Georgian (Georgia)English (United Kingdom)

სიტყვა, წარმოთქმული იმის შესახებ, როდესაც ღმრთის გამოცხადება დაემთხვევა კვირა დღეს

ჩვეულებაცაა და სამართალიც თხოულობს ჩვენგან ყოველი კვირა დღის პატივისცემასა და მის დღესასწაულობას, ვინაიდან ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ამ დღეს მოგვმადლა ჩვენ მკვდრეთით აღდგომა. ამის გამო საღმრთო წერილში ამ დღეს ეწოდება პირველი, როგორც ჩვენი ცხოვრების დასაწყისს, და მერვე, როგორც ურიების (იუდეველების) შაბათობაზე ზეაღსრულს. რადგანაც წმინდა ღმრთისგამოცხადების დღე მარხვის დღედ არის დაწესებული, ჩვენ მართებულად უნდა განვაგოთ და ბრძნულად უნდა მივუჩინოთ თითოეულ ამ დღეს მისთვის შესაფერისი პატივი. მცირეოდენი ფინიკის მიღებით ჩვენ თავს ავარიდებთ მწვალებლობებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს აღდგომის დღეს, და მის შესაფერის თავშეკავებას მივუძღვნით მარხვის დღეს. დაველოდებით სამწუხრო შეკრებას, რომელიც სრულდება ღმრთის ნებით, ხოლო შევიკრიბებით მეცხრე საათიდან (ჟამიდან).


თეოფილე ალექსანდრიელის მოსახსენებელი ამონ ლვიკოს შესახებ

 

1. იმათ, ვინც ერთობაში იყო არიანელებთან და დღემდე ეპატრონება ეკლესიებს, ისე უნდა მოვექცეთ, როგორც წესია. ხოლო წესი ასეა, რომ მათ ნაცვლად უნდა დაიდგინონ სხვები, ვისი მართლმადიდებლობაც დადასტურებულია. თვითონ ისინი კი გადაყენებულ უნდა იქნენ. მათ უნდა მოექცნენ ისე, როგორც სხვა ქალაქებში იქცევიან თებაიდელი მართლმადიდებელი ეპისკოპოსები. ხოლო ვინც აპოლონის ეპისკოპოსის მიერ არის დადგენილი და ერთობაში იქნება ეკლესიების მქონე არიანელებთან, ის უნდა განიკანონოს, თუ თავისი ნებით ჩაიდინა ეს. ხოლო თუ თავისი ეპისკოპოსის მიბაძვით მოიმოქმედა, თავისუფალია როგორც უმჯობესის უცოდინარი. თუ მთელი ერი თანაუგრძნობს მათ, სხვების შემდეგ ისინიც ხელთდასხმულ უნდა იქნენ. ხოლო თუ ერი წინაღუდგება მათ, ესენიც განკითხულ უნდა იქნენ იმათთან ერთად, ვისაც ბრალად ედებოდა ზიარება იმ ჩვეულების მიხედვით, რომელსაც მიჰყვებოდნენ თებაიდელი მართლმადიდებელი ეპისკოპოსები.

2. ერვში[1] დადგენილი მაიძულებელი მღვდლის საქმე გამოძიებულ უნდა იქნეს. თუ მან ქმრის სიცოცხლეში იხმარა ძალადობა დედაკაცზე, ნუღარ ექნება მღვდლობის უფლება, ვინაიდან მისი შეწყნარება, არც როგორც ერისკაცისა შეიძლება ეკლესიისაგან. ეკლესიას ჩვეულებად აქვს ამგვართა გაგდება, ხოლო ეპისკოპოსი აპოლონი არ აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებაზე, რადგანაც მან არ იცოდა და ისე დაადგინა იგი. წმინდა კრება ბრძანებს უღირსთა გაგდებას, რომელთა დანაშაული მხილებულ იქნა მათი ხელთდასხმის შემდგომ.

3. სურის შესახებ აპოლონ ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ განდევნა იგი და სამღვდელო დასისაგან უცხო ქმნა. ასე იყოს ეს, როგორც გადაწყვიტა ეპისკოპოსმა. ხოლო განდევნილს შეუძლია, იმართლოს თავი, თუ სურს და თუ არ ეთანხმება აპოლონ ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას.

4. ლვიკოში[2] დადგენილი დიაკვნის პანუფის საქმე გამოძიებულ უნდა იქნეს და თუ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ კათაკმევლობაში ქორწინებით შეურთავს თავისი დობილი, ნათლისღების მიღების შემდეგ კი დაწესებულია სამღვდელო დასში, დარჩეს იგი ამ დასში, თუ მისი მეუღლე უკვე გარდაცვლილია და თუ ნათლისღების შემდეგ არ ყოფილა მასთან შეერთებული. ხოლო თუ იგი მორწმუნედ ყოფნის დროს ქორწინებით შეუერთდა თავის დობილს, უცხო უნდა გახდეს მღვდლობისაგან. ეს არ მოეკითხება აპოლონ ეპისკოპოსს, რადგანაც უცოდინრობით დაადგინა იგი.

5. იაკობის შესახებ გამოიკითხე: თუ წიგნისმკითხველობაში ყოფნის დროს დაბრალდა სიძვა, მღვდლების მიერ განდევნილ იქნა და ამის შემდეგ მიიღო ხელთდასხმა, იგი განდევნილ უნდა იქნეს, ოღონდ დაწვრილებით გამოძიების შემდეგ და არა ძვირის თქმისა და ჭორიკანა-მაბეზღარობის შედეგად ეჭვის შეტანით. თუ დამნაშავე არ აღმოჩნდება, დარჩეს მღვდლებთან ერთად, რადგანაც არ არის ჯეროვანი ამაო დასმენის აყოლა.

6. ვინც აპირებს ხელთდასხმის მიღებას, მათ შესახებ განწესებულია, რათა მთელმა სამღვდელო დასმა ერთხმად  გამოთქვას თანხმობა. ეპისკოპოსმაც ასე უნდა განაჩინოს და სამღვდელო დასის თანხმობით ხელნი დაასხას მას ეკლესიაში ერის იქ დგომის დროს. ეპისკოპოსი მიმართავს ერს, ემოწმება თუ არა მას, როგორც ხელთდასხმის ღირსს. ხელთდასხმა არ ხდება ფარულად, რადგანაც ეკლესიაში მშვიდობასა და შიშისაგან თავისუფლებას შეეფერება, რომ ეკლესიაში ხელთდასხმა სრულდებოდეს წმინდათა, ე.ი. მორწმუნეთა თანდასწრებით. ხოლო სოფლის სამრევლოებში ბევრნი ეზიარებიან უზიარებლებს, ე.ი. მწვალებლებს, ისინი სხვანაირად ნუ იქნებიან ხელთდასხმულნი, თუ არა ჭეშმარიტი მართლმადიდებელ სამღვდელო პირთა მიერ განხილვის შემდეგ, ეპისკოპოსთა თანდასწრებით და იქ ერის დგომის დროს, როგორც ზემოთაც ვთქვით, რათა არ მოხდეს რაიმე გადახრა.

7. ის, რაც დარჩენილია სამსხვერპლო ძღვნად მოტანილიდან, საიდუმლო მსახურებისათვის საკმარისის შეწირვის შემდეგ, მღვდლების მიერ უნდა გაიყოს: კათაკმევლებმა კი არ უნდა ჭამონ და სვან იგი, არამედ მხოლოდ მღვდლებმა და მათთან მყოფმა მორწმუნე ძმებმა.

8. სიძვის გამო ბრალდებული იერაქსი არ უნდა დარჩენილიყო სამღვდელო დასში. აპოლონ ეპისკოპოსმა კი უმოწმა მას, რომ არც ერთი ბრალმდებელი არ გამოჩენილა მის წინააღმდეგ. ამის გამო მისი საქმე გამოძიებულ უნდა იქნეს. თუ გამოჩნდება ღირსეული ბრალმდებელი და მის დანაშაულს გამოაჩენს რწმუნების ღირსი მოწმეების მიყვანით, იგი განდევნილ უნდა იქნეს ეკლესიიდან. ხოლო თუ სამღვდელო დასის ღირსია და თავისი სიწმინდის მოწმობა აქვს, უნდა დარჩეს სამღვდელო დასში.

9. მთელი სამღვდელო დასის თანხმობით უნდა დაიდგინოს სხვა ეკონომოსი, რომლის თანახმაც უნდა იყოს აპოლონ ეპისკოპოსი, საეკლესიო ქონების ჯეროვან საქმეებზე დახარჯვისათვის.

10. ქვრივები, გლახაკები და უცხოელი მოგზაურები უნდა იღებდნენ ყოველნაირ დახმარებას. ნურავინ მიითვისებს ეკლესიის ქონებას, რადგანაც ის, ვისაც ჩაბარებული აქვს ღმრთის მღვდელმსახურება, ვერცხლისმოყვარე არ უნდა იყოს.

 

თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აფინგიონისადმი, განწმენდილად წოდებულთა შესახებ

შენმა პატიოსნებამ გამომიცხადა მე, რომ ზოგიერთებს, ვინც თავს განწმენდილს (მწვალებელთა კათარები, ანუ ნავატიანები) უწოდებს, სწადიათ ეკლესიაში მოსვლა. ვინაიდან ჩვენი სანატრელი მამების დიდმა კრებამ, რომელიც შედგა ნიკეაში, განსაზღვრა, რომ ხელთდასხმულ უნდა იქნეს მათგან მოსულები, შენც შეასრულე ამ წესისამებრ იმათი ხელთდასხმა, ვინც თავისი სჯულისაგან მოდის ეკლესიაში, თუ მათი ცხოვრება ალალ-მართალია და არავითარი დაბრკოლება არ გააჩნიათ.

 

თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონ ეპისკოპოსისადმი

ვინმე მაქსიმემ საეკლესიო კანონების უცოდინარობის გამო გაბედა ცოლთან უკანონოდ შეერთება. მას აღელვებს ეკლესიისაგან ჩამოშორება და ამტკიცებს, რომ უსჯულოება უცოდინარობით მოიმოქმედა და უსამართლოდ თანაცხოვრებას თავს დაანებებს ცოლთან შეთანხმებით. ახლა კი, თუ ნახავ, რომ ამას მართლაც შეთანხმებით ამბობს და არ ტყუის, ვინაიდან უკვე ათი წელია მათი ქორწინებიდან გასული, და თუ ინებებ და გულით მოიწადინებ ამას, მიიღე იგი კათაკმევლებთან ერთად. ხოლო თუ დაინახავ, რომ მოტყუება სურს და უფრო მკაცრ შერისხვას იმსახურებს, რაც შთაგაგონოს ღმერთმა, ის მოიმოქმედე, და ყოველმხრივ უკეთესი გამოარჩიე. შენ, მანდვე მყოფი, შეძლებ მისი აზრისა და ნება-სურვილის შეტყობას.

 

თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე მინა ეპისკოპოსისადმი

კანონიერი საქმე მოუმოქმედებიათ დაბა გემინოსის მღვდლებს, თუკი ჭეშმარიტებას ამბობს წერილის მომტანი ევსტათია. მან თქვა, რომ ვინმე წარჩინებული დედაკაცი, რომელიც მიიხვეჭდა სხვისას და არ სურდა ამ უმსგავსობის შეწყვეტა, ჩამოაშორეს ეკლესიას. ვინაიდან შენც მიიჩნევ მას თავისი თავისთვის ბოროტი წარმატებისა და მოხვეჭის მსურველად, ისწრაფე, რათა დაიყოლიო იგი, თავი დაანებოს მომხვეჭელობას და შეუდგეს სინანულს. ამგვარად, თუ დაინახავ, რომ იგი ღმრთის კანონს ემორჩილება და სურს ეკლესიაში დგომა, ნება დართე ერთან ყოფნისა.

----------------------------------------------------------------------------------------

 

[1]-[2] – ადგილია ეგვიპტეში.

 

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:03)