Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ის, რაც საღმრთო სიყვარულის ჰიმნებში სწერია უაღრესად ამაღლებულია და ყოველგვარ გრძნობადს ზეაღმატებული. ღვთისმეტყველების სიმაღლე და განსაცვიფრებელი ცოდნის სიღრმეები კაცთა გონებისათვის გაუგებარია და მიუწვდომელი. რამეთუ იგი გაბრწყინვებულია ღვთაებრივი გამონაშუქით, თვალშეუდგამი ნათლით, რომელიც აფერმკრთალებს ადამიანურ ნააზრევს. საღმრთო სიყვარულის ჰიმნებს ჩასწვდებიან ნათელი გონებისა და ღრმა სულიერების მქონე პიროვნებები, სულიწმიდის მობერვით ამ მწვერვალების გონებით დამლაშქვრელნი, რომლებიც საოცრად საღად აზროვნებენ და ზეცად ატყორცნილნი ღვთაებრივის წიაღში განიშვებენ. ამიტომ, მე, ვინც საკადრის პატივს მივაგებ ჩემს მოძღვარს, სწორედ დროული და აუცილებელი მგონია სწორ გზაზე დავაყენო ისინი, რომლებიც ცდილობენ გონების თვალით ჩასწვდნენ ღვთაებრივი ჰიმნების საიდუმლოებას. რადგან ის, ვინც მოუმზადებლად ეზიარება ღვთაებრივსა და ზეგრძნობადს, სულიწმინდის მადლმოსილების გაუცნობეირებლად და საღმრთო საგანთა შესახებ უწვრთნელი გონებით, სულს ვერარას არგებს, პირიქით, დაიმახინჯებს.

მაშასადამე, ვინც ესწრაფვის ღვთისმეტყველთა ნაწერებს ჩაუჯდეს და ღვთის შემეცნების დაუოკებელი წყურვილი კლავს, უწინარეს ყოვლისა საჭიროა, სულითა და ხორცით დაუტეოს ეს სოფელი, ყოველივე ამქვეყნიური, წარმავალი და ფუჭი სურვილები თუ მისწრაფებები, სანაცვლოდ, დაუცხრომელი ღვწით და იესო ქრისტეს მცნებათა აღსრულებით მტკიცე საძირკველი ჩაჰყაროს, რწმენის კლდეზე დააფუძნოს და თვალისმომჭრელი სასახლე წარმომართოს სათნოებათა, რათა განმართლდეს.

ოდეს ხრწნადი კრეტსაბმელს ჩამოიცილებს ავხორცობის ბადეში გახლართული ადამიანი, სიმრთელე-სიჯანსაღეს დაიბრუნებს და ქრისტეს შეიმოსავს, რასაც, რასაკვირველია, მხოლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე თუ მიაღწევს, და მიეახლება სიძეს სრულყოფილებისას ქრისტეს ასაკში. მართებს, აგრეთვე განიწმინდოს, სულიწმიდის შუქით გაბრწყინდეს და განათლდეს. უწინარეს ყოვლისა, სუფთა გონების თვალით მიმოიხილოს საკუთარი არაწმიდებანი, რაც სიტყვის მიღმური სამყაროს შეცნობისა და მის გამოუთქმელ მოძრაობათა წვდომის საწინდარია. შემდგომ, ამაღლდეს თვალხილულ, ცვალებადსა და წარმავალ გარესამყაროზე, ანუ ხორციელისა და გრძნობადის ტყვეობიდან დაიხსნას. აი, მაშინ ბაგეებზე დაეფინება სულიწმიდის მადლი, ამ ნათელს დაეწაფება და განწმენდისდა შესაბამისად, უკვე დიდებისმეტყველებს მასში დამკვიდრებულ, გარდამეტებულ უწმინდეს სახილველზე.

ასე და ამგვარად, ადამიანის ყოვლისმჭვრეტელი გონი ქედს იდრეკს იმის წინაშე, რაც ჰიმნებში სწერია. მხედველობაში მაქვს უნეტარესი და სამგზის ნეტარი წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის უაღმატებულესი და უღვთისმეტყველესი გონების ნაყოფი. ამიტომ ვინც ქვენა გრძნობების ტყვეობაში იმყოფება, მიწიერ გულისთქმებსა და ყოფით საგნებზე ფიქრში დანთქმულა, ცრუ წუთისოფლის მარწუხებში მოქცეული გონებაშერყვნილი და ბილწია, ვაფრთხილებთ, არ გაბედოს და არ წაიკითხოს, რაც ჰიმნებში სწერია. რამეთუ მისი დალიბრული მზერა მზის სხივთა თვალისმომჭრელ ციაგს ვერ გაუძლებს და თვალისჩინიც სამუდამოდ წაერთმის. ამიტომ, თავდაპირველად საჭიროა სიმძიმილისა და ბილწ გულისთქმათაგან განიწმინდოს და მერმე მიეახლოს უბიწოსა და მიუწვდომელს, მანათობელი მზის დაუსაბამობას შეერწყას და პირისპირ მიეახლოს უფალს და ესაუბროს, ვითარცა არსებას, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანური თვალთახედვით უხილავია. ამასთანევ, თავად გარდაიქმნას მზედ სიმართლისად, გასხივოსნდეს მისი გონებრივი და მოაზროვნე სხივების გამონაშუქით. რამეთუ სულიწმიდის სიღრმეებში წვდომის უნარი მხოლოდ მათ ხელეწიფებათ, რომლებიც გაცისკროვნებულან უმწვერვალესი განუხრწნელი ღვთაებრივი ნათლის შუქით და სულის მაგიერ მოუხვეჭავთ სრულიად აღურევნელი გონება. წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია და გაცილებით სასარგებლო უარი თქვა ზემოხსენებულ სიკეთეებზე და კვლავ გულს ჰმონებდე.

ამრიგად, ვინც ღირს-ქმნილა ღვთაებრივი წმიდა მამის სიტყვათა არსისა და სიღრმის წვდომისა, მასვე ხამს წმიდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ნეტარება და განღმრთობა განიცადოს. რამეთუ სხეულის, ხორცისა და ვნების ტყვეობიდან სულიწმიდით აღმოყვანებული და უფალთან ზეცად ატყორცნილი წმინდა სიმეონი სასწაულებრივ ღირს-იქმნა ღვთაებრივი გამოცხადებისა, ღვთაებრივი ნათლით განიმსჭვალა და აღივსო, ღვთის სიყვარულით გულანთებული და განაწონები სხვადასხვა სახელდებით უხმობდა და ესავდა უფალს, დიდი დიონისე არეოპაგელის მიბაძვითა და მის მსგავსადვე მიწას მომწყდარი. დიონისე არეოპაგელზეც მსგავსი ზემოქმედება იქონია საღმრთო ნათელმა. ეს ბრძენთა-ბრძენი წმინდა მამა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარად აქებდა და დიდებისმეტყველებდა უფალს, "მიზეზსა ყოველთასა და მრავალსახელ-ჰყოფდა მას, ვითარცა სახიერსა, ვითარცა კეთილსა, ვითარცა ბრძენსა, ვითარცა საყუარელსა, ვითარცა ღმერთსა ღმერთთასა, ვითარცა უფალსა უფლისასა, ვითარცა წმიდასა წმიდათასა, ვითარცა საუკუნესა, ვითარცა არსსა, ვითარცა მიზეზსა საუკუნეთასა, ვითარცა მომცემელსა ცხოვრებისასა, ვითარცა სიბრძნესა, ვითარცა გონებასა, ვითარცა სიტყუასა, ვითარცა მეცნიერებასა, ვითარცა წინაჲთვე მქონებელსა ყოველთავე საუნჯეთა მეცნიერებისათა, ვითარცა ძალსა, ვითარცა ძლიერსა, ვითარცა მეუფესა მეუფეთასა, ვითარცა ძუელსა დღეთასა, ვითარცა დაუბერებელსა და დაუხსნელსა, ვითარცა ცხოვრებასა, ვითარცა სიმართლესა, ვითარცა სიწმიდესა, ვითარცა გამოხსნასა, ვითარცა ზეშთააღმატებულსა ყოველთა სიდიდეთასა და ვითარცა ნიავ-წულილსა შინასა. ამას თანა გონებათაცა შინა იტყჳან ყოფასა მისსა და სულთაცა და ხორცთა და ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თანად თჳთ მასვე თავსა შინა თჳსსა, სოფელსა შინად, სოფლისა გარედ, სოფლისა ზეშთად, ზეშთაცად, ზეშთაარსებითად, მზედ, ვარსკვლავად, ცეცხლად, წყლად, ქარად, ცუარად, ღრუბლად, ლოდად და კლდედ, ყოვლად-ყოვლად და არცა ერთად მათ ყოველთაგანად" (დიონისე არეოპაგელი, ეფრემ მცირის თარგმანი, საღმრთოთა სახელთათჳს, ა. 6, გვ. 12-13).

ამრიგად, საღმრთო საკითხებში დიდად განსწავლული დიდი დიონისე არეოპაგელი თავის თხზულებაში "საღმრთოთა სახელთათვს" სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარად მსჯელობს და თითქოსდა იმეორებს მის ნათქვამს ღვთის რაობაზე: "ამას ყოველთა მიზეზსა და ზეშთა ყოველთა მყოფსა უსახელობაჲცა შეეტყუების და სახელნიცა ყოველთა არსთანი, რაჲთა განცხადებულ იქმნეს ყოველთა მეუფებაჲ მისი და მისსა მიმართ და მისგან ყოფაჲ ყოვლისაჲ და მის შორის, ვითარცა მიზეზსა, თავსა შორის თჳსსა შემომკრებელისა დასაბამსა და აღსასრულსა ყოველთა დაბადებულთასა და "იგი იყოს ყოველთა შორის" (I კორ. 15,28) სიტყჳსაებრ წმიდათა წერილთაჲსა". მცირეოდენი გამოტოვების შემდეგ ვკითხულობთ: "ყოველნი არსნი მასვე და ერთსა შორის არიან ყოვლისა განგებისა მიზეზსა სახიერებათა მისსა. ამისთჳს ყოველთა არსთაგან ჯეროვნად შეწყობილ არს ქებაჲ და სახელ-დებაჲ მისი. რამეთუ არა ხოლო ესე სახელები იქადაგების ღმრთისმეტყუელთა მიერ ღმრთისათჳს კერძოთგან, ანუ ყოვლით კერძოთაგან წინაგანგებულთა, ანუ წინაგანგებადთა მისთა, არამედ არს ოდესმე, რომელ საღმრთოთაცა რაჲთაგანმე ოცნებათა დიდთა შინასამეუფოთა, ანუ სხუად სადმე მესაიდუმლოეთა, გინა წინაჲ სწარმეტყუელთა და გამობრწყინვებულთაგან სხუათა და სხუათა მიზეზთა და ძალთა სახელ-სდებენ ზეშთაბრწყინვალებისასა მას მრავალ-სახელსა და ყოველთა სახელთა უზეშთაესსა სახეიერებასა და ხატთა რათმე და სახეთა კაცობრივთა გინა ცეცხლებრივთა ანუ ილეკტროანთა დასდებენ მისთჳს. და უგალობენ თუალთა მისთა და ყურთა, ვარჯთა და პირსა, ხელთა და ბეჭთსაშუვალსა, ფრთეთა და მკლავთა, ზურგით კერძოსა და ფერხთა. ამას თანა გჳრგჳნთა და საყდართა, სასუმელთა და ტაკუკთა იტყჳან მისთა და სხუათა საიდუმლოჲს სახეთა შემოიხუმენ" (დიონისე არეოპაგელი, დასახელებული გამცოემა, ა, 7-8).

წმინდა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა სულმთალად განიწმინდა სული, რაზეც ხმამაღალ საყვირებზე მეტად ღაღადებენ საღმრთო სიყვარულის ჰიმნები. იგი ღირს-იქმნა უდიდესი გამოცხადებისა, ენით უთქმელი ჭვრეტისა, საიდუმლო საუბრებისა, ღვთაებრივ ხმათა სმენისა, რაც სასწაულებრივი სახით გარდამოხდა მასზედ. მოკლედ რომ ვთქვათ, მოციქულებრივი მადლი მიიღო, სულიწმინდის ღვთაებრივი ცეცხლით აღინთო. ამიტომ არ ისურვა ბოლომდე ჩასწვდომოდა საერო სწავლებას და მჭევრმეტყველებით, საღმრთო სახელდებათა სიუხვითა და განსჯის უნარით გარდაამეტა ყველა მჭევრმეტყველსა და ბრძენს. სიბრძნის მწვერვალებს შესწვდა, ვითარცა ჭეშმარიტად ბრძენი, საღმრთო საკითხებისა და დოგმატების ზედმიწევნით მცოდნე ღვთისმეტყველი. ეს არცაა გასაკვირი, "რამეთუ მიბრძანე" - ბრძენი სოლომონის თქმით - "მისწუთების და დაუტევის ყოველთა მიერ სიწმიდით, რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და წინასწარმეტყუელთა განჰმზადებს. არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან (სიბრძნე სოლომ. 7, 24-25, 27-28).

სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სიბძნისადმი მიდრეკილმა წმინდა სიმეონმა შეიყვარა სიბრძნის სიკეთე, სოლომონისებრ, უდიდესი ძალისხმევის საფასურად მოიხვეჭა, მოიმუშაკა, დაიუნჯა და მერმე, მოპოვებული განამრავლა ცრემლებითა და ღწვით. ამიტომაც მიენიჭა გაგების უნარი, რაც ღრმა რწმენით მიიღო და გარდამოვიდა კიდეც მასზედ სული სიბრძნისა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუშორებლად ჰგიებდა მასთან ხელთუქმნელი ნათელი. ამით კი დაიმკვიდრა საუკუნო ცხოვრების ყოველი სიკეთე, აღურაცხელი სიმდიდრე სიბრძნისა და ცოდნისა. მართლაც, უზაკველად განისწავლა ენითუთქმელ საღმრთო საიდუმლოებებში და უშურველად აუწყა ყველა ჰიმნების მეოხებით, რითაც ადამიანებს სულიერი სიხარული და სარგებლობა მოუტანა. იგი როდი მიებაძა უჭკუო მონას, ღვთოვბოძებული ტალანტი რომ დაფლა, არამედ ვითარცა გონიერი ეკონომოსი, თანახმად წმინდა წერილისა, კეთილგონივრულად მოიქცა და ყოველგვარ სიმდიდრესა და განცხრომას ღმრთივმიმადლებული დაულეველი საგანძური ამჯობინა. "უზაკველად ვისწავლე", ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი "და უშურველად გავსცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს" (სიბრძნე სოლომ. 7,13).

ამიტომ ვერცხლივით უბზინავს ენა, სიმართლით აღვსილი აქვს სული, უმწიკვლო ბაგეთაგან გადმოდინდება ამაღლებული სიტყვები, ხორხიდან ღმრთივკურთხეული სხივები ბრწყინავენ და გამოუთქმელი ღვთაებრივი სიბრძნე გადმოსჩქეფს. ეს ყოველივე იქმნა წმინდა სიმეონის უდიდესი სიბრძნისა და სიწმინდის წყალობით, "რამეთუ პირი ბრძენთა", - იტყვის სოლომონ ბრძენი, - იწურთიდეს სიბრძნესა; გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაურ იყოს" (იგავთა 11, 2; 14,33). ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიბრძნის მფლობელი განუწყვეტელ გულისშემუსვრილებაში იყო. ხოლო ღვთაებრივი სიბრძნე შეიცნობა, როგორც ცნობილია, მხოლოდ შემუსრვილი გულით და არა ამქვეყნიური სიბრძნით. მას ჭეშმარიტად ასულდგმულებდა საღმრთო ნათელი, ლამპარივით უნათებდა გონებას და სავსებით ნათლად გამოთქვამდა და წერდა იმას, რასაც ნათელმხილველის მზერა ხედავდა. "ვამბობ, რასაც თვალები ხედავს" - ამბობს კიდეც ჰიმნებში. ამბობს ამას, და ღმერთს ესავს, თვალხილულ საგანთაგან უაღმატებულესსა და ყოვლისმომცველს. ვითარცა საღვთისმეტყველო საკითხებში დიდად განსწავლული დიონისე არეოპაგელი იტყვის: "გარნა არავე ყოვლად უზიარებელ არს სახარებაჲ მისი არცა ერთისა ვისთჳს არსთაგანისა, არამედ რომელმან იგი თავსა შორის თჳსსა მდგომი ზეშთაარსებისა დაამყარა შარავანდედი თითოეულისა არსთაგანსა შემსგავსებულითა მისითა ბრწყინვალებითა, სახიერების შუენიერებით გამოუჩნდების; და დასატევნელითა მით და ხედვითა და ზიარებითა და მსგავსებითა თავისისა თჳსისა მიმართ მიუწოდს წმიდათა გონებათა, რომელთა უწყოდის, ვითარმედ ჯეროვნად და დიდად შუენიერებით მოუხდებიან მას; (დიონისე არეოპაგელი, ტ. I, § 2).

ამგვარად, წინამორბედ ღვთისმეტყველთა კვალდაკვალ წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი არ გამოიძიებს გამოწვლილვით თავის ჰიმნებსა თუ მოკრძალებულ ნააზრევში იმას, რაც ღმერთშია დაფარული, და რაც კაცობრივი გონებისა თუ გრძნობისათვის მიუწვდომელია. დიდი დიონისე არეოპაგელიც ასე ახასიათებს ღვთისმეტყველს, რომელიც საღმრთო საიდუმლოებებს "გამოუკვლეველად", კრძალვით, "წმინდა გონებით" და "გამოუთქმელობასა მისსა ყოვლად ბრძნითა დუმილითა პატივ-სცემს": "გაბრწყინვებული და განათლებული მათ მიერ ღმერთ-მთავრობითითა მით გალობითა ზეშთასოფლისა" ბრწყინავს და "სამღვდელოთა მათ ქების-მეტყუელებათა მიერ განწესებული მხედველ-იქმნნა ნათელსა ღმერთ-მთავრობისა მიერ ზომიერად მომნიჭებელსა; და უგალობს კეთილმომცემელსა მას დასაბამსა ყოვლისავე დიდებულისა ნათელ-საჩინოებისასა". (დიონისე არეოპაგელი, თავი I, § 3).

ასეთია ზოგადად უძველესი წინარესახე სიბრძნის საფუძველთა საფუძველისა. რამეთუ დასაბამითგან სულიწმიდის ზეგარდმო მადლით ცხებულ კაცთა მოდგმას მამა-პაპეული სიბრძნის სიყვარული სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი. ამიტომ საღმრთო სიყვარულის ჰიმნები და სხვადასხვაგვარი წყობილსიტყვაობაც ტრფიალების ცეცხლით აღაგზნებდა მათ გონებას. სწორედ პირველყოფილი სახით ევლინებოდა იგი პოეტებს, რომლებიც თხზავდნენ ოდებს, ჰიმნებსა თუ საღმრთო სიმღერებს. ისინი ჩვეულებისამებრ, შემდგომ ხდებოდნენ ასეთები და სიბრძნით აღწევდნენ ამას, არა გონების ვარჯიშითა და მეცნიერებაში საფუძვლიანი განსწავლულობის წყალობით, არამედ სიბრძნისმოყვარეობით, რომელიც გამოწვლილვით იკვლევს სულის არსს უმაღლესი მოსაგრეობისა და სათნოებათა მოხვეჭის საფასურად. ვისაც ეჭვი შეეპარება ჩემს ნათქვამში და, ფილონ იუდეველისადმი მიმართულ საბუთს "მჭვრეტელობითი ცხოვრებისათვის ანუ მლოცველთათვის" გაეცნოს და მაშინ დარწმუნდება ჩემი სიტყვების სრულ ჭეშმარიტებაში: "ამგვარად, ისინი ჭვრეტენ მხოლოდ ამაღლებულ საგნებს წმინდა გონებით დაკვირვებით, არამედ ამა თუ იმ ლექსის, სიმღერისა თუ ჰიმნის მელოდიების აგების პრინციპულად საკრალურ რიცხვებს იყენებენ".

ამგვარად, წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის საღმრთო სახელდებების ტკბილხმოვანებას შეესაბამება დიდი დიონისეს სიტყვები დაფარულის შესახებ მიძღვნილ ღვთაებრვ ტრაქტატებში. მაგრამ ღვთისმეტყველთა მიერ აღვლენილ საღმრთო საგალობლებში გამოყენებულ თითოეულ სახელდებაში არის მცდელობა გამოწვლილვით იქნეს გამოკვლელული და ნათელი მოეფინოს ღვთაებრივის ბუნებას, რაც, რასაკვირველია, უდიდესი სულიერი ძალისხმევისა და საღმრთო წერილის სუფთა გონებით გასიგრძეგანების გარეშე წარმოუდგენელია. კვლავ დიდი დიონისე არეოპაგელი დაგვემოწმება, რომელიც აი, რას დასძენს ზემონათქვამების სასარგებლოდ: "ამას თანა შეეართებიან ჩუენნიცა ესე ღმრთისმხილველნი ანგელოზთა-მსგავსნი გონებანი რაოდენ დასატევნელ არს (ე.ი. განღმრთობილ გონებას აზრისგან დაცლისთანავე ისეთივე ერთობა აქვს საღმრთო ნათელთან, როგორც ანგელოსებს), ვინაჲთგან ყოვლისავე მოქმედებისა საცნაურისა დაცხრომაჲ ესე-ვითარი რაჲმე იქმნების, რომელ არს განღმრთობილთა გონებითა შეერთებაჲ ნათელსა მას ზეშთაღმერთთაჲსა. და ესრეთ უგალობენ მას უსაკუთრესად ყოველთავე არსთა ზეშთა-აღყვანებითა, რამეთუ ესე გამოუბრწყინვა მათ ჭეშმარიტებით ზეშთაბუნებისად მისსა მიმართმან ნეტარებით შეერთებამან, ვითარმედ ყოველთავე არსთა მიზეზ არს, ხოლო თჳთ არცა ერთი მათგანი, ვინაჲთგან მათ ყოველთა ზეშთაარსებისა ამაღლებულ არს (დიონისე არეოპაგელი, § ა, 5. ეფრემ მცირის თარგმანი).

ღვთაებრივმა წმინდა მამამ სიმეონმა, ვითარცა ბრძენთაბრძენმა ყოველივე უწყოდა და უგალობდა ღვთაებრივს, ბუნებას ზეშთაბუნებრივს, გამოუთქმელსა და "ყოველსავე სახელსა, რომელ სახელ-დებულ არს" (ეფეს. 1,21), ყოველივეს მიზეზად. იგი ღვთისმეტყველებდა უზეშთაესზე, ვითარცა უსახელოდქმნილზე. ერთის მხრივ, სხვადასხვა საღვთისმეტყველო სწავლებიდან აიღო, ის, რაც ნამდვილად თხზულების თემა იქნებოდა, საჭიროებისამებრ გადაამუშავა და ბრძნულ საღვთისმეტყველო სახელდებათა შემდგომ განვითარებაში მისი წვლილი ფასდაუდებელია. მეროეს მხრივ, ღვთისმჭვრეტ გონებაში გატარებულ ღვთივჩენილ და ჭვრეტით ხატებს მოციქულის ღვთაებრივი გადმოცემის ეჭვმიუტანლობით დაურთო "წმიდათაწმინდა" და უხინჯოდ ჭვრეტდა რა თავის მიმდევართა ღვთაებრივ ხილვებს, მდგომარეობის, სისუსტისა და ღირსების შესაბამისად მოძღვრავდა წმინდა საღვთისმეტყველო საკითხებში და თვით წმინდათა სრულყოფილებას აზიარებდა. "ხოლო მათნი განვხადნეთ; უფროჲსღა თჳთ იგინიცა, უკუეთუ ნამდჳლვე არიანღა, ვითარცა ესე-ვითარნი რაჲმე კაცნი, სიტყუათ ამათ ზედა ღმრთის მბრძოლებისაგან ვიჴსნნეთ (დიონისე არეოპაგელი, თავი 3, § 8). თუმცაღა ამგვარ განდგომას იგი შთააგონებდა საკუთარ თავს არა უმრავლესობის გამო, რამეთუ ჯერ ისევ ცოცხალთა შორის იმყოფებოდა და სწამდა დიდი დიონისე არეოპაგელის სიტყვებისა, რომელიც სწერს ტიმოთეს: "გარნა იხილე, რაჲთა არა საროკველ ჰყვნე წმინდანი წმინდათანი, არამედ შეიკრძალე და საიდუმლოთა ღმრთისათა საცნაურებითა და უხილავებითა ცნობითა პატივ-სცე, რაჟამს მიუღებელ და განუხრწნელად დაიცვნე უსრულთაგან და წმინდანი ხოლო იზიარნე წმიდათა, წმიდათა და მღდელშუენიერითა გამობრწყინვებითა. რამეთუ ესრეთ მოუცემიეს ესე ღმრთისმეტყუელებისა ჩუენ ღმრთისმგალობელთა ამათდა ("საეკლესიოჲთა მღვდელ-მთავრობისათჳს", იქვე, თავი ა. § I, ეფრემ მცირის თარგმანი), და ჩვენც, წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მიერ დამოძღვრილთ, გასიგრძეგანებული გვაქვს სიმაღლე, სიღრმე და უსაზღვროება მისი სიბრძნისა. ამიტომ, ზემონათქვამისა და წინამდებარე სიტყვის საფუძველზე უგულებელვყოფთ სრულიად უგუნურთა და საღმრთო საიდუმლოებებს არათანაზიარქმნილთ, არ გვსურს გავაუფასუროთ საღმრთო საკითხები და მხოლოდ ნათლად წარმოვაჩენთ იმათ წინაშე, ვისაც მოუპოვებიათ წმინდა სასმენელნი ღწვითა და გარჯით, ღვთაებრივზე ფიქრში ათენებენ და აღამებენ, ერთი სიტყვით წმინდანები არიან ცხოვრებითა და უმაღლესი მოღვაწეობით, რასაც თვით ღვთაებრივი მოციქული პავლეც კი შეჰნატრის და ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში კიდეც წერს: "ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ-იყუჱნენ სხუათაცა სწავლად" (II ტიმ. 2,2).

ამრიგად, სიბრძნის სიყვარულით მოღვაწეობდნენ ჭვრეტამდე ამაღლებულნი, საღვთისმეტყველო აზრებში ჩაღრმავებულნი დაე, რწმენით ჩაუკვირდნენ სულის ამგვარ მოძრაობებს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული სამგზის იგემებენ უდიდეს მადლს. სხვები კი, რომელთა გონებაც გართულია ათასგვარ ყოფით წვრილმანზე ფიქრში, წყვდიადში დაბორიალობენ და არ უწყიან მოღვაწეობის, ჭვრეტის, საღვთო საიდუმლო გამოცხადებათა ფასი, უვიცნი არიან და დაე, თავი შეიკავონ საღვთო სიყვარულის ჰიმნების წაკითხვისაგან. რამეთუ მათი შემწიკვლებული გონება ამაღლებულ სიტყვებსა და ღვთაებრივ გამოცხადებებს ვერ ჩასწვდება, საღვთო საკითხებს გააუბრალოებს, ფეხქვეშ გათელავს და შებილწავს, ვერც თვალს მიაწვდენს თვალშეუდგამ სიმაღლეებს. ადამიანის უკვდავი და მოაზროვნე სული ანგელოსურ ცხოვრებას ვერ შეძლებს თუ ღვთაებრივი ალის შეწევნით არ განიწმინდა საბოლოოდ. თანახმად მღვდელმსახურების ზედმიწევნით მცოდნე დიდი დიონისე არეოპაგელისა ეს აზრი ამგვარად არის ჩამოყალიბებული: "სულისაცა მოძრავობაჲ მომრგულებითი არს თავისავე მომართ თჳსისა შემომავლობაჲ გარეგანთაგან და საცნაურთა ძალთა მისთა ერთ-სახეობითი იგი შემოკრებაჲ, ვითარცა სიმრგულისა რაჲსაგანმე უცთომელობისა მომნიჭებელი მისი და მრავალთა მათგან გარემოებათა მომაქცეველი და პირველად თავისა თჳსისა მომართ შემომკრებელი" (თავი 4, § 9). "რამეთუ მათ მიერ, ვითარცა კეთილთა წინამძღუართა, ყოველთა კეთილთა კეთილ-დასაბამისა მიმართ აღიყვანებიან და მის მიერ აღმომდინარეთა ბრწყინვალებათა ძალისაებრ თჳსისა მიიღებენ და სახიერების სახეთა ნიჭთა, რაოდენ ძალ-უც, შეიწყნარებენ" (თავი 4, § 2).

ამიტომ სამართლიანად ვერ ვრაცხ თუკი წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის უაღმატებულესი ჭვრეტა შეიბღალება და საღვთისმეტყველო სიყვარული მისწვდება ურწმუნო, ეჭვიან კაცთა სმენას, დახშულს შურითა და უნდობლობით, ან უკეთ რომ ვთქვათ, ურწმუნოების მრუმე წყვდიადით მოცულ ბიწიან სულებს, რომელნიც ფეხქვეშ გადაუთქორავთ ვირებისა და ჯორების ჯოგს, მორიელებსა და გველებს დაუგესლავთ, მომაკვდინებელ ცოდვებსა და არაწმინდა სულთა ტყვეობაში იმყოფებიან და ამიტომ ვამბობ, რომ წმინდა საკითხებს არ უნდა მიეკაროს ყველა, ძაღლი და ღორი. მათზე ვერ გადმოვა ეს მადლი, ვითარცა წინასწარმეტყველება არ არის ყველას წილხვედრი. ამიტომ მათ ფეხებთან მარგალიტი არ უნდა დავყაროთ.

ის ვინც უმწიკვლოებით სიწმინდის უმაღლეს მწვერვალზე ამაღლდა ენით უთქმელი ღვთაებრივ ნეტარებას განიცდის საღმრთო სიყვარულის ჰიმნების წაკითხვისთანავე, საღმრთო ნათელი გარემოიცავს, სიბრძნით აღვსილსა და ამაღლებულს ღვთაებრივი ცეცხლის შარავანდედი დაეფინება.

ოდეს ამგვარ სიმაღლეს შესწვდა ღვთაებრივი და უბიწო სული წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა, ღირსიქმნა ღვთისჩენისა. მესათხევლე-მოციქულთა საღმრთო ხელდასხმას თანაზიარქმნილმა ნათელი და ელვარე გონების მეოხებით ამოიცნო ყოველი საგნის განმსჭვალავი სული, თავის თავში შეიერთა განმართლებულთა სულებიც, რომლებიც შესწვდნენ იგივე სიმაღლეს და გაბრწყინდა მთელი ცხოველმყოფელობით, რაზეც მისივე ჰიმნები ღაღადებენ. ღვთის სიყვარული განცხადდა მათში, უბიწო სული განიღმრთო, არსით წმინდას შეუერთდა და წინამორბედ წმინდანებს დაუკავშირდა, ვითარცა ნათელს - ნათელი, ცეცხლს - ცეცხლი, მზეს - მზის სხივი, ვითარცა მეორე - პირველს, ხატი და მსგავსება თავის პირველსახესა და თავად ჭეშმარიტებისა. მის სულს უნდა ვუგალობდეთ და ვაქებდეთ იმგვარი საგალობლებითა და შესხმით, ყოველგვარ სადიდებელს რომ გარდაამეტებს, რაც კი ოდესმე შეუქმნია და სმენია ადამიანათა მოდგმას. დაე, დამარცხდეს შური, სიკეთის მოქიშპე მარადჟამს და ღირსი წმინდა სიმეონს ვუგალობდეთ და დიდებისვმეტყველებდეთ ჰიმნებითა და სადიდებლებით.

ჩვენ გვერდი ავუქციეთ შეგნებულად ყველა ხერხს, რაც წმინდანების შესაქმედ გამოუყენებიათ დღემდე. ეს გამოცხადებაცა და ღაღადისიც ხომ ღვთაებრივი ხმაა, ამსოფლიურ ვნებათა ტყვეობიდან დახსნილი ყოვლად უმწიკვლო, განღმრთობილი სულისა. ყველა ადამიანური სიკეთე, თუნდაც უდიდესი ძალისხმევით ჩადენილი ადამიანებისგან შექებული, ღვთისთვისაც კი სათნო, ღვთაებრივი სიბრძნისა და ცოდნის ფონზე შესაძლოა დაჩიავდეს და გაფერმკრთალდეს.

ასე რომ, ჩვენი მოძღვარი ღვთაებრივი სიყვარულის ჰიმნებს თავაზობს უშურველთ, რომელთაც არ იციან მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა, ურწმუნოება არ უღრღნით გულ-გვამს. ამიტომ ვინც ხელში აიღებს ჰიმნებს, უწინარეს ყოვლისა, ჯერ უნდა განიწმინდოს, ამაღლდეს შურსა და ცილისწამებაზე, რათა ადიდებდეს მთელი ძალისხმევით მას, ვინც თავად განადიდებდა უფალს საქმით, სიტყვით და ჭვრეტით, ვისი სულიც და სხეულიც განაბრწყინვა ყოველ სახელზე აღმატებულმა სახელდებით. ხოლო ვინც ვერ იგემა სულიერი მადლი და ღვთაებრივი გაცისკროვნება მისივე სიბრიყვის წყალობით, ხელს ნუ ახლებს საღმრთო სიყვარულის ჰიმნებს, რამეთუ კითხვის ჟამს, მერწმუნეთ, გარდა მიმომწვლილველობისა სხვა განცდა არ დაეუფლება.



ძველი ბერძნულიდან თარგმნა
მაია ინდუაშვილმა
“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. IV. 1992 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:37)