Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.

9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. 18. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა. 19. ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა იერუსალიმიდან წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? 20. და აღიარა, როდი უარყო; დიახ, აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. 21. ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა.  22. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე? 23. მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა. 24. ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანნი იყვნენ. 25. და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი? 26. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ. 27. ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი. 28. ეს ხდებოდა ბეთაბარაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე. 29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. 30. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად. 32. მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. 33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. 34. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა. 35. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად. 36. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა. 37. ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. 38. ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ? 39. უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი. 40. ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო, 41. რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე); 42. და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე). 43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. 44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე. 45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.  46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. 47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. 48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. 49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. 50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ. 51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.

 

 

თავი მეორე

1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. 2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. 3. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. 4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. 5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. 6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. 7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. 8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. 9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. 10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. 11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. 12. ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ. 13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს. 14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. 15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. 16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად. 17. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე. 18. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? 19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. 20. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? 21. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. 22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც. 23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. 24. მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას. 25. და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში.

 

თავი მესამე

1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, 2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. 3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. 4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? 5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. 6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული. 7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. 8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. 9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი? 11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ. 12. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას? 13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. 14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. 15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. 18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. 19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. 20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი. 21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი. 22. შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. 23. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან. 24. რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში. 25. მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო. 26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან. 27. მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია. 28. თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული. 29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი. 30. ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე. 31. მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია. 32. რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. 33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი. 34. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. 35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას. 36. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.

 

თავი მეოთხე

1. ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო 2. (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). - 3. მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. 4. ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო. 5. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს.  6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი. 7. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო. 8. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად. 9. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან. 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ. 11. ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი? 12. ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც? 13. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. 14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში. 15. უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. 16. უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი. 17. მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. 18. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი. 19. უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა. 21. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. 22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. 23. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს. 24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. 25. ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ. 26. მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე. 27. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებით? 28. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29. მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი? 30. გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. 31. ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე! 32. იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. 33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი? 34. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. 35. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც. 37. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო. 38. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში. 39. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. 40. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. 41. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. 42. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე. 43. ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა. 44. ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში. 45. გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს. 46. ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში. 47. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ. 49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე. 50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა. 51. შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო. 52. გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ. 53. მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო. 54. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში.

 

თავი მეხუთე

1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს. 2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა. 3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას. 4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა. 5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. 6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო? 7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას. 8. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. 9. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. 10. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. 11. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. 12. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? 13. მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა. 14. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს. 15. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი. 16. ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს. 17. ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი. 18. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს. 19. ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს. 20. რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად. 21. ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს. 22. რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა. 23. რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. 31. თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 32. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის. 33. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს. 34. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ. 35. ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით. 36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული. 37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი. 38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული. 39. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის. 40. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ. 41. დიდებას არ ვიღებ კაცთაგან. 42. მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში. 43. მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ. 44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის? 45. ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ. 46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა. 47. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?

 

თავი მეექვსე

1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა. 2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას. 3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. 5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? 6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა. 7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. 8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა: 9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის? 10. იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი. 11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა. 12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო. 13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. 14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად. 15. იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე. 16. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ; 17. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. 18. ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა. 19. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ. 20. ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ. 21. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ. 22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ. 23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. 24. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს. 25. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ? 26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. 28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი? 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. 30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ? 31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. 32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. 33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. 34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს. 35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს. 36. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ. 37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. 38. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა. 39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს. 41. ხოლო იუდევეღესი დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით; 42. და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო? 43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. 44. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45. წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა. 46. არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა. 47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე.  48. მე ვარ პური სიცოცხლისა. 49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. 50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. 51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. 52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? 53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 55. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. 56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. 57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. 58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. 59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. 60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? 61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ? 62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? 63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. 64. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ. 66. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. 67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? 68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. 70. მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია. 71. იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი.

 

თავი მეშვიდე

1. ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას. 2. მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა. 3. და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი. 4. ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი. 5. ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. 6. და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის. 7. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი. 8. თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი. 9. ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა. 10. მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. 11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? 12. და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო. 13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე. 14. მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. 15. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი? 16. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა. 17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში. 19. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად? 20. მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად? 21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ. 22. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს. 23. თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს? 24. იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ. 25. ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ? 26. აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე? 27. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის. 28. მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. 29. მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა. 30. ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 31. ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა? 32. ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად. 33. ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები. 34. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ. 35. ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს? 36. ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო. 37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. 38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. 39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო. 40. ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი. 41. მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა? 42. წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი. 43. და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში. 44. ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი. 45. მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? 46. მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი. 47. ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ? 48. ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი? 49. მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია. 50. უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო: 51. განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა? 52. მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი. 53. და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.

 

თავი მერვე

1. ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია. 2. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ. 3. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს 4. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; 5. მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? 6. ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. 7. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. 8. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. 9. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. 10. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? 11. მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ. 12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. 15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. 31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. 41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი. 42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. 52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. 53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? 54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. 55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. 56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. 57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? 58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. 59. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.

 

თავი მეცხრე

1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. 4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. 5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. 6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას 7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. 8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? 9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ. 10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? 11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. 12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. 13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. 14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. 15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. 16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის. 17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. 18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს 19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს? 20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; 21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. 22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. 23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. 34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? 37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. 39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. 40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? 41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.

 

თავი მეათე

1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 17. იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. 18. ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან. 19. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის. 20. ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას? 21. სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს? 22. ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. 23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. 24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. 25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. 27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. 29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. 30. მე და მამა ერთი ვართ. 31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. 32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? 33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? 37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. 38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში. 39. მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ. 40. და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ. 41. ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო. 42. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.

 

თავი მეთერთმეტე

1. ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი. 2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. 3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის. 4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. 5. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. 6. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. 7. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. 8. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? 9. იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. 10. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. 11. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. 12. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. 13. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. 14. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა. 15. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან. 16. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ. 17. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. 18. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. 19. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. 20. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.  21. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. 23. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. 24. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. 25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. 26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? 27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. 28. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. 29. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. 30. რადგანაც იესო ჯერ იდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. 31. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. 32. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 33. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: 34. სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. 35. მაშინ აცრემლდა იესო. 36. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. 37. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? 38. ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. 39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. 40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. 41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. 43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! 44. და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. 45. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. 46. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა. 47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. 48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. 49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ 50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. 51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. 52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. 53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. 54. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდევეღთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო. 56. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე? 57. ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.

 

თავი მეთორმეტე

1. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 2. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 9. იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 10. ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. 11. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს. 12. მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, 13. აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! 14. იესომ კი იპოვა ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15. ნუ გეშინია, ასულთ სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი! 16. მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას. 17. მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. 18. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული. 19. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას. 20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. 22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. 23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. 25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.  27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან. 37. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი. 38. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა? 39. ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ: 40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის. 42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით. 43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა. 44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი. 45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს. 46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში. 47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად. 48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს. 49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო. 50. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.

 

თავი მეცამეტე

1. პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე. 2. სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, 3. იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის, 4. წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა. 5. მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა. 6. მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? 7. მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. 8. უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. 9. უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. 10. უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა. 11. ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო. 12. ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით? 13. თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. 14. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. 15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ. 16. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი. 17. თუ ეს იცით,  ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას. 18. ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი. 19. ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. 20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 21. ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე. 22. მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს. 23. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას. 24. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო. 25. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის? 26. იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. 27. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. 28. მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. 29. ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო. 30. ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე. 31. როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ. 32. ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე. 33. შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა. 34. ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. 35. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის. 36. ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები. 37. უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის. 38. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.

 

თავი მეთოთხმეტე

1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე. 2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი? 3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. 4. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. 5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? 6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. 7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. 8. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. 9. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? 10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. 11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. 12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ. 13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. 14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ. 15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. 16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, - 17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. 18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. 19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში. 21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. 22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? 23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. 24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. 25. თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. 26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. 27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება. 28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. 29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. 31. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ.

 

თავი მეთხუთმეტე

1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. 2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. 3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. 6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. 8. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი. 9. როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში. 10. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში. 11. ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული. 12. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. 13. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. 14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ? 15. უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან. 16. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ. 17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.

 

თავი მეთექვსმეტე

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. 4. მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. 5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. 6. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული. 7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. 8. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: 9. ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. 10. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. 11. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია. 12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ. 13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. 14. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. 15. ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი. 16. ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ: კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარ. 17. ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო? 18. ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს. 19. იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი? 20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ. 21. ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად. 22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს. 23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. 24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. 25. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. 26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. 27. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. 28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. 29. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. 30. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. 31. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? 32. აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. 33. ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.

 

თავი მეჩვიდმეტე

1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. 14. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. 15. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. 16. ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. 17. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. 18. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. 19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. 23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. 25. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. 26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.

 

თავი მეთვრამეტე

1. ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. 2. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. 3. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. 4. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ? 5. მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა. 6. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ. 7. კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს. 8. მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ. 9. რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს. 10. ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი. 11. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა? 12. მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი. 13. და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. 14. სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. 15. მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. 16. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე. 17. ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ. 18. რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა. 19. ხოლო მღვდეღმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი. 20. იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა. 21. მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან, რასაც ვამბობდი. 22. ეს რომ თქეა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს? 23. უთხრა მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ? 24. მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან. 25. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ. 26. მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? 27. კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა. 28. ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა. 29. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს? 30. მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით. 31. უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება. 32. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? 34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? 35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? 36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. 37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. 38. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 39. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. 40. მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო.

 

თავი მეცხრამეტე

1. მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. 2. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი. 3. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო: და სახეში ურტყამდნენ მას. 4. კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 5. მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; 6. ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 7. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულღის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. 8. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. 9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. 10. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც? 11. იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა. 12. ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება. 13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა. 14. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! 15. ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. 16. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. 17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა, 18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო. 19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. 20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. 21. ხოლო იუდეველთა მღვდელმთავრებმა უთხრეს პილატეს: ნუ დაწერ: იუდეველთა მეფე, არამედ როგორც მან თქვა: მე ვარ მეფე იუდეველთა. 22. მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე. 23. ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად გაყვეს, თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი; ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. 24. და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის, და ჩემს კვართზე იყარეს წილი. 25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. 26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! 27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. 28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია. 29. იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპს წამოაცვეს და პირთან მიუტანეს. 30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა. 31. რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. 33. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. 35. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ. 35. ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება. 37. ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს. 38. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი. 39. მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა. 40. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი. 41. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. 42. იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც ახლოს იყო სამარხი.

 

თავი მეოცე

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. 2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ. 11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 12. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას. 19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.  28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

 

თავი ოცდამეერთე

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა. 15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:40)