Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. 2. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია, 3. და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ. 4. შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. 5. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით. 6. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?

7. და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ. 8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე. 9. ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან. 10. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით, 11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი. 12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა. 13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა, 14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად. 15. იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა: 16. კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ. 17. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა. 18. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი. 19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა. 20. ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“. 21. ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, 22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე. 23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია. 24. ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე. 25. რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას. 26. და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.

 

თავი მეორე

1. ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. 2. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. 3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. 4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. 5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ. 6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. 7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან? 8. როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით? 9. პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, 10. ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, 11. იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს. 12. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს? 13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო. 14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს: 15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია. 16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ: 17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, 18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. 19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. 20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. 21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“. 22. კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, - 23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით. 24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი. 25. და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. 36. ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით. 27. რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად. 28. შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“. 29. კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა დღევანდელ დღემდე. 30. მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე, 31. ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება. 32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი. 33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ. 34. დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, 35. ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“. 36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. 37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო? 38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს. 39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. 40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან. 41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. 42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. 43. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ. 44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. 45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა. 46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, 47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.

 

თავი მესამე

1. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს. 2. იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის. 3. როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ. 4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე. 5. მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო. 6. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე. 7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. 8. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს. 9. მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს. 10. იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა. 11. რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“. 12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი? 13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი. 14. მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის. 15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. 16. რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე. 17. თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა. 18. ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა. 19. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები, 20. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე, 21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. 22. რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. 23. და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“. 24. ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს. 25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“. 26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.

 

თავი მეოთხე

1. ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი, 2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. 3. დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა. 4. ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე. 5. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი, 6. ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან. 7. შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს? 8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო, 9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი, 10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით. 11. ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა. 12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს. 13. პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს. 14. ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა. 15. სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა. 16. ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას. 17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით. 18. მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით. 19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს. 20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია. 21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა. 22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული. 23. განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ. 24. ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში, 25. ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი? 26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“. 27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად. 28. რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა. 29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა, 30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით. 31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად. 32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. 33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე. 34. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ, 35. მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა. 36. ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა, 37. გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.

 

თავი მეხუთე

1. ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, 2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. 3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? 4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. 5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. 6. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. 7. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 8. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. 9. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. 10. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს. 12. ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან. 13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ. 14. და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა. 15. ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. 16. ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. 17. მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ. 18. ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს. 19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა. 21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში. 22. მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს: 23. საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ. 24. ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო? 25. ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო. 26. მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. 27. როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ: 28. აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი. 29. ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა. 30. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით. 31. თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს. 32. ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ. 33. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის. 34. მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები. 35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. 36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ. 37. შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც. 38. ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება. 39. ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ. 40. დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი. 41. ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ. 42. ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.

 

თავი მეექვსე

1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. 2. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. 3. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. 4. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. 5. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,  6. რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ. 7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას. 8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში. 9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს. 10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი. 11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო. 12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს. 14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ. 15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.

 

თავი მეშვიდე

1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? 2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე, 3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. 5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი. 6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს. 7. „მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე“. 8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს. 9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტემი გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან. 10. განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი. 11. ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები. 12. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პარველად ჩვენი მამები. 13. მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი. 14. გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული. 15. ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც. 16. გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან. 17. როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში 18. იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. 19. ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ. 20. ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში. 21. ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი. 22. განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით. 23. ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა. 24. დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია. 25. ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს. 26. მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერომანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს? 27. მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულად? 28. იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი? 29. ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი. 30. ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში. 31. გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა: 32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა. 33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა. 34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“. 35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას. 36. მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე. 37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ. 38. ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის; 39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით. 40. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან. 41. შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს. 42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს? 43. თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“. 44. მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად. 45. ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე. 46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე. 47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. 48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: 49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? 50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“ 51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც. 52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.  53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი. 54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. 55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო. 56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს. 57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას. 58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე. 59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული. 60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

 

თავი მერვე

1. ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ. 2. ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი. 3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ. 4. ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. 5. ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს. 6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. 7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. 8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში. 9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი.  10. ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.   11. სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით. 12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც. 13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.  14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, 15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა. 16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით. 17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა. 18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ 19. და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა. 20. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი. 21. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე. 22. მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა. 23. რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს. 24. მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე. 25. ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ. 26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ. 27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს, 28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. 29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. 30. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ? 31. მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. 32. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა  მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. 33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“. 34. მიუგო  საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? 35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. 36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? 37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. 38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. 39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას. 40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.

 

თავი მეცხრე

1. ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა 2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს. 3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით. 4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? 5. მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს. 7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. 8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში. 9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა. 10. ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო! 11. უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი. 12. ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი. 13. მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. 14. აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს. 15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. 16. მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის. 17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით. 18. მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო. 19. საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში. 20. დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა. 21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი? 22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. 23. საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი. 24. მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან. 25. მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. 26. სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. 27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით. 28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით. 29. ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი. 30. ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს. 31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული. 32.  მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში. 33. და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე. 34. უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა. 35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა. 36. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა. 37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს. 38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან. 39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო. 40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. 41. ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი. 42. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი. 43. პეტრე დიდხანს დარჩა იოპეს, ვინმე სიმონ დაბაღის სახლში.

 

თავი მეათე

1. კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, 2. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. 3. მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს! 4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად. 5. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. 6. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას. 7. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს, 8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი. 9. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. 10. მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი. 11. და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. 12. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. 13. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე. 14. ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 15. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 16. ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად. 17. ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ. 18. დაიძახეს და იკითხეს: აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე? 19. ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: აი, სამი კაცი დაგეძებს. 20. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი. 21. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ? 22. ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები. 23. მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა. 24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. 25. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. 26. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ. 27. მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული. 28. და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად. 29. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ? 30. კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, 31. რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. 32. მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას. 33. მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის. 34. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება. 35. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. 36. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი. 37. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებუღი, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. 38. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. 39. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. 40. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა 41. მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, - ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. 43. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. 44. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. 45. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი. 46. რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. 47. მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სული წმიდა? 48. და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.

 

თავი მეთერთმეტე

1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს 3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. 4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ: 5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. 6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. 7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე! 8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად. 11. და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. 12. სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი. 13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს; 14. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც. 15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად. 16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით. 17. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს? 18. ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. 19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. 20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. 21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ. 22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. 23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. 25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. 26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. 27. იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი. 28. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. 29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის. 30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

 

თავი მეთორმეტე

1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი. 12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13. როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. 14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. 15. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო. 16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. 17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა. 18. განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო? 19. ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. 20. ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს. 21. დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ. 22. ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო. 23. მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა. 24. ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა. 25. თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.

 

თავი მეცამეტე

1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე. 2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. 3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს. 4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს. 5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას. 6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს, 7. რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. 8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული. 9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას 10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? 11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. 12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. 13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. 14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ. 15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით. 16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ! 17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან. 18. ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. 19. ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. 20. შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე. 21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს. 22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“. 23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო, 24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას. 25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე. 26. კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 27. ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს. 28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი. 29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს. 30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. 31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. 32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო. 33. როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 34. ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“. 35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“. 36. დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. 37. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. 38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება. 39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე. 40. ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული: 41. „უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“. 42. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს. 43. საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში. 44. მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა. 45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე. 46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ. 47. რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“. 48. ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის. 49. და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში. 50. მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი. 51. ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს. 52. მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.

 

თავი მეთოთხმეტე

1. იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა. 2. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული. 3. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს. 4. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს. 5. მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, 6. გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს,7. და ახარებდნენ იქ. 8. ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო. 9. ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა. 10. ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო. 11. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. 12. ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა. 13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. 14. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს: 15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია, 16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ. 17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს. 18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი. 19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ. 20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს, 21. სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ. 22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. 23. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. 24. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ. 25. პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ. 26. იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს. 27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი. 28. კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.

 

თავი მეთხუთმეტე

1. ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო. 2. როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. 3. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. 4. იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. 5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. 6. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. 7. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა. 9. ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. 10. მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? 11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. 12. დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. 13. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: 14. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. 15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: 16. „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, 17. რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“. 18. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. 19. ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. 20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. 21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. 22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. 23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! 24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, 25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. 28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: 29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ! 30. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. 31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. 33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. 34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება. 35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. 36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. 37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. 38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. 39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს. 40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. 41. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

 

თავი მეთექვსმეტე

1. ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი, 2. რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. 3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. 4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები. 5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად. 6. ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა. 7. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება. 8. მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ. 9. პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო. 10. ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა. 11. ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს, 12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე. 13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს. 14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები. 15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია. 16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. 18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. 19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან, 20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; 21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს. 22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო. 25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. 27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას; 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? 31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი. 35. გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო. 36. დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით. 37. მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ. 38. მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო. 39. მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. 40. საპყრობილედან გამოსულნი ლიდიასთან მივიდნენ, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და გზას გაუდგნენ.

 

თავი მეჩვიდმეტე

1. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა. 2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან; 3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო. 4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი. 5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი. 6. რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან; 7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს. 8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი. 9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი. 10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. 11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო. 12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი. 13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი. 14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ. 16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.

 

თავი მეთვრამეტე

1. შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა, 2. სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ. 3. რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ. 4. ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს. 5. მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე. 6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ. 7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა. 8. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო. 9. ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები, 10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში. 11. ერთი წელი და ექვსი თვე დაჰყო იქ და ასწავლიდა იქაურებს ღვთის სიტყვას. 12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი. 13. ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს. 14. როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის. 15. მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული. 16. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან. 17. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას. 18. ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო. 19. ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა. 20. მაგრამ, როდესაც სთხოვეს, მეტ ხანს დარჩიო, არ დათანხმდა, 21. არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა. 22. კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა. 23. ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს. 24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი, 25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო. 26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. 27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით. 28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.

 

თავი მეცხრამეტე

1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. 2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. 3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო. 4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე. 5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. 6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი. 8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე. 9. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. 10. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას. 11. ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით. 12. ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან. 13. იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. 14. ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე. 15. მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ? 16. ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან. 17. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი. 18. მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. 19. ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი. 20. ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა. 21. ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო. 22. მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა. 23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ. 24. ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს, 25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული. 26. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო. 27. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც. 28. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე! 29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ. 30. პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს. 31. ზოგიერომა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო. 32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ. 33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე. 34. მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე; 35. მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა? 36. რაკი ეს უცილობელია, მოვალენი ხართ მშვიდად იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ. 37. თქვენ კი მოიყვანეთ ეს ხალხი, რომელსაც არც ტაძარი გაუძარცვავს და არც ჩვენი ქალღმერთი უგმია. 38. თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს. 39. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, 40. რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა კრებული.

 

თავი მეოცე

1. შფოთის დაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გასწია. 2. იქაურობა რომ მოიარა და მრავალი სიტყვით ანუგეშა მორწმუნენი, საბერძნეთს ჩავიდა. 3. სამი თვე დაჰყო იქ და სირიაში ხომალდით გამგზავრება რომ დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება მოუწყვეს; ამიტომაც გადაწყვიტა, მაკედონიის გავლით დაბრუნებულიყო. 4. ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე, 5. რომლებმაც წინ გაგვისწრეს და ტროაში გველოდნენ. 6. ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ხომალდით გავემგზავრეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მათ შევუერთდით ტროაში, სადაც შვიდი დღე დავრჩით. 7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. 8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო. 9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 10. ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო. 11. მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა. 12. ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი. 13. ჩვენ დავწინაურდით და ხომალდით ჩავედით ასოსში, საიდანაც უნდა წაგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თვითონ ფეხით აპირებდა წამოსვლას. 14. ასოსში რომ შემოგვიერთდა, წამოვიყვანეთ და მივედით მიტილენეში. 15. იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ. 16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში. 17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო. 18. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. 19. ვმონებდი უფალს მთელი სიმდაბლით, ცრემლთა ფრქვევითა და განსაცდლით, რაც შემემთხვეოდა იუდეველთა ბოროტი ზრახვით. 20. არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის. 21. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. 22. და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა. 23. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის. 24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. 25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. 26. ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში. 27. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება. 28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. 29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. 31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს. 32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად. 33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი. 34. თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან. 35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. 36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. 37. ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს. 38. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე.

 

თავი ოცდამეერთე

1. მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას. 2. ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ. 3. გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. 4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს. 5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ. 6. ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ. 7. გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან. 8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით. 9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო. 10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. 11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში. 12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს. 13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს. 14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება! 15. და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ. 16. თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში. 17. იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. 18. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც. 19. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის. 20. ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს. 21. შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ. 22. მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს. 23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს. 24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს. 25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. 26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. 27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას 28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. 29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი). 30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი. 31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. 32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას. 33. მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო? 34. ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა. 35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე. 36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა  და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას! 37. ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი? 38. განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი?  39. პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო. 40. ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ:

 

თავი ოცდამეორე

1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე. 2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო: 3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი. 4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც. 5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი. 6. მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით. 7. მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? 8. მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი. 9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. 10. მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს. 11. რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. 12. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული, 13. მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი. 14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა. 15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე. 16. მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს. 17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი. 18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ. 19. მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ, 20. ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი. 21. მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ. 22. ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის! 23. და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში, 24. ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით. 25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე? 26. ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო. 27. ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. 28. ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე. 29. მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა. 30. მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.

 

თავი ოცდამესამე

1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. 2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის. 3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას. 4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ? 5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი. 6. როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს. 7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული. 8. ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას. 9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი? 10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი. 11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო. 12. როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს. 13. ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ. 14. მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს. 15. მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად. 16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს. 17. ხოლო მან უხმო ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, ვინაიდან რაღაცა აქვს მისთვის სათქმელი. 18. მანაც წაიყვანა იგი, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: პატიმარმა პავლემ მიხმო და მთხოვა შენთან მომეყვანა ეს ჭაბუკი, ვინაიდან სიტყვა აქვს შენთვის სათქმელი. 19. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა, განზე გაიხმო და ჰკითხა: რაო, მაინც რა უნდა მითხრა? 20. ხოლო მან უთხრა: იუდეველებმა განიზრახეს გთხოვონ, რომ ხვალ სინედრიონში მიიყვანო პავლე, ვითომ უფრო გულდასმით სურთ მისი საქმის გამოძიება. 21. მაგრამ ნუ ერწმუნები მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ პავლეს. ახლა უკვე გამზადებულნი არიან შენი ბრძანების მოლოდინში. 22. მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო. 23. მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად. 24. მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართვეღ ფელიქსს მიჰგვარონ. 25. და დაწერა ასეთი შინაარსის წერილი: 26. „კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართვეღს ფელიქსს, გიხაროდეს: 27. ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და მოკვლას უპირებდნენ; მე ჯარისკაცებით მივედი და როცა გავიგე, რომ რომაელია, გამოვიტაცე. 28. მინდოდა გამეგო, რას სდებდნენ ბრალად და მათ სინედრიონში მივიყვანე. 29. მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს. 30. როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენს წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!“ 31. ჯარისკაცებმა, ბრძანებისამებრ, წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიდას. 32. მეორე დღეს კი მხედრებს გააყოლეს და უკან დაბრუნდნენ. 33. ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს. 34. წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა: 35. მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.

 

თავი ოცდამეოთხე

1. ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს. 2. როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: 3. შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს. 4. მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოწყალებით. 5. რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით, 6. თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი. 7. მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა. 8. მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად. 9. იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო. 10. ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას. 11. თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად. 12. არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში. 13. ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს. 14. იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ. 15. და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან. 16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე. 17. მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი. 18. სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე, 19. ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. 20. არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე, 21. გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს? 22. ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო. 23. ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა. 24. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა. 25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო. 26. თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას. 27. მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.

 

თავი ოცდამეხუთე

1. ფესტუსი მოვიდა სამთავროში და სამი დღის შემდეგ კესარიიდან ავიდა იერუსალიმს. 2. მაშინ მღვდელმთავრები და იუდეველი დიდებულები პავლესადმი წარდგენილი სარჩელის გამო ეახლნენ. 3. შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. 4. მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას. 5. ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო. 6. რვა თუ ათი დღე დაჰყო მათთან და კესარიაში დაბრუნდა. მეორე დღეს კი სამსჯავრო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7. როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ. 8. ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს. 9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო? 10. პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. 11. თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ. 12. მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ. 13. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად. 14. და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული, 15. რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს. 16. მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. 17. ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე, 18. ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი. 19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. 20. რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი? 21. მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი. 22. მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას. 23. მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. 24. და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო. 25. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა. 26. თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო. 27. რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად.

 

თავი ოცდამეექვსე

1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: 2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი. 3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო. 4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა. 5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი. 6. ახლა კი სამსჯავროს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმედი მქონდა აღთქმისა, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, 7. და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი. 8. ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს? 9. თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს. 10. ასედაც ვიქცეოდი იერუსალიმში: მღვდელმთავართაგან უფლებამოსილმა მრავალი წმიდა ჩავყარე საპყრობილეში, და, როცა მათ ხოცავდნენ, ვეთანხმებოდი ამას. 11. მრავალგზის ვაწამებდი სინაგოგებში, ვაიძულებდი ეგმოთ და, გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიაც ვდევნიდი მათ. 12. სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით, 13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც. 14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, 17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ, 18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის. 19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას, 20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით. 21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს. 22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო; 23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის. 24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ! 25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ. 26. ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა. 27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს. 28. ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ. 29. პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე. 30. ეს რომ თქვა, მეფე და მმართველი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოიშალნენ, 31. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს კაცი, თავისი ქცევით, არც სიკვდილს იმსახურებს და არც ბორკილებსო. 32. ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.

 

თავი ოცდამეშვიდე

1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს. 2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი. 3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო. 5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით, 6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა. 7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. 8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. 9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. 11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ. 13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს. 14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი; 15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. 16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი; 17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა. 18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს. 19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში. 20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა. 21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს. 22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა. 23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ. 24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე. 25. მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა. 26. უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ. 27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით. 28. გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი. 29. შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ. 30. ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიღან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, - 31. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო. 32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა. 33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. 34. ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება. 35. ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.  36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას. 37. ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. 38. როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი. 39. მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ. 40. ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი. 41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ. 42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო. 43. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე, 44. დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს.

 

თავი ოცდამერვე

1. თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა. 2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს. 3. მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია. 4. მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო. 5. მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა. 6. მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო. 7. იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა. 8. პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა. 9. ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა. 10. სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. 11. სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. 12. ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით. 13. იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით, 14. სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი. 15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა. 16. როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად. 17. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს, 18. რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე. 19. მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის. 20. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები. 21. იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი. 22. მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ. 23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი. 24. ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა. 25. რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით: 26. „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ, 27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 28. მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“. 29. ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში. 30. ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. 31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 15:41)