Georgian (Georgia)English (United Kingdom)

კანონი 1


ჩვენი ნეტარი და ღირსი მამების მიერ ძველად კეთილად წამოწყებული, ესოდენ მშვენიერი და პატიოსანი საქმე - მონასტერთა აშენება - ციდად სრულდება ამჟამად. არის ზოგიერთი, ვინც თავის შეძენილ ქონებას და კარ-მიდამოს მონასტრის სახელს არქმევს დას საღმრთოდ განწმენდილად თვლის მათ, შემდეგ უფლისათვის შეწირულს მაინც თავისთვის მიიწერს და ვერაგულად საღმრთო კუთვნილების მხოლოდ სახელს არქმევს, რადგანაც არ რცხვენია, რომ შეწირვის შემდეგაც აქვს მისი მიხვეჭისა და ქონების უფლება, როგორც ადრე ჰქონდა. ეს საქმე ისე გადაიხარა უწესოებისაკენ, რომ შეწირული მიწებიდან ბევრს ჰყიდიან თვით შეწმირველნი, რაც მხილველების გაკვირვებასა და ზიზღის მიზეზი ხდება. ისინი კი არამცთუ თვითონ არ ნანობენ ღმრთისათვის ერთხელ შეწირულზე თავისი უფლებების გავრცელებას, არამედ სხვებისთვის მიცემასაც არ ერიდებიან. ამის გამო წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს მონასტრის აშენების უფლება, თუ ამას არ შეიტყობს და ნებას არ დართავს იმ ადგილების ეპისკოპოსი. ხოლო თუ ეპისკოპოსი თანახმა იქნება და ამის გაკეთებას ბრძანებს, უნდა წარმოთქვას დაწესებული ლოცვა, როგორც პირველთა მიერ ღმრთისმოყვარეობით არის დაკანონებული. მაშინღა უნდა აშენდეს მონასტერი, და ყველაფერი, რაც მისთვის არის შეწირული, ქონება და ფული მონასტერთან ერთად ჩაწერილ უნდა იქნეს აღწერის წიგნში, რომელიც ინახება საეპისკოპოსო ეკლესიის საცავში. შემწირველსა და მაშენებელს არა აქვს უფლება ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე თავისი თავი ან თავის ნაცვლად სხვა ვინმე დაადგინოს მონასტრის წინამძღვრად. ვინაიდან, თუკი კაცი ვინმეს საჩუქრად მისცემს რაიმეს და მისი მფლობელი აღარ შეუძლია იყოს, მით უმეტეს ვეღარ იქნება იგი იმის მფლობელი, რაც მიართვა და შესწირა ღმერთს.

 

კანონი 2


ზოგიერთები მოჩვენებით შეუდგებიან მონაზონებრივ ცხოვრებას, იმისთვის კი არა, რომ სიწმინდით ემონონ ღმერთს, არამედ რათა სამონაზვნო სახის პატიოსნებით მიიღონ ღმრთისმოსავობის დიდება და ამით უხვად მოიპოვონ თავისთვის სიამოვნება. ისინი მხოლოდ თმას იკრეჭენ, თავისსავე სახლებში იმყოფებიან და არც ერთ სამონაზვნო კანონსა და წესდებას არ ასრულებენ. წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავინ არ შეიძლება გახდეს სამონაზვნო სახის მიღების ღირსი, თუ მის გვერდით არ იქნება ის, ვისაც შეუძლია მისთვის რგება, მორჩილებაში მისი მიღება, მისი ცხოვრების წარმართვა და მის სულიერ ხსნაზე ზრუნვა. ცხადია, ეს უნდა იყოს ღმრთისმოყვარე კაცი და მონასტრის წინამძღვარი, ვისაც შეუძლია ქრისტესთვის შეწირული სულის ხსნა.

თუ ვინმე გაბედავს ვისსამე აღკვეცას წინამძღვრის იქ არ ყოფნის დროს (წინამძღვარმა ხომ მორჩილებაში უნდა მიიღოს იგი!), აღმკვეცელი განკვეთით უნდა დაისაჯოს, როგორც კანონთა მოწინააღმდეგე და სამონაზვნო კეთილწესიერების დამრღვევი. ხოლო უსამართლოდ და უწესოდ აღკვეცილი უნდა მიეცეს იმ მონასტრის მორჩილებაში, რომელშიც განაწესებს იმ ადგილთა ეპისკოპოსი, რადგანაც თვითნებური და არასწორი აღკვეცა მონაზვნობის სახეს უპატიოს ხდის და ქრისტეს სახელს საგმობლად აქცევს.


კანონი 3


ჩვენ განვსაჯეთ გამართვა-გამოსწორება ამ ბოროტად ქმნილი საქმისა, რომელიც დაუდევრობისა და უგულისყურობის გამო ხდება. თუ მონასტრის წინამძღვარი მისი ქვეშევრდომი მონაზვნების სხვაგან წასვლის გამო არ შეიწუხებს თავს და არ მოძებნის მათ დიდი მონდომებით, ან თუ იპოვნის ისევ არ შეიწყნარებს და შეცდომის შესაფერის და შესატყვის კურნებას არ ჩაუტარებს დასნეულებულს, არ შეეცდება მის განმტკიცებას, წმინდა კრება განსაზღვრავს უზიარებლობით მის განკანონებას, რადგანაც, თუ სასჯელს ვერ გადაურჩება ის, ვისაც ჩაბარებული აქვს პირუტყვი ცხოველების მეთვალყურეობა (მწყემსი) და არად ჩააგდებს თავის სამწყსოს, მაშინ როგორ არ უნდა მიეზღოს სასჯელი შეცდომისათვის იმას, ვისაც ერწმუნა ქრისტეს ცხოვართა მწყემსობა და ზედამდგომელობა და თავისი სიზარმაცითა და უმოქმედობით მათი ხსნა არად ჩააგდო?

 

კანონი 4


ბოროტი სული ბევრნაირად ცდილობდა, შეელანძღა სამონაზვნო სახის პატიოსნება. ამის შედეგად დიდი დახმარება აღმოუჩნდა მას ადრე გავრცელებული მწვალებლობის (ხატთმბრძოლობის) დროს. მწვალებლობით შევიწროებული მონაზვნები ტოვებდნენ თავიანთ მონასტრებს და გადადიოდნენ ზოგნი სხვა მონასტერში, ხოლო სხვები - საერო კაცთა სამყოფელში. მაგრამ ის, რასაც ისინი მაშინ კეთილმსახურებისათვის აკეთებდნენ და ამით სანატრელნი ჩანდნენ, ახლა პირუტყვული გულისწადილის გამო დასაცინ წესად იქცა. ახლა, როდესაც ეკლესიებში ყოველმხრივ გავრცელებულია კეთილმსახურება და ისინი ცდუნებისაგან თავისუფალნი არიან, ზოგიერთები თავიანთ მონასტრებს ტოვებენ და როგორც ძნელად დასაოკებელი, წამლეკავი და მღელვარე მდინარე, მონასტერს მრავალი უკეთურებით ავსებენ, ხოლო თავის თავს დიდ უწესობას შეამთხვევენ, მორჩილების პატიოსნებას წაბილწავენ და დაარღვევენ. წმინდა კრებამ, რომელიც აღკვეთს მათ დაუდგრომელ და დაუმორჩილებელ მისწრაფებას, დაადგინა, რომ, თუ მონაზონი დატოვებს თავის მონასტერს და სხვა მონასტერში წავა, ან საერო სამყოფელში დამკვიდრდება, უზიარებელი უნდა იქნეს ისიც და მისი შემწყნარებელიც, სანამ ლტოლვილი არ დაბრუნდება მონასტერში, საიდანაც დანაშაულებრივად გაიქცა. ხოლო თუ იმ ადგილების ეპისკოპოსი ინებებს ღმრთისმოსავად და პატიოსნად მცხოვრები ზოგიერთი მონაზვნის სხვა მონასტერში მივლინებას მონასტრის დასაწყნარებლად, ან საერო სახლში, იქ მყოფთა საცხოვნებლად, მისი მისვლა მან ჯეროვნად უნდა მიიჩნიოს, ან სადმე სხვაგან თუ დაადგინოს ასეთივე მიზნით, ამის გამო არც მონაზვნები და არც მათი შემწყნარებლები არ ექვემდებარებიან განკანონებას.

კანონი 5


ამ ქვეყნისაგან განდგომას განსჯისა და გამოცდილების გარეშე სამონაზვნო მოქალაქობისათვის დიდი ზიანი მოაქვს. ვინც მონაზვნურ ცხოვრებას მოუფიქრებლად შეუდგება, შემდეგ კი სულმოკლეობას გამოიჩენს სიძნელისა და სიმძიმის გამო, და მიუბრუნდება სავალალოდ ხორცთმოყვარე და გემოვან ცხოვრებას, იმისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავინ არ უნდა მიიღოს სამონაზვნო სახე, სანამ სამი წლის განმავლობაში გამოცდის შედეგად არ აღმოჩნდება ღირსი. ამისი შეუცვლელად დაცვა დაადგინა კრებამ. მაგრამ თუ მძიმე სნეულება შეიპყრობას მას, მაშინ გამოცდის ვადა ძალაუნებურად შემოკლდება. თუ აღმოჩნდება მოკრძალებული კაცი, რომელიც ერისკაცობის დროსაც მონაზვნურად ცხოვრობს, მისი გამოცდისათვის საკმარისია ექვსი თვის ვადა. ხოლო თუ ვინმე სხვაგვარად იმოქმედებს და არა ასე, მონასტრის წინამძღვარი წინამძღვრობისაგან დაემხობა და ამ უწესობის სამაგიეროდ მისი ხვედრი იქნება მისი ჩაყენება მორჩილებაში მყოფთა შორის, ხოლო მის მიერ მონაზვნად აღკვეცილი სხვა მონასტერში უნდა გადაიყვანონ სამონაზვნო ცხოვრებისათვის გასაწვრთნელად.



კანონი 6


მონაზვნებს არ უნდა ჰქონდეთ არაფერი საკუთარი. მათ ყველაფერი უნდა შესწირონ მონასტერს, რადგან ნეტარი ლუკა ქრისტეს მიმართ მორწმუნეთა და სამონაზვნო ცხოვრების დამწყებთა შესახებ ამბობს: "არც ერთი თავის ქონება არ უწოდებია თავისას, არამედ ყოველივე მათი საერთო იყო" (საქმე 4,32). ამის გამო, ვინც ინებებს მონაზვნად აღკვეცას, ჯერ მას უნდა მიეცეს დრო, რათა განაგოს თავისი შეძენილი ქონება, როგორც ენებოს, და დაუტოვოს და მისცეს, ვისაც უნდა, ვისთვისაც კანონი არ კრძალავს მიცემას. მისი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მონასტერს უფლება აქვს მთელ მის ქონებაზე, თვით მას აღარა აქვს უფლება, იზრუნოს თავის ქონებაზე, ან განაგოს იგი. ხოლო თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ქონებას არ შესწირავს მონასტერს, თავის საკუთრებაში დაიტოვებს მას და დაემონება მოხვეჭილი ქონების სიყვარულის ვნებას, მისი შენაძენი ქონება წინამძღვარმა ან ეპისკოპოსმა უნდა მიიღოს, იგი მრავალთა თანდასწრებით უნდა გაიყიდოს და გლახაკებსა და გაჭირვებულებს უნდა გაუყონ. კრებამ განაჩინა, რომ ქონების ასეთი მომხვეჭელი ანანიას (შდრ. საქმე 5, 1-10) მსგავსად უნდა გამოსწორდეს განკანონებით მისი დანაშაულის შესაფერისად.

ცხადია, რაც მონაზვნად აღსაკვეცი მამაკაცების შესახებ განსაზღვრა წმინდა კრებამ, მასვე ადგენს ენკრატისად აღსაკვეცი დედაკაცების შესახებაც.

 

კანონი 7

მრავალი საეპისკოპოსო დაცემულია და სრული განადგურების პირას არის მისული, ვინაიდან მათმა მპყრობელებმა ნაცვლად იმისა, რომ მათზე ეზრუნათ, ზრუნვა და სწრაფვა გადაიტანეს მონასტერთა აშენებაზე, საეპისკოპოსოებს კი არად აგდებენ, შემოსავლის მოხვეჭას ცდილობენ და მონასტერთა წარმატებაზე ფიქრობენ. წმინდა კრებამ ამის შესახებ განსაზღვრა, რომ ეპისკოპოსს არ უნდა ჰქონდეს ცალკე მონასტრის აშენების უფლება, რათა ამით არ გააღარიბოს თავისი საეპისკოპოსო. თუ ვინმე გაბედავს ამას, ის შესაფერისად უნდა განკანონებულ იქნეს. ხოლო მის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მონასტრის შესაფერისი, როგორც მდაბიოთათვის განკუთვნილი, გადავიდეს საეპისკოპოსოს საკუთრებაში, რადგან არაფერი უკანონოდ და უწესოდ შესრულებული არ შეიძლება კანონიერად და სჯულიერად დამტკიცებულზე უმჯობესი იყოს.


კანონი 8


წმინდა მოცქიულთა წმინდა და საღმრთო კანონი თავისმკვლელად თვლის იმას, ვინც იჭრის დაფარულ ასოს და, თუ მღდელი იქნეს ის, განკვეთს, ხოლო თუ აპირებს მღვდლობას და სამღვდელო წესიერებაში წარმატებულია, აუქმებს ამ წარმატებას. აქედან ცხადია, რომ თუ თავის ასოთა მომჭრელი თავისმკვლელია, ვინც სხვას მოსჭრის ასოს, უეჭველად მისი მკვლელია, ღმერთთან მოდავე და მისი შემქმნელობის მაგინებელია. ამისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი მხილებული იქნება ვისსამე გამოსაჭურისებაში თავისი ხელით, ან ვისმე მხარეს დაუჭერს და მოუწონებს ასეთ საქციელს, განკვეთით უნდა დაისაჯოს, ხოლო თუ ერისკაცი იქნება იგი, უზიარებელი უნდა იყოს. მაგრამ თუ სნეულების მიზეზით ვინმე იძულებული იქნება, მოიკვეთოს მტკივანი ასო, ისევე, როგორც ნიკეის კრების პირველი კანონი სნეულ გამოსაჭურისებულებს არ სდევნის, ასევე ჩვენც არ დავსჯით მღვდლებს, რომელნიც გამოსაჭურისების თანახმანი არიან სნეულების დროს. არც ერისკაცებს განვაკანონებთ, რომლებიც თავისი ხელით ისაჭურისებენ თავს, რადგან ამას სნეულების მკურნალობად მივიჩნევთ და არა შექმნელთან ბრძოლად და შემქნელობის გინებად.

 

კანონი 9


სამოციქულო და საღმრთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესებების ცილისმწამებლები, კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის ასე გაგებას არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც უწყალოდ მცემელსა და მტანჯველს სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნეს განკანონების გარეშე! კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღმრთო მღვდელმა სწავლითა და სჯულისდებით, როდესაც საჭიროა, საეკელსიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესოებს და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის. ანტიოქიის კრების მეხუთე კანონი განსაზღვრავს, რომ ვისაც შფოთი და მკრეხელობა შეაქვს ეკლესიაში, მათი მოქცევა და დაწყნარება შეიძლება ხელისუფალთა მიერ.

 

კანონი 10

ვნებათა მონებად ქცეულებს არამცთუ საღმრთო კანონთა სასჯელისა არ ეშინიათ, არამედ ამ კანონებს ურცხვად აგდებით ექცევიან. ისინი ამახინჯებენ მათ და თავისი ვნებების მიხედვით ცვლიან. ვნებისმიერი ცდომის პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც გრიგლ ღვთისმეტყველი ამბობს, ბოროტს, ეშმაკს არათუ საძრახისად არ თვლიან, არამედ ეშმაკი ღმერთად სურთ მიიჩნიონ. მათ შესახებ სამოცქიულო კანონი (73-ე) ამბობს: "ნურავინ წაიღებს სახმარებლად განწმენდილ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, რადგანაც ეს არის უკანონობა, ხოლო თუ ვინმეს ემხილება ამის ჩადენა, ის უზიარებლობით უნდა განკანონდეს".

ვინც თავის უსჯულოებას ამართლებს, ამბობს: ჯეროვნი არ არის განკვეთის ღირსად მივიჩნიოთ ის, ვინც წმინდა ტრაპეზის თაყვანსაცემ სამოსელს თავის სამოსლად, ან სარტყლად იხმარებს, გინდ სარეცლისათვის, და არა მარტო ის, არამედ ისიც კი, ვინც თავისი საჭიროებისათვის მოიხმარებს წმინდა ბარძიმს, ჰოი უღმრთოებავ, პატიოსან ფეშხუმს და სხვა მათ მსგავსს თვითონ გამოიყენებს და უბრალო ხმარებით წაბილწავს. იმათი სიტყვით, ეს კანონი თითქოს იმას ამბობს, რომ ამ დანაშაულის მოქმედნი განიკანონებიან მხოლოდ უზიარებლობით და არ ისჯებიან განკვეთით. მაგრამ ვინ აიღებს თავის თავზე ამოდენა უღმრთოებასა და ამოდენა შეცვლა-შერყვნას. კანონი განაკანონებს უზიარებლობით განწმენდილი ჭურჭლისა და სხვა ნივთების მხოლოდ ხმარებისათვის და არა მიტაცებისათვის. ხოლო ეს უსჯულონი განკვეთისაგან ათავისუფლებენ წარმტაცებლებსაც, სიწმინდეთმკრეხელებსაც და იმათაც, ვინც წმინდათა წმინდა შეაგინა. და აგრეთვე თავისი უსამართლო მსჯავრით განკვეთის გარეშე ტოვებენ იმათ, ვინც სანოვაგისთვის ხმარებით თაყვანსაცემ ფეშხუმს და სამღვდელო ბარძიმს წაბილწავს მაშინ, როდესაც უეჭველია ამ საქმის სიბილწე და ცხადია, რომ ამის მოქმედნი არამცთუ მხოლოდ განიკვეთებიან, არამედ უკიდურესი უღმრთოების დანაშაულში ჩაცვივდებიან. ამისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმინდა ჭურჭელს ან შესამოსელს თავისი სარგებლობისათვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარებს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმინდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე - შეგინება. ვინც საკურთხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს ან ნაქსოვ სიწმინდეთა გარდა თავისთვის ან სხვისთვის მოიხმარებს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელ-ვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმინდეთა-მკრეხელთა კანონით და სასჯელით დავსჯით.


კანონი 11


წმინდა და საღმრთო კანონები განკვეთით სჯიან იმ მღვდლებსა და დიაკვნებს, რომლებიც მიიღებენ საერო მთავრობის თანამდებობებს და მზრუნველობას, ან აზნაურთა სახლებში დარბაზის უხუცესობას და სხვა ხელისუფლებას. ჩვენც ამასვე ვამტკიცებთ და სხვა სამღვდელო მწყობრისაგანთა შესახებ შემდეგს განვსაზღვრავთ: ვინც იმათგან საერო თანამდებობაზე დადგება და აზნაურთა სახლებში ან სოფელში ხელისუფლებას მიიღებს, საეკლესიო მწყობრიდან განდევნილ იქნეს, რადგან არავის შეუძლია, ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს საღმრთო და უტყუარი ხმისამებრ, ”ორი ბატონის მსახურება” (მათე 6,24).


კანონი 12

წმინდა და მსოფლიო მეექვსე კრება განკვეთით სჯის მღვდლებს, რომლებიც სამლოცველო სახლებში ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე ჟამისწირვას ასრულებენ ან ნათლავენ. ამას ჩვენც ვეთანხმებით, რადგან წმინდა ეკლესია ჭეშმარიტი სიტყვის აღმსარებელია და სწორად  გამომთქმელი, მოქალაქობის პატიოსნებას იცავს და ასწავლის. ამიტომ მისთვის შეუფერებელია და არაჯეროვნი იმისი ნებაზე მიშვება, ვინც ცხოვრობს დაუმოძღვრავად და უწინამძღვროდ და სადღაც სახლებში იმალება, ეკლესიის კეთილწესიერებას აქარწყლებს და დიდი შფოთით და ცდუნებით აღავსებს. ამისთვის ეს სამღვდელო და ღმრთის შეწევნით შეკრებილი კრება ეთანხმება მსოფლიო და წმინდა მეექვსე კრებას და განკანონებას განუსაზღვრავს სახლების სამლოცველოებში მწირველ მღვდლებს, ცხადია, იმ ადგილთა ეპისკოპოსების თანხმობით და იქიდან მათი განდევნით. თუ ვინმე მათგანი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე სახლებში დაეხეტება და ჟამისწირვის ჩატარებას ბედავს, ის უნდა განიკვეთოს, ხოლო მათგან ზიარებულნი უზიარებელნი უნდა იქნენ.

კანონი 13


ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი, მაგრამ დაინახა რა, რომ ის სულის მახვილით მოჭრილი და ძირიანად აღმოფხვრილია, სივერაგის სხვა გზას დაადგა და შეეცადა ქრისტეს სხეულის გაკვეთას განხეთქილების მოქმედთა უგუნურების საშუალებით. მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ და განსაზღვრა, რომ ამიერიდან, თუ მღვდელი ან დიაკონი რაიმე დანაშაულს აღმოუჩენს თავის ეპისკოპოსს, და კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავს მის ჩამოშორებას ზიარებისგან და მის სახელს ეკლესიის წესის თანახმად ჟამისწირვის საღმრთო ლოცვებში არ მოიხსენებს, ის უნდა დაისაჯოს განკვეთით და უნდა წაერთვას ყოველგვარი სამღვდელო პატივი. რადგანაც, როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი.

ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიბრუნდებიან თავის ეპისკოპოსთან.

კანონი 14


თუ ეპისკოპოსი ცოდვის მიზეზს უპოვის თავის მიტროპოლიტს და კრების განაჩენის გამოტანამდე და მიტროპოლიტის დასჯამდე უარს იტყვის მასთან ზიარებაზე და მის სახელს ჩვეულებისამებრ არ ახსენებს წმინდა ჟამისწირვის დროს, წმინდა კრებამ დაადგინა ასეთის განკვეთა, თუ იგი მხილებულ იქნება, რომ თავის მიტროპოლიტს განუდგა და განხეთქილება მოიმოქმედა, რადგანაც ყველამ უნდა იცოდეს თავისი ზომა. არც მღვდელი უნდა შეურაცხყოფდეს თავის ეპისკოპოსს, არც ეპისკოპოსი თავის მიტროპოლიტს.


კანონი 15


მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება (იხ. მე-13-14 კანონები) კიდევ უფრო შეეფერება პატრიარქებს. თუ მღვდელი, ეპისკოპოსი, ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღმრთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საღმრთო კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისაგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა. ეს უკვე განსაზღვრული და დამტკიცებულია იმათ შესახებ, ვინც ცოდვის მიზეზით თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დარღვევს. მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლეია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან.


კანონი 16

იმ დავისა და შუღლის შესახებ, რომელიც ხდება ღმრთის ეკლესიაში, სათანადოდ მიგვაჩნია ამისი განსაზღვრებაც: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიდგინოს ეპისკოპოსი იმ ეკლესიაში, რომლის მღვდელმთავარი ჯერ ცოცხალია და თავის პატივში იმყოფება, თუ თავისი ნებით არ იტყვის უარს ეპისკოპოსობაზე, რადგან საჭიროა, რომ ჯერ ამ ეპისკოპოსის საქმე გამოიძიონ კანონთა განწესებისამებრ, ყველაფერი უნაკლოდ დაასრულონ, გაიყვანონ ის ეკლესიიდან და მისი განკვეთის შემდეგ მის ნაცვლად სხვა ეპისკოპოსი დაადგინონ. ხოლო თუ თავის პატივში მყოფი ეპისკოპოსი არც თავს ანებებს ეპისკოპოსობას, და არც მწყსავს თავის სამწყსოს, თან თავისი საეპისკოპოსო მიტოვებული აქვს ექვსი თვის განმავლობაში და სხვა ადგილას იმყოფება, არა სამეფო ბრძანებით იძულებული, არც თავისი პატრიარქის ჟამისწირვის თანამსახური, არც მძიმე სნეულებით არის შეპყრობილი და მოძრაობის უნარმოკლებული, თუ ასეთი პირი, რომელსაც არც ერთი ზემოთქმული მიზეზი ხელს არ უშლის, მიატოვებს თავის საეპისკოპოსოს და ექვს თვეზე მეტ ხანს სხვა ადგილას გაატარებს, იგი სრულიად უცხო უნდა იყოს საეპისკოპოსო პატივისა და წესისაგან, რადგანაც ვინც მისთვის რწმუნებული სამწყსო არად ჩააგდო და ექვს თვეზე მეტი ხანი სხვა ადგილას დაყო, წმინდა კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო იყოს მღვდელმთავრობისაგან, რომლის ძალითაც მწყემსობა დაევალა მას, და მის საეპისკოპოსოში მის ნაცვლად უნდა დაიდგინოს სხვა.

კანონი 17


ჩვენ, საეკლესიო კეთილწესიერებისათვის მზრუნველებმა, საჭიროდ ვცანით ამისი განსაზღვრებაც, რომ ამიერიდან არც ერისკაცი, არც მონაზონი, ერთბაშად არ უნდა იქნეს აყვანილი ეპისკოპოსობის სიმაღლეზე, არამედ საეკლესიო ხარისხებში გამოცდის შემდეგღა უნდა მიიღოს საეპისკოპოსო ხელთდასხმა. თუმცა კი აქამდე ერისკაცთა და მონაზონთაგან ზოგიერთნი საჭიროების გამო ერთბაშად აჰყავდათ ეპისკოპოსობის პატივში, ისინი სათნოებით ბრწყინავდნენ კიდეც, და მათთვის რწმუნებულ ეკლესიებსაც ამაღლებდნენ, მაგრამ იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად. განვსაზღვრავთ, რომ ამიერიდან აღარ იყოს ასე: ხელთდასხმამდე სასულიერო პირმა კანონიერად უნდა გაიაროს სამღვდელო ხარისხები და თითოეულ ხარისხში უნდა დაყოს დაწესებული დრო.


 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 21 October 2011 22:10)