Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ნამდვილად საჭიროა და სათანადო, ვიზრუნოთ იმაზე, რაც სასარგებლოა ერის დარიგებისა და ეკლესიის განმტკიცებისათვის, რადგან წერია, რომ ”განკრძალულ ჰყოფდით ძეთა ისრაელისათა” (ლევიტ. 15,31). თითოეული სამთავროს მონასტრის მამები, განკრძალული კაცები და საკვირველი, მოღვაწენი მოვიდნენ რა ალექსანდრიაში, ვკითხე, თუ როგორი მდგომარეობა აქვთ იქაურ მონასტრებს. მითხრეს, რომ მრავალნი დაბრკოლებასა და ცდუნებაში ვარდებიან შემდეგი მიზეზები გამო:

 

 

1. ზოგიერთი ახალდაქროწინებული და პირდაპირ სარძლო ოთახიდან გამოსული სიძე აიყოლიებს ხოლმე ვისმე ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსს და მისი საქმის გამოძიების გარეშე ხელთ დაასხამს მას მღვდლად.

2. სხვები, მათი მონასტრებიდან უწესობის გამო განდევნილნი, ახერხებენ ხელთდასხმის მიღებას და მღვდლად ეკურთხებიან რა, შევლენ იმავე მონასტერში, საიდანაც განიდევნენ, და სურთ ჟამისწირვისა და სხვა ყველაფრის შესრულება, რაც მღვდელს ევალება. ამას აკეთებენ მანამ, სანამ ისინი ვინც მათი საქმეები იცის, არ წავლენ ჟამისწირვიდან და აღარ ეზიარებიან, თუ გაძევებული და მღვდლად დაბრუნებული წირავს.

3. რადგან ერის დასამოძღვრად უნდა ვაკეთოთ ყოველივე, როგორც თავიდან ვთქვი, ეს ყოველივე განიხილოს თქვენმა ღმრთისმსახურებამ და, თუ აპირებდი ვისსამე ხელთდასხმას მღვდლად, ჯერ გამოიძიეთ მისი ცხოვრება, თუ ვინ არის, ჰყავს თუ არა მეუღლე, როდის შეირთო, სურს თუ არა მასთან ცხოვრება. თუ ვინმე არის გაძევებულთაგანი ან სხვა ეპისკოპოსისაგან, ან მონასტრიდან, მხოლოდ იმის შემდეგ დაესხას ხელნი, თუ აღმოჩნდება, რომ უმიზეზოდ გაუძევებიათ. ამგვარად, ჩვენი სინდისიც წმინდა იქნება და სამღვდელო და წმინდა ჟამისწირვასაც მიზეზს ვერ მოუძებნიან.

4. თუ კათაკმეველი რაიმე ცოდვისათვის კანონის მიხედვით განიდევნოს განკანონებით და ამის შემდეგ სასიკვდილოდ გადადებული იყოს, მიეცეს მას ნათლისღება და ნუ წავლენ ამ ქვეყნიდან მადლის ნაწილის გარეშე, ესე იგი უზიარებელნი, რადგან ესეც საეკლესიო წესს უნდა ეთანხმებოდეს. უთხარით ეს თქვენს საძმოს ჩემგან და, ამასთან ერთად, მოკითხვაც ჩვენი საძმოსაგან.

---------------------------------------------------------

[1] - ხუთქალაქი - პენტაპოლისი

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 21 October 2011 22:02)