Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, - 2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. 3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით; 4. შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით. 5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც. 6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.

7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა. 8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში, 10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; 11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, 12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. 13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. 14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. 15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. 16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. 17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.

 

თავი მეორე

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით. 11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. 12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. 13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება. 14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს. 15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს. 16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება. 17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა, 18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს. 19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“. 20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი. 21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული. 22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს. 23. ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს. 24. უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი; 25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. 26. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.

თავი მესამე

1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. 2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, 3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, 4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, 5. მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი. 6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; 7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. 8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი. 9. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი. 10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას, 11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა. 12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. 13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. 14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. 15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით. 16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად, 17. რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.

თავი მეოთხე

1. ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც, 2. იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით, 3. რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, 4. ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. 5. მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება. 6. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი. 7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, 8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი. 9. ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან. 10. რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან. 11. მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება. 12. ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე. 13. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი. 14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი. 15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს. 16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ. 17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას. 18. უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 19. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი. 20. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. 21. ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი. 22. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 28 October 2011 21:32)