Georgian (Georgia)English (United Kingdom)
და საკითხავი იოანეს პირველი ეპისტოლიდან: და თქვენ ცხებულება გაქვთ ღვთისაგან და იცით ყოველივე”. სიტყვებამდე: და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას (1 ინ. 2.20-28).

1. ქრისტეს მიმართ ნათელღებულნი და ქრისტეშემოსილნი (გალ. 3.27), გახდით თანახატნი ღვთის ძისა (რომ. 8.29). რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის ძეობილობა წინასწარ განსაზღვრა (ეფეს. 1.5) და შეგვქმნა თანახატად ქრისტეს დიდების სხეულისა (ფილიპ. 3.21). ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით (ებრ. 3.14), მართებულად იწოდებით ცხებულებად[1] და თქვენ შესახებ თქვა ღმერთმა: ნუ შეეხებით ჩემს ცხებულებს (ფს. 104.15). ცხებულნი კი გახდით სულიწმინდის ნაცვალსახის[2] მიღებით და ყოველივე ხატოვნებითად აღესრულა თქვენზე, რადგანაც ხატნი ხართ ქრისტესი. იგი განიბანა მდინარე იორდანეში და სხეულის მიერ ღმრთეებას შეაზიარა წყალი. ამოვიდა იქიდან და იქმნა მასზე არსობრივი გარდამოსვლა სულიწმინდისა მსგავსზე განისვენა მსგავსმა. თქვენც, ასევე, ამოხვედით რა სამღვდელო ნაკადულთა საბანელიდან, მოგეცათ ცხება, ნაცვალსახე იმისა, რითაც იცხო ქრისტემ. ეს კი არის სულიწმინდა, რომლის შესახებ ნეტარი ესაიაც, მასზე წინასწარმეტყველებისას, უფლის პირისგან ამბობს: უფლის სულია ჩემზე, რომლის გამოც მცხო მე, გლახაკთა მახარებლად წარმავლინა მე” (ეს. 61.1).

2. ქრისტემ არა ადამიანისგან იცხო ნივთიერი[3] ზეთით ან მირონით, არამედ მამამ, რომელმაც წინასწარ განამზადა იგი მთელი სამყაროს მხსნელად, სცხო მას სულიწმინდით, როგორც ამბობს პეტრე: “იესო ნაზარეველი, რომელსაც სცხო ღმერთმა სულიწმინდით” (საქ. 10.38). წინასწარმეტყველი დავითიც ხმობს და ამბობს: “საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი- უკუნისამდე. კვერთხი სიმართლისა, კვერთხი სუფევისა შენისა. შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამისთვის გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა, ზეთი სიხარულისა, შენს მოყვასებზე მეტად” (ფს. 44.7-8).

როგორც ქრისტე ჭეშმარიტად ეცვა ჯვარს, დაეფლა და აღდგა, ხოლო თქვენ ნათლისღებით, მსგავსებითად, მასთან თანაჯვარცმის, თანადაფვლისა და თანააღდგომის ღირსნი გახდით, ასევეა ცხებაც. მან სიხარულის სულიერი ზეთით იცხო, ესე იგი სულიწმინდით, რომელსაც სიხარულის ზეთი ეწოდება იმის გამო, რომ არის მიზეზი სულიერი სიხარულისა. თქვენ კი იცხეთ მირონით და ზიარნი და მოყვასნი (ფს. 44.7) ქრისტესი გახდით.

3. მაგრამ გაფრთხილდი! ნუ იფიქრებ, რომ ეს უბრალო მირონია. რამეთუ როგორც ევქარისტიის პური, სულიწმინდის მოწვევის შემდეგ, არ არის ლიტონი პური, არამედ ხორცი ქრისტესი, ასევე ეს წმინდა მირონიც არ არის უბრალო, არც, როგორც ზოგიერთმა თქვა, ჩვეულებრივი, შემდგომად სულიწმინდის მოწვევისა, არამედ მადლი ქრისტესი და სულიწმინდის გარდამოსვლისა, ხდება რა ქმედითი მისი ღმრთეებით. შენ სიმბოლურად იცხე შუბლსა და სხვა გრძნობის ორგანოებზე. ხილული მირონი სხეულს ეცხება, წმინდა და ცხოველმყოფელი სული კი სულს განწმენდს.

4. პირველად იცხეთ შუბლზე, რათა გათავისუფლდეთ იმ სირცხვილისგან, რომელიც პირველმა შეცდომილმა ადამიანმა ყველგან მოჰფინა (შესაქ. 3.7-8) და რათა საბურველახსნილი პირისახით, როგორც სარკეში, ხედავდეთ უფლის დიდებას (2 კორ. 3.18); შემდეგ ყურებზე, რათა შეიწყნაროთ ხმა საღმრთოთა საიდუმლოთა, ყურებზე, რომელთა შესახებაც თქვა ესაიამ: და დასდო უფალმა ჩემზე ყური მოსასმენად (ეს. 50.4). უფალი იესოც ამბობს სახარებებში: ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს (მთ. 11.5). შემდეგ ცხვირზე, რათა, რომელთაც მიიღეთ საღმრთო მირონი, თქვათ: “ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმერთით ცოცხლებში (2 კორ. 2.15). ამის შემდეგ მკერდზე, რათა შეიმოსოთ ჯაჭვი სიმართლისა და წინ აღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას (ეფეს. 6.14 და 11). ისევე როგორც ქრისტე, ნათლისღებისა და სულიწმინდის ზეგარდამოსვლის შემდგომ, გავიდა და შეებრძოლა წინააღმდგომს (მთ. 4.1 და შემდ.), ასევე თქვენც, წმინდა ნათლისღებისა და საიდუმლო ცხების შემდეგ, შეიმოსეთ რა ყოვლადსაჭურველი სულიწმინდისა, დაუპირისპირდით მოწინააღმდეგე ძალას და მასთან შერკინებულნი ამბობთ: ყოველივე ძალმიძს ჩემი განმაძლიერებლის ქრისტეს მიერ (ფილ. 4.13).

5. ამ წმინდა საცხებლის ღირსქმნილნი იწოდებით ქრისტიანებად და დააჭეშმარიტეთ სახელი მეორედ შობით. სანამ ნათლისღებისა და სულიწმინდის მადლის ღირსნი გახდებოდით, მართებულად არ იყავით ღირსნი [ამ წოდებისა], არამედ იმას ეშურებოდით და ესწრაფვოდით, რომ ქრისტიანები გამხდარიყავით.

6. უნდა იცოდეთ კი, რომ ამ ცხების სახე ძველ აღთქმაშია წარმოდგენილი. მოსემ თავის ძმას, რაჟამს ღვთის მცნებებს გადასცემდა და მღვდელთმთავრად ადგენდა, წყლით განბანის შემდგომ სცხო (ლევ. 8.6-12) და ეწოდა ცხებული, ბუნებრივია, ამ წინასახეობრივი ცხებით. ასევე სოლომონსაც მღვდელმთავარმა, წარუძღვა რა სამეფოსაკენ, სცხო გიონში განბანის შემდეგ (3 მეფ. 1.38-39). მაგრამ მათზე ეს ყოველივე სახეობრივად აღსრულდა, თქვენზე კი არა სახეობრივად, არამედ ჭეშმარიტად. მას შემდეგ, რაც იცხეთ სულიწმინდით, ჭეშმარიტად დასაბამი დაედო თქვენს ხსნას. რადგან იგია ჭეშმარიტად პირველსათავე, თქვენ კი ცომი (რომ. 11.16). თუკი პირველსათავე წმინდაა, სიწმინდე, ცხადია, ცომსაც გადაეცემა.

7. ეს დაიცავით შეურყვნელად, რადგან იგი გასწავლით ყოველივეს, თუკი თქვენში დაადგრება, როგორც ახლახან გესმათ ნეტარი იოანესგან, რომელიც მრავალს ამბობს და სიბრძნისმეტყველებს ცხების შესახებ (1 ინ. 2.27). ეს სიწმინდე არის სხეულის სულიერი საფარველი და სულის მაცხოვნებელი.

ძველი დროიდან წინასწარმეტყველებდა ამას ნეტარი ესაია და ამბობდა: “და შეკრებს უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე” — მთას კი სხვაგანაც უწოდებს ეკლესიას, როცა ამბობს: “და იქნება, უკანასკნელ დღეებში გაცხადდება მთა უფლისა” (ეს. 2.2); “შესვამენ ღვინოს, შესვამენ სიხარულს, იცხებენ მირონს” (ეს. 25.6). და რათა დაგარწმუნოს შენ, ისმინე, ამ მირონის, როგორც საიდუმლოს შესახებ რას ამბობს: “მისცა ეს ყოველივე ხალხებს, რადგან ზრახვა უფლისა არის ყველა ხალხზე” (ეს. 25.7).

იცხეთ რა ეს წმინდა მირონი, დაიცავით იგი შეურყვნელად და უბიწოდ თქვენში, წარემატეთ კეთილ საქმეებში და სათნო ექმენით ჩვენი ცხოვრების მიზეზს ქრისტე იესოს, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

------------------------------------------------------------

[1] - Sdr. xristoi`. am SemTxveva- Si berZnul termins mis qarTuli ekvivalents vusadagebT (xristo`j ”cxebuls” niSnavs), radgan zemore konteqstSi mas ara aqvs sakuTari saxelis mniSvneloba, aramed igi mironcxebul morwmuneebs aRniSnavs.

[2] - Sdr. to\ a)nti`tupon. igulisxmeba, rom mironi, romelic axalnaTel-Rebuls ecxeba, monacvlea suliwmindisa, romliTac qristem icxo iordanedan amosvlisas.

[3] - sityv. “sxeulebrivi”, swmatiko`j.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა

გიორგი ჯულაყიძემ

 

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 18:55)