Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი I

რა არის საღმრთო ნისლი


სამებაო ზეარსო, ზეღმერთო და ზეკეთილო, ქრისტიანთა თეოსოფიის წინამძღოლო, წარგვმართე ჩვენ საიდუმლო სიტყვათა ზეუცნაურო, ზებრწყინვალე და უზენაესი მწვერვალისაკენ, სადაც ღმრთისმეტყველების მარტივი, სრული და უცვლელი საიდუმლონი დაფარულნი არიან იდუმალი დუმილის ზენათელ ნისლში, რომელიც თავის უღრმეს სიბნელეში უმეტესი საჩინოებით ბრწყინავს და, ყოვლად შეუხებელი და უხილავი, ზემშვენიერი ბრწყინვით ავსებს უთვალო გონებით, - ასეთი იყო ჩემი ლოცვა.

ხოლო შენ, საყვარელო ტიმოთე, საიდუმლო ჭვრეტათა მიმართ გულმოდგინე სწრაფვისას გრძნობებიც დაუტევე და გონებისმიერი ქმედებანიც, ყოველივე გრძნობადიც და გონით საწვდომიც, ყოველი არსიც და არარსიც, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, უცნაური გზით ამაღლდე იმასთან ერთობამდე, რაც ყოველგვარ არსსა და ცოდნაზე უმაღლესია, რადგანაც მხოლოდ შენივე თავისა და ყველაფრისაგან მკვეთრი, სრული და წმინდა განდგომით თუ ამაღლდები საღმრთო სიბნელის იმ ზეარსობრივ სხივამდე, ყველაფრისაგან განდგომილი და განთავისუფლებული.

მაგრამ დაუკვირდი, გაუნდობელთაგან არავინ გაიგოს. მე ვგულისხმობ იმათ, რომელნიც ემსჭვალვიან ამქვეყნიურ არსთ და ჰგონიათ, რომ მათ გარდა არა არის რა ზეარსი, არამედ ფიქრობენ, რომ თავიანთი ცოდნით იცნობენ მას, ვინც თავის საფარველად დაიდო ბნელი, ხოლო თუ მათთვის არიან მიუწვდომელნი საღმრთო საიდუმლოებანი, რაღას ვიტყვით უფრო უვიცთა მიმართ, რომელნიც ყოვლის უზენაესს ყველაზე უდარესად სახავენ და ამბობენ, რომ ის არაფრით აღემატება მათ მიერ წარმოსახულ უღმერთო და მრავალსახოვან ფორმებს; თუმცაღა მასში, როგორც ყოვლის მიზეზში, უნდა ჩაგვედო და მისით გვემტკიცებინა არსთა ყოველი დებულება და უფრო მეტი უფლებამოსილებით მისგან, როგორც ყოველ არსზე უზენაესისაგან, უარგვეყო იგივე დებულებანი და კი არ გვეფიქრა, რომ წართქმანი უპირისპირდებიან უკუთქმათ, არამედ ყოველგვარ ნაკლებობაზე უწინარესად და ყოველგვარ დაკლებასა და მიმატებაზე უმაღლესად მიგვაჩნია იგი.

სწორედ ასე ამბობს ღვთაებრივი ბართლომეოსიც, რომ ღმრთისმეტყველება უხვიცაა და უკიდურესად მწირიც, ხოლო სახარება ვრცელიცაა და დიდიც და ფრიად მოკლეც. მე მგონია, ამის ღრმა გააზრებით, ყოვლის კეთილი მიზეზი მრავალსიტყვაც არის და მცირედმეტყველიც და უთქმელიც, თითქოს არც სიტყვა აქვს და არც გონება, რაკიღა ზეარსობრივად აღემატება ყოველს და მხოლოდ მათ გამოუჩნდება დაუფარავად და ჭეშმარიტად, რომელნიც დაუტევებენ ყოველივე წმინდას და არაწმინდას, ყოველი ზეაღსვლით ყველა წმინდა მწვერვალს თავზე ეხვევიან, ქვეოთ ტოვებენ ყოველგვარ საღმრთო ნათელს, ბგერებს და ციურ ხმებს და ნისლში დაინთქმებიან, სადაც, საღმრთო წერილის თქმით, ჭეშმარიტად არის ის, ვინც ყველაზე უზენაესია.

რადგან ღვთაებრივ მოსესაც უბრალოდ როდი ებრძანა, თავდაპირველად თვითონ განწმენდილიყო, მერე კი განშორებოდა განუწმენდელთ, და მხოლოდ ყოველგვარი განწმენდის შემდეგ ესმის  მრავალხმიან საყვირთა ხმა, ხედავს მრავალ ნათელს, წმინდად მოელვარესა და მრავალი სხივით ნაფერს. შემდგომ ამისა განეშორება მრავალთ და რჩეული მღვდლებითურთ საღმრთო აღსავალთა მწვერვალს აღწევს. მაგრამ მაინც ვერ სწვდება ღმერთს და მას კი ვერ ხედავს (რადგანაც უხილავია), არამედ იმ ადგილს, სადაც არის. ეს, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ხედვითა და გონებით წვდომის ყველა უღვთაებრივესი და უმწვერვალესი საგანი მხოლოდ სავარაუდო აზრია, მხოლოდ ნაკვალევი, რომლითაც მჟღავნდება ის, ვინც ყველაზე უმაღლესია, მისი არსებობა, ყოველგვარ აზროვნებას რომ აღემატება, მისივე უწმინდეს სამყოფელთა გონებრივ მწვერვალზე დამკვიდრებული.

და მაშინ, თვით ხილულთა და მხილველთაგან განშორებული, უმეცრების ჭეშმარიტად იდუმალ ნისლში შედის, სადაც გამორიცხავს შემეცნების ყველა უნარს და ამრიგად სრულიად შეუხებელსა და უხილავში რჩება. ასე რომ, აღარავისთვის არსებობს, აღარც თავისთვის და აღარც სხვისთვის, არამედ მხოლოდ მისთვის, ვინც ყოვლისმიღმურია, და ყოველგვარი შემეცნების გაუქმების შედეგად თავისი უკეთესი ნაწილით უერთდება ყოვლად შეუცნობელს. და სწორედ იმით, რომ არაფერს შეიმეცნებს, ზეგონებრივ შემეცნებას იძენს.



თავი II

როგორ უნდა შევუერთდეთ და ვუგალობოთ ყოველთა მიზეზსა და ყოველთა უზენაესს


ჩვენ გვურს, დავრჩეთ ლოცვად ამ ზენათელ ნისლში და უხილავობითა და უცოდინარობით ვიხილოთ და შევიცნოთ ის, ვინც ხილვასა და შემეცნებაზე უზენაესია, - თვით ამ უხილავობისა და უცოდინარობის მეოხებით. რადგან ესაა ჭეშმარიტი ხილვა და შემეცნება, და ზეარსის ზეარსობრივად შესხმა ყოველივე არსებულისაგან განყენებით, იმათ მსგავსად, ბუნებრივ მასალას რომ აქანდაკებენ და ყველა იმ წამონაზარდს აცლიან, რომლებიც ხელს უშლიან დაფარულის წმინდა სახით ჭვრეტას და მხოლოდ მათი თანდათანობით ჩამოშორების თუ გამოკლების წყალობით ამჟღავნებენ ფარულ მშვენებას.

ჩემი აზრით, გამოკლებას მატების საპირისპიროდ უნდა შევასხათ ქება, რადგან, თუ მატებისას ყველაზე პირველებიდან მოყოლებული, შუათანათა გავლით, უკანასკნელებამდე ჩამოვდიოდით, გამოკლებისას უკანასკნელებიდან პირველებამდე ავდივართ, ყველაფერს ვაშორებთ, რათა ცხადად შევიცნოთ ის უცოდინარობა, ყოვლივე შეცნობადისგან ყოველ არსში დამალული, და ვიხილოთ ის ზეარსი ნისლი, ყველასაგან არსთა ნათელში დაფარული.



თავი III

რანი არიან წართქმითნი ღმრთისმეტყველებანი და რანი - უკუთქმითნი


საღმრთისმეტყველო განწესებებში ვიგალობეთ ის, რაც უსაკუთრესად მიეკუთვნება წართქმით ღმრთისმეტყველებას - როგორ იწოდება საღმრთო და კეთილი ბუნება ერთებად და როგორ სამებად; რა ითქმის მასში მამობად და ძეობად; რისი უწყება ნებავს სულის ღმრთისმეტყველებას; როგორ გამობრწყინდებიან უნივთო და განუყოფელი სიკეთიდან სიკეთის გულისმიერი ნათელნი და როგორ გვევლინებიან თანამარადისნი მასში, თავიანთ თავში და ერთმანეთს შორის წარუვალნი და ნაყოფიერნი; როგორ ეზიარება ზეარსი იესო ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას; და ბევრი სხვაც, საღმრთო წერილში გადმოცემული, საღმრთისმეტყველო განწესებებში იგალობება. ხოლო წიგნში ”საღმრთოთა სახელთათვის” - როგორ ეწოდება ღმერთს კეთილი, როგორ - არსი, სიცოცხლე და სიბრძნე და ძალი და სხვა მისთანანი, რაც მიეკუთვნება ღმერთის საცნაურ სახელდებას; ხოლო ”სიმბოლურ ღმრთისმეტყველებაში” - რანი არიან გრძნობადთაგან ღმერთზე გადატანილი სახელნი, რას ნიშნავს საღმრთო ხატებანი, რანი არიან საღმრთო სახენი, ნაწილნი და ორგანონი, რანი - საღმრთო ადგილნი და სამკაულნი, რანი - გულის-წყრომანი, მწუხარებანი და მძულვარებანი, მთვრალობანი და ღრეობანი, რანი არიან ფიცნი და რანი - წყევანი, რანი - ძილნი და რანი - ღვიძლნი და ღმერთის სიმბოლურ გამოხატულებათა სხვა წმინდა ხატებანი და სახებანი.

ვგონებ, შენც მიხვდი, რომ ამ უკანასკნელში უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე პირველში, ვინაიდან საღმრთისმეტყველო განწესებანი და საღმრთო სახელთა განმარტებანი გაცილებით მოკლემეტყველი უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე სიმბოლური ღმრთისმეტყველება, ვინაიდან რაც უფრო მაღლა ვისწრაფვით, მით უფრო მოკლდება ჩვენი სიტყვები გონით საწვდომთა ჭვრეტისას, ისევე როგორც ამჟამად, როცა ყოველგვარ გონებაზე უზენაეს ნისლში შევდივართ, არამცთუ სიტყვამცირობას, არამედ სრულ უსიტყვობასა და უგონობას ვპოვებთ. იქ, ზემოდან უკანასკნელთა მიმართ ჩამოსვლისას, სიტყვა, ჩამოსვლის კვალდაკვალ, თანდათანობით ვრცელი ხდებოდა, ახლა კი, უზენაესისაკენ აღმასვლისას, თანდათანობით მოკლდება აღმასვლის კვალდაკვალ, ხოლო აღმასვლის დასასრულს სრულიად უხმო ხდება და მთლიანად შეერთვის უთქმელს.

კი მაგრამ, იტყვი შენ, რატომაა, რომ წართქმითი დებულებები ღმერთის შესახებ პირველისაგან გამოგვყავს, ხოლო უარყოფითთ  უკანასკნელთაგან ვიწყებთ? იმიტომ, რომ ყოველგვარ დებულებაზე უზენაესის შესახებ რაიმე დებულების მტკიცებისას პირობითი დებულებისათვის უნდა მიგვემართა და ის გვესესხებინა მისგან, რაც ყველაზე მეტად ენათესავება მას. ხოლო უარყოფითი დებულებიდან იმის შესახებ, ვინც ყოველგვარ უარყოფაზე უზენაესია, უნდა გამოგვეკლო ყოველივე ის, რაც ყველაზე მეტად დაშორებულია მისგან. ვინაიდან ღმერთი განა უფრო მეტად არ არის სიცოხლე და სიკეთე, ვიდრე ჰაერი და ქვა? და განა უფრო მეტად არც მემთვრალეობს და არც მრისხანებს, ვიდრე სიტყვით და გონებით მიიწვდომება?



თავი IV

იმისათვის, რომ არც ერთი გრძნობადთაგანი არ არის ის, ვინც ზეაღმატებით ყოველივე გრძნობადის მიზეზია

ამრიგად, ვამბობთ, რომ ყოვლის მიზეზი და ყველაზე უზენაესმყოფი არც უარსოა, არც უსიცოცხლო, არც უსიტყვო, არც უგონო; არც სხეულია, არც სახე, არც ხატი, არც თვისება, არც ოდენობა; არც სიმძიმე აქვს, არც რაიმე ადგილისაა, არც ხილულია, არც გრძნობით შეხებადი; არც შეიგრძნობს, არც შეიგრძნობა; არც უწესრიგობა აქვს, არც ნივთიერ ვნებათაგან აღძრული შფოთი; არც უძალოა, გრძნობად გარემოებაზე დამოკიდებული; არც ნათელი აკლია, არც ცვლილებას, არც ხრწნილებას, არც გაყოფას, არც ნაკლებობას, არც მდინარებას განიცდის და სხვა გრძნობადთაგან არც რა აქვს და არც რაა.

თავი V


იმისათვის, რომ არც ერთი გონით საწვდომთაგანი არ არის ის, ვინც ზეაღმატებით ყოველივე გონით საწვდომის მიზეზია კვლავ


აღმასვლისას ვამბობთ, რომ ღმერთი არც სულია, არც გონება; არც წარმოსახვა აქვს, არც წარმოდგენა, არც სიტყვაა, არც აზროვნება; არც ითქმის, არც გონებით მიიწვდომება; არც რიცხვია, არც წესრიგი, არც სიდიდე, არც სიმცირე, არც სწორობა, არც უწესრიგობა, არც მსგავსება, არც არამსგავსება; არც დგას, არც იძვრის, არც მოსვენებულია; არც ძალა აქვს, ძალაა, არც სინათლე, არც ცხოვრობს, არც სიცოცხლეა, არც არსია, არც მარადისობა, არც დრო, არც გონით შეხებადი; არც ცოდნაა, არც ჭეშმარიტება; არც მეუფება, არც სიბრძნე, არც ერთი, არც ერთობა, არც ღვთაება; არც სიკეთე; არც სულია, როგორც ჩვენ გვესმის; არც ძეობა, არც მამობა, არც სხვა რამ მისთანა, როგორც ჩვენთვის, ისე სხვა არსებათათვის შესაცნობი; არც არარსთაგანია, არც არსთაგანი; არც არსნი იცნობენ, როგორია იგი, არც თვითონ იცის, როგორნი არიან არსნი; არ არის მისთვის სიტყვამ არც სახელი, არც ცოდნა; არც სიბნელე, არც სინათლე, არც მცდარობა, არც ჭეშმარიტება. ვერც ვერაფერს მივუმატებთ, ვერც გამოვაკლებთ, არამედ მის შემდგომთათვის თუ ვიქმთ მატებასა და კლებას, თვითონ კი ვერც რას ვუმატებთ და ვერც ვაკლებთ, ვინაიდან ყოველგვარ მატებაზე უსრულქმნილესია, ყოვლის ერთადერთი მიზეზი და ყოველგვარ კლებაზე უზენაესი, ყოვლისაგან სრულიად განყენებული და ყოვლისმიღმური.



ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ქეთევან ბრეგვაძემ
ჟურნალი ”ზღვარი”.  N 1(3), 200

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:41)