Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ერმის ”მწყემსი” აპოსტოლურ მამათა შრომებში ითვლება. ეს წიგნი აღწერს იმ გამოცხადებებს ანუ ხილვებს, რომლებიც მის ავტორს ჰქონდა რომში. ერმს გამოეცხადა ორი პიროვნება: ერთი ასაკოვანი ქალი, მეორე კი - ანგელოზი მწყემსის სახით. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ეწოდა თხზულებას ”მწყემსი”.

 

მეორე ხილვის ერთი ადგილი (4,3) გვაუწყებს, რომ ერმმა ბრძანება მიიღო ეკლესიისგან, ორ ცალად დაეწერა გამოცხადება და მათგან ერთი გაეგზავნა კლიმენტისათვის, რომელიც აპირებდა შორეულ მხარეებში მოგზაურობას. ეჭვი არ არის, რომ აქ იგულისხმება წმიდა კლიმენტო რომაელი, რომელმაც 96 წ-ს დაწერა ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თუ ეს ასეა, მაშინ ერმი თანამედროვე ყოფილა წმ. კლიმენტისა, მაგრამ ამგვარ დასკვნას უპირისპირდება ერთი ფრაგმენტი ისტორიული ხასიათისა, რომელიც ”მურატორის ფრაგმენტის” (Fragment de Muratori) სახელით არის ცნობილი. მასში ვკითხულობთ: ”ახლახანს, ჩვენს დროში, ქალაქ რომში ერმმა დაწერა ”მწყემსი”, როდესაც მისმა ძმამ პიუსმა, ეპისკოპოსმა, დაიმკვიდრა რომის საყდარი”. ეს მოწმობა, რომელიც II ს-ის მიწურულით თარიღდება, მკვლევართა აზრით, ნდობას იმსახურებს. პიუს I-ის პაპობა 140-150 წლებს თანხდება. ხსენებული ორი ცნობა სპეციალისტთა შეხედულებით, შესაძლოა ერთმანეთს არ უპირისპირდებოდეს. ფიქრობენ, რომ ”მწყემსის” უძველესი ფენა წმ. კლიმენტის დროს არის შექმნილი, ხოლო საბოლოო რედაქცია იმავე თხზულებისა პიუს I-ის პაპობას თანხვდება. ძეგლის კრიტიკული ანალიზიც ამასვე ადასტურებს. ირკვევა, რომ თხზულების სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა დროის კუთვნილება უნდა იყოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქრონოლოგიური თვალსაზრისით საეჭვო ჩანს ორიგენეს ცნობა, რომ ”მწყემსის” ავტორი ერმი იგივე უნდა იყოს, რაც წმ. პავლეს მიერ ”რომაელთა მიმართ ეპისტოლეში” ხსენებული ”ერმი”: ”კითხვაჲ არქჳთ ასჳნკრიტეს, ფლიგონს, ერმის, პატრობას, ერმას” (რომ. 16,14).

ერმი გვაუწყებს, რომ ახალგაზრდობაში იგი რომში ვიღაც ასულს, სახელად როდეს მიჰყიდეს. თხზულებაში გამჟღავნებული ებრაიზმები ცხადყოფს ერმის ებრაულ წარმოშობას. ერმი გულწრფელობით გვესაუბრება თავის მშობლებზე, თავის საქმიანობაზე, დაგროვილი ქონების დაკარგვაზე და ა.შ. საგულისხმოა, რომ ერმი, მისივე უწყებით, მინდვრების დამუშავებას ეწეოდა. ფიქრობენ, რომ სწორედ ამით უნდა აიხსნას სასოფლო-საველე საქმიანობასთან დაკავშირებული სახე-სიმბოლოების სიმრავლე მის შრომაში. ერმი გვაუწყებს, რომ დევნულობის ჟამს ის მიატოვეს საკუთარმა შვილებმა, რომლებმაც უღალატეს მშობლებს და უწესო ცხოვრებას მიეცნენ. ცოლიც უვარგისი გამოდგა მისთვის, რადგანაც ყბედი აღმოჩნდა იგი.

ხსენებული შრომა წარმოადგენს აპოკალიპტური ხასიათის ქადაგებას სინანულისას. თხზულება უაღრესად თავისებურია ფორმითაც და შინაარსითაც. გარეგნულად ის სამ ნაწილად იყოფა: I. ”ხილვები” (შეიცავს ხუთ ”ხილვას”); II. ”მცნებები” (სულ 12 ”მცნება”), და III. ”იგავნი” (სულ ათი ”იგავი”). მიუხედავად იმისა, რომ ”მწყემსის” ამგვარი დაყოფა, როგორც ჩანს, ავტორისეულია, მაინც დაყოფის პრინციპი ნათელი არ არის, რადგანაც სამივე ნაწილი მეტად ემსგავსება ერთიმეორეს თავისი აპოკალიპტური ანუ გამოცხადებითი ხასიათით. ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევა თხზულებას ყოფს ორ უმთავრეს ნაწილად და გამოყოფს დასკვნას.

I ნაწილში შედის 1-4 ”ხილვა”, რომლებშიც ერმი აგვიწერს მისდამი ეკლესიის გამოცხადებას. თავდაპირველად ეკლესია წარმოდგება ასაკოვანი, პატივსაცემი ქალის სახით, მაგრამ, თანდათანობით, იგი განიძარცვავს ასაკოვნების ნიშნებს და მეოთხე ”ხილვაში” იძენს ახალგაზრდა სძლის სახეს.

პირველი ”ხილვის” შესავალში ერმი აგვიწერს თავის შეცოდებას იმ ქალწულისადმი, რომელსაც რომში მიყიდეს იგი. ერმმა იგი იხილა ტიბრის მდინარეში მობანავე და იმდენად მოეწონა, რომ გაიფიქრა: ”ბედნიერი ვიქნებოდი, ამგვარი სილამაზისა და ზნის ცოლი მყოლოდა”. შემდეგში, როდესაც ”ხილვა” მიენიჭება მას, იგი იხილავს სწორედ ამ ქალწულს, რომელიც შეახსენებს მას გულში ნაფიქრს და ამგვარ ფიქრს ცოდვად ჩაუთვლის. ასაკოვან ქალთან შეხვედრა უფრო ცხადად გაუმჟღავნებს ერმს მისდამი ღვთის არაკეთილგანწყობის მიზეზს: ”არათუ შენს გამო გაგირისხდა ღმერთი, არამედ შენი სახლეულის მიზეზით, რომელიც ღვთის წინააღმდეგ უღირსებაში ჩავარდა”. ცხადჩენილი ასაკოვანი ქალი სინანულისაკენ უხმობს მას.

მეორე ”ხილვაში” იგივე ქალი მიაწვდის ერმს პატარა წიგნს, რომ გადაწეროს იგი და გაავრცელოს. წიგნის შინაარსი კვლავ მოწოდებაა სინანულისკენ. აქვე მოსწავებულია მორწმუნეთა სამომავლო დევნულება.

მესამე ”ხილვაში” ასაკოვანი ქალი ერმს წარმოუჩენს კოშკს, რასაც აშენებს ერის სიმრავლე. შენობა სიმბოლურად მოასწავებს ეკლესიას. ყოველი ”ქვა”, რომელიც არ შეერთვება შენობას, უარყოფილი იქნება, ანუ, სიმბოლურად, ყოველი ცოდვილი, რომელიც არ მოინანიებს, უკუგდებული იქნება და წარიწყმიდება.

მეოთხე ”ხილვა” საშინელი დრაკონის სახით სიმბოლურად წარმოსახავს სამომავლო დევნულობას. ამასთან, ცხადყოფილია ისიც, რომ მიუხედავად თავისი სისასტიკისა ეს დრაკონი ანუ გველეშაპი ვერ ძლევს ერმს და ყველა იმას, ვინც კი რწმენის ფარითაა აღჭურვილი. საშინელი ცხოველის შემდეგ ნათელმხილველს წარმოუდგება თვალწინ ეკლესია, ვითარცა ბრწყინვალედ შემკული სასძლო, რაც სიმბოლოა მორწმუნეთა სიხარულისა და წინაპირობაა მათი შესვლისა მარადიული ეკლესიის წიაღში.

მეხუთე ”ხილვა” გარდამავალია პირველსა და მეორე ნაწილს შორის. ამ ”ხილვაში” ერმს მოევლინება სინანულის ანგელოზი მწყემსის სახით. სწორედ მან უნდა წარმართოს სინანულისაკენ ცოდვილნი და ააღორძინოს ქრისტიანობა. ეგევე ანგელოზი წარმოთქვამს ”მცნებებს” და ”იგავებს”.

II. მეორე ნაწილი მოიცავს თორმეტ მცნებასა და ცხრა იგავს.

ა) ”თორმეტი მცნება” წარმოაგენს ქრისტიანული ეთიკის შეჯამებას: (1) რწმენა, შიში ღვთისა, ზომიერება; (2) სიწრფელე და უმანკოება გულისა; (3) ალალმართლობა; (4) სიწმიდე ქორწინებასა და ქვრივობაში; (5) მოთმინება და საკუთარი თავის ფლობა; (6) მოძღვრება ორი ანგელოზის, კეთილისა და ბოროტის შესახებ; (7) მოშიშება ღვთის და უშიშროება დემონისა; (8) ბოროტის ქმნისგან განდგომა და ქველმოქმედება; (9) მარადიულად და დაუეჭვებლად ვედრება ღვთისადმი; (10) მოწყენილობისა და სასოწარკვეთილების უარყოფა; (11) ცრუწინასწარმეტყველთა შეცნობა საქმეთაგან; (12) ბოროტი სურვილებისგან განდგომა და რწმენა იმისა, რომ ხსენებულ მცნებათა აღსრულება ძნელი არ არის ღვთისმოშიშთათვის.

ბ) ”ათი იგავი”. ხუთი იგავი გულისხმობს ამა თუ იმ ზნეობრივ შეგონებას; პირველი მათგანი ჭეშმარიტ ქრისტიანებს წარმოგვიდგენს როგორც ”უცხოებს” ამქვეყანაზე: ”იცით თქვენ თუ არა, მონანო ღვთისა, რომ უცხოობაში იმყოფებით? თქვენი ქალაქი შორსაა ამ ქალაქისგან. ამიტომ, თუკი იცით თქვენი მამული, სადაც უნდა იცხოვროთ, რის გამო ყიდულობთ ამქვეყნად მიწებს, რატომ აშენებთ ბრწყინვალე სახლებს და უსარგებლო საცხოვრისებს? ვინც ამ ქალაქში იძენს ქონებას, ის აღარ განიზრახავს თავის მამულში დაბრუნებას. უგუნურო, ორგულო და საწყალობელო კაცო, ნუთუ ვერ ხვდები, უცხოა შენთვის ეს ყველაფერი და სხვას ეკუთვნის. ამ ქალაქის მფლობელი ამბობს: ”ან დაიცავი ჩემი კანონი ან განერიდე ჩემს სამფლობელოს”. ასე რომ, რას იქმ შენ, რომელსაც შენი კანონი გაქვს შენს მამულში? ნუთუ მინდვრებისა და სხვა მოსახვეჭელთა მიზეზით უარყოფ მამულისეულ კანონს? თუკი უარყოფ, შემდეგ კი კვლავ ისურვებ იქ მიბრუნებას, სადაც არის შენი მამული, არ მიგიღებენ და გაგაძევებენ. ასე რომ, უცხოეთში მყოფი უცხოს მსგავსად შენთვის ნურაფერს ნუ შეიძენ, გარდა იმისა, რაც სიცოცხლისათვის არის საჭირო”.

მეორე იგავი მდიდრებს მოუწოდებს, რომ დაეხმარონ ღარიბებს. თავის მხრივ, ღარიბების ლოცვა შეეწევა მათ. ისინი ემსგავსებიან ვენახსა და თელას. თუმცა თელა უნაყოფოა, მაგრამ იგი საყრდენს აძლევს ვენახს, რომელიც თელას შემწეობით ნაყოფიერი ხდება. თხზულებაში ვკითხულობთ: ”ვენახი ნაყოფს იძლევა, ხოლო თელა უნაყოფო ხეა, მაგრამ ვენახი უხვად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი საყრდენად თელა არ ექნება მას, რამეთუ თუკი მიწაზე დაწვება იგი, დამპალ მტევნებს მოისხამს, მაგრამ თუ ვენახი თელაზე ჩამოეკიდება, მაშინ თელაც ნაყოფიერი გამოჩნდება. ასე რომ, ხედავ, თელაც არანაკლებ ნაყოფს იძლევა... ეს ყველაფერი ღვთის მონისათვის იგავია მდიდარისა და ღარიბისა... მდიდარი ბევრ საუნჯეს ფლობს, მაგრამ უპოვარია უფლის წინაშე; საკუთარი სიმდიდრით გატაცებული ძალიან ცოტას ლოცულობს უფლისადმი - მაგრამ როდესაც მდიდარი ღარიბს მოწყალებას აძლევს, მაშინ ღარიბი ლოცულობს უფლისადმი მდიდრისათვის და ღმერთი თავის ყველა მადლს ანიჭებს მდიდარს, რამეთუ ღარიბი მდიდარია ლოცვით და მისი ლოცვა დიდად ძალმოსილია უფლის წინაშე... ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც მდიდარნი არიან და იმასაც ხვდებიან, რომ ღვთის მიერ გამდიდრდნენ, რამეთუ ვინც ამას მიხვდება, იგი შემძლეა კეთილი საქმისა.”

მესამე იგავი ეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი ამქვეყნად ცოდვილთა და მართალთა გარჩევა; მთელი იგავი და მისი კომენტარი ასეთია: ”მწყემსმა მიჩვენა მე ბევრი ფოთლებგაცვენილი ხე, რომლებიც გამხმარს ჰგავდნენ: ყველა ისინი მსგავსნი იყვნენ (ერთმანეთისა). და მითხრა მე: ”ხედავ ამ ხეებს?” - მივუგე: ”ვხედავ, რომ მსგავსნი არიან ერთმანეთისა და გამხმარნი ჩანან”. მან კი მომიგო: ”ეს ხეები გამოსახავენ ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს”. ვკითხე: ”უფალო, რატომ ჰგვანან ისინი გამხმარ ხეებს და რად ემსგავსებიან ერთურთს?” მომიგო: ”ეს იმიტომ, რომ ამქვეყნად (სიტყვ. ”ამ ჟამში”) არ ჩანს არც მართალი, არც უღირსი ადამიანი. მსგავსნი არიან ისინი ურთიერთისა... აწინდელი ჟამი არის ზამთარი მართალთათვის, რომლებიც ცოდვილებთან თანამყოფობენ და, ჩვეულებრივ, არც განირჩევიან მათგან, და როგორც ზამთარში ყველა ფოთლებდაცვენილი ხე მსგავსია ერთიმეორისა, რადგან არ ჩანს, თუ რომელი გახმა მართლაც მათ შორის და რომელია სიცოცხლისუნარიანი, ასევე აწინდელ ჟამში არავის ძალუძს გამოიცნოს მართალი და შეცოდებული, რამეთუ მსგავსნი არიან ერთმანეთისა”.

მეოთხე იგავი გაგრძელებაა ზემოთქმულისა: ”კვლავ მიჩვენა მე მრავალი ხე მწყემსმა; ზოგი მათგანი აყვავილდა, ზოგი კი გახმა... თქვა მან: ... ამწვანებული ხეები მოასწავებს მართალთ, რომელთაც მოელით სამომავლო საუკუნეში ცხოვრება, რამეთუ სამომავლო საუკუნე ზაფხულია მართალთათვის და ზამთარი - ცოდვილთათვის. ოდეს გამობრწყინდება მადლი უფლისა, მაშინ გაცხადდებიან ღვთისმსახურნი, რამეთუ ხილვადი გახდება ყოველივე. ასე რომ, როგორც ზაფხულში ყოველი ხე ნაყოფს მოისხამს და გამოჩნდება, თუ როგორია ეს ნაყოფი, ასევე გამჟღავნდება და ცხადი გახდება მართალთა ნაყოფიც. ყველა ისინი მომავალ საუკუნეში განიხარებენ. ცოდვილნი და წარმართნი ის გამხმარი ხეებია, შენ რომ იხილე. მომავალ საუკუნეში გამხმარნი და უნაყოფონი გამოჩნდებიან ისინი და მიეცემიან ცეცხლს, ვითარცა შეშა... ცოდვილნი ცეცხლით შეიწვებიან, რამეთუ სცოდეს და არ შეინანეს, ხოლო წარმართნი შეიწვებიან იმიტომ, რომ არ შეიცნეს მათ ღმერთი, შემოქმედი მათი”.

ჩვენ აღარ განვაგრძობთ დეტალურ მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე, რადგანაც ამგვარი მსჯელობა დიდად განავრცობდა წინამდებარე ნაკვეთს. მოკლედ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი სიმბოლურ-ალეგორიული შინაარსისაა მომდევნო იგავებიც. თითოეული მათგანი ღრმა აზრის შემცველია.

მკვლევართა აზრით, მერვე ”იგავი” შესაძლოა გვიანდელი დანართი იყოს. ეს იგავი კვლავ უბრუნდება ზემოხსენებულ სიმბოლოს კოშკისას და რამდენადმე ცვლის მას. მაგალითად, ”იგავის” მიხედვით, განსხვავებული ქვები, რომლებითაც იგება შენობა, ცოდვილთა სხვადასხვაობას ასაჩინოებს. აქვე თქმულია ისიც, რომ გარკვეული დროის მანძილზე შეყოვნებულია შენობის დასრულება. მიზეზი ისაა, რომ მიეცეს დრო უფრო და უფრო მეტ ცოდვილს, მოინანიონ და შენობას შეერთონ. მკვლევართა აზრით, ამგვარი სიახლენი კოშკის ადრე აღწერილ სიმბოლოლოგიაში, შესაძლოა, თვით ერმის მიერ იყოს შეტანილი.

მესამე ნაწილი ანუ დასკვნა თხზულებისა არის ბოლო, მეათე ”იგავი”. სინანულის ანგელოზი, რომელმაც ერთხელ უკვე აუწყა ერმს, შედგომოდა საკუთარი ოჯახის განწმენდას, კვლავ ანდობს მას სხვათა მოქცევის მისიას. ეს მისია საზოგადოა. ერმი მოწოდებულია, რომ სინანულისკენ უწინამძღვროს ყოველ შემხვედრს. ასე ემეტყველება მას ანგელოზი: ”მხნედ აღასრულე ეს მსახურება: საღვთო სიდიადე უქადაგე ყოველ კაცს. ამით შენსავე მსახურებაში მადლს შენვე ჰპოვებ. ვინც აღასრულებს ზემორე მცნებებს, იცოცხლებს და ინეტარებს, ვინც კი უარყოფს, უარყოფს სიცოცხლეს და უბედური იქნება მისი ცხოვრება. აუწყე ყველას, არ დააყოვნონ ქველმოქმედება, რამეთუ ქმნა კეთილისა არგებს მათ... ნუ დაახანებთ, რომ არ დასრულდეს აგება კოშკისა, რამეთუ სწორედ თქვენს გამო შეწყდა შენება. თუ არ ისწრაფებთ, რომ სრულნი გახდეთ, აიგება კოშკი და თქვენ მის გარეთ აღმოჩნდებით”.

ი. კვასტენის შეფასებით, ”პირველ საუკუნეთა ქრისტიანობაში არ არსებობს სხვა შრომა, რომელშიც საზოგადოების ცხოვრება გაშლილი იყოს იმგვარი ბუნებრიობით, როგორც ეს გვხვდება ერმის ”მწყემსში”. მასში თავს იჩენს ყოველი სახის ქრისტიანი, კარგიც და ცუდიც. აქ გვხვდება ეპისკოპოსნი, მღვდელნი, დიაკონნი, რომლებიც ღვთის წინაშე ღირსეულად აღასრულებენ თავის მსახურებას, მაგრამ ჩნდებიან ისეთი მღვდლებიც, რომლებიც განკითხვას მიეცემიან მათივე ამპარტავნებით, დაუდევრობით, ამბიციურობით, აგრეთვე, დიაკვნები, რომლებმაც თვით მიითვისეს ობოლთა და ქვრივთა საფასე. აქვე ვხვდებით მარტვილებს, რომელთა მხნეობაც არცერთი წამით არ შერბილებულა, მაგრამ აქვეა განდგომილები (რწმენისაგან, ე.ჭ.), გამცემნი და მოღალატენი, ქრისტიანები, რომლებიც განდგნენ უბრალო მიწიერ სურვილთა მიზეზით, ხოლო ზოგნი ისეთნიც, რომლებიც უსირცხვილოდ მოკლავენ მათ ღმერთს და მათსავე ძმებს. ჩვენს წინაშე წარმოდგებიან მოქცეულები, რომლებსაც არ ამძიმებთ არცერთი ცოდვა, მაგრამ აქვე ჩნდებიან ყოველი სახით ცოდვილნი... ვხვდებით მწვალებლებს, მერყევ ხალხსაც, რომლებიც ეძიებენ სიმართლის გზას, კარგ ქრისტიანებს მცირედი შეცოდებებით, ცბიერებსა და ფარისევლებს (ჰიპოკრიტებს). ერმის წიგნი წარმოადგენს რომაული ეკლესიის სინდისიერების ვრცელ შემოწმებას”.[1]

ერმის ”მწყემსმა” ორიგინალის, ე.ი. ბერძნულ ენაზე ჩვენამდე მოაღწია შემდეგი ხელნაწერებით:

1. სახელგანთქმული ”სინური ხელნაწერი” (Codex Sinaiticus), IV ს-ისა შეიცავს მხოლოდ I მეოთხედს თხზულებისას.

2. ათონური ხელნაწერი V ს-ისა შეიცავს მთელ შრომას, რომელიც ნაკლულია ბოლო ნაწილში.

3. მიჩიგანის პაპირუსთა კოლექციაში აღმოჩნდა ორი ფრაგმენტი, მათგან პირველი, ვრცელი, შეიცავს ”იგავთა” 2, 8-9 და 5,1 ნაწილს, ხოლო მეორე, მცირე - ”მცნებათა” 2 ნაწილს, აგრეთვე, მესამე ”მცნების” დასაწყის სიტყვებს.

4. ჰამბურგის ფრაგმენტი, რომელიც შეიცავს: ”იგავნი” 4,6-7, 5,1-5 ნაწილებს.

5. აღმოჩენილია სხვა უმნიშვნელო ფრაგმენტებიც.

ერმის თხზულების თარგმანებიდან შემორჩენილია: ორი ლათინური თარგმანი და ერთი ეთიოპური. შემოგვრჩა ფრაგმენტები თარგმანისა კოპტური ენის საჰიდურ დიალექტზე, აგრეთვე ერთი ფრაგმენტი საშუალო სპარსული თარგმანისა.

---------------------------------------------------------

 

[1] - I. Quasten, initiation. I, p. 112.

 

ედიშერ ჭელიძე

I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი V

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 NOVEMBER 2012 11:22)