Georgian (Georgia)English (United Kingdom)
რომელიც მოცემულია მის სიტყვაში სინანულის შესახებ

კანონი 1

უკვე მეოთხე აღდგომა მოდის დევნულების შემდეგ, საკმარისი დროა გასული იმათთვის, ვინც მოითმინა გაჭირვება, საპყრობილეში ჩაგდება, საშინელი ტანჯვა, სასტიკი ცემა და სხვა მრავალი ნაირ-ნაირი გასაჭირი, ხოლო ბოლოს მათ უაღალატა ხორცის უძლურებამ. მართალია, ისინი თავიდანვე არ ყოფილან შეწყნარებულნი მათი დიდი დაცემის სიმძიმის გამო, მაგრამ რადგან აღასრულეს დიდი ღვაწლი და გასწიეს წინააღმდეგობა, და თავისი არჩევით კი არ გადახრილან უღმრთოებისკენ, არამედ უძლურმა ხორცმა უღალატა მათ, იესუს წყლულები ჰქონდათ მათ სხეულის ასოებზე, და აი, უკვე მესამე წელია, რაც ზოგიერთი მათგანი გლოვობს, ამის გამო დაემატოს მათი სინანულის დღეებს კიდევ ორმოცი დღე, იმ დღის გასახსენებლად, როდესაც პირველად მოიქცნენ. სწორედ ორმოცი დღე იმარხულა ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ და ნათლისღების შემდეგ გამოცდილ იქნა ეშმაკის მიერ. ამათაც მართებთ ორმოცი დღე დიდი მოღვაწეობა და ფხიზლად ყოფნა ლოცვით. უნდა დაისწავლონ უფლის მიერ გამომცდელისთვის (ეშმაკისთვის) ნათქვამი სიტყვა, როდესაც იგი ითხოვდა მისგან თაყვანისცემას: ”განვედ, სატანა, რადგანაც დაწერილია: ”შენს უფალ ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე” (მათე. 4,10).

 

 

კანონი 2

ვინც საპყრობილეში ჩაგდებულ იქნა, აიტანა გაჭირვება და სიმყრალე, შემდეგ ტანჯვასთან შებრძოლების გარეშე უძლურებისა და გონების სიბრმავის გამო ტყვედ იქცა, მისთვი საკმარისია, გასულ დროს, სამ წელიწადს დაემატოს ერთი წელიწადიც, ვინაიდან მან მთლიანად მისცა თავი ქრისტეს სახელისათვის ტანჯვა-წამებას, თუმცა საპყრობილეში დიდ ნუგეშს იღებდა ძმებისაგან. ეს უხვად მიეცემოდათ მათ, ვინაიდან სურდათ, გადაერჩინათ თავი ეშმაკის მონობისაგან. მათ ახსენდებოდათ წინასწარმეტყველის სიტყვები: ”სული უფლისა ჩემზე, რომლის მიერ მცხო მე და გლახაკთა მახარებლად გამომგზავნა მე, ტყვეების განთავისუფლებისა და ბრმებისათვის თვალის ახილვის საქადაგებლად, ვნებულთა გასათავისუფლებლად მიტევების გზით, უფლის შეწყალების წლისა და მიგების დღის საქადაგებლად” (ესაია 61, 1-2; ლუკა 4, 18-19).

 

კანონი 3

ხოლო ვისაც სრულიად არ განუცდია ტანჯვა, არც უჩვენებია სარწმუნოების ნაყოფი, არამედ თვით, ნებაყოფლობით, შიშისა და სულმოკლეობის გამო, გადავიდა ბოროტების მხარეს, ხოლო შემდეგ სინანულს შეუდგა, იმათთვის სათანადო და აუცილებელია უნაყოფო ლეღვის ხის იგავის შეხსენება, როგორც ამბობს უფალი: ”ლეღვი ედგა ვიღაცას, დარგული ვენახში. მოვიდა იგი მისი ნაყოფის მოსაძებნად, ვერ იპოვა და უთხრა ვენახის მოქმედს: ”აი, სამი წელია, რაც მოვდივარ და ვეძებ ლეღვის ნაყოფს ამ ხეზე და ვერ ვპოულობ. მოკვეთე ეგ ხე, რისთვის აქცევს მიწას უხმარად”. ხოლო მან უპასუხა და უთხრა მას: ”უფალო, დატოვე ეგ ხე ამ წელიწადსაც, სანამ მოვთხრი მის გარშემო და დავუყრი სასუქს, იქნებ მოისხას ნაყოფი, ხოლო თუ არა, მომავალ წელიწადს მოვკვეთ მას” (ლუკა 13, 6-9). ეს იგავი უნდა ჰქონდეთ მათ მუდამ თვალწინ და უნდა უჩვენონ სინანულის ღირსი ნაყოფი იმდენსავე დროის განმავლობაში. ამით თავის თავს დიდ სარგებლობას მოუტანენ.

 

კანონი 4

სრულიად განწირულთა და მოუნანიებელთა შესახებ, რომლებიც არ შეცვლილან ცოდვის ჩადენის შემდეგ, ისევე როგორც ჰინდოს (ეთიოპის) კანი და ვეფხვის სიჭრელე, უნდა ითქვას მეორე ლეღვის ხის იგავი: ”ნუღარ გექნება შენ ნაყოფი უკუნისამდე” (მათე 21,19), რის გამოც იგი მყის გახმა და რაზეც აღსრულდა ეკლესიასტეს მიერ თქმული: ”მრუდი (მზაკვარი) არ შეიძლება შემკულ იქნეს და ნაკლულის აღრიცხვა შეუძლებელია” (ეკლესიასტე 1,15). თუ არ გასწორდება მრუდი, შეუძლებელია მისი შემკობა და თუ არ შეივსება დანაკლისი, შეუძლებელია მისი აღრიცხვა. ასე აუხდებათ მათ ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, როდესაც ამბობს: ”და იხილავენ იმ კაცთა ძვლებს, რომელნიც განმიდგნენ მე. მატლი მათი არ დაილევა და ცეცხლი მათი არ დაიშრიტება, და იქნებიან ასე ყოველი ხორციელის თვალწინ” (ესაია 66,24). და ადრე ამბობდა: ”ხოლო უსამართლონი ამგვარად იღელვებენ და განსვენებას ვერ შეძლებენ. არ არსებობს უღმრთოთა სიხარული, - თქვა ღმერთმა” (ესაია 57, 20-21).

 

კანონი 5

ზოგიერთები მხოლოდ მოჩვენებით იქცეოდნენ, დავითის მსგავსად, რომელმაც შეშლილად მოაჩვენა თავი, რომ გადარჩენილიყო, თუმცა შეშლილი არ იყო. მათ ცხადად არ დაუწერიათ უარყოფა. დიდად შევიწროებულ მდგომარეობაში ისინი მტერთა სივერაგეს დასცინიან, როგორც გონიერი ბავშვები იქცევიან უგუნურ ბავშვებს შორის. ამგვარად მათ გვერდი აუარეს კერპების საკურთხევლებს, ან დაწერეს ხელწერილები, ან თავის ნაცვლად წარმართები წარადგინეს. ზოგ მათგანს, როგორც მსმენია, შენდობა მიეცა ზოგიერთი აღმსარებლისაგან. ისინი დიდი გულმოდგინებით გაურბოდნენ ცეცხლის ანთებას თავისი ხელით ან კმევას არაწმინდა ეშმაკებისათვის. რადგანაც ცნობილი გახდა, რომ ეს მოიმოქმედეს რაღაც მანქანებით, დაემატოს მათ სინანულით მოქცევისათვის კიდევ ექვსი თვე. ისინი ამგვარად უფრო მეტ სარგებლობას მიიღებენ და დაისწავლიან საწინასწარმეტყველო სიტყვას: ”ყრმა იშვა ჩვენთვის - ძე, და მოგვეცა ჩვენ. მისი მეუფება მის მხრებზეა და ჰქვია მას სახელი დიდი ზრახვის ანგელოზი” (ესაია 9,6). ეს ყრმა, როგორც იცით, მუცლადღებულ იქნა ქალწულისაგან მეექვსე თვეს სხვა ყრმის (იოანე ნათლისმცმელის) მუცლადღებიდან, რომელმაც მის გამოჩენამდე იქადაგა სინანული ცოდვათა მისატევებლად. იმანაც იქადაგა სინანული. ორივესგან გვესმა ქადაგება არა მხოლოდ სინანულის შესახებ, არამედ ცათა სასუფევლის შესახებაც, რომელიც, როგორც შევიტყვეთ, ჩვენს შორის არის (ლუკა 17,21), ვინაიდან ჩვენს ახლოს არის სიტყვა, რომელიც გვწამს ჩვენი პირით და გულით. სიტყვის გახსენებით ისინიც ისწავლიან თავისი პირით აღიარებას, რომ იესუ ქრისტე არის უფალი, და გულით ირწმუნებენ, რომ ღმერთმა აღადგინა ის მკვდრეთით, რის შესახებაც ესმათ მათ: ”გულით გვწამს სიმართლე, ხოლო პირით ვაღიარებთ საცხოვნებლად” (რომ. 10, 8-10).

კანონი 6

ზოგიერთები ქრისტიან მონებს აიძულებენ თავის ნაცვლად მსხვერპლი შესწირონ კერპს. მონები, როგორც მათ მორჩილებაში მყოფნი, უფალთა მიერ შეშინებულნი, მათგან თავზარდაცემულნი, კერპთშეწირვამდე მივიდნენ და ღმრთის უარყოფის ცოდვით დაეცნენ. ასეთმა მონებმა ერთი წელი უნდა გაატარონ სინანულში და იმ დროიდან უნდა ისწავლონ, როგორც ქრისტეს მონებმა, ღმრთის ნების შესრულება და მისი შიში, სმენიათ რა, რომ ”თითოეულმა, რაც ქმნას კეთილი, ის მიიღოს უფლისაგან, გინდ მონამ, გინდ აზნაურმა (თავისუფალმა)” (ეფეს. 6,8).

 

კანონი 7

ხოლო უფალნი სამი წელი უნდა გამოიცადონ სინანულში, რადგანაც მათ დაიჟინეს უღმრთოების ჩადენა და თავიანთი მონები აიძულეს, კერპისათვის მსხვერპლი შეეწირათ, ამით ურჩობა გამოიჩინეს სამოციქულო განჩინებისადმი, რომელსაც ნებავს, რომ მონის საქმის შთამაგონებელი მისი უფალი იყოს. ამისთვს აშინებს და ეუბნება: ”იცოდეთ, რომ თქვენი (ე.ი. მფლობელთა) და მათი (ე.ი. მონათა) უფალი ცათა შინა არს და მასთან არ არის მიკერძოება” (ეფეს. 6,9). ყველას ერთი უფალი გვყავს მიუკერძოებელი, ვინაიდან ყოვლად და ყოველთა შინა არის ქრისტე: ბარბაროსებში, სკვითებში, მონებსა და აზნაურებში (შდრ. კოლას. 3,11). თუ სურთ თავიანთ სულთა ცხოვნება, მათ უნდა დაინახონ, ვისი მეუფების დამრღვევნი გახდნენ, როდესაც თავისი მონები მისცეს კერპთმსახურებს, თუმცა მათი ხსნა შეეძლოთ, თუ მიანიჭებდნენ სამართალსა და თანასწორობას, როგორც ამბობს მოცქიული (კოლას. 4,1).

 

კანონი 8

ზოგიერთები დაცემულ იქნენ და ერთხელ უარყვეს ქრისტიანული სარწმუნოება, შემდეგ ისევ მოეგნენ გონს, ღვაწლს შეუდგნენ და აღიარეს, რომ ქრისტიანები არიან. ისინი ტანჯვის შემდეგ შეაყენეს საპყრობილეში. ჯეროვანია და სამართლიანი გულითადი სიხარულით მათთან ერთად ლოცვა, ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება და სიტყვით ნუგეშისცემა, რათა ისინი, სწრაფად მოღვაწე-ქმნილნი, ზენა გვირგვინის ღირსნი გახდნენ, რადგან ნათქვამია: ”შვიდჯერ დაეცეს მართალი და აღდგეს” (იგავ. 24,16). ეს რომ ყველა დაცემულს ექნა, ამით აჩვენებდა სრულყოფილ და ყოვლად გულმოდგინე სინანულს.

 

კანონი 9

ზოგიერთები თითქოს ძილისაგან ახლად წამომდგარნი უეცრად შეუდგნენ ღვაწლს, რომელიც ტკივილსა და სისუსტეს მოჰგვრის მათ. ამით ისინი თავისკენ მოიზიდავენ ზღვის მსგავს განსაცდელსა და მღელვარებას და თავის ძმებს ცოდვის ნაკვერცხლით დასწვავენ. მათ მაინც უნდა ჰქონდეთ ზიარება, ვინაიდან ქრისტეს სახელით არიან შესულნი ღვაწლში, თუმცა არ შეისმენენ მის სიტყვებს, როდესაც ასწავლის: ”ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში” (მათე 26,41), და მამის მიმართ ლოცვაში: ”და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან” (ლუკა 11,4). იქნებ მათ არც იციან, რომ სახლის უფალი და ჩვენი მაცხოვარი ხშირად ერიდებოდა იმათ, ვინც ბოროტად უმზერდა მას და ხანდახან მათ გამო განცხადებულად არ დადიოდა. როდესაც მოახლოვდა მისი წამების ჟამი, თვითონ კი არ გაუცია თავი, არამედ როდესაც გამოვიდნენ მის წინააღმდეგ მახვილებითა და ხელკეტებით, მაშინღა უთხრა მათ ამის გამო: ”როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, ისე გამოხვედით მახვილებით და ხელკეტებით ჩემს შესაპყრობად” (მარკ. 14,48). იმათ მისცეს იგი პილატე პონტოელს. ახლა კი მის მსგავსად მისი კვალის მიმდევრებმაც მიიღეს წამება. მათ გაიხსენეს მისი საღმრთო სიტყვები, რითაც ძალას გვმატებს ჩვენ და ამბობს დევნულებათა შესახებ: ”ერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გაგცემენ სამსჯავროებში და თავის სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ” (მათე 10,17). ხოლო ”გაგცემენ” თქვა და არა ”თქვენ თავს თვითონ გასცემთო”. და კვლავ: ”მეფეებთან და მმართველებთან წაგიყვანენ ჩემი სახელის გამო” (მათე 10,18). და არ უთქვამს: ”თვით მიიყვანთ თქვენს თავს”, რადგან მას ნებავს, რომ ჩვენ ვილტვოდეთ ადგილიდან ადგილზე, თუ გვდევნიან მისი სახელისათვის. ასე გვსმენია მისგან: ”და როდესაც ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, გაიქეცით სხვა ქალაქში” (მათე 10,23), რადგანაც მას არ სურს, რომ ჩვენ თვითონ მივიდეთ ეშმაკის მებრძოლებთან და შემწეებთან, რათა არ გავუხდეთ მათ მიზეზი უფრო მეტი მკვლელობებისა და არა ვაიძულოთ ისინი, რომ სრულყონ მძვინვარე და სასიკვდილო საქმეები. არამედ ჩვენ უნდა ველოდოთ და შევიკავოთ თავი, უნდა ვიყოთ ფხიზლად და ვილოცოთ, რომ არ შევიდეთ განსაცდელში. ასე სტეფანე პირველმოწამემ მის შემდგომ მიიღო წამება იერუსალიმში, შეპყრობილ იქნა უსჯულოთა მიერ, მიყვანილ იქნა შესაკრებელში და ქრისტეს სახელისათვის ჩაქოლვით დიდება მიიღო. იგი ევედრებოდა უფალს და ამბობდა: ”უფალო, ნუ ჩაუთვლი ამათ ამ ცოდვას” (საქმე 7,60). ასევე იაკობს, რომელიც მეორე შეიპყრო ჰეროდემ, მახვილით წაჰკვეთეს თავი. ასევე პეტრეც, მოციქულთა შორის გამორჩეული, მრავალჯერ შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს საპყრობილეში, ხოლო ბოლოს რომში ჯვარზე დიდებული სიკვდილი მიიღო. ასევე იყო სახელგანთქმული პავლე, მრავალჯერ გაცემული და სიკვდილამდე დიდი გაჭირვების მხილველი. იგი ბევრს იღვწოდა და შეეძლო, თავმოწონებული ყოფილიყო მრავალი დევნულებითა და გაჭირვებით. მასაც იმავე ქალაქში მახვილით მოჰკვეთეს თავი. მან სათითაოდ ჩამოთვალა ტანჯვა, რომელიც გაიარა. დამასკოში კალათით ზღუდეზე გადაშვებულ იქნა ღამით და ასე გადარჩა მდევრის ხელში ჩავარდნას (შდრ. II კორ. 11, 32). მათთვის მთავარი იყო ღმრთის სიტყვის ხარება და სწავლება, რითაც განამტკიცებდნენ ძმებს, რწმენით აღავსებდნენ და ასე ამბობდნენ: ”დიდი გაჭირვებით მოგვიწევს ღმრთის სასუფეველში შესვლა” (საქმე 14,22). ისინი ეძიებდნენ უკეთესს არა თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩენილიყვნენ. ბევრი რამ მქონდა ამგვარი სათქმელი მათი დასის შესახებ, თუმცა, მოცქიულის სიტყვისამებრ, ამის თხრობისათვის არ მეყოფა დრო.

 

კანონი 10

თუ სამღვდელო დასიდან ვინმე თვით გასცემს თავს, დაეცემა, უარს იტყვის ქრისტიანობაზე და კვლავ აღდგება, არ არის სამართლიანი, რომ ამის შემდეგ განაგრძოს მღვდლობა, ვინაიდან მან მიატოვა უფლის სამწყსო და წაიბილწა თავის, რაც არ უქნია არავის მოციქულთაგან. ნეტარმა მოციქულმა პავლემ მრავალი დევნა გადაიტანა, დიდი ღვაწლი და შრომა გამოიჩინა, თუმცა იცოდა, რომ ”უმჯობესია წასვლა და ქრისტესთან ყოფნა” (ფილიპ. 1,23). მან მაინც დასძინა და თქვა: ”მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო” (ფილიპ. 1,24), რადგანაც ფიქრობდა უმჯობესს არა თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხოვნებულიყვნენ. ამის გამო თავის სიმშვიდეზე მეტად ძმებთან დარჩენა და მათ ცხოვრებაზე ზრუნვა მიაჩნდა საჭიროდ. იგი მოუწოდებდა მასწავლებელსაც, რათა სწავლის დროს მორწმუნეთათვის მაგალითი იყოს. ამის გამო, თუ ვინმე დაეცემა, კვლავ აღდგება და საპყრობილეში ხელს მიჰყოფს ჟამისწირვის საიდუმლოს აღსრულებას, იგი უგუნურია, რადგანაც როგორღა თხოულობს იმას, რაც მიატოვა, მაშინ როდესაც შეეძლო, თავი კეთილად მოეხმარებინა ძმებისთვის ამგვარ დროს. სანამ დაეცემოდნენ ცოდვით, კიდევ შეიძლებოდა მათი აწ უსამართლოდ შერაცხილი საქმის ღვაწლზე თვითნებურად წასვლის პატიება. ხოლო როდესაც დაეცნენ, აღარ შეუძლიათ მღვდლობა, რადგანაც სხვაზე ზრუნვა ევალებოდათ და თავი კი წაიბილწეს. ამის გამო თავმდაბლად უფრო იმაზე უნდა იზრუნონ, თუ როგორ იხსნან თავი ამაო დიდებისაგან დამცხრალებმა, რადგან მათთვის საკმარისია მორწმუნეებთან ზიარებაც. ეს ორი მიზეზით არის დასაშვები მათთვის, დიდი ყურადღებითა და მოფიქრებით: რათა შეწუხებულნი არ აღმოჩდნენ იმით, რომ ისინი ეპიტიმიის ქვეშ უნდა გავიდნენ ხორციდან და რათა ზოგიერთი დაცემულისთვის განკანონება მიზეზი არ გახდეს გულმოდგინების დაკარგვისა. ასეთებს ყველაზე მეტად შეხვდებათ სირცხვილი და სასაყვედურო, როგორც საძირკვლის ჩამყრელს და დამთავრების ვერ შემძლებელს, რომლის შესახებაც მოცქიული ამბობს: ”დაიწყებს ყველა გამვლელი მის კიცხვას და იტყვის: ”ამ კაცმა საძირკველი ჩაყარა და დამთავრება ვერ შეძლო”.

 

კანონი 11

თავდაპირველად დევნის მდუღარებაში თავი ჩაიგდეს იმათ, რომლებიც სამსჯავროს გარშემო იდგნენ და უცქერდნენ წმინდა მოწამეებს, თუ როგორ ისწრაფოდნენ ისინი ზეციური მოწოდების გვირგვინისაკენ. ამის გამო, კეთილი შურით გამსჭვალულნი, მათი მიბაძვით თავის თავს დიდი გამბედაობის მოხმობით გასცემდნენ საწამებლად, როდესაც ხედავდნენ მრავალ სულმოკლესა და ღვაწლის მიმართ შესუსტებულს. მათ გამო ენთობოდნენ შინაგანად, გამხნევებულნი ეკვეთებოდნენ გაამპარტავნებულ წინააღმდგომს და ისწრაფოდნენ ღვაწლისკენ, რათა წინააღმდგომს თავისი მიხვედრილობისათვის არ მიეწერა ის, რაც დამართა წმინდანებს, რომელთა დაძლევას იგი სივერაგით განიზრახავდა. დაფარული იყო მისთვის, რომ თვითონ იყო დაძლეული წმინდანებისგან, რომელნიც ადრევე ითმენდნენ ტყავის გაძრობისა და ცემის სატანჯველს, მახვილის კვეთებას, ცეცხლით დაწვას და წყალში დახრჩობას. საპყრობილეში ჩამწყვდეულები, შიმშილით და წყურვილით დასჯილნი და საპყრობილის გარეთ, სამსჯავროს წინაშე კანის საფხეკებით და ხელკეტებით ტანჯულნი ბოლოს დაძლეულ იქნენ ხორცთა უძურებით და მორწმუნეებს ევედრებოდნენ ლოცვასა და ვედრებას. საჭიროა, მივხედოთ მათ, თანაგრძნობა და გულმტკივნეულობა გამოვიჩინოთ მათი გოდებისა და ოხვრისადმი. ისინი თავში იცემდნენ ბოროტი ხელოვნის, ეშმაკის იძულების შეედეგად ღვაწლში თავისი დამარცხების გამო. არაფერი ევნებათ იმათ, ვინც ილოცებს დაცემულთა მშობლებთან, ძმებთან, ან შვილებთან ერთად. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთებმა სხვების რწმენის წყალობით მიიღეს საღმრთო სიკეთე - ცოდვათა მიტევება, ხორციელი სიმრთელე და მკვდართა აღდგომა. ამისთვის გავიხსენებთ მათ დიდ შრომას და ტკივილებს, რომლებიც მათ ადრე გადაიტანეს ქრისტეს სახელისათვის, და არა მარტო ამას, არამედ იმასაც, რომ მათ მოინანიეს და ღრმა წუხილს მიეცნენ იმ საქმის გამო, რომელიც შეემთხვათ დაშლილი და სიკვდილის წილი ხორცის უძურებით. აგრეთვე გვაქვს მოწმობა იმისა, რომ მათ კეთილი და სათნო მოქალაქეობა გაუტარებიათ თავის ცხოვრებაში და ამიტომ მათთან ერთად ვლოცულობთ და მათი ლხინებისათვის და სხვა, მათი შესაფერისი საქმეებისთვის ვევედრებით მას, ვინც არის ჩვენი ნუგეშისმცემელი და მალხინებელი მამის წინაშე და მომტევებელი ჩვენი ცოდვებისა, რადგან ნათქვამია, რომ ”თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესუ ქრისტე და ის არის შესარიგებელი მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისათვის” (I კორ. 2, 1-2).

 

კანონი 12

ისნიც, რომელთაც გადაიხადეს ვერცხლი, რათა ტანჯვა-წამებისაგან შეუშფოთებლად გადარჩენილიყვნენ, არ არინ დამნაშავენი: მათ გაიღეს ფულადი ხარჯი და დანაკარგი, რათა სული არ დაეკარგათ და არ წარეწყმიდათ, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ ანგარებისმოყვარეობის გამო, თუმცა კი სხმენიათ უფლისაგან: ”რა სარგებლობას ნახავს ადამიანი, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თუკი სულს დაიღუპავს?” (მათე 16,26) და კიდევ: ”ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც” (ლუკა 16,13). ისინი მდევართა წინაშე ღმრთისმსახურებად გამოჩნდნენ და ვერცხლის სიძულვილითა და არაფრად ჩაგდებით აღასრულეს ნათქვამი, რომ ”კაცის სულის ხსნა არის სიმდიდრე მისი” (იგავ. 13,8). მოციქულთა საქმეშიც ვკითხულობთ, თუ როგორ გაათავისუფლეს ფულით თესალონიკეში პავლეს და შილას ნაცვლად ქალაქისთავთა წინაშე ძალით მიყვანილები. ურწმუნო ურიებმა ქრისტეს სახელისთვის ისინი სასტიკად სცემეს, შემდგომ აღაშფოთეს ხალხი და ქალაქისთავები. ნათქვამია, რომ საკმარისად ბევრი ფული მიიღეს იასონისგან და სხვებისგან, და გაუშვეს ისინი. ”ხოლო ძმებმა მყის, იმ ღამესვე გაგზავნეს პავლე და შილა ბერიაში” (საქმე 17, 9-10).

 

კანონი 13

ის, ვინც მიატოვა ყოველივე სულის ხსნისათვის და გაშორდა იქაურობას, არ იმსახურებს განკითხვას იმის გამოც კი, რომ მისი გულისთვის სხვები შეიპყრეს. ეფესოშიც პავლეს ნაცვლად თეატრონში შეიპყრეს გაიოსი და არისტარხოსი, პავლეს თანამგზავრები. პავლე აპირებდა ხალხში შესვლას და შფოთი ატყდა მის გამო, რადგანაც მან მრავალი დაარწმუნა და მოაქცია ღმრთისმსახურებაზე. მაგრამ მისმა მოწაფეებმა მისი მეგობარი ზოგიერთი აზიელი მთავარი მიგზავნეს მასთან და ისინი ევედრებოდნენ, რომ არ გამოჩენილიყო თეატრონში (საქმე. 19, 29-31). თუ ზოგიერთები მაინც გაუბედაობას იჩენენ იმ სიტყვის გამო, რომ ”თუ იხსნი, იხსენი სული შენი და ნუ იხედები უკან” (დაბ. 19,17), მათ უნდა გაიხსენონ მოციქულთა თავი პეტრე, ჩაგდებული საპყრობილეში, რომელსაც იცავდა მეომართა ოთხი ოთხეული. აქედან იგი ღამით გაიქცა, გადაურჩა მოსისხლე ჰეროდეს ხელებს და ურიათა (იუდეველთა) ერის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ანგელოზის მცნებისამებრ წავიდა იქ, სადაც უნდოდა: ”ხოლო როდესაც დადგა დღე, არამცირედი შფოთი იყო მეომრებს შორის, თუ რა იქნა პეტრე. მოიძია იგი ჰეროდემ, ვერ იპოვა, დაკითხა მცველები და ბრძანა მათი ამოწყვეტა” (საქმე 12, 18-19). მათ გამოც პეტრეს არ ედება ბრალი, რადგან, როდესაც ნახეს, რაც მოხდა, მათაც ისევე შეეძლოთ, გაქცევით გადარჩენილიყვნენ, როგორც ბეთლემსა და მის მიდამოებში მყოფ ყველა ყრმას, თუკი მათ მშობლებს ეცოდინებოდათ ის, რაც უნდა მომხდარიყო მომავალში. მაგრამ ისინი მოკლულ იქნენ საძაგელი ჰეროდეს მიერ, რათა ამ ყრმებთან ერთად დაღუპულიყო ჰეროდეს მიერ საძებარი ყრმაც. ის კი აგრეთვე გაიქცა უფლის ანგელოზის მცნებისამებრ. და დაიწყო სწრაფი დატყვევება და დატაცება მისთვის წოდებული სახელის თანახმად, როგორც არის დაწერილი: ”უწოდე სახელი მისი, სწრაფი დატყვევება და მალე დატაცება, სანამ ყრმა მოისაზრებს, სახელი დაუძახოს მამას ან დედას, დამასკოს ძალა და სამარიის ნადავლი მოართვან ასურეთის მეფეს” (ესაია 8, 3-4). ამის გამო მოგვებმა, როგორც უკვე ტყვექმნილებმა და სიმდიდრეწამოღებულებმა, მორჩილად და პატივისცემით თაყვანი სცეს ყრმას, გახსნეს თავისი საუნჯე და შესწირეს მას ჯეროვანი და შესაფერისი ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მირონი, როგორც მეფეს, ღმერთსა და კაცს, რის გამოც აღარ მოინდომეს შემდეგ ასურეთის მეფესთან დაბრუნება საღმრთო განგებისამებრ. ნათქვამია, რომ მათ ბრძანება მიიღეს სიზმარში, ”რათა აღარ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, არამედ სხვა გზით წასულიყვნენ თავის ქვეყანაში”. როდესაც სისხლისმსმელმა ჰეროდემ დაინახა, რომ გაბიაბრუებულ იქნა მოგვებისგან, ძალზე განრისხდა, გაგზავნა და დაახოცინა ყოველი ყრმა, ორი წლისა და უმცროსები, ბეთლემსა და მის მიდამოებში, იმ დროის მიხედვით, რომელიც მოგვებისგან გამოიძია” (მათე 2, 12-16). მათთან ერთად ეძებდა იგი მოსაკლავად უფრო ადრე შობილ სხვა ყრმას, ვერ იპოვა იგი (იოანე ნათლისმცემელი) და მოკლა მამამისის ზაქარია ტაძარსა და საკურთხეველს შორის, რადგან ყრმა ადრევე გაქცეული იყო თავის დედასთან, ელისაბედთან ერთად. მაგრამ ამის გამო მათ არავითარი ბრალი არ ედებათ.

 

კანონი 14

ზოგიერთებმა გადაიტანეს დიდი გაჭირვება და ძალდატანება. მოძალადეებმა ლაგამი ჩაუდეს მათ პირში, ხელებზე ბორკილები დაადეს და ეს მათ გულმტკიცედ მოითმინეს რწმენის სიყვარულით. გარდა ამისა, არაწმინდა მსხვერპლის შესაწირავად ძალდატანებით გაწვდილი ხელების დაწვაც აიტანეს, როგორც მომწერეს მე საპყრობილიდან სამგზის ნეტარმა მოწამეებმა ლიბიელ ძმათა შესახებ და აგრეთვე სხვა თანამწირველებმაც. ისინი, განსაკუთრებით კი, თუ მათ სხვა ძმებიც დაემოწმებიან, შეიძლება დარჩნენ მღვდლებად და აღასრულონ მღვდელმსახურება, როგორც აღმსარებლებად შერაცხილებმა, ვინაიდან ისინი დამსგავსებიან იმათ, ვინც უამრავი ტანჯვისაგან მკვდარივით გაშეშებულა, სიტყვის თქმა, ხმის ამოღება და მოძალადეებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად განძრევაც კი აღარ ძალუძს. ისინი ხომ არ დასთანხმდებიან მათ საძაგლობას, როგორც მსმენია ჩვენი თანამღვდლებისაგან. ხოლო მიეთვალოს აღმსარებლებს ყველა, ვინც მოღვაწეობს ტიმოთეს მსგავსად და ემორჩილება მას, ვინც ამბობს: ”მისდიე სიმართლეს, ღმრთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლი, ხელი ჩასჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე” (I ტიმოთ. 6, 11-12).

 

კანონი 15

მისივე სიტყვიდან პასექის შესახებ:

ნურავინ გვისაყვედურებს ჩვენ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დაცვის გამო. ამ დღეებში მარხვა გადმოცემისამებრ კანონიერად არის დაწესებული ჩვენთვის: ოთხშაბათისა - ურიების მიერ უფლის შესაპყრობად მოწყობილი შეკრების გამო, პარასკევისა - მისი საცხოვნებელი ვნების გამო. ხოლო კვირადღეს ვიხდით როგორც სულიერი სიხარულის დღეს მკვდრეთით აღმდგარი უფლისათვის. ამ დღეს არც მუხლთდრეკა შეიძლება.


 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:07)