Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: 2. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. 4. ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით; 5. თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, 6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,

7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, 8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, 9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით, 10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში, 11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით, 12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი; 13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით, 14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად. 15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, 17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; 18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის, 19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, 20. რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, 21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; 22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.

თავი მეორე

1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, 2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი; 4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა, 5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), 6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, 7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. 8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; 9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. 10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ. 11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, - 12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი. 13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით. 14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, 15. რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, 16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. 17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც. 18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას. 19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.

თავი მესამე

1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით. 8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი, 9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, 12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. 13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება. 14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე, 15. ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, - 16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში, 17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, 18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, 19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით. 20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, - 21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი მეოთხე

1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი. 2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. 3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა. 4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. 5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული. 7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას, 14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით, 15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე, 16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში. 17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. 18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. 20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე, 21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), - 22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას, 23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით 24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. 25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ. 26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით. 27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს. 28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული. 29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ. 30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის. 31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად. 32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

თავი მეხუთე

1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. 2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს. 3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ, 4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება. 5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში. 6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე. 7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. 8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. 9. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. 10. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. 11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ, 12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა. 13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, 14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“. 15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. 16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი. 17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა. 18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით. 19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს. 20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით. 21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. 22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. 23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. 24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში. 25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით, 27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო. 28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს. 29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას. 30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. 31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.

თავი მეექვსე

1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია. 2. „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, - 3. რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად. 4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. 5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; 6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. 7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს. 8. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან. 9. თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება. 10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. 18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის, 19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო, 20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს. 21. ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, 22. რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები. 23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 24. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:52)