Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მინდოდა რაც შეიძლება მალე გამომეგზავნა წერილი შენი სიწმინდისათვის, მაგრამ მკაცრი პატიმრობის ქვეშა ვარ და აქამდე ვერაფრით მოვახერხე. ახლა კი, როდესაც სახიერმა ღმერთმა ინება და მომივლინა კაციცა და შემთხვევაც, ვისრულებ საწადელს, მოგესალმები და გეხვევი შენ, ჩემს სულიერ მამას, რომელიც ჭეშმარიტად ძალიან მიყვარს. ამა სოფლის მპყრობელთ ხორციელად კი გაგვყარეს, მაგრამ ამით ჩვენი ღმრთისმიერი ერთობა და სიყვარული ვერ დაარღვიეს, პირიქით, უფრო მეტადაც შეგვაკავშირეს. მჯერა, რომ შენს ღირსებასაც ვუყვარვარ მე უღირსი და ურყევად ადგას მართლმადიდებელი და ღმრთის სათნო აღმსარებლობის გზას. ყოველთვის ასეთდ ჩანდი ღმრთისა და კაცთა წინაშე, და არჩიე ჩვენთან ერთდ გაგეყო დევნულება ღმრთისმოშიშების წილ, თუმცა ეს არ სურდათ ძლიერთა ამა სოფლისა, ეშინოდათ მრავლის განდევნა და დატუსაღება, იმედი ჰქონდათ, რომ ამით ქვეყანას დაარწმუნებდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვუპირისპირდები, სხვა კი ყველა მათ მხარესაა. სინამდვილეში ასეთი ბევრია მათ სახელმწიფოში, თუმცა ისინი იმალებიან ან შიშის, ან შემგუებლბის გამო, ასე რომ, შეგვიძლია გავიმეოროთ ღმრთაებრივი დავითის სიტყვები: ”აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვშისა განმრავლდენ” (ფს. 138,18).

 

 

მართლაც, ეს უსჯულოება არც მცირეა და არც დაფარული, არამედ დიდი და თვალსაჩინო იმათთვის, ვისაც გონება უჭრის. მათ, თქვენო მაღალღირსებავ რამდენადაც ხელეწიფებოდათ, გააუკუღმართეს ქრისტეს განგებულება იმით, რომ სახარების მცნების დარღვევა და მემრუშეთა ქორწინება ეკლესიის მხსნელ იკონომიად გამოაცხადეს და ვინც ეს ამბავი არ მოიწონა, ისინი შეაჩვენეს. ერთი მცნების დარღვევით მთელი სახარება ხელყვეს, რამეთუ წერია: ”რომელმან ყოველი ჰსჯული დაიამრხოს და ჰსცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანა-მდებ” (იაკობ. 2,10), მათ კი დაცემულებს, უფრო სწორად, მემრუშეებსა და მათ დამაქორწინებელებს, აგრეთვე მათ თანამონაწილეებს და ყველას, ვისაც რაიმე ურთიერთობა აქვს მათთან (ყველა ესენი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან) დამნაშავეებს კი არა, ღმრთის განგების აღმასრულებლებს უწოდებენ. მაშ ტყუის იგი (ღმერთი), ვინც ასეთ ადამიანებს დამნაშავეებად სახელდებს, წმინდანები კი უცხონი ყოფილან ღმრთის განგებულებისათვის, რამეთუ არც ერთ წმინდანს არ შეუბღალავს ღმრთაებრივი კანონი, ხოლო ვინც შებღალა, მას შეუძლებელია წმინდანის სახელი ერქვას. ისინი კი ამ გადახვევას უცვალებელ დოგმატად აქცევენ, ღმრთაებრივ კანონად გვიდგენენ და ანათემას გადასცემენ ყველას, ვინც მათ თანამონაწილე არ უხდება. მაგრამ არც ცაზე და არც მიწაზე არც ერთი წმინდანი არ შეეწევა მრუშობას. ამგვარად, ცხადია, რომ მათ სახარების ერთი მცნების დარღვევით არა მხოლოდ მთელი სახარება ხელყვეს (თანაც საეკლესიო კრების განჩინებით ეს დარღვევა ეკლესიის მხსნელ იკონომიად გამოაცხადეს და დაადგინეს, რომ ყოველი მცნება შეიძლება დავარღვიოთ და ამ დარღვევას იკონომია ვუწოდოთ), არამედ შეაჩვენეს წმინდანები, რომლებიც არ იწონებენ ამ საქციელს, წმინდანებთან ერთდ კი მას არც ღმერთი იწონებს.

თუმცა, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი იმაზე, რასაც წერილიც ვერ დაიტევს? ჩვენს ეკლესიაში საშინელი ცრუმოძღვრება გამოცხადდა, ეს ბილწი მწვალებლობა, იმის გარდა, რომ სახარებას ხელყოფს, ღმრთაებრივ კანონებსაც არღვევს, რამეთუ უდანაშაულოდ აცხადებს მემრუშეს, რომელსაც ეს კანონები გმობენ. ცხადია, რაკი სახარება არად ჩააგდეს, ღმრთაებრივ კანონებზე ფიქრით თავს აღარ შეიწუხებდნენ. ყოველივე ამის შეხსენება, მამაო, ამისათვის დამჭირდა: რაკი იცი, რომ ეს აშკარა მწვალებლობაა, გაექეცი მწვალებლობასა და მწვალებლებს, ნუ გექნება მათთან ერთობა და ნუ მოიხსენიებ საღმრთო ლიტურგიაზე შენს უწმინდეს მონასტერში, რამეთუ წმინდა მამები დიდ მუქარას უთვლიან იმათაც კი, ვინც ტრაპეზს გაიყოფს მწვალებლებთან. თუ მკითხავ, რატომ მე თვითონ არ ვამბობდი ამას დატუსაღებამდე და რატომ ვიხსენიებდი ბიზანტიის მბრძანებლებს, გეტყვი, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შემდგარი საეკლესიო კრება, არ იყო გამოცხადებული ეს უღმერთო სწავლება და ანათემა. მაშინ საშიში იყო სრულიად გამოყოფა უსჯულოთაგან, შეიძლებოდა მათთან ურთიერთობას გაქცეოდი და დასაშვები იკონომიის გამო გარკვეულ დრომდე მოგეხსენიებინა კიდეც.

ახლა კი, როდესაც ამ კრებაზე აშკარად გამომჟღავნდა მწვალებლური უსჯულოება, დანარჩენ მართლმადიდებლებთან ერთად შენც თამამად უნდა თქვა სათქმელი, არავითარი ურთიერთობა არ გქონდეს მწვალებლებთან და არავინ მოიხსენიო მათგან, ვინც ამ უსჯულო კრებაში მონაწილეობდა, ან ვინც მათ აზრებს იზიარებს. ჭეშმარიტად შეგფერის, ღირსო მამაო თეოფილე, ვინც ყოველთვის ამართლებდი შენს სახელს (თეოფილე - ღმრთისმოყვარე (ბერძნ.)), ამ საქმეშიც ღმრთისმოყვარედ გამოჩნდე, რამეთუ დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა, ყველასათვის გასაგებად გამოაცხადა ღმრთის მტრებად არა მხოლოდ მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც. და თუ შენებრ მტკიცე კაცი შეცდება, სხვა ვინღა ცხონდეს? თუ ის, ვინც მწვალებლობის სრულ გამომჟღავნებამდე წმინდანივით შეუვალი იყო, ახლა გადაუხვევს სწორ გზას, სხვამ როგორღა გაბედოს ხმის ამოღება? თუ მონაზონი (ანუ მონასტრები და ყველა, ვინც მონასტრებშია), არ შერაცხავს ნაგავად ყოველივეს (ფილ. 3,8), მაშ ერისკაცმა როგორღა მიატოვოს ცოლი, შვილები და ათასი სხვა რამე?

ამიტომ შეგახსენებ, როგორ უმცროსი ძმა, ნუ გავჩუმდებით, რათა ჩვენში სოდომის გმინვა არ დატრიადლეს, ნუ დავინანებთ მიწიერს, რათა ზეციერს არ მოვაკლდეთ, ნუ ჩამოვაგდებთ საცთურს ღმრთის ეკლესიაში, რომელიც, წმ. მამების თქმით, სამი მართლმადიდებლისგანაც შეიძლება შედგებოდეს, რათა ღმრთის სამსჯავროზე არ განვისაჯოთ. მე უღირსი ამას ჩემი თავისთვის როდი ვამბობ - თუმცა კადნიერება კია ამის თქმა, მაგრამ ჭეშმარიტებისათვის სიკვდილი ჩემთვის შეძინება, ცხოვრება და სიხარულია - არამედ ჩვენი ძველი, სულიერი სიყვარულისა და საერთო სარგებლობისათვის: ჭეშმარიტად, თუკი ძე ღმრთისამ მაცხოვარმა და ყოველთა მეუფემ ჩვენთვის შესწირა თავი მსხვერპლად მამასა და ღმერთს, რა არ უნდა დავითმინოთ მისთვის ჩვენ, მეტადრე მონაზვნებმა, ვინც ჯვარს ეცვა სოფლის უარყოფით, ვინც ჭეშმარიტად და არა მხოლოდ სიტყვით დაუტევა ეს სოფელი?

კაცზე გარეგნობის მიხედვით როდი უნდა ვიმსჯელოთ, არამედ საქმეებით, რამეთუ მრავალმა გაიკეთა ნიღაბი და სინამდვილეში ის არ არის, რადაც თავს გვაჩვენებს. ამრიგად, დღეს მონაზვნებმა საქმით უნდა დაამტკიცონ თავიანთი მონაზვნობა, მონაზვნის საქმეები კი ის იქნება, რომ არავითარი სიახლის შეტანა არ დაუშვას სახარებაში, არ მისცეს ერისკაცებს მწვალებლობისა და მწვალებლებთან ერთობის მაგალითი და მათი წარწყმედის გამო პასუხისმგებლობამ არ მოუწიოს. ბევრი ზედემტი ვთქვი ამასობაში, ამის უფლება შენმა სიმდაბლემ მომცა. შენ კი, მამაო, ილოცე და ღმერთს ევედრე ჩემ უძლურისა და ცოდვილისათვის, ვისაც შენ ძალიან უყვარხარ. ჩემთან ერთად დატუსაღებულიც მოგესალმება და ლოცვას გთხოვს.

 

თარგმნა რუსიკო ბუაჩიძემ

”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. IV. 1992 წ.

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2011 00:22)