Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმიდა პოლიკარპე სმირნელს. იგი სმირნის ეპისკოპოსი იყო და, როგორც მოციქულთ მოწაფეს, უდიდეს პატივს სცემდნენ. ირინეოსი გვაუწყებს, რომ წმიდა პოლიკარპე ფერხთით უჯდა იოანე ღვთისმეტყველს. სწორედ მოციქულთა მიერ იკურთხა იგი სმირნის ეპისკოპოსად (“ერესების წინააღმდეგ”, 3,3,4; იხ. ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. 5,20,5).

წმიდა პოლიკარპე, როგორც სმირნის ეპისკოპოსი, იხსენიება წმიდა ეგნატე ანტიოქიელის[2] რამდენიმე ეპისტოლეში. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ მისდამია მიმართული. წმიდა პოლიკარპეს პიროვნების წარმოსაჩენად საჭიროდ მივიჩნიეთ ეპისტოლეებიდან გამოგვეკრიბა ის ადგილები, სადაც სრულად ვლინდება ღირსეული ეპისკოპოსის უაღრესად შთამბეჭდავი სახე. მისალმებაშივე წმიდა ეგნატე ხაზს უსვამს მის ღვთის მიერ რჩეულობას და ამბობს: “წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი სმირნელთა ეკლესიის ეპისკოპოს პოლიკარპეს, უმეტესად განგებულს (μαλλον επισκοπημενω) მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ, ვახარებ მრავლითა სიხარულითა”.

მისალმების შემდეგ წმიდა ანტიოქიელი მოწამე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წმიდა პოლიკარპეს მტკიცე რწმენის შესახებ: “პატივს ვცემ რა შენს მტკიცე რწმენას, როგორც შეუძვრელ კლდეზე დამტკიცებულს, აღსავსე ვარ ღვთისადმი მადლიერებით, რომ ღირსი გამხადა და ვიხილე შენი უბიწო სახე, რომლითაც ვისურვებდი, რომ მუდამ დავმტბარიყავი ღმერთში.[3] გევედრები იმ მადლით, რომლითაც შემოსილი ხარ, წარემატო შენს სრბაში და ევედრო ყველას, რომ ცხონდნენ”.

წმიდა ეგნატეს ეს სიტყვები ნათელს ჰფენს ღმერთშემოსილი და უბიწო ეპისკოპოსის სახეს. მაგრამ ეგნატე ანტიოქიელი მხოლოდ ამით როდი კმაყოფილდება, შეაგონებს კიდეც, რომ დაადგრეს მოუკლებელი ლოცვით, ყველას მიმართ ჰქონდეს სიყვარულისმიერი მოთმინება, რასაც იქმოდა კიდეც წმიდა პოლიკარპე. “ითხოვე უაღრესი გულის-ჴმისყოფაჲ, რომელი-ეგე გაქუს”, “უფროჲს შესძინე მოსწრაფებასა შენსა, რომელი-ეგე გაქუს”, ჯერ არს და გშვენის, ღმრთივსანატრელო (θεομακαριστοτατε) პოლიკარპე, რათა ჰყოთ განზრახვაჲ ღმრთივშუენიერი და ჴელნი დაასხნეთ, რომელიცა იყოს საყუარელ თქუენს შორის და უცონელი და ფრთხილ და ძალედვას მკჳრცხედ ღმრთისა წოდებად; და ესე ღირს ჰყოთ წარსლვად ასურეთად დამყარებად მღდელმოძღურისა, რაჲთა მი-რა-იწიოს მუნ, განათქუას უცოენლი იგი სიყუარული თქუენი სადიდებელად ღმრთისა”.

ამ შეგონებებშიც სავსებით ცხადად ჩანს, რომ პოლიკარპე სიყუვარულით მოძღვრავს ყველას, აქვს საღვთო სიყვარული მოყვასის მიმართ, გულისხმისმყოფელია და მოსწრაფე.

მასვე მიეკუთვნება ისეთი აღმატებული ეპითეტი, როგორიცაა “ღმრთივსანატრელი”. ამდენად, წმიდა ეგნატე ღმერთს და პოლიკარპეს ანდობს ანტიოქიის ეკლესიის საქმეთა განგებას და სთხოვს მას, თავად დაასხას ხელი, ვინც ღირსი აღმოჩნდება აქ წასასვლელად.

“აწ უკუე ესე საქმე ღმრთისაჲ არს და თქუენი. და უწყი, ვითარმედ სრულ იყოს იგი. რამეთუ მრწამს, ვითარმედ მადლითა ღმრთისაჲთა მზა ხართ აღსრულებად საქმეთა ღმრთისათა”.

წმიდა პოლიკარპეს ქებას ეგნატეს მხრიდან მხოლოდ მისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში როდი ვხვდებით, არამედ სმირნის ეკლესიისადმი მიმართულ ეპისტოლეშიც. აქ ის კიდევ უფრო აღმატებულ ეპითეტებს განუკუთვნებს სმირნელ ეპისკოპოსს: “მოვიკითხავ ღირსსა ღმრთისასა ეპისკოპოსსა თქუენსა პოლიკარპოსს” (სმირნელთა მიმართ); “მოგიკითხავს თქუენ პოლიკარპოს ყოვლად შუენიერი ეპისკოპოსი, რომელიცა ზრუნავს თქუენთჳს და ეურვების თქუენთჳს” (იხ. ანტიოქიელთა მიმართ გაგზავნილი ეპისტოლე); “მოვიკითხავ წმიდასა ეპისკოპოსსა პოლიკარპოსს” (იხ. ფილიპელთა მიმართ); “გიყუარს პოლიკარპოს სამგზის სანატრელი” და სხვა.

ვფიქრობთ, ეს ადგილები წმ. ეგნატეს ეპისტოლეებიდან ცხადად მოწმობენ მის რჩეულობასა და სახელგანთქმულობას. უმძიმესი იყო ის პერიოდი ეკლესიისათვის, რომელშიც ამ პიროვნებას უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა. იმ დროისათვის ქრისტეს ეკლესიამ უკვე გადაიტანა მრავალი დევნა და შევიწროვება. ქრისტიანები წარმართი იმპერატორების მიერ ცხადდებიან უღმერთოებად, ვინაიდან ისინი თაყვანს არ სცემენ კერპებს და არ მონაწილეობენ მსხვერპლშეწირვაში. ერთი მხრივ, განუკუთხავად იღვრება უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი, მეორე მხრივ კი – ეკლესიას სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვის სხვადასხვა მწვალებლობა. ფართო ასპარეზია გაშლილი ქრისტესათვის მოღვაწეობისა და თავდადებისათვის.

როგორც ირკვევა, წმ. პოლიკარპეს უმცროსი თანამედროვე ყოფილა გნოსტიკოსი მარკიონი. წმიდა ირინეოსი გვაუწყებს, რომ ისინი პირისპირაც შეხვედრიან ერთმანეთს და, როდესაც მარკიონს უკითხავს, იცნო თუ არა მან იგი, წმიდა პოლიკარპეს უპასუხია: “რა თქმა უნდა, გიცანი სატანის პირმშო” (ერესების წინააღმდეგ, 3,3,4).

წმიდა პოლიკარპე სმირნის ეპისკოპოსია, აგრეთვე, 155 წელს, როდესაც მას კამათი ჰქონია რომის პაპ ანიკეტისთან სხვადასხვა საეკლესიო საკითხზე, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო აღდგომის დღის განსაზღვრის თარიღი. ამ საკითხის შესახებ მსჯელობას ვხვდებით წმიდა ეგნატე ანტიოქიელის ერთ-ერთ ეპისტოლეშიც.

ჩვენამდე მოაღწია სმირნის ეკლესიიდან ფილომელიუმის მრევლისადმი გაგზავნილმა ეპისტოლემ, რომელსაც ხელს აწერს ვინმე მარკიონი (ეს მარკიონი არ უნდა აგვერიოს მარკიონ გნოსტიკოსში).

როგორც მიიჩნევენ, ეპისტოლის დაწერის თარიღია 156 წლის 22 თებერვალი. მასში საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი წმიდა პოლიკარპეს მარტვილობა. ხსენებული დოკუმენტი ყველაზე ადრეული მარტვილოლოგიური ძეგლია. იგი თვითმხილველთა მიერ მალევეა შედგენილი. ფილომელიუმის ეკლესიის წევრებს თხოვნით მიუმართავთ სმირნის ეკლესიისათვის, რომ გაეგზავნათ მათთვის პოლიკარპეს მარტვილობასთან დაკავშირებით მომხდარი ამბები, რომელსაც ისინი, თავის მხრივ, გაუგზავნიდნენ სხვა ეკლესიებს, რათა მათაც ედიდებინათ ღმერთი. ეპისტოლე დაწერილია პირველ წლისათვზე ადრე და როგორც “პოლიკარპეს მარტვილობის” მთარგმნელი ქ. მათიაშვილი შენიშნავს, მის ავთენტურობაში ეჭვის შეტანის არავითარი საბაბი არ არსებობს. პირიქით, ყველაფერი გვიქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს წინაშეა უბრალო, პირდაპირი და მხურვალე მოთხრობა, დაწერილი ცოცხალი მოგონების განცდით. ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე არის ევსები კესარიელი, რომლის მიერ შედგენილ “საეკლესიო ისტორიაში” მოცემულია ამ მოთხრობის დეტალური რეზიუმე, VIII-IX თავები კი სრულადაა ჩართული. პოლიკარპეთი მხურვალე აღტაცების მიუხედავად, წამების ტექსტი მთლიანად განმსჭვალულია სიწრფელითა და სიმართლით, არავითარი გადაჭარბება ან იგავარაკული დეფორმაცია ამბისა. თხზულებაში ნათელია ძალზე კონკრეტული თეოლოგიური განზრახვა: აქ ლაპარაკია არა მხოლოდ პოლიკარპეს მაგალითით მკითხველთა მოთმინებასა და მოწყალებაზე, არამედ ნაჩვენებია, რომ წამება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს მიბაძვა. ეგნატე ანტიოქიელი ევედრება რომაელებს, რომ “აცალონ მიბაძოს თავის უფალს”. თვით პოლიკარპე სწერს ფილიპელებს: “ამრიგად, მივბაძოთ მის [ქრისტეს] მოთმინებას და თუ ვევნებით მისი სახელის გამო, განვადიდებთ მას, რადგან ეს ნიმუში დაგვიდო მან ჩვენ თავისი თავის მიერ და ჩვენ ვერწმუნეთ მას”.

არ არსებობს უფრო დიდი სიყვარული, ვიდრე სიცოცხლის შეწირვა, და მოწამე ქრისტეს დარად გაიღებს სიცოცხლეს. სმირნის ქრისტიანები სიამაყით აღნიშნავენ, რომ პოლიკარპეს წამება წვრილმან დეტალებშიც კი უფლის ვნების მიბაძვაა. იესოს მსგავსად, პოლიკარპე თვითონ როდი ეძებს სიკვდილს, არამედ ელოდება, როდის გასცემენ მას. ისიც ქალაქის გარეუბანს აფარებს თავს, როგორც უფალი გეთსამანიას. ის გასცა საკუთარი სახლის წევრმა – შინაურმა, როგორც იესო იუდამ. ასისთავს, რომელმაც იგი შეიპყრო, ჰქვია ჰეროდე. არის პარასკევი, ვახშმობის დრო და, სანამ ჯარისკაცები შეიპყრობენ, პოლიკარპეც დიდხანს ლოცულობს. ძალზე შთამბეჭდავია ეს მცდელობა იმის წარმოსაჩენად, რომ პოლიკარპე ქრისტეს სახარებისმიერი მოწამეა. ქრისტიანებისათვის ეს იყო შესანიშნავი მაგალითი, მათ უნდა მიებაძათ მხცოვანი ეპისკოპოსის სარწმუნოებისა და მოთმინებისათვის. წმიდა პოლიკარპეს მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმული ლოცვა თავისი თეოლოგიური და ლიტურგიკული მნიშვნელობის გამო არაერთხელ შეუსწავლიათ. ტექსტი ბიბლიურ რემინისცენციებს იწვევს. მოწამე მიმართავს უფალს, ყოვლისმპყრობელ ღმერთს, პანტოკრატორს. ეს ფორმულა ჩვეული რამაა სეპტუაგინტაში და ფილონ ალექსანდრიელთან, აგრეთვე, ხშირად გვხვდება “აპოკალიფსში”. ღმერთი არის ქრისტეს მამა. იესო არის უფლის “საყვარელი” და “კურთხეული” შვილი. შვილის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა ”Poij” არცთუ იშვიათად გამოიყენებოდა უფალთან მიმართებაში პირველი პერიოდის ქრისტიანულ ლიტერატურაში. სახარებაში ეს ტერმინი გამოყენებულია ერთადერთხელ, როდესაც მახარებელი იმოწმებს ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს (მათე, 12,18).

წმიდა პოლიკარპეს მარტვილობას უდიდესი გამოძახილი ჰქონია თანამედროვეთა შორის. მის შესახებ ასეა დაწერილი: ”ასეთია ამბავი ნეტარი პოლიკარპესი, რომელიც ფილადელფიელებთან ერთად მეთორმეტე მოწამე იყო სმირნაში. იგი ერთადერთია, ვინც ყველა სხვაზე მეტად ახსოვთ, იმდენად ახსოვთ, რომ წარმართებიც კი ყველგან მასზე ლაპარაკობენ. იგი იყო არა მარტო სახელგანთქმული მოძღვარი, არამედ გამორჩეული მოწამეც. ყველას სურს, მიბაძოს მის წამებას, ქრისტეს სახარების შესაბამისს. აღსანიშნავია, რომ პოლიკარპეს ნეშტი არ დარჩენილა. თავისი მოთმინებით მან სძლია უსამართლო მთავარს და უკვდავების გვრგვინი მოიპოვა. ახლა ის მოციქულებთან და ყველა მართალთან ერთად სიხარულით ადიდებს ღმერთს და ყოვლისმპყრობელ მამას და აკურთხევს ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, ჩვენი სულების მხსნელს და კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის მწყემსს”.

”წმიდა პოლიკარპეს მარტვილობა” მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე ადრინდელი მარტვილობა დღეისათვის ცნობილი ძეგლებიდან. იგი მნიშვნელოვანია თავად ტერმინ ”მარტვილის” გასაგებადაც. ცხადადაა თქმული, რომ მარტვილი მბაძველია უფლის ვნებებისა. ვიდრე ამ ძეგლის სხვა ღირსებულებებს შევეხებოდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია, მოვიტანოთ ის ადგილები, რომელიც უშუალოდ მოწამის სიმტკიცისა და მსოფლმხედველობის დასადასტურებლად არის აუცილებელი.

თხრობის მიხედვით[4], ყოვლადსაკვირველი პოლიკარპე,  როდესაც ქრისტიანთა დევნის შესახეგ გაიგებს, არ შეშფოთდება. იგი ქალაქში დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ, ვინაიდან უმრავლესობა არწმუნებს, გაიხიზნოს, მიდის ქალაქიდან არც ისე მოშორებით, სადაც იმყოფება მცირერიცხოვან ახლობლებთან ერთად. იგი დღედაღამ ლოცულობს კათოლიკე ეკლესიისა და ყოველი ადამიანისათვის. ლოცვისას ეძლევა ხილვა, რომ მისი ბალიში ცეცხლში იწვის. პოლიკარპე თავისიანებს ეუბნება: ”ცეცხლში უნდა დამწვან”. მას ეძებენ. როგორც იქნა, მიაგნეს საძიენებელ ოთახში მწოლარეს; ჯერ კიდევ შეეძლო სხვაგან წასვლა, მაგრამ არ ისურვა და თქვა: ”იყოს ღვთის ნება!” პოლიკარპემ დრო ითხოვა ლოცვისთვის და ორი საათის განმავლობაში არ დადუმებულა. მსმენელნი შეცბუნდნენ. მრავალმა შეინანა ასეთი ღმრთივგანბრძნობილი მოხუცის შესაპყრობად მოსვლა. ლოცვის დამთავრების შემდეგ სახედარზე შესვეს და ქალაქისაკენ წაიყვანეს. დიდი შაბათი იყო. კონსულმა სტაციუს კვადრატუსმა სმირნის ეპისკოპოსს მოსთხოვა დაეგმო ქრისტე, პოლიკარპემ კი მიუგო: ”უკვე 86 წელია, მას ვმსახურებ და არავითარი უკეთურება არ მოუწევია ჩემზე. როგორ ძალმიძს, შეურაცხვყო ჩემი მეუფე და მაცხოვარი?” პოლიკარპეს აიძულებდნენ, დაეფიცა კეისრის ბედი, რაც მისი ღვთაებრიობის აღიარებას ნიშნავდა. მან ასე უპასუხა: ”თუ ფიქრობ, რომ დავიფიცებ კეისრის ბედს, როგორც შენ ამბობ და თავი ისე მოგაქვს, თითქოს არ იცოდე, ვინ ვარ, პირდაპირ გეტყვი: ”ქრისტიანი ვარ. თუ გსურს, გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მომეცი ერთი დღე და მომისმინე”. ანთიპატოსმა კი მიუგო: ”დაიყოლიე ხალხი”. პოლიკარპე მიბრუნდა და უთხრა: ”შენთან მსურს საუბარი. მართლაც, ჩვენ გვასწავლეს, რომ ღვთის მიერ დადგენილ მთავრებს და ხელისუფალთ ჯეროვანი პატივი მივაგოთ, თუკი ეს ვნებას არ შეგამთხვევს, მაგრამ ამ ხალხს ღირსად არ ვცნობ, რომ მათ წინაშე თავი დავიცვა.” ანთიპატოსმა უთხრა: ”მხეცები მყავს და მათ მივუგდებ შენს თავს, თუკი აზრს არ შეიცვლი”. მან კი მიუგო: ”ჩვენთვის შეუძლებელია აზრის შეცვლა უკეთესიდან უარესისაკენ, არამედ სასიკეთოა გადასვლა ბოროტებიდან სამართლიანობისაკენ”.

პოლიკარპეს კვლავ არწმუნებენ აზრი შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლში ჩაგდებით ემუქრებიან. მშვენიერია ამ მუქარაზე პოლიკარპეს პასუხი: ”ცეცხლს მიქადი, რომელიც ერთ ხანს იწვის და მალე ჩაქრება. მაგრამ არ იცი მომავალი სამსჯავროსა და საუკუნო სატანჯველის ცეცხლი, რომელიც ცოდვილთათვისაა გამზადებული. მაგრამ რაღას აყოვნებ? აღასრულე, რაც გსურს”. როდესაც ამას და ბევრ სხვა რაიმეს ამბობდა, შეუპოვრობითა და სიხარულით იყო აღსავსე. მის სახეს კი მადლი ეფინებოდა. როდესაც სტადიონზე მყოფმა წარმართებმა გაიგეს, რომ პოლიკარპემ განცხადებულად აღიარა თავისი სარწმუნოება, დაუოკებელი ჟინით შეპყრობილნი, ხმამაღლა აყვირდნენ: ”ეგ არის აზიის[5] მოძღვარი, ქრისტიანთა მამა, ჩვენი ღმრთეების მომსრველი, მრავალთა დამმოძღვრავი, რომ არ შესწირონ მსხვერპლი და თაყვანი არ სცენ ჩვენს ღმერთებს.” ამას ამბობდნენ და ითხოვდნენ, რომ აზიის მთავარ ფილიპეს ლომი მიეშვა პოლიკარპეზე. ამ დროისათვის მხეცების ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო და მთავარს უფლება არ ჰქონდა ეს მოემოქმედა. მაშინ გადაწყვიტეს, ერთხმად ეყვირათ, რომ პოლიკარპე ცოცხლად დაეწვათ. აკი უნდა აღსრულებულიყო მისთვის განცხადებული ხილვა ბალიშის შესახებ. ბრბომ საჩქაროდ მოზიდა შეშა და ფიჩხი. კოცონი გამზადდა. პოლიკარპემ თვითონ გაიხადა სამოსი. როდესაც ჯალათებმა დაუპირეს, რომ კოცონზე აღმართულ ძელზე მიელურსმათ იგი, წმიდა პოლიკარპემ მიუგო: ”ასე დამტოვეთ! ვინც ძალას მაძლევს, გავუძლო ცეცხლს, ის შემაძლებინებს თქვენი ლურსმნების გარეშე შეუძრავად ვიდგე კოცონზე”.

ეპისტოლემ შემოგვინახა წმიდა პოლიკარპე სმირნელის ლოცვა, რომელიც ლიტურგიული ფორმულის მსგავსია: ”უფალო, ყოვლისშემძლე ღმერთო, მამაო, საყვარელო და კურთხეულო ძის იესო ქრისტესო, რომლის მიერაც მივიღეთ სრული ცოდნა სახელისა შენისა, ვითარცა ღვთის ანგელოზთა, ძალთა, მთელი შესაქმისა და მართალთა მთელი მოდგმისა, რომლებიც ცოცხალნი არიან შენს წინაშე! გაკურთხებ შენ, რამეთუ ღირს-მიჩინე მე დღესა ამას და ჟამსა ამას, რათა ვეზიარო შენთვის წამებულთა რიცხვს, შენივე ქრისტეს ბარძიმს და აღვდგე საუკუნო ცხოვრებისათვის სულითა და ხორცით სულიწმიდის უხრწნელებაში. მათთან ერთად წარვდგე შენს წინაშე, ვითარცა მსხვერპლი პოხიერი და საამური, როგორც ეს თვით შენ, ღმერთო მართალო და ჭეშმარიტო, წინდაწინვე განამზადე, გააცხადე და აღასრულე. ამიტომ ყველაფრისათვის შენ გაქებ, შენვე გაკურთხებ, შენვე გადიდებ, მარადიული და ზეციური მღვდელმთავრის იესო ქრისტეს ძალით, შენი საყვარელი ძისა, რომლის მიერ დიდება შენდა მასთანვე ერთად, თანა სულიწმიდით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”.

ეპისტოლეში გარკვევით იჩენს თავს მარტვილთა კულტი:

”ამგვარად, ჩვენ ძალგვიძს, მოგვიანებით შევაგროვოთ მათი ძვლები, უფრო ძვირფასნი, ვიდრე დიდად ფასეული ქვები, უფრო ღირებულნი, ვიდრე ოქრო, და დავასვენოთ ისინი შესაფერის ადგილას; სწორედ ამ ადგილას შევიკრიბებით უფლის ნებით, რომ ძალისამებრ გავიხაროთ და ვილხენდეთ და ვდღესასწაულობდეთ მათ წლისთავსა და შობას” (18.2).

აქვე მოვიტანთ სიტყვებს, რომლებშიც მჟღავნდება მოწამეებისადმი დიდი პატივისცემა:

“თაყვანს ვცემთ მას (უფალს), რადგანაც ის არის ძე ღვთისა; ხოლო მარტვილნი გვიყვარს, ვითარცა მოწაფენი და მბაძველნი უფლისა, რომლებმაც შეუდარებლად უერთგულეს მეუფესა და მოძღვარს” (17.3).
ჩვენამდე მოაღწია, აგრეთვე, ე.წ. “პოლიკარპეს ცხოვრებამ” (Vita Polycarpi), რომლის ავტორობა მიეწერება დეკიუს იმპერატორის ჟამს წამებულ სმირნელ მღვდელ პოიონიუსს (III ს-ის შუა წლები).

უკანასკნელ წლებში მეცნიერთა შორის კამათი გაიმართა წმიდა პოლიკარპეს აღსასრულის თარიღის შესახებ. ზოგი მკვლევარის აზრით, წამების თარიღია არა 156 წლის 22 თებერვალი, არამედ 177 წელი[6]. ამ თვალსაზრისის ავტორნი მიიჩნევენ, რომ ”პოლიკარპეს მარტვილობის” 21-ე თავი, რომლის საფუძველზეც დგინდება წამების თარიღად 156 წ., უნდა წარმოადგენდეს გვიანდელ ჩანართს (IV-V სს.). ხსენებული მკვლევარები ფიქრობენ, რომ მეოთხე თავი იმავე ”მარტვილობისა” ანტიმონტანისტური პოლემიკის ნიმუშია; ხოლო ევსები კესარიელის მიხედვით, მონტანიზმი იწყება 171 წლიდან.

წარმოდგენილი თვალსაზრისი მეტად პირობითია და სათანადო არგუმენტაცია არ მოეპოვება. დასასრულ აღვნიშნავთ, რომ ზოგი მკვლევარი (მაგ., H.Marroi) წამების თარიღად 161-169 წწ. გვთავაზობს[7]. ევსები კესარიელი “ქრონიკაში” წმიდა პოლიკარპეს წამების თარიღად ასახელებს მარკუს ავრელიუსის იმპერატორობის მეშვიდე წელს, ხოლო “ეკლესიის ისტორიაში” – მხოლოდ მარკუს ავრელიუსის ეპოქას.

ნ. ტალბერგი (იხ. მისი “ქრისტ. ეკლ. ისტორია”, გვ. 72) მიიჩნევს, რომ წმიდა პოლიკარპე სმირნელი აღესრულა 167 წელს.

წმიდა პოლიკარპე სმირნელი დიდი ავტოროტეტია ქრისტიანული ეკლესიისა. ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლეთა დამოწმებით შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინეთ სმირნის ეკლესიის ღირსეული მწყემსმთავრის სახე. საგულისხმოა, რომ პოლიკარპესადმი გაგზავნილ ეპისტოლეში ანტიოქიელი მღვდელმოწამე უფრო მეტი გულმოდგინებისა და სრულყოფისაკენ მოუწოდებდა სმირნის ეკლესიის ეპისკოპოსს. საფიქრებელია, რომ წმიდა ეგნატე წინასწარ ჭვრეტდა წმიდა პოლიკარპეს მოწამეობრივ აღსასრულს და ამგვარი ღვაწლისათვის წინდაწინვე ამზადებდა მას. ჩვენ კი ვიცით, რომ უმძიმესი განსაცდელის ჟამს, წმიდა პოლიკარპემ ჭეშმარიტი აღმსარებლობით სწამა უფალი იესო ქრისტე და მისადმი შეიწირა.

ირინეოსის უწყებით, წმიდა პოლიკარპეს ეპისტოლეები გაუგზავნია ახლომდებარე ეკლესიებისათვის და ზოგიერთო საეკლესიო მოღვაწისათვის. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა ეპისტოლემ, რომელიც მიმართულია ფილიპელებისადმი. ეს ეპისტოლე სრული სახით შემოგვრჩა მხოლოდ ლათინურ თარგმანში. ბერძნული ხელნაწერები მხოლოდ 1-9 (II მუხლის ჩათვლით) თავებს შეიცავენ. თავის ”საეკლესიო ისტორიაში” ევსები კესარიელი ეხება იმავე ძეგლის მე-9 და მე-13 თავებს (3,36,13-15).

ფილიპელთა ქრისტიანულმა საძმომ პოლიკარპეს სთხოვა წმიდა ეგნატეს ეპისტოლეთა ასლის გაგზავნა. წმიდა პოლიკარპემ გაუგზავნა ხსენებული ეპისტოლეები და თავისიც თან დაურთო.

წმიდა პოლიკარპეს ეპისტოლე დამრიგებლობითი ხასიათისაა. იგი ემსგავსება კლიმენტი რომაელის პირველ ეპისტოლეს, მიმართულს კორინთელებისადმი, თუმცა მოცულობის მხრივ საგრძნობლად ჩამორჩება მას. ჩვენ ერთმანეთს შევუდარეთ ეს ორი ეპისტოლე და ვნახეთ, რომ მიუხედავად ფორმისა და შინაარსის დიდი მსგავსებისა, ამ ორ ეპისტოლეში იშვიათია იდენტური გამოთქმები. სავარაუდოა, რომ პოლიკარპეს ხელთ ჰქონდა კლიმენტის ეპისტოლე. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ კლიმენტის ეპისტოლე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ცნობილია ისიც, რომ ის მრავალ ეკლესიაში იკითხებოდა. მკვლევართა აზრით, სწორედ წმიდა კლიმენტის ეპისტოლე უნდა იყოს წყარო წმიდა პოლიკარპესი.

ზოგი მკვლევარი (კერძოდ პ.ნ. ჰარისონი) აზრით, წმიდა პოლიკარპეს ჩვენამდე მოღწეული ეპისტოლე სინამდვილეში ორი ეპისტოლის მექანიკურ გაერთიანებას უნდა წარმოადგენდეს, რომელთაგან პირველი, ალბათ, XIII-XIV თავებით სრულდებოდა.

წმიდა პოლიკარპეს ეპისტოლე შეიცავს ქრისტოლოგიურ მოძღვრებას და ეხება განკაცებისა და უფლის ჯვარცმის საიდუმლოს. ისევე, როგორც წმიდა ეგნატე, პოლიკარპეც მძაფრად განაქიქებს დოკეტიზმს, ცრუ მოძღვრებას მხსნელის მოჩვენებითი განკაცებისა და ჯვარცმის შესახებ.

სმირნის ეპისკოპოსი ასე გვმოძღვრავს: ”ვინც არ აღიარებს იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლას, ანტიქრისტეა და ვინც არ აღიარებს ჯვრის მოწმობას, ეშმაკისაგან არის და ვინც თავისი სურვილისამებრ ამრუდებს უფლის სიტყვებს და ამბობს, რომ არ იქნება არც აღდგომა და არც სამსჯავრო, ის პირმშოა სატანისა”. (7.1).

ეპისტოლეში ცხადყოფილია მოწყალების დიდი მადლი: ”როდესაც ძალგიძთ კეთილის ქმნა, ნუღარ გადადებთ, რადგან ”მოწყალება განარინებს სიკვდილისაგან” (ტობითი IV, 10; XII,9). დაუთმეთ ერთურთს, რათა თქვენი საქციელი უყვედრელი იყოს წარმართთა შორის, რომ თქვენც იდიდოთ თქვენი კეთილი საქმეებისათვის და უფლის სახელიც არ შეიბღალოს თქვენი მიზეზით” (10.2).

საყურადღებოა, რომ წმიდა პოლიკარპე თავის ეპისტოლეში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირზეც მსჯელობს. სმირნის ეპისკოპოსი აღნიშნავს: ”ილოცეთ მეფეთათვის, ხელისუფლებისა და მთავრებისათვის, რათა თქვენი ნაყოფი ყველასათვის ცხადი გახდეს და თქვენც სრულყოფილი იყოთ”.

XIII თავი საინტერესოა ისტორიული თვალსაზრისით. აქ საუბარია წმიდა ეგნატეს ეპისტოლეთა გაგზავნაზე: ”ეგნატეს ეპისტოლე, რომელიც მან გამოგვიგზავნა და სხვა ეპისტოლეებიც, რომლებიც კი ჩვენთან იყო, გამოგიგზავნეთ თანახმად თქვენი თხოვნისა; ისინი ამ ჩვენს წერილს ერთვის. თქვენ შეგიძლიათ დიდი სარგებლობა მიიღით მათგან, რადგანაც ეს წერილები შეიცავენ რწმენას, მოთმინებასა და ყოველგვარ დარიგებას ჩვენს უფალში. თუ რამეს დანამდვილებით გაიგებთ ეგნატესა და მისი თანამგზავრების შესახებ, ჩვენც შეგვატყობინეთ” (XIII).

წმიდა პოლიკარპეს ხსენებული ეპისტოლე თავისი სიძველითა და სამოძღვრო ხასიათით უაღრესად ფასეული ძეგლია ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანს ამ ეპისტოლის ძვ. ბერძნული ტექსტი წმიდა ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლეებთან ერთად სათანადო ფრანგული თარგმნითა და კომენტარებით გამოიცა Sources Chretiennes-ს სერიით.

-----------------------------------------------------------------------------------------

 

[1] – სმირნა – სავაჭრო ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე.

[2] – ეგნატე ანტიოქიელი – ანტიოქიის მეორე ეპისკოპოსი წმიდა პეტრე მოციქულის შემდეგ. ევსები კესარიელის მიხედვით, მოწამეობრივად აღესრულა დაახ. 107-108 წწ. ტრაიანეს იმპერატორობის მეათე წელს.

[3] – შდრ. ძვ. ქართ. თარგმანი.: “მივითუალე ღმრთისამიერი ეგე გონებაჲ შენი და ნებაჲ და ცნობაჲ, დამყარებული კლდესა ზედა შეუძვრელსა ქრისტეს მცნებათასა და უფროისღა ვადიდე ღმერთსა, რამეთუ ღირს ვიქმენ ხილვად უბიწოისა პირისა შენისა, რომლისა-იგი მადლითა აღმავსენ მე უფალმან” (იხ. საქ. ეკლ. კალენდარი, თბილისი, 1988, გვ. 589).

[4] – ამ შემთხვევაში ვეყრდნობით წმიდა პოლიკარპეს მარტვილობის ქართულ თარგმანს, რაც შეასრულა ქეთევან მათიაშვილმა.

[5] – იგულისხმება რომის პროვინცია - აზია-მცირე აზიის ნაწილი.

[6] - H. Gregoire, P. Orgels. La veritable date du Martyre de saint Polycarpe (23 Fevrier 177) et le Corpus policarpianum, Analecta Bollandiana 69 (1951). 1-38).

[7] - ix. H.G. Marroi. La date du martyre de saint Polycarpe, Analecta Bollandiana. 71 (1953), 5-20.).

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

წმ. პოლიკარპე სმირნელი, ”ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ”, თბილისი, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:01)