Georgian (Georgia)English (United Kingdom)

როდესაც ამბობენ, რომ დ ი დ ე ბ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს* დროს თქმა ”სულიწმიდითურთ” არ არის დამოწმებული და წერილობით დადასტურებულიო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ: თუ დაუწერელს სხვას არაფერს შეიწყნარებენ, ნუ შეიწყნარებენ ამასაც, ხოლო თუ საიდუმლოთაგან უმეტესი დაუწერლად არსებობს ჩვენს შორის, სხვა მრავალთან ერთად ესეც უნდა შევიწყნაროთ. მგონია, რომ მოციქულთაგან მოდის ყოველივე უწერელის მტკიცედ დაცვა, რადგან ის ამბობს: ”გაქებ თქვენ, რადგან ყოველივე ჩემი გახსოვთ და როგორც გადმოგეცათ გადმოცემით, ისე გიპყრიათ” (I კორინთ. 11,2) და კიდევ: ”იპყრენით გადმოცემანი, რომელნიც მიიღეთ, გინდა სიტყვიერად, გინდა წერილობით” ( 2 თესალ. 2,15), რომელთაგან ერთ-ერთი ესეც არის უეჭველად, რაც გადმოგვცეს პირველმა განმწესებლებმა და შემდგომ დროში მარადიული თანაარსებობით და ჩვეულების ხანგრძლივობით დაამტკიცეს ეკლესიაში. თუ ჩვენ სასამართლოში არ წარვადგენთ წერილობით მტკიცებებს და წარვადგენთ მრავალ მოწმეს, განა ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას განთავისუფლებაზე? მე მგონია, რომ ”ორი და სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყველა სიტყვა” (მეორე სჯ. 19,16).

 

ხოლო თუ ცხადად გიჩვენებთ ამ გადმოცემის სიძველეს, განა არ ჩათვლით ამას სიმართლედ? და ხომ იქნება ეს დასტური იმისა, რომ უძველესი რჯული შესაწყნარებელია, რადგან ჭაღარა ხანდაზმულობითაა პატივსაცემი.

------------------------------------------------------------------------------

* იგულისხმება: ”დიდება მამას, ძეს, სულიწმიდითურთ”.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:07)