭ.), მთელი ქართველობა ზურგს შეაქცევს და უარჰყოფს მართლმადიდებლობას, რომელიც სწორედ შავ-ჭირად ევლინება მას და უშლის მოიპოვოს სრული თავისუფლება სინიდისისა, დამოუკიდებლობა ეკლესიისა, დაამყაროს მისი მართვა-გამგეობა დემოკრატიულს საფუძველზე, რომლითაც მეტ-ნაკლებობით სარგებლობენ ამ ჟამდ რუსეთშიაც კი ჩვენი მეზობლები - სომხები და სხვა სარწმუნოების ხალხი" (დღევანდელი მომენტი ქართველთა და სომეხთა ეკლესიისა, გვ. 113).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, იაკობ გოგებაშვილის კატეგორიული მოთხოვნით, თუ ქართველი ერი ვერ მიაღწევს არჩევითობის სისტემის დანერგვას ეკლესიაში (რაც თავისთავად სრული კატაგნოზისია, თუმცა ამ საკითხზე ამჯერად არ ვმსჯელობთ), მან უნდა ”უარჰყოს მართლმადიდებლობა”.

რატომ?

იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ყოფილა ის კოშმარი, ”რომელიც სწორედ შავ-ჭირად ევლინება მას (ქართველ ერს, ე.ჭ.) და უშლის მოიპოვოს სრული თავისუფლება სინიდისისა”.

იაკობ გოგებაშვილისგან საკუთარი მსოფლმხედველობრივი (გნებავთ, აღმსარებლობითი) პოზიციის ესოდენ მკვეთრი გამოთქმის შემდეგ ისევ ვიკითხავთ:

რა უფლება გვაქვს (მართლმადიდებელი ეკლესიის მსჯავრს რომ თავი დავანებოთ, რომლის მიხედვითაც ზემორე აზრი უპირობოდ ანათემას ექვემდებარება), შეურაცხვყოთ ხსენებული საერო მოღვაწის სული და ძალად შევრაცხოთ იმ ეკლესიის წმინდანად, რომელსაც, როგორც ვნახეთ, ქართველი ერის ”შავ ჭირად” აღიარებს იგი?

აქვე გაკვრით დავუბრუნდებით ზემოთქმულს:

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობის შესახებ გამოთქმული აღნიშნული შეფასება ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის უკიდურესზე უკიდურესი ცთომილებაა (სხვა ტერმინს ამჯერად არ გამოვიყენებთ), თვით იაკობ გოგებაშვილის გულწრფელობა და საკუთარი პოზიციის შეუნიღბავი აღმოთქმა ზნეობრივად დასაფასებელია.

მართლაც, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის პირები, რომლებსაც არანაკლებ უარყოფითი განწყობა აქვთ მართლმადიდებლობის მიმართ, მაგრამ გარეგანად, სხვების დასანახად (დღევანდელი ვითარების საჭიროებისდა შესაბამისად) თავს ღირსეულ მართლმადიდებლებად წარმოაჩენენ, თუმცა, უფლის სიტყვისებრ, ხე ნაყოფისგან შეიცნობა.

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ვერანაირი კაცობრივი ღვწა-გარჯილობა (ამათუიმ სახელოვანი საერო მოღვაწის წმინდანად კანონიზების მიზანდასახულობით) ვერ შეგვიქმნის ”ღირსეული მორწმუნის” სახეს, ვერარა ძალისხმევა ვერ გაგვამართლმადიდებლებს, თუ შინაგანად მართლმადიდებლური დოგმატის უარმყოფელნი ვართ.

სწორედ მართლმადიდებლური დოგმატის სრული უარყოფის ტოლფასია ამქვეყნიური, კაცობრივი ბრძოლა-მოქმედებანი იმ პიროვნების მართლმადიდებელ წმინდანად კანონიზებისთვის, რომელიც თვით ამ მართლმადიდებლობას ”შავ ჭირად” აღიარებს.

ცხადია, ეს არ ითქმის მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის კონტექსტში.

ეგევე დებულება წარმოვადგინეთ ჩვენ აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზებასთან დაკავშირებითაც, რასაც, როგორც გაგვაცნეს, მოჰყვა ”გამოხმაურება” ბ-ნი ელდარ ნადირაძისა.

ხსნებული ”გამოხმაურება” ყურადსაღებია ერთი ფაქტის მხრივ:

როგორც პუბლიკაციიდან ვიგებთ, მომხდარა შეკრება ცხრა ადამიანისა (ამ ცხრაში შედის ბ-ნი ელდარიც), რომ მათ დაედასტურებინათ ან უარეყოთ აკაკის კანონიზების მართებულობა. ეს ფაქტი მართლაც უნდა შემორჩეს ისტორიას, როგორც ზედმიწევნით ადეკვატური ასახვა ამჟამინდელი ვითარებისა, კერძოდ, ვითარებისა იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენი გაუცნობეირებლობა სუფევს დღეს წმინდანად კანონიზების საღვთო სწავლების მხრივ და რაგვარ აღიქმება ოდენ კაცობრივ, ამქვეყნიურ საქმედ ეს ზეციური ღმერთმოქმედება.

მაგრამ განვაგრძოთ ხსნებული ფაქტის ”გასინჯვა”:

როგორც გვამცნობს ”გამოხმაურების” ავტორი, ცხრავე შემოკრებილს (მათ შორის, ცხადია, თვით ელდარ ნადირაძესაც) უყოყმანო დასტური მიუცია. ჩვენი პატივცემული ოპონენტი, ჩანს, სწორედ იმითაა მეტისმეტად აღშფოთებული (როგორც ვიგუმანეთ, შეურაცხყოფილიც), რომ მისგან დასტურმიცემულს ასე ”სულსწრაფად” (ოპონენტის ტერმინია) დავპირისპირებივართ და ეგზომ ”შეგვიბედავს აკაკისთვის”.

პირდაპირ ვიტყვით, რომ ცხრათა კრების შესახებ აქამდე ნამდვილად არაფერი ვიცოდით. მეტიც, ვერც წარმოვიდგენდით, თუ წმინდანად კანონიზების საკითხი ბ-ნი ელდარ ნადირაძისა და კიდევ რვა ჩვენთვის უცნობი პირის (მათი სახელები ზემორე ”გამოხმაურებაში მითითებული არ არის) დასტურცემით უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს წონადი ინფორმაცია ამჯერად მაინც მივიღეთ, - დიახ, ამისდა მიუხედავად, - იმათ მიმართ, რომლებსაც, წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვისებრ, ”ლერწმის კვერთხი უპყრიათ საყრდენად”, კვლავაც მკაფიოდ ვიტყვით:

არ მომხდარა და არ მოხდება მართლმადიდებლური დოგმატის უარმყოფელი პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შერაცხვა. აი, სწორედ ამას (ვერკანონიზებადის კანონიზებას) არ უნდა ”შეჰბედოთ” (ჩვენს ოპონენტებს მივმართავთ), თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი ქმედება თავისთავად სრულიად ფუჭი და განუხორციელებელი მცდელობაა (ყველაზე მეტი, რაც კაცობრივი ძალისხმევით შეიძლება მოხერხდეს, ესაა შესაბამისი პირის სახელის დროებით შეტანა ”საეკლესიო კალენდრის” რომელიმე გამოცემაში, თუმცა შემდეგში, მომავალი სინოდის მიერ უყოყმანოდ იქნება იგი იქიდან ამოღებული), არამედ ეს არ უნდა ვიმოქმედოთ თვით იმ პიროვნების პატივისცემისთვის, რომელიც ღირსეული საერო ღვაწლითაა დამშვენებული.

”აკაკისადმი შებედვა”, მეტიც აკაკის ღირსეული სახელის მიმართ უპატივცემულობა (თუნდაც გაუცნობეირებლად) სწორედ მისი კანონიზების მცდელობაა. ამჯერად ამ საკითხსაც შევეხებით მცირედით:

ბ-ნი ელდარ ნადირაძის ”გამოხმაურების” მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმაზე მსჯელობას, თუ როგორ ცდილობდნენ თავის დროზე გარკვეული უწყებები აკაკის სახელის დისკრედიტებას, მის პიროვნულ შეურაცხყოფას ათასგვარი ჭორის გავრცელებით. მართალია, ოპონენტი (თუნდაც ფასადურად) საკუთრივ ჩვენ არ მიგვიჩნევს ამ უკეთური საქმის მონაწილედ (აქ, ეტყობა, მადლიერება უნდა გამოვხატოთ მისდამი), არც იმას იჯერებს იგი მაინცდამაინც, რომ ჩვენ მტერი ვართ ”საქართველოს ეკლესიის გაძლიერებისა” (ნამდვილი მოყვარე, კონტექსტის მიხედვით, თავადვეა), მაგრამ ბ-ნი ელდარი ვერ უღრმავდება საკითხს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, საზოგადოდ, ამათუიმ მოღვაწის დისკრედიტება.

საქმე ისაა, რომ ადამიანისთვის სახელის გატეხა ანუ მისი შეურაცხყოფა ერთსახოვანი როდია. ეს ნიშნავს, რომ პიროვნებას შეურაცხვყოფთ არა მხოლოდ მისი პიროვნული ღირსების დამაკნინებელი ცილისწამებების გავრცელებით, არამედ, კიდევ მეტად, - მისდამი გადამეტებული, შეუსაბამო პატივის მიგებით. ამ უკანასკნელი ქმედების (შეუსაბამო პატივის მიგების), როგორც ფარისევლობასთან წილნაყარი საძრახისი მოვლენის, განსაკუთრებული სივერაგე იმაში ვლიდნება, რომ გარეგნულად თითქოს მოღვაწის პატივისცემასთან, დაფასებასთან ანუ კეთილ აღძრულობასთან გვაქვს საქმე, რასაც ბევრი იჯერებს, შინაგანად კი, როგორც აღვნიშნეთ, სახეზეა პიროვნების ღვაწლის არსობრივი გმობა. დავიმოწმებთ მეტყველ მაგალითს:

ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ურჩეულეს პატივს განუკუთვნებს და განაჩინებს, რომ იგი აღმატებულია თვით სერაფიმებსა და ქერუბიმებზეც კი, ანუ მთელ ქმნილებაზე.

მიუხედავად ამ უაღმატებულესი პატივისა, კათოლიკურმა აღსმარებლობამ იწადა თითქოსდა უფრო მეტი პატივის მიგება ყოვლადწმინდა მარიამისადმი და ჩამოაყალიბა სწავლება (უკეთ, ცრუსწავლება) მისი, მაცხოვრისებრ, უბიწოდ ჩასახვის შესახებ, რითაც ფაქტობრივად ბუნებით ღმერთად აღიარა იგი.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ არათუ ღვთისმშობლისადმი პატივის მიგებად, არამედ უმალ მისი სიწმინდის გმობად განასაზღვრა ზემორე აზრი და დოგმატად განაწესა, რომ, მაცხოვრისგან განსხვავებით, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც, ყველა სხვა ადამიანის იგივეობრივად, ექვემდებარებოდა ადამისეული პირველცოდვის ბორკილს და საჭიროებდა მისგან გათავისუფლებას.

როდესაც მავანმა თამარ მეფეს ბუნებითი ღმერთის პატივი განუკუთვნა, ამით უკიდურესად შეურაცხყო და დაგმო მისი წმინდა სახელი (იხ. ამ საკითხის შესახებ ვრცელი ჟურნ. ”გული გონიერი”, № 2, გვ. 25-46).

მსგავსადვე, როდესაც, სრულიად დაუფარავად, ცნობილი საერო მოღვაწე მართლმადიდებლობას ”შავ-ჭირად” აღიარებს, პირდაპირ ვიკითხოთ: ვინ გვევლინება მის შეურაცხმყოფლად, ჩვენ, ვამბობთ რა, რომ არ შეიძლება ხსენებული მოღვაწის მართლმადიდებელ წმინდანად იძულებითი კანონიზება, თუ უმალ ისინი, რომლებიც მოღვაწის ნების წინააღმდეგ, სწორედ ძალადობრივად ცდილობენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა კრებულს შერთონ იგი?

ასევე, როდესაც სახელგანთქმული ერისკაცი წმინდა წერილს ”მითოლოგიად” ანუ ზღაპრად აღიარებს (რასაც თურმე არაფერი დაეჯერება), ნუთუ შეიძლება იგი იმ ეკლესიის წმინდანი გახდეს, რომელიც უმყარეს დოგმატად განაჩინებს ბიბლიის კანონიკურ წიგნთა აბსოლუტურ უცთომელობას და ღვთივდაწერილობას?

სხვათა შორის, ბ-ნი ელდარ ნადირაძე მარჯვედ ესესხება აკაკიზე გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიას იმ ნაწილში, სადაც საუბარი გვაქვს ადრეულ ასაკში ჩადენილი ცოდვების, გარკვეული აზრით, ანგარიშში ჩაუთვლელობის შესახებ, და გამარჯვებული ტონით მოგვმართავს; რა იცი, რომ აკაკიმ არ მოინანია ყველა თავისი შეცდომა სიკვდილის წინო (მით უმეტეს, ცნობილია, რომ მას აღსარება უთქვამს სამღვდელო პირის წინაშე)? ეს შეკითხვაც სარწმუნოებრივ ცოდნაში სრული გაურკვევლობის მკაფიო დასტურია. მართლაც, სინანულის შესახებ საეკლესიო მოძღვრება იმას როდი განაჩინებს, რომ რაგინდ ცოდვის ჩამდენი, აღსარებას იტყვის რა, თითქოსდა ანაზდეულად იღებდეს თავდახსნილობას აღნიშნული ცოდვებისგან და ზეციურ სუფევაში იმკვიდრებდეს ადგილს. ცოდვათსახეობათა მიხედვით აღსმარებელი ვალდებულია აჩვენოს ცოდვის შესაბამისი ”ნაყოფი სინანულისა”. ამ საკითხს ამჯერად, ცხადია, მთელი სისრულით ვერ შევეხებით, ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად საკითხთან დაკავშირებულ ასპექტზე. საქმე ისაა, რომ მოძღვართან ფარულად ვაღიარებთ ჩვენს პირად ცოდვებს, ვნებად გაუკუღმართებებს, მაგრამ თუ ჩადენილი გვაქვს აღმსარებლობითი (საერო ენით: მსოფლმხედველობრივი) ცოდვა, ანუ თუ წერილობით გამოგვიქვეყნებია ანდა საჯაროდ გვიქადაგია მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო აზრი, დებულება, ”მტკიცებულება”, და თუ, ამასთან, საზოგადოებრივად ავტორიტეტული პირი ვართ (რაც ნიშნავს: ჩვენს სიტყვას ფასი აქვს), არაფერს გვიშველის სამღვდელო პირის წინაშე სხვების თვალისა და ყურისგან დაფარული აღსარება. მეტიც, ჯერ ერთი, მღვდელი არანაირად არ მიიღებს ასეთ აღსარებას და, რა თქმა უნდა, არც შენდობას გასცემს, მეორეც, თუ, ვთქვათ, სამღვდელო პირმა გაუცნობიერებლობის გამო, მიიღო ამგვარი აღსარება, თვით აღსარების მთქმელი არათუ შენდობილი იქნება ღვთისგან, არამედ  კიდევ უფრო დამძიმდება ცოდვით, რადგან ადრე ჩადენილს ახალი დაუმატა, ეს ახალი კი ისაა, რომ არ ინდომა რა მისგან წერილობით ანდა საჯარო ქადაგებით გავრცელებული სარწმუნოებრივი ცთომილების წერილობითვე ან საჯარო ქადაგებითვე აღმოფხვრა (თუნდაც იმის შიშით, რომ ამის შედეგად მისი ავტორიტეტი არ შელახულიყო), თანამედროვეებსაც და მომავალ თაობებსაც სულის წარსაწყმედად დაუტოვა გესლი, თავისი თავისთვის კი ეცადა, რომ ფარული აღსარებით ამ ცოდვის პასუხისმგებლობას გაჰქცეოდა და გადარჩენილიყო.

”დიდი სჯულისკანონის” განჩინებით, ცთომილი აღმსარებლობიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსულები, მიუხედავად მიღების წესის სხვადასხვაობისა, უკლებლივ ყველა შემთხვევაში ვალდებულნი არიან, რომ მისცენ წერილობითი აღიარება და დაგმობა ადრინდელი აღსმარებლობითი ცთომილებისა.

მესამე საუკუნის დიდმა მოღვაწემ, ღმერთშემოსილმა დიონისე ალექსანდრიელმა (248-265 წწ.) ურყევ რჯულად დაგვიტოვა სამოღვაწეო წესი იმასთან დაკავშირებით, რომ წერილობით გავრცელებული ცთომილება უთუოდ და გარდაუვალად წერილობითვე უნდა ამოიძირკვოს სწორედ ამ ცთომილების ავტორის მიერ.

ასე რომ, თუ, ვთქვათ, მავანი (გნებავთ, ჩვენი ოპონენტი), აკაკისებრ, ”მითოლოგიად” ანუ დაუჯერებელ ზღაპრად გამოაცხადებს წმინდა წერილს, ხოლო შემდეგ თავად იგი რომელიმე მღვდელთან აღსარებას იტყვის და ფარულად მოინანიებს ამ უმძიმეს შეცოდებას, თავის ნაწერს კი წარსაწყმედად დაუტოვებს სხვებს, დარწმუნებული იყოს, რომ არათუ შენდობილი იქნება ღვთისგან, არამედ იმაზე უფრო დამძიმდება ცოდვით, ვიდრე აღსარების თქმამდე იყო, როგორც უღირსებით მიმღები საეკლესიო საიდუმლოსი.

ამგვარადვე, თუ მავანი, კვლავაც აკაკის მსგავსად, ქართველი ერის გადამრჩენად ”კერპობის დიდ კულტურას” განაწესებს, ქრისტიანობას კი - ამ ”დიდი კულტურის” შემმუსრველ ”ფანატიკურ” ძალად, ვერანაირად, ვერარა გზით ვერ მიეახლება იგი ფარულ ცოდვათშენდობას, თუ, ღვთის ყოვლადსამართლიან მოწყალებაზე მინდობილი, დაუცხრომელი ღვწითა და მრავალჯერადი წერილობითი თუ ზეპირი შეჩვენებით საჯაროდ არ აღმოფხვრის, თავის თავშიც და სხვებისგანაც, ქრისტიანობის ესოდენი დაგმობის ცოდვას.

და ბოლოს, რაღა ვთქვათ ზემოგანხილულ შემთხვევაზე, როდესაც მოღვაწე, სრულიად არაორაზროვნად, ”შავ ჭირად” აცხადებს მართლმადიდებლობას, მავანნი კი დაგვიკიჟინებენ, ”ნუ შეჰბედავ”, მართლმადიდებელ წმინდანად არის შესარაცხიო?

ამ რიტორიკული კითხვის პასუხად პირადად ჩვენ სურვილი გვიჩნდება ხმამაღლა შევძახოთ:

მოასვენეთ აკაკი, მოასვენეთ იაკობ გოგებაშვილი, სხვანიც - მათებრ ღირსეული საერონი, აცადეთ ეკლესიას იზრუნოს მათ სულებზე, უმოლხინეს-ჰყოს ისინი.

 

ედიშერ ჭელიძე

თბილისი, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 19 October 2011 18:13)