Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მორწმუნე მრევლის წინაშე სამწუხარო მისიით წარდგომა გვიწევს. იძულებულნი ვართ, საჯაროდ განვაცხადოდ, რომ საქართველოში თავი იჩინა ახალმა, გაუგონარმა მწვალებლობამ, - გაუგონარმა თავისი მკრეხელობით, უმეცრების ხარისხით, გაკერპებისა და კადნიერი შეუსმენლობის უკიდურესობით.

საქმე ეხება, - არც მეტი, არც ნაკლები, - უფლის ნათლისღების უწმინდესი და უდიდესი დღესასწაულის, 6 იანვრის სრულ დაგმობას, მის შეგინებას და, შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, მაცხოვრისა და სულიწმინდის ღმერთობის უარყოფას.

მკითხველს ემახსოვრება, რომ ჩვენს წიგნში "მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოცქიულო ეკლესიაში" ვამხილებდით არქიმანდრიტების რაფაელისა და ლაზარეს უკიდურესად ცთომილ შეხედულებებს. ამ ცთომილებათა შორის მინიშნებითად განვიხილავდით და ყოვლითურთ ვგმობდით მათი სულიერი წრიდან მომდინარე გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ მაცხოვრიესეული ანუ ახალი აღთქმისეული (ე.ი. წყლითა და სულით აღსრულებული) ნათლობა თითქოსდა მხოლოდ სულთმოფენობის შემდეგ ხდება სავალდებულო, ხოლო ძველი აღთქმის მართალთა მცირერიცხოვანი კრებული, ადამიდან დაწყებული და იოანე ნათლისმცემლით დაბოლოებული, ცათა სასუფეველში მკვიდრობს მოუნათლავად, ახალი აღთქმის მაცხოვნებელ ნათლობასთან სრულიად უზიარებლად. სწორედ ამ აზრის უარსაყოფად ხაზგასმით მივუთითებდით, რომ ყველა მართალი ძველი აღთქმისა სულიერად სრულად ინათლება ჯოჯოხეთში მყოფი, ანუ ისინი სულიერად სრულად იღებენ ახალი აღთქმისეული, ქრისტესეული, ე.ი. წყლითა და სულით ნათლობის მაცხოვნებელ მადლს, რაც მათზე სრულ მოქმედებას იწყებს გოლგოთის მსხვერპლის შემდეგ. ამიტომ აღვნიშნავდით კატეგორიულად:

"თუ ძველი აღთქმის მართალთ ცათა სასუფევლის მკვიდრებად ვრაცხთ (და ეს უეჭველია), მაშ მათგან აღხოცილი ყოფილა პირველცოდვა, ხოლო რადგან პირველცოდვის აღმხოცელი მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა, უთუოდ და გარდაუვალად ისინიც ნათელღებულად უნდა შევრაცხოთ... ცათა სასუფეველში შესულთათვის მარადიულად ერთი გასაღებია - ნათლისღება. ეს გასაღები უნდა ეპყრას ხელთ ყოველ ადამიანს, ძველი აღთქმისა იქნება იგი თუ ახალი აღთქმისა, რადგან სასუფევლის ბჭენი სხვა საშუალებით არ გახსნება" (გვ. 142-143).

კიდევ:

"როდესაც ძველი აღთქმის მართლებს "უნათლავებს" ვუწოდებთ, ვუწოდებთ მარტოოდენ იმ აზრით, რომ მათზე არ აღსრულებულა ნათლობის ხილული წესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ისინი საერთოდ უნათლავები ანუ პირველცოდვით შებორკილები დარჩნენ და სასუფეველშიც ასე უნათლავად იმყოფებიან. პირიქით, მათ მიიღეს უფლისმიერი ნათლისღება, მაგრამ - ნათლისღება მხოლოდ სულით და საკუთარი რწმენით, და ის, როგორც აღვნიშნეთ, შენდობილია მათთვის, რადგან ნათლობის ხილული წესის მათზე აღსრულება ამქვეყნადაც და ჯოჯოხეთშიც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო" (გვ. 144).

აღნიშნულ ციტატებში გადმოცემული სწავლება ჩვენი ოპონენტების მიერ მთელი წიგნისგან ცალკე იქნა გამოყოფილი და მათდამი მიმართულ ჩვენს აურაცხელ ბრალდებაზე პასუხის გაუცემლად აქეთ შემოგვიტიეს, "დაგვმოძღვრეს" რა, რომ ჯოჯოხეთში მყოფ ძველი აღთქმის მართალთა სულიერი ნათელღებულობა ანუ ამ მართალთა მიერ ახალი აღთქმის, ქრისტესეული (ე.ი. წყლითა და სულით აღსრულებული) ნათლობის მადლის მიღების დაშვება თითქოს დიდი ცთომილებაა და რომ თითქოს ჩვენი მხრიდან ეს უნდა "შევინანოთ".

მაგრამ, როდესაც უფალმა ექვს იანვარს უწმინდესი ნათლობა აღასრულა, მისი მადლი ძველი აღთქმის მართლებზე არ გავრცობილა?

"მკრეხელობააო", აღბორგდნენ, "ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგებაო", - გამკსინვარდნენ, "შეინანეო", - დამმოძღვრელობენ, ზედდამძახებლობენ.

მაშ, რა აღსრულდა ექვს იანვარს?

აი, აქ, ამ კითხვის პასუხში გამჟღავნდა მთელი თავისი საშინელებით ის მწვალებლური მოძღვრება, რაც, ვინ იცის რამდენი წელია უკვე, ფარულად ქვემძრომობდა, ქვემეთრეობდა ჩვენს ირგვლივ, ჩვენს შუაგულში, გამჟღავნდა კი იგი, სრულიად დაუფარავად და უკიდურესად გაკერპებით, მღვდელ ზურაბ ანთაძის პირით, რომელმაც საღვთისმეტყველო კომისიის ქვეკომისიის სხდომებზე (მეუფეების თეოდორესა და შიოს, დეკანოზ გიორგი ზვიადაძისა და ჩვენს წინაშე) სრული დარწმუნებულობით, ყოვლად შეუვალად, ჩვენგან მიწოდებული წყაროების აბსოლუტური იგნორირებით თავისი "მოძღვრების" ასეთი წერილობითი ფორმულირება დაადასტურა (მოვიტანთ შესაბამის დოკუმენტს სიტყვა-სიტყვით, წერილობით გაფორმებულს მღვდელ გიორგი ზვიადაძისგან და, კვლავ აღვნიშნავთ, ყველას წინაშე დადასტურებულს მღვდელ ზურაბ ანთაძის მიერ):

"როდესაც იოანე მაცხოვარს ნათლავდა, მაცხოვრისგან მან (იოანემ) მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იგივე სინანულისმიერი (და არანაირად ახალი აღთქმისეული, არანაირად სულიწმიდისეული ანუ მაცხოვნებელი) ნათლისღება, რითაც იოანე ნათლავდა სხვებს. შესაბამისად, იოანეც, ძველი აღთქმის მართლებთან ერთად, მაცხოვნებელ ანუ ახალი აღთქმის (ე.ი. წყლითა და სულით აღსრულებულ) ნათლისღებას სულიერადაც სრულიად მოკლებული მკვიდრობს ცათა სასუფეველში, საკუთრივ უფლის ნათლისღება კი, რაც იესო ქრისტემ 6 იანვარს აღასრულა, იყო მთლიანად იოანეს ნათლობის თვისებისა, აბსოლუტურად არაფრით განსხვავებული მისგან და ყოველგვარ გამომხსნელობით მადლს სრულიად მოკლებული".

ამგვარად, საკითხი ისმის ასე:

არიან თუ არა ჯოჯოხეთში მყოფი ძველი აღთქმის მართალნი ნათელღებულნი?

ეს საკითხი სამ ქვეკითხვას გულისხმობს:

1. 6 იანვარს იოანესგან ნათელღებულმა უფალმა თავის მხრივ სულით ანუ ახალი აღთქმის ნათლობით ნათელსცა იოანეს, თუ იმავე სინანულისმიერი, იმავე იოანესეული ნათლობით მონათლა მან იგი?

2. 6 იანვარს აღსრულებული უფლისმიერი ნათლობა იყო თუ არა მთელი კაცობრივი ბუნების, პირველ რიგში კი სწორედ ძველი აღთქმის მართალთა ნათლისღება ანუ ამ მართლებზე ახალი აღთქმის ნათლობის, იგივე წყლითა და სულით აღსრულებული ნათლობის მადლის სრულად მიფენა?

3. 6 იანვრის ნათლისღება კაცობრიობის გამომხსნელობითი მადლის მქონე იყო, თუ მას ეს მადლი არანაირად არ განეკუთვნება?

სამივე აქ წარმოდგენილ კითხვაზე, რაც, როგორც მივუთითეთ, ერთ ზოგად კითხვაში მთლიანდება (ეს ზოგადი კითხვა, გავიმეორებთ, შემდეგია: არიან თუ არა ძველი აღთქმის მართალნი ჯოჯოხეთში ნათელღებულნი?, ეკლესიას გაცემული აქვს სრულიად კონკრეტული პასუხი, დადგენილი აქვს დოგმატი, განსაზღვრული აქვს უცვალებელი მოძღვრება, რაც ლაკონურად ასე ყალიბდება:

ექვს იანვარს იოანესგან ნათლისღების მიმღებმა უფალმა თავად აღასრულა მდინარე იორდანეში ახალი აღთქმის ნათლობა, ნათლობა წყლითა და სულით, რითაც მან მონათლა მთელი კაცობრივი ბუნება, ახალი აღთქმის გამომხსნელობითი ნათლისღების მადლი მიანიჭა მას, პირველ რიგში კი მიანიჭა იგი სწორედ იოანეს და ძველი აღთქმის მართალთ, ადამსა და ადამის მართალ ნაშიერთ, თუმცა მაცხოვრისგან შესრულებული მაცხოვნებელი ნათლისღების მადლი პიროვნულად ძველი აღთქმის მართლებზე სრულ მოქმედებას იწყებს გოლგოთის მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაცობრივი სულით ჯოჯოხეთში ჩასული უფალი ცთომილებისა და ტყვეობის ბორკილებისგან ყოვლითურთ ათავისუფლებს საუკუნითგან შესვენებულებს და ზეცად აღიყვანს მათ თავისი ყოვლადბრწყინვალე აღდგომის ჟამს. საკუთრივ იოანე უფლისგან ინათლება სწორედ სულიწმიდით, სწორედ ახალი აღთქმის ნათლისღებით, ისევე როგორც იმავე იორდანეს ნაკადულებში უფალი ნათელსცემს ანუ ახალი აღთქმის ნათლისღების მადლით სრულყოფს პირველ რიგში სწორედ ძველი აღთქმის მართალთ, მეორედ შობის, პირველცოდვისაგან და ყველა სხვა ცოდვისგან გამოხსნის საიდუმლოს ასრულებს მათზე, თუმცა 6 იანვარს შესრულებული ნათლობის საიუდმლოს მადლი ძველი აღთქმის მართლებზე პიროვნულად სრულ მოქმედებას იწყებს მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის გაღების შემდეგ.

დავძენთ იმასაც, რომ ეკლესიის უცვალებელი დოგმატით, ვერცერთი მართალი ძველი აღთქმისა ვერ შევიდოდა სასუფეველში ქრისტესეული (იგივე ახალი აღთქმისეული ანუ წყლითა და სულით აღსრულებული) ნათლისღების მადლის გარეშე, რადგან უფლის ცნობილი სიტყვები ("უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა”, ი. 3,5), საეკლესიო დოგმატით, განეჩინება მთელ კაცობრივ ბუნებას, მათ შორის ძველი აღთქმის მართლებს. სწორედ იმ საღვთო განგებულებით, რომ ძველი აღთქმის მართალნი როგორც უნათლავნი არ დარჩენილიყვნენ სასუფევლის გარეთ, - დიახ, უპირველესად სწორედ ამ მიზნით, - უფალმა სათნოიჩინა იორდანეს განწმედა და მასში წყლითა და სულით ნათლისცემა ჯოჯოხეთში მყოფი მთელი ძველი აღთქმის მართალთა კრებულისა.

აი, ეს გახალვთ ეკლესიის ერთადერთი სწავლება, ხოლო  ცრუმოძღვრება იმის შესახებ, თითქოს 6 იანვარს უფალმა მხოლოდ იოანესეული ნათლობა შეასრულა, რომ თითქოს იოანეს არ მიუღია მაცხოვრისგან სულიწმიდით ნათლობა, რომ ძველი აღთქმის მართალნი თითქოს არანაირად არ ნათელღებულან ახალი აღთქმის ნათლისღებით და რომ ისინი ამ ნათლისღების გარეშე შევიდნენ სასუფეველში, - დიახ, ყველა ეს კადნიერად ნაზრახი მესიბრძნეობა უპირობოდ შეჩვენებულია და დაგმობილია ეკლესიის მამათაგან, როგორც იესო ქრისტესა და სულიწმიდის ღმერთობის უარმყოფელი ბილწმეტყველება, როგორ 6 იანვრის ნათლობის სიწმიდის გმობა, როგორც სიწმიდეთმძარცველობა.

საკითხი იმდენად აშკარაა, საეკლესიო რჯულდება იმდენად ზედმიწევნითია, საღვთისმეტყველო წყაროები იმდენად ერთსულოვანია, რომ არსებითად ერთადერთი მოვალეობის შესრულება გვმართებს: დავიმოწმოთ კონკრეტული სწავლებანი, მოვიტანოთ წმინდა განჩინებანი.

დავიწყოთ ლიტურგიკული ძეგლებით, რადგან ცნობილია, რომ საეკლესიო ლიტურგიკა იგივე შეუძრავი დოგმატიკაა, დოგმატიკის მღვდელმოქმედებაა და, შესაბამისად, ყოვლადუცთომელია. რას გვაუწყებენ ეს ძეგლები ექვსი იანვრის საუფლო ნათლისღების შესახებ? მოვუსმინოთ:

”დღეს წყლითა და სულითა წმიდითა, ქრისტე ღმერთო, ბუნებაჲ კაცთაჲ, დაძუელებული ცოდვისაგან, განაახლე” (ნათლისღების საგალობლები, იხ. უძველესი იადგარი, თბ. 1981 წ., გვ. 28-30)

”დღეს ნათლისღებითა შენითა ქრისტე, უფროჲსად ქველისმოქმედ მაცხოვარო ჩუენო, ბუნებაჲ წყალთაჲ განსწმიდე და მას შინა ნათელღებულნი გიღაღადებთ, კაცთმოყვარე” (იქვე, გვ. 38. 33-35).

”რომელმან განსწმიდე, ქრისტე, წყალთა ბუნებაჲ და მას შინა მორწმუნენი სულისა წმიდისა თანაზიარ ჰყვენ” (იქვე, 48. 31-32)

”დღეს განაახლე ყოველი ბუნებაჲ კაცთაჲ ნათლისღებითა შენითა” (იქვე, 50. 37-38).

”პირველ საუკუნეთა ძეჲ, თანადიდებული მამისაჲ და სულისა წმიდისაჲ იორდანედ მოხუედ დღეს ნათლისღებად იოანეჲსგან, განშიშულდი ჴორცითა, აცხოვნე პირველშექმნული ადამ” (იქვე, 51. 5-7).

”რომელმან დასჯილნი ცოდვითა, ბნელსა შინა მსხდომარენი, ჭეშმარიტითა ნათლისღებითა შენითა განათავისუფლენ, ქრისტე მეუფეო, გადიდებთ შენ” (იქვე, 53. 40-42).

”შენ, მაცხოვარ, მოხუედ იორდანედ განთავისუფლებად დასაბამითგან დამონებულთა ცოდვათა” (იქვე, 55. 18-19).

”წყალთა მიერ იორდანისათა მეორედ შობაჲ აჩუენა” (იქვე, 62. 10-11).

”რომელმან იორდანეს ნათელი მოიღო და განანათლა ნათესავი კაცთაჲ, უფალსა უგალობდეთ” (იქვე, 65. 17-18).

”მაცხოვარი ჩუენი, მო-რაჲ-ვიდა იორდანესა, ნათელ-იღო იოვანეჲსგან და განანათლნა მყოფნი ბნელისანი” (იქვე, 65. 26-27).

”დღეს განთავისუფლდა ადამ და განიჴსნა კრულებისაგან ნათესავი კაცთაჲ, რამეთუ შემუსრა უფალმან წყალთა მათ შინა თავები ვეშაპისაჲ ნათლისღებითა” (იქვე, გვ. 68, 3-5).

”იორდანისაგან განსწმიდე სოფელი ცოდვათაგან, მეორედ შობაჲ მოჰმადლე და სული წმიდაჲ მიანიჭე” (იქვე, 69. 24-25).

”დაძუელებული ადამ იორდანისა წყლითა განაახლე” (დღესა ნათლითა შემოსილსა დასდებელნი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი, წიგნი II, თბ. 1978, გვ. 153.11).

”დღეს იორდანისა წყალნი იხარებენ ნათლისღებასა შენსა, მაცხოვარ, და იშუებენ მადლით, რამეთუ ბუნებაჲ წყალთაჲ იკურთხა სულითა წმიდითა” (იქვე, 154. 2-3).

”განშიშულებული იხილვე იორდანეს, რომლითაცა შეჰმოსე ადამს, განხრწნილსა ურჩებითა, სამოსელი უხრწნელი, ნათელი შეუქმნელი ნათლისღებითა შენითა იორდანეს” (იქვე, 161. 26-27).

”ნათელი ნათლისაგან შობილი, სიტყუაჲ მხოლოჲ, ჴორცითა ნათლისღებად მოვალს დღეს იორდანეს იოვანესა, რომლისა ხილვითა იხარებდეს მთანი წინაშე პირსა მეუფისასა, რომელი მოვიდა განთავისუფლებად ადამისა ყოვლით ნაშობით მისით, რაჲთა წმიდა-მყვნეს და განმანათლნეს წყლითა და სულითა” (იქვე, 161. 34-37).

”ტყავისა სამოსელსა განიძარცვავს დღეს ადამ იორდანესა შინა და შეიმოსს ნათლისა სამოსელსა საღმრთოჲთა მით მადლითა, სულისაგან და წყლისა განახლებულსა. მდინარე მადლისაჲ და საშუებელი სულისაჲ მასუ ჩუენ ნათლისღებითა შენითა დღეს, ძეო მხოლოდშობილო, და განბანაჲ ცოდვათაჲ მომანიჭე, სახიერ, ნათლისღებითა” (იქვე, 162-163).

”რაჟამს შთაჰჴედ ჴორცითა იორდანისა წყალთა, განშიშულებულმან შეჰმოსე ადამს პირველგანხრწნილსა უხრწნელებისა მადლი და მაცხოვნენ ჩუენ” (იქვე, 163. 29-30).

”იონაჲსებრ იჴსენ სიღრმეთაგან ბნელისათა, ქრისტე, ადამ პირველშექმნული და მიჰფინე ნათელი მიუაჩრდილებელი ნათლისღებითა” (იქვე, 167. 1-2).

”დღეს სიონი შვილმრავალ იქმნების მეორედშობითა ზეგარდამოჲთა” (იქვე, 170. 4-5).

”წმიდა არს უფალი, რომელსა ჰნებავს დღეს განწმედაჲ წყლითა სიწმიდისაჲთა მწინკულსა ადამის ურჩებისასა და შემოსად ნაშობთა მისთა მადლი სულისაი” (იქვე, 173. 98-99).

”...შობითა მით ზეგარდამოჲთა წყლისაგან და სულისა, სიონო, შეიმოსე დღეს ნაცვლად უსუპისა მის და მატყლისა მეწამულისა სამოსელი ბრწყინვალეჱ, სულისაგან განახლებული” (იქვე, 174. 8-10).

”ნათელს-იღებს დღეს ქრისტე და აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით, აღმოიყვანებს ურჩებით დაბნელებულსა მას კაცთა ბუნებასა და განუხუამს მათ ბჭეთა სამოთხისათა, რომელნი-იგი დაეჴშნეს გარდასლვითა მცნებათაჲთა” (იქვე, 187. 25-27).

”ნათელ-იღო იორდანესა წყალთა და მაცხოვნნა ყოველნი” (იქვე, 149.18)

”წყლისა მიერ და სულისა აღბეჭდავს დღეს და ჰყოფს მათ ერ საზეპურო” (იქვე, 188. 36-37).

”პირველ ადამისა აღთქუმული საწადელი აღმისრულე ჩუენ, ქრისტე, სახიერებით, რამეთუ ღმერთ-ჰყავ ადამი ნაშობითურთ, რაჟამს თავადი კაც-იქმენ კაცთა მჴსნელად და განმაახლე განხრწნილნი განბანითა” (იქვე, 193. 6-7).

”შეაძრწუნე წყალთა ბუნებაჲ, უფალო, მოსლვითა შენითა და მოგუეც მათ მიერ მეორედ შობაჲ მადიდებელთა შენთა” (იქვე, 199. 28-29).

”ყოველნი ბუნებანი კაცობრივნი იორდანისა წყალთა განაახლნა მაცხოვარმან” (იქვე, 202. 4-5).

”შენ, უფალო, მოხუედ აჴოცად ცოდვათა პირველთა იორდანეს ნათლისღებითა დღეს ადამ მამისა ჩუენისათა” (იქვე, 202. 15-16).

”მსხდომარეთა ბნელსა იხილეს ნათელი ნათლისღებითა მაცხოვრისაჲთა” (იქვე, 206. 6-7).

და ა.შ. და ა.შ.

როგორც აბსოლუტურად აშკარაა, ექვსი იანვრის უფლის ნათლისღება ესაა მის მიერ კაცობრივი ბუნების მონათვლა ”წყლითა და სულითა წმიდითა”, ესაა ნათლისღება - ”წყლითა ბუნების გამწმედელი”, ”კაცთა ყოველი ბუნების განმაახლებელი", "პირველშექმნული ადამის მაცხოვნებელი", "ცოვით დასჯილთა და ბნელსა შინა მსხდომარეთა განმათავისუფლებელი", "მეორედ მშობელი", "კაცთა ნათესავის განმანათლებელი", "ადამის განმათავისუფლებელი", "დასაბამითგან ცოდვით დამონებულთა განმათავისუფლებელი", "კაცთა ნათესავის კრულებისაგან განმხსნელი", "წყალთა შინა ვეშაპის თავების შემმუსვრელი", "მეორედ შობის მომმადლებელი და სულიწმიდის მომნიჭებელი", "ცხორებად საუკუნოდ მეორედ მშობელი", "დაძუელებული ადამის განმაახლებელი", "ადამისთვის უხრწნელი სამოსელის, შეუქმნელი ნათლის შემმოსველი", "განმათავისუფლებელი ადამისა ყოვლით ნაშობით მისით", "განმანათლებელი წყლითა და სულითა", "სულისაგან და წყლისა განმაახლებელი", "ზეგარდამო მეორედმშობელი", "ადამის ნაშობთა სულის მადლით შემმოსველი", "ზეგარდამო მშობელი წყლისაგან და სულისა", "სამოთხის ბჭეთა განმხუმელი", "წყლისა მიერ და სულისა აღმბეჭდელი", "ერ საზეპურო მყოფელი", "ღმერთმყოფელი ადამისი ნაშობითურთ", "განხრწნილთა განმაახლებელი განბანით", "მეორედშობის მომცემელი", "ცოდვათა პირველთა ამხოცელი".

ნუთუ აქ აღნიშნული ყოველივე იოანესეულ ნათლისღებას განეკუთვნება? განა ამა ზრის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელი საშინელება არ არის?

ან კი თვით იოანეს როგორ ნათლავს უფალი? ნუთუ იმავე იოანესეული ნათლისღებით?

"დიახო" - გვიბეჭდავს მღვდელი ზურაბ ანთაძე (თავის სულიერ ძმებთან ერთად), მაგრამ ჭეშმარიტება რას სწამებს? თავად უფალი ბრძანებს საღვთო საგალობელში:

”დაუსაბამოჲ ღმრთისა სიტყუაჲ მოვიდა აღსრულებად საიდუმლოსა განგებულებით იორდანეს ზედა და წინამორბედსა ეტყოდა: შენ მე ნათელ-მეც წყლით, ხოლო მე შენ - სულითა წმიდითა” (უძველესი იადგარი, გვ. 71. 8-10).

იოანე ნათლისმცემელიც პირდაპირ ღაღადებს:

”ვითარ ვიკადრო მე ნათლისცემად, დაბადებულმან - ყოველთა დამბადებელსა, რომლისა ვერ შემძლებელ არიან ხილვად უხილავნი ზეცისანი, არამედ შენ მე წმიდა-მყავ და განმანათლე სულითა წმიდითა, მრავალმოწყალეო” (მიქაელ მოდრეკილის იადგარი, 134. 36-37).

საიდან მოდის ეს საღვთო სწავლება? ვისგან გვეუწყა, რომ იოანე სულიწმიდით ნათლობას იღებს უფლისგან?

ამ კითხვაზე პასუხი ჩვენს ოპონენტთა გაუგონარ უვიცობას ააშკარავებს, რადგან არა უწყიან რომ სულით ნათლობის შესახებ თვით იოანე ხმობს ”უმაღლეს საყვირს”, როდესაც ამბობს:

"და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა" (იოანე 1,33).

6 იანვრის უფლის ნათლისღების შესახებ ღრმა განმარტებას გვაწვდის წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც უპირველესად, იორდანისეულ ნათლობის გადამრჩენელ, გამომხსნელობით მადლს ასაჩინოებს. აი, მისი სიტყვები (მოგვაქვს წმ. ექვთიმე ათონელის თარგმანი):

”ნათელ-იღო იესუ და აღმოვიდა წყლისაგან, რამეთუ თანააღმოჰყვანდა ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ დანთქმული ცოდვათა” (წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, I, თბ. 1996, გვ. 196).

რა შეიძლება იყოს აქ გამოთქმულ სწავლებაზე უფრო ცხადი?

ნუთუ იოანესეულ ნათლისღებას ჰქონდა ის ძალა, რომ ცოდვისგან დაცემული კაცობრივი ბუნება ზე აღმოეყვანა?

მაგრამ როგორ მიემართება ნათლისღების საიდუმლო ჯვარცმის საიუდმლოს, როდესაც გამოსყიდვა აღესრულა?

ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით, ამჯერად კი მოკლედ აღვნიშნავთ, რომ 6 იანვარს კაცობრიობის გამომხსნელი ნათლისღების საიდუმლო შესრულდა უფლის მიერ, საკუთრივ კაცობრივი ბუნება ამ დღეს განიბანა, მაგრამ პიროვნულად ძველი აღთქმის მართლებზე ამ ნათლისღებითი მადლის სრული მოქმედება იწყება მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის შემდეგ. ესეც უცვალებელი სჯულია ეკლესიისა. ამიტომ განაჩინებს წმ. იოანე ოქროპირი:

”აწ მოსლვითა უფლისაჲთა დაიჴსნა და უჩინო იქმნა ძალი ცოდვისაჲ და დაინთქა წყალთა მათ შინა იორდანისათა, სადა-იგი დაჰფლა უფალმან დაძუელებული იგი კაცი და აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი მიერ (=იქიდან) განთავისუფლებული, რომელიცა შემდგომად მცირედისა განათავისუფლოს სრულიად თჳსითა მით ვნებითა და სიკუდილითა” (იქვე, გვ. 199).

აი, უდიდესი სწავლება, რითაც იმავე მოძღვრების სიტყვისებრ, "სიღრმეთა ქუესკნელისათა დაინთქმებიან” ამ წმინდა დღის შემაგინებლები, წმინდა დღისა, როდესაც ”აღესრულა განწირულთა მათ კურნებაჲ” (გვ. 200), როდესაც კაცობრიობამ ”ღვთის შვილობა” მოიპოვა გადმოვლენილი სულიწმიდისგან (”...რტოჲსა წილ ზეთისხილისა შვილებაჲ ღმრთისაჲ მოართუა ნათესავსა კაცთასა”, გვ. 200).

ნუთუ იოანესეულმა ნათლისღებამ განახვნა ცანი, ნუთუ ქმნილების (იოანეს) მოქმედებამ გადმოავლინა სულიწმიდა, ნუთუ მისმა წყლითა და სინანულით ნათლისღებამ შესძინა კაცობრიობას ”შვილებაჲ ღმრთისაჲ”? თუ მაცხოვრისგან აღსრულებული ნათლისღება არაფრით აღემატებოდა იოანესეულს (როგორც ღმერთმგმობელობენ მავანნი), მაშ ესოდენნი სასწაულნი როგორ აღსრულდა, მაშ, თუ არა უფალმა იორდანეში, ვინ და სად გახსნა კარიბჭე საეკლესიო ნათლისღებისა?

მაგრამ მან ხომ იოანესგან მიიღო ნათლობაო - გვეავსიტყვებიან.

განგვიმარტე, დიდო მოძღვარო, ნუთი მხოლოდღა მიიღო უფალმა, თვით კი, თავის მხრივ, არაფერი უმოქმედია ღმრთივშვენიერი, ღვთისთვის საფერი?

დიახ, მიიღო და მყისვე ახალი, უდიადესი, დააწესაო, - გვასწავლის ”ოქრონესტვად” წოდებული მეოქროპირე, - ისევე როგორც მიიღო ძველი პასექი, მაგრამ მყისვე ახალი, უდიადესი, მოგვიბოძაო. მოვუსმინოთ:

”ჯერ-იყო ნათლისღებისა მის ჰურიათაჲსა დაცხრომაჲ და ჩუენისა ამის დაწყებაჲ. ამისთჳსცა, რაჲ-იგი პასექსა მას იქმნა, აქაცა იქმნების, რამეთუ მუნცა ორივე ქმნა უფალმან, ძუელიცა და ახალიცა; და ერთი იგი დააცხრვო (=გააუქმა), ხოლო მეორისა ამის ყო დასაბამი; ეგრეთვე აქა, აღასრულა რჩულიერი იგი ძუელისაჲ ნათლისღებაჲ და საეკლესიოჲსა ამის ნათლისღებისა კარი განაღო. და ვითარცა პასექსა მას ერთსა ზედა ტრაპეზსა ორივე პასექი აღასრულა, ეგრეთვე აქა, ერთსა შინა მდინარესა აჩრდილიცა იგი გამოსახა და ჭეშმარიტებაჲცა სრულყო” (გვ. 202).

ეს ”ჭეშმარიტების სრულყოფა”, ეს ”საეკლესიოჲსა ნათლისღებისა კარის განღება” რას გულისხმობს, გვითარგმნე რჯულისმოძღვარო, ძირითურთ რომ აღმოიფხვრან იორდანის წმინდა ემბაზის, უფლის ”ახალი ნათლისღების” ერესიოტნი! ბრძანებს დიდი მასწავლებელი:

”სხუათა მათ ნათელღებულთა ზედა, რომელთა ნათელ-სცემდა იოვანე, არარაჲ ეგევითარი იქმნა, ხოლო მო-რაჲ-ვიდა მომცემელი იგი ახლისა ამის ნათლისღებისაჲ, ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ გარდამოჴდა, რამეთუ არა ნათლისმცემელისა (იონეს, ე.ჭ.) მის სიწმიდე, არამედ ნათელღებულისა მის ძალი იქმოდა ამას, რაჲთა ძუელისა მისგან შემიყვანნეს ჩუენ ახლად მოქალაქობად”.

რა მოგვმადლა ამ ”ახალმა ნათლისღებამ”, ”ახალმა ნათლისმცმემელმა” (მაცხოვარმა)?

”ბჭენი ცათანი განგჳხუნა და სული წმიდაჲ გარდამოჴდა წოდებად ჩუენდა მამულსა მას ზეცისასა და არა ესრეთ ლიტონად გჳწოდა, არამედ დიდითა პატივითა, რამეთუ არა ანგელოზ გუყნა და მთავარანგელოზ, არამედ გუყნა ჩუენ შვილ ღმრთისა და საყუარელ მეუფისა, და ესრეთ აღმიყვანებს ჩუენ სამკჳდრებელსა მას ზეცისასა” (გვ. 203).

მაშ ამ დღის მადლით, ”ახალი ნათლისღების” ძალით ცანი გაგვეხსნა, სულიწმიდა გარდამოვლინდა, ზეავიზიდენით, ჩვენს სამშობლოში, აღვემატეთ ანგელოზებს და მთავარანგელოზებს, ”ღვთის შვილნი” გავხდით.

დიახ, სწორედ ამ დღის მადლია, ზეციურ სამკვიდრებელში რაც აგვიძღვება.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, კვლავ გავიხსენოთ ოპონენტთა გაუგონარი ბნელმეტყველება:

”უფლის ნათლისღება, რაც მან 6 იანვარს აღასრულა, იყო მთლიანად იოანეს ნათლობის თვისებისა, აბსოლუტურად არაფრით განსხვავებული მისგან და ყოველგვარ გამომხსნელობით მადლს სრულიად მოკლებული”.

6 იანვრის უწმინდესი ნათლისღების მწვალებლური შებილწვანი საფუძვლითურთ ემხობა, უფრო ადრე, აგრეთვე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისაგან, რომელიც საგანგებო ჰომილიას  (39-ეს) უძღვნის აღნიშნულ დღეს და იორდანეში უფლის ნათლისღების მაცხოვნებელი მადლის საკუთრივ ძველი აღთქმის მართალთა მიმართ მიფენას უდიდესი სიცხადით გვისაბუთებს (ახალ ქართულთან ერთად დავიმოწმებთ სათანადო ადგილებს ამ ჰომილიის ორი უწმინდესი ძველი ქართული თარგმანიდანაც, რომელთა მთარგმნელები არიან წმ. ექვთიმე ათონელი და წმ. ეფრემ მცირე):

დიდი ღვთისმეტყველი სიტყვა-სიტყვით ასე რჯულმეტყველებს:

”ხოლო იოანე ნათლავს, იესო უახლოვდება, განწმენდს რა, ერთი მხრივ, შესაძლოა, ნათლისმცემელსაც, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარად მთელ ძველ ადამს, რათა წყალში შთაფლოს იგი, თუმცა ამათზე ადრე (ადამზე და იოანეზე ადრე, ე.ჭ.) და ამათთვის (ადამისა და იოანესთვის, ე.ჭ.) - იორდანეს; როგორც იყო იგი (მაცხოვარი, ე.ჭ.) სული და ხორცი, ამგვარადვე სრულყოფს სულით და წყლით” (შდრ. Πλὴν Ἰωάννης βαπτίζει, πρόσεισιν Ἰησοῦς· ἁγιάσων τυχὸν μὲν καὶ τὸν βαπτιστήν· τὸ δὲ πρόδη λον, πάντα τὸν παλαιὸν Ἀδὰμ, ἵν' ἐνθάψῃ τῷ ὕδατι· πρὸ δὲ τούτων καὶ διὰ τούτους, τὸν Ἰορδάνην· ὥσπερ ἦν πνεῦμα καὶ σὰρξ, οὕτω Πνεύματι τελειῶν καὶ ὕδατι, PG. 36, col. 352 B-C).

მაშ, სავსებით გასაგებადაა უწყებული, რომ მაცხოვარი იორდანეს განწმენდს მთელი ძველი ადამისა და იოანეს გამო, რათა განწმენდილი წყლით აღასრულოს მათი განწმენდაც, ხოლო ეს განწმენდა განკაცებული ღვთისგან, რომელიც არის სული (ღმრთეება) და ხორცი (ადამიანი), აღესრულება სწორედ სულიწმიდითა და წყლით (ბერძნულში ”სული” მთავრული ასოთია: τὸ Πνεῦμα).

დავიმოწმებთ აღნიშნული მონაკვეთის რუსულ თარგმანს:

Иоанн крестит. Приходит Иисус, освящающий, может-быть, самаго Крестителя, несомненно же всего ветхаго Адама, чтоб погребсти в воде, а прежде их и для них освящающий Иордан и, как Сам был дух и плоть, совершающий Духом и водою (их. Творения св. Григория Богослова, ч. 3, 1844, с. 265).

ახლა ვნახოთ წმ. ექვთიმე ათონელის ღვთივმიმადლებული თარგმანი:

”მოვიდა იოვანე ნათლისცემად და განვიდოდა მისა ყოველი იგი ერი. მოვიდა იესუცა, ნათელი იგი მიუაჩრდილებელი, წმიდაყოფად ნათლისმცემელისაცა და, უფროჲსღა, რაჲთა ძუელი იგი ადამ დაჰფლას წყალსა მას შინა და სრულიად განაახლოს; ამას თანა, რაჲთა იორდანეცა წყარო-ყოს უკუდავებისა; ვითარცა იყო სულ და ჴორც, ეგრეთვე სულითა და წყლითა სრულჰყოფდა” (ხელნ. A 87, 76).

წმ. ეფრემ მცირესაც მოვუსმინოთ:

”გარნა იოვანე ნათელ-სცემს, იესუ მიუჴდების წმიდაყოფად ნუუკუე და ნათლისმცემელისაცა, ხოლო ესე წინაცხად,1 რაჲთა ყოველი ძუელი ადამ დაჰფლას წყალთა, და უპირატეს ამათსა და ამათთჳს - იორდანე; ვითარ იგი იყო სულ და ჴორც, ეგრეთვე სულითა და წყლითა სრულ-ჰყოფს” (ხელნ. A 109, 81).

სიტყვებს ”სულ და ჴორც” ეფრემისეულ თარგმანში ახლავს საეკლესიო კომენტარი, რაც ასეთი სახისაა:

”პირველ ნათლისმცემელისა და ადამისსა იორდანესა სრულ-ჰყოფს ხილულად უკუე წყლითა, ხოლო უხილავად სულითა ... ხოლო "სულ და ჴორც" უწოდს ნაცვალად "ღმრთეებისა და კაცებისა"
(იქვე).

მოვიტანთ ამ მნიშვნელოვანი კომენტარის ზედმიწევნით ახალ ქართულ თარგმანს:

”ნათლისმცემელზე და ადამზე ადრე იორდანეს სრულყოფს (მაცხოვარი), კერძოდ - ხილულად წყლით, უხილავად კი სულით ... ხოლო (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი) "სულად და ჴორცად"
უწოდებს მას ნაცვლად "ღმრთეებისა და ადამიანობისა".

ამგვარად მაცხოვარი მდინარე იორდანეში მთელ ძველ ადამსა და იოანე ნათლისმცემელსაც სრულყოფს ანუ ნათელსცემს მათ წყლითა და სულით.

ამ განჩინების მომდევნოდ, იორდანეში მაცხოვრისგან აღსრულებული ნათლობის მაცხოვნებლობის გამოსაკვეთად, ანუ იმის გასაცხადებლად, თუ რა წესით ნათელსცემს იესო მთელ ძველ ადამსა და იოანე ნათლისმცემელს, წმ. გრიგოლი იხსენებს ნათლობათა ადრეულ სახეებს და აღნიშნავს (მოგვაქვს წმ. ეფრემ მცირის თარგმანი):

”ნათელ-სცა მოსემან, არამედ წყლისა მიერ, და პირველ ამისსა - ღრუბლითა და ზღჳთა ... ნათელსცემდა იოანეცა, არღარა ჰურიაებრ, რამეთუ არა ხოლო წყლითა, არამედ სინანულადცა, გარნა არავე ყოვლად სულიერად, რამეთუ არღარა შესძენს, ვითარმედ: "სულითა" (A 109, 82v).

მაგრამ მაცხოვარი როგორ ნათელსცემს იორდანეში?

გვაუწყე დიდო მოძღვარო, დაადუმე ყოველი ენა ბილწადმეტყველი!

მაშ მოვუსმინოთ:

”ნათელ-სცემს იესუ, არამედ - სულითა. ესე არს სრულებაჲ” (იქვე).

აი, მთელი მონაკვეთის ექვთიმესეული თარგმანი:

”ნათელ-სცა მოსე წყლითა და, ამისა პირველ, ღრუბლითა და ზღუასა შინა ...

ნათელ-სცემდა იოვანეცა, არა ხოლო ებრაელებრ, რამეთუ არა წყლითა ოდენ, არამედ სინანულადცა, გარნა არა სრულიად სულიერად, რამეთუ არა წერილ არს "მიცემაჲ სულისაჲ".

ნათელს-სცემს იესუცა, არამედ სულითა წმიდითა. ესე არს სრულებაჲ, ესე არს ჭეშმაირტებაჲ” (A 87, 78).

მოვიტანთ რუსულ თარგმანსაც:

Крестил Моисей, но в воде, а  прежде его в облаце и в море ... Крестил и иоанн, уже не по-Иудаейски, потому что не водою только, но и в покаяние ... Крестит и Иисус, но Духом, - в сем совершенство (დასახ. გამოც. გვ. 268).

აი, ამ სულისმიერ ნათლობას ანიჭებს მაცხოვარი იოანეს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი განჩინებს:

"მე მჭირდებაო შენგან ნათლისღება" - სანთელი ეუბნება მზეს ... მაგრამ იესომ რაო? "აცადე ახლა", რადგან ესაა განგებულება, ვინაიდან იცოდა მან, რომ ცოტა ხანში თავად მონათლავს ნათლისმცემელს ( αὐτὸς βαπτίσων τὸν Βαπτιστήν(PG. 36, 352 C-D) .

წმ. ეფრემ მცირის თარგმანი:

"მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ" - სანთელი მზესა იტყჳს ... რაჲ-მე იესუ? "აცადე აწ", რამეთუ ესე არს განგებულებაჲ, რამეთუ უწყის, ვითარმედ შემდგომად მცირედისა მან ნათელ-სცეს ნათლისმცემელსა” (81v).

აი, ბილო ნაწილის რუსული თარგმანიც:

"Что же Иисус?  “Оставы ныне”. В этом Божие домостроительство. Ибо Иисус знал, что Сам будет Крестителем Крестителя" (დასახ. გამოც. გვ. 266).

უფალი ამოდის იორდანიდან და თან ამოჰყავს მთელი სოფელი, მთელი ჩვენი ბუნება (”გარნა აღმოვიდოდეს იესუ წყლით, რამეთუ მის თანა აღმოჰყვანდა სოფელი”, ეფრემის თარგ. 81v; შდრ. ექვთიმე: ”ნათელ-იღო იესუ და აღმოვიდა წყლით, რამეთუ თანააღმოიყვანა მაშინ ბუნებაჲ ჩუენი ქუედანთქმული უფსკრულსა საცთურისასა”, 76v).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მკვეთრად გახაზავს, რომ იოანე ნათლისმცემელი, რომელიც წყლითა და სულით მოინათლა (იგულისხმება, რომ იგი მოინათლა მაცხოვრის თავზე ხელის დადებისას2), ამავე დროს მოინათლა ქრისტესთვის მოწამეობით ანუ მოწამეობრივი, მარტვილური სისხლით. ამრიგად, იოანე ნათლისმცემელი არათუ გაუცხოებულია ახალი აღთქმის ნათლისღებასთან, როგორც მზაკვრობენ მავანნი, არამედ, პირიქით, მას მიღებული აქვს ახალი აღთქმის ორივე ნათლობა (ერთი წყლითა და სულით, მეორე - ქრისტესთვის დანთხეული მარტვილური სსიხლით). სულით და წყლით მისი მონათვლის შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლანი ზემოთ გადმოვეცით. ახლა რაც შეეხება ქრისტესთვის მის სისხლით ნათლისღებას! დიდი კაპადოკიელი მოძღვარი ასე რჯულმდებლობს:

"მე მჭირდებაო შენს მიერ ნათლისღება" - დაუმატე აგრეთვე: "შენს გამო"; რადგან იცოდა (იოანემ), რომ მარტვილობით იქმნებოდა ნათელღებული” (τῷ μαρτυ ρίῳ βαπτισθησόμενος, PG. 36, 352 C).

მაშ, იოანე იღებს ქრისტესმიერ ნათლისღებასაც და ქრისტესგამო ნათლისღებასაც (ანუ მარტვილობასაც).

აი, წმ. ეფრემ მცირის თარგმანი:

"მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ", - შესძინე: "შენთჳსცა", რამეთუ უწყის წამებათა ნათლისღებადობაჲ”.

აქ ”წამებითა ნათლისღებაჲ” ნიშნავს ”მოწამეობრივად, მარტვილურად ნათლისღებას” (შდრ. ბერძნ. τῷ μαρτυ ρίῳ βαπτισθησόμενος ). მოვიტანთ რუსულ თარგმანსაც:

Креститель знал, что будет креститься мученичеством (დასახ. გამოც. გვ. 265).

ეს სწავლება შესულია წმ. იოანე დამასკელის უდიდეს დოგმატურ სახელმძღვანელოში: ”მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, სადაც ვკითხულობთ:

”ნათელ-იღო იოვანე ჴელის-დადებითა საღმრთოსა თავსა ზედა მეუფისასა და თჳსითაცა სისხლითა” (წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი, თავი 82).

აქ რომ უფლისგან იოანე ნათლისმცემლის საკუთრივ ახალი აღთქმისეული ნათლისღებით მონათვლა არის რჯულდებული, აღიარებულია უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი მოძღვრის მიერ, მაგრამ ნათლისმგმობელ სიბილწეს რომ საბაბიც არ დავუტოვოთ ქვემეთრეობისა, დავიმოწმებთ ზემორე ტექსტის წმ. ეფრემ მცირისეულ თარგმანსაც, სადაც ეს რჯულდება მკვეთრად ჩანს:

”და რამეთუ დიდ არს საჴმარებაჲ ნათლისღებისაჲ და თჳნიერ მისსა შეუძლებელ არს ცხორებაჲ, ესე გუესწავების, რამეთუ თჳთ წინამორბედმანცა იოანე ნათელ-იღო პირველად ჴელის-დადებითა თხემსა საუფლოსა და ამისსა შემდგომად - თჳსითა სისხლითა” (ორივე თარგმანისთვის იხ. წმ. იოანე დამასკელი, ”მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, თბ. 2000, გვ. 238).

როგორც აშკარადაა თქმული, წმ. იოანე ნათლისმცემელს უფლისგან მიუღია მხოლოდდამხოლოდ ის ნათლისღება, რომლის გარეშეც ”შეუძლებელ არს ცხორებაჲ”, ესე იგი - ნათლისღება წყლითა და სულით.

დიდად მნიშვნელოვანია ისიც, რომ, წმ, გრიგოლ ღვთისმეტყველის რჯულდებით, მაცხოვრის მიერ იორდანეში გამომხსნელობითი ნათლობის აღსრულებამ დაადასტურა დოგმატი მისი (მაცხოვრის) და სულიწმიდის ბუნებითი ღმერთობის შესახებ. აი, ღმერთშემოსილი მოძღვრის სწავლება, რომლის ნაწილი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ:

”ნათელ-სცემს იესუ, არამედ სულითა - ესე არს სრულებაჲ და ვითარ არა ღმერთ არს ... რომლისა მიერ შენცა ღმერთ იქმნები?” (A 109, 82v).

მოვიტანთ წმ. ექვთიმეს თარგმანსაც:

”ნათელ-სცემს იესუცა, არამედ სულითა წმიდითა. ესე არს სრულებაჲ, ესე არს ჭეშმაირტებაჲ და ვითარ ღმერთად არა აღიარებ სულსა წმიდასა?” (A 87, 78).

რუსული თარგმანიც ვნახოთ:

Крестит и Иисус, но Духом, - в сем совершенство. Как же не Бог Тот, чрез Которого (осмелюсь сказать) и ты сделаешся Богом? (დასახ. გამოც. გვ. 268).

სწორედ იმის საფუძველზე, რომ მაცხოვარმა მდინარე იორდანეში დაცემული კაცობრიობის ზეცად ამყვანი საიდუმლო იმღვდელმოქმედა სულიწმიდის ზეგარდამოსვლით, ურყევად დასტურდება როგორც იესო ქრისტეს, ასევე სულიწმიდის ბუნებითი ღმერთობა, რადგან ქმნილება ამგვარ საიდუმლოს ვერ აღასრულებდა.

ამიტომ, ვინც იორდანეში მაცხოვრისგან აღსრულებული ნათლობის იოანესეულ ნათლობასთან იგივეობას ცრუმოძღვრობს, ასეთი მემოძღვრე უპირობოდ არიანელია, უპირობოდ მაკედონიანელია, ნესტორიანელია, იეღოველია. მეტიც, აქ ჩამოთვლილ ერეტიკოსებსაც ბევრად აღემატება იგი უკეთურებით, რადგან არც არიანელს, არც რომელიმე სხვას, მიუხედავად უკიდურესი გაუკუღმართებისა, არ შეუბედავს იორდანეში აღსრულებული ნათლისღებისთვის, გამომხსნელობას მოკლებულად არ შეურაცხავს იგი და თუმცა თუნდაც არიანელები ქმნილებად თვლიდნენ იესო ქრისტეს, აგრერიგად განცოფებულნი მაინც განმაღმრთობელად აღიარებდნენ იორდანეში მისგან სრულქმნილ ნათლობას (ამიტომაც არიანელთაგან ეკლესიაში მოსულები თავიდან არ ინათლებოდნენ), მაშინ როცა ჩვენი ოპონენტები თუმც კი ღმერთად ადიდებენ იესო ქრისტეს, არიანელებზე მეტად ჩამოჰყავთ იგი ქმნილების ხარისხამდე, რადგან უფლისგან აღსრულებულ საიდუმლოს სწორედ ქმნილებისას (იოანესას) უთანაბრებენ.

წმ .გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთხმა და ერთპირია მთელი მწყობრი წმინდანებისა, აბსოლუტურად ყველა მათგანი, ვინც კი 6 იანვრის ღმერთმყოფელ ნათლისღებას შეჰხებია. ესაა ზღვა მასალა, რომლის სრული იგივეობა და თანახმიერება ზემოგანხილულ უწმინდეს წყაროებთან თავიდან გვარიდებს დამოწმებათა უსასრულოდ განვრცობის აუცილებლობას. მოვიტანთ მხოლოდ რამდენიმეს:

წმ. იოანე ოქროპირი:

”უფალი ჩუენი იესუ ქრისტე... მოვიდა იორდანედ ნათლისღებად თჳსისა მონისაგან, რაჲთა ძუელი იგი კაცი კრულებისაგან განჴხსნეს ღმრთეებითა თჳსითა, რამეთუ ჰურიათა იგი ნათლისღებაჲ პირველი ვერ შესაძლებელ იყო განწმენდად ცოდვათა. იგი შთაჴდა წყალთა და მისითა მით ნათლისღებითა - ღმრთეებით და სულით წმიდით - ცეცხლებრ-შეზავებით ყოველნი იგი ცოდვანი განაქარვნა” (”ნათლისღებისათჳს უფლისა”, იხ. ”უდაბნოს მრავალთავი”, თბ. 1994, გვ. 55-56).

წმ. რომანოზ მელოდოსი:

”ედემში დაბრმავებულ ადამს გამოუჩნდა მზე ბეთლემიდან და გახსნა მან მისი გუგები, განუბანა რა ისინი იორდანის წყლებით (ἀποπλύνας αὐτας Ιορδάνου τοῖς ὕδασιν ), გაშავებულსა და ჩაწყვდიადებულს ნათელი ამოუბრწყინდა ჩაუქრობელი” (”ნათლისღების შესახებ”, II კონტაკიონი; იხ. ბერძნ. ტექსტი: Sources Chretiennes, №110, Romanos Le Melode NYMNES, T. II, ed. par J. Grosdidier De Matons, Paris 1965, p. 270).

წმ. პროკლე კონსტანტინოპოლელი:

”ამას დღესა შეთხზულსა მას ცოდვასა ძეთა კაცთასა განჰჴსნიდა... მზისა იგი მზჱ იორდანესა შინა იბანების” (”ნათლისღებისათჳს”, X ს-ის ხელნაწერი A 19, 180.1).

”აწ მოვედით და იხილეთ ახალი ესე წყლითრღუნაჲ, უმჯობესი და უსაკჳრველესი პირველისაჲ მის, რომელ იყო ნოვეს ზჱ, რამეთუ მან წყლითრღუნამან ნათესავი კაცთაჲ წარწყმიდა, ხოლო ამან წყლითრღუნამან ნათლისღებისამან მკუდარნი განაცხოველნა” (იქვე, 180v1).

მთავარეპისკოპოსი ევსები:

”...თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან: ”შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის ზედა წყალთა და მიეც იგი საჭმლად ერსა მას ჰინდოეთისასა”; ”ვეშაპად” თქუა გონებაჲ გულარძნილი - ეშმაკი, ხოლო ”წყლად” თქუა ნათლისღებაჲ იგი, ხოლო ”ჰინდოდ” - ჩუენ, რომელნი-ესე წარმართთაგანნი ვართ მორწმუნენი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი; და რაჲსათჳს-მე ”ეთიოპელ” თქუა, რამეთუ უწინარჱს ნათლისღებისა შავ ვიყვენით და სიშავისა მისთჳის ცოდვისა შესუარულნი მასვე, რამეთუ საჭმლად მოგუცა ჩუენ, არათუ რაჲთა ვჭამოთ იგი, არამედ რაჲთა დავთრგუნოთ ჴელითა ნათლისღებისაჲთა” (”ნათლისღებისათჳს”, A 19 198v1-2).

ამრიგად, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ერთხმა და ერთპირია მთელი მწყობრი წმინდანებისა, აბსოლუტურად ყველა მათგანი, ვინც კი ექვსი იანვრის ღმერთმყოფელ ნათლისღებას შეჰხებია. ამიტომ, ყველაფერი უნათლესად აშკარაა, უმკვეთრესად გამომჟღავნებულია. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, შეჯამებაა ყოველივე ზემოთქმულისა, რომ ერთ მწყობრ სწავლებად შენივთდეს დოგმატი 6 იანვრის ღმერთმყოფელი ნათლისღებისა, იორდანის როგორც საღვთო ემბაზისა, ძველი აღთქმის მართალთა მასში ნათელღებისა და ამ გზით მათთვისაც სასუფევლის ბჭეთა გახსნისა, ორი საიდუმლოს - ნათლისღებისა და ჯვარცმის - ურთიერთ თანშერთულობისა, თვით იოანე ნათლისმცემლის მხოლოდდამხოლოდ ქრისტესეული ნათლობით (სულიწმინდით) ნათელღებულობისა და, საზოგადოდ, საეკლესიო ნათლობის (წყლითა და სულით ნათლობის) მადლის გარდაუვალი აუცილებლობისა მთელი კაცობრიობისათვის, მათ შორის, უპირობოდ ძველი აღთქმის მართალთათვისაც.

ვის განვუკუთვნოთ ამ ყოველივეს თანაშეწყობა, შემწყობრება, წმინდა დოგმატთა ერთმთლიანი მღვდელმეტყველება, რომ ზღუდე დაედოს ტაძრისმკრეხველთა გლისპობას, წმინდა მოძღვრება კი წარმოჩნდეს, ვით ”სპეკალი” მართლმადიდებლობისა?

დიდი სოფრონი გახლავთ ეს მოძღვარი, ერეტიკოსთა წინააღმდეგ მეშვიდე საუკუნეში ამობრწყინებული უჭკნობი გვირგვინი იერუსალიმის ეკლესიისა, საღვთო მღვდელმესიტყვე, საუფლო დღესასწაულთა ღვთივსულიერი გამომეტყველი, წმინდა დოგმატთა თავის თავში სრულად შემკრები.

ამ დიდი პატრიარქის საღვთისმეტყველო ჰომილიები წმ. ეფრემ მცირის, წმ. არსენ იყალთოელის, გელათური სკოლის ღვთივგანბრძნობილ მთარგმნელთა მიერ ქართულ ენაზეც აჟღერებულა. ორი მათგანი სწორედ 6 იანვრის ნათლისღების საიდუმლოს მეეკლესიობს, ამ დღის დოგმატს გვისაჩინოებს.

მაშ, მოძღვართ-მოძრვარო, გვაშურვე საწადელი სწავლებანი.

მშვიდად ვისმინოთ ყოველივე, მოვიძიოთ უზუსტესი პასუხები ამ კითხვებზე, ზემოთ რომ დავსვით.

უპირველესად, ეს განგვისაზღვრე, ღმერთშემოსილო მამამთავარო, რა ნათლისცემას აღასრულებს იორდანეს ნაკადულებში უფალი ჩვენი, ნათლისმცემელ იოანეს რა სახით ნათლავს, ნუთუ წყლითა და სინანულით, მხოლოდღა ასე? თუ უეჭველად საღვთო სულით, რაც ეთვისება მის ღმერთობას?

მოძღვარი ბრძანებს:

“იორდანედცა და იორდანის ნაკადულთა მოვალს წყაროჲ ცხორებისაჲ…, არამედ ნათლისმცემელისა მიმართცა, და წყლითა ხოლო ნათლისმცემელისა, სულითა ნათლისმცემელი მიიწევის” (წმიდათა შორის მამისა ჩუენისა სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისაჲ, ნათლისღებისათჳს მაცხოვრისა და ზედააღდგომისათჳს სარკინოზთაჲსა”, იხ. არსენ იყალთოელის წმინდა სახელთან დაკავშირებული უწმინდესი ხელნაწერი XII ს-სა H-1347, 238r; იხ. იგივე ძეგლი სხვა ნუსხებში: A 182, S 1276, გელ. 13, იერუს. 23; იხ. ამ ნუსხათა შესახებ კ. კეკელიძე, ეტიუდები, V, თბ. 1957, გვ. 110).

ახალ ქართულად:

”იორდანესთანაც და იორდანის ნაკადულებთანაც მოდის ცხოვრების წყარო..., ხოლო იოანე ნათლისმცემელს, მხოლოდ წყლით ნათლისმცემელს, უახლოვდება სულით ნათლისმცემელი”.

რას აღასრულებს ”სულით ნათლისმცემელი”?

”განაახლებს ადამისემიერსა დაძუელებულობასა და ყოველსავე ახალ-ჰყოფს და მოჰმადლებს ახალდაბადებულობასა” (იქვე, 139v).

იოანე როგორ მიმართავს ცხოვრების წყაროს, ვით ესიტყვება თავის უფალს”

”ვითარ ნათელ-გცე შენ წყლითა, რომელსა გეგულების ნათლისცემაჲ სულითა მით ნათლისცემითა, რომლისა პირველ ყოველთასა მე მოქენე (=მთხოვნელი) ვარ” (240 v).

მაშ, იოანე ყველაზე ადრე ითხოვს უფლისგან სულით ნათლობას!

კვლავ გვასმინე, ჰოი მოძღვარო, რად ნათელ-იღო ხორცშესხმულმა უფალმა ჩვენმა, რა ნათლისღება მოგვმადლა მან ადმაიანებს.

”ჩუენ კაცთათჳს ნათელ-იღო, რაჲთა განწმიდოს ბუნებაჲ ჩუენი და წყალნი და ესრეთ სრულიადი ცხოვრებაჲ დამიმკვიდროს ჩუენ” (243 v).

თითქოს ყოველივე გაცხადდა, მაგრამ მაინც მომღიმარობენ მავანნი, საკუთრივ ძველი აღთქმის მართალთა შესახებ ხომ არას ამბობსო, არცთუ წყლითა და სულით ნათლობის მადლის აუცილებლობას განაწესებსო მათთვის.

მაგრამ, მოძღვარო, უდიდესთაგანო მოძღვართა შორის, ესეც გვიწყაროე, ეს საიდუმლოც გვიჭეშმარიტე, ძველი აღთქმის მართალნი ვით შეერთვიან ღმერთმყოფელი იორდანის ემბაზს.

სწორედ ამ კითხვაზე პასუხად ზენათა მჭვრეტი მასწავლებელი, იორდანის წმინდა ტალღებში კეთილმესაჭე, მშვიდად, თანაშეწყობით შეუდგება უდიადესი სწავლების ვრცლად გადმოცემას და თვალშეუდგამი მზეთბრწყინვალებით, უკაშკაშესი აზრის სინათლით განმანათლებლობას.

მაშ, მოვუსმინოთ (უპირველესად სიცხადისათვის ახალ ქართულ თარგმანს მოვიტანთ):

”არა მარტო ამ მიზეზის გამო3 მიიღო ნათლისღება სიტყვამ და ღმერთმა, როდესაც იგი ჩვენებრი გახდა, არამედ რადგან თვით მას ჰქონდა ნათქვამი ნიკოდემოსის მიმართ ჩვენი დამბადებელი ნათლისღების შესახებ, რომ  ”თუ ვინმე არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შეძლებს შესვლას ღვთის სასუფეველში” (იოანე 3,5), ამ დროს კი მრავალნი წინასწარმეტყველნი და მართალნი, რომლებიც მოსურნენი იყვნენ, რომ ენახათ მისი მოსვლა და თავიანთი თვალებით ეხილათ იგი ხორცით მოსული, ისე გავიდნენ ამ ცხოვრებიდან, რომ არ შობილან წყლისა და სულის მიერ და ამის გამო უცხონი გამოჩნდნენ ზეციური სასუფევლისგან (ანუ, იგივე ვთქვათ, ჭეშმარიტი ცხოვრებისგან),4 შესაბამისად თვით ღვთივთქმული განსაზღვრებისა, რომლის უწყებითაც ყველას დახშული ჰქონდა ზეცის სასუფეველი, ვინც კი არ იყო ნათელღებული წყლისა და სულის მიერ, არცთუ განმცდელი ზეგარდმო შობილობისა, სწორედ ამიტომ, იგი, ცათა შინა სუფევის მიმმადლებელი იმათთვის, რომლებიც დაკლებულნი იქნებოდნენ ამ სასუფევლისგან, მათი პიროვნების გამო რომ არ ინათლებოდეს მეუფე, როგორც მთელი კაცობრივი ბუნების პიროვნულობის მქონე, ზედიზედ უწოდებდა თავის თავს ”ადამის ძედაც”, რათა ამგვარი სახელის განუსაზღვრელობით5 ის მიეთითებინა ჩვენთვის, რაც საზოგადოა ადამიანებში. ამრიგად, მას რომც არ მიეღო ნათლისღება იორდანის ნაკადულებში, მაინც შეეძლო, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს, წყლითა და სულით მოენათლა მისდამი სარწმუნოებით მსრბოლნი (ისევე როგორც აღასრულა ეს იოანემაც, ნათლისღების მიმცემმა, თვით კი ნათლისღების არმიმღებმა), მაგრამ მასზე ადრეულ წინასწარმეტყველთა და მართალთათვის უსარგებლო იქნებოდა ეს, რადგან ისინი, როგორც წყლისა და სულის მიერ არმონათლულნი და არც ზენა აღმოშობილობის მქონენი, სასუფევლის გარეთ რჩებოდნენ. მაგრამ ეს სიდიადეც გამოვლინდა მისი კაცთმოყვარეობის უცხადეს ნიშანსვეტად, რის აღსასრულებლადაც მოსული იყო ჩვენთან, რადგან უსამართლობად გამოჩნდებოდა ყველასთვის, რომ ისინი, რომლებიც წინასწარმეტყველნი, მამამთავარნი და მართალნი იყვნენ, - ღვთისსათნოდ მცხოვრებნი, საქებარი ცხოვრების მქონენი და ზეციური სასუფევლის ღირსი საქმეების აღმსრულებლები, - სასუფევლის გარეთ დარჩენილიყვნენ იმ სულიერი შობის ვერმიღების გამო, რაც ამათ შემდეგ6 მოგვეცა ჩვენ წყლისა და სულის მიერ, და ამ მიზეზით დრო დაედანაშაულებინათ7, თან გაეკილათ ღვთის სამართალნი8, რომ არა რაიმე საქმეთამიერმა უკეთურებამ ააცდინა გზას ისინი, არამედ დროში განსხვავებამ და გამიჯნულობამ შესძინა მათ დასჯილობა. აი, ამიტომ ქრისტე, რომელიც აღასრულებს სიმართლის ყოველ სჯულიერებას, იმათ გამო, როგორც მართლმსაჯული, ნათელ-იღებს, რომ მასში იმათაც ნათელ-იღონ, მიიღონ ზეგარდმო შობა და ცათა შინა სასუფეველში შევიდნენ, აღარ იქნებიან რა მისგან არანაირად კარდახშულნი ამ დიდმადლიანობის, ესე იგი ნათლისღების, შედეგად. საფიქრებელია, რომ ამისთვისაც უდაბნოს ხმა9 ხმამაღლა ღაღადებდა: ”აჰა, კრავი ღვთისა, რომელმაც იტვირთა სოფლის ცოდვები” (ი. 1,29), რადგან ამით მოასწავებდა არა მხოლოდ მის ჯვრისმიერ მოკვლას (რადგან ქრისტეს, როგორც ღვთის კრავს, მოელოდა დაკვლა სოფლის ცხოვრებისათვის და თავისი სისხლის დაღვრით კაცობრივი ბუნების გამოხსნა საეშმაკო მძლავრებისაგან), არამედ - წყლითა და სულით ჩვენს განწმენდასაც, რაც მოგვმადლა ნათელღებულმა ქრისტემ, ახალი აღმოშობის მომცემმა ჩვენთვის და წყლითა და სულით მისმა (კაცობრივი ბუნების, ე.ჭ.) განმწენდმა” (იხ. ბერძნული ტექსტი შემდეგ გამოცემაში: Αναλέκτα Ιεροσολυμιτικῆς Σταχυλογίας, ὑπὸ Α. ΠΑΠΑΔΟΠΟΥΛΟΥ- ΚΕΡΑΜΕΩΣ, T. V, ΕΝ ΠΕΤΡΟΥΠΟΛΕΙ, 1898, σ. 163-165) .

ამჯერად დავიმოწმებთ ამ უსაღვთოესი სწავლების უწმინდეს ძველ ქართულ თარგმანს:

”არა ხოლო ამათ ოდენ მიზეზთათჳს ნათელ-იღო სიტყუამან და ღმერთმან, იქმნა რაჲ ჩუენებრ, გარნა ვინაჲთგან მას თავადსა ეთქუა ნიკოდემოსის მიმართ დამბადებელი ჩუენი აღმოშობაჲ, ვითარმედ: ”უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ძალ-უც შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა” და მრავალნი ძუელითაგანთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთაგანნი, რომელნი სურვიელ იყვნეს ხილვად მოსლვასა მისსა და განცდად ჴორცითა მოსრულსა მას თუალებითა თჳსითა, განვიდეს ამის ცხორებისაგან არასად შობილნი წყლისა მიერ და სულისა, ამისთჳსცა უცხოდ გამოჩნდეს ჭეშმარიტისა ცხონებისაგან და ზეცათა სასუფეველისა, - განსაზღვრებისა მისებრ მისისა ღვთივთქუმულისა, - რამეთუ ყოველთადა დაჴშულ იყო ზეცისა სასუფეველი ვითარცა არანათელღებულთათჳს წყლისა მიერ და სულისა, არცა მიმღებელთა ზეგარდამოშობილობისათა, ვინაჲცა მიმადლებისათჳს მათდა სასუფეველისა, რომელნი-იგი დაკლებულ იყვნეს ზეცათა სუფევისაგან, მათისა პირისა განჩემებისათვის ნათელ-იღებს მეუფე ვითარცა მქონებელი პირსა ყოველისავე კაცობრივისა ბუნებისასა. ამისთჳსცა ზედაჲსზედა უწოდდა თავსა თჳსსა ”ძედ კაცისა” და ესევითარისა ამის სახელისა შეუსაზღვრებელობითა საზოგადო-ჰყოფდა თავსა თჳსსა ყოვლისავე ჩუენ კაცთა ბუნებისა.

რამეთუ დაღათუმცა არა ნათელ-ეღო მას ნაკადულთა შინა იორდანისათა, ძალ-ედვავე, ვითარცა ღმერთსა ყოვლისა შემძლებელსა, წყლითა და სულითა ნათლისცემაჲ ჩუენი, სარწმუნოებით მისსა მიმავალთაჲ (ვითარ-იგი იოვანეცა ჰყოფდა მიცემასა ნათლისღებისასა, რომელი თჳთ მას არა მიეღო ნათლისღებაჲ), არამედ პირველგარდასრულთა მათ წინაჲწარმეტყუელთა და მრავალთათჳს უსარგებლო იქნებოდა ესე, ვინაჲთგან გარეგან იყვნეს სასუფეველისა ვითარცა არაშობილნი წყლისა მიერ და სულისა, არცა მქონებელნი ზენაჲთ შობილობისანი; არამედ ესეცა დიდ საცნაურება იყო კაცთმოყუარებისა მისისა საღმრთოჲსა და სიმართლისა მისისა უსაცნაურეს მოსწავება, რაჲსა-იგი აღსრულებად მოსრულ იყო ჩუენდა მომართ, რამეთუ უსამართლოება აღუჩნდებოდა ყოველთა, უკუეთუ იგინი, რომელ წინაჲსწარმეტყუელნი და მამამთავარნი და მართალნი იყვნეს, - სათნოდ ღმრთისა ცხორებულ და საქებელისა ცხორებისა მქონებელ და აღმასრულებელ საქმეთა ღირსთა ზეცათა სასუფეველისათა, - გარეგან სასუფეველისა დაშთენ ვერმიმღებელობისათჳს სულიერისა შობისა, უკუანაჲსკნელ ჩუენდა მოცემულისა მიერ წყლისა და სულისა, ვინაჲ ღმერთსაცამცა აბრალებდეს და რაჟამს სამდურავ-ჰყოფდეს სამართლისა თანა ღმრთისა, ვითარმედ არა ბოროტმან რამანმე საქმემან დააკლნა იგინი, არამედ ჟამისა სხუაობამან და განყოფილებამან დაშჯილებაჲ მოატყუა მათ.

ამისთჳსცა ქრისტე, აღმასრულებელი ყოველსავე შჯულიერებასა სიმართლისასა, ვითარცა მართლმსაჯული მათთჳს ნათელ-იღებს, რაჲთა ამის შორის მათცა ნათელ-იღონ და მიიღონ ზეგარდამოჲ შობაჲ და არღარა დააყენებდეს მათ ზეცათა სასუფეველსა შესლვად ნიჭდიდობითა ამით ნათლისღებისაჲთა. ნუუკუე და ამისთჳს ჴმაჲ უდაბნოჲსაჲ ბრწყინვალედ ჴმობდა: ”აჰა კრავი ღმრთისაჲ რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი” (ი. 1,18), რამეთუ ამათ არა ხოლო ჯუარისამიერსა სიკუდილსა მისსა მოასწავებდა, ვითარმედ კრავებრ ეგულების ძესა ღმრთისასა დაკლვად ცხორებისათჳს სოფლისა და თჳსთა სისხლთა დათხევითა გამოჴსნაჲ კაცობრივისაჲ თბისაჲ (=ცომის, ბუნების) მძლავრებისაგან საეშმაკოჲსა, არამედ ამისაცა წყლითა და სულითა განწმენდასა ჩუენსა, რომელი ქრისტემან მოგუმადლა ნათლისღებითა, რაჟამს ახალი აღმოშობაჲ მომცა ჩუენ წყლითა და სულითა” (H-1347, 243r-245r).

რაღა ვთქვათ ახლა, რაღა განვაჩინოთ? ხომ სრულიად აშკარად ითქვა, რომ ძველი აღთქმის მართალნი წყლითა და სულით ნათლობის გარეშე სასუფევლის გარეთ აღმოჩნდებოდნენ, რის გამოც უპირველესად სწორედ მათ გამო აღასრულებს უფალი საკუთრივ წყლითა და სულით ნათლისღებას იორდანეში, რომ ამ გზით იმათაც მიიღონ ნათლისღება და აღარაფერმა დააბრკოლოს ისინი ზეცათა სასუფეველში შესვლისაგან.

კვლავ შეგახსენოთ ”ზეცათამობაძავი” სწავლება?

მაშ, მოვუსმინოთ:

”ამისთჳსცა ქრისტე, აღმასრულებელი ყოველსავე შჯულიერებასა სიმართლისასა, ვითარცა მართლმსაჯული მათთჳს ნათელ-იღებს, რაჲთა ამის შორის მათცა ნათელ-იღონ და მიიღონ ზეგარდამოჲ შობაჲ და არღარა დააყენებდეს მათ ზეცათა სასუფეველსა შესლვად ნიჭდიდობითა ამით ნათლისღებისაჲთა”.

მაშ, ”მზისა იგი მზჱ იორდანესა შინა იბანების”, ”რაჲთა ამის შორის მათცა”, ”რომელ წინაჲსწარმეტყუელნი და მამამთავარნი და მართალ იყვნეს”, ”ნათელ-იღონ და მიიღონ ზეგარდამოჲ შობაჲ და არღარა დააყენებდეს მათ ზეცათა სასუფეველსა შესვლად ნიჭდიდობითა ამით ნათლისღებისაჲთა”.

და ეს რატომ?

”რამეთუ  უსამართლოება აღუჩნდებოდა ყოველთა, უკუეთუ იგინი, რომელ წინაჲსწარმეტყუელნი და მამამთავარნი და მართალნი იყვნეს, - სათნოდ (244 v2) ღმრთისა ცხორებულ და საქებელისა ცხორებისა მქონებელ და აღმასრულებელ საქმეთა ღირსთა ზეცათა სასუფეველისათა, - გარეგან სასუფეველისა დაშთენ ვერმიმღებელობისათჳს სულიერისა შობისა, უკუანაჲსკნელ ჩუენდა მოცემულისა მიერ წყლისა და სულისა, ვინაჲ ღმერთსაცამცა აბრალებდეს და რაჟამს სამდურავ-ჰყოფდეს სამართლისა თანა ღმრთისა, ვითარმედ არა ბოროტმან რამანმე საქმემან დააკლნა იგინი, არამედ ჟამისა სხუაობამან და განყოფილებამან დაშჯილებაჲ მოატყუა მათ”.

აი, რა მოძღვრებას ბილწავენ მავანნი!

დიახ, ასე დაემხო ექვსი იანვრის ნათლისღების შემბილწველი და სულისგამხრწნელი ბოროტმადიდებლობა!

მაშ, დავასკვნათ:

1. იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვრისგან მიიღო სწორედ ახალი აღთქმისეული ანუ წყლითა და სულით ნათლისღება.

2. ეს ნათლისღება იორდანეში უფალმა უპირველესად სწორედ ძველი აღთქმის მართალთათვის აღასრულა, რომ ამ გზით სულიერად ნათელ-ეღო ჯოჯოხეთში მყოფ ძველი აღთქმის უკლებლივ ყველა მართალს, ყველა მათგანს მოეხვეჭა წყლითა და სულით ნათლისღების ზეგარდმო შობა და მხოლოდ ასე, წმინდამყოფელი ნათლისღების გამომხსნელობითი დიდმადლოვნების შედეგად, შესულიყვნენ სასუფეველში.

3. ექვსი იანვრის ნათლისღება ესაა მთელი კაცობრივი ბუნების, უპირველესად ძველი აღთქმის მართალთა, გამომხსნელი საიდუმლო, მღვდელმოქმედებული მარადიული მღვდელმთავრის, ხორცშესხმული მაცხოვრის მიერ.

 

* * *

ახლა, რადგან არსებითი უცხადესად გაირკვა და დასამხობი დაემხო, მცირედით კიდევ გავისარჯოთ და დიადი მოძღვრის მეორე ნათლისღებითი ქადაგებაც მოვინაყოფოთ.

კვლავ მზევდება უსაღვთოესი ღვთისმეტყველება:

”ესეცა (იოანე ნათლისმცემელი) ბრწყინვალითა ქალწულებითა ჰაეროვან არს, რომელი წყლითა ნათელ-სცემს ცოდვისაგან თავისუფალსა, - ცხად არს, ვითარმედ ქრისტესა, მზესა მას პირველსაუკუნეთასა, რომელი წინაუკუმო ნათლისმცემელსა ნათელსცემს სულითა წმიდითა“ (S 1276, 90r).

გესმით, ”წინაუკუმო (=პირუკუ, ე.ჭ.) ნათლისმცემელსა ნათელ-სცემს სულითა წმიდითაო?”

სადა არიან ავადმგმობარნი მაცხოვრისანი, თითქოსდა მან მხოლოდ წყლით ნათელსცაო ნათლისმცემელსა? ან იმ სიცრუეს ვით ეშველება, ზემოთ დასახელებულმა ერესიოტმა რომ აღმოიმწვირა, რაჟამს წმ. იოანე ოქროპირის სწავლებებმა სინათლეზე გამოიყვანა და სრულიად გამოააშკარავა მის სიბილწეთა დაფარულობა, მან კი, ბოლომდე განადგურებულმა და საკუთარი სიცოფის კედელთან მიმწყვდეულმა, ასე იმზაკვრა ჭეშმარიტების მარწუხისგან გასხლტომა, თქვა რა:

6 იანვარს ახალი აღთქმის ნათლისღება მხოლოდღა დაწესდაო მაცხოვრისგან, მაგრამ არ შესრულებულაო, და დაწესდაო მარტოოდენ ახალი აღთქმის მართალთათვის.

როგორ, განა ყველა საეკლესიო წყაროში მაცხოვრის მიერ სწორედ ნათლობის შესრულება არ არის უმკვეთრესად ხაზგასმული? ან, საერთოდ, შეიძლება კი, რომ რაიმე დაწესდეს, მაგრამ არ შესრულდეს? მაშ, თუ არ შესრულდა, როგორღა დაწესდა იგი? ნუთუ მაცხოვარმა იდეაში, თეორიაში, ჰაერზე, ზმანებითად დააწესა საიდუმლო და არ აღასრულა? ჰოი, უგუნურებათა უგუნურებავ! ამგვარი ნონსენსი ხომ არასოდეს არავის უთქვამს?! ამასთან, თუ არა სწორედ შესრულებას, სხვას რას ნიშნავს თუნდაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისგან თქმული:

”როგორც იყო იგი (მაცხოვარი, ე.ჭ.) სული და ხორცი, ამგვარადვე სრულყოფს სულით და წყლით” (იხ. ზემოთ).

თუნდაც ამ ტექსტის ექვთიმესეული თარგმანი გავიხსენოთ:

”სულითა და წყლით სრულ-ჰყოფდა”.

წმ. ეფრემ მცირის თარგმანსაც კვლავ მოვიტანთ:

”ეგრეთვე სულითა და წყლითა სრულ-ჰყოფს”.

გნებავთ, რუსულიც კვლავ ვნახოთ:

Совершающий Духом и водою.

ქვემოთ ვნახავთ, რომ წმ. სოფრონიც ამასვე რჯულმდებლობს:

”შთაჴდების წმიდათა ამათ წყალთა იორდანისათა, მოიდრეკს თავსა და ნათელ-იღებს და გამოუთაარგმანებელთა საიუდმლოთა სრულ-ჰყოფს” (96r).

იოანესაც ხომ უეჭველად მოქმედებაში ნათლავს მაცხოვარი სულიწმინდით და არა იდეაში (ნუ იყოფინ!). რამდენი ნიმუში დავიმოწმეთ ზემოთ ამ რჯულდების წარმოსაჩენად! კიდევ დავიმოწმებთ იმავე წმ. სოფრონის სხვა სიტყვებსაც:

”იგი მას ნათელ-სცემს სულითა” (90r).

დიახ, ესეც მოვისიბრძნეთ, მაგრამ ამჯერად ისიც ვიწადოთ, იოანე რომ ხმობს სოფრონის პირით, ”განცჳბრებული”:

”მოვიდა ქრისტე, არა ხოლო ყოვლისა ბიწისა ზეშთა ქმნული, არამედ ყოველთა ბიწთა განბანად შემძლებელი საღმრთოჲთა მით და ზეცისაჲთა ნათლისცემითა მისითა, რამეთუ ვერვინ სხუაჲ შემძლებელ არს მიტევებად ცოდვათა და ბრალთა, გარნა მხოლოჲ ღმერთი, რომელი ცეცხლითა და სულითა ნათელ-სცემს ჩემ-სახედ (=ჩემებრ) მწიკულევანსა, მნებებელსა ნათლისღებისასა” (91r).

უფალი კი რას მიუგებს წინამორბედს?

”თავისუფლებაჲ მოგმადლო თქუენ და განგაბრწყინვნე თქუენ ნიჭთა შვილებისაჲთა” (92r).

ესეც შევისმინოთ, უფლისგან ნაგულისხმევი, წმ. სოფრონის მიერ კი ამ სახით ნამეტყველები:

”უკუეთუ არა პირველად მე ჩემითა ნათლისღებითა განვწმიდო ნათლისღებაჲ, კაცთაგანი არცა ერთი ვინ განწმდების, არცა ვინ სრულიად წმიდა იქმნების, დაღათუ ბევრგზის ნათელ-იღოს და ბევრეული იჴუმიოს საპკურებელი წყალთაჲ” (92r).

ესაა ”ყოვლისმსოფლიოჲ ნათლისღებაჲ” და როგორღაა იგი იოანესეული?

განვიგულოთ უფლის სიტყვები, კვლავაც წმ. სოფრონის პირით ზრახული:

”ნათელ-ვიღო და ცოდვაჲ დავჰფლა წყალთა შინა ყოვლადმსოფლიოჲსა ნათლისღებისა ჩემისათა” (92r).

იოანეს მიმართ ასე ხმობს მაცხოვარი:

”პირველად ნათელ-მეც მე წყლითა და ამისსა შემდგომად მე შენ ნათელ-გცე სულითა” (93r).

ზემოთ მრავალგზის უცხადესად წარმოდგენილ რჯულდებათა შემდეგ კვლავ გავიხსენოთ ჩვენს მოპაექრეთა ნათლისმგმობელობა:

”როდესაც იოანე მაცხოვარს ნათლავდა, მაცხოვრისგან მან (იოანემ) მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იგივე სინანულისმიერი (და არანაირად ახალი აღთქმისეული, არანაირად სულიწმიდისეული ანუ მაცხოვნებელი) ნათლისღება, რითაც თვით იოანე ნათლავდა სხვებს. შესაბამისად, იოანეც, ძველი აღთქმის მართლებთან ერთად, მაცხოვნებელ ანუ ახალი აღთქმის (ე.ი. წყლითა და სულით აღსრულებულ) ნათლისღებას სულიერადაც სრულიად მოკლებული მკვიდრობს ცათა სასუფეველში, საკუთრივ უფლის ნათლისღება კი, რაც იესო ქრისტემ 6 იანვარს აღასრულა, იყო მთლიანად იოანეს ნათლობის თვისებისა, აბსოლუტურად არაფრით განსხვავებული მისგან და ყოველგვარ გამომხსნელობით მადლს სრულიად მოკლებული”.

ჰოი, მკრეხელობავ!.

 

* * *

ახლა კი ესეც გულმოდგინედ გამოვიძიოთ, ჯვარცმა-ვნებას როგორ შეერთვის იორდანის ნათლისღება, რადგან მავანნი ასეც მზაკვრობენ: უფლის ჯვარცმაა მარტოოდენ გამომსყიდველი, იორდანეში ნათლისღება კი გამომხსნელობას ყოველგვარად განიძარცვავსო.

დიახ, აგრერიგად მზაკვრობენ ქრისტემტყუარნი, არ კი იციან, რომ პირფერულად ჯვარცმის დიდება, რომ ამ გზით დაგმონ ნათლისღება, მგმობელობაა თვით ჯვარცმისაც, რადგან უცვალებელი სჯულია ეკლესიისა: ერთი სიწმინდის პატივისცემით (პირფერული პატივისცემით) მეორის გმობა თვით იმ პირველის გმობაცაა, ვინაიდან საუფლო წიაღში სიწმინდენი ერთმთლიანია და რომელიმე მათგანის გმობა დაგმობაა მთელი საუფლო წიაღისა, ისევე როგორც ერთი წმინდანის პატივისცემით (პირფერული პატივისცემით) მეორის გმობა ყველა წმინდანის დაგმობაა.

ჯვარცმაა უდიდესზე-უდიდესი ნიშანსვეტი, ჯოჯოხეთის დამამხობელი, კაცობრიობის გამომსყიდველი, იორდანესეული ნათლისღების განმასრულებელი. ეს ნიშნავს:

ყველა ჯვარცმამდელი საუფლო საიდუმლო მაცხოვრისა უდიდესია, გამომხსნელია, ახალი აღთქმისეულია, ჭეშმარიტად აღსრულებულია, მაგრამ ამ საიდუმლოთა მადლი მოქმედებას იწყებს მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის შემდეგ, მხოლოდ საუკუნოვან ბორკილთა მსხვრევის მომდევნოდ.

თუ უფლის ჯვარცმამდელი მღვდელმოქმედებანი ნიშნით ფუჭია, ძველი აღთქმისეულია, გამომხსნელობით მადლს მოკლებულია, ხსენებული ნათლისმგმობელნი მაშინ თვით ზიარების საიდუმლოსაც ასეთად უნდა რაცხდნენ, რადგან უფლის უდიადესი სიტყვები ("მიიღეთ და სჭამეთ...", "სუთ ამისგან ყოველთა...") ჯვარცმამდე, გოლგოთის მსხვერპლის შეწირვამდე ითქვა.

საქმე ისაა, რომ ახალი აღთქმის პასექი, მაცხოვრისგან ზემორე სიტყვებით უკვე დაფუძნებული, ამოქმედებული ხდება, და ჩვენგან საზიარებელი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღსრულდება თვით გოლგოთის მსხვერპლშეწირვა, როდესაც მაცხოვარი ჭეშმარიტად დაათხევს თავის სისხლს ახალი აღთქმისას, როდესაც იგი ჭეშმარიტად განიტეხება, ჭეშმარიტად დაიკვლება ჩვენთვის ახალი აღთქმის პასექად, ახალი აღთქმის ზატიკად. დიახ ზიარების საიდუმლო, როგორც გოლგოთის მსხვერპლი, მოქმედებას იწყებს მხოლოდ აღნიშნული მსხვერპლის გაღებიდან და არა მანამდე; მაცხოვრისგან უკვე დადგინებული ახალი აღთქმის პასექი მოქმედებას იწყებს მხოლოდ იმ წამიდან, რა წამიდანაც თვით მაცხოვარი მსხვერპლად გაიღებს თავის თავს როგორც ჭეშმარიტი პასექი, ჭეშმარიტი ზატიკი, როცა აღსრულდება გამოსყიდვა, როცა დაიმსხვრევა საუკუნოვანი ბორკილები.

ამგვარადვე, ექვს იანვარს უფლისგან შესრულებული და კაცობრიობისათვის დადგინებული გამომხსნელობითი საიდუმლო ნათლისღებისა მხოლოდ მას შემდეგ იწყებს სრულ მოქმედებას პიროვნულად ადამიანებზე, რაც თვით უფალი თავისი ჯვარცმა-დაფლვა-აღდგომით იორდანისეული ნათლისღების არსს საჩინო ჰყოფს, მსხვერპლგაღებას თავის თავზე აღასრულებს, რადგან იორდანის ნათლისღებაც იგივე დაფლვა-აღდგომაა. აი, როგორ გვმოძღვრავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი იორდანის ნათლისღებასთან დაკავშირებით:

”ქრისტე ნათელს-იღებს, თანაგავბრწინდებით; ქრისტე დაეფლვის, თანაშთავიდეთ რაჲთა თანააღმოვიდეთ” (A 109, 80r).

იგივე სწავლება აქვს პავლე მოციქულს, როდესაც იგი ჩვენი ნათლობის მაცხოვრისეულ ჯვარცმა-დაფლვა-აღდგომასთან თანაშერთულობის შესახებ გვმოძღვრავს:

”რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ და თანადავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდიდოთ” (რომ. 6, 2-4).

ჯვარცმამდე იყო ხარების საიდუმლო, შობის საიდუმლო, ნათლისღების საიუდმლო.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი უდიდესია, ნათლისღებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ამ დღეს საკუთრივ გამომხსნელი საიდუმლო სრულდება და დგინდება როგორც მღვდელმოქმედება, როგორც საეკლესიო საიდუმლო, ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი. ესაა იგივე ახალი აღთქმის ნათლისღება ანუ ნათლისღება წყლითა და სულით, რომლის მიღების გარეშე ვერც ერთი ადამიანი (ვერც ძველი აღთქმისა, ვერც ახალი აღთქმისა) სასუფეველში ვერ შევა. გარდაცვლილ და ჯოჯოხეთში მყოფ მართლებზე ძველი აღთქმისა სულიერად ამ დღის, ამ საიდუმლოს (წყლითა და სულით ნათლობის) მადლი სრულ მოქმედებას იწყებს მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლშეწირვის შემდეგ, თუმცა კი თვით ნათლისღების საიდუმლო ამ მართალთა გამო, ისევე როგორც მთელი კაცობრიობისათვის (დიახ, ნათლისღების საიდუმლო როგორც მღვდელმოქმედება) მაცხოვრის მიერ 6 იანვარს შესრულდა ყოვლადბრწინვალედ, ღმრთულად, გამომხსნელობითად.

შეიძლება დაისვას კითხვა:

ხომ არ ქმნის წინააღმდეგობას იმის დაშვება, რომ ჯერ საიდუმლო სრულდება და შემდეგ იწყებს სრულ მოქმედებას ამ საიდუმლოს მადლი.

ვუპასუხებთ, რომ არათუ რაიმე წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, არამედ, პირიქით, ესაა საეკლესიო რჯული იმათთან დაკავშირბეით, რომლებიც ცთომილების ბორკილებში იმყოფებიან.

ჯერ თვით მოვლენა ვნახოთ:

როგორც ურყევად და შეუძრავად დადგინდა, 6 იანვარს, უფალმა აღასრულა ახალი აღთქმის ნათლისღება ანუ ნათლისღება წყლითა და სულით, რაც არის აუცილებელი და გარდაუვალი პირობა სასუფეველში შესასვლელად, თუმცა საკუთრივ ამ დღეს არავინ გახსნილა ბორკილებიდან, არავინ შესულა სასუფეველში. ძველი აღთქმის მართალნი პიროვნულად გამოიხსნებიან და სასუფეველში შედიან გოლგოთის მსხვერპლგაღების შემდეგ, რითაც აშკარა ხდება, რომ სწორედ ამ დროიდან იწყებს მათზე სრულ მოქმედებას იორდანისეული ნათლისღების მადლი (ამ ნათლისღების მადლის გარეშე ისინი, წმ. სოფრონის პირით გამოთქმული საეკლესიო რჯულდების თანახმად, ვერ ცხონდებოდნენ). სწორედ ამიტომ მივუთითებდით კატეგორიულად ჩვენს წიგნში:

”ისინი ინათლებიან ჯოჯოხეთში, რაჟამს იქ მაცხოვარი ჩადის” (გვ. 143).

ცხადია, სიტყვაში ”ინათლებიან” ვგულისხმობთ ნათლისღების მადლის უშუალო და სრულ ამოქმედებას მათზე ანუ პირველცოდვისგან მათ გათავისუფლებას. ამიტომ მივუთითებდით საგანგებოდ, თითქმის ყველა შემთხვევაში, მონათვლისა და პირველცოდვისგან გათავისუფლების იგივეობას. მაგალითად:

”როდესაც ძველი აღთქმის მართლებს ”უნათლავებს” ვუწოდებთ, ვუწოდებთ მარტოოდენ იმ აზრით, რომ მათზე არ აღსრულებულა ნათლობის ხილული წესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ისინი საერთოდ უნათლავები ანუ პირველცოდვით შებორკილები დარჩნენ და სასუფეველშიც ასე უნათლავად იმყოფებიან. პირიქით, მათ მიიღეს უფლისმიერი ნათლისღება” (დასახ. წიგნი, გვ. 143).

კიდევ:

”იგივე ითქმის კეთილგონიერ ავაზაკთან დაკავშირებითაც, რომელსაც ჯვარზე არანაირი წყლის დასხმა, ცხადია, არ მიუღია მაცხოვრისგან, რადგან შეუძლებელი იყო ეს, მაგრამ იგი ნათელღებული (ანუ, რაც იგივეა, პირველცოდვისგან გათავისუფლებული) გახდა საკუთრივი რწმენით და მაცხოვრისეული ცხოველმყოფელი სულით (სულიწმინდით) და არა მხოლოდ ნათელღებული გახდა, არამედ - სავსებით ჯოჯოხეთგარიდებულიც და დახშული სამოთხის პირველგამღებიც” (იქვე, გვ. 144).

მართალია, თავისთავად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი დღიდან ჩავთვლით ნათელღებულად ძველი აღთქმის  მართლებს (ექვსი იანვრიდან თუ გოლგოთის მსხვერპლშეწირვიდან და საუკუნოვან ბორკილთა დამსხვრევიდან), რადგან თვით მათი ნათელღებულობა უპირობოა, საეკლესიო დოგმატია (სწორედ ამას უარყოფენ გაკერპებით, სიგლისპით ჩვენი ოპონენტები), თუმცა რადგან საკითხი მაინც ისმის, საჭიროა ვუპასუხოთ:

ექვს იანვარს უფლისგან შესრულდა და დადგინდა კაცობრიობის გამომხსნელი და მაცხოვნებელი ნათლისღება ანუ ამ დღეს მოინათლა მთელი კაცობრივი ბუნება, მაგრამ თითოეულ ადამიანზე პიროვნულად სხვადასხვა დროს ხდება იორდანისეული მადლის ამოქმედება და ეს კონკრეტული ადამიანებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ნათელღებულნი ხდებიან (და ასეც ითქმიან) სწორედ იმ დღიდან, როდესაც მათზე, უშუალოდ იწყებს ამოქმედებას 6 იანვრის ნათლისღების მადლი და კურთხევა. მაგალითად, უფლის მაცხოვნებელ ნათლისღებაში ყველა ადამიანთან ერთად, ცხადია, მოციქულებიც იგულისხმებიან, თუმცა ისინი უშუალოდ ინათლებიან სულთმოფენობის დღეს და ამ დღიდან ითქმიან მონათლულებად. ასევე, ყველა ჩვენგანი, მოციქულებისებრ, არსობრივად დაკავშირბეულია 6 იანვრის ნათლისღებასთან, რადგან ჩვენც იგივე კაცობრივი ბუნება გვაქვს, იორდანეში რომ განიბანა, თუმცა ყველა ჩვენგანი, პირდაპირი აზრით, მონათლულად მხოლოდ იმ დღიდან ვიწოდებით, როცა იორდანის მადლი და კურთხევა პიროვნულად გადმოვა ჩვენზე. დიახ, როდესაც უწმიდესი საეკლესიო წეს-განგებით ნათლისღებას ვიღებთ, იმავე იორდანეში ვინათლებით, იგივე იორდანის მადლი და კურთხევა გადმოდის ჩვენზე მთელი სისრულით. ამიტომ იგალობება ყველა მოსანათლზე საღვთო კვერექსი:

”გარდამოავლინოს უფალმან ღმერთმან ჩუენმან მას ზედა მადლი გამოჴსნისაჲ და კურთხევაჲ იორდანისაჲ” (იხ. ”დიდი კურთხევანი”, ე. ჭელიძის გამოც., გვ. 102).

”შენ იორდანისაცა წყალნი განსწმიდენ, ზეცით გარდამოავლინე წმიდაჲ სული შენი და თავები, რომელ მათ შინა დაებუდა, შეჰმუსრენ ვეშაპთანი. შენ უკუე, კაცთმოყუარეო მეუფეო, მოვედ და აწცა დანერგვითა წმიდისა შენისა სულისაჲთა განწმიდე წყალი ესე და მოეც ამას მადლი გამოჴსნისაჲ და კურთხევაჲ იორდანისაჲ” (იქვე, გვ. 102).

ამიტომაა განუყოფელი იორდანის ნათლობა და გოლგოთის მსხვერპლი, რომელთაგან პირველი წინდს გვაძლევს გამოხსნისას ანუ იწყებს გამომხსნელობითი მადლის მოფენას კაცობრიობაზე, პირველ რიგში ჯოჯოხეთში მყოფ მართლებზე, მეორე კი განასრულებს ამ ყოველივეს, ანუ, რაც იგივეა, პირველი - ესაა თვით გამომხსნელი საიდუმლოს შესრულება, მეორე კი პირველცოდვის ბორკილთა მსხვრევა საუფლო მსხვერპლშეწირვის გზით და იორდანისეული ნათლისღების მადლის სრულად მიფენა პიროვნულად ყველა მართალზე ძველი აღთქმისა და ამ მართალთა, როგორც ახალი აღთქმის ნათლისღებით ნათელღებულთა, სასუფეველში დამამკვიდრებლობა.

წმ. იოანე ოქროპირი, როგორც დავიმოწმეთ, პირდაპირ ამბობს:

”დაიჴსნა და უჩინო იქმნა ძალი ცოდვისაჲ და დაინთქა წყალთა მათ შინა იორდანისათა, სადა-იგი დაჰფლა უფალმან დაძუელებული იგი კაცი და აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი მიერ (=იქიდან) განთავისუფლებული, რომელიცა შემდგომად მცირედისა განათავისუფლოს სრულად თჳსითა მით ვნებითა და სიკუდილითა” (”თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ”, წიგნი II, თბ. 1996, გვ. 199).

ღმრთივმესიტყვე სოფრონის პირით კი ასე რჯულმდებლობს თავად უფალი:

”მიცი მე ღმრთეებრ ამხუმელად ცოდვათა სოფლისათა..., რომელი-ესე ვითარ იქმნეს,არათუ პირველ ნათელ-ვიღო და ცოდვაჲ დავჰფლა წყალთა შინა ყოვლადმსოფლიოჲსა ნათლისღებისა ჩემისათა? ამისსა შემდგომად დაკლვაჲცა მივითუალო ვითარცა კრავმან და მით მოვაკუდინო ადამის ბრალეულობაჲ, რამეთუ ნათლისღებაჲ ჩემი არს დასაბამ ჩემისა თქუენდა მიმართ განცხადებისა, ხოლო ვნებაჲ - დასასრულ ჩემისა თქუენთანა ქცევისა” (იქვე, 92v).

მცირედით შემდეგ წმ. სოფრონი კიდევ უფრო დაწვრილებით გამოგვიწვლილავს, რომ ნათლისღებით ღვთისშვილობის მადლი სწორედ გოლგოთის მსხვერპლის შემდეგ იწყებს სრულ მოქმედებას ადამიანებზე, მანამდე კი მოცემულია საკუთრივ ”წინდი შვილებისაჲ”, რადგან თვით ”შვილება” ჩვენგან მიუღებელი იქნებოდა ნათლისღებითი ”წინდის” გარეშე, თუმცა უმჯობესია, რომ ჯერ ნათლისღების და ჯვარცმის მადლის თანაშერთულობის შესახებ სოფრონის პირით ნამეტყველები უფლის რჯულდება შევიმოყვსოთ და მოვისიბრძოოთ:

”შენ მიერ, წინაჲსწარმეტყუელისა და წინამორბედისა ჩემისა, ნათელს-ვიღებ, რამეთუ ყოვლისავე კაცთა ბუნებისათვის ნათელს-ვიღებ, რომელთა პირი საიდუმლოდ მომაქუს მე და რომლისათჳს, შემდგომად არამრავალისა, ჯუარს-ვეცუმი, რაჲთა ადამისმიერისა ბიწისაგან განვწმიდო იგი და შვილებისა მადლითა განვაბრწყინვო, ხოლო შვილებისა მადლსა მიღებაჲ შეუძლებელ არს მისგან, არათუ პირველად განწმდეს იგი მის შორის მყოფთა მათ მწინკულევანებათაგან, რამეთუ არცა ვინ სასუფეველსა ღმრთისასა მიემთხუეჳს, უკუეთუ არა პირველად მიეღოს ნათლისღებაჲ, - წყლისაგან ვიტყჳ და სულისა, - რომლისაჲ-იგი მე მხოლოჲ მიმცემელ და მიმნიჭებელ ვარ ... უკუეთუ არა ნათელ-მცე მე წყალთა შინა, არცა სადემ შენ მიემთხჳო ზეცისა სასუფეველსა, დაღაცათუ ნათლისმცემელ და წინამორბედ ხარ, რამეთუ შეუძლებელ და მიუთუალველ არს, ვითარცა პირველ განგიჩინე შენ, არანათლღებულთაჲ წყლისა მიერ და სულისა შესლვაჲ განსასუენებელსა მას” (92v-93 v).

მაშ, თვით იოანეც რომ წყლით და სულით არ მონათლულიყო, ვერანაირად ვერ შევიდოდა სასუფეველში.

ახლა კი კვლავაც ნათელთმშობელი სწავლება, უფლისაგან იოანესადმი ნაუწყები, შთავუმეცნოთ, შთავუგონებოთ უმეცრებს, უგონებოებს:

”აცადე რაჲთა პირველად შენიმიერი ესე სრულვყო ნათლისღებაჲ და მაშინღა ჩემმიერი ნათლისღებაჲ მივანიჭო ყოველთა კაცთა (93r).

დიახ, ”ყოველთა კაცთა” და არა მხოლოდ სამომავლოდ დაბადებადთა!

ბოლოს, ვისმინოთ უდიადესი საგალობელი ”შვილობის წინდის მომადლებისა”, იორდანეში ქრისტეს ნათლისღებისა, უკეთ - დოგმატი გალობად აღვლენილი:

”ესევითარი არს ქრისტეს განსაკრთომელი ნათლისღებაჲ, რომელსა ჩუენ ვდღესასწაულობთ დღეს. ამას ყოველსა მოანიჭებს იგი კეთილმსახურთა, მომადლებითა მათდა შვილებისა წინდისაჲთა, რომელ-იგი არს მტკიცე და დაუცემელ და საღმრთოდ აღავსებს მათ  ღმრთივმოცემულობითა ჰაეროვნებითა. ესე არს შესავალ ზეცისა სასუფეველისა; ესე არს წინაბჭე საუკუნოჲსა ცხორებისა; ესე არს ჩუენდა ღმრთისა მიმართ საკუთრებისა ძირ და დასაბამ და წინაშემყვანებელ, რამეთუ "უკუეთუ არა იშვეს ვინმე, - თქუმულ არს, - წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა". აწ უკუე, ვინაჲთგან ქრისტემან, მხოლოდშობილმან ძემან მამისამან, ნათელ-იღო, ზეცათა აღსავლისა ბჭენი განმიხუნა ჩუენ და მოგუმადლა შესავალი მამისა მიმართ  თჳსისა” (94r-95v).

 

* * *

ამრიგად, უკვე შესრულებული საიდუმლოს მადლი ცთომილებაში მყოფ ადამიანებზე, ჩვეულებრივ, ყოველთვის მაშინ იწყებს ამოქმედებას, როდესაც ეს ცთომილნი დაცემულობის ბორკილებიდან თავს აღწევენ და ჭეშმარიტების წიაღში შეაბიჯებენ.

უცვალებელი საეკლესიო რჯულდებაა, რომ გარკვეული მწვალებლობებიდან მოსული ადამიანი (ვთქვათ, ყოფილი არიანელი) ხელმეორედ აღარ ინათლება, რადგან ასეთ შემთხვევაში ეკლესია განაჩინებს, რომ ამ ადამიანზე შესრულებული ნათლისღება, მიუხედავად იმისა, რომ ერეტიკოსმა (არიანელმა) იმღვდელმოქმედა იგი, კანონიკურობის ნიშნით დარღვეული არ არის და თანხვდება მართლმადიდებლურს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე არიანელს, ვიდრე იგი მართლმადიდებელ ეკლესიას შეერთვოდეს, ნათელღებულად ვთვლიდეთ, რადგან ერეტიკულ ცთომილებაშია ბორკილდადებული.

ამგვარად, ეკლესია რჯულმდებლობს, რომ რიგ შემთხვევებში, ცთომილებაში მყოფზე ნათლისღების საიდუმლო შესრულებულია, მაგრამ ამ საიდუმლოს მადლი იმ პიროვნებაზე, ვისზეც საიდუმლო შესრულდა, ჯერ არ მოქმედებს, ამოქმედდება კი მხოლოდ მაშინ, როდესაც ხსენებული ადამიანი შეაჩვენებს იმ ერესს, რასაც ემონებოდა, და ჭეშმარიტებას შეეტკბობა. აქედან ითვლება იგი ნათელღებუალდაც.

იგივე ითქმის მირონცხების ღმერთმყოფელი საიდუმლოს შესახებ. ზოგ შემთხვევაში მირონი ეცხება ყოფილ ერეტიკოსს (კერძოდ, თუ მას ადრე ან საერთოდ არ მიუღია თავის ერეტიკულ ეკლესიაში მირონცხება ანდა კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული), ზოგ შემთხვევაში კი - არა; ამ უკანასკნელ შემთხვევაში ითვლება, რომ მიუხედავად ერესის წიაღში ყოფნისა, თვით საიდუმლო მოცემულ პიროვნებაზე კანონიკურად იყო შესრულებული (ასეთებია: ევტიქიანელები, სევერიანელები, ნესტორიანელები, რომლებიც ეკლესიაში მოსვლისას მხოლოდ მწვალებლობათა შეჩვენების ხელწერილს წერენ და არც ინათლებიან, არც მირონს იცხებენ), თუმცა ნათლისღების მსგავსად მიროცხების მადლიც მხოლოდ მაშინ იწყებს ამ პიროვნებაზე ამოქმედებას, როდესაც იგი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ხდება.

ძველი აღთქმის მართლებზე გამომხსნელი ნათლისღების საიდუმლო მაშინ შესრულდა, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ცთომილებასა და დაცემულობის ტყვეობაში, ჯოჯოხეთის ბორკილებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კი სრულად ამ საიდუმლოს გამომხსნელობითი მადლი ჯვარცმის შემდეგ, ბორკილთმსხვრევისას. ამიტომ, პიროვნულად ნათელღებულებიც, სასუფევლისკენ ზეცადმავალნიც ამ ჟამიდან გვევლინებიან.

 

* * *

კვლავ იორდანეს შევესინათლოთ, ”იორდანეს - დასაბამს ცათა სასუფევლის მოპოვებისას” (შდრ. რუსული თარგმანი: Иордан – начало обладания царством небесным, ნაშრომი: О реке Иордана; св. Иоанн Златоуст, Творения, т. 10, с. 879).

აქ ევედრა იოანე თავის მაცხოვარს, პირველცოდვის აღმხოცელი ნათლისღება მიეცა მისთვის (შდრ. ”მე მმართებს შენგან ნათლისღება” - მომიბოძე უფალო, - ასე ამბობს, - ის ნათლისღება რაც სოფლისთვის მისაცემად გაქვს განზრახული; მე მმართებს შენგან ნათლისღება, რადგან წინამამის ცოდვით ვარ პყრობილი, ვატარებ ჩემში შხამს გველისას; მე ასე მმართებს, განვიბანო შებილწულობა დასაბამიერი შეცოდებისა”, იხ. ნაშრომი: ”წმინდა ღვთისგანცხადების შესახებ”; შდრ. რუსული თარგმანი: св. Иоани Златоуст, Творения, т. 10, с. 927).

აქ ვიწილხვედრეთ ღვთისშვილობა, ცოდვათაგან განწმენდილობა, როგორც კვლავ და კვლავ ხმაგანსმენილად მღვდელმემსხვერპლეობს ჭეშმარიტად ”ცხოველგონება”, ჭეშმარიტად ”სოფრონ” - ქმნილი10 მამათმავარი:

”მუნ აღყვანებისა ჩუენისათჳს მოვიდა ჩუენდა მომართ მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ და ამას წილითხუდომასა მოგუმადლებს ჩუენ დღეს, რამეთუ შთაჴდების წმიდათა ამათ წყალთა იორდანისათა, მოიდრეკს თავსა და ნათელს-იღებს და გამოუთარგმნაბელთა საიდუმლოთა სრულ-ჰყოფს, რამეთუ წმიდა-ჰყოფს წყალთა იორდანისათა და მათ თანავე წმიდა-ჰყოფს ნათლისმცემელსა, ამას თანა შეჰმუსრავს თავებსა ვეშაპთა წყალთა შინა და მათ შინა დაჰფლავს ცოდვათა ჩუენ კაცთასა და გამომაჩინებს ჩუენ წმიდა ცოდვათაგან ..., რაჲთა ჩუენ, მის მიერ განწმენდილნი, წმიდა-ვიქმნნეთ მის მიერ და წმიდად შევიდეთ ბჭეთა ზეცისათა და ბრალთაგან თავისუფალნი მოუჴდეთ მამასა და სიწმიდით მოვიხუნეთ ნიჭნი  იგი ზეცისანი და სიწმიდით ვიქცეოდეთ წმიდათა მათ სულთა თანა ყოვლითა სიწმიდითა აღსავსისა ანგელოზთა მწყობრისასა” (96r).

ასე დაგვმოძღვრა დიდმა მოძღვარმა, აგრერიგად გამოგვიბრწყინა მან ნათლისსახეობა მოძღვრებისა, ესოდენ შემოგვაცვითა ჯანღი მწვალებლობისა, ეგზომ გვიჭეშმარიტა უჭეშმარიტესი, დაგვიდგინა რა:

უწმინდესი დღე იორდანეში ქრისტეს ნათლისღებისა ესაა ახალი აღთქმის ნათლისღება მთელი კაცობრივი ბუნებისთვის და მისთვის გარდაუვლად გზის გაკაფვა ცათა სასუფევლისკენ, რადგან სწორედ ამ დღეს, ექვსი იანვრის უწმინდესი მღვდელმქომედების ჟამს, იორდანის ღმერთმყოფელი ემბაზის წიაღ მთელი კაცობრიობისთვის, პირველ რიგში კი სწორედ ძველი აღთქმის მართალთათვის დასაბამდა ცხონების აღმოცისკრება.

 

----------------------------------------------------------------------

 

1 - ეფრემისაგან კალკირებული ”წინაცხად” (ბერძ. πρόδηλον ) ნიშნავს ”ყოვლითურთ ცხადს”, ”უეჭველს” (შდრ. რუს. несомненно).

2 - იოანეს სულიწმინდით ნათლობა მაცხოვრის თავზე ხელის დადებისას ეკლესიის სწავლებაა. მაგალითად: ”შენ, მჴსნელო, წყლითა ნათელ-გცა დღეს წინამორბედმან, ხოლო რაჟამს დაგდვა მარჯუენე თავსა, ნათელს-იღო მან განცხადებულად შენ ღმრთისაგან” (”განცხადებისა მსგებსი და ჴსენებაჲ ღმერთშემოსილთა მამათა სინელთაჲ”, იხ. მიქ. მოდრ. იადგარი, გვ. 202. 28-29).

3 - იგულისხმება წინა ციტატაში ნაუწყები მიზეზი.

4 - განსაზღვრებისა იმის შესახებ, რომ ვერავინ შევა სასუფეველში წყლითა და სულით ნათლობის გარეშე.

5 - ე.ი. დაუკონკრეტებლობით.

6 - ე.ი. აღნიშნული მოვლენების შემდეგ.

7 - ე.ი. რომ ამ ნათლისღების დაწესებამდე ცხოვრობდნენ, რომ მათი ცხოვრების დრო მაცხოვნებელი ნათლობის წინმსწრები იყო.

8 - ე.ი. ღვთის სამართალიც გაეკიცხათ.

9 - ე.ი. იოანე ნათლისმცემელი.

10 - ბერძნ. ”სოფრონი” (σώφρων) ქართულად ნიშნავს ”გონებაცოცხალს, მრთელცნობიერს, ცხოველგონებას”.

 

ედიშერ ჭელიძე

დოგმატურ-საღვთისმეტყველო სერია №7
თბილისი, 2004 წ.

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 07 December 2012 12:47)