Georgian (Georgia)English (United Kingdom)

1. მკითხავდი, უგანსწავლულესო ძმაო, თუ ჩვენს ფილოსოფოსთა შორის[1] ვინ და რამდენმა[2] დაამუშავა თავისი სიტყვები ხელოვანების წესების მიხედვით (proj thn texnhn) და არიან თუ არა ისინი ყურადღების ღირსნი, რითაც ლისიას ან დემოსთენეს[3] შეედრებიან – შინაარსობრივი წყობით თუ ზნეობრივი დამაჯერებლობით, სიტყვათა შერჩევითა და შერწყმით და ხელოვნური მორთულობითა და მაღალფარდოვანი ფიგურებით[4].

2. შესაბამისად ვპასუხობ მას, ვინც მკითხავდა, რომ მრავალრიცხოვანია ჩვენი წრე[5], რომელთა წარმომადგენლებიც მჭერმეტყველების (სიტყვასიტყვით – ენაკეთილობის euglwttia) ბაძვას ესწრაფვოდნენ (ezhlwsan). ოთხ კორიფეს წარმოვადგენ მთელი ქოროდან: ღვთისმეტყველების საყვირს – გრიგოლს, მის მეგობარ ბასილი დიდს, მათი ძირიდან აღმოცენებულ გრიგოლს და სულიწმიდის ოქროს ქნარს (იგულისხმება წმ. იოანე ოქროპირი).

მათგან თითოეული, რომელიც არ უნდა გსურდეს შეადარო ელინ სოფისტებს, თვითმყოფადია (autarkhj) არა ისე, თითქოს თითოეული ყველაფრით ყველას აღემატებოდეს, არამედ თითოეულს მათ შორის, ვინც სახელგანთქმულია, რომელიღაც ნაწილით ბაძავს (amillwmenoj) და შემდგომ მოსული (რადგან ხამს ჭეშმარიტების თქმა) უმრავლესთ კიდეც აღემატება (სიტყვ. წინ უსწრებს).

არ ვერწმუნები მათ, ვინც თითოეული ნაწილის მიხედვით განსჯის, შემდგომ საკუთარი სურვილისამებრ იქცევა და თითოეულის შეფასებით კი არ გამოაქვს გადაწყვეტილება, არამედ როგორც [ელინური] სწავლებისადმი იყვნენ მტრულად დამოკიდებულენი, ისევე იქცევიან ელინური სიტყვის (logoj) მიმართ. წინააღმდეგობრივად განწყობილნი მათ მიმართ და საკუთარი (ორატორების) მიმართ კი წინასწარ კეთილგანწყობილნი, როგორც უცხოთ, ისე ეპყრობიან მათ.[6]

მე კი არ ვიქმ ამას და არც ასე დავბრმავდები, არამედ აქვთ იმათაც ძალი სიტყვებში და ბევრს მიაღწიეს როგორც ხელოვანებით, ისე ხელოვანების გარეშე სიტყვის ძალით. ამგვარად შევაპირისპირებ და ურთიერთ კეთილშევაწყობ მათ, უკუმივაქცევ მსჯავრს და განვსაზღვრავ, რომ როგორიც დემოსთენეა სხვა წრეში, რასაც მე ელინურს ვუწოდებ, ისეთივეა ჩვენს შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი.

რიტორიკის სამი სახეობა არსებობს.[7] დემოსთენე სასამართლო სიტყვის სახეობაში იყო ყველაზე სახელოვანი და სათათბირო სიტყვებშიც ყველა სხვაზე უფრო შესანიშნავია, პანეგირიკულ სახეობაშიაც საუკეთესო კი საკუთარ თავზე და სხვებზე ნაკლებია. მისი საპირისპირო გრიგოლი კი პანეგირიკულ სახეობაში არა მხოლოდ დემოსთენესებრ მჭევრმეტყველებას (glwtta) აღემატება, არამედ როგორც ზეციური საყვირი, ამ სახეობაში (სტილით) მასთან შესადარებელიც კი არაა (სიტყვ. მასთან შეხმიანება არ შეუძლია), პოლემიკაში და იმ სიტყვებში კი, რომლებშიც დამოძღვრაა წარმოდგენილი, მასთან შედარების ღირსია.[8]

მაგრამ ამ (სახეობაში) დემოსთენეს მჭევრმეტყველება ერთგან რომ დიდი ნაკადის მდინარების მოძალებით ჩქეფს, შემდგომ თითქოს ნელ მობერვას მიემსგავსება და ნაკლები აღმაფრენით ცოცხლობს. გრიგოლის სიტყვა, კი დაწინაურებული პოლემიკურ სახეობაში, უფრო მაღალ საფეხურს აღწევს და მისი მისწრაფების ზღვარი, თითქოს წარღვნააო, ისე წარიმართება. იგი ამრავალფეროვნებს პოლემიკურ სიტყვას ჰიპალაგიებით და მეტაფორებით, ზოგს კრავს პერიოდებით, ზოგს კი სუნთქვითი გდრადაციებით ხსნის.

თავისი სიტყვა მან დახვეწა ნებისმიერი ატიკური მუზის შესაბამისად.[9] იგი უმეტესად არისტიდეს მიემსგავსება (apeikonistai) და ჩანს, რომ ამ კაცს ყველაზე მეტად ბაძავს (ezhlwkwj), თუმცა არისტიდეს[10] ენა (glwtta – მჭევრმეტყველება), მართალია, მქუხარეა, მაგრამ არ ბრწყინავს, რადგან ყველას სასმენელს აშფოთებს ეპიქირმებით არა ნაკლებ, ვიდრე ჰერიკლე[11] ელადას, მაგრამ ამ ეპიქირმათა დამუშავება მსმენელისათვის მომაბეზრებელია და თითოეული ისურვებდა რიტორის ხმის დაჩუმებას.

გრიგოლის მოუღალავი ენამჭევრობა (glwtta) კი ყველგან წვდება[12] – სიტყვათა კეთილხმოვანება (euglwttia) იქნება ეს, სიტყვათა შერწყმის განაწილება თუ ფიგურათა მორთულობა – არსად არ არის იგი მოსასმენად უამური.[13]

მისი თხზულებები სიტყვის მრავალ ნაწილში სავსეა ლისიასებრი კეთილხმოვანებით (eustomia – მჭევრმეტყველება), განსაკუთრებით იმ (ადგილებში), სადაც იგი ამჯობინებს მარტივად (afelwj) წაუმძღვაროს შესავალი (prooimiazein), არა ისე, თითქოს წინასწარგანზრახვით ზომიერს ხდიდეს სიტყვის დიდებულებას (megeqoj), არამედ ისე, თითქოს, როგორც ვთქვი, ამგვარად (სადაც მეტყველების) მცოდნე იყოს ორატორული სწავლებისა და თავისი ბუნების წყალობით.[14]

მრავალს ფარავს და თუკიდიდეს[15] სტილსაც ბაძავს (mimoumenoj), უფრო სწრაფად ცვლის საუბრის თემას, თვითნებურად წარმართავს მოკლედ (braxu) სიტყვის წყობას, აღელვებს სასმენელს და კვლავ საკუთარი თავისკენ მოიქცევა. აქ იგი მაღალი სიტილით (semnh frasij) მეტყველებს, რასაც ისოკრატეს[16] წყაროდან იღებს. აქედან გამომდინარე, მიიღო რა (სიტყვის) იდეების ნაკადი, არა იმგვარივე სიტყვიდან ადინებს მათ, არამედ ამოკლებს, ერთად უყრის თავს და თითქოს კრავს (წყლის) სადინარს. როგორც თავად ამბობს, არ მრავალსიტყვაობს, როცა იღვრება სიტყვის ნაკადად. ჰეროდოტეს მუზებით კი არ სიბრძნისმეტყველებს,[17] არამედ ირჩევს ღირსეულს და ამაღლებულს (aciwmatikoj kai semnh).

(ამას იქმს) არა იმგვარად, თითქოს მრავალ რიტორთაგან შეეკრიბოს (oux wsper de ek pollwn rhtorwn hrmostai)[18] ან თითოეული (იმათგან აღებული) გამოეყენებინოს სიტყვის ნაწილებში, არამედ (ამას იქმს) იმგვარად, როგორც მაგალითად, ერთმანეთში (თანაბრად) შერთული ფერები ქმნიან ახალ ფერს, რომელიც არ არის მათი მსგავსი, არამედ არის უფრო ლამაზი, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები (ec ekeinwn autwn). გრიგოლის სიტყვის ფერიც ასევე შედგენილია ათასი ფერისაგან (ek muriwn xromatwn), მაგრამ განსხვავებულია მათგან და მათზე ბევრად უფრო მშვენიერია (kallion), რადგან უმაღლესი არ არის ყოველთვის საშუალოზე უკეთესი, არამედ არის ის, რომელიც ორივეზე აღმატებულია.[19]

მე არ ვუწოდებ მის სიტყვას ნაზავს, რაღაც უცხოსი და განსხვავებულისა ერთმანეთისაგან, არამედ ვთვლი, რომ იგი (მისი სიტყვა) ერთგვაროვანია თავისი ბუნებით (monoeidh men thn fusin), მსგავსად იმისა, როგორც ვარდი ამოიზრდება მიწის წიაღიდან ბუნებრივი ფერებით და მრავალსახოვნებით (polueidh), ანდა (მსგავსად იმისა), ვინმეს რომ შეეძლოს ფერთა ნაზავი დაშალოს სხვადახვა ფერად, რომელთაგან იგი (სწორედ) ამგვარადაა შექმნილი.

ან კიდევ მაიმუნს ვხედავთ გამზადებულს არა უარესის, არამედ უკეთესის მისაბაძავად (eij mimhsin)[20], ანდა ისე, როგორც ლომი ინარჩუნებს ახოვანებას, შემდეგ სხვა მხეცების ზნესა და გარეგნობას მიემსგავსება და ბაძავს მათ ერთობლივ (emimeito cumpanta) და მაინც არ კარგავს ღირსებას, - აი, სწორედ ასეთია ეს ღვთიური კაცი (qeioj anhr)[21].

მისი სიტყვაც ისეთი დიადია თავისი ბუნებით, როგორც ლომი – ღირსებით სავსე, ძალმოსილი, დარბაისლური, მიუწვდომელი მრავალთათვის, ანუ ძნელად მისაწვდომი,[22] შემდგომ ყველას მხეცის ხმის მიმბაძველი (mimeitai) და თითოეულის მიხედვით ჩამოყალიბებული სახით (tw eidei), ზნით (hwei), ფორმით (sxhmati).

თითოეულის მეტყველების მანერით (სტილით) იგი საკუთარ ხმას (ავსებდა). ელინ ორატორთაგან თითოეული სიტყვის ერთ იდეას იყენებდა – ან ამაღლებულობას (uyhlh), ან ზომიერებას (mesh) ან დახვეწილობას ((lepth) და მხოლოდ ამ ერთს წარმოადგენდა.

ასეთია გრიგოლის სიტყვაც – ყველა ერთად აღებულ ორატორს ბაძავს (diamillatai), მათ მისდევს, მათი მიხედვითაა (შექმნილი), იქიდანაა აღმოცენებული (met ekeinouj ekeiqen hrmosanto), ხან კი მათი სწინააღმდეგოა (pro ekeinwn) და უფრო მშვენიერი სახე აქვს, ვიდრე მის პირველნიმუშებს.[23]

3. რაც შეეხება ბასილი დიდს, ისევე როგორც ყოველივე ადამიანურზე ამაღლდა იგი, ჩანს, რომ ასევე მორთული ეპითეტების ხელოვანებაც უკან მოიტოვა და სურდა თითქოს თავად ყოფილიყო სიტყვის ხელოვნება, თუმცა ხელოვნების მიხედვით არ შეუთხზავს მას თავისი თხზულებები.

იცნობდა რა ყველა ორატორს ერთად, იქიდან შეითვისა სიტყვის შემადგენელი იდეების ძალა და ამ ნაწილში მათ ბევრად გადააჭარბა კიდეც.[24] არ სურს ზიანის მოტანა თავისი სიტყვებით, არ ბაძავს (ou zhloi) უმეტეს შემთხვევაში იმათ წინასწარ აგებულ (მჭევრმეტყველების) ხელოვანებას, მისი სიტყვა არის ბუნებრივი (უხელოვნო)[25], თითქოს ღრუბლიდან მქუხარებს და ყველა ხმას ფარავს.

მისი სიტყვის სულისკვეთება, რამდენადაც შესაძლებელია, განვმარტოთ შედარების გზით, დემოსთენესებურია (რადგან ბაძვის მიხედვით kata zhlon მასზე წინ არ დგას), არც აღემატება მას, თუკი ვინმე მოისურვებს სიტყვების ერთმანეთთან შედარებას.

აპოლოგეტური სახეობა (epixeirhmatikoj eidoj) მისი (სიტყვისა) ვინმეს შეუძლია დაახასიათოს არისტიდეს სიტყვებიდან (მომდინარედ), მაგრამ თუკი ვინმე ორივეს მიაპყრობს სასმენელს, მაშინვე ამ ორატორის მოსმენა მობეზრდება და სმენას გადაიტანს სხვა ხმაზე, ბასილის სიტყვათა ქუხილისადმი უფრო სიამოვნებით განეწყობა და მისი ხმის გაგონებაზე იხარებს.

4. ასეთი იყო მისი ძამა გრიგოლიც. არავინ ყოფილა მრავალ რიტორთაგან ამ ორ კაცზე უფრო ენაწყლიანი (მჭევრმეტყველი - megalofwnoterouj), მაგრამ სხვა რიტორთა შორის გრიგოლ ნოსელი გამოირჩევა და მასთან ბასილი დიდი, რადგან ბასილის (მჭევრმეტყველება) საყვირთან, ძმის ენა კი ფლეიტასთანაა შედარებული, დემოსთენესა და არისტიდეს საყვირი კი ადამიანურადაა სახელდებული.[26]

მაგრამ პანეგირიკულ სახეობაში (გრიგოლ ნოსელი) ბასილზე ბევრად ნაკლებია, სურს რა საღვთო წინაგანგების გამხელა, რაც სიტყვებშია დაფარული, უცვლელი რჩება მის მიმართ და თუ ვინმე მათ შედარებას მოინდომებს ორსავე ამ ნაწილში, ყველაფრით ბასილზე მაღლა მდგომად არ ჩათვლის მას.

5. იოანე ოქროპირის ენა კი, ღირსების მიხედვით, საღვთოა (weioj) და ყველაფერთან შესადარებელი არ არის, მაგრამ არა ისე, თითქოს სხვებს ან რიტორიკას (სიტყვ. “სიტყვებს” - logoi) უგულებელყოფდეს, არამედ თითქოს მართლაც ხელოვანებით იყოს შემკული.

(მისი სტილი სიტყვის) ყველა იდეიდან არის შედგენილი და სამოქალაქო სიტყვის (politikoj logoj) მწვერვალი [ისიც] მიმბაძველია (ძველებისა) (zhlwthj). მის სიტყვებში რიტორიკის სახეობათაგან თითოეული ოსტატურად ვითარდება, სახეს უცვლის საწინააღმდეგო ხმას და განაახლებს პანეგირიკული სახეობის სილამაზეს.

სამოძღვრო სახეობაში დასრულებული სახე აქვს, რაც არა კანონითა და ხელოვანებითაა გამოწვეული, არამედ თავადაა ქმნილი სხვათათვის იდეათა კანონად.

იგი არ ბაძავს (ou mimeitai) რიტორ ლისიას, თუმცა მისი სიტყვა იმის (ლისიას) კეთილხმოვანებას (eustomia) მიემსგავსება (eikonistai) გარდა იმისა, რაც უფრო სადაა (afelesteroj), უფრო ძლიერი და უფრო ბრწყინვალე (lamproteroj).

იგი არჩევს სიტყვას არა ფიგურებით (ტროპებით), ალეგორიებით და პერიფრაზებით, არც ლირიკული და დითირამბული სიტყვებით, არამედ საგანგებოდ ამუშავებს (სიტყვათა) შერწყმით და ფრაზის ღირსებით.[27]

6. მე კი ვისურვებდი და ვამჯობინებდი სახოტბო სიტყვის თქმას გრიგოლ ღვთისმეტყველივით, ნათლად ქადაგებას ბასილი დიდივით, საღვთო წინაგანგების განმარტებას გრიგოლ ნოსელივით, სამოძღვრო სახეობის დამუშავებას და სიტყვის საამურობას (afhdunein) სადა (aploj) და გამოუთქმელი მშვენიერებით (xarij), როგორც (ამას იქმს) სულიწმიდის ოქროს ქნარი.[28]

-------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

 

[1] – thj kaq hmaj filosofiaj – იგულისხმება ქრისტიანი რიტორები.

[2]Texnh – რიტორიკის თეორიაში ნიშნავს ხელოვნებას არა დღევანდელი გაგებით, არამედ ოსტატობის მნიშვნელობით. იგი გულისხმობს რიტორიკული ოსტატობის და მისი წესების, კატეგორიების ნაერთს. შდრ. რუსთველი: “აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება”.

[3] – ლისია (ძვ.წ. V-IV სს.), დემოსთენე (ძვ.წ. IV-III სს.) – ათენელი ორატორები.

[4] – რიტორიკულ ხელოვნებაში გამოიყოფა შინაარსის ცნება (to pragmatikon), როგორც საგანი სიტყვისა და სიტყვიერი ქსოვილი (to lektikon) – სიტყვიერი გამოხატულება თხზულებისა; დამაჯერებლობის (piqanothj) ცნება; სიტყვათა შერჩევა (eklogh) და შერწყმა (sunqhkh) რიტორიკის თეორიაში სიტყვიერი გამოხატულების ორი ერთმანეთზე დამოკიდებული ცნებაა. მათ მიეკუთვნება კატეგორიები, რომელთაგან ამ ტექსტში გვხვდება: სიტყვის მშვენიერება (kalloj onomatwn), კეთილხმოვანება (eufwnia, euglwttia), ტროპები, პერიფრაზი (perifrasij), მეტაფორა (metafora), შენაცვლება (upallagh), მონაკვეთთა პერიოდული მონაცვლეობა (periodoj), როგორც რიტმის ელემენტი და მისთ.; ფიგურები (sxhmata) სიტყვიერ გამოხატულებაზე მოძღვრების მესამე კატეგორიაა შერჩევა-შერწმის შემდეგ. მას მიერკუთვნება სახეობები, რომელთაგან ქვემოთ გვხვდება: ალეგორია (allhgoria), განმარტება (echghsij), სუნთქვითი გრადაცია (pneuma) და მისთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სიტყვათა შერჩევა-შერწყმა და რიტორიკული ფიგურები რიტორიკული ტექნიკის ერთი სფეროა. მეორე სფეროა სიტყვის მახასიათებლები, თვისებები, რომლებსაც ქვემოთ თანდათან შევხვდებით, ამიტომ აქვე დავახასიათებთ მათ: 1. სიტყვის ღირსებები (aretai lecewj); სიცხადე (safhneia), ლაკონურობა (braxuthj), ძალა (isxuj, dunanij, deinothj), სიდიადე (megeqoj), მორთულობა (kosmoj) და მისთ. 2. სიტყვის ფორმა, იდეები (ideai logou); სიწმინდე (kaqarothj, ellhnismoj), სისადავე (afeleia, aplothj), ბრწყინვალება (lamprothj), სილამაზე, მშვენიერება (kalloj, xarij), საამურობა, სიტკბოება (hdu, glukothj), შთამბეჭდავი, ღირსეული (aciwma), ამაღლებულობა, სადღესასწაულობა (semnothj, uyhlh), ზომიერება (mesh), დახვეწილობა (lepth) და მისთ. ამათგან რიტორიკის სხვადასხვა თეორიაში ზოგიერთი ცნება ხან ღირსებაში შედის და ხან იდეების სახეობაში.

3. სტილთა სახეობები (xarakthrej): მაღალფარდოვანი (megaloprephj) შდრ. (semnh frasij); საშუალო, ზომიერი (mesoj, metrioj), დაბალი, მწირი (isxnoj) და მისთ.

[5] – (o hmeteroj kukloj) – კვლავ ქრისტიანი რიტორები იგულისხმება აქ.

[6] – აქ საუბარია ზოგიერთი ქრისტიანის უარყოფით დამოკიდებულებაზე ელინური რიტორიკის (logoi) ღირსებებისადმი, ისევე როგორც წარმართული მოძღვრებებისადმი, რომელიც, როგორც მსოფლმხედველობრივი სისტემა, უარიყოფა ქრისტიანული ეკლესიის მიერ. ფსელოსი ყურადღებას ამახვილებს ელინური რიტორიკული სიტყვის გამომსახველობითი საშუალებების სიძლიერეზე, რის მიხედვითაც შესაძლებელია სწორედ ქრისტიანი და ანტიკური რიტორების ერთმანეთთან შეპირისპირება და მათ შორის განსხვავების დანახვა.

[7] – რიტორიკის სამი კლასიკური სახეობაა ცნობილი არისტოტელეს განსაზღვრებიდან მოყოლებული (Arist. Rhet.): სასამართლო (dikanikoj Arist.) ან პოლემიკური (agwnistikoj) (შდრ. აპოლოგეტური epixeirhmatikoj); სათათბირო (sumbouleutikoj Arist.) ან სამოქალაქო (politikoj) სიტყვა (შდრ. ქრისტიანული სამოძღვრო სიტყვა); სადღესასწაულო (epideiktikoj) ან პანეგირიკული (panhgurikoj) სიტყვა. ქვემოთ მიმოხილულია თითოეული ცალ-ცალკე სხვადასხვა ანტიკურ თუ ქრისტიან ორატორთან მიმართებაში.

[8] – დემოსთენესთან პანეგირიკულ სახეობაში წმ. გრიგოლი სტილის მიხედვით შესადარებელი არაა, იმიტომ, რომ თავისთავად მასზე აღმატებულია, როგორც ზეციური საყვირი (salpigc ouranioj ქრისტიანულ სახისმეტყველებაზე მიმანიშნებელია. შდრ. Gr. Naz. Ep. 46, PG. 37, 96 A: h megalh fwnh kai salpigc – წმ. ბასილის მიმართ; შდრ. მონოგრაფია § 6), ე.ი. როგორც ღვთივშთაგონების მქონე; მაგრამ ფსელოსის მიხედვით, ამ სახეობაში წმ. გრიგოლი დემოსთენეს მჭევრმეტყველებითაც, ე.ი. ორატორული ხელოვნებითაც კი სჯობნის. ფსელოსი აქაც, როგორც მონოგრაფიაში, წმ. გრიგოლის მჭევრმეტყველებას ახასიათებს როგორც texnh-ს, ისე სტილის ქრისტიანული კანონის მიხედვით.

[9] – ატიკური მუზის შესაბამისად – ისევ ძველი (ანტიკური) მწერლების და მათი საუკეთესო თვისებების მიბაძვა იგულისხმება აქ.

[10] – არისტიდე – ძვ.წ. II ს. ბერძენი რიტორი რომში.

[11] – ჰერიკლე – ძვ.წ. V ს. ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე.

[12] – იგულისხმება, რომ ძლევამოსილია, არსად არ არის დამღლელი, მოსაბეზრებელი.

[13] – სიტყვასიტყვით “სასიამოვნოს დაცილებული” (af hdonhj kaqesthkasin). hdu, hdonh – საამურობა, სიტკბოება, სიტყვის იდეის ერთ-ერთი სახეობა, glukuj-თან ერთად.

[14] – ორატორულ სწავლებაში (meleth) აქ texnh იგულისხმება. Fusij-texnh (ბუნებრივი ნიჭი და ხელოვანება) რიტორიკული თეორიების ტრადიციული დაპირისპირებაა. ფოტიოსმა და ფსელოსმა (მონოგრაფიაში) ნიჭის ცნება ღვთივშთაგონებით შეცვალეს. ამის მიხედვით, წმ. გრიგოლი ბუნებაზე აღმატებულია (uper fusin – შდრ. მონოგრაფია § 2).

[15] – თუკიდიდე – ძვ.წ. V-IV სს. ათენელი ისტორიკოსი.

[16] – ისოკრატე – ძვ.წ. V-IV სს. ათენელი ორატორი, რიტორიკის მასწავლებელი.

[17] – ჰერიდიტე – ძვ.წ. V ს. ბერძენი ისტორიკოსი. ჰერიდიტეს მუზებით სიბრძნისმეტყველება ირონიულადაა ნახმარი, იგულისხმება, რომ წმ. გრიგოლი მასავით ფუჭი და უბრალო სამკაულებით (Minutis ornatibus) არ ირთვება, სიტყვათა ფუჭი სიუხვე და მრავალსიტყვაობა არ ახასიათებს.

[18] – ამ ორ აზრს შორის – ბაძავს და არც ბაძავს ძველ მწერლებს – წინააღმდეგობრიობა კი არააა, არამედ იგი ზემოთ განხილული ანტინომიურობის გამომხატველია. ამისათვის მოხმობილია შედარება ფერებთან, ლომთან, ვარდის ბუნებრივ მშვენეირებასთან, მრავალსახოვნებასთან. იგულისხმება, რომ წმ. გრიგოლს მრავალი რიტორისაგან კი არ აუღია და შეუკრებია სიტყვის სხვადასხვა ნაწილი და თითოეულ მათგან ცალ-ცალკე მიჰყოლია ამის მიხედვით თავისი ჰომილიების სხვადასხვა ნაწილში, არამედ თვითმყოფადია, დამოუკიდებელ ფერს ქმნის; ხელოვნური ნაზავი კი არ არის ბაძვის საგნებისა, არამედ ერთგვაროვანია ბუნებით (monoeidh thn fusin). იგულისხმება, რომ შემადგენელ ნაწილებად მისი მრავალსახოვნება არ დაიშლება, რადგან იგი ბუნებრივ ერთსახოვნებას ქმნის (ისევე როგორც სამების ერთარსებობა).

[19] – აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ სრულყოფილი სტილი, სტილის ქრისტიანული კანონის მიხედვით, სტილთა სხვა კლასიკური სახეობებისგან ორივეზე – საშუალოზე (mesoj) და მაღალზე (akrothj) აღმატებულია (შდრ. მონოგრაფია, § 2,20), რადგან გრიგოლის მჭევრმეტყველება როგორც ადამიანური, ისე ღვთიური წარმომავლობისაა.

[20] – მაიმუნთან შედარება, შესაძლებელია, გულისხმობდეს იმ ელინ რიტორებს, რომლებიც ასევე ძველებს ბაძავდნენ, მაგრამ თვისობრივად ახალი ვერ შექმნეს, კარგად ბაძვისა და საუკეთესო ორატორული ხერხების ნაზავის შექმნის დონეზე დარჩნენ მხოლოდ.

[21] – ლომთან შედარება მოხმობილია იმის საჩვენებლად, რომ მრავალის ბაძვით ორატორის ღირსება და თავისთავადობა არ იკარგება. აქ ფსელოსი ერთმანეთს უპირისპირებს ბაძვის ორ ცნებას: ელინისტური რიტორიკიდან აღებულს, რაც ძველების კარგი თვისებების შეთვისებას გულისხმობს და ბიზანტიური რიტორიკის თეორიაში შემოღებულს, რომლის მიმანიშნებელი უნდა იყოს გრიგოლის ღვთიურობაზე ყურადღების გამახვილება (qeioj anhr). გრიგოლის ღვთიურობაში აქ უნდა იგულისხმებოდეს სტილის ქრისტიანულ კანონზე მინიშნება, რომელიც უფრო გამოკვეთილად მონოგრაფიაში აქვს ფსელოსს ჩამოყალიბებული.

მაიმუნისა და ლომის ერთმანეთთან დაპირისპირება გავრცელებული იყო ანტიკურ ანდაზებში, საიდანაც მოხვდა გრიგოლის შრომებშიც (PG. 37, I, 2, 34, V 96; OR. 43, $ 64; PG. 36, 581 B 15 – C3. აქ წმ. გრიგოლი მას წმ. ბასილთან მიმართებით ხმარობს). საყურადღებოა, რომ ამ სახეს, ალბათ, ისევ გრიგოლისვე შრომებიდან იყენებენ წმ. გრიგოლის თხზულებათა ბერძენი და ქართველი შემსწავლელნი – მიქაელ ფსელოსი (XI ს.) ამ ტრაქტატში (წმ. გრიგოლთან მიმართებაში), ხოლო ეფრემ მცირე (XI ს.) გრიგოლის შრომების მისეულ თარგმანებზე დართულ ანდერძ-წინასიტყვაობაში (Jer. 43, 3 v. წმ. გრიგოლის შრომების დიდ ქართველ მთარგმნელთან, ექვთიმე ათონელთან (XI ს.) მიმართებაში.

[22] – მიუწვდომელი (aprositoj, dusprositoj) მრავალთათვის – წმ. გრიგოლის სიტყვების მიფარულობა იგულისხმება აქ, რაც მონოგრაფიაში აქვს ფსელოსს გაშლილი (შდრ. § 21) და რაზედაც ყურადღებას ამახვილებს ეფრემ მცირე (Jer. 43, 1r-4r).

[23] - კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ წმ. გრიგოლი კდიეც ბაძავს ელინ რიტორებს და განსხვავებულიცაა მათგან იმით, რომ პირველნიმუშებზე მშვენიერია (შდრ. მონოგრაფია § 2; თავადვე ხდება პირველნიმუში; პირველსახე სტილისა (arxetupoj xarakthr $ 12).

[24] – წმ. ბასილიც ადამიანურზე, texnh-ზე აღმატებულია (wsper dh twn anqrwpikwn pantwn uperora, outw dh eoike kai twn epiqetwn thj texnhj kosmwn katafronein), ღრბულიდან მქუხარებს, ე.ი. ზეციური, ღვთიური შთაგნოებისაა. იგი ისე კარგად ფლობს რიტორიკას, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავადაა მთლიანად სიტყვიერი ხელოვანება, თუმცა ხელოვანების მიხედვით არ შეუთხზავს თავისი თხზულებები (იმასვე ამბობს ფსელოსი წმ. გრიგოლზე მონოგრფიაში- § 12-13). აქაც, წმ. ბასილის დახასიათებისას, საღვთისმეტყველო სტილზე უნდა მიანიშნებდეს ფსელოსი. ამასთან, ისევ ზემოთ განხილული ანტინომიურობიდან გამომდინარე, იგი ორგვარად ახასიათებს წმ. მამების სტილს: როგორც ელინური რიტორიკის ნორმების მიხედვით, ისე სტილის ქრისტიანული კანონის შესაბამისად.

[25] – ბუნებრივ, უხელოვნო სიტყვაში (anepithdeutoj) ისევ ის იგულისხმება, რომ წმ. ბასილი საგანგებოდ არ ზრუნავს რიტორიკაზე, თუმცა კი იცის იგი.

[26] – წმ. გრიგოლ ნოსელიც წმ. ბასილთან ერთად დემოსთენეს და არისტიდეს აღემატება ღვთიურობით, რადგან მათი საყვირი ადამიანურია (ton andra), წმ. მამებისა კი შესაბამისად, იგულისხმება, რომ ღვთიურია.

[27] – წმ. იოანე ოქროპირთანაც საღვთისმეტყველო სტილზე უნდა იყოს მინიშნება (qeioj), რომელიც შესადარებელი არაა (asugkritoj) რიტორიკის სტილთა თეორიასთან, რადგან თავისთავად მასზე მაღლა მდგომია. წმ. იოანე ოქროპირიც თან ბაძავს ძველებს, არ უგულებელყოფს ძველი რიტორების ხელოვნებას და რიტორიკას და თან თვითმყოფადია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მისი თხზულებები მართლაც (wj alhqwj) რიტორიკული კანონის და texnh-ს მიხედვით იყოს შექმნილი, როცა თავად ხდება სხვათათვის kanwn thj ideaj (შდრ. წმ. გრიგოლი მონოგრაფიაში: arxetupoj xarakthr-$ 1-2, 12-13). ფსელოსი მასვე ანტინომიურად ახასიათებს: ბაძავს კდიეც ლისიას (eikonistai) და არც ბაძავს მას (ou mimeitai).

[28] – ბოლოს შეჯამებულია თითოეული ორატორის ყველა საუკეთესო თვისება.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშნვნები დაურთი

ქეთევან ბეზარაშვილმა

ჟურნალი ”გზა სამეუფო”, №1(4), 1996 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:25)