Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იმათ შესახებ, ვინც ორი და შეირთო, ან ვინც ორ ძმას გაჰყვა ცოდლად

 

ჩვენ მოგვივიდა წერილი, რომელსაც დიოდორეს სახელი ჰქონდა წარწერილი, მაგრამ მომდევნო სიტყვები სხვა ვინმეს უფრო შეეფერება, ვიდრე დიოდორეს. მე მგონია, ვიღაცას ეშმაკობით დაუჩემებია შენი სახელი, რათა რწმუნების ღირსად წარედგინა თავი მსმენელთათვის. მისთვის თითქოსდა შეკითხვა მიუცია ვისმე, წესად თვლის თუ არა იგი გარდაცვლილი ცოლის დის მოყვანას მეუღლედ. ის კი არ განცვიფრებულა ამ შეკითხვის გამო, არამედ მშვიდად მოისმინა და ბილწ გულისთქმას საკმაოდ გაბედულად და გულმოდგინედ აუბა მხარი. აქ რომ მქონოდა ის ნაწერი, გამოგიგზავნიდი შენ და შენ თვითონ შენივე თავისა და ჭეშმარიტების დამცველად იკმარებდი. მაგრამ ვინც მიჩვენა, მანვე უკან წაიღო ის წერილი, და, როგორც ჩვენზე გამარჯვების ნიშანს, ისე დაატარებდა ჩვენს დასამხობად. მე ხომ ადრიდანვე მქონდა დაწერილი ამგვარი ქორწინების აკრძალვის შესახებ, რაც იმას მოწმობს, რომ მაქვს ამგვარი საქმის გარჩევის უფლება. ახლა გწერ შენ, რათა ორივე ხელით ჩემი თანამოღვაწე გახდე ყალბი წერილის წინააღმდეგ. ნუ დავუტოვებთ მას ნურავითარ ძალას, რათა ადვილად ვერ ავნოს იმათ, ვინც წაიკითხავს.

ჩვენ გვაქვს ამგვართა საწინააღმდეგოდ დიდი ძალა - ჩვენთვის მოცემული უწერელი ჩვეულება, რომელიც ძალით კანონის თანასწორია, ვინაიდან წმინდა კაცთა მოცემულია ჩვენთვის ამგვარი ჩვეულების წესები. ეს არის შემდეგი: თუ ვინმე, არაწმინდებით შეპყრობილი, შეცდება და მას შეემთხვევა უწესო ქორწინებით ზიარება - მამაკაცს ორ დასთან ან დედაკაცს - ორ ძმასთან, ეს არც ქორწინებად ჩაითვლება და არც ეკლესიაში მიიღება იგი, სანამ არ მოშორდებიან ერთმანეთს. ამრიგად, სხვაც რომ არაფერი იყოს სათქმელი, ეს მოცემული ჩვეულებაც საკმარისია ბოროტი უწესოების აღსაკვეთად. ხოლო ვინაიდან ეპისტოლის დამწერი ყოველ ღონეს ხმარობს ამაოდ, რომ ადამიანების ცხოვრებაში ბოროტება დაამკვიდროს, საჭიროა ჩვენც განვსაჯოთ საკითხი, ვინაიდან ცხად საქმეებზე უფრო მეტია თითოეული მათგანის მიერ ხმარებული სიტყვების ძალა. ლევიტელთა წიგნში წერიაო, ასე უთქვამს: "ნუ მიიყვან ცოლს მის დასთან ერთად, რათა არ გახადო იგი მისი მეტოქე, რომ არ გამოჩნდეს მისი სირცხვილი მის სიცოცხლეში" (ლევიტ. 18.18). ცხადია აქედანო, ამბობდა წერილის დამწერი, რომ დასაშვებია მისი მიყვანა მისი დის სიკვდილის შემდეგ.

ამის შესახებ ჯერ იმას ვიტყვი, რომ "რასაც სჯული ამბობს, იმათთვის ამბობს, ვინც სჯულს ემორჩილება" (რომ. 3,19). ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გვმართებდა წინადაცვეთაც, შაბათის უქმობაც და საჭმლისგან თავის შეკავებაც, მოსეს სჯულის მონობის უღელს თავს ვუდრეკთ, თუ ჩვენს სიამოვნებას უწყობს ხელს იგი, მაგრამ როდესაც მძიმე მოგვეჩვენება მისი მითითება, მაშინ ქრისტესმიერი თავისუფლებისკენ მივისწრაფით. ხოლო თუ შეგვეკითხებიან, არის თუ არა დაწერილი, რომ ცოლის დის მიყვანა შეიძლება, ჩვენ უნდა ვთქვათ, რაც ჭეშმარიტია და მტკიცე, რომ ასეთი რამ არ არის დაწერილი. ხოლო რის შესახებაც საღმრთო წერილი დუმს, იმ აზრის ამოცნობა კანონმდებლობას წარმოადგენს და არა კანონს, რომელიც ამბობს "არას". მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ვისაც სურს ცოლის დის მოყვანა, ცოლის სიცოცხლეშიც ექნებოდა ამის უფლება. ამგვარი მრუდი მოსაზრება შეიძლება მიესადაგოს ამ შემთხვევსაც: დაწერილი არისო, იტყვის იგი, არ მოიყვანო ცოლის და ცოლის საეჭვიანებლად, ე.ი. ეჭვიანობის გარეშე მისი მიყვანა არ აუკრძალავსო კანონს. ამით სურს, ხაზი გაუსვას მხოლოდ დების ერთმანეთისადმი ეჭვიანობას, ხოლო როდესაც მოისპობა ეჭვიანობის მიზეზი, რის გამოც უარყოფილი იყო ორივეს თანამკვიდრობა, მაშინ რაღა უშლისო ხელს ორი დის მიყვანას ცოლად? ჩვენ ამაზე ვიტყვით, ეს არ დაწერილა საღმრთო წერილში, მაგრამ აქ არც ის დწაერილა, რასაც შენ იგონებ, რომ ცოლის სიკვდილის შემდეგ მისმა ქმარმა შეიძლება შეირთოს მისი და. ამის შესახებ საღმრთო წერილი დუმს, გონება კი ორივე აზრს თანასწორად ნებადართულად მიიჩნევს. საჭირო იყო ცოტათი უკან დაბრუნებულიყო იგი კანონთა ტექსტში და იქ ნაპოვნის წაკითხვით ეჭვებისაგან განთავისუფლებულიყო. კანომდებელი მოიხსენიებს ცოდვების არა ყველა სახეს, არამედ განსაკუთრებით ეგვიპტელებისას, საიდანაც გამოვიდა ისრაელი, და ქანანელებისას, სადაც იგი უნდა შესულიყო, რადგანაც სიტყვა ასე ამბობს: "ნუ მოიქცევით ეგვიპტელთა მსგავსად, რომელთა შორის თქვენ მკვიდრობდით, და ქანანელთა მსგავსადაც ნუ მოიქცევით, სადაც მე უნდა შეგიყვანოთ თქვენ, და მათი სჯულის მიხედვით ნუ ივლით" (ლევიტ. 18,3). ამით იმას წარმოაჩენს, რომ ისინი მაშინდელი წარმართების მსგავსად ცოდვებს არ სჩადიოდნენ. სჯულისმდებელს არ დასჭირვებია ამისი მტკიცება, არამედ იკმარა შეუგინებელი ქცევის გახაზვა. მაგრამ ის, რომელიც უფრო დიდს კრძალავს, როგორ დადუმდება უცრო მცირეზე? მრავალ ხორცისმოყვარეს ეგონა, რომ ორი ცოცხალი დის თანამცხოვრებლობისათვის გამოდგება მამამთავარ იაკობის მაგალითი (რაქილი და ლია). ჩვენ როგორღა უნდა მოვიქცეთ? რაც დაწერილია, იმისი თქმა გვმართებს, თუ რაც დუმილით არის მოცული საღმრთო წერილში, იმის დაწვრილებითი შესწავლა-ძიებაც? კანონში არც ის წერია, რომ არ შეიძლება მამასა და შვილს ერთი მხევალი ჰყავდეთ, ხოლო წინასწარმეტყველი დიდი ჰანკითხვის ღირსად მიიჩნევს ამას. იგი ამბობს, რომ "ძე და მამა ერთ მხევალთან დადიან, რათა უპატიო ჰყონ ჩემი წმინდა სახელი" (ამოს. 2,7). სხვა არაწმინდა ვნებათა ყველა სახე ეშმაკთა მოძღვრებამ გამოიგონა, ხოლო საღმრთო წერილი დუმს მათ შესახებ, ვინაიდან არ ისურვა თავისი პატიოსნების წაბილწვა ბილწი სახელებით და ყოველი უწმინდურება საერთო სახელით მოიხსენია: "სიძვა და ყოველგვარი უწმინდურება ნუ იხსენიება თქვენს შორის, როგორც წმინდანებს შეშვენის" (ეფეს. 5,3). უწმინდურების სახელით მან ვაჟთა და ქალთა ბუნების საწინააღმდეგო ხრწნილება გამოაჩინა. დუმილით გვერდის ავლა (ცოდვების სახელწოდებებისთვის) არ ათავისუფლებს ხორცისმოყვარეებს. ჩემი აზრით, კანონმდებელი კი არ დუმს, არამედ დიდი სიმძაფრით უარყოფს მას, რადგანაც ამბობს: "ნუ მიხვალ შენს ხორციელ ნათესავ ქალთან, რათა მისი უშვერება არ გამოაჩინო" (ლევიტ. 18,6). ეს ნათქვამი ზოგადია, იგი გულისხმობს ნათესაობის ყველა სახეს, რადგანაც ვინ არის ქმრისთვის მეუღლეზე უფრო ახლობელი, ან თავის ხორცზე უფრო ახლობელი, რადგანაც აღარ არიან ისინი შეუღლების შემდეგ ორნი, არამედ ერთხორცნი. ამგვარად, ცოლის მეშვეობით მისი და ხდება თავისი სიძის თვისი, ნათესავი, და როგორც ცოლის დედა არ შეიძლება მოიყვანოს კაცმა ცოლად, არც ცოლის ასული, ვინაიდან არ შეიძლება მოიყვანოს არც თავისი დედა, არც თავისი ასული, ასევე არც ცოლისდა, ისევე, როგორც არც თავისი და შეიძლება; და პირიქით: არც დედაკაცს აქვს თავისი ქმრის ახლობელ ნათესავთან თანაცხოვრების უფლება, ვინაიდან საერთოა ორივე მათგანისთვის ნათესაობის სამართალი. ხოლო მე ქორწინების ყველა მსურველს დავუმოწმებ, რომ "წარმავალია" სახე ამა სოფლისა და მოკლეა დრო, ასე რომ, ამიერიდან ცოლიანები ისე უნდა იყვნენ, ვითომც არა ჰყავთ" (I კორ. 7,29). ხოლო თუ წამიკითხავენ იმ სიტყვებს, რომ "აღორძინდით და გამრავლდით" (დაბ. 1,28), მე გამეცინება იმაზე, ვისაც ვერ გაურჩევია კანონის დადების დრო-ჟამი. მეორე ქორწინება სიძვის შეწყვეტას წარმოადგენს და არა სიბილწის მიზეზს, ვინაიდან საღმრთო წერილი ამბობს: "თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, იქორწინონ" (I კორ. 7,9), ხოლო დაქორწინების შემთხვევაში ნუ სჩადიან უკანონობას. უპატიოების ვნებებით სულის წამბილწველები ყურადღებას აღარ აქცევენ თვით ბუნებას, ბუნებას კი ადრევე გაუჩენია ყველანაირი ნათესაობის სახელები. ამასთან დაკავშირებით გვითხრან ჩვენ, თუ ნათესაობის რა სახელი ვუწოდოთ მათგან შობილებს: ერთმანეთის ძმები ეწოდებათ მათ, თუ დეიდაშვილები, რადგანაც ეს ორივე სახელი შეეფერებათ მათ იმ შერევის გამო. ჰოი კაცო, ნუ აქცევ დედას შენი შვილების დედინაცვლად. იმას, ვისაც დედობრივი წესით მართებს მათი ფუფუნებით აღზრდა, ნუ აღჭურავ დაუოკებელი გულისწყრომით მათ მიმართ, რადგან მხოლოდ მამის ცოლების სიძულვილია, სიკვდილის შემდეგაც რომ აგრძელებს მტრობას. სხვების მტრობა სიკვდილით დაცხრება, მამის ცოლების სიძულვილი კი სიკვდილის შემდეგ იწყება. მთავარი ზემოთქმულიდან ის არის, რომ თუ ვინმე კანონიერად მიისწრაფვის ქორწინებისკენ, იგი გახსნილია მთელი მსოფლიოსთვის. ხოლო თუ მისი მისწრაფება ვნებით არის გამოწვეული, ამის გამო უნდა აეკრძალოს მას ქორწინება, "რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა წმინდად და პატივით და არა გარყვნილების ავხორცობით" (I თეს. 4,4).

ამ სიტყვებთან დაკავშირებული ჩვენი ახსნა-განმარტება ეპისტოლეზე უფრო ვრცელი აღმოჩნდა, მაგრამ ვლოცულობ, რომ ან ჩვენი სწავლება მათ ვნებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ან არ მოაღწიოს ჩვენს მხარეში ამ გახრწნილებამ, არამედ დარჩეს იმავე ადგილას, სადაც მისი ჩადენა გაბედეს.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:05)