Georgian (Georgia)English (United Kingdom)

დიდებული მეფეების ჰონორის მეთორმეტე და თეოდოსის მერვე კონსულობის (იპატოსობის) შემდეგ ივნისის რვა კალანდაზე ადრე ქარკიდონში (კართაგენში) ფავსტოს ეკლესიის კანცელარიაში (სამდივნოში) ავრილიოს პაპთან ერთად შეიკრიბნენ ვალენტინე პირველი მოსაყდრე (არქიეპისკოპოსი) ნუმიდიელი, ფავსტოს პიკენიდან, პოტენტინელთა ეკლესიიდან, იტალიეილი, რომის ეკლესიის წარმომადგენელი იყო. ამათ გარდა აფრიკის სამთავროთა წარმომადგენლები, ე.ი. ორივე ნუმიდიიდან, ვაზაკინიდან, მავრიტანიის კესარიიდან, ტრიპოლიდან, აგრეთვე ვიკენტი კოლუსიტანი, ფორტუნატიანე ნეაპოლელი და სხვა ეპისკოპოსები ანთიპატიის მხარიდან, სულ ორასჩვიდმეტი მამა. ამათთან ერთდ - ფილიპე და ასელი მღვდლები, რომის ეკლესიის წარმომადგენელნი, და მათ წინაშე მდგომი დიაკვნები. აი, რა მოიწონეს და დაადგინეს მათ:

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: მას შემდეგ, რაც კრებისთვის განისაზღვრა დღე და იმ ხნის განმავლობაში, როცა ველოდით კრებაზე წარმომადგენელთა მოსვლას, როგორც გახსოვთ, სანატრელო ძმებო, მრავალ რაიმეზე იყო მსჯელობა, რაც უნდა შევიტანოთ აქტებში. ასეთი მრავალრიცხოვანი კრების შეკრებისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეფეს. ამასთანავე, ნიკეის კრების კანონების პირი, რომელიც მამათაგან მიღებული გვაქვს და ამ კრების დამამტკიცებელ წინამძღვრებს მოუციათ, უნდა წარვუდგინოთ კრებას და მისი წესის მიხედვით განისაზღვროს სამღვდელო დასის წარმომადგენელთა, პირველიდან უკანასკნელამდე, პატივი.

მთელი კრების მიერ ითქვა: წარმოდგენილ იქნეს.

დანიელ მდივანმა წაიკითხა:

ნიკეის კრების აღსარება და გადაწყვეტილებანი ასეთია...

და ვიდრე იგი კითხულობდა, ფავსტინოს პიკენის ეპისკოპოსმა პონტენტინელმა, იტალიიდან, რომის ეკლესიის წარმომადგენელმა, თქვა: სამოციქულო საყდარმა გვიბრძანა ჩვენ, რომ ზოგი დაწერილი, ხოლო ზოგი დაუწერლად მოცემული წესი დავიცვათ. აგერეთვე მოვიხსენებთ პირველად ნიკეაში დადებულ კანონებს, რომ მათი დადგენილებანიც დავიცვათ და ჩვეულებაც, რადგან ზოგი საქმე წესით და კანონით იქმნება და ზოგი - ჩვეულებით არის დაწესებული. ახლა, თუ თქვენს ნეტარებას მოსაწონად მიაჩნია, პირველად ამათზე ვიმსჯელოთ. ამათ შემდეგ სხვა ქმნილი და განწესებული დავამტკიცოთ, რომ სამოციქულო საყდრისთვისაც შეგვეძლოს წერილის გაგზავნა და თვითონ თაყვანისსაცემელ პაპსაც განვუცხადოთ, რომ იღვწით გულმოდგინედ და თავი მიგიციათ პირველქმნილი საქმეების წერისათვის. ამიტომ, როგორც თავიდან ვთქვი, რა სურს თქვენს ნეტარებას, ან რისი ქმნაა საჭირო? საჭიროა, შემოიტანონ ინსტრუქცია, გავეცნოთ, თუ რა არის შიგ მოხსენებული და თითოეულ საკითხს გაეცეს პასუხი.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: შემოიტანეთ ინსტრუქცია, რომელიც ჩვენმა ძმებმა და თანამწირველებმა ცოტა ხნის წინათ აქტებში შეიტანეს. და დანარჩენიც, რაც უკვე იქმნა და განწესდა.

დანიელ ნოტარმა წაიკითხა ინსტრუქცია.

ძმას ფავსტინეს და შვილებს, მღვდლებს ფილიპეს და ასელის - ზოსიმე ეპისკოპოსი (მიმართავს):

თქვენდამი რწმუნებული საქმეები უყურადღებოდ არ დაგიტოვებიათ, არამედ ისე გიმოღვაწიათ, თითქოს ჩვენც მანდ ვიყოთ. ხოლო ჩვენი თქვენს შორის ყოფნა უეჭველად სარწმუნო იქნება, რადგან თან გაქვთ ჩვენი ბრძანება და კანონის სიტყვები, რომლებიც უფრო მეტი სიმტკიცისათვის ჩავწერეთ ამ ინსტრუქციაში. ნიკეის კრების მამებმა, ძმებო, ასე თქვეს, როცა ბრალდებული ეპისკოპოსის შესახებ დაადგინეს:[1] ”მიგვაჩნია, რომ თუ ეპისკოპოსი, რომელსაც ბრალი დაედება და დაემხობა პატივისაგან სამთავროს ეპისკოპოსების ბჭობის შედეგად, ჩივილით მიმართავს რომის სანატრელ ეპისკოპოსს, ხოლო ის ინებებს, რომ მოუსმინოს მას და განაახლოს საქმის გამოძიება და განსჯა, უნდა მისწეროს მახლობელი სამთავროს ეპისკოპოსებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ყოველივე და დაასრულონ საქმე ჭეშმარიტების გარკვევით. ამრიგად, თუ ვინმე ითხოვს მისი საქმის ხელახლა მოსმენას და ვედრებით მიმართავს რომის ეპისკოპოსს მის მიერ გამოყოფილი მღვდლის გაგზავნის შესახებ, რომის ეპისკოპოსს უნდა ჰქონდეს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც ენებოს და როგორც მიიჩნიოს მოსაწონად. თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გაგზავნოს ვინმე, რომელსაც ექნება მათი გამგზავნის უფლებები, რათა განიხილონ საქმე იქ მყოფ მრავალ ეპისკოპოსთან ერთად. თუ იგი მიიჩნევს, რომ ეპისკოპოსთა რაოდენობა საკმაოა ამ საქმის განჩინების სისრულეში მოსაყვანად, გადაწყდეს ის, რაც სწორად მიაჩნდეს მის გულისხმიერ განსჯას”.

ამის წაკითხვის შემდეგ თაღასტიის ეპისკოპოსმა ალვიპიოსმა, ნუმიდიის სამთავროს წარმომადგენელმა, თქვა: ამის შესახებ ჩვენ ვწერდით ჩვენი კრების პირველ წიგნში და იმის დაცვას ვაღიარებთ ჩვენც, რაც ნიკეის კრებამ დაადგინა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, თუ რატომ არის, რომ ნიკეის კრების [ბერძნულ ნუსხებში] სარწმუნოების მრწამსი არ არის. ამიტომ ვევედებით შენი სიწმინდის პატიოსნებას, პაპი ავრილე, რადგან ნიკეის კრების პირველი ნუსხა (დედანი) კონსტანტინოპოლში უნდა იყოს, ინებე ვისიმე წარვლინება თქვენი სიწმინდის წერილით არა მხოლოდ ჩვენი ღირსი ძმის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მიმართ, არამედ ალექსანდრიელ და ანტიოქიელ თაყვანისსაცემელ მღვდლებთან, რათა მათ თავიანთი წერილით დამტკიცებული გამოგვიგზავნონ ჩვენ იმ კრების ნაწერი, რომ ამით მოისპოს ყოველივე საკამათო და შესაეჭვებელი, ვინადიან ვერსად ვნახეთ ჩვენ ეს ისე, როგორც ძმამ ფავსტინემ შემოგვთავაზა. ჩვენ დავიცდით მანამ და დავიცავთ მათ ისე, როგორც პირველად ითქვა, სანამ სწორი პირი [ნიკეის კრების ნუსხებისა] ჩვენამდე მოაღწევდეს. ჩვენ გვმართებს, წიგნი ვედრებისა გავუგზავნოთ ყოვლად პატიოსან რომის ეკლესიის ეპისკოპოსს [პაპს] ვონიფანტესაც, რომ მანამ მისწეროს ზემოხსენებულ ეკლესიებს და გაგზავნოს ვინმე, რომელიც წამოიღებს კრების მიერ დადგენილი კანონების პირს. ახლა კი ნიკეის კრების ის პირი, რომელიც აქ გვაქვს, შევაერთოთ ახალ დადგენილებასთან.

რომის წარმომადგენელმა ფავსტინე ეპისკოპოსმა თქვა: ”თქვენი სიწმინდე ვერ იქმს ვერაფერს უკეთესს რომის ეკლესიაზე, ვერც ამ საკითხზე და ვერც სხვა საკითხებზე. რადგან ჩვენმა ძმამ და თანამწირველმა ალვიპიოსმა საეჭვო გახადა კანონები, ყოველივე ეს მისწერეთ ყოვლად ღირსსა და აღმატებულად ნეტარ ჩვენს მთავარეპისკოპოსს, პაპს, რათა მან თქვენს სიწმინდესთან ერთდ გამოიძიოს უნაკლოდ სრული კანონები და ყველა დადგენილებისათვის გამოიტანოს დასკვნა. საკმარისია, რომ, როგორც თქვენ თქვენით განაჩინებთ, ასევე მან მისით გამოიძიოს და ამგვარად სადავო რაიმე არ აღმოცენდეს ეკლესიათა შორის. ძმური სიყვარულით მოეთათბირეთ მას, რომ პასუხი მოგწეროთ სანაცვლოდ, თუ რა უნდა იქნეს დაცული.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: გარდა იმისა, რაც შეტანილია კრების აქტებში, საჭიროა ჩვენი უნდოების წერილით ვკითხოთ ჩვენს ძმასა და თანამწირველ პაპ ვონიფანტეს სხვაც ყოველივე, რასაც ვეძებთ. თუ ყველა თანახმა ხართ, დაგვიდასტურეთ.

მთელმა კრებამ თქვა: თანახმა ვართ.

ნოვატიოს ეპისკოპოსმა, სიტიფენსიის მავრიტანიის წარმომადგენელმა, თქვა: ჩვენ გვესმის, რომ ამ შესახსენებელ წერილში არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა მოუსმინონ მღვდლებს და დიაკვნებს მათმა ან მეზობელმა ეპისკოპოსებმა, რაც არსად წაგვიკითხავს ნიკეის კრების საქმეთა შორის. ამიტომ ბრძანოს თქვენმა სიწმინდემ ამ წერილის წაკითხვა.

ავრილიოს ეისკოპოსმა თქვა: წაკითხულ იქნეს ის ადგილიც, რომელსაც ითხოვენ.

დანიელ ნოტარმა წაიკითხა: ბრალდებულ სამღვდელო პირთა ჩამოქვეითების ადგილი კრებამ მტკიცედ განსაზღვრა. ამის გამო რის ქმნას აპირებთ, ან რა უნდა დავაწესოთ, როცა ეს ასეა ნათქვამი.

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: მე არ უნდა გავჩუმდე იმაზე, რაც კიდევ მაღელვებს.[2] თუ ვინმე გულფიცხი ეპისკოპოსი, როგორიც არ უნდა იყოს, ნაჩქარევად ან სიფიცხით აუმხედრდება თავის მღვდელს ან დიაკონს და თავისი ეკლესიისგან მათ განყენებას მოინდომებს, უნდა წინასწარ იყოს დაწესებული, რომ უმიზეზოდ არ დასაჯოს და არ წაართვას მას ზიარების უფლება, არამედ მის მიერ გაძევებულს უნდა ჰქონდეს მოსაზღვრე ეპისკოპოსებთან მისვლის ნება, რათა მათ მოისმინონ მიზეზი და სასწრაფოდ გადაწყვიტონ, რაც ჯეროვნად იყოს. დასჯილის ვედრების მოუსმენლობა არ არის წესი.

გინდ სამართლიანად და გინდ უსამართლოდ გამძევებელმა ეპისკოპოსმა, რა სახითაც არ უნდა იქნეს განხილული საქმე - გინდ დამტკიცდეს, გინდ გასწორდეს მისი განაჩენი, და ასე შემდეგ, მშვიდად უნდა მიიღოს შედეგი.

როცა ყველაფერი ეს წაიკითხეს, იპონიის ეკლესიის ეპისკოპოსმა ავგუსტინოსმა, ნუმიდიის მხრიდან, თქვა: ყოველივე ამის დაცვას ვაღიარებთ ჩვენ, რაც გულმოდგინედ გამიძია ნიკეის კრებამ.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ გნებავთ, ესეც დაამტკიცეთ ერთხმად და ყველამ სიყვარულით.

მთელმა კრებამ თქვა: ყოველივე განსაზღვრებული ნიკეის კრების მიერ ჩვენ ყველას მოგვწონს და გვნებავს.

ოფეტულის ეპისკოპოსმა იუკუნდოსმა, ვიზაკინის მხარის წარმომადგენელმა, თქვა: ნიკეის კრების დადგენილება არავინ არასდროს არ უნდა შეცვალოს და შეაბრუნოს.

ფავსტინოს ეპისკოპოსმა, რომის ეკლესიის წარმომადგენელმა, თქვა: ახლა თქვენი სიწმინდის განცხადებისამებრ - პირველად წმინდა ალვიპის და მერმე ჩვენი ძმის იუკუნდოს ნათქვამის მიხედვით ზოგი რამ კარგავს ძალას, ხოლო ზოგი - პირიქით, მტკიცდება. მაგრამ რადგან კანონთან ეჭვი ახლოს არ უნდა მივიდეს, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიოთ ჩვენცა და თქვენც, რომ მათ მიაღწიონ წმინდა და ყოვლად პატიოსანი რომის ეკლეისიის ეპისკოპოსამდე. ჯეროვნად მიიჩნიოს თქვენმა ღირსებამ, რომ მასაც ასევე შეეძლოს თითოეულის განხილვა, როგორც საღმრთო ავგუსტინემ ინება მათი განსაზღვრება. დუმილით გვერდის ავლის ღირსია საკითხი დაბალ ხარისხზე მყოფ განკანონებულთა შესახებ, თუ ის საეჭვოა და საკამათო. ეს, როგორც სამართლიანობა  მოითხოვს, ისე განაგოს სანატრელი საყდრის ეპისკოპოსმა. ახლა, თუ მიიღებთ ამას, შეიძლება ამისი პოვნა კანონებში.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ახლა შევიტანოთ ჩვენს აქტებში ნიკეის კრების საქმეთა ის პირი, რომელიც თქვენს სიყვარულს ეუწყა ჩვენგან. ამასთან ერთად შევიწყნაროთ ჩვენს წინამძღვართა მიერ იმ კრებიდან მოტანილი საცხოვნებელი წესი. შემდეგ წაიკითხეთ ჩვენ მიერ დადგენილი გადაწყვეტილებანი და [ნიკეის კრების] საქმეებთან ერთად აღრიცხეთ.

ერთხმად მთელმა კრებამ თქვა: ნუსხები ნიკეის კრების სარწმუნოებისა [სიმბოლოსი] და კანონებისა, რომელიც ძველად მოიტანა აქ თქვენი სიწმინდის წინამორბედმა კეკილინემ (ცეცილიანემ), და ამათ გარდა, რაც მათი მიდევნებით ამ მხარეში იქმნა დადგენილი, და ჩვენი გადაწყვეტილებანი, მიღებული საერთო განსჯის შედეგად, მტკიცედ დარჩნენ ამ საეკლესიო საქმეებში. ცხადია, როგორც პირველად თქვენი ნეტარების მიერ სასურველად ჩაითვლება, მიეწეროს იმ ღირს ეპისკოპოსებს, რომლებიც ანტიოქიის, ალექსანდრიის და კონსტანტინეპოლის ეკლესიების ზედამდგომელად მადლის მიერ არჩეულ არიან, რომ ნიკეის კრების ჭეშმარიტი და შეუცვლელი ნუსხა, თავიანთი წერილით დამოწმებული, გამოგვიგზავნონ, რათა ჭეშმარიტების განცხადებით თუ ის თავები, რომლებიც შემახსენებელი წერილით კრებისთვის წარსადგენად თან ჩამოიტანეს ჩვენმა ძმამ და თანაეპისკოპოსმა ფავსტინოს და მასთან ერთდ მღვდლებმა ფილიპემ და ასელიმ, აღმოჩნდა იქ, დამტკიცებულ იქნება ჩვენ მიერ; და თუ არ აღმოჩნდა, სანამ შეკრებილია კრება, შეგვიძლია გავაგრძელოთ მათი ძიება.

დანიელ ნოტარმა აფრიკის ეპისკოპოსთა კრებაზე წაიკითხა ნიკეის კრების სარწმუნოების აღსარება [სიმბოლო] და მისი დადგენილებანი.

ნიკეის კრების სარწმუნოების აღსარება [სიმბოლო]:

გვწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, ხილულთა და უხილავთა შემოქმედი, და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღმრთის ძე, მამისაგან შობილი, მხოლოდშობილი. იგი არის მამის არსებისგან, ღმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლის მიერ შეიქმნა ყველაფერი ცაში და ქვეყანაზე, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენს საცხოვნებლად ჩამოვიდა და განხორციელდა და განკაცდა, ივნო და აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მამის მარჯვნივ და ისევ მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად, და ერთი სულიწმიდა. ხოლო ვინც იტყვის, რომ იყო [დრო], როცა არ იყო, და რომ შობამდე არ იყო, და რომ არარსობისგან შეიქმნა, და ვინც სხვა არსებისგან იტყვის ღმრთის ძის გადაქცევას და შეცვლას, მათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

ასე წაიკითხეს ოცი თავი - ნიკეის კრების მიერ განწესებული დადგენილებანი. ამის შემდეგ აფრიკის კრებაზე დადებული კანონები ახლანდელი კრების ნამოღვაწართან ერთად არის აღწერილი. ნიკეის კრების მიერ მიღებული დადგენილებანი სრულად და მთლიანად უნდა იქნეს დაცული.

---------------------------------------------------

[1] - აქ ხელნაწერში არის ძველი შენიშვნა, რომ წინამდებარე კანონი არის არა ნიკეის, არამედ სარდიკიის კრების მე-5 კანონი.

[2] - აქაც ხელნაწერები მიუთითებენ სარდიკიის კრების მე-14 კანონს.

 

 

კანონი 1

ავრილიოს ეპისკოოსმა თქვა: ჩვენ გვაქვს ნუსხები (პირები) ნიკეის კრების გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მაშინ ჩვენმა მამებმა ჩამოიტანეს აქ. ამ კანონების დამცველი და მიმდევარი ჩვენ მიერ გამოტანილი დადგენილებანი მტკიცედ იყოს დაცული.

 

კანონი 2

წმინდა სამების ქადაგების შესახებ.

მთელმა კრებამ ერთხმად თქვა: ღმრთის ნებით ერთხმად აღიარებულ იქნება ჩვენ მიერ ამ დიდებულ კრებაზე პირველად მოცემული საეკლესიო სარწმუნოება. ამის შემდეგ საეკლესიო განწესება თითოეულის თანხმობით და ყველასგან ერთხმად დამტკიცდება. ხოლო ცოტა ხნის წინ ხელთდასხმული ჩვენი ძმებისა და თანაეპისკოპოსების გონებაში განსამტკიცებლად იმისი შემატებაცაა საჭირო, რაც ჩვენ მამათაგან მტკიცე განჩინებით მივიღეთ, რომ სამების - მამის, ძისა და სულიწმინდის შესაცნობელ ერთობას არავითარი განსხვავება არ გააჩნია. მის მიმართ მუდამ მიპყრობილი და თანაშეკრული უნდა გვქონდეს გონება და, როგორ გვისწავლია, ისე ვასწავლოთ ღმრთის ერს.

ყველა ახლად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ ცხადად ითქვა: ასე შევიწყნარებთ, ასე ვაღიარებთ, ასე ვასწავლით სახარების სარწმუნოებას თქვენი მოძღვრების მიმდევრები.


კანონი 3

თავშეკავების, კრძალულების შესახებ.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: უწინ ჩატარებულ კრებაზე, როდესაც კრძალულებისა და უბიწოების კეთილი სახის შესახებ იყო მსჯელობა, გვსურს ჩვენც, რომ სამი ხარისხი - ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნისა - შეკრული იყოს უბიწოების საკვრელით, როგორც შეეფერება ღმრთის ღირსეულ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ლევიტელებს. ღმერთს უნდა ემსახურებოდნენ განკრძალული და უბიწო მღვდელობით. ამით ღირსნი გახდებიან მასთან მიახლოებისა, რასაც თხოვნით ეძებენ ღმრთისაგან. მოციქულთა მიერ მოცემული და თვით უძველესი დროიდან განმტკიცებული წესი ჩვენგანაც მტკიცედ უნდა იქნეს დაცული.


კანონი 4

ცალკეული დასების შესახებ, რომლებსაც ჰმართებთ მეუღლეთაგან განყენება.

პიკენის ეპისკოპოსმა ფავსტინოსმა, პოტენტინელთა მხარიდან, რომის ეკლესიის წარმომადგენელმა, თქვა: მივიჩნევთ, რომ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და ყველა, ვინც შეეხება სამღვდელო ჭურჭელს, რგორც მცველნი სიწმინდისა, მეუღლეთაგან განეყენონ.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: მივიჩნევთ, რომ სიწმინდეს უნდა ინახავდეს საკურთხევლის ყველა მსახური.


კანონი 5

უძღებობის (სიხარბის) შესახებ.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: საჭიროა განდგომა უძღებობისაგან, რომლის ყველა ბოროტების დედად აღიარება არავისგან საკამათო არაა. არავინ არ უნდა მიიხვეჭდეს უცხო საზღვრებს, არც პირადი სარგებლობისათვის უნდა გასცდეს თავის საზღვრებს. სამღვდელო დასის წარმომადგენელმა არ უნდა აიღოს ვახში რაიმე ნივთზე. ეს ყველაფერი ხელახლა ითქვა ჩვენ მიერ და განწესებულ იქნა, როგორც ბნელად (გაუგებრად) და დაფარულად მდებარე და ყველასთვის არა ადვილად გასაგონი. ხოლო რის შესახებაც ცხადად მოწმობს საღმრთო წერილი, მათი განჩინება აღარაა საჭირო, არამედ საჭიროა, მათ მივსდიოთ. თუ ეს ერისკაცს ნაკლად ეთვლება, რამდენად უფრო დასასჯელია ამის მოქმედი მღვდელი.

მთელმა კრებამ ერთხმად თქვა: წინასწარეტყველთა და მოციქულთა დროიდან არავინ გადარჩენილა დაუსჯელი მაგ ვნების გამო.


კანონი 6

საცხებელი (მირონი) მღვდლის მიერ არ უნდა დამზადდეს.

ფორტუნატოს ეპისკოპოსმა თქვა: წინა კრებიდან გვახსოვს დადგენილი, რომ საცხებლის (მირონის) შემზადება, მონანულთა შეწყნარება და დაგება (შერიგება), საკურთხევლის აღმართვა მღვდლის მიერ არ უნდა შესრულდეს. თუ ვინმე გამოჩნდება ამის მოქმედი, რა უნდა დადგინდეს მის შესახებ?

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენი ძმისა და თანამღვდელის ფორტუნატეს ნათქვამი მოისმინა თქვენმა ღირსებამ. რას იტყვით ამის პასუხად?

ყველა ეპისკოპოსის მიერ ითქვა: საცხებლის შემზადება და საკურთხევლის აღმართვა მღვდლის მიერ ნუ იქმნება. არც მონანულის შერიგება საჯაროდ ჟამისწირვის დროს არ უნდა მოახდინოს მღვდელმა. ეს ყველაფერი მისაღებად მიგვაჩნია.

 

კანონი 7

ვინც გაჭირვებაში და სიკვდილის საფრთხის ქვეშ იყოს, მათი შერიგების შესახებ ეკლესიასთან.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვინმემ, გასაჭირში მყოფმა, ითხოვოს თავის საკურთხეველთან შერიგება იმ დროს, როცა იქ არ იყოს ეპისკოპოსი, მღვდელმა უეჭველად უნდა ჰკითხოს ეპისკოპოსს, და ისე შეარიგოს ჭირში ან სიკვდილის საფრთხის ქვეშ მყოფი კაცი, როგორც (ეპისკოპოსი) ამცნებს, რადგან ამ საქმის [ეპისკოპოსისაგან] დადასტურება საჭიროა საცხოვნებელი განზრახვით.

ყველა ეპისკოპოსის მიერ ითქვა: რაც თქვენმა ღირსებამ საჭიროდ ცნო, საკმარისია ჩვენთვის სარგებლად.

 

კანონი 8

მათ შესახებ, რომლებიც ბრალს სდებენ მამებს და ეპისკოპოსებს. არ უნდა შევიწყნაროთ ბრალმდებლად განქიქებული და ბოროტებაში შემჩნეული.

მაქსულიტანელმა ეპისკოპოსმა ნუადიოსმა თქვა: მრავალი არის არაკეთილი ქცევისა და ზრდილობის, რომლებიც თავს მოვალედ თვლიან, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ბრალი დასდონ მამებსა და ეპისკოპოსებს. უნდა შევიწყნაროთ ასეთები, თუ არა?

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: მოსწონს თქვენს სიყვარულს, რომ ცუდ საქმეში შემჩნეული ვინმე იყოს მამათა ბრალმდებელი?

ყველა ეპისპოსის მიერ ითქვა: მხილებული და ბოროტებაში შემჩნეული ნუ ჩაითვლება ბრალმდებლად.

 

კანონი 9

მათ შესახებ, რომლებიც თავისი უწესობის შესაბამისად საეკლესიო დასიდან განდევნილ იქნებიან.

ნუმიდიის წარმომადგენელმა ავგუსტინე ეპისკოპოსმა თქვა: ამისი დადგენაც საჭიროა, რომ, თუ ეკლესიიდან თავისი საქმეების შესაბამისად ვინმე ღირსეულად არის განდევნილი და იგი რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ზიარებისთვის შეიწყნაროს, თვით მზიარებელი განდევნილის თნაბარი სასჯელით უნდა დაისაჯოს და თავისი ეპისკოპოსის კანონიერი სასჯელისგან ვერ გადარჩეს.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ამას ვიწონებთ ყველა.

კანონი 10

თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ მღვდეთა შესახებ.

ნუმიდიის წარმომადგენელმა ალვიპიოს ეპისკოპოსმა თქვა: არც იმას უნდა ავუაროთ გვერდი, რომ, თუ მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებული იქნება და, დიდგულობითა და ამპარტავნებით გათავხედებული, იფიქრებს, რომ არ არის მისთვის შეუძლებელი, მარტომ შეწიროს წმინდა მსხვერპლი ღმერთს, ან გაბედოს აღმართვა სხვა საკურთხეველისა საეკლესიო სარწმუნოების და წესიერების საწინააღმდეგოდ, ასეთი დაუსჯელად ნუ გადარჩება.

ნუმიდიის პირველი საყდრის ეპისკოპოსმა ვალენტინემ თქვა: საეკლესიო სარწმუნოებისა და წესის შესაბამისია და საჭირო ჩვენი ძმის ალვიპიოსის მოხსენებული. რა სურს ამ საკითხზე თქვას თქვენმა სიყვარულმა?

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვინმე მღვდელი, თავისი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებული, განხეთქილებას აწყობდეს, შეჩვენებულ იყოს.

 

კანონი 11

თუ ვინმე მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ იქნეს, ასეთმა უნდა მიმართოს მეზობელ საეპისკოპოსოს, რომ მან მოისმინოს მისი საქმე და შეარიგოს თავის ეპისკოპოსთან. თუ ასე არ მოიქცეს, არამედ, რაც არა ჯერ-არს, ის მოიმოქმედოს, და გადიდგულებულმა თავისი ეპისკოპოსის ზიარებისაგან განიშოროს თავი, ცალკე ვინმესთან ერთად შესწიროს სიწმინდის მსხვერპლი ღმერთს და ამით განხეთქილება შემოიტანოს, ასეთი შეჩვენებულად იქნეს შერაცხილი და ჩამოერთვას თავისი ადგილი. თუმცა წინასწარ განხილულ უნდა იქნეს, ხომ არ არის სამართლიანი მისი ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ.

 

კანონი 12

თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე ბრალდებული იყოს, ასეთი განიკითხოს თორმეტმა ეპისკოპოსმა.

ფელიქს ეპისკოპოსმა თქვა: მახსენდება ძველ კრებათა მიერ დადგენილი, რომ, თუ ვინმე ეპისკოპოსი გასამართლებული გახდეს (ნუმც მხოდება ასეთი რამ!) და მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა შეუძლებელი იყოს, დიდხანს რომ არ დარჩეს იგი ბრალდებულისა და გასასამართლებელის მდგომარეობაში, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე. მღვდელი ექვსმა ეპისკოპოსმა და მისმა ეპისკოპოსმა გაასამართლონ, დიაკონი - სამმა.

 

კანონი 13

ეპისკოპოსის ხელთდასხმა არ შეიძლება მრავალი ეპისკოპოსის დასწრების გარეშე. თუ რისამე გამო მრავალის შეკრება შეუძლებელი იყოს, სამი ეპისკოპოსის მიერ უნდა იყოს ხელთდასხმული ეპისკოპოსი.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: რას იტყვის ამის შესახებ თქვენი სიწმინდე?

ყველა ეისკოპოსმა თქვა: დავიცვათ ჩვენ ის, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინეს, რის დარღვევასაც რომელიმე სამთავროს წინამძღვარი დაუფიქრებლად და შემთხვევით ვერ გაბედავს, რადგან ეპისკოპოსად ხელთდასხმისას მრავალი ეპისკოპოსი უნდა შეიკრიბოს. თუ რაიმე გაჭირვების გამო არ იყოს ამის შესაძლებლობა, მაშინ სამი ეპისკოპოსი, საიდანაც გინდა იყვნენ, მიტროპოლიტის ბრძანებით აღასრულებს ეპისკოპოსის ხელთდასხმას და, თუ ვინმე რაიმე საქმის გამო გადათქვამს თავის თანხმობას და ხელისმოწერით დაამტკიცებს, თვითონ დააკლო თავის თავს სამღვდელო პატივი.

 

კანონი 14

ტრიპოლიდან კრებას ერთი ეპისკოპოსი ესწრება წარმომადგენლად. იქაური მღვდელი ხუთი ეპისკოპოსისაგან იქნეს განკითხული.

ტრიპოლიდან, ამ მხარის სიმწირისა და ნაკლულევანების გამო, ერთი ეპისკოპოსის ჩამოსვლა მიგვაჩნია კრებაზე მიზანშეწონილად. იქაური მღვდელი ხუთმა ეპისკოპოსმა უნდა განიკითხოს. დიაკონი - სამმა, როგორც ზემოთ ითქვა, ცხადია, მისი ეპისკოპოსის თანდასწრებით.

 

კანონი 15


ეკლესიის მსახურად განჩინებული თითოეული დასის წარმომადგენელი თუ გასასამართლებელი გახდეს და გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს, ასეთს უნდა აეყაროს პატივი. მღვდელთა შვილები არ უნდა მივიდნენ საერო სანახაობებზე.

ასევე მიგვაჩნია, რომ თუ რომელიმე ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, ან სამღვდელო დასის რომელიმე წარმომადგენლის საქმე, ან საეკლესიო განსაკითხავი (სისხლის სამართლის), ან სამოქალაქო საქმე (დავა) ეკლესიაში საძიებლად აღიძრას, ხოლო მან გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს და საერო სამსჯავროში მოინდომოს მისი განხილვა, მის მხარესაც რომ იყოს სამართალი, მაინც უნდა დაეკარგოს მას მისი ადგილი.* ეს ითქვა საეკლესიო (განსაკითხავი) საქმის გამო, ხოლო საერო სადავო საქმის განხილვისას გაუქმდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიესაჯა მოწინააღმდეგეს, თუ ისევ მოინდომებს თავისი ადგილის დაჭერას.

თუ რომელიმე საეკელსიო მოსამართლისგან უფრო მაღალი ძალაუფლების მქონე საეკლესიო მოსამართლესთან მივიდეს განსაკითხავი მღვდელი, ვერაფერს ავნებს მათ, ვის გადაწყვეტილებასაც გააუქმებს, თუ არ ემხილება მათ მტრობის ან მიკერძოების გამო სამართლის დამახინჯება, ან ქრთამისაგან გახრწნა. თუ სამართლის მაძიებელთა ორივე მხარის მიერ იყვნენ არჩეული მოსამართლენი, თუნდაც დადგენილზე ნაკლები იყოს მათი რაოდენობა, აღარ შეიძლება მათი განაჩენის დარღვევა.

მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ, სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ.

-----------------------------------

* ხელნაწერში აშიაზე მინაწერია: "ადგილი აქ ნიშნავს სამღვდელო პატივს".


კანონი 16


ნურავინ ეპისკოპოსთა, მღვდელთა ან დიაკონთაგანი საერო ხელობას ნუ მოჰკიდებს ხელს. წიგნისმკითხველმა შეიძლება შეირთოს ცოლი. სამღვდელონი ცოლს უნდა განერიდონ. როდის უნდა იყვნენ ან ისინი, ან ქალწულნი საღმრთოდ განკუთვნილნი.

მიგვაჩნია, რომ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები საერო ხელობას არ უნდა ჰკიდებდნენ ხელს, არც ცუდი და უპატიო საქმისაგან იღებდნენ შემოსავალს, რადგან მათ უნდა ახსოვდეთ წმინდა წერილის სიტყვები: "ღმრთის მხედრად განწესებული ვერავინ შეუერთებს თავს ამქვეყნიურ საქმეებს" (ტიმ. 2,4).

ვიწონებთ იმასაც, რომ წიგნისმკითხველები, მიაღწევენ რა სრულწლოვნებას, იძულებულ უნდა იქნენ, ან შეირთონ მეუღლე, ან დადონ აღთქმა უბიწო ცხოვრებისა.

მიგვაჩნია, რომ, თუ სამღვდელო პირი ვინმეს ასესხებს ფულს, თუ ახსოვს, რამდენი მისცა, იმდენივე უნდა მიიღოს უკან. იგივე ითქმის ნივთზეც.

ოცდახუთი წლის ასაკამდე დიაკონი არ შეიძლება ხელთდასხმულ იქნეს. ღმრთისმსახურების დროს წიგნისმკითხველნი ერს თაყვანს ნუ სცემენ.


კანონი 17


თითოეულ სამთავროს, თუ ის შორსაა, უნდა ჰყავდეს თავისი მთავარეპისკოპოსი.

კრების დადგენილებით სიტიფენსის მავრიტანიას, მისი თხოვნის შესაბამისად, ჰყავდეს მთავარეპისკოპოსად ნუმიდიის მხარის ეკლესიის მეთაური, რასაც მხარს უჭერს აფრიკის სამთავროში მსხდომი ყველა მთავარეპისკოპოსი და ყველა (კრებაზე დამსწრე) ეპისკოპოსი. ასეთი გადწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მხარის სიშორის გამო.

კანონი 18


თუ რომელიმე სამღვდელო პირი ხელთდასხმულ იქნება, საჭიროა, რომ ემცნოს მას კანონთა დაცვა, გარდაცვლილთა გვამებს არ მიეცემა არც ზიარება და არც ნათლისღება. ყოველ წელიწადს თითოეულ სამთავროში მიტროპოლიტები უნდა ატარებდნენ კრებებს.

აგრეთვე მიგვაჩნია, რომ ხელთდასხმულ ეპისკოპოსს ან სხვა სამღვდელო პირს პირველად მათი ხელთდასხმული ასწავლის კრებათა კანონებს, და მათ უნდა მოინანიონ, თუ არსებულ დადგენილებებს დაარღვევენ. ასევე მივიჩნევთ, რომ გარდაცვლილთა გვამებს სიწმინდის ზიარება არ მიეცემათ, რადგან წმინდა წერილში წერია: "მიიღეთ, ჭამეთ" (მათე 26,26). გარდაცლილს კი არც მიღება შეუძლია და არც ჭამა. ასევე, მღვდელთა უცოდინარობით არც ნათელი უნდა ეცეს მკვდარს.

ამ კრებაზე დამტკიცებულია ისიც, რომ ნიკეის კრების დადგენილების მიხედვით ყოველ წელიწადს უნდა ჩატარდეს კრება საეკლესიო საკითხებისათვის, რაც ხშირად არ სრულდება და ეს კი ერის წარწყმედას უწყობს ხელს. სამთავროთა ყველა პირველმოსაყდრე ეპისკოპოსმა თავისი ეპისკოპოსებისაგან ორი ან რამდენიმე ამოირჩიოს და წარმომადგენლად მიავლინოს, რომ მრავალთა შეკრებით სრული იყოს კრების პატიოსნება.

კანონი 19


ბრალდებული ეპისკოპოსის განსახილველი საქმე მიერთმევა იმ სამთავროს მღვდელმთავართა შორის პირველ ეპისკოპოსს.

თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება, სამთავროს პირველ ეპისკპოსთან უნდა მიიტანოს ბრალმდებელმა მისი საქმე. სასამართლოში გამოძახებულმა ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულის გამო. ზიარებისაგან ნუ იქნება განყენებული, თუ მივიდეს დათქმულ დღეს, ესე იგი ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მიიღებს ეპისკოპოსთა წერილობით შეტყობინებას. თუ წარმოადგენს მართალ და ჭეშმარიტ მიზეზს, რომელსაც მისთვის ხელი შეუშლია მასზე დადებული ბრალდების გამო პასუხის საგებად წასვლაში, კიდევ ერთი თვე ჰქონდეს ზიარების უფლება. ხოლო მეორე თვის შემდეგ ნუღარ ეზიარება, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ბრალი არ მიუძღვის. თუ  ყოველწლიურ კრებაზე მისვლა არ მოისურვოს, რომ იქ განიხილონ მისი საქმე, თვითონ გამოუტანია საკუთარი თავისთვის განაჩენი. მისთვის დადგენილ უზიარებლობის ვადაში იგი ნუ ეზიარება ნურც თავის ეკლესიაში, ნურც სხვა სამრევლოში. თუ მისი ბრალმდებელი იმ დღეებში, როცა საქმე ირჩევა, არსად წავა, ნუ შეუბრკოლდება ზიარება. თუ წავა და მიიმალება, უზიარებლობით დაისაჯოს. ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად ვერ ჩამოიშორებს თავის ბრალდებას, თუ არ დაამტკიცებს, რომ კი არ ისურვა, არამედ ვერ შეძლო გამოცხადება დადგენილ დროს.

ხოლო ესეც ცხადი იყოს, რომ, როცა ხდება ეპისკოპოსთა სამსჯავროს წინაშე რაიმეს გამოძიება, თუ ბრალმდებელი არის მხილებული და ბოროტებით ცნობილი პირი, იგი არ შეიძლება ვცნოთ ბრალმდებლად. მის მიერ აღძრული საქმე განიხილება მაშინ, თუ იგი პირადად მას შეეხება, ხოლო საეკლესიო საქმის ხსენება მან ვერ უნდა გაბედოს.

კანონი 20


ბრალდებული მღვდლებისა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენელთა შესახებ.

თუ მღვდელი ან დიაკონი ბრალდებულ იქნეს, ეპისკოპოსთა დაწესებულმა რაოდენობამ, ბრალდებული პირის განსასჯელად გამოძახებულმა მახლობელი საეპისკოპოსოებიდან (ესე იგი მღვდლისათვის ექვსმა, დიაკვნისათვის სამმა, და მაათთან ერთად ბრალდებულის ეკლესიის ეპისკოპოსმა), გამოიძიოს ბრალდების მიზეზები დღისა და დროის დადგენის ზემოთ მითითებული წესით და ბრალმდებელისა და ბრალდებულის პიროვნებათა შესწავლით, იმის შეუცვლელად დაცვით, რაც ბრალდებულ ეპისკოპოსთა შესახებ ითქვა. ხოლო სხვა სასულიერო პირების საქმე ადგილობრივმა, მათი ეკლესიის ეპისკოპოსმა მარტომ უნდა გამოიძიოს და გაარკვიოს.

კანონი 21


სასულიერო პირთა შვილებმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან.

მივიჩნევთ, რომ სასულიერო პირთა შვილები არ უნდა შეუღლდნენ წარმართებთან და მწვალებლებთან.

კანონი 22*


ეპისკოპოსები და საეკლესიო დასის წარმომადგენლები ნურარას მიიღებენ მათგან, ვინც არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუნდაც ნათესავნი იყვნენ მათი, მაგრამ ისევ მწვალებლებად რჩებოდნენ.

ნურაფერს მოიხვეჭენ ეპისკოპოსები და მოყვასნი შეძენის მიზეზით ისეთ პირთა ქონებიდან, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ.

-------------------------------------

*საეკლესიო კანონების ბერძნულ-რუსულ ტექსტში  სხვაგვარადაა: "ეპისკოპოსებმა და კლერიკოსებმა არაფერი არ უნდა დაუტოვონ არამართლმადიდებელ ქრისტიანებს, ნათესავებიც რომ იყვნენ ისინი".

კანონი 23


ეპისკოპოსები ზღვის გადაღმა (რომში) ნუ წავლენ.

ეპისკოპოსი ზღვის მეორე ნაპირზე ნუ გადავა იმ მხარის პირველმოსაყდრე ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ე.ი. თუ არ მიიღებს მისგან მოწმობას, რომელსაც "განსატევებელ წიგნს" უწოდებენ და რომელიც ადასტურებს, რომ [ეპისკოპოსის] მგზავრობა ნებადართულია.

კანონი 24


ეკლესიაში წაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.

კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღვთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯული, ისო ნავესი, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი, ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზრას ორი წიგნი.

ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრე მოციქულის ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება, ერთი წიგნი. ჩვენს ძმასა და თანამწირველს ვონიფანტეს და იმ მხარის სხვა ეპისკოპოსებსაც ეუწყოს ეს წინამდებარე კანონის დასამტკიცებლად, ვინაიდან ეს (წიგნები) მიგვიღია მამათაგან ეკლესიაში საკითხავად.

კანონი 25


ეპისკოპოსებისა და სხვა მათი შემდგომი დასის შესახებ, რომლებიც ეხებიან წმინდა საიუდმლოს, საჭიროდ მიგვაჩნია მეუღლეთაგან გაუცხოება.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: სხვა ზემოთ ნათქვამს ამასაც დავუმატებ, პატიოსანო ძმებო: ზოგი მოყვასთაგანი, წიგნისმკითხველზე ზედა ხარისხზე მდგომი, წმინდა იყოს თავისი ცოლისაგან, როგორც თითოეულ კრებაზე არის დამტკიცებული. კერძო-დიაკვნები (ჰიპოდიაკვნები), რომლებიც წმინდა  საიდუმლოს ეხებიან, დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები დადგენილებათა მიხედვით თავიანთი მეუღლეებისაგან განკრძალულნი (თავშეკავებულნი) უნდა იყვნენ. ისე უნდა იყვნენ, ვითომ არც ჰყოლიათ ისინი. ვინც ეს არ დაიცვას, იგი განიკვეთოს საეკლესიო პატივისაგან. საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლები ნუ იქნებიან იძულებულნი, ასე მოიქცნენ, გარდა ისეთებისა, რომელთა მეუღლე ხანდაზმულობის გამო აღიკვეცა.

მთელმა კრებამ თქვა: რაც თქვენმა სიწმინდემ კარგად და სამართლიანად ჩამოაყალიბა, როგორც სამღვდელოებისათვის შესაფერისს და ღმრთის მოსაწონს, ვამტკიცებთ.

კანონი 26


არავინ დაიტაცოს საეკლესიო ქონება.

მიგვაჩნია, რომ არავინ არ უნდა გაყიდოს საეკლესიო ქონება, მაგრამ, თუ იყოს რაიმე ქონება, რომელსაც არა აქვს არავითარი შემოსავალი და მის ფლობას დიდი სიძნელეები ახლავს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს სამთავროს მიტროპოლიტს და ეპისკოპოსთა განსაზღვრულ რაოდენობას უნდა დაეთათბიროს იგი, თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ხოლო თუ იმდენად დიდი გასაჭირი ედგას ეკლესიას, რომ მის ეპისკოპოსს არ შეეძლოს დიდი ხნის განმავლობაში შეკრიბოს საჭირო რაოდენობა სამსჯელოდ, თავის მეზობლებსღა მოუწოდოს მოწმედ და იზრუნოს, რომ მთელ კრებას მისი ეკლესიის განსაცდელი ეუწყოს. თუ ამის ქმნა არ მოისურვოს, სასჯელის ღირსი იყოს ღმრთისა და კრებისაგან და აეყაროს პატივი.


კანონი 27


მღვდელი ან დიაკონი რომელიმე მძიმე ცოდვაში თუ ამხილონ, ნუ შეიწყნარებენ მათ ხელის დასადებად, როგორც ერისკაცს.

დამტკიცდა ესეც, რომ  თუ სადმე მღვდელი ან დიაკონი ამხილონ მძიმე ცოდვაში, მათ უნდა ჩამოერთვათ მღვდელმსახურების უფლება და არ დაედებათ მათ ხელი, როგორც მონანულებს ან მორწმუნე ერისკაცებს, ნურც მიეცემათ მათ ნება, რომ მეორედ ნათელღებულთა მსგავსად ხელახლა მიიღონ სამღვდელო პატივი.

კანონი 28


მღვდელნი, დიაკონნი და ეკლესიის სხვა მსახურნი, რომლებსაც თავისი ქონების გამო რაიმე სააპელაციო საქმე ჰქონდეთ და სამართლისათვის მიმართონ ზღვის გაღმა ნაპირს (იტალიას, რომს), ზიარებისათვის ნურსად შეიწყნარებენ მათ.

ასევე მიგვაჩნია, რომ თუ მღვდლები, დიაკვნები და სხვა მათ ქვემო ხარისხზე მდგომი ეკლესიის მსახურები რაიმე პირადი მიზეზის გამო არ დასჯერდნენ თავიანთი ეპისკოპოსის სამსჯავროს, მეზობელმა ეპისკოპოსებმა უნდა მოუსმინონ მათ და მათი ეპისკოპოსისა და მოწვეული ეპისკოპოსის თანხმობით განიხილონ და გაასწორონ მათ შორის საქმე. თუ არც ამათ გადაწყვეტილებას დასჯერდნენ, ნურც მაშინ წავლენ ზღვის გაღმა ნაპირზე სასამართლოში, არამედ მივიდნენ თავიანთი სამთავროს მიტროპოლიტთან, როგორც ეს ეპისკოპოსთა გამო იყო მრავალგზის დადგენილი. მას, ვინც ზღვის გადაღმა სამსჯავროს შესჩივლოს, აფრიკის ნურც  ერთი ეკლესია შეიწყნარებს საზიარებლად.

კანონი 29


თუ ვინმემ, უზიარებლობით დასჯილმა, მისი საქმის განხილვამდე გაბედოს ზიარება, თვითონ მისით მოუხმია თავის თავზე სასჯელი.

მიგვაჩნია აგრეთვე მთელ კრებულთან ერთად, რომ თუ ვინმე თავისი დაუდევრობის გამო უზიარებელ იქნეს, გინდ ეპისკოპოსი, გინდ რომელიმე სასულიერო პირი, თუ მისი უზიარებლობის დროს მისი საქმის განხილვამდე და გამართლებამდე ზიარება გაბედოს, როგორც თავის თავზე მომხმობი სასჯელისა, განიპატიჟოს.

კანონი 30


ბრალდებულისა და ბრალმდებლის შესახებ.

ბრალდებულისა და ბრალმდებლის შესახებ მიგვაჩნია, რომ თუ იმ ადგილას, რომლის მკვიდრიც იყო ბრალდებული ან ბრალმდებელი, რომელიმ ამთგანს ეშინოდეს ადგილობრივთა მხრივ მღელვარების ან რაიმე ძალდატანებისა, მას ნება აქვს, აირჩიოს ადგილი თავისთვის მახლობელ რაიონებში, სადაც არ გაუძნელდება მოწმეთა მიყვანა, რათა იქ გაირჩეს საქმე.

 

კანონი 31

თუ რომელიმე სასულიერო პირი თავისი ეპისკოპოსის მიერ უმაღლეს ხარისხზე იყოს აყვანილი, ხოლო იგი ეურჩებოდეს მას, ნურც იმ ხარისხზე დარჩენის უფლება ექნება, რომლის დატოვებაც არ ისურვა.

თუ ეკლესიის მსახური ან დიაკონი ეურჩება თავის ეპისკოპოსს, რომელსაც ეკლესიისათვის რაიმე საჭირო მიზეზის გამო სურს მისი პატივის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა თავისსავე ეკლესიაში, ნურც იმ ხარისხში იმსახურებს, რომლისაგან განშორებაც არ მოისურვა.

 

კანონი 32

თუ ვინმე უქონელმა სამღვდელოთაგანმა სასულიერო სამსახურში შეიძინოს რაიმე, მაგალითად, დაბა, იყოს ის ეპისკოპოსის ხელისუფლების ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და ყოველი სასულიერო პირი, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ, ეპისკოპოსობის ან მღვდლობის ჟამს მოძლიერდნენ და იყიდეს თავის სახელზე სახნავ-სათესი ადგილი, ან სოფელი და, როგორც კერძო საკუთრებისა, ისე ჰქონდეთ მათი განგების უფლება, ჰქონდეთ ასე, თუ თავიდანვე ეკლესიისთვის მიკუთვნება არ უნდოდათ, და თუ ვინმე მათმა ნათესავმა ან ოჯახის წევრმა ინებოს მათი სამემკვიდრეოდ დატოვება მემკვიდრეობის წესით, გააკეთონ, რაც მათ სურთ. მაგრამ თუ პირველი გადაწყვეტილება შემდეგ შეცვალონ, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ და წაართვან ეკლესიას, რაც მისთვის მიუკუთვნებიათ ადრე, ჩაითვალონ საეკლესიო პატივის უღირსად.

 

კანონი 33

ეკლესიისათვის შეწირულ ნივთებს მღვდლები ნუ გაჰყიდიან. არც ეპისკოპოსმა უნდა მოიხმაროს ქონება, რომელიც საეკლესიო შეწირულობის აღწერაში არის. მიგვაჩნია აგრეთვე, რომ მღვდლები ეპისკოპოსთან შეთანხმების გარეშე ეკლესიისთვის შეწირულ ქონებას არ უნდა ჰყიდდნენ. ასევე არც ეპისკოპოსმა უნდა გაყიდოს საეკლესიო სოფლები კრების გადაწყვეტილების გარეშე, ან თავის მღვდელთა თანხმობის გარეშე. ასევე არა აქვს უფლება ეპისკოპოსს, დიდი გაჭირვების გარეშე გაყიდოს საეკლესიო შეწირულობის სიაში შეტანილი ნივთები.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:10)