Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ასეულო ჩემო, მოძღვარი შენი გრიგოლ მოგიძღუანებ ამა სათნოსა საუნჯეს; ხოლო ყოველთა ძღვენთაგან უმჯობესია სულიერ მამის შეგონებანი.

უწყოდე, ოლიმპიადა - ძვირფას ქვათაგან შეჭედილ ოქროთი არ განშვენდებიან დედანი; ხოლო ხატებას ღვთისას ნუ დაიფარავ ფერ-უმარილით - ამ სამარცხვინო საკეკლუცოთი და პირ-სახეს შენსას ნუ წარხოც სხვა რამ მომაკვდინებელ ხატებით. მეწამული და ოქროქსოვილი, ელვარე და ჭრელა-ჭრულა სამოსი მათ დაუტევე, რომელთ ნათელი ცხოვრების არა ჰმოსიათ; ხოლო შენ იღვაწე უბიწოებისათვის, შინაგან თვალის განსაცვიფრებელ, ღირსახეს სილამაზისთვის. დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არა სადა დაუტევებს მას მშვენება ესე.

 

 

უწინარესად თაყვანსასცემდე უფალს და მერმედ მეუღლეს შენსას - რომელ თვალია შენის ცხოვრების და წინამძღოლი ზრახვათა შენთა. მას ერთსა ჰყვარებდე, მას ერთსა გულს უხარებდე, და რაც უფრო ნაზი სიყვარული აქუნდეს შენდამი, მით მეტითა პასუხობდე. ერთსულოვნების საკვრელ-ქვეშ დაიცევ ურყევი ერთგულება. იმგვარ თავისუფლების ნებას ნუ მისცემ შენს თავს, რაგვარსაც გაწვევს ქმრის სიყვარული, არამედ - წესისამებრ იქცეოდე; რამეთუ ნაყროვანება ყველაფერშია შესაძლო.

დედაკაცად შობილი, მამაკაცისთვის ჩვეულ მედიდურობას ნუ მიინიჭებ და ნურცა გვარ-ტომობითა აღიმაღლებ თავს, ნურც შესამოსელით გაყოყოჩდები და ნურცა ჭკუა-გონებით იამპარტავნებ. გონება შენი მეუღლეობის კანონსა მორჩილებს; რამეთუ საკვრელი ქორწინებისა ქმრისას და ცოლისას ყოველსავე ერთჰყოფს.

როცა გაგულისებულია ქმარი - დაუთმე მას; ხოლო თუ გადაღლილია, თბილი სიტყვითა და კეთილ-რჩევებით შეეწიე. ლომ-ვეფხვის მომთვინიერებელიც არ ხმარობს ძალას გაავებული ცხოველის დასამორჩილებლად, არამედ ფერებითა და საალერსო სიტყვებით შეაგონებს მას.

რაოდენ მწყრალად არ იყო, ნუროდეს უსაყვედურებ მეუღლეს მოწევნილ ზარალისათვის; რამეთუ შენთვის თავად იგია უმჯობესი მონაგები ყოველთა მოსაგებელზე. ნურც მას უსაყვედურებ ქმარს, ოდეს შედეგი მიზნისამებრ ვერ აღსრულდება. უსამართლობა იქნება ეს, რადგან დემონთა მანქანებით, ხშირად კეთილზრახვანიც ვერ აღწევენ მიზანს. ნურც უძლურებისთვის ყვედრი მეუღლეს შენსას, რადგან მახვილში მუდამ არის ძალა.

ვინც შენს ქმარს არ უყვარს, ნურც შენ შეუქებ მას ეშმაკურ ზრახვით-გულისსატკენად. კეთილშობილ ცოლ-ქმარს, და მით უფრო - ცოლს, ყოველგვარ შემთხვევაში მართებს გულწრფელობა.

საზიაროდ მიითვალე ყოველი ჭირი თუ ლხინი ქმრისა შენისა და ზრუნვაც ყოველი ერთგაქვნდეთ; რამეთუ ამაზედ დაეფუძნება ოჯახი.

შენმა რჩევამაც შესაძლოა ივარგოს; მაგრამ თავი ყოველთვის მამაკაცი უნდა იყოს.

ოდეს იურვის ქმარი შენი, შენც შსწუხდი მისთანა (ჭმუნვაში მეგობართა თანადგომა დარდს განაქარვებს), ხოლო შემდგომ უმალ გახალისდი და განუქარვე მას მჭმუნვარება; რამეთუ დარდში ქმრისათვის ყველაზე საიმედო საყუდელი - ცოლია.

საქმიანობა შენი საქსოვ-სართავი და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდევი.

სახლიდან ხშირად ნუ გახვალ და ნუ შეერთვი საზოგადო ლხენა-გართობას და უწესო კრებულს - საცა კდემამოსილნიც განიძარცვიან კდემისაგან და სადაცა არის თუალთ-მიდგმა; ხოლო სირცხვილის დაკარგვა - ყოველ ვნებათა დასაბამია.

რიგიან კრებულშიც კეთილგონიერთან სვლას განგიწესებ, რათა გონებაში კეთილი სიტყვა აღგებეჭდოს და მით ვნება რამ აღმოიძირკვო, ანუ სათნოება რამ შეგეძინოს.

შენი სახლია შენთვის ქალაქი. ნუ მისცემ თავს უფლებას გარეშეთ ეჩვენებოდე, ოდენ ხოლო კეთილგონიერნი ნათესავნი, მღვდელნი და ჭაღაროსანნი გხედვიდნენ და უმჯობეს ყმაწვილთა იყვნენ შენთვის ესენი. ნურც თავმაღალთა და ურცხვთა დედაკაცთა ეჩვენები; და ნურც კეთილსათნო მამაკაცთან ნუ გამოსჩნდები, მით უფრო თუ ქმარს შენსას არ სურდეს შინ მათი ნახვა. და ვინ ესრეთ გარგებს შენ, ვითარ მეუღლე შენი კეთილი, დაღათუ ის მხოლო გიყვარს.

ზე გაქუნდეს გული, გარნა ნუ იქნები ქედმაღალ.

ნუ დაეშურები ქორწილ-დღეობათ, სადაც არს მთვრალობა, როკვა, სიცილი და თვალშეუდგამი ხიბლები. ესე ყოველი აუძლურებს და უბიწოთ გაალაღებს, ვითარცა მზის სხივი ცვილს.

ნურც შენ გამართავ ოჯახში ლხენა-ქეიფებს, ნურც ქმრის შინ ყოფნისას და ნურც უმისოდ. დაღათუ სტომაქს საზღვარს დაუდებ, ეგების ვნებებიც დაიოკო. დაუმჭირვებელი სტომაქი მეც მაშინებს და შენს ქმარსაც.

პირსახეზე არც ვნება უნდა დაგთამაშებდეს და არც მრისხანება გითრთოდეს. ყოველი ადამიანისათვის სამარცხვინოა ეს, მით უფრო დედაკაცისათვის.

ყურთა შენთა, არათუ მარგალიტთაგან განაშვენებდე, არამედ სწვრთიდე კეთლსიტყვათა სასმენლად, ხოლო ძვირსიტყვაობისათვის დაიხშე თვალნი გონებისა. ყურნი შენნი განხვნილნიცა და დახშულნიც უბიწოებას ოდენ ისმენდნენ.

ქმრის სიახლოვეს ქალწულებრივი მორცხვობით გეფაკლებოდეს ღაწვნი. უცხოთ ჭვრეტაზე წითლდებოდე, ხოლო ეცადე თავად არვისა სჭვრეტდე, არამედ მიწად დახარე თვალნი.

თუ ენას აღვირს არ ასხამ, მოგიძულებს ქმარი. ენამწარობით ხშირად უდანაშაულოც ბოროტვნებულა. საქმეც რომ ითხოვდეს, მაშინაც დუმილი ჯობია, არამც თუ უადგილოდ სიტყვის წამოსროლა.

მალიად სვლა  უბიწოებას არა შვენის. სიარულშიაც გამოსჩანს რაღაცა თავხედური.

ესეც გულისხმაჰყავი: ნუ მიეცემი დაუოკებელ ხორციელ სიყვარულს და ყოველდროს ნუ ეძიებ ცოლ-ქმრული სარეცლის სიამოვნებას; მეუღლესაც შეაგონე წმიდა დღეთა პატივისცემა, რამეთუ დიდებულისა ღმრთისა ხატების მორჩილება ჯერარს კანონით, დაღათუ ძემ ღვთისამ თავადვე მოგვცა კაცთ მოდგმას კანონი ქორწინებისა, რომლის ძლით თაობა გრძელდება; ხოლო ერთნი მიდიან და მეორენი მოდიან და განახლებული თაობა იმ მდინარეს ემსგავსება, რომელიც სიკვდილის მეუფების მიზეზით არცა დგას ერთ ალაგს და მუდამ კი აღვსებულია ახალშობის მიზეზით.

მაგრამ მე რისთვის გითხრა წვრილად ყოველი? რჩევით კი გირჩევ, მაგრამ ამისთვის უკეთეს მრჩევლად გყავს შენ თეოდოსია - გათხოვილ ქალთა შემწედ მოვლენილი იგი ცხოვრების მაგალითია შენთვის სიტყვასა და საქმეში. მან მიგირქვა შენ მამისაგან და ყოველი კეთილიც მანვე განაცხოველა შენში. იგი ღვიძლი დაა უანგარო და ჭეშმარიტების მღაღადებელ არქიეპისკოპოს ამფილოქესი, რომელიც სიქადულია ჩემი და რომელსაცა უმწიკვლო თეკლასთან ერთდ ღმრთისა მიმართ წინავუძღოდი.

დაღათუ ჭაღარამ ჩემმა კეთილგონივრული სიტყვა რამ შეგძინა, მაშინ გაკურთხებ დაიცვა იგი გულის საუნჯეს. ამით მოიხვეჭ კეთილგანწყობას მეუღლისას, რომელიც ზღუდეა შენი. და თუ იგი ამაღლდება, უმეტეს მისსა იდიდები შენც.

აჰა, ჩემი ძღვენი! გარნა თუ უკეთესია საჭირო, მაშინ გლოცავ და იქმენ ვით ყანა ხვავრიელ მოდგმათ-მოდგმათა, რაითა მრავალრიცხოვანება კაცთა უგალობდეს დიდებას უფლისას, რომლისათვისცა ვიშვებით ქვყნად და რომლისკენაც განსვლა იმქვეყნად განგვიჩინა ჩვენ სჯულმა.

 

თარგმნა მარინა ნიაურმა

”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. IV. თბილისი, 1992 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2011 00:23)