Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, 2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა, 3. და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, - 4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან. 5. იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე: 6. ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას,

7. რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი, 8. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე, 9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება. 10. რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან, 11. რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით. 12. ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი. 13. ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. 14. ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს. 15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც. 16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.

თავი მეორე

1. შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას. 2. ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი. 3. ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი, 4. რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი, 5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. 6. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ. 7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე; 8. შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე. 9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; 10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება. 11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, 12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, 13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, 14. რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე. 15. ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს.

თავი მესამე

1. შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი. 2. ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ. 3. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი. 4. ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა, 5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე. 8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის. 9. ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო. 10. მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. 11. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი. 12. როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება. 13. ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ. 14. ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი. 15. მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ  www.orthodoxy.ge -დან

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 28 October 2011 21:33)