Georgian (Georgia)English (United Kingdom)

კირილე დომნოს

1. როდესაც ჩვენი საქმეები სწორად მიდის, კანონიერი კეთილწესიერებისამებრ, შფოთის არავითარი მიზეზი არ წარმოიშობა ჩვენში, არამედ ისინი გვიხსნიან ზოგიერთების გაკიცხვისაგან, უფრო მეტიც, კეთილგონიერი ადამიანების ქებას მოგვანიჭებენ. ვინ არ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, თუკი ის სამართლიანია? ან როგორ არ იქნება უნაკლოდ შერაცხილი, უფრო მეტიც, ყოველგვარი ქების ღირსი კანონიერი და მართალი სასამართლო? ამას ვწერ შენს ღმრთისმსახურებას, რომელიც ახლა, ჩემდამი და ყოვლად ღირსი და უფრო მეტად ღმრთისმოყვარე ჩვენი ძმისა და თანაეპისკოპოსის პროკლესადმი გამოგზავნილ წერილებში ეპისკოპოსს უწოდებს ძალზე მოკრძალებულ და ყოვლად ღმრთისმსახურ პეტრეს, ის კი მწარედ ტირის და თავისი საკუთარი ეკლესიისაგან ჩამოშორებას უსამართლოდ მიიჩნევს.

 

 

ჯეროვანი კი იქნებოდა, ან მღვდლის სახელთან ერთდ მისი საქმეც შერჩენოდა, ანდა, თუ საღმრთო საკურთხევლის წინ დგომის ღირსი არ იყო, არც ეპისკოპოსის სახელწოდებით უნდა ყოფილიყო იგი პატივცემული. ალბათ, სასტიკი და ძმათა სიყვარულს მოკლებული გამოუჩნდება შენს ღმრთისმოყვარეობას ეს ჩემი სიტყვა, მაგრამ იგი ასეთი არ არის სინამდვილეში. ჩვენ ვფიქრობთ მოხუცებულის შეწყალებას მისთვის მხოლოდ სახელის დატოვებით. მაგრამ საჭიროა, გავიგოთ ისიც, რას ამბობს იგი: რომ მას შეეძლო თავის გამართლება და მასში შეტანილი ეჭვის გაბათილება, მაგრამ მისთვის არავის მიუცია პასუხისგების დრო, არც ადგილი კანონიერი გასამართლებისა. ამგვარი რამ თუ არის ჩადენილი, მაშინ აღწერილი საბუთების სიმტკიცე ამხილებს მას და ან დამნაშავედ გამოაჩენს მისთვის წაყენებულ ბრალდებაში და არაფერს დაუტოვებს სათქმელს, როგორც დაჩაგრულს, ანდა ამ ბრალდებისაგან გაათავისუფლებს და ისევ დაუბრუნებს თავისი ეკლესიის გამგებლობას, რომელიც მისი წილხვდემილი იყო თავიდანვე. ვინაიდან არაფერი ამგვარი არ გაკეთებულა, ის ამ საქმის თაობაზე ღაღადებს და ჩივის, რომ გამოუთქმელი უსამართლობა შეხვდა და უწესოდ არის განდევნილი. ამასთან, იმასაც უმატებს, რომ მთელი ჩემი ქონება დაიტაცესო. ახლა კი შენმა ღირსებამ, როგორც ზედმიწევნით მცოდნემ საღმრთო კანონებისა და აგრეთვე იმისა, თუ რა შეშვენის ეკლესიას და მასში წმინდა მსახურებისათვის დადგენილ მღვდლებს, ამასთან ჩვენი წერილებისაგან ვედრებით ლმობიერქმნილმა შეაშროს მოხუცებულის ცრემლები, დათუ მოინდომებს სასამართლოში ჩივილს მისთვის დაწამებულ დანაშაულთა გამო, განისაჯოს იგი ჩვეულებისამებრ შენი ღმრთისმსახურების წინაშე, ცხადია, შენი ქვეშევრდომი ღმრთისმოშიში ეპისკოპოსების თანდასწრებით, იმათ გარდა, ვისაც თვითონ ის არ მოისურვებს, მათდამი უნდობლობის გამო. ჩვენ ვერ ვირწმუნებთ, რომ ვინმეს ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსთაგან ჰქონდეს მტრობა თავისი ძმის მიმართ. მაგრამ იმისთვის, რათა ეს მომავალი სასამართლოს დარღვევის მიზეზი არ გახდეს, თითქოს რაიმე დააკლდა ძიებას, პროცესს, არ არის ჯეროვანი სასამართლოზე იმათი ყოფნა, ვის მიმართაც მას რაიმე ეჭვი აქვს.

2. ხოლო მისი უსამართლოდ მიტაცებული ქონება უნდა დაუბრუნდეს მას ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, არც უნდა მომხდარიყო ამგვარი რამ, მეორეც, ქვეყნის ყოველ მხარეში მყოფ ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსებს ძალზე აწუხებთ და უკიდურეს წყენას აყენებს მათი გამგებლობის ქვეშ მყოფ გასავალთა შესახებ ანგარიშგება, გინდ საეკლესიო შემოსავალი იყოს ეს, გინდ ზოგიერთებისაგან შემოწირული, რადგანაც თითოეული ჩვენგანი თავის დროზე აგებს პასუხს ყოველთა მსაჯულის წინაშე. ეკლესიის საჭურჭლე, სიწმინდის სამსახურებელი ჭურჭელი და უძრავი ქონება უნდა შეინახონ გაუცემლად და გაუბნევლად. დროდადრო არსებულ შემოსავალთა და გასავალთა გამგებლობა კი უნდა მიენდოს იმათ, ვისაც ჩაბარებული აქვს წმინდა მღვდლობის მმართველობა.

3. მღვდლობის მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად ”ჯმნის ქარტას”[1] თავისი ნებით კი არ წერს სამღვდელო პირი, არამედ ვისიმე იძულებით, შიშით ან მუქარით იწერება იგი. საეკლესიო წესიც ადასტურებს ამას, რომ საეკლესიო პატივის ღირს სამღვდელო პირებს ”ჯმნის ქარტა” არ მოეთხოვებოდათ, რადგან თუ ისინი ღირსნი იყვნენ ამ მსახურებისა, უნდა დარჩენილიყვნენ თავის პატივში, ხოლო თუ უღირსნი იყვნენ, ”ჯმნის ქარტით” კი არ უნდა ჩამოშორდნენ ამ საქმეს, არამედ პასუხი უნდა ეგოთ დანაშაულზე. ამ საქმეზე მრავალი ვინმე დავობდა, რადგან თვლიდა, რომ წესი არ იყო დაცული

გადაეცი შენს საძმოს ჩემგან და ჩემი საძმოსაგან მოკითხვა უფლის მიერ.

--------------------------------------------------------

[1] - ეპისკოპოსის წერილობითი უარისთქმა კათედრაზე

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 21 October 2011 22:03)