Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. 2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. 3. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 5. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. 7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება. 16. ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 18. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას. 19. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში. 20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას. 21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. 22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი. 23. იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა: 24. რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო. 25. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. 26. შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან. 27. განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას? 28. და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს. 29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად. 30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი. 31. მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ. 32. ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული. 33. და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი. 34. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას. 35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა. 36. თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი. 37. იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო. 38. და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ. 39. დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ. 40. მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 41. შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე; 42. ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა. 43. მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი. 44. უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად. 45. მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.

 

თავი მეორე

1. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო. 2. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. 4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. 5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. 6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა: 7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა? 8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში? 9. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი? 10. მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს: 11. შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო. 13. და კვლავ გამოვიდა იესო ზღვის პირას: მთელი ხალხი დაიძრა მისკენ, და ასწავლიდა მათ. 14. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა. 15. ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას. 16. როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად. 18. იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა? 19. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ. 20. დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ. 21. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა. 22. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ. 23. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. 24. ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 25. ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 26. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

 

თავი მესამე

1. კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი. 2. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. 3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. 4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. 5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე. 6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. 7. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, 8. იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. 9. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. 10. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. 11. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. 12. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო. 13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. 14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, 15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. 16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. 17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; 18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.  20. მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. 21. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. 22. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 23. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? 24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. 25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. 26. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. 27. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ.  29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. 30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო. 31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. 32. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო. 33. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები? 34. თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები. 35. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.

 

თავი მეოთხე

1. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო. 2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა: 3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. 4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი. 5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. 6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი. 8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 9. და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი. 11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება. 12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები. 13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? 14. მთესავი სიტყვას თესავს. 15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. 16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; 17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან. 18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, 19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას. 22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 23. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რთმელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. 25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში. 27. სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. 28. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. 29. და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. 30. და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? 31. ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად. 32. მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ. 33. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს. 35. იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო. 36. გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას. 37. ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი. 38. ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? 39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა? 41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

 

თავი მეხუთე

1. გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს. 2. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, 3. რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა, 4. ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი. 5. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს. 6. შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას. 7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე! 8. რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან! 9. და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ. 10. და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი. 11. იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. 12. უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო. 13. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო. 14. ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა. 15. მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ. 16. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. 17. და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო. 18. ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა. 19. მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა. 20. ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას. 21. როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს, დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას. 22. და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა. 23. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს. 24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა. 25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, 26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, - 27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. 28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. 29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან. 30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს? 31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო? 32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი. 33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა. 34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან. 35. ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს? 36. ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს. 37. და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა. 38. მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი. 39. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 40. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. 41. ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ! 42. გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად. 43. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის.

 

თავი მეექვსე

1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. 2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? 3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. 4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. 5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა. 6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ. 7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. 8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: 9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. 10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. 11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. 13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს. 14. ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში. 15. სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. 16. ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა. 17. ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას. 18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი. 19. ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო. 20. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას. 21. მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს; 22. გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო. 23. და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო. 24. ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი. 25. მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი. 26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი. 27. მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი. 28. ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს. 29. ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში. 30. შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ. 31. ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ. 32. და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით. 33. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ. 34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება. 35. და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; 36. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. 37. ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად? 38. მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. 39. მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი. 40. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი. 41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას. 42. ყველამ ჭამა და გაძღა. 43. და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი. 44. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი. 45. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. 46. ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. 47. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე. 48. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი. 49. ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს; 50. რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. 51. ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი. 52. რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული. 53. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. 54. ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა. 55. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი. 56. სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა.

 

თავი მეშვიდე

1. შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. 2. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი. 3. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ. 4. არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა). 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? 6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. 8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. 9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? 10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, - 12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის. 13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ. 14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: 15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.  16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს: 17. ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი. 18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? 19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო. 20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. 21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, 22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. 23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს. 24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. 25. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას. 26. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან. 27. მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. 28. ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს? 29. და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან. 30. მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან. 31. მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის. 32. მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. 33. ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო; 34. ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ! 35. მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა. 36. და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ; 37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.

 

თავი მერვე

1. იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: 2. მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი. 3. მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული. 4. მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება? 5. და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი. 6. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს. 7. ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის. 8. ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. 9. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი. 10. თავისი მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს. 11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით. 12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას. 13. და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა. 14. მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში. 15. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს. 16. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო. 17. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული? 18. თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? 19. როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი. 20. ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი. 21. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით? 22. მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის. 23. ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე? 24. მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო. 25. მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა. 26. გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ. 27. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? 28. ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. 29. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე. 30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. 31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. 32. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო. 33. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.

 

თავი მეცხრე

1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. 2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. 3. სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად. 4. და მოევლინა მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი. 5. და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას. 6. რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ. 7. გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რთმელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას. 8. იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს გარდა. 9. ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით. 10. მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? 11. და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 12. ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. 13. მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის. 14. როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. 15. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ. 16. ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ? 17. ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით. 18. სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს. 19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ! 20. მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული. 21. ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე. 22. მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. 23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის. 24. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. 25. როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! 26. სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. 27. მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა. 28. როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? 29. და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით. 30. წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს. 31. ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით. 32. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს. 33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? 34. ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. 35. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. 36. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: 37. ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. 41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. 42. და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. 43. თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, 44. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. 45. თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, 46. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. 47. ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში, 48. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. 49. რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება. 50. კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის.

 

თავი მეათე

1. წამოვიდა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. კვლავ მიაშურა მას ხალხმა და, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ. 2. მიადგნენ ფარისევლები და საცდუნებლად ჰკითხეს: აქვს თუ არა ქმარს ცოლის გაშვების ნება? 3. ხოლო მან პასუხად თქვა: რა გამცნოთ მოსემ? 4. მათ მიუგეს: მოსემ ჩვენ დაგვრთო გაყრის წერილის დაწერისა და გაშვების ნება. 5. იესომ პასუხად უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ეს მცნება. 6. შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. 7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, 8. და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. 9. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. 10. სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე. 11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. 12. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს. 13. მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. 14. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. 16. მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი. 17. გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 18. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა. 19. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 20. ხოლო მან პასუხად უთხრა: მოძღვარო, ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან. 21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის. 28. დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით. 29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის, 30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე. 31. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და მრავალი უკანასკნელი - პირველი. 32. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას: 33. აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, მიუსჯიან მას სიკვდილს და მისცემენ წარმართთ. 34. შეურაცხყოფენ, სცემენ აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი. 35. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ. 36. იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? 37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ. 38. მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ? 39. მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. 40. მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს. 41. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ. 42. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. 43. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური. 44. და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა. 45. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად. 46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად. 47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის. 50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა. 51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას! 52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.

 

თავი მეთერთმეტე

1. როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე 2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ. 3. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. 4. ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. 5. ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? 6. მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. 7. მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი. 8. ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ. 9. წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. 10. კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა! 11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. 12. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; 13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. 14. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. 15. მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.  16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. 17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება. 19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა. 20. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო. 21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. 27. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. 28. და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა? 29. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. 30. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. 31. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 32. ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე. 33. ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

 

თავი მეთორმეტე

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. 3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. 5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. 6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. 8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. 9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. 10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. 12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ. 13. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. 14. მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? 15. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. 16. მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. 17. იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი. 18. მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 20. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. 21. მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც. 22. შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 23. მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 24. იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას? 25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. 27. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით. 28. მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება? 29. ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! 30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. 31. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. 32. მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა; 33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.34. როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის. 35. კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა? 36. რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. 37. ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას. 38. და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა, 39. სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა. 40. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი. 41. დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა. 42. მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს. 43. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. 44. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.

 

თავი მეცამეტე

1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები! 2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება? 5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ. 7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია. 9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. 10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. 11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა. 12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. 15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად. 17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში. 19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება. 20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. 21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. 22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. 25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით. 27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. 28. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. 30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.  31. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 32. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი. 34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 35. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან  არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. 36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ. 37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.

 

თავი მეთოთხმეტე

1. ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრთბით და მოეკლათ იგი. 2. მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო. 3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას. 4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა? 5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო. 7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად. 9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. 10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად. 11. ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი. 12. უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? 13. გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით. 14. სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს? 15. ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ. 16. წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი. 17. მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად. 18. როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. 19. ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო? 20. მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში. 21. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი. 22. ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი. 23. აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით. 24. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში. 26. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. 27. უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები. 28. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში. 29. პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე - არა. 30. მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე. 31. მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ უარგყოფო, და ასევე ამბობდა ყველა. 32. მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ. 33. წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა. 34. უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ. 35. ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი; 36. ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ. 37. დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა? 38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. 39. კვლავ გაშორდა მათ და იმავე სიტყვებით ილოცა. 40. როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის. 41. მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში. 42. ადექით, წავიდეთ; აჰა მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი. 43. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან. 44. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ. 45. მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას. 46. ხოლო მათ ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი. 47. ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 48. მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად. 49. დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ აღსრულდეს წერილი. 50. მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა. 51. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. 52. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ. 53. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი. 54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა. 55. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56. რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. 57. ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა: 58. ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო. 59. მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60. მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ? 61. ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? 62. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. 63. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი? 64. ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი. 65. ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას. 66. ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი 67. და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? 68. მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა. 69. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო. 70. მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ,  რადგან კილოზე გეტყობა, რომ  გალილეველი უნდა იყო. 71. ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა. 72. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.

 

თავი მეთხუთმეტე

1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს. 2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად. 4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ? 5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს. 6. ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი. 7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას. 8. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ. 9. ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. 10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი. 11. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. 12. ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ? 13. ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! 14. პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! 15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ. 16. ჯარისკაცებმა შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი. 17. შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს. 18. და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! 19. თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ. 20. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი. 21. და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი. 22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო. 24. ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო. 25. ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი. 26. და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე. 27. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ. 28. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო. 29. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო! 30. იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან! 31. ასევე მღვდეღმთავრები, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; 32. ქრისტე, მეფე ისრაელისა, დე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიწამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას. 33. ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა. 34. მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? 35. ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა: აჰა, ელიას უხმობსო. 36. ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად. 37. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. 38. მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. 39. როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა. 40. იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე, 41. რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს. 42. მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, - 43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა? 45. და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. 46. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს. 47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.

 

თავი მეთექვსმეტე

1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.  6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ. 9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 28 OCTOBER 2011 21:12)