Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ცხოვრების გზის დასაწყისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური–შიოლაშვილი, მოხევეა. ხევი ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. საუკუნეთა მანძილზე მოხევენი მტკიცედ იდგნენ კავკასიონის გადმოსასვლელთან, დარიალთან, და საქართველოს მტრებს არ უშვებდნენ ქვეყნის სიღრმეში. V საუკუნის 40–იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალმა ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში, დაამარცხა ალან–ოსები და ჩაკეტა დარიალის კარი. გადმოცემის თანახმად, მეფის ლაშქარში თავი გამოუჩენია სნოელ ღუდუშას, რომელსაც მეფემ პატივისცემის ნიშნად შვილი მოუნათლა. ღუდუშას შთამომავლები - ღუდუშაურები - განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ხევის ცხოვრებაში. XVII საუკუნეში ხევში განთქმული იყო შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომლის შთამომავლებიც შიოლაშვილებად იწოდებიან. შიოლას შთამომავლები არიან: შარამბალი–სუღუტა–გლახა–შაქრო–გაგა (იგივე გიორგი – უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამა).

ხევი ცნობილია ქრისტიანული ეკლესიების სიმრავლით. მყინვარწვერის ფონზე გერგეტის სამება წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე. გასაოცარი ბუნება იშლება სამების ტაძრიდან. "შესაძლოა იმიტომ, რომ მე წარმოშობით მთის კაცი ვარ, ყველაფერს მირჩევნია მთის პეიზაჟი. ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობა ჩემთვის არის გერგეტიდან წმიდა სამებაში ასვლისას მთის ყვავილებით მოფენილი ფერდობების ხილვა. გარშემო საოცარი სილამაზეა"[30, 370], – აღნიშნავს უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა დარიალზე გადიოდა. XIX საუკუნის II ნახევრის დიდი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (ჩოფიკაშვილის) შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა თავისუფლებისმოყვარე ქართველების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ქართველებისთვის დღესაც აქტუალურია მწერლის სიტყვები, რომელიც მან თავის გმირს ათქმევინა: "არ დაივიწყო, რომ სადაც შენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, იმას გედავებიან და არ დაანებო!"

XIX საუკუნის 60–იან წლებში რუსეთიდან სამშობლოში მომავალმა "თერგდალეულმა"  ილია ჭავჭავაძემ კი მოხევე ლელთ ღუნიას პირით  ქართველობას სანუკვარი მიზანი დაუსახა - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს".

საქართველოს ამ გამორჩეულ კუთხეში ცხოვრობდნენ მომავალი პატრიარქის მშობლები: Mმამა - გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი და დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე.

გიორგი შიოლაშვილის ახალშექმნილი ოჯახი სნოში დამკვიდრდა. ხევში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, იწყებოდა ბოლშევიკური ექსპერიმენტი კოლექტივიზაციის სახით. ინდვიდუალური სოფლის მეურნეობა აზრს კარგავდა. სოფელს გაუჭირდა. გიორგი შიოლაშვილმა 1927 წელს ოჯახი დროებით საცხოვრებლად ქ. ვლადიკავკაზში (ძაუგში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი. ამ ქალაქში XIX საუკუნის II ნახევრიდან არსებობდა მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან.

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო, როგორც ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II–ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. იმ დროს ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი, კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II-ის ყოფილი მდივანი, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდა ეკლესიის დაცვას როგორც ადგილობრივი საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების შემოტევებისაგან.

პატარა ირაკლი მონათლეს წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. მისი ნათლია - მონაზონი ზოილე დვალიშვილი - დიდი ხნის განმავლობაში  მცხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ნათლიას ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში. ერთხელ, სვეტიცხოვლობაზე, მან ყმაწვილი ირაკლი უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატესთან მიიყვანა და დაალოცვინა იგი. მომავალი პატრიარქის მრავალრიცხოვანი ოჯახი (დედა, მამა, ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო) ყოველდღე ლოცულობდა. "არ მახსოვს ჩემი თავი უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გარეშე... თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს. სახლში მუდამ გვქონდა ხატები, აუცილებლად ენთო კანდელი, ყოველ შაბათ–კვირას ეკლესიაში დავდიოდით,"[30, 375], –  იხსენებს მისი უწმიდესობა.

გიორგი   შიოლაშვილის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა 1938 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც გაუქმდა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და დაიწყო მორწმუნე ქართველობის დევნა–შევიწროება. "ჩემი ბავშვობა, – აღნიშნავს მისი უწმიდესობა, – დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე."[30, 14].

გიორგი  შიოლაშვილის ოჯახთან მეგობრობდნენ მაჰმადიანი ქისტებიც. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, ხშირად ისინი მათი სახლის სტუმრებისთვის გამოყოფილ ოთახშიც ლოცულობდნენ თავიანთი წესის მიხედვით, შემდეგ კი სტუმრები და მასპინძლები სადილზე ერთად იკრიბებოდნენ.  გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ღვაწლით, 1947 წელს ვლადიკავკაზში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია მასალები, რომლებიც ადასტურებს ამ ფაქტს.

1952 წელს, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გარდაცვალების გამო, ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ქართველთა სათვისტომოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა.
პატარა ირაკლი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში, ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობებში, ათვალიერებდა მრავალრიცხოვან ციხე–კოშკებს, ეკლესია–მონასტრებს...  იგი 1941 წლის სექტემბერში ქ. ორჯონიკიძის N 22 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, პატარა ირაკლი დიდ დროს უთმობდა წირვა–ლოცვებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა კარგად ესწავლა სასკოლო საგნები. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენა.

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანელთა ჯარებმა პირველ თვეებში მოახერხეს საბჭოთა კავშირის სიღრმეში შემოჭრა. 1941 წლის შემოდგომაზე ისინი მიადგნენ მოსკოვს, საფრთხე შეექმნა კავკასიას. ვლადიკავკაზი ფრონტისპირა ქალაქად იქცა. Gგიორგი შიოლაშვილმა ოჯახი შექმნილ საფრთხეს განარიდა და მშობლიურ სნოში ჩამოიყვანა. ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა განაგრძო ვლადიკავკაზის 22-ე სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1952 წელს. იმავე წლის ივნისში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის სახელზე ძაუჯიკაუს (ორჯონიკიძე – ვლადიკავკაზი) 22–ე სკოლამ გასცა ატესტატი N 946415. ახალგაზრდა ირაკლიმ გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, სადაც ღვთისმეტყველების შესწავლისათვის საუკეთესო პირობები იყო - გამორჩეული პედაგოგები, მდიდარი ბიბლიოთეკა, სემინარიის ზომიერად მკაცრი შინაგანაწესი. უწმიდესი და უნეტარესი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს თავის პედაგოგებს, რომელნიც გამოირჩეოდნენ საოცარი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით სტუდენტების მიმართ.

1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს "ფრიადი", II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს "4", III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია.[27, 1264, 8265] ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო  ტროცკი–სერგეევის ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ. სარიჩევი და მდივანი ნ. მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს.

აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა ილია. როდესაც მეუფე ზინობმა ბერადაღკვეცილი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს წარუდგინა, გახარებულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა მას: ათი შენისთანა რომ მყავდეს, საქართველოს ეკლესიას აღარაფერი გაუჭირდებაო. 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის  წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.

სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვრული. ამის დასტურია მისი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III–სადმი. წერილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროდ მიმაჩნია მისი სრულად წარმოდგენა: "თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ... აქ, ჩვენ წრეში, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: 1) მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არც არსებობს სათანადო კადრი; 2) ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; 3) საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას არ აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა.

ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლად ხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი (საუბარია ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიაზე - ს.ვ.). და რომ მღვდელმთავართა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არაქართველთა შორისაც კი ავრცელებენ უბადრუკ აზრს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის ეპარქიების გამსხვილების აუცილებლობის შესახებ.

ზემოთმოყვანილი ძირითადი პრობლემების ირგვლივ თქვენს მიერ მიღებული ზომები, საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის ჩათვლით,  ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ზოგიერთი მწარე სინამდვილის გამო ვაძლევთ თავს ნებას, რომ თქვენი ყურადღება მივაპყროთ შემდეგ გარემოებას: საბჭოთა მთავრობის სათანადო დადგენილების საფუძველზე, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში არსებობს სასულიერო სემინარია–აკადემიები, ხდება ღვთისმსახურებისათვის საჭირო ლიტერატურის გამოცემა, ხატების გამრავლება, ეკლესია–მონასტრების აღდგენა–განახლება. საქართველოს ეკლესიას თუ უპირატესობა არა აქვს, გამონაკლისს მაინც არ წარმოადგენს, მხოლოდ საჭიროა ამ იურიდიული უფლების ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით გამოყენება, საქართველოს სსრ ხელისუფალთ, არსებული წესის დაცვით, მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში, წარედგინოს წერილობითი სახის განაცხადი საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის სასიცოცხლო საკითხების შესახებ და ენერგიულად იქნას მოთხოვნილი პირველ რიგში, სემინარიის (არა კურსების) გახსნის, საჭირო ლიტერატურის გამოცემის, საეკლესიო მუზეუმის, წიგნსაცავის დაარსების, გელათის, წილკნის, ნიკორწმინდის, ყაზბეგის, ანანურის, გორის ეკლესიებში ღვთისმსახურების უფლების აღდგენა–განახლების შესახებ... საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის მტერსა და ორგულს ჩვენს პირად მტრად ვთვლით, მაგრამ განუხორციელებელი განდიდების სურვილის გამო განაწყენებულნი, პატრიარქის შორსმჭვრეტელი გონების თვალით და კეთილი ნებით, შეიძლება ჩაყენებულ იქნან საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეო საქმიანობაში.

ქართველი ერის სიამაყე, სიწმინდე და დიდება "სვეტიცხოველი" არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ უცხოელთა ყურადღებასაც იმსახურებს და ამის გამო მის წმიდა მიდამოებში თქვენი ლოცვა–კურთხევით საეკლესიო მუზეუმ–წიგნსაცავის გახსნა ყოველმხრივ გამართლებული იქნებოდა. თქვენი მოწოდებით, მოსახლეობაში გაბნეული ისტორიული თუ სიძველეთა დაცვის თვალსაზრისით ბევრი დიდმნიშვნელოვანი საეკლესიო დანიშნულების ნივთი, წიგნი, წმიდა ხატები, ჯვარი და სხვა აღმოჩნდებოდა ეკლესიის საკუთრებაში, ე.ი. დაცული იქნებოდა შესაძლებელი განადგურებისაგან. მზად ვართ ამ დიდი საქმისათვის გავიღოთ პირადი ბიბლიოთეკაც. სააღდგომო არდადეგებისათვის შესაძლოა ვეახლოთ თქვენს უწმიდესობას და თქვენი მითითებითა და ლოცვა–კურთხევით, არსებული წესის დაცვით, სადღესასწაულო ქადაგებებით მივმართოთ მორწმუნე საზოგადოებას. ღრმა პატივისცემით გეამბორებით და გამოვითხოვ თქვენს წმიდა ლოცვა–კურთხევას. ი. შიოლაშვილი, ზაგორსკი 1957 წლის 12 თებერვალი".[25, 2718]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობა მოსვენებას უკარგავდა ახალგაზრდა სტუდენტს და ასეთი თამამი, მაგრამ სამართლიანი განცხადებით მიმართავდა იგი უწმიდესსა და უნეტარესს მელქისედეკ III–ს.

ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია "ათონის ივერთა მონასტრის ისტორია". რუსულენოვანი მასალების მოძიებისა და დამუშავების შემდეგ იგი შეხვდა ზაგორსკის აკადემიის რექტორს დეკანოზ კ. რუჟიკცის და სთხოვა მიეცა ნებართვა, რომ  რამდენიმე თვით წამოსულიყო საქართველოში ქართულენოვანი ლიტერატურის სრულად შესწავლის მიზნით. 1959 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული რექტორ კ. რუჟიცკის მომართვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ცენტრალური არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, რათა თავიანთი დაწესებულებების ბიბლიოთეკებში, წიგნსაცავებსა და ხელნაწერთა განყოფილებაში სამუშაოდ დაეშვათ სასულიერო აკადემიის  IV კურსის სტუდენტი მღვდელმონაზონი ილია (ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი). მღვდელმონაზონმა ილიამ რამდენიმე თვე იმუშავა თბილისის ბიბლიოთეკებში, ქართველი მეცნიერებისაგან მიიღო  რჩევები.

1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა ოპონენტებმა - პროფესორებმა ნ. მურავიოვმა და ა. გეორგიევსკიმ - მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმიდეს ალექსი I-ს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია ზაგორსკის აკადემიის მიერ მღვდელმონაზონ ილია შიოლაშვილის სახელზე გაცემული წარჩინების დიპლომი, რომელსაც ხელს აწერენ: აკადემიის რექტორი, დეკანოზი კ. რუჟიცკი, ინსპექტორი, არქიმანდრიტი პიტირიმი, მდივანი ა. ოსტაპოვი.[27, 1264, 826]

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ავტობიოგრაფიაში აღიშნავს: "სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, მე ვყოფილიყავი დატოვებული აკადემიაში პროფესორთა სტიპენდიატად, მაგრამ ჩემი ერის სიყვარულმა მიმატოვებინა ეს ყველაფერი და მომიყვანა საქართველოში."[27, 1264, 826,8]. იგი ეახლა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ეფრემ II–ს და ასეთი განცხადებით მიმართა: "თქვენო უწმიდესობავ! გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ."[27, 1264. 826, 10]. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მღვდელმონაზონი ილია ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: "1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის პატივში"[31, 1264, 2265]. 1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის - ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია, გამოარჩია შემოქმედელ ეპისკოპოსად. ახალი ეპისკოპოსის ხელდასხმა შესრულდა კვირას, 25 აგვისტოს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსად კურთხევას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე), ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია), სტეფანავანელი ეპისკოპოსი ზინობი (მაჟუგა).

მრავალმხრივ საყურადღებოა სიტყვა, რომელიც არქიმანდრიტმა ილიამ შემოქმედელ ეპისკოპოსად კურთხევის ჟამს წარმოთქვა: "თქვენო უწმიდესობავ! თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღვთივგანგრძნობილნო მწყემსმთავარნო და მოძღვარნო! ნებითა ღმრთისათა და ბრძანებითა თქვენისა უწმიდესობის და უნეტარესობის კათოლიკოსისთანაი სამღვდელო სინოდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მოწოდებულ ვარ მღვდელმთავრობის მადლის მისაღებად სამსახურისათვის. ჩემთვის ფრიად ძნელია, გამოვთქვა შინაგანი სულიერი განცდანი და მღელვარებანი, რომლითაც ვარ ახლა გარემოცული, ამ ჩემთვის მეტად საღმრთო და საიდუმლო ჟამს. ვგრძნობ შიშსა და ძრწოლას, მაგრამ, ამავე დროს, სულიერ სიხარულს  და იმედს, შიშსა და ძრწოლას განვიცდი, რადგან არ ვგრძნობ თავს საამისოდ მომზადებულად. უკეთუ ხანში შესული ხვავბარაქიანი დიდი პავლე მოციქული იტყვის: "ვიქადი მხოლოდ უძლურებითა ჩემითაო". მე არღარა მეთქმის ამ სიჭაბუკის წლებში, რომელ წელთა სიმცირეს არ მოუცია ჩემთვის საამისო გამოცდილება, მაგრამ მძიმე განცდების დროს მანუგეშებს და მამხნევებს ის მადლი ღვთისა, რომელიც უნდა გარდამოვიდეს ჩემს უძლურებას ზედა თქვენი საღმრთო მარჯვენის ხელდასხმით. მე მწამს, რომ ის, რომელიც არის დასაბამი და დასასრული ყოვლისა არსისა, ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით დაცემული კაცის აღსადგენად, შემაძლებინებს კეთილად წარვმართო ეს დიდი სამსახური. თუ თავით თვისით კაცს ვერ ძალუძს მიღებად ამ პატივისა, მიენიჭება მხოლოდ ღვთის მიერ მოწოდებულ (ებრაელთა 5,4)... ღმერთი შეეწევა და გაუწევს მფარველობას იმ კაცს, რომელიც ღრმად მორწმუნეა და გული გამთბარი აქვს ღვთისა და კაცის სიყვარულით. ღმერთი მიანიჭებს სიბრძნეს და გულისხმაყოფასა მას, რომელსაც აქვს შიში ღვთისა. ამისთანა კაცზედ იტყვის ბრძენი სოლომონი: `დასაბამი სიბრძნისა შიში ღვთისა არს", ხოლო მღვდელმთავარს მუდამ სჭირდება სიბრძნე ღვთიური, გონებით იყვეს ბრძენი და მაღალი, ხოლო ცხოვრებით - უბრალო და მდაბალი. იყვეს ერთგული დარაჯი ქრისტეს ეკლესიისა, იყვეს შემოსილი უბიწო ცხოვრებით, ვითარცა ბრძანებს მოციქული პავლე. სიტყვისამებრ ბრძენი სოლომონისა, "რომელიც  ვალს უბიწოდ, იგი ვალს უშიშრად". ვხედავ რა ყოველივე ამაში შეურყეველს ნებას ღვთისა, თავმდაბლად მოვიხრი სულიერსა და ხორციელს ქედსა ჩემსა თქვენს წინაშე.

მამამთავართა მამამთავარო! წმიდა ყოვლადსამღვდელონო და მამანო და ესრეთ ვქადაგებ: გმადლობთ, მორჩილ ვარ ბრძანებისა თქვენისა და არარას მცირესა წინააღმდგომსა ვიტყვი. გევედრებით, თქვენო უწმიდესობავ და ყოვლადსამღვდელონო, ოდეს დამდებთ ცხოველმყოფელი სულის მომნიჭებელთა ხელთა თქვენთა, მრჩობილ აღვავლენდეთ წინაშე ღვთისა ლოცვათა თქვენთა, რათა გარდამოსულმან სულმან წმიდამან აღავსოს ყოველივე ნაკლოვანებანი ჩემნი, რათა ვიქმნე სახედ მორწმუნეთა სიტყვით სვლით, სიყვარულით, სიწმიდით, რათა ჟამს მეორედ მოსვლისასა მოკრძალებით გარნა კადნიერებით წარვსდგე წინაშე მართალსა მსაჯულისა განცხადებად: "აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ (ებრაელთა 2.13). ამინ"[31, 1264, 8265]

ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა. ახალგაზრდა მღვდელმთავარი ენერგიულად შეუდგა მცხეთის სამოძღვრო კურსების სასულიერო სემინარიად გადაკეთებისათვის ნიადაგის მომზადებას. აკადემიაში მიღებულმა ფართო განათლებამ მას საშუალება მისცა, მაღალ დონეზე დაეყენებინა როგორც დისციპლინა, ასევე - სასწავლო პროცესი. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა და სასწავლებლის დირექტორმა სემინარიაში სამუშაოდ მიიწვია ცნობილი მეცნიერები, შეადგინეს სასწავლო პროგრამები, სალექციო კონსპექტები, სისტემატურად ტარდებოდა პედსაბჭოს სხდომები. იგი სასწავლებელში მომხდარ მნიშვნელოვან ღონისძიებებს უთანხმებდა უწმიდესსა და უნეტარესს ეფრემ II–ს. "თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ, ზეგ საშობაოთ სტუდენტებს ვუშვებთ არდადეგებზე. ხვალ, 12 საათზე, ვფიქრობ პედსაბჭოს მოწვევას. ჩვენთვის მეტად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, თუ ჩამობრძანდებით და დაესწრებით. ეპისკოპოსი ილია."

უწმიდესი ეფრემ II პედსაბჭოს ყველა სხდომას ესწრებოდა.  მცხეთის სასულიერო სემინარია შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას თავდადებული შრომით ღირსეულ სასწავლებლად იქცა. მან მოახერხა სასწავლებლის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის გადალახვა. მცხეთის სასულიერო სემინარიის  ავტორიტეტზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ აქაურ კურსდამთავრებულებს უგამოცდოდ იღებდნენ ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. მეუფე ილია, შემდეგში უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ყოველთვის პატივისცემით იხსენებდა ზაგორსკის აკადემიას, აკადემია კი ამაყობდა თავისი კურსდამთავრებულით. 1978 წლის 16 თებერვალს ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ იგი თავის საპატიო წევრად აირჩია. პატრიარქი მოსკოვში  ვიზიტისას აუცილებლად სტუმრობს ხოლმე ზაგორსკის აკადემიას.

1963–1967 წლებში მეუფე ილია მოღვაწეობდა შემოქმედის ეპარქიაში, ხოლო 1967 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ერთ–ერთი ყველაზე რთული ეპარქია იყო. XIX საუკუნეში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის ეკლესიური ინტერესების განმტკიცებას. დაიწყო ეპარქიიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევება და მათი რუსებით ჩანაცვლების პროცესი. XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის გააქტიურების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ სცადა სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან გამოყოფა, მაგრამ აფხაზეთის ქართველობის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის რუსულმა სამრევლოებმა, რუსეთის ეკლესიის ხელშეწყობით, უარი განაცხადეს, დამორჩილებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მიერ დანიშნულ ცხუმ–აფხაზეთის ქართველ მღვდელმთავრებს. ვითარება კიდევ უფრო გართულდა XX საუკუნის 20–30–იან წლებში, როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული ტენდენციების მატარებელი პარტიული ხელმძღვანელობა, ქვეყანაში არსებული საერთო ანტირელიგიური ბრძოლის ფონზე, კიდევ უფრო ავიწროებდა ქართველ სასულიერო პირებს, ეპარქიის მღვდელმთავრებს. 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (იგი 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა). ვითარება შედარებით გამოსწორდა 1943 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის რუსულენოვანი სამღვდელოება იძულებული გახდა, შერიგებოდა შექმნილ ვითარებას.

1938–1952 წლებში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიას განაგებდა მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი), 1957–1964 წლებში კი - ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია). ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო 7 ეკლესია: სოხუმის წმიდა ნიკოლოზის, თავისუფლების, სასაფლაოს ეკლესია, ილორის წმიდა გიორგის, ლიხნის, უსპენსკის, გაგრის სამლოცველო სახლი. ღვთისმსახურთა უმრავლესობა არაქართველი იყო. წირვა–ლოცვა რუსულ ენაზე სრულდებოდა. მდგომარეობა არც  1965–1967 წლებში შეცვლილა, როდესაც ეპარქიას მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) განაგებდა. ასეთი ეპარქია ჩაიბარა 1967 წელს ეპისკოპოსმა ილიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო გააფხაზებული ქართველი ა. ლაგვილავა, რომელიც ყველანაირად ავიწროებდა სასულიერო პირებს, მორწმუნე მრევლს. ერთ–ერთ საიდუმლო წერილში, რომელიც მან საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის  სახელზე გაგზავნა, იგი წერდა, რომ  აუცილებელი იყო სოფელ კამანში მეღორეობის ან მეფრინველეობის  ფერმის აშენება. "ამით დაკავდება ის ფართობი, რომელსაც წმინდა ადგილად ცნობენ და, ამავე დროს, ადგილი აღარ ექნება მორწმუნეთა მასობრივ შესვლას წყალში განსაკურნებლად"[23, 1880, 1, 29],  _ატყობინებდა იგი კომისიის თავმჯდომარეს.

ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ 2 ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა, ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას.

1969 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიტროპოლიტი ილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის სახედ იქცა.

სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში იყვნენ ადამიანები, რომელნიც ყველანაირად ცდილობდნენ მიტროპოლიტ ილიასათვის ხელის შეშლას. 1972 წლის 26 მაისს იგი იძულებული გახდა, პირადი განცხადების საფუძველზე, დაეტოვებინა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის თანამდებობა. მიტროპოლიტი ილია გულახდილად წერდა რექტორობიდან წასვლის მიზეზებზე. "როგორც მოგეხსენებათ, - მიმართავდა მიტროპოლიტი ილია  წმიდა სინოდს, – 1963 წლიდან მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II–ის დიდი შრომითა და მეცადინეობით, მცხეთაში გაიხსნა სასულიერო სემინარია, რომლის ხელმძღვანელად ვიყავი დანიშნული. ეს იყო ახალი დიდი საქმე, რომელსაც სჭირდებოდა დიდი ენერგია და გამოცდილება. არც მე და არც მასწავლებლები არ ვიშურებდით ძალას სემინარიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის. ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ბევრ წინააღმდეგობასა და სიძნელეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით სასწავლებელი მყარ ნიადაგზე დაგვეყენებინა. არ უარვყოფ იმას, რომ სემინარიის კურსდამთავრებულთაგან ყველამ ვერ გაამართლა ჩვენი იმედები და ვერ გამოიჩინა მოძღვრის მაღალი თვისებები... მიუხედავად ზოგიერთი არასასურველი ფაქტისა, ჩვენ ვხედავთ, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი თავდადებულად ემსახურება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტაძრებს. გულისტკივილით უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში, დახმარების ნაცვლად მესმოდა მხოლოდ კრიტიკა."[31, 1264, 8265] დამაფიქრებელი იყო ყოველივე ეს.

ვითარება კიდევ უფრო გართულდა 1976–1977 წლებში. ამ დროს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები იყვნენ: თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), ბათუმ–შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე), ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე), ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). იერარქიულობის მიხედვით, ქართველ მღვდელმთავართა შორის უპირატესი  იყო ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელიც ითვლებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ, მაგრამ 1977 წლის 10 სექტემბერს მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი დავით V–ის მდივანმა გ. მშვიდობაძემ ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ ილიას. გაცნობებთ, რომ კათოლიკოს–პატრიარქის, დავით V–ის ბრძანებით, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ რომანოზს, მიეცა პირველი ადგილი მიტროპოლიტთა შორის."[32, 2, 1229]

--------------------------------------------------------------

წყაროები და ლიტერატურა:

 

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3

 

სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 15 November 2011 13:05)