Georgian (Georgia)English (United Kingdom)

შენთვის უფრო საჭიროა იმის ცოდნა, რომ ყველა წიგნი არ არის უცთომელი, რომელსაც შერქმეული აქვს საქებელი სახელი საღმრთო წერილისა, რადგან არის ფსევდოწიგნებიც, ზოგჯერ ნამდვილის მსგავსი და ახლოს მდგომი, როგორც ნათქვამია ჭეშმარიტების მეტყველთაგან, და ზოგჯერ ყალბად დართული და ყოვლად ნატყუარი, ისევე, როგორც ყალბი ფული, რომელსაც სახე მეფისა ახატია, მაგრამ ნივთიერად უნდოა სრულიად. ამიტომ საღმრთო წიგნებს აღვრიცხავ სრულად, რომ იცოდე: პირველად ვახსენებ ძველი აღთქმის ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლათა და ლევიტელთა შუა წიგნია, შემდეგ რიცხვთა და მერმე მეორე სჯულისა. ამათ ისუც (ნავეს ძე) მიუმატე და მსაჯულთა წიგნი, მერმე რუთისა და ოთხივე მეფეთანი. წიგნნი ნეშტთა - ორ წიგნად რომ აღირიცხვის, ეზრა მათთანავე - პირველი და მეორე. შემდეგ ჩამოგითვლი მუხლედ (ლექსად გაწყობილ) ხუთ წიგნს: ღვაწლმრავალი და გვირგვინმრავალი იობი, სულის დამატკბობელი ფსალმუნთა წიგნი. შემდეგ სამი წიგნი ბრძენი სოლომონისა: იგავნი, ეკლესიასტე და ქება-ქებათა.

 

შემდეგ ათორმეტთა წინასწარმეტყველთა წიგნები: პირველი ოსე, მეორე - ამოსი, მიქეა, იოელი, აბდია, იონა - სამდღიანი ვნებისა და დაფლვის სახე, ნაუმ მათთანავე, ამბაკუმი და მეცხრე სოფონია, ანგეა, ზაქარია, ანგელოზის სეხნა - მალაქია. ამათ შემდეგ იცოდე სხვა ოთხი: დიდი და საღმრთოდ მოშურნე ესაია, თანაგრძნობის წყარო იერემია, ეზეკიელი, და ბოლოს დანიელი - სიტყვით და საქმით ბრძენი სრული. ამათ უმატებს ზოგი ესთერსაც.

მოისმინე ჩემგან მადლიანი სახელები მახარებელთა წიგნებისა, იცოდე ოთხი: მათე, მარკოზი, მესამე - ლუკა და რიცხვით მათ შორის მეოთხე - იოვანე, ხოლო სიმაღლითა და სჯულით პირველი, ქუხილის ძედ ღირსეულად აღიარებული, რომელმაც დიდად იქუხა სიტყვა ღმრთისა. სხვა წიგნიც არის ლუკასი: საქმე დიდთა მოციქულთა. ამას დაუმატე წარმართთა ქადაგის, რჩეული ჭურჭლის, ბრძენი მოციქულის პავლეს ეპისტოლენი, რიცხვით ორჯერ შვიდი: ერთი რომაელთა და ორი კორინთელთა, სხვა გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამათ მოსდევს ფილიპელთა და მერმე კოლასელთა და ორი თესალონიკელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ ორი და ცალ-ცალკე ღირსი ტიტესა და ფილიმონის მიმართ. ერთი ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, რომლის შესახებ იცრუეს, არ არის პავლესიო, თუმც აშკარაა მასში ნიშანი მადლისა.

სხვა კათოლიკე ეპისტოლეები შვიდია, როგორც ამბობენ ზოგნი, ზოგს კი მიაჩნია, რომ სამია მხოლოდ. უნდა წავიკითხოთ ერთი - იაკობისა, ერთი პეტრესი და ერთი - იოანესი. ხოლო ზოგი სამ ეპისტოლეს თვლის იოვანესად და ორს პეტრესად, რასაც ემატება ერთი იუდასი და ასე სრულდება შვიდად. ამათთან ერთად ზოგი იოვანეს გამოცხადებასაც აღრიცხავს, ხოლო უმრავლესობა საჭვოდ ხდის მას.

ეს არის უტყუარი კანონი ღმრთივსულიერი წერილის აღრიცხვისა.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:04)