Georgian (Georgia)English (United Kingdom)

პაპი სოტერიუსი (166-174)

ევსები კესარიელს შემონახული აქვს კორინთოს ეპისკოპოსის დიონისეს ეპისტოლე სოტერიუს პაპისადმი (საეკლ. ისტ. 4.23. 9-10), რაც ცხადყოფს, რომ ხსენებულ პაპს მიუწერია ეპისტოლე კორინთელებისადმი. ეს ეპისტოლე ჩვენამდე არ მოღწეულა (ზოგი მკვლევარის, მაგ. ჰარნაკის აზრით, აღნიშნული ეპისტოლე უნდა უიგივდებოდეს წმიდა კლიმენტი რომაელის ზემოხსენებულ მეორე ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ).

 


პაპი ელევთერიუსი

ევსების ცნობით, ხსენებულ პაპს 177-178 წლებში მიუღია წმიდა ირინეოს ლიონელი (ლუგდუნელი), რომელმაც გადასცა მას ორი ეპისტოლე მონტანისტების ერესის შესახებ (პირველი ეპისტოლე გამოგზავნილი იყო ლიონის ქრისტიანული მრევლის მიერ, ხოლო მეორე - იმავე ქალაქის მარტვილთა სახელით). მიიჩნევენ, რომ ამ ეპისტოლეთა საფუძველზე ელევთერიუსმა წერილობით ამხილა მონტანიზმი.


პაპი ვიქტორ I (189-198).

ვიქტრს დაწერილი ჰქონდა მრავალი ეპისტოლე პასქალურ საკითხზე, რაც იმ დროისათვის დაპირისპირების საგანი იყო. მასვე უკავშირდება განკვეთა თეოდოტის მწვალებლური სწავლებისა იესო ქრისტეს განღმრთობის შესახებ. საგულისხმოა, რომ, ნეტარი იერონიმეს მინიშნებით, შესაძლოა სწორედ პაპი ვიქტორ I იყო პირველი საეკლესიო მწერალი, რომელიც ლათინურს იყენებდა.


პაპი ზეფირინუსი

წმიდა იპოლიტე რომაელის მიხედვით ზეფირინუსმა ამხილა მაცხოვრის ღმერთობის მოწინააღმდეგენი. მისი სიტყვებია: ”მე არ ვუწყი სხვა, თუ არა ერთი მხოლო ღმერთი, იესუ ქრისტე და არავინ არის მის გარდა, სხვა, რომელიც იშვა და ევნო” (წმ. იპოლიტე, ”ერესების უარყოფა”, 9,11,3).

 

ედიშერ ჭელიძე

I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:01)