Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წმ. თეოფილე II ს-ის მნიშვნელოვანი საეკლესიო მწერალია. სამწუხაროდ მისი ცხოვრების შესახებ მეტად მცირე რამ ვიცით. ევსები კესარიელი გვაუწყებს: "თეოფილე ცნობილია, როგორც მოციქულთა შემდეგ მეექვსე ეპისკოპოსი ანტიოქიის ეკლესიისა, სადაც მეოთხე ეპისკოპოსად დადგენილი იყო კორნელიუსი (ჰერონის შემდეგ), ხოლო მეხუთე ეტაპზე, კორნელიუსის მომდევნოდ, ეროსი ფლობდა ეპისკოპატს" (საეკლესიო ისტორია, IV, 20). ამავე ისტორიკოსის უფრო ადრეულ შრომაში "ქრონიკები" აღნიშნულია: "ანტიოქიის მეექვსე ეპისკოპოსი თეოფილე - ცამეტი წელი. ამ თეოფილესაგან მოღწეულია (სიტყვ. "არის და ვრცელდება") მრავალი თხზულება" (ევსები კესარიელი, ქრონიკები, წიგნი II, იხ. პგ. XIX, სვ. 566). თეოფილეს ეპისკოპოსობა ევსების მიხედვით 169 წ-ს უკავშირდება (ეს თარიღი ბევრ მკვლევარს ჰიპოთეტურად ესახება). საგულისხმოა, რომ ანტიოქიის მექქვსე ეპისკოპოსად არის სახელდებული თეოფილე ქვემორე თხზულების ხელნაწერშიც. წმ. იერონიმე მას პეტრეს შემდეგ მეშვიდე ეპისკოპოსად წარმოგვიდგენს.

წმ. თეოფილე წარმოშობით იყო მდინარე ევფრატის სანაპირო მხარეებიდან. ამის შესახებ თავად გვაუწყებს: "ის, რომ სამოთხე მიწაა და მიწაზე იყო იგი დანერგილი, ამის შესახებ წერილი ამბობს: "და დანერგა ღმერთმა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით და დაადგინა იქ კაცი და აღმოაცენა ღმერთმა კვლავ მიწიდან ყველა ხე, - სახილველად ჰამო და საჭმელად კარგი" (შესაქ. II, 8-9). საღვთო წერილი სიტყვებით "კვლავ მიწიდან" და "აღმოსავლეთით" ცხადად გვასწავლის, რომ სამოთხე ცისქვეშეთში იყო, სადაც არის, აგრეთვე, მიწა და აღმოსავლეთი. "ედემი" ებრაულიდან ითარგმნება, როგორც "შვება". [წერილი] მიგვანიშნებს მდინარეზეც, რომელიც ედემიდან გამოდის და რწყავს სამოთხეს[1] და რომელიც აქედან ოთხ თავად განიყოფება. მათგან ორს ეწოდება ფისონი და გეონი, რომლებიც რწყავენ აღმოსავლეთის მხარეებს, განსაკუთრებით გეონი, რომელიც გარეშემოწერს ეთიოპიის მთელ მიწას და რომელიც, ამბობენ, ნილოსად სახელდებული, თავს იჩენს ეგვიპტეში. ორი დანარჩენი მდინარე, სახელად ტიგროსი და ევფრატი კარგადაა ჩვენთვის ცნობილი, რადგანაც ისინი ჩვენს მხარეებთან ახლოს არიან" ("გეიტნიოსინ ჰეოს ჰემეტერონ კლიმატონ") (იხ. თეოფილე ანტიოქიელი, ავტოლიკესადმი, წიგნი II, 24; პგ. VI, სვ. 1089 ც).

თეოფილე ანტიოქიელის დაბადების წელი უცნობია.[2] უძველეს რომაულ "მარტვილოლოგიონში" მოხსენიებულია მხოლოდ მისი დაბადების დღე ცამეტი ოქტომბერი (იხ. "აქტა სანქტორუმ", ოქტომბერი, ტ. VI, გვ. 186; შენ. 9). ამ დღეს არის მისი ხსენებაც.

მიჩნეულია, რომ თეოილეს მშობლები წარმართები იყვნენ. ეს აზრი იმით მტკიცდება, რომ თავად თეოფილე წარმართულ კულტურაზე იყო აღზრდილი და გაქრისტიანდა მხოლოდ გვიან საღვთო წერილის შემეცნების ჟამს. როგორც აღნიშნავს პ. მარინი, თეოფილე "დაიბადა და აღიზარდა წარმართთა ცრურწმენების სიბნელეში. მასაც იგივე შეემთხვა, რაც იუსტინეს და ტატიანეს... წერილის კითხვამ ქრისტიანულ რელიგიაზე მოაქცია იგი" (პ. მარინი, წნ. თეოფილე ანტიოქიელი ეპისკოპოსის მოღვაწეობა და შრომები, პგ. VI, სვ. 197). საყურადღებოა თეოფილეს სიტყვები, რითაც იგი მიმართავს წარმართ ავტოლიკეს: "ნუ ხარ ურწმუნო, არამედ ირწმუნე (აღდგომა, ე.ჭ.), რადგანაც არც მე მწამდა ყოველივე ეს, მაგრამ ამჟამად შევიცანი და ვირწმუნე; [ეს მოხდა] მაშინ, როდესაც მივემთხვიე წმიდა წინასწარმეტყველთა საღვთო წერილს, სადაც ღვთის სულის მიერ წინდაწინვეა უწყებული წარსული საქმენი, თუ როგორ მოხდა ყოველივე, აგრეთვე, ამჟამინდელი, რაც კი ხდება და სამომავლო საქმეებიც, თუ რა თანმიმდევრობით უნდა აღსრულდეს ისინი. ცხად საბუთად ("აპოდეიქსის") ის მაქვს, რომ რაც წინდაწინ ითქვა, აღსრულდა კიდეც; ამიტომაც მწამს" (ავტოლიკესადმი, 1,14; პგ. VI, სვ. 1044-1045; შდრ. ი. კვასტენი, მიახლება ეკლესიის მამებთან, ი, პარიზი, 1955, გვ. 267).

რაც შეეხება წმ. თეოფილეს საეკლესიო და სამწერლობო მოღვაწეობას, ამის შესახებ შედარებით ვრცლად გვაუწყებს ევსები კესარიელი: "ხოლო თეოფილესაგან, რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ, როგორც ანტიოქიელთა ეკლესიის ეპისკოპოსი, მოღწეულია (სიტყვ. "მიმოქცევაშია") პირველსაფუძვლების შემცველი (ბერძნ. "სტოიხეიოდეს") სამი შრომა "ავტოლიკესადმი", აგრეთვე, სხვაც, რომელსაც ეწოდება "ჰერმოგენეს წვალების შესახებ", სადაც თეოფილე იმოწმებს ადგილებს იოანეს "გამოცხადებიდან". გავრცელებულია, აგრეთვე, მისი სხვა კატეხიზმური წიგნები ("კატეხეტიკა ბიბლია"). მწვალებლები, მსგავსად სარეველებისა, მაშინაც არანაკლებ რყვნიდნენ სამოციქულო მოძღვრების წმიდა თესლს. ამიტომ, ეკლესიის მწყემსნი ქრისტეს ცხვართაგან ყველგან უკუაგდებდნენ ასეთ პირებს, როგორც ველურ მხეცებს. განიშორებდნენ მათ ძმათა მიმართ დარიგებებსა და შეგონებების გზით, ზოგჯერ კი აშკარად ებრძოდნენ მათ პირდაპირ ზეპირი კამათითა და დამხობით ან კიდევ წერილობითი შრომების საფუძველზე მათი თვალსაზრისების უმეტესად გამოწვლილვითი მხილებითა და განმართვით ("აკრიბესტატოის ელენხოის დიევთიუნონტეს"). თეოფილეც, სხვებთან ერთად, ებრძოდა მწვალებლებს, რასაც ცხადყოფს მის მიერ არა ლიტონად ("უკ აგენნოს") ნამუშაკევი ქადაგება "მარკიონის წინააღმდეგ",[3] რომელმაც სხვა ზემოხსენებულ შრომებთან ერთად დღემდე მოაღწია" (ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. IV, XXIV).

ამგვარად, ევსები კესარიელი გვისახელებს თეოფილე ანტიოქიელის სამ თხზულებას: I) "ავტოლიკესადმი", სამ წიგნად; II) "ჰერმოგენეს წვალების წინააღმდეგ" და III) "მარკიონის წინააღმდეგ". თეოფილეს კიდევ ბევრი შრომის არსებობაზე მიანიშნებს ევსების სიტყვები: "სხვა კატეხიზმური წიგნები". წმიდა იერონიმე ახსენებს, გარდა აღნიშნულისა ორ თხზულებას: "განმარტება სახარებისა" და "სოლომონის იგავთა განმარტება" (იერონიმე, საეკლესიო მწერალთა შესახებ).[4] სხვაგან იგივე იერონიმე გვაუწყებს, რომ თეოფილეს შეუდგენია სახარებათა კონკორდანსი (ეპისტოლე ალგასიასადმი 6,15).[5]

აღნიშნული შრომებიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ პირველმა "ავტოლიკესადმი". ამ ძეგლში თვით თეოფილე მიგვითითებს თავის კდიევ ერთ შრომაზე, სათაურით "ისტორიათა შესახებ", რომელშიც, როგორც ჩანს, აღწერილი ყოფილა კაცობრიობის ბიბლიური ისტორია. თეოფილე, კერძოდ, გვაუწყებს: "თვით კაენსაც ჰყავდა ძე, სახელად ენოქი და ააშენა მან (კაენმა) ქალაქი, რომელსაც მისი ძის ენოქის სახელი უწოდა. აქედან დაედო სათავე ქალაქთა შენებას. ხოლო ეს მოხდა წარღვნამდე... ენოქს შეეძინა შვილი სახელად გაიდადი, რომელსაც ეყოლა მეელი, მეელს - მათუსალა, მათუსალას - ლამექი. ლამექმა შეირთო ორი ცოლი, ადა და სელა. აქედან დაედო სათავე მრავალცოლიანობას, აგრეთვე, მუსიკას. ლამექს შეეძინა სამი ძე: ობელი, იუბალი და თობელი. ობელი იყო ”მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა საცხოვართმზრდელთასა" (შესაქ. IV, 20); იუბალი არის "გამომაჩინებელ საფსალმუნისა და ებნისა" (შესაქ. IV, 21); თობელი გახდა "კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისაჲ" (შესაქ. IV, 22). აქამდე მოდის კაენის თესლის აღნუსხვა; მისი შთამომავლობით თესლის მომდევნო ნაწილი დავიწყებას მიეცა, რადგანაც მან მოკლა საკუთარი ძმა. აბელის ნაცვლად ღმერთმა კვლავ ორსულობა მიმადლა ევას და შვა მან ძე სახელად სეთი, რომლისგანაც მომდინარეობს ადამიანთა მოდგმა, ვიდრე დღევანდელ დღემდე. ვისაც სურს, რომ ცოდნა შეიძინოს თითოეული ტომის შესახებ, წმიდა წერილის გზით ადვილად გაიცხადებს ყოველივეს. როგორც აღვნიშნეთ ზემოთ,[6] სხვა ქადაგებაში ("ენ ჰეტერო ლოგო"), კერძოდ, პირველ წიგნში "ისტორიათა შესახებ" (ენ ტე პროტე ბიბლო ტე პერი ჰისტორიან"), ნაწილობრივ ("ეკ მერუს") ჩვენც განვიხილეთ გენეალოგიური ხაზი ("ტეს გენეალოგიას ჰე ტაქსის"). ყოველივე ამას გვასწავლის სულიწმიდა მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა პირით. ასე რომ, ის წერილი, რომელიც ჩვენ, ღვთისმსოავთ, გვაქვს, უძველესია და ამასთან უჭეშმარიტესიც ყველა სხვა მწერლისა და პოეტის თხზულებაზე. მუსიკის შესახებაც იყბედა ზოგმა, თითქოს აპოლონს მოეგონებინოს იგი. სხვები იმას ამბობენ, რომ ორფევსმა ფრინველთა ტკბილხმოვანებაში აღმოაჩინა მუსიკა. ამაოა და ფუჭი მათი სიტყვა, რადგანაც ესენი (აპოლონი და ორფევსი, ე.ჭ.) წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგ იყვნენ, ხოლო ნოეს ამბები, რომელსაც ზოგი დევკალიონს[7] უწოდებს, ჩვენ გადმოცემული გვაქვს ზემოხსენებულ წიგნში. თუ გსურს, შეგიძლია შენც ნახო იგი (თავი 30; პგ. VI; სვ. 1097-1100).

თეოფილე ანტიოქიელის შრომა "ავტოლიკეს წინააღმდეგ" მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია. ჩვენ ამჯერად, ცხადია, საშუალება არა გვაქვს განვიხილოთ იგი, მხოლოდ აღვნიშნავთ ორ მნიშვნელოვან სიახლეს, რაც ამ შრომამ შეიტანა ქრისტიანულ ლიტერატურაში:

(I) თეოფილე ანტიოქიელი პირველია, რომელმაც გამოიყენა ტერმინი "სამება" ("ტრიას") ერთარსება და სამპიროვანი ღვთის აღსანიშნავად:

"ამგვარად, ამბობს თეოფილე, სამი დღე, რაც წინ უსწრებს მნათობთა შექმნას (ბიბლიური უწყებით მნათობები მეოთხე დღეს იქმნა; შესაქ. I, 14-19, ე.ჭ.), სახეა სამებისა ("ტჳპოს ტეს ტრიადოს") ("ავტოლიკესადმი, II, 15; პგ. VI, სვ. 1077);

(II) თეოფილე ანტიოქიელი პირველია ეკლესიის მამათა შორის, რომელიც ეხება "შიგნითმდებარე სიტყვას" ("ლოგოს ენდიათეტოს") და "გამოვლენილ სიტყვას" ("ლოგოს პროფორიკოს").[8] ხსენებულ შრომაში ვკითხულობთ: წინასწარმეტყველებმა "უპირველესად, ერთსულოვნად გვასწავლეს, რომ არაარსთაგან დაიბადა ყოველივე, რადგანაც არაფერია თანამოასაკე ღვთისა ("ტო თეო სჳნეკმასენ"); თვით არის ადგილი თავისი თავისა და არაფერი ეჭირვება მას; უპირატესია საუკუნეთა. ინება ღმერთმა ადამიანის შექმნა, რომ შეცნობილიყო მისგან. წინდაწინ განუმზადა მას სამყარო, რადგანაც კაცი ქმნილია და ნაკლულევანი, ხოლო ღმერთი - შეუქმნელი და უნაკლული. ფლობდა ღმერთი თავის შიგნითმდებარე სიტყვას საკუთარ წიაღში, რომელიც შვა და გამოავლინა ("ექსერევქსამენოს")[9] თავის სიბრძნესთან ერთად ყოვლის უწინარეს. ეს სიტყვა მისეულ შესაქმეთა თანაშემწედ ჰყავდა მას და მის მეირვე ქმნა ყოველივე" ("ავტოლიკესადმი", II, 10).

სხვა ადგილას ვკითხულობთ: "ღმერთი და მამა ყოველივესი შეუცავია და არცერთ ადგილას არ არის იგი, რადგანაც ვერარა ადგილი ვერ განუსვენებს მას; ხოლო მისი სიტყვა, რომლის მიერაც შექმნა მან ყოველივე, რომელიც არის მისი ძალი და სიბრძნე და რომელსაც მიღებული ჰქონდა სახე მამისა, - ეს სიტყვა ღვთის სახით დადიოდა სამოთხეში და ესაუბრებოდა ადამს. თვით წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ადამს, მისივე თქმით, ხმა მოესმა, ხმა კი სხვა არა არის რა, თუ არა სიტყვა ღვთისა, რომელიც არის აგრეთვე, მისი ძე, არა ისე, როგორც ამბობენ პოეტები და მეზღაპრეები, თითქოს ღვთის ძეები თანაყოფის გზით იშვებიან, არამედ, როგორც გვაუწყებს ჭეშმარიტება, ეს არის სიტყვა, რომელიც მარადიულად "შიგნითმდებარეა" ღვთის გულში ("ენდიატეტოს ენ კარდია თეუ"). რაიმეს შექმნამდე ეს სიტყვა ჰყავდა მამას თანამოთათბირედ ("სჳმბულოს"), რომელიც არის მისი გონება ("ნუს") და აზრი ("ფრონესის"). რაჟამს ინება ღმერთმა ქმნა ყოველივე იმისა, რაც სურდა, შვა მან ეს სიტყვა გამოვლენილი ("ჰო ლოგოს პროფორიკოს"), რომელიც პირმშოა მთელი შესაქმისა; არათუ დაცარიელდა იგი (მამა, ე.ჭ.) სიტყვისგან, არამედ შვა სიტყვა და თავის სიტყვასთან მარადიულად თანამყოფია ("ჰომილონ". ლათ. "ვესარეტურ"). ასე გვასწავლის წმიდა წერილი და ყველა ის, ვინც ღვთივსულიერია, მათ შორის იოანეც, რომელიც ამბობს: "პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა” (იოანე I, 1); ამით იოანე ცხადყოფს, რომ თავდაპირველად იყო მარტო ღმერთი და მასში არსებული სიტყვა. შემდეგ მახარებელი ამბობს: "და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისა არც ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა” (იოანე I, 1-3). ამგვარად, სიტყვა არის ღმერთი და ღვთისაგან შობილი ("პეფჳკოს"; ლათ. "გენიტუმ"), რომელსაც ყოვლიერების მამა, როდესაც კი ინებებს, მიავლენს რაიმე ადგილზე, ხოლო ის მიდის და ისმინება კიდეც და იხილვება, [მამისაგან] მოვლენილი და ადგილზე მყოფი" (წიგნი II, თავი 22; პგ. VI, სვ. 1080).[10]

 

--------------------------------------------------------------------------------------------------

 

შენიშვნები

 

[1] - შდრ. "ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა" (შესაქ. 2,10).

[2] - პირობითად მიჩნეულია დაახლ. 100 წ. ("აქტა სანქტორუმ", დასახ. ტომი, გვ. 182, შენ. "ა").

[3] - როგორც შენიშნავს გ. ბარდი, ევსების პირადად არ უნდა ცოდნოდა აღნიშნული შრომა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენამდე არ შემონახულა. ფ. ლუფმა სცადა, რომ შეძლებისდაგვარად აღედგინა იგი წმ. ირინეოს ლიონელის სახელგანთქმული შრომის: "მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა" მიხედვით, რადგანაც ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილად სარგებლობს თეოფილეს ქადაგებით. ბოლო დროს გაირკვა, რომ ამავე ქადაგებით სარგებლობდა ტერტულიანეც თავისი შრომის "მარკიონის წინააღმდეგ" პირველ გამოცემაში (იხ. გ. ბარდის კომენტარი: ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, წიგნები I-IV, ბერძნული ტექსტი თარგმნა და შენიშვნები დაურთო გ. ბარდმა, პარიზი 1978, გვ. 206, შენ. 3).

[4] - აი, იერონიმეს სიტყვები: "წავიკითხე მისი (თეოფილეს, ე.ჭ.) ავტორობით სახარებისა და სოლომონის "იგავთა" კომენტარები, რომლებიც ჩემი აზრით, სინატიფითა და ფრაზეოლოგიით არ თანხვდება ზემორე თხზულებებს (იგულისხმება თეოფილეს სამწიგნეული "ავტოლიკესადმი", ე.ჭ.) (პლ. VI, სვ. 199).

[5] - იერონიმე გვაუწყებს: "თეოფილე პეტრე მოციქულის შემდეგ მეშვიდე ეპისკოპოსი იყო ანტიოქიის ეკლესიისა და მან ოთხი მახარებლის სიტყვები ერთ შრომად შეადგინა ("ინ უნუმ ოპუს კომპინგეს"; პლ. VI, სვ. 200).

[6] - იგულისხმება 28-ე თავი, სადაც განმარტებულია ადამისა და ევას შესახებ ბიბლიური თხრობა. აღნიშნული თავის ბოლოს ვკითხულობთ: "ეს ევა, რომელიც თავდაპირველად გველმა აცთუნა, გახდა წინამძღვარი ცოდვისა; ამიტომ ბოროტმოქმედი დემონი, იგივე სატანა, რომელიც მაშინ გველის პირით ემეტყველებოდა მას (ევას, ე.ჭ.) და რომელიც დღემდე მოქმედებს მის მიერ შთაგონებულ ("ენთუსიაძომენოი") ადამიანებში, იწოდება, როგორც "ევანი" ("ევანი" იყო წამოძახილი ბაკქანალიის ჟამს, ე.ჭ. შდრ. ევრიპიდე, ტროელები, 326). დემონს ვეშაპადაც სახელდებენ... პირველად ანგელოზი იყო იგი. ბევრი რამ შეიძლება ითქვას მასზე, ამიტომ ამჯერად გვერდს ვუვლი ყოველივე ამის გადმოცემას, რამეთუ სხვაგან უკვე გაუწყეთ მის შესახებ" (თეოფილე ანტიოქიელი, ავტოლიკესადმი, თ. 28, პგ. VI, სვ. 1007).

[7] - დევკალიონი - ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟი, რომელიც ადამიანთა წარსაწყმედად მოვლენილი წარღვნის ჟამს გემს შეაფარებს თავს.

[8] - პროტოპრესვიტერი პ. პრეობრაჟენსკი აღნიშნავს: "მან (თეოფოლემ, ე.ჭ.) პირველმა განასხვავა, აგრეთვე, სიტყვა ფარული და იმანენტური ღმერთში და სიტყვა განცხადებული" (პ. პრეობრაჟენსკი, ძველი ქრისტიანი აპოლოგეტების შრომები, სპბ. 1894, გვ. 454). ამასვე აღნიშნავს კვასტენიც (იხ. ი. კვასტენი, დასახ. შრომა, გვ. 270). ამ საკითხის შესახებ იხ. ქვემოთ.

[9] - სიტყვა "ექსერევქსამენოს" მომდინარეობს ზმნიდან ექს-ერევგომაჲ", რომელიც ეტიმოლოგიურად ნიშნავს "ღებინებას, დაბოყინებას", გადატანით კი - "გამოთქმას", "გამოცემას" (ხმისა და მსით.), "გამოვლენას". ძველ ქართულ მწერლობაში პირდაპირი აზრით იგი ითარგმნებოდა, როგორც "აღმობოყინება", გადატანით კი "გამოცემა" (გამოსვლ. 8,3), "აღმოთქუმა" (ფს. 44,1; 118, 171; 144,7); "გარდაცემა" (ფს. 143,12) და სხვა. სწორედ "გამოცემას", "აღმოთქუმას" ნიშნავს იგი ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით.

[10] - მამა ღმერთის წიაღიდან ლოგოსის ანუ სიტყვის გამოსვლის შესახებ მიანიშნებს წმ. ეგნატიც: "ერთი ღმერთი არის, რომელმაც გააცხადა ("ანეროსის") თავისი თავი მისი ძის იესუ ქრისტეს მიერ, რომელიც არის სიტყვა მისი დუმილიდან გამოსული ("აპო სიგეს პროელთონ") და რომელიც ყოვლითურთ სათნო-ეყო მის მომავლინებელს" (ეგნატი ანტიოქიელი, ეპისტოლე მაგნესიელთა მიმართ, 8,2; იხ. ეგნატის ეპისტოლეთა პ. კამელოს გამოცემა, პარიზი, 1968, გვ. 86). ქრისტიანი ფილოსოფოსი ათენაგორა აღნიშნავს: "არის ძე ღვთისა სიტყვა მამისა სახით და ქვემდებარე ("ენ იდეა კაი ენერგეია"). მისგან და მის მიერ იქმნა ყოველივე. ერთია მამა და ძე: ძე არის მამაში და მამა - ძეში, ერთობითა და ძალითა სულისა; ძე ღვთისა არის მამის გონება და სიტყვა... პირველი ნაშობია მამისა, არათუ ქმნილება, რადგანაც მამა, რომელიც არის მარადიული გონება და მარადიულად სიტყვიერი, დასაბამიდანვე ფლობდა თავის თავში სიტყვას (ათენაგორა, შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო, თავი 10; პგ. VI, სვ. 908-909; შდრ. "პატრისტიკული ბერძნული ლექსიკონი", გამოსცა გ. ლემპბმა, ოქსფორდი 1961, გვ. 899). წმ. იპოლიტე რომაელის სწავლებით "ღმერთმა... შვა სიტყვა, არა სიტყვა, როგორც ხმა, არამედ [ის სიტყვა], რომელიც შიგნითმდებარეა ("ენდიათეტოს") (იპოლიტე რომაელი, "წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი X, თავი 33; პგ. XVI, სვ. 3447; შდრ. გ. ლემპის დასახ. გამოც. გვ. 899). მოტანილი ციტატები ცხადყოფს, რომ მსჯელობა ეხება არა თავად ძე ღმერთის ანუ ღვთის სიტყვის მდგომარეობის ცვალებადობას (როგორც ეს შემდეგში მწვალებელთა მიერ იქნა აღიარებული), არამედ სიტყვის მარადიულ და დაუსაბამო მყოფობას მამისეულ წიაღში და ასევე მარადიულ და დაუსაბამო შობას იმავე წიაღიდან (ე.ი. არა იმას, რომ გარკვეულ დროს სიტყვა ღვთისა მამისეულ წიაღში არსებობდა, შემდეგ კი, გარკვეული დროის შემდეგ, იშვა მისგან). ცხადია, წმ. თეოფილესა და წმ. იპოლიტეს მიზანი იყო ადმაიანური ენით განემარტათ მამისა და ძის დაუსაბამო არსებისეული ერთობა და დაუსაბამოდ ჰიპოსტასური განყოფა; მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა (პირველ რიგში, ვალენტინელებმა) ჟამიერი ახსნა მისცეს მამის წიაღში სიტყვის ფარულად მყოფობას და შემდეგ იმავე წიაღიდან მის შობას, მართლმადიდებლობამ უარყო აზრი "შიგნითმდებარე" და "გამოვლენილი" სიტყვი შესახებ. წმ. გრიგოლ ნოსელი გვაუწყებს: "ნუ ვიფიქრებთ, რომ ძე ოდესმე იყო უჩინარი, მამაში დაფარული, რათა არ წარმოვიდგინოთ სიტყვა შიგნითმდებარედ და გამოვლენილად" (პგ. 45, 1296 ბ.). ამასვე აღნიშნავს ათანასე ალექსანდრიელი, იოანე ოქროპირი და სხვა (იხ. გ. ლემპი, დასახ. შრომა, გვ. 899).

 

 

ედიშერ ჭელიძე

”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. I, 1990 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:03)