Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საკითხი მაცხოვართან თანაჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ (რომელსაც, მონანულს, მაცხოვარმა აღუთქვა, რომ “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”) უაღრესად მნიშვნელოვანია.

აურაცხელი გაუკუღმართება და ფსევდოგანმარტებანი ლუკას სახარების ამ მონაკვეთთან დაკავშირებით (იხ. ლუკა 23. 39-44) სათავეს იღებს თვითნებური განსჯებიდან, ეკლესიის მამათა სწავლებების იგნორირებიდან.

შესაბამისად, აუცილებელი ჩანს იმ განმარტებათა კრებსითად წარმოდგენა, რაც ეკლესიის მამებს ეკუთვნით. აღნიშნული განმარტებანი უმტკიცეს საფუძველს გვიქმნის უაღრესად მყარი დასკვნების გამოსატანად.

ქვემოთ წარმოვადგენთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველაზე არსებით განმარტებათა მაქსიმალურად ზედმიწევნით თარგმანებს, რაც მოიცავს პერიოდს IV ს-იდან (წმ. ეფრემ ასური, წმ. ეპიფანე კვიპრელი) XIV ს-მდე (წმ. სვიმეონ თესალონიკელი).

 

წმ. ეფრემ ასური:

“ნეტარია ავაზაკი, რომელმაც მადლით მიიღო სამოთხის კლიტენი” (სირიულის ფრანგ. თარგმ.: Les clés du Paradis )” (ჰიმნები სამოთხის შესახებ, Sources Chrériennes. t. 137, ჰიმნი VIII. 2; p. 113).

 

წმ. ეპიფანე კვიპრელი:

“მწვალებლობათა წინააღმდეგ” (წიგნი II, ტ. II, თ. 66).

“ვხედავთ ავაზაკს, უკეთური საქმისათვის შეპყრობილს და ძელზე დაკიდებულს, რომელმაც აღიარა და უფალთან ერთად შევიდა სამოთხეში ( ὅμα τῷ κυρίῳ ἐν τῶ παραδείσῳ εἰσεληλυθότα)" (PG. 42, 124 D).

 

წმ. იოანე ოქროპირი:

“ინება მან ავაზაკის შეყვანა სამოთხეში; მყისვე სიტყვა თქვა და ავაზაკი სამოთხეში შეიყვანა. ქრისტეს არ დასჭირვებია ლოცვა, თუმცა კი მან ადამის შემდეგ ყველას იქ შესვლის გზა დაუხშო, რადგან დააწესა ცეცხლოვანი მახვილი სამოთხის დასაცავად. მაგრამ ქრისტემ თვითუფლებრივად (αὐθεντίᾳ) გახსნა სამოთხე და შეიყვანა ავაზაკი. უფალო, ავაზაკი შეგყავს სამოთხეში? შენმა მამამ ერთადერთი ცოდვის გამო ადამი გამოიყვანა სამოთხიდან, შენ კი ავაზაკი შეგყავს, ათასგვარი უკეთურებისა და ათასგვარი უღვთოების თანამდები? და ასე, უბრალოდ ერთი სიტყვით სამოთხეში შეგყავს იგი? დიახ!” (ოთხდღიანი ლაზარეს შესახებ, PG. 48, 782).

“გულისხმა-ჰყავ ავაზაკი, ჯვარზე განთავისუფლებული ( τὸν ἐν τῷ σταυρῷ ἐλευθερωθέντα)” (მათდამი, რომლებიც ბრალმდებლობენ, თუ რატომ იქნა დაშვებული ეშმაკი..., მეორე ჰომილია, PG. 49, 263 A).

“ნუ ავუვლით უბრალოდ გვერდს ამ ავაზაკს, ნუ შეგვრცხვება, რომ მასწავლებლად მივიღოთ იგი, რადგან თვით ჩვენს უფალს არ შერცხვენია, რომ იგი პირველი შეეყვანა სამოთხეში (πρῶτον εἰσαγαγεῖν εἰς τὸν παράδεισον ). ნუ შეგვრცხვება მასწავლებლად მივიღოთ ის ადამიანი, რომელიც მთელი ბუნების უწინარეს (πρὸ τῆς φύσεως ἁπάσης ; ლათ. qui ante universam naturam; ე. ი. მთელი კაცობრივი ბუნების უწინარეს, მთელ კაცობრიობაზე ადრე, ე. ჭ.) ღირსი გამოჩნდა ცათა შინა მოქალაქეობისა (τῆς πολιτείας τῆς ἐν τοῖς οὐρανοῖς), არამედ ყოველივე დაწვრილებით გამოვიძიოთ, რომ შევიცნოთ ჯვრის ძალა” (ჯვრისა და ავაზაკის შესახებ, I ჰომილია, PG. 49, 402).

“ხედავ ავაზაკსა და ავაზაკს? ორივე ჯვარზეა, ორივე ავაზაკური ცხოვრებიდანაა, ორივე უკეთურებიდანაა, მაგრამ ორივე ერთსა და იმავე [მდგომარეობაში] როდია, არამედ ერთმა მათგანმა სასუფეველი იმემკვიდრა (βασιλείαν ἐκληρονόμησεν ), მეორე კი გეჰენიაში გაიგზავნა ( εἰς γέενναν ἐπέμπετο)” (იქვე, 402)”.

“გინდა შეიცნო მისი სხვა უდიდესი ღვაწლიც, რაც აღემატება ყოველგვარ ადამიანურ გონებას? მან დღეს (σήμερον) გახსნა დახშული სამოთხე, რადგან დღეს ( σήμερον) შეიყვანა მასში ავაზაკი. ორი უდიდესი ღვაწლია აქ: გახსნა მან სამოთხე და შეიყვანა ავაზაკი, მიანიჭა რა მას თავდაპირველი სამშობლო (ἀπέδωκεν αὐτῷ τὴν ἀρχαίαν πατρίδα ). შეიყვანა იგი მამისეულ ქალაქში (ἐπὶ τὴν πατρῴαν πόλιν ), უთხრა რა: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (იქვე, II ჰომილია, 409).

“შედის რა იგი (უფალი) წმინდა მამულში, თავისთან ერთად შეჰყავს მას ავაზაკიც. არათუ შეურაცხყო მან სამოთხე ავაზაკის ფეხებით, - ნუ იყოფინ! - არამედ ამით უფრო პატივცემულყო იგი (სამოთხე), რადგან პატივია სამოთხისთვის ამგვარი მეუფის ყოლა, რომელიც აგრერიგად ძლიერია და კაცთმოყვარე, რადგან ძალუძს, რომ ავაზაკიც კი სამოთხისეული შვების ღირსი გახადოს” (იქვე, 410).

“დიდია პატივი. ფრიადია სიდიდე კაცთმოყვარეობისა, გამოუთქმელია ზეაღმატებულება სიკეთისა, რადგან სამოთხეში შესვლაზე უფრო დიდი პატივია უფალთან ერთად (μετὰ τοῦ ∆εσπότου ) შესვლა, რა მოხდა, მითხარ მე? რა გამოავლინა ავაზაკმა ასეთი, რომ მყისვე (ἀθρόον ) ჯვრიდანვე ( ἀπὸ τοῦ σταυροῦ) ღირსი გამოჩნდა იგი სამოთხისა?” (იქვე 410).

“ნუღა შეგვრცხვება მასწავლებლად მივიღოთ ავაზაკი, რადგან არც ჩვენს უფალს შერცხვენია, რომ იგი (ავაზაკი) პირველი შეეყვანა სამოთხეში. ჩვენც ნუ შეგვრცხვება მასწავლებლად მივიღოთ ის კაცი, რომელიც ადამიანთა მთელი მოდგმის უწინარეს (πρὸ παντὸς τοῦ τῶν ἀνθρώπων γένους ; qui ante totum humanum genus) ღირსი გამოჩნდა სამოთხეში მოქალაქობისა (ἄξιον φανέντα τῆς πολιτείας τῆς ἐν τῷ παραδείσῳ )” (იქვე, 410).

“ხედავ ავაზაკის ფილოსოფიას, ხედავ მის გულისხმას, ხედავ მის მოძღვრებას? მყისვე ჯვრიდან ცისკენ აწვდა იგი (ἀθρόον ἀπὸ τοῦ σταυροῦ πρὸς τὸν οὐρανὸν ἀνέπτη. ლათ. confestim a cruce ad caelum tetendit)” (იქვე, 412).

“თუმცა მინდოდა გვერდი ამევლო ამ ამბისათვის, რადგან ხშირად მითქვამს იგი, მაგრამ ვხედავ ავაზაკს, რომელიც მუდამჟამს მაიძულებს მე. არც არის გასაკვირი, რადგან მან სამოთხის კარიბჭენიც კი აიძულა, გარდაქმნა რა თავისი ხელობა ცხონებისათვის (εἰς σωτηρίαν). მდგომარე იყო ჯვარზე კრავი, და მასთან - ორი მგელი, მაგრამ ერთი მიწაზე დარჩა თავისი ზრახვით, მეორე კი უკვე გარდაიქმნა, თქვა რა: “მომიხსენე მე, როდესაც მოხვალ შენი სასუფევლით”... “ამინ, გეტყვი შენ (შენც მიიღე “ამინი”, ჰოი ავაზაკო, ჰოი ავაზაკო დღეს), დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”, რამეთუ მე, რომელმაც განგაგდე შენ, რომელმაც დავხშე სამოთხის კარნი და რომელმაც ცეცხლოვანი მახვილით ამოვკედლე იგი, მე შეგიყვან შენ იქ, რადგან მე თუ არ შეგიყვან, დახშული დარჩება კარნი. მოდი, ჰოი ავაზაკო, რომელმაც ეშმაკი მოიავაზაკე და, მის საწინააღმდეგოდ, გვირგვინი დაიდგი (στεφανωθείς; coronatus es)” (ჰომილია წმინდა და დიდ პარასკევს, PG. 50, 816).

“ჯვარმა სამოთხე განაღო და ავაზაკი შეიყვანა” (იმის შესახებ, რომ “მამაო, თუ შესაძლებელია, ამერიდოს მე ეს სასმისი”, PG. 51, 35).

“მრავალგზის მითქვამს თქვენთვის ამ საათის (მეცხრე საათის, ე. ჭ.) შესახებ: რომ ამ საათს გაიხსნა სამოთხე (ἐν αὐτῇ παράδεισος ἀνεῴγη) და შევიდა ავაზაკი (ὁ λῃστὴς εἰσῆλθεν); ამ საათს გაუქმდა წყევლა, ამ საათს იქნა შეწირული მსხვერპლი სოფლისა, ამ საათს განქარდა წყვდიადი, ამ საათს გამობრწყინდა სინათლე (გრძნობადიცა და გონისეულიც), - მეცხრე საათზე!” (“საქმე მოციქულთას” ზედწერილის შესახებ”, PG. 51, 84).

“სიმდაბლემ და საკუთარ ცოდვათა შეცნობამ ავაზაკი სამოთხეში შეიყვანა მოციქულებზე უწინარეს (...εἰς παράδεισον τὸν λῃστὴν εἰσήγαγε πρὸ τῶν ἀποστόλων)” (PG. 51, 312; მათდამი, რომლებიც არაჯეროვნად იყენებენ სამოციქულო სიტყვას: “ან მომიზეზებით, ან ჭეშმარიტებით ქრისტე იქადაგება” (ფილიპ. 1. 19) და სიმდაბლის შესახებ).

“ქრისტემ სამოთხეში შეიყვანა ავაზაკი, რომელსაც ამძიმებდა ცოდვათა ფრიადი ტვირთი, მაგრამ განა მხოლოდ ესაა სასწაული, რომ ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში, და სხვა არაფერი? არის სხვაც, რაც გამოთქმას აღემატება: არა მხოლოდ შეიყვანა მან ავაზაკი, არამედ შეიყვანა იგი უწინარეს მთელი სოფლისა და უწინარეს მოციქულთა (πρὸ τῆς οἰκουμένης ἁπάσης καὶ πρὸ τῶν ἀποστόλων)” (ჰომილიები შესაქმის შესახებ, VII ჰომილია: “რატომ იწოდება ის ხე “ხედ ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა” და რას ნიშნავს სიტყვები: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” SC, t. 433, 326-328).

“ვნახოთ, თუ წარმოაჩინა ავაზაკმა შრომანი, წარმატებულობანი და ნაყოფნი. შეუძლებელია, რომ ეს ვთქვათ. მან ხომ უბრალო სიტყვისგან და მხოლოდღა რწმენისგან შეაბიჯა სამოთხეში მოციქულებზე ადრე, რათა ისწავლო, რომ იმდენად ავაზაკის კეთილგანმზრახველობამ კი არ შეძლო ეს, რამდენადაც უფლის კაცთმოყვარეობამ აღასრულა ყოველივე. მართლაც, რა თქვა ავაზაკმა? რა იმოქმედა მან? იმარხა? იტირა? ტანთშემოირღვია? ხანგრძლივი სინანული აჩვენა? არანაირად! არამედ, განჩინების შემდეგ (ე. ი. უფლის მიერ მისდამი თქმული სიტყვების შემდეგ, ე. ჭ.) თვით ჯვარზე მიეახლა იგი ცხონებას (ἐν αὐτῷ τῷ σταυρῷ… σωτηρίας ἔτυχεν). ნახე სისწრაფე! ჯვრიდან - ცისკენ (ἀπὸ σταυροῦ εἰς οὐρανόν), დასჯილობიდან - ცხონებისაკენ (ἀπὸ καταδίκης εἰς σωτηρίαν )... რაჟამს ნახა მან (ავაზაკმა) ჯვარზე მილურსმული (უფალი), არ მიაქცია ყურადღება უპატიობას, არ შეხედა უღირსებობას (სიტყვ. “უდიდებობას”), არამედ ღმრთეებისაკენ მჭვრეტმა ეს თქვა: “მომიხსენე მე შენს სასუფეველში”. ახალი რამაა ეს და უჩვეულო! ჯვარს ხედავ და სასუფეველს ახსენებ? რა ნახე შენ (ავაზაკო, ე. ჭ.) სასუფევლის ღირსი? - ჯვარცმული ადამიანი, ნაცემი, აბუჩად აგდებული, დადანაშაულებული, შეფურთხებული, გამათრახებული. მითხარი მე, განა ეს ყველაფერი სასუფევლის ღირსია? ხედავთ, რომ სარწმუნოების თვალებით იხედებოდა იგი (ავაზაკი, ე. ჭ.) და არ ეძიებდა თვალით დანახულს. ამის გამო არც ღმერთმა გამოიძია მისი უბრალო სიტყვები, არამედ როგორც იმან განჭვრიტა იესო ღმრთეებაში, ასევე ამანაც, ღმერთმა, განჭვრიტა ის, ავაზაკი, მის გულში და თქვა: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (იქვე, გვ. 328-330).

 

წმ. კირილე ალექსანდრიელი:

“[უფალმა] ადამიანთა სულებისათვის სავალი (βάσιμος) გახადა სამოთხე, შევიდა რა პირველი და უთხრა რა მასთან თანადაკიდულ ავაზაკს: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ფსალმუნთა განმარტება, ფს. 48.16; PG. 69, 1072-1073).

“თანადაკიდებულ ავაზაკს, რომელმაც მისდამი სარწმუნოებით წმინდანთა მადლი მოიხვეჭა, ასე უთხრა, თვით სიკვდილის კარიბჭესთან, უფალმა: “ამინ, ამინ, გეტყვი შენ. დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (იოანეს სახარების განმარტება, PG. 73, 744 C).

“განა არ განარიდა (სიტყვ. “არცხვინა” δεδυσώπηκε, cohibuit) მაცხოვნებელმა ვნებამ “მახვილი იქცევისი”, კვლავ შეიყვანა რა ქრისტემ ადამიანი სამოთხეში, რადგან ასე უთხრა მან თანაჯვარცმულ ავაზაკს: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ნესტორის წინააღმდეგ, წიგნი V, PG. 76, 236 C).

“კვლავ იხსნება სამოთხე, კვლავ შეიყვანება ავაზაკი” (ჰომილია ბზობის შესახებ, PG. 77, 1052 A).

“ძალუძს ვინმე ისეთს, ვინც ფიცხლად შრომობს, ერთ საათში შეასრულოს იმგვარი საქმე, როგორიც - დილიდან მშრომელმა. ავაზაკმაც ერთ საათში ისმინა: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ჰომილია სავენახის იგავის შესახებ, PG. 77, 1097-1100).

 

წმ. თეოდორიტე კვირელი:

“ფსალმუნთა განმარტება” (ფს. 106)

“როდესაც განკაცდა ღვთის სიტყვა და მოივლინა იგი როგორც კაცი... განკურნა მან სულთა ყოველგვარი ჭრილობა და გააჯანსაღა ხრწნადი აზრები. ასე განკურნა მან ის ცოდვილი ქალი (მთ. 9. 22) და შეაგონა მას, რომ სიმტკიცე ჰქონოდა. ასე ანუგეშა მან განრღვეული, უთხრა რა: “მიგეტევება შენ შენი შეცოდებანი” (ლუკ. 5. 20). ასე გაუხსნა (ἀνεῳξε) მან ავაზაკს სამოთხე” (PG. 80, 1741-1744).

 

წმ. ევსუქი იერუსალიმელი:

“ჰოი ჯვარო, რომელმაც სამოთხისკენ სტყორცნე (ἀκοντίσαν) ავაზაკი ... რა თქვა მან? “მომიხსენე უფალო, როდესაც მოხვალ შენი სასუფევლით”. ამ ერთი რწმენითი დათანხმებით სამოთხეს იმკვიდრებს იგი და ცათა გარემომვლელი ხდება (ὀρανοὺς περιπολεῖ)” (წმინდა აღდგომის  შესახებ, 4; SC, t. 187, 64).

 

წმ. ავგუსტინე:

“ავაზაკი მიუბრუნდა უფალს და უთხრა: “მომიხსენე მე, უფალო, როდესაც შენ მოხვალ შენი სასუფევლით”. დიადი რწმენაა! რა შეიძლება დაემატოს ამ რწმენას, არ ვიცი! ისინი, რომლებიც ხედავდნენ მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეს, მერყეობდნენ, მან კი ირწმუნა იგი, რომელსაც ხედავდა მასთან ერთად ჯვარცმულს. როდესაც ისინი მერყეობდნენ, მაშინ მან ირწმუნა, როგორი ნაყოფი მოიწია ქრისტემ ამ ხმელი ძელისგან! მართლაც, რა თქვა უფალმა? მოვისმინოთ: “ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”, - შენ (ავაზაკი, ე. ჭ.) აყოვნებ შენს თავს, მე (უფალი, ე. ჭ.) გცნობ (agnosco) შენ. როდის მოელოდა ავაზაკი ავაზაკობიდან - მსაჯულისკენ, მსაჯულიდან - ჯვრისკენ, ჯვრიდან - სამოთხისკენ? მას ხომ შეგნებული ჰქონდა, რასაც იმსახურებდა. ამიტომაც არ თქვა მან: “მომიხსენე მე, რომ გამათავისუფლო მე დღეს”, არამედ: “როდესაც მოხვალ შენი სასუფევლით, მაშინ იყოს ჩემი გახსენება, თუნდაც რომ ტანჯვათა თანამდები ვიყო იმ დრომდე, ოდეს მოხვალ შენი სასუფევლით”. მან კი: “ასე არა! ცათა სასუფეველში შენ შეიჭერი (invasisti) , იძალე (vin fecisti), ირწმუნე, მოიხელთე (rapuisti). დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ჰომილიები აღდგომის შესახებ, ჰომილია 232, +6, 139-156; SC, t. 116, 272).

“და თუ ავაზაკი ჯვარზე ცხონებულ იქნა (si in cruce latro saluatus est) , რომელიც ცოტა ხნით ადრე კაცისმკვლელი იყო, ცოტა ხნის შემდეგ კი ბრალი დაედო მას, იმხილა, დაიგმო, ჩამოიკიდა და განთავისუფლდა (liberatus) , არაფერია საკვირველი” (იოანეს სახარების შესახებ, 38.7; იხ. ზემოდასახ. გამოც., შენ. 4).

“უფსკრულიდან - მსჯავრში, მსჯავრიდან - ძელზე, ძელიდან - სამოთხეში (de lingo - in paradisum) ” (ფსალმუნთა შესახებ, 55.12; იხ. ზემოდასახ. გამოც. შენ. 4).

 

წმ. რომანოზ მელოდოსი

(სახელგანთქმულ საეკლესიო ჰიმნოგრაფს, დიდ წმინდანსა და ღვთისმეტყველს რომანოზ ტკბილადმგალობელს თავის 39-ე კონტაკიონში, რაც იგალობებოდა ეკლესიაში შუადიდმარხვის პარასკევს (τῇ παρασκευῇ τῆς μεσονηστίμου), დაწვრილებით აქვს აღწერილი ავაზაკის მიერ სამოთხის მოპოვება, ჯვრის ბეჭდით ქერუბიმთა ცეცხლოვანი მახვილის გარიდება და სამოთხის გახსნა. ამ ვრცელი საგალობლიდან დავიმოწმებთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მუხლებს):

“როდესაც იხილა ავაზაკმა ედემის ნერგი,

ესოდენ კეთილად გადმონერგილი გოლგოთაზე,

იცნო ცხოვრება, ამ ნერგში მყოფი, და თქვა თავისთვის:

“ეს ის ნერგია, რომელიც წინათ ჩემმა მამამ

დაჰკარგა სამოთხეში"...

...ხოლო ქრისტემ შეიცნო აღმსაარებელი ავაზაკის გონება

და უთხრა: ‘ნუ გლოვობ ადამს, პირველმამას,

რადგან მე ვარ მეორე ადამი, ჭეშმარიტი,

ნებსით მოსული ჩემი ადამის საცხონებლად...

ძელის მიერ შეაღწია გადაცთომამ პირველმამაში,

რის გამოც სამოთხიდან გაძევდა იგი, როგორც ურჯულო,

დაბრუნდება კი კვლავ ცხოვრების ძელის მიერ,

მაგრამ პირველი შედი შენ (εἰσέρχου δέ συ πρῶτος) მასთან ერთად მასში.

და რაჟამს მიხვალ სამკვიდროში, უხმე მოკვდავთ და შეიწყნარე მორწმუნენი,

რადგან დღეს შეხვალ შენ სამოთხეში ჩემთან ერთად მოხარული.

რაჟამს სამოთხიდან განიდევნა ის, პირველქმნილი,

ქერუბიმთ ებრძანათ დაცვა სამოთხის გზისა,

მაგრამ შენ აიღე ჩემი ჯვარი შენს ბეჭებზე და ასე მიდი ედემში სწრაფად...

ეს ზედწერილი ჩემი ჯვრისა იტვირთე, ავაზაკო, წადი ქერუბიმებთან,

უჩვენე მათ ცხოვრების ეს სიმბოლო

და ხელთ მოგცემენ ძალაუფლებას,

რომ გახსნა შენ სამოთხე და შეიყვანო იქ ჩემი მეგობარნი (...τοῦ ἀνοίγειν καὶ εἰσάγειν τοὺς φίλους μου ἐν τῷ παραδείσῳ)”.

მოისმინა რა ავაზაკმა ეს ყოველივე,

მხრებზე აიღო მადლის ნიშანი

(როგორც უთხრა მას ყოვლადმოწყალემ)

და წავიდა რა, ადიდებდა ჯვრის საბოძვარს

და ფსალმუნებდა ახალ გალობას...

‘მე, რომელმაც გირწმუნე შენ, სწრაფვით (ἐν σπουδῇ) მივდივარ სამოთხეში.

ვხედავ იმ წმინდა მამულს, რაც ჰქონდა ჩემს პირველმამას,

რადგან სინათლის ფერხულს აღმოვაჩენ, რაც არ ინთქმება წყვდიადში.

თუკი გარედან ესოდენია,

მართლაც დიადი უნდა იყოს ის სიკეთენი განცხრომისა, რაც შიგნითაა,

რადგან თვალს არ უხილავს იგი, არც ყურს სმენია,

არც გულს უცვნია, რაც გაუმზადა უფალმა

მის მეგობრებს, თანაჯვარცმულთ მასთან,

რომელთაც პირველმა მე გავუხსენი სიცოცხლის გზა (οἷς πρῶτος ἐγὼ ἤνοιξα ξωῆς τὴν ὁδόν).

არ მეშინია იმ ცეცხლოვანი მახვილისა, რომელიც იცავს,

რადგან ვატარებ ბეჭედს ჯვრისას და მისდამი ვარ მინდობილი”.

ამბობდა რა ამას, მიუახლოვდა იგი სამოთხეს,

გამოუჩინა ქერუბიმებს თავისი თავი

და ეს შეჰყვირა:

“უსარწმუნოესო მცველო, უსანდოესო კლიტეთმფლობელო,

წმინდაო ოთხხატედო, მრავალთვალო ქერუბიმო,

მოვედი, რომ გიჩვენო ქრისტეს ბეჭედი,

გამოგზავნილი მისგან დღეს ისრაელის მიწიდან.

დაუკვირდი ნაწერს შენ თვითონვე და მომიბოძე

ჩემი მამის ძველი სამკვიდრონი...

...ქერუბიმებმა მიიღეს და იცნეს ნაწერი,

რაც ელვარებდა სისხლისეული პორფირის მადლით

...შეიცნეს აზრი იმ სიტყვებისა, ავაზაკისათვის რომ იყო თქმული:

“დღეს შეხვალ ჩემთან ერთად მოხარული სამოთხეში”.

“მოდი, ავაზაკო, მიიღე შენი მამის სამართალნი”, -

უპასუხეს ქერუბიმებმა, -

“ვცანით განჩინება დიდი მეუფისა,

აჰა, სამოთხის საჭურჭლეებს აწ შენ გადმოგცემთ”...

ისმინა რა ეს ყოველივე ავაზაკმა, მიიღო სამოთხე (παράδεισον παρέλαβε)”

(პატიოსანი ჯვრის თაყვანსაცემად, SC, t. 128, თ. 1-14, p. 326-340).

 

წმ. სოფრონ იერუსალიმელი:

“რაჟამს იხილა უკეთილგონიერესმა ავაზაკმა ის, ვინც ნებსით იყო დადებული ძელზე, შეჰღაღადა: ‘მომიხსენე მე, ოდეს მოხვალ, იესო, შენი სასუფევლით”, და გახდა ავაზაკი სამოთხის მოსახლე (παραδείσου οἰκήτωρ), გამართლებული მარტოდენ ჭეშმარიტი რწმენით” (ტრიოდიონი, PG. 87 -, col. 3933 C).

“ჯვარს ეცვი რა, იესო ქრისტე, განაღე სამოთხე, რაც ურჩების გამო დახშული იყო, და აღდექი რა, თანააღადგინე ყველა მორწმუნე” (იქვე, 3920 C).

“ჯვარს ეცვი რა, ქრისტე, გაგვიხსენი ჩვენ სამოთხის კარნი, ხოლო დადებულ იქმენ რა საფლავში, ვითარცა მკვდარი, მკვდარნი თანააღადგინე და ჯოჯოხეთი გააშიშვლე” (იქვე, 3921 C).

“კეთილმოწყალების გამო ჯვარს დაემსჭვალე და ავაზაკს სამოთხე გაუღე” (იქვე, 3856 B).

“იხარე, ჯვარო, ცეცხლოვანი მახვილის განკრთომაო (ἐκθάμβωσις τῆς φλογίνης ῥομφαίας)" (ჯვრის თაყვანისცემის შესახებ, V ჰომილია, იქვე, 3313 B).

 

თეოფილაქტე ბულგარელი:

“...ავაზაკი ეუბნება იესოს: “მომიხსენე მე შენს სასუფეველში”. უფალი რას ამბობს?: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”, რადგან იგი (უფალი), როგორც კაცი, ჯვარზეა, ხოლო როგორც ღმერთი - ყველგან, იქაც (ჯვარზე, ე. ჭ.) და სამოთხეშიც, ყოველივეს აღმავსებელი და არსად მყოფი (ე. ი. ცალკე, შემოსაღვრულად არსად არ იმყოფება ღმერთი, ე. ჭ.). მაგრამ ზოგიერთები ეძიებენ: როგორ გავიგოთ, რომ ერთი მხრივ, უფალი ავაზაკს ეუბნება: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”, მეორე მხრივ კი პავლეს თქმული აქვს: “წმინდანთაგან არავის არ მოუპოვებია აღთქმა” (შდრ. ებრ. 11.13). ვიღაცეები ამბობენ, რომ მოციქულს ყველა წმინდანის შესახებ არ განუჩენია “აღთქმის არ მოპოვება”, არამედ - მხოლოდ მათთვის, რომლებიც მან აღრიცხა (იხ. ებრ. 11. 17-38), ხოლო აღრიცხა ბევრი სხვა, ავაზაკი კი არ ახსენა “...ზოგნი, რომლებიც წარმოჩნდებიან როგორც განსაკუთრებით მწვდომელნი, ასე განმარტავენ: “ჩვენდამი აღთქმული სიკეთეები არის არა სამოთხეში შესვლა თუ ასვლა, არამედ - ცათა სასუფეველი. ამიტომაც ვლოცულობთ: “მოვედინ სუფევა შენი” და არა – “მოვედინ სამოთხისეული ცხოვრება”. არავინ მითხრას, რომ ერთი და იგივეა სამოთხე და სასუფეველი, რადგან სასუფევლის სიკეთენი არც ყურს სმენია, არც თვალს უნახავს, არც ადამიანის გულამდე მოსულა (I კორ. 2.6), ხოლო სამოთხე ადამის თვალმაც ნახა და ყურმაც ისმინა მისმა, რადგან ითქვა მისდამი: “ყველა ხისგან, რაც სამოთხეშია, ჭამით ჭამე...” (შესაქ. 2. 16). თუმცაღა ერთი ხე აეკრძალა მას, მაგრამ მასაც ხედავდა და მის შესახებ ისმინა კიდეც და მოვიდა კიდეც იგი ადამიანის გულამდე... ასე რომ, ამბობენ ისინი, არაფერი უთქვამს საწინააღმდეგო პავლე მოციქულს (იგულისხმება პავლე მოციქულის სიტყვები: “არავის მოუპოვებია აღთქმული”, იხ. ებრ. 11. 13. 39, ე. ჭ.), რადგან ავაზაკი სამოთხეს მიეახლა, ხოლო სასუფეველს არ მიახლებია, მიეახლება კი მაშინ, როდესაც აგრეთვე - ყველა ისინი, პავლემ რომ ჩამოთვალა (ებრ. თავი 11). მაშ, ამჟამად მას (ავაზაკს, ე. ჭ.) სამოთხე აქვს, რაც არის სულიერი მოსვენების ადგილი (χωρίον πνευματικῆς ἀναπαύσεως)”. - ეს ყოველივე მრავალს უთქვამს მრავალგზის, საჭიროა კი ითქვას, რომ თუნდაც იგივე იყოს ცათა სასუფეველი და სამოთხე, არაფერს უშლის ეს ხელს იმას, რომ უფალიც ჭეშმარიტებდეს და პავლეც. დიახ, ავაზაკი არის სამოთხეში ანუ სასუფეველში (ὁ λῃστὴς ἔστι ἐν παραδείσῳ ἤτοι τῇ βασιλείᾳ), ამასთან, არა მხოლოდ იგი, არამედ - ყველა მათგანი, რომლებსაც აღრიცხავს პავლე, თუმცაღა ისინი იქ არ იშვებენ სიკეთეთა სრული წილხვედრილობით. ისევე როგორც, ერთი მხრივ, არ იმყოფებიან დასჯილები სამეფო პალატებში, არამედ გამოტანილი განაჩენის მიხედვით დატუსაღებულნი და ჩაკეტილნი არიან ისინი საპატიმროებში, და ისევე როგორც, მეორე მხრივ, პატივდებულნი სამეფო პალატებში შედიან და იქ მყოფობენ, შემდეგ კი, რაჟამს დადგება ჟამი სამეფო საბოძვართა განაწილებისა, ამ საბოძვართა ღირსნი გახდებიან, ამგვარადვე, წმინდანებიც, თუმცაღა ისინი ჯერ არ იშვებენ სრულად, ამჟამადვე ამგვარ ნათლიერ, კეთილსურნელოვან და, მარტივად რომ ვთქვა, სამეუფო სავანეებში იმყოფებიან, თუმცა კი ისინი ჯერ არ გამხდარან სრულად ღირსნი სამეუფო საბოძვართა განაწილებისა. ამრიგად, ავაზაკი სამოთხეში კი შევიდა, მაგრამ ჯერ კიდევ სრულად არ იშვებს იგი, რათა არ მოხდეს მისი სრულქმნა ჩვენს გარეშე (შდრ. ებრ. 11. 40). აი, ესაა, ვფიქრობ, ყველაზე უჭეშმარიტესი (τοῦτο, οἷμαι, πάντων ἀληθέστερον)... ყველა მათგანი, ვინც კი სულიერ ნიჭთა ღირსი გახდა და სულიწმინდის წინდი აქედან მიიღო, სამოთხეში იმყოფება (თუმცა ჯერ კიდევ არ სრულქმნილა) და მიღებული აქვს სასუფეველი (καὶ τὴν βασιλείαν παρέλαβον), როგორც უთქვამს პავლეს იმავე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: “თუმცაღა ჯერ არ მოუპოვებიათ მათ აღთქმა”, რადგან თქვა რა “აღთქმა”, ამით “მთლიანი ხვედრი” წარმოაჩინა. ამრიგად, ჯერ არ მიუღიათ მათ სრული აღთქმა, თუმცა კი იმყოფებიან სასუფეველში და სამოთხეში (οὔπω οὖν τὴν τελείαν ἐπαγγελίαν ἐδέξαντο, εἰσὶ μέντοι καὶ ἐν τῇ βασιλεία καὶ ἐν τῷ παραδείσω). შენ კი ეს გიკვირდეს, თუ როგორ მოხდა, რომ მსგავსად ვინმე ძლევამოსილი მეფისა, რომელსაც, ბრძოლიდან უკან დაბრუნებულს, თან მოაქვს საუკეთესო ნადავლი, ასევე უფალმაც, რაჟამს მოიალაფა მან ეშმაკის უკეთესი ნადავლი, თან წამოიღო იგი და ავიდა ადამიანთა დასაბამიერ მამულში, ესე იგი სამოთხეში, რამეთუ მაცხოვარი სამოთხეში იყო არა მხოლოდ როგორც ღმერთი, არამედ, ამასთან - რადგან მიღებული ჰქონდა მას ადამიანური მოაზროვნე და გონისმიერი სული, - სამოთხეში იქმნა იგი გონებით (ἐν τῷ παραδείσω  γέγονε μετὰ τοῦ νοὸς) და ჯოჯოხეთში ჩავიდა სულით (εἰς ᾅδου κατῆλθε μετὰ ψυχῆς), და ავაზაკის ცხონების გზით (διὰ τοῦ σῶσαι τὸν λῃστην) შებორკა უკეთურების ორღანო, რაც წინასწარ თქვა მან: “...შეკრავს ძლიერს და მის საჭურჭლეებს მოიალაფებს” (მათე 12. 29)” (ლუკას სახარების განმარტება, PG. 123, col. 1104-1105).

 

წმ. სვიმეონ თესალონიკელი:

“შემდეგ ავაზაკის ღვთისმეტყველებას ჯვარზე და მის ვედრებას, რითაც მან სამოთხე ჰპოვა (τὸν παράδεισον εὗρεν), უგალობენ სამგზის” (საღვთო ლოცვის შესახებ, PG. t. 155. col. 596 C).

“როგორც წმინდანთაგან გვისწავლია, სულები მიდიან მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირს ადგილებში: ერთნი - ცაში, რომელთა მოღვაწეობაც ცათა შინა იყო და რომლებიც, სხეულში მყოფნიც, ცად იქნენ აყვანილნი, როგორც გვასწავლის პავლე, - იქ ატაცებული და აღსრულებისა და ქრისტესთან ყოფნის მოწადინე, რათა აღსრულდეს ნათქვამი: “სადაც ვარ მე, ისინიც იქნებიან ჩემთან ერთად” (იოანე 17. 24), რაც თქვა უფალმა; მეორენი სამოთხეში არიან, თანახმად ნათქვამისა: “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”. სარწმუნოა, რომ იქ იყოს, აგრეთვე, სინანულით გასული ყველა სული, როგორც თვით იმ კეთილგონიერი ავაზაკის სული. სამართლიანია, რომ ერთნი, როგორც მთლიანად მბაძველნი ქრისტესი, ცათა მიმართ ამაღლებულ უფალთან ერთად იმყოფებიან ცაში, მეორენი კი, რომლებმაც შეინანეს (μετανοήσαντες), სამოთხეში არიან, როგორც ის ავაზაკი, რადგან ქრისტემ გახსნა ცაც და სამოთხეც. ყოველი მათგანი, ცხოვრების შესაბამისად, იღებს ნუგეშს ღვთისგან, ამასთან, ყველანი არასრულნი არიან, ვიდრე მოვა უფალი, როგორც გვისწავლია: “რათა ჩვენს გარეშე არ სრულიქმნენ” (ებრ. 11. 40), და მათ ყველას, რწმენის მიერ სრულქმნილთ, “არ მოუპოვებიათ აღთქმა” (ებრ. 11. 13. 39). ურწმუნოთა და ცოდვილთა სულების ჯოჯოხეთში ყოფნა ისევეა სარწმუნო, როგორც წმინდანებისა - ცაში. ისინი (ცოდვილნი) იმყოფებიან სხვა ადგილებში, უნათლოში და შემაწუხებელში (ἀφεγγέσι καὶ θλιβεροῖς), სადაც შესაბამისად მათი ცოდვებისა და ურწმუნოებისა, ეშმაკთაგან იბატონებიან და მძლავრებულნი იტანჯებიან (τυραννουμένας ὀδυνᾶσθαι), თუმცა კი ჯერ არ მისცემიან სრულ სატანჯველს, რადგან ჯერ არ შეერთებიან ისინი თავიანთ სხეულებს, რომლებითაც სცოდეს მათ, და არც უფალი მოსულა ციდან ჯერ, ვინც განსჯის ყველას და მიაგებს თითოეულს თავისი საქმისებრ. მაგრამ არ არსებობს რაღაც პირველი სატანჯველი, რომელშიც ვარდებიან ცოდვილი სულები და მოიხდიან რა სასჯელს შესაბამისად მათი უკეთურებისა, თავისუფლდებიან დასჯისაგან, როგორც ზოგიერთები ყბედობენ, რადგან თუმცა ამბობს საღვთო გრიგოლ დიალოგოსიც, რომ სულები ცეცხლში ისჯებიან, გონისეულად ამბობს ამას, ესე იგი იმ აზრით, რომ ეს სულები ტუსაღებივით არიან რაღაც ადგილას როგორც დასჯილნი და გაწამებულნი, იწვებიან რა სინდისის ცეცხლით. ამასთან, არა აქვთ მათ მადლი ღვთისა და ეშმაკებისგან იტანჯებიან (ὐπὸ δαιμόνων ὀδυνᾶσθαι), როგორც ეს უთქვამს ოქრომესიტყვეს (ე. ი. წმ. იოანე ოქროპირს, ე. ჭ.) “საქმე მოციქულთა”-ს განმარტებაში, რომ ისჯებიან ეს სულები სინდისის მიერ, აგრეთვე იმით, რომ არ იღებენ ნუგეშს ღვთისგან და იმითაც, რომ მოელიან იმ უკანასკნელ მარადიულ სატანჯველს. თუკი ზომიერად სცოდეს მათგან ზოგიერთებმა და მხოლოდ სინანულით გავიდნენ ამ ცხოვრებიდან, უსამღვდელოესი მსხვერპლისა და ქველმოქმედებათა მეშვეობით ან კიდევ სხვა დანარჩენთა გზით ძალუძთ მათ მიაღწიონ თავისუფლებას მსაჯულის მოსვლამდე (δύνανται ἐλευθερίας τυχεῖν πρὸ τοῦ ἐλθεῖν τὸν κριτήν). იღებს რა ამას ეკლესია, წასულთათვის ლოცვებსა და მსხვერპლშეწირვებს აღასრულებს. ამას მოწმობენ მრავალნი და ისინიც, რომლებსაც დაერღვათ ბორკილი სიკვდილის შემდეგ, ისევე როგორც დაირღვა მათი სხეულებიც. ამის გამო იმ მდიდრის ალიც სინდისის სასჯელად და მადლთან ვერზიარებად უნდა გავიგოთ, ხოლო შორს ხილვა აბრაამისა იმას აღნიშნავს, რომ შორსაა მისგან ღმერთი და გაწამებულია იგი ეშმაკთა მიერ, თუმცა არ მისცემია იგი სრულ სატანჯველს... არ მიცემულან ცოდვილთა სულები სრულ სატანჯველს, თუმცა კი მდიდარი გეჰენიაში მყოფად ითქმის. უთუოდ უნდა იყოს იგი სატანჯველში, მაგრამ სრულში - არა. არც ის მოხდება, რომ ამ ნაწილობრივი სატანჯველის შედეგად გათავისუფლდება იგი სრულისაგან, როგორც ამას ლათინები ამბობენ “პურგატორიუმის” (“განსაწმენდელის”) შესახებ” (პასუხები მღვდელთმთავრის ზოგ შეკითხვაზე, შეკითხვა მეოთხე, PG. 155, col. 844-845).

“დიაკონმა თქვას: “აკურთხე, მეუფეო, წმინდა შესვლა”, მღვდელმა კი ილოცოს: “კურთხეულ არს, უფალო, შესვლა წმიდათა შენთა ყოვლადვე აწ და მარადის”. თვით ეს “შესვლა”, როგორც თქმულა, ცხადყოფს მაცხოვრის განსხირპვას ჯვარზე, რაც მოხდა მეექვსე საათზე, როდესაც მიიყვანეს და ჯვარს აცვეს იგი და როდესაც მან, სინანულის მცირე სიტყვების გამო, ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში” (საღვთო ლოცვის შესახებ, PG. 155, 652 C).

 

***

 

წარმოდგენილი მასალა საფუძველს იძლევა რამდენიმე უმყარესი დებულების ჩამოსაყალიბებლად:

1. სამოთხის გახსნა უფლის მიერ აღსრულდა ჯვარზე.

2. სამოთხეს, უფლის ბრძანებით, ხსნის ავაზაკი, რომელიც სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმიდან პირველია, ვინც დაუყოვნებლივ შედის სამოთხეში (უწინარეს მთელი ადამიანური ბუნებისა, უწინარეს მთელი ადამიანური მოდგმისა, უწინარეს მთელი სოფლისა, უწინარეს მოციქულებისა), ვისაც, უფლის ნებით, ქერუბიმისგან მიენიჭა უფლება გაეხსნა კლიტენი სამოთხისა.

3. ავაზაკი პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც არ ჩადის ჯოჯოხეთში, არამედ იგი ჯვრიდან პირდაპირ სამოთხისკენ “გაიტყორცნება”, “აწვდება”, “ჯვარზე ცხონდება”, მიდის “ჯვრიდან ცისკენ”.

4. ეს უდიდესი საბოძვარი ავაზაკს არ მოუხვეჭია არანაირი ღვაწლით. მისი ჯვარცმა იყო ჯვარცმა ავაზაკისა, კაცის მკვლელისა (მეორე ავაზაკი, ასევე ჯვარცმული, გეჰენიაში იგზავნება). მან უფალი შეიცნო მხოლოდ ჯვარცმის, დასჯის შემდეგ. ამიტომაა, რომ მის ჯვარცმას ეკლესიის მამები აბსოლუტურად არანაირ ღვაწლად არ თვლიან (ნუ იყოფინ!). ამასთან, ეს ავაზაკი არაა არც ქველმოქმედი, არც არანაირი სათნოების აღმსრულებელი, პირიქით - ცოდვებით დამძიმებული.

5. მისი ცხონების საიდუმლო ისაა, რომ ხსენებულმა ავაზაკმა უფლის ღმერთობა შეიცნო მაშინ, როდესაც მაცხოვარი ყველაზე შეურაცხ, ყველაზე შეგინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მისი არათუ ღმერთობა, არამედ რაიმე ბუნებითად ადამიანური ღირსებაც კი გარეგანი თვალისთვის სრულიად წარხოცილი იყო. უფლის ღმერთობას ეჭვობდენ თვით ისინიც კი, რომლებმაც მკვდრეთით აღდგომილი იხილეს იგი, მაშინ როცა ზემორე კეთილგონიერმა ავაზაკმა რწმენით შეიცნო იესო ქრისტეს ღმერთობა სრულ გარეგნულ უბადრუკებაში.

6. ჯვარცმული ავაზაკის მიერ შეცნობა იესო ქრისტეს ღმერთობისა ესაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე აღმატებული, უმწვერვალესი გამოვლინება ჭეშმარიტების სარწმუნოებრივი წვდომისა. განღმრთობილობის ასეთ ხარისხამდე არასოდეს არავინ ასულა მანამდე. ამიტომაა უფლისმიერი საბოძვარიც ჯილდოთა შორის უაღმატებულესი: ამ ავაზაკს, კაცისმკვლელს, რომელიც, ამასთან, არ ჩასულა ჯოჯოხეთში, ე. ი. მას, ჯოჯოხეთგაუვლელს, უფლისმიერი განგებულებით დაუყოვნებლივ და მყისიერად მიენიჭა უფლება კაცთათვის დახშული სამოთხის კვლავ განღებისა მხოლოდ რწმენის გამო.

რაც შეეხება აზრთა იმ გარეგნულ სხვადასხვაობას, რაც სამოთხისა და სასუფევლის ურთიერთმიმართებას ეხება (ზოგი წმინდანი აიგივებს მათ, ზოგი - განასხვავებს), ვფიქრობთ, არც ამ შემთხვევაშია წინააღმდეგობა ეკლესიის მამათა შორის. ეს გარეგნული სხვადასხვაობა საკითხის მხოლოდ სხვადასხვა ასპექტს გულისხმობს და არა დაპირისპირებას. მართლაც, სამოთხე და სასუფეველი, ერთი ასპექტით იგივეობრივია, მეორე ასპექტით კი - განსხვავებული. კერძოდ, ისინი იგივეობრივნი არიან იმით, რომ ორივე მათგანი წარმოადგენს მხოლოდ ცხონებულთა სავანეს ანუ იმ განღმრთობილ პირთა სავანეს, რომლებიც განწმენდილნი არიან ამქვეყნიური ბიწისგან და ცხონებისათვის აღარ საჭიროებენ ეკლესიის მეოხებას. მოკლედ, სამოთხე და სასუფეველი არსობრივად ერთია როგორც ოდენ ცხონებულთა, წმინდანთა სამკვიდრო. მეორე ასპექტით, სამოთხე და სასუფეველი ხარისხობრივად განსხვავებულია, რადგან სასუფეველი ესაა ცხონებულობის, განღმრთობილობის, ნეტარეულობის უფრო აღმატებული მდგომარეობა, სამოთხე კი - უფრო ნაკლები (ხარისხებია როგორც ნეტარეულობაში, ცხონებაში, ასევე ტანჯვაში, ჯოჯოხეთში). ამასთან, თვით ისინიც, რომლებიც ზოგი წმინდანის აზრით, ამჟამად სამოთხეში არიან (და არა სასუფეველში), მეორედ მოსვლის შემდეგ ასევე სასუფეველში იქნებიან.

ამიტომაა, რომ წმინდანთა სწავლებაში ავაზაკი ხან სამოთხის მკვიდრად წარმოჩნდება, ხან - სასუფევლისა, მაგრამ არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობისა ისაა, რომ ხსენებული კეთილგონიერი ავაზაკი კაცობრიობის ისტორიაში პირველია, ვინც ცხონდა, ვინც გახსნა დახშული სამკვიდრო, ვინც ცხონებისკენ წინ უსწრო უკლებლივ ყველას, და ვისაც (წმ. იოანე ოქროპირის მოძღვრება რომ გავიმეოროთ) ამგვარი მადლი მიეცა არა იმდენად საკუთარი კეთილგანმზრახველობით, რამდენადაც უფლის უსასრულო კაცთმოყვარეობის, უფლის მარადმიუწვდომელი კაცთმოყვრული განგებულების წყალობით.

 

 

ედიშერ ჭელიძე

ჟურნალი "გული გონიერი", №1, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 07 December 2012 11:43)