Georgian (Georgia)English (United Kingdom)

(იგი იყო ერთი კონსტანტინოპოლში შეკრებილ ასორმოცდაათ წმინდა მამათაგანი)

ზოგიერთი ეპისკოპოსისა და მღვდელმსახურის მიერ მისთვის მიცემულ კითხვებზე

1. კითხვა: თუ შვიდი წლის კათაკმეველი ყრმა ან სრულწლოვანი მამაკაცი მოხვდება სადმე ჟამისწირვაზე და უცოდინრობით ეზიარება, როგორც უნდა მოექცნენ მას?

პასუხი: საჭიროა მისი ნათლისცემა, რადგან ღმრთისაგან არის მოწოდებული.

2. კითხვა: თუ კათაკმეველი ეშმაკისაგანაა შეპყრობილი და ის ან მისი ახლობელი მოისურვებენ, რომ მიიღოს წმინდა ნათლისღება, უნდა მიიღოს თუ არა? და განსაკუთრებით, თუ სიკვდილს არის მიახლოებული?

პასუხი: თუ ეშმაკისგან შეპყრობილი არ განიწმინდება არაწმინდა სულისაგან, არ შეიძლება წმინდა ნათლისცემის მიღება, ხოლო სიკვდილის დროს კი მიიღებს ნათლისცემას.

3. კითხვა: თუ ვინმე სრულწლოვანი მორწმუნე ეშმაკისაგან იგვემებოდეს, შეუძლია თუ არა წმინდა საიდუმლოთა ზიარება?

პასუხი: თუ არ არღვევს საიდუმლოს, ან სხვაგვარად არ გმობს მას, უნდა ეზიაროს, მაგრამ არა ყოველდღე. მისთვის საკმარისია ზიარება კვირაობით.

4. კითხვა: თუ კათაკმეველს დაკარგული აქვს ცნობა და არ შეუძლია სარწმუნოების აღსარების თქმა, მისი ახლობლები კი თხოულობენ, რომ, სანამ ცოცხალია, მიეცეს წმინდა ნათლისღება, როგორ უნდა მოექცნენ მას?

პასუხი: ნათლისღება საჭიროა, თუ არაწმიდა სულისაგან არ იქნება შეპყრობილი.

5. კითხვა: თუ ცოლ-ქმარი საწოლში ეზიარება ერთმანეთს ღამით, დილით კი ჟამისწირვა იქნება, შეუძლიათ მათ ზიარების მიღება, თუ არა?

პასუხი: მათ არ შეუძლიათ ზიარება მაშინვე, რადგანაც მოციქული ამბობს: ”ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით” (I კორ. 7,5).

6. კითხვა: თუ კათაკმეველი დედაკაცი თავის სახელს ჩაწერს, რომ ნათელი მიიღოს, ხოლო მისი ნათლისღების დღეს დაემართება მას დედათა წესი, შეიძლება თუ არა მისი ნათლისღება იმ დღეს, თუ დრო უნდა მიეცეს და რამდენიმე ხნით უნდა გადაიდოს ნათლისღება?

პასუხი: ნათლისღების გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება.

7. კითხვა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?

პასუხი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება.

8. კითხვა: თუ დედაკაცი შობს წმინდა აღდგომის წინ, უნდა იმარხოს მან და არ სვას ღვინო, თუ შეუძლია მარხვის გახსნა და ღვინის სხმა მშობიარობის გამო?

პასუხი: მარხვა დაწესებულია ხორცის დათრგუნვისათვის. ხოლო როდესაც ხორცი ისედაც დათრგუნულია და უძლურეია, დედაკცს შეუძლია რამდენიც უნდა, მიიღოს საკვები და სასმელი.

9. კითხვა: შეუძლია თუ არა მღვდელმსახურს ლოცვა არიანელთა და სხვა მწვალებელთა თანდასწრებით? არავითარი ვნება არ მიადგება მას, თუ აღასრულებს ლოცვას ან ჟამისწირვას ასეთ დროს?

პასუხი: საღმრთო შესაწირავის დროს ამბორისყოფაზე ადრე დიაკონი ამბობს: უზიარებელნი გადით! ე.ი. მწვალებლები არ უნდა იყვნენ იქ, თუ არ დადებენ აღთქმას მონანიების შესახებ და არ დატოვებენ მწვალებლობას.

10. კითხვა: თუ ვინმე ავად არის და სრულიად დასუსტებულია ძლიერი სნეულებისაგან, წმინდა აღდგომა კი მოახლოებულია, აუცილებლად უნდა იმარხულოს მან, თუ მღვდელი ანიჭებს თავისუფლებას, რომ მიიღოს, რამდენიც შეუძლია, ზეთიც და ღვინოც, დიდი სისუსტის გამო?

პასუხი: მას უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს საკვები და სსმელი, რამდენის ატანაც შეუძლია სნეულს, რადგანაც ზეთის მიღება სრულიად დაუძლურებულის მიერ ძალზე მართებულია.

11. კითხვა: თუ ვინმე მღვდელს მიიწვევს ქორწინებაზე, ხოლო ის შეიტყობს, რომ ეს ქორწინება უკანონოა, როგორიცაა ქორწინებით შეერთება ცოლისდასთან მისი დის სიკვდილის შემდეგ, უნდა დათანხმდეს თუ არა მღვდელი ამ მიწვევაზე და უნდა ჩაატაროს თუ არა ჟამისწირვა?

პასუხი: ერთხელ უკვე ითქვა, რომ თუ მღვდელი შეიტყობს უკანონო ქორწინების შესახებ, და თუ ქორწინება მართლაც უკანონოა, მღვდელი არ უნდა ეზიაროს მათ ცოდვას.

12. კითხვა: თუ სიზმარში დაბრკოლებული ერისკაცი შეეკითხება მღვდელს, უნდა დართოს თუ არა ზიარების ნება?

პასუხი: თუ გულში აქვს დედაკაცის სურვილი, ის არ უნდა დაუშვან ზიარებაზე. ხოლო თუ სატანა იმიტომ გამოსცდის, რომ ჩამოაშოროს იგი საღმრთო საიდუმლოთა ზიარებას, უნდა ეზიაროს, ვინაიდან გამომცდელი (სატანა) მანამ არ დაანებებს თავს შეტევას, სანამ არ აზიარებენ.

13. კითხვა: ქორწინებით ერთმანეთთან შეერთებულმა შვიდეულის რომელ დღეებში უნდა შეიკავონ თავი ერთნამეთთან შეერთებისაგან და რომელ დღეებში აქვთ ამისი უფლება?

პასუხი: რაც პირველად ვთქვი, იმას ვიტყვი ახლაც. მოციქული ამბობს: ”ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისთვის და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით” (I კორ. 7,5). აუცილებლად საჭიროა ერთმანეთისაგან განშორება შაბათსა და კვირას, ვინაიდან ამ დღეებში შეიწირება ღმრთისადმი სულიერი მსხვერპლი.

14. კითხვა: თუ ვინმე ცნობადაკარგული შეიმთხვევს რაიმე სასიკვდილოს, ან გადაიგდებს თავს სიმაღლიდან, შეიძლება ჟამისწირვის ჩატარება მისთვის თუ არა?

პასუხი: მღვდელმა უნდა განიხილოს, ნამდვილად ცნობადაკარგული იყო თუ არა, როდესაც ჩაიდინა ეს საქმე, ვინაიდან მიცვალებულის ახლობლებს ბევრჯერ სურთ მისთვის ჟამისწირვის ჩატარება, ამის გამო ტყუიან მის დასახმარებლად, და ამბობენ, თითქოს გონება დაკარგული ჰქონდა. ხოლო ხანდახან ისიც ხდება, რომ კაცთაგან წყენის, ან სხვა რამ გაჭირვების გამო სულმოკლეობით ჩაიდენს ვინმე ამას. მაშინ არ არის საჭირო, რომ ჟამისწირვა შესრულდეს მისთვის, რადგანაც თვითონ არის თავისმკვლელი. ამის გამო მღვდელმა ძალზე დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს, რომ არ დაისაჯოს.

15. კითხვა: თუ ვისიმე ცოლი ძლიერად არის შეპყრობილი სულით და რკინის ბორკილებით არის შეკრული, ხოლო მისი ქმარი ამბობს, რომ არ შეუძლია ასე დარჩენა და სურს სხვისი შერთვა, უნდა შეირთოს თუ არა სხვა ცოლი?

პასუხი: მრუშობა იქნება ეს საქმე და რა უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, არ ვიცი.

16.* კითხვა: თუ ვინმე მარხულობს წმინდა საიდუმლოთა ზიარებისთვის და პირის ბანის ან აბანოში ყოფნის დროს შემთხვევით ჩაყლაპავს წყალს, უნდა ეზიაროს თუ არა იგი?

პასუხი: შეიძლება, რადგან სხვა შემთხვევაში სატანას შეექმნება ხელსაყრელი შემთხვევა, ჩამოაშოროს ის ზიარებისაგან, იმასვე მოიმოქმედებს ის მრავალჯერ.

17. კითხვა: თუ ხშირად ვისმენთ ღმრთის სიტყვას და არ ვასრულებთ, არ ვიმსახურებთ ამის გამო განკითხვას?

პასუხი: შესაძლებელია არ ვასრულებდეთ, მაგრამ არ შეიძლება არ ვუსაყვედუროთ საკუთარ თავს, რომ ვისმენდით და ყურად არ ვიღებდით. საკუთარი თავის საყვედური კი არის ნაწილი ხსნისა.

18. კითხვა: რა ასაკიდან განიკითხება ადამიანის ცოდვები ღმრთის მიერ?

პასუხი: ყოველი ადამიანის შემეცნებისა და მსჯელობის უნარის მიხედვით ერთნი განიკითხებიან ათი წლის ასაკიდან, მეორენი კი - შემდგომი წლებიდან.

-----------------------------------------------------------------------

* მე-16, მე-17, მე-18 კანონები ქართულ ტექსტში არ არის.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:03)