Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ეპისტოლე პირველი


მშვიდობა თქვენდა ჩემ მიერ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, მოგიკითხავთ თქვენ, სასურველნო და საყვარელნო სულისა ჩემისანო.

შვილნო ჩემნო, დიდ არს წმინდანთა დიდება და ჩვენც გვმართებს მათ საქმეთა გამოძიება და შრომათა მათთა გამოკვლევა, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ მიაღწიეს ქრისტეს სასუფეველს, რა შრომის ფასად მოიპოვეს იგი, რამეთუ სიღარიბესა და უცხოებაში იყვნენ, ვითარცა შეცდომილნი, უდაბნოებში ცხოვრობდნენ და ჭეშმარიტად უცხონი, მშიერნი, მწყურვალნი და შეჭირვებულნი იმყოფებოდნენ. ამათ მიიღეს დიდება, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ჩინებითა მით, რომლითა ვიჩინენით ჩუენ (ვითარმედ არა მრავალნი აზნაურნი არიან ხორციელად?), არამედ გლახაკნი იგი რაჲმე ამის სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან” (1 კორ. 1, 26-28). და როგორც მე ვხედავ, მათ მხოლოდ  თავიანთი გულმოდგინება და არა სხვა რამ მიუძღვნეს ღმერთსა და ამისთვის დაიდგეს სასუფევლის გვირგვინნი. რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არა გვაქვს? თუ გამოვეძიებთ იმ ძალას, რომელიც ზეგარდმო მადლით შეეწეოდა, ვიპოვით მათ გულმოდგინებას, რომელიც ღმერთს აჩვენეს, რამეთუ დაუტევეს მთელი თავიანთი ნება უფლისთვის, აიღეს თავიანთი ჯვარი უფლისათვის და შეუდგნენ მას.


ვინ შეძლებს ჩვენ შორის დაიქადოს, რომ ღმერთი უყვარს თავის ყოველგვარ სიმდიდრეზე მეტად? არა მცირე სირცხვილს შეგვამთხვევს ის, თუ ღმერთზე მეტად სხვა რაიმე გვეყვარება, რადგან გვესმის უფლის მიერ თქმული: "რომელი მოვიდოდის ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თვისი და დედაჲ თვისი, არა არს იგი ჩემდა ღირს” და "რომელმან არა უვარ-ყოს ყოველი  დიდებაჲ სოფლისაჲ, ვგრ ძალ-უც ჩემდა მოწაფე ყოფად” (ლუკ. 14, 26,27,33).

ამიერიდან, როცა რაიმეს გამო შევწუხდებით, გავიხსენოთ ის მდიდარი, რომელსაც უთხრა უფალმა, რომ დაუტევოს ყოველივე და შეუდგეს მას. თუ მას მივემსგავსებით, აღმოჩნდება, რომ ღვთის სიყვარული ისე არ აღსრულებულა ჩვენში, როგორც ეს წმინდანთა შორის იყო. რამეთუ მათ ღმერთი შეიყვარეს თავიანთ ყოველგვარ სიმდიდრეზე მეტად, როგორც აბრაამმა შეიყვარა ღმერთი თავის მხოლოდშობილ ძეზე მეტად, ასევე შეიყვარა ღმერთი თითოეულმა წმინდანმა თავისი ღვაწლით, ხოლო წმინდა მოწამეებმა თავიანთ თავზე მეტად შეიყვარეს ღმერთი.

ცხადია ის ყოველი, რამაც ისინი ღვთის სიყვარულს ვერ განაშორა, როგორც ნეტარი პავლე იტყვის: "ვინ განმაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ღმრთისასა? ანუ იწროებამ, დევნამ ანუ მახვილმან...” (რომ. 8,35). ვერც ერთი ამათგანი ვერ შეძლებს ჩვენს განყენებას ქრისტეს სიყვარულისაგან.

და ამიტომ, შვილნო ჩემნო, შევიყვაროთ ღმერთი ჩვენს ყოველგვარ სიმდიდრეზე მეტად, რათა ბედნიერნი ვიყოთ, როგორც წმინდანნი, ვიღვაწოთ და განვიშოროთ ყოველგვარი ჩვენი ნება, რომლითაც შეპყრობილია თითოეული ადამიანის გონება, რამეთუ მრავალია ყოველ ჩვენგანზე ეშმაკის საფრთხე.

მაშ, შვილნო საყვარელნო, განერიდეთ რჯულისაგან ყოველგვარ გადახვევას. მოვითმინოთ და მოვკვდეთ ღვთის მცნებათათვის. ნუ შეისმენთ თქვენი მტრების ზრახვებს, რომლებიც ზაკვით გვეუბნებიან: არაფერს მოგვკითხავს ღმერთი ამ მცირედი უღირსი საქციელის გამო, ან ამ ერთი მცნების დარღვევისთვის. გახსოვდეს, რომ რჯულის ყოველგვარი ღარღვევა, დიდისა თუ მცირედისა, ღმერთს განარისხებს. და კვლავ ჩვენი უფლის სიტყვა გავიხსენოთ, რომ "რომელი მცირესა ზედა სარწმუნო იპოვა, იგი მრავალსაცა ზედა სარწმუნო იყოს” (ლუკ. 16,10).

შვილნო ჩემნო, მნებავს, რათა თქვენი სულები მარადის ღვთის ტაძარი იყოს და მოყვასსაც კეთილად იხსენიებდეთ. რამეთუ გული, რომელიც ძმის მიმართ ძვირ და ბოროტ გულისთქმას განიზრახავს, ვერასოდეს იქნება ღვთის სამკვიდრებელი. შეიმოსეთ სიყვარული, რათა ღვთის სამკვიდრებელი იყოთ, რადგან სიყვარულს ძალუძს ეშმაკის წინააღმდეგობის შეჩერება და შებრძოლება, ეშმაკს ეშინია მასთან მიახლება, რამეთუ სიყვარული უვნებელ არს.

შვილნო ჩემნო, გაუფრთხილდით თქვენს ძმებს და ყოველთვის  ნუ შეაწუხებთ მათ და ნუ გააგონებთ ძვირისსიტყვას, რადგან იგი საწამლავიანი ისარივით ხვდება მის გულს და ნათელ  სულს უბნელებს, რამეთუ წერია: "უკეთუ ვიყვარებოდეთ ურთიერთას ღმერთი ჩვენ შორის ჰგიეს” (იოან. 4,12).დაიცავით ერთურთის სიყვარული და სიყვარულის სიტკბოთი იფიქრეთ, რათა მოიპოვოთ მონაზონებრივი ცხოვრების ყოველგვარი წესი. განიძარცვეთ ბნელის საბურველი, რადგან, როცა გულისტკივილი შეგემთხვევათ, მაშინ იგრძნობთ მტრის  სიმწარეს, რომელიც ნისლივით ჰფარავს თქვენს სახეს და არ გაძლევთ თქვენი ძმის სიტკბოების დანახვის საშუალებას. შეიცანით მისი ღირსება, რადგან კაცი ღვთის ხატება და  ტაძარია, როგორც პავლე ამბობს” "ტაძარნი ვართ ღმრთისა ცხოველისანი” (კორ. 3,16) და როგორც ღმერთი ამბობს  "დავემკვიდრო მე მათ შორის”.

 

ამიერიდან იყოს ეს დამკვიდრებული თქვენს გულებში, რათა გეშინოდეთ და არ თქვათ ბოროტი მოყვასზე, და არც რომელიმე საქმით ავნოთ თქვენს ძმებს, რათა არ განარისხოთ  ღმერთი, რომელიც მასშია დამკვიდრებული. რადგან ღვთის  ხატია კაცი, გეშინოდეს მისი იმის გამო, რომელიც მასშია  დამკვიდრებული, რადგან ყოველი პატივი, რომელსაც კაცი  მოყვასს სცემს, ღმერთთან მიდის და ყოველგვარ სიკეთეს, რომელსაც კაცი მოყვასს უყოფს, ღმერთს უყოფს. რადგან თავად იგი ამბობს."რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ” (მათ. 25,40).

ამიერიდან თქვენი გულები ღვთისადმი მოდრიკეთ და გახსოვდეთ, რომ იგი თქვენში არის და თქვენ შეგეწევათ, რათა სიკეთით სრულყოფილნი იყოთ, რადგან თქვენ უფლის მიერ ჩემი ნამუშეკევნი ხართ, თქვენ ხართ ჩემი ყანა, და თუ ნაყოფს გამოიღებთ, ეს ჩემს გულს გაუხარდება. წრფელად მოიქეცით და თქვენი გული წმინდა იყოს ყველა ადამიანის მიმართ, რადგან ესაა ეშმაკის საძაგელი გულისთქმების წამალი. განაშორე შენი თავი კაცთაგან, დაჯექი შენს სენაკში, მოიპოვე მოთმინება, შენი სხეული მარხვით, მღვიძარებით, გალობით, სიმდაბლით, მოწყალებით, დღე და ღამე ცრემლებით შეავიწროვე. ესენი დაწვავენ, გააუჩინარებენ, მოაუძლურებენ დრო და დრო მოსულ ეშმაკის მავნებელ გულისთქმებს. სხვა რამ ვერ შეეწევა კაცს, ყოველივე ფუჭი, ტყუილი და უძლურია. ხოლო ბოროტი გულისსიტყვა ადამიანში სხვის მიმართ შფოთით, ძვირისსიტყვითა და მოსმენით მოიწევა. რადგან სადაც სიყვარული არაა, იქ ეშმაკები კადნიერდებიან ადამიანებზე. ამიტომ ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს:"უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთას, მე თქვენ თანა ვარ” (იოანე 4,12). რადგან სიყვარული სული წმიდაა, ხოლო ეშმაკი - ამპარტავნება, ძვირისსიტყვა, შური, დავა.

გლოცავთ თქვენ, ძმანო, რათა განუდგეთ ყოველგვარ ძვირისსიტყვასა და ყოველგვარ ბოროტ სიტყვას, რამეთუ ესენი ანადგურებენ თქვენს სულებს, ვხედავ, სანამ კაცის სულში არ შემოსულა ბოროტი გულისსიტყვა, იგი წმინდაა, როგორც მზე, ხოლო, როცა ბოროტ სიტყვას ან ძვირისსიტყვას, ან ბილწ ზრახვას გაიგონებს ძმისაგან, მისი სული ბნელდება და სიწმინდის მადლი მიდის მისგან. ამის შემდეგ მისი უბადრუკი სული დანთქმულია ღელვისგან, დაცემულია გულისთქმათა გამო, შემდეგ იწყებს სასტიკ და ძლიერ ბრძოლას, ვიდრე არ მოაკვდინებს მათ. ოჰ, ბოროტი გულისსიტყვანი მრავალს აცდუნებს და სიკვდილამდე მიჰყავს.

ახლა უკვე ვიცით, რას ნიშნავს ბოროტი სიტყვა, განვერიდოთ მას და ნურც მოვისმენთ. განა ბრძენი, რომელიც ერთხელ უკვე ჩავარდნილი იყო ორმოში ისევ მას მიუბრუნდება? როგორც გველი შეიქმნა მტრის ჭურჭელი და მოკლა ადამი, ასევე მტრის ჭურჭელნი არიან ისინი, რომელნიც განხრწნიან თავიანთ გონებას, რომელსაც ასეთ ბოროტ სიტყვასა და ძვირისმეტყველებას დაუთმობენ და მათ მსმენელ სულს კლავენ.

ფრიად გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, რათა არ შევიქმნეთ მტრის ჭურჭელი და კიდევ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, რომ არ დავემორჩილოთ მათ, რომელნიც უკვე მისი ჭურჭელნი შექმნილან. დაიცავით თქვენი სასმენელნი, რათა თქვენი გული წმინდა იყოს. თუ თქვენი ყური ბოროტ ან ძვირისსიტუვას გაიგონებს, ვერ შეძლებთ, რომ თქვენი გული წმინდად დაიცვათ. თუ მათგან დაიძლევით და დაემორჩილებით, მათგანვე დაეცემით ისე, რომ ვერც კი გაიგებთ. გაუფრთხილდით თქვენს თავს, ნუ მოისმენთ ძვირისმეტყველებას, რათა არ დაეცეთ მათგან უმეცრებით.

შეისმინეთ, შვილნო ჩემნო, თქმული და აღასრულეთ, ნუ მოისმენთ მხოლოდ როგორც სიტყვებს, არამედ მიენდეთ მათ. ამათ ყოველგვარ სიკეთეს მაშინ შეიცნობთ, როცა აღასრულებთ იმას, რასაც ისინი გეუბნებიან. სმენით კი ისმენთ, მაგრამ სარგებელს მაშინ მიიღებთ, თუკი დაიცავთ მათ. გამცნებთ: განერიდეთ ყოველივეს, რაც თქვენს გულს შეაგინებს. მრავალნი არიან ამჟამად მგელნი და ნებავთ გონებით უსუსურ ცხოვართა ამოწყვეტა, სულმან წმიდამ ხომ წინასწარ თქვა: "გარდაიქცეს ცხოვარნი მგელად” (მათ. 7,15). ამიტომ როცა ვინმე ძვირისსიტყვის თქმას დაიწყებს, განერიდეთ მას, რათა არ დაიწვათ მისი ცეცხლის ალით.

თუ ვინმე თავისი ძმის მიმართ ძვირისსიტყვით დაიძლევა, სხვას ნუღარ გააღიზიანებს, რათა თავის ალს შეშა არ მიუმატოს. თუ მოყვასის მიმართ ბოროტ სიტყვას გაიგონებს, იგი კეთილ სიტყვად გადააქციოს და მოყვასს სამშვიდობო სიტყვა უთხრას, მათ შორის მშვიდობა ჩამოაგდოს, რათა მაცხოვრის ნეტარება აღესრულოს მასზედ, რომელიც ამბობს: ”ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ” (მათ. 5,9).

და ამიერიდან, შვილნო ჩემნო საყვარელნო, როცა ერთად შერკრიბებით, ღვთის სიტკბოებაზე, წმინდანთა სიმხნევეზე ისაუბრეთ და ნუ იტყვით ბოროტ სიტყვას, რამეთუ მისგან იშობა ყოველგვარი უკეთური თესლი, ბოროტი სიტყვის შემდეგ გაიზრდება ეს უკეთური თესლი მანამ, ვიდრე არ მოგსრავს. ურთიერთში წრფელად ისაუბრეთ, გამოიძიეთ სიკეთე და მისდიეთ მას. თქვით მოყვასის საქებარი,რათა თქვენი გულები წმინდა იყოს მოყვასის მიმართ, რათა თქვენ მიერ ყველა პატიოსანი იყოს, რადგან წმინდანთა წინაშე არაფერია შეგინებული. თუ გონებით უწმინდურებს მიუახლოვდებით, რთმელთაც ვნებები უყვართ და ყოველივეს შეურაცხყოფენ, ვერანაირ სიწმინდეს იპოვით მათთან. თუ ეშმაკმა, რომელიც მშვიდობის მტერია, ვინმე თავისი ძმის მიმართ განარისხოს, სიტკბოებითა და სიყვარულით უნდა მიირბინოს მასთან, ვისაც აწყენინა, არც ერთი წუთით არ უნდა დააყოვნოს, რამეთუ წერია: "ნუ დაგასწრობნ მზჱ განრისხებასა თქვენსა” (ეფ. 4,26), არამედ მივიდეს მასთან, მოიკითხოს იგი სიყვარულითა და სიტკბოებით, რათა მტერს შერცხვეს და ღმერთს უხაროდეს თქვენი სიყვარულის გამო.

ვისაც სურს სამოთხეში დამკვიდრება, მოდით და ჩვენი პირველი მამისაგან, ადამისგან, ისწავლეთ ყოველგვარი ბოროტი სიტყვისგან ლტოლვა, ვინც ღვთისმოყვარე ხართ, ისწავლეთ, რათა არა ისმინოთ ძვირისიტყვა და ბოროტის ზრახვა, რადგან მან გამოაგდო ადამი სამოთხიდან.

შენ იტყვი."ო, ღვთისმოყვარეო, რა საერთო მაქვს მასთან, ვინც ჩემთან ერთად ძვირს იტყვის? არ განვერიდები მას, რათა არ ვაწყენინო, არც მის სიტყვებს შემოვუშვებ გულში, და არც
არაფერი დამიშავდვბა”. ჰე, უბადრუკო, ნუ იტყვი ამას, რათა ძვირისმეტყველების ორმოში არ ჩავარდე უმეცრებით, რადგან არა ხარ ადამზე მეტად ღირსეული, რომელიც სამოთხეში იყო, არც მასზე მეტად მორწმუნე ხარ, რომელიც ღვთის ხელით შეიქმნა და ანგელოზები თანამზრახველად ჰყავდა. ადამმა გარკვეულ დრომდე არ იცოდა იმ საქმის გემო. ეს ყოველივე იცის უკეთურმა სიტყვამ. ამიერიდან ვისწავლოთ ადამისგან და დავიცვათ ჩვენი ყურთასმენა, რამეთუ ამისთვის დაიწერა მამათა სიტყვები, რომ შევისმინოთ ისინი და დავიცვათ.

თუ თავისი ხელით შექმნილი არ დაინდო ღმერთმა, რადგან ბოროტი სიტყვა მოისმინა, არც ჩვენ დაგვინდობს. ხოლო ამიერიდან, შვილნო ჩემნო, განერიდეთ ყოველგვარ ბოროტ სიტყვას და თავიდანვე ნუ მოისმენთ თქვენი მოყვასის ძვირისსიტყვას, რათა არ შეიწვეთ მისი ცეცხლის ალით. დღესაც არიან ეშმაკის ჭურჭელნი, როგორც მაშინ გველი იყო, და ისინი ეშმაკის მიერ ლაპარაკობენ, რათა მოისრან მსმენელნი თავიანთი უკეთური სიტყვებით. ხოლო სახიერ ადამიანს სიკეთე მოაქვს. თუ ვინმეს ვინმესგან დაუშავდება რამე და შეიძულებენ კიდევაც, თავისი კეთილი საუნჯიდან იგი სიკეთეს გამოიღებს, თავის თავს ძმის წინაშე შეურაცხყოფს და იტყვის, რომ: ”მე ვარ უკეთური, ლოცვა ყავ ჩემთვის, ძმაო, რათა მეც  კეთილი ვიქმნე”. მაშინ იგი პატიოსან-ჰყოფს თავის ძმას. ამრიგად, ცხადია, რომ თავისი სახიერებით სიკეთეს წარმოშობენ. ყველასთვის, ვინც მასთან მიდის, სასარგებლოა, რადგან ღვთის შიშით, სიყვარულის სიტკბოებით საუბრობს, ”ესე ისრაიტელი არს მართალი, რომლისა თანა ზაკვაჲ არა არს გულსა მისსა” (იოანე 1,41).

საყვარელია, ვინც მოყვასს აქებს ყველას წინაშე. თუ ბრძენი შეიცნობს მტრის ხელოვნებას, რომელიც მის გულს ბოროტებას მოუვლენს ძმის მიმართ, განერიდება მის საფრთხეს და ცხონდება, იგი გაიხსენებს ღვთის შიშს, დამდაბლდება, მივა თავის ძმასთან, შეიტკბობს მას და ეტყვის: "ძმაო ჩემო და
უფალო ჩემო, შემინდე”, დაიმდაბლებს თავს და დაუჩოქებს სინანულით. მაშინ მტერი შერცხვენილი დარჩება.

გაიხსენეთ ეს, როცა ბრძოლა გექნებათ მტრისგან მოყვასის მიმართ. გაიხსენეთ უკანასკნელი დღენი, რათა მშვიდობით იყოთ და რათა მოყვასი იტვირთოთ. შვილნო ჩემნო, მოიპოვეთ თქვენს თავში სათნოებანი, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელნი, გულფიცხელს სიმშვიდე და სიმყუდროვე მოადუნებს, ამპარტავანს სიმდაბლე მოდრეკს, ძვირისმეტყველს მშვიდობა შთააგონებს, რომ აქოს თავისი მოყვასი, სულმოკლეს მოთმინება ცოცხლად დამარხავს, ზარმაცს მღვიძარების სული განარიდებს მცონარებისაგან, გულით დამძიმებულს ლოცვა მღვიძარეს ყოფს და განადიდებს. თქვენი ლოცვა უნდა იყოს შიშით, ძრწოლითა და სულთქმით, როგორც წერია, რომ "ილოცევდით მარადის სულითა”, როგორც უფალმან ჩვენმან სახარებაში თქვა:"ჭეშმარიტნი იგი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა” (იოანე 4,22). რადგან მამა ასეთ თაყვანისმცემლებს ეძიებს, რამეთუ ამბობს: "სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა ჯერ-არს თაყვანის-ცემად მისა” (იოანე 4,24).

ასევე თქვენც ლოცვა შიშითა და ძრწოლით გმართებთ, რათა საკმევლის მსგავსად აღვიდეს იგი ღვთის საკურთხეველში.ამიერიდან თქვენი გულები მიეცით ლოცვას, ო, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და წმინდანთა გულმოდგინებითა და სარწმუნოებით მსახურებას, რათა თქვენს თავს უხრწნელი სამკვიდრებელი მოუპოვოთ. მოიხსენეთ ის დღე, როცა საუკუნე სიკეთესა და ქრისტესთან სერობას დაიმსახურებთ მის წმინდა ქალაქში, რადგან ვინც როგორი გულით იშრომებს, იმას დაიმსახურებს. თუ მთელ დროს წმინდანთა მსახურებაში დავყოფთ და მათი გულის ნებას აღვასრულებთ, მთელი ეს ღვაწლი ტოლფასიც არ იქნება მათი ერთი სიტყვისა, რომელსაც ისინი ჩვენთვის იტყვიან ჭირის ჟამს, როდესაც ჩვენთვის შეევედრებიან იმ სიკეთისთვის, რასაც მივიღებთ მაცხოვრისაგან მისი მონებისადმი მსახურების გამო, რამეთუ თავადი ამბობს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ წმაბა” (მათ. 25,40).

სარწმუნოებითა და სიყვარულით ემსახურეთ მათ, არა გულისთქმით, არცა ორგულებით, არამედ გულში გქონდეთ მტკიცე სარწმუნოება და იცოდეთ მთელი თქვენი შრომის საზღაური. ნუ გექნებათ გულისსიტყვანი თქვენს ყოველ საქმეში, რადგან წერია: "ყოველსა, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა”. და კიდევ წერია: "სარწმუნოებაჲ უღირს, რომელი მოვიდოდის ღმრთისა, რამეთუ არს” (კოლ. 3,23; 26,27). ღმერთი თავის მეძიებელთ მისცემს საზღაურს, რადგან თიოთეული ჩვენგანის თითოეული საქმე აღწერილია: ბევრს იშრომებს ვინმე, თუ მეტად ილოცებს, მუხლს მოიდრეკს თუ მეტისმეტად იტირებს, ერთი დღით მეტს იმარხულებს ღვთის სიტყვას იტყვის თუ ხელსაქმეს იქმს, ყოველივე დაიწერება. ნუ გეშინიათ, შვილნო ჩემნო, მაცხოვარი არავის არაფერს დაგვაკლებს. ყოველი შრომა, რასაც ვყოფთ თითოეული ჩვენგანი, წარმოგვიდგება ხორციდან გასვლის ჟამს.

ამიერიდან გამოფხიზლდით და ნუ მიბაძავთ მათ, რომელნიც მრავალს ჭამენ და რომელთაც არ ამხელს საკუთარი გონება და ვთქვათ, ”რამეთუ ვითარცა სამე მშრომელნი არიან, ეგრეცა - არამშრომელნი” (ებ. 11,6). განიმტკიცეთ თქვენი თავი სარწმუნოებით შრომაში, რამეთუ მცირედი სათნოებაც კი, რაც ჰყოს კაცმა, თუნდაც საჭმლის მხრივ რომ შეავიწროვოს თავისი თავი, ყოველი საქმე და შრომა, რომელსაც იქმთ, წარმოგვიდგება მომავალ საუკუნეში. ამიერიდან შეუდექით შრომას, გიყვარდეთ და შეიტკბეთ. ნუ დაემორჩილებით თქვენს ხორციელ უძლურებას, თორემ უცხონი იქნებით სიკეთისგან და ინანებთ აღდგომის დღეს, როცა დამაშვრალნი სამოსელსა და გვირგვინს მიიღებენ, თქეენ იხილავთ სამეუფო სამოსელს, მაგრამ ქრისტეს საყდრის წინაშე შიშველნი აღმოჩნდებით, რადგან ყველას საკუთარი შრომის სასყიდელი მიეცემა აღდგომის დღეს.

რა სარგებელი ექნება ჩვენს ხორცს, თუ ვჭამთ, ვსვამთ და გვეძინება და დაუსრულებელ სიკეთეს დავაკლდებით? ვინ განიდიდება ბრძოლაში, თუ თავის თავს სიკვდილს არ მისცემს გამარჯვებისათვის? სანახაობაზე ვერავინ გახდება გვირგვინოსანი, თუ მოწინააღმდეგეს ცემით არ მოაკვდინებს, ვინ ისწავლის ხუროობას, თუ არ დაშვრება შრომით? როდის იყო მცონარე სიმდიდრეს აგროვებდა, არამედ რაც დედ-მამისგან მოგროვილი ჰქონდა, იმასაც კარგავს ბოროტად.

ამიერიდან იღვაწეთ, შვილნო ჩემნო, და ნუ მისცემთ სიკეთეს თქვენგან წასვლის ნებას. სასუფეველსა და სიტკბოებას, რომელიც თქვენთანაა მარად, ნუ დაკარგავთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, რადგან შრომის გარეშე ვერ ძალგით გვირგვინოსან ყოფა, რადგან წერია: ”მრავლითა ჭირითა გვიღირს ჩვენ შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა”. ამიერიდან თითოეულმა თქვენგანმა იღვაწეთ თქვენი ძალის შესაბამისად. რომელი უძლურია და არ ძალუძს შრომა, აქოს თავისი ძმების შრომა, ადიდოს ისინი და წამდეს, რომ მასთან ერთად გაიხარებს სიკეთეში. რამეთუ დიდი დიდებაა, როცა ვინმეს არ ძალუძს მეტისმეტი შრომა და თავისი ძმის შრომას ადიდებს. ამიერიდან გაუფრთხილდით თქვენს თავს და ნუ შეურაცხყოფთ თქვენი მოყვასის შრომას, რამეთუ არიან ისეთები, რომელთაც არ შეუძლიათ შრომა, აქებენ თავიანთი მოყვასის შრომას და ღვთის სასუფეველში განსვენებულად შევლენ, რადგან დიდი სასყიდელი აქვს მას, ვინ აქებს თავისი მოყვასის შრომას, როგორც წერია: ”ყოველთა აქებდით და ღმრთისა გეშინოდენ”. და კიდევ წერია: ”უფროისად შეგრაცხენ მოყვასისაჲ, უფროჲსად თავისა თვისისა მოიხსენეთ”. რადგან პირველად უფალმა თქვა, რომ ”რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს”. თუ ვინმე თავის ძმას შეურაცხყოფს თქვენს წინაშე, ნუ მოუსმენთ მას, ნურც თქვენ მიმართ ითქმება თქვენი ძმის შეურაცხმყოფელი სიტყვა, არამედ ყოველგვარი შეურაცხყოფა მტრისად მიიჩნიეთ, რამეთუ მართლაც ასეა. ხოლო თქვენ ძმათა ქება ცხადად იყოს თქვენ მიერ ყველას წინაშე და ასევე განიზრახეთ და თქვენთვის ეს სასარგებლო იქნება.

განერიდეთ ყოველგვარ ბოროტ ზრახვას, რამეთუ ამან ადამისთვის გააუცხოვა ის დიდება, რომელიც დასაბამიდან ჰქონდა. მას რომ არ შეესმინა გველის ნათქვამი ზრახვა ევას მიერ, არასდროს შეიწყნარებდა ცოდვის თესლს თავის გულში.

ამიერიდან, შვილნო ჩემნო, ვიცით ჩვენი პირველი მამისგან, რომ მისთვის არ შეიქმნა სასარგებლო უკეთურის ზრახვა, ვილტვოდეთ მისგან. როცა დაბანთ თქვენს ძმებს ფეხებს, უთხარით მათ წმინდა სიტყვა და ღვთის შიშის შესახებ. დათესეთ მათ გულებში კეთილი თესლი, რადგან წმინდა გონება არასდროს ხედავს კაცს ბოროტად თავის გულში, ყველას ადიდებს, როგორც ნეტარი პეტრე ამბობს: "ღმერთმან მასწავა მე, რაჲთა არა ვთქუა კაცი შეგინებულად, გინა არაწმიდად” (საქ. 10,28). ხოლო შეგინებულ გულს ყოველივე სძაგს და ისწრაფვის, რომ მოყვასი შეურაცხყოს. ხოლო თქვენ, შვილნო ჩემნო, ისწრაფეთ, რათა მოყვასს პატივი სცეთ და გქონდეთ სიტკბოება. მოყვასისადმი თქვენს გულში, თქვით კეთილი საქმეები ქებით, რათა მოუკლებელად დაიმკვიდროს თქვენს გულში სიყვარულმა, რათა იყოთ უფალი იესოს მოწაფე, რამეთუ მან თქვა: ”ამით სცნონ ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებდეთ ურთიერთას” (იოან. 13,35).

ამიერიდან იღვაწეთ მარადის, რათა მოყვასის სიყვარულში იყოთ და თითოეული მადლით ემსახუროთ მოყვასს დაუზოგავად, გაიხსენეთ ის მონა, რომელსაც მისმა ბატონმა მისცა საჭმელი თავისი სუფრიდან, მან კი იმდენი დაიტოვა, რამდენიც ეყოფოდა, და დანარჩენი განუყო მასთან მყოფ მონებს და ამის გამო თავისი უფლის ძესთან ერთად დამკვიდრდა. გაიხსენეთ ის მადლი, რომელიც გვიყო ღმერთმა, რადგან ჩვენთვის წუთისოფელში მოავლინა თავისი  მხოლოდშობილი ძე, რომელიც ქალწულის საშოში განხორციელდა, და აღიზარდა, როგორც ყრმა, ნათელ-იღო  იოანესაგან, როგორც ყველამ. როგორც მოციქულმა თქვა: ”რავდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ”  (გალ. 3,27). და თქვენ ნათელღებულნო, რომელთაც  ნათლისღების ბეჭედი მიიღეთ, დაიმარხეთ თქვენი, თავები იმ  ბეჭდის დასაცავად, რომლითაც აღიბეჭდეთ, გეშინოდეთ იმ  საიდუმლოსი, რომელიც მოგეცათ, რამეთუ ქრისტეს შვილებად გარდაიცვლებით, როგორც ჭეშმარიტად  ქრისტეშემოსილნი.

ფრიად გაუფრთხილდით თქვენს თავს. ნუ იზარმაცებთ  თქვენი სულის მიმართ, რამეთუ უფალმა ეშმაკის მონობისაგან  გამოგვიხსნა. ნუ შევიპყრობთ ჩვენს თავს იმავე შეურაცხმყოფელი მონობით, რადგან სირცხვილია ჩვენთვის შეურაცხის მონობა. შვილნო  ჩემნო, მიიტანეთ თქვენს გულებთან ჩემი სიტყვები და  შეუშვით თქვენი სულის საუნჯეში, რადგან მოვა ის დღე, როცა  მოგვკითხავენ მათ ნაყოფს და პასუხს გასცემთ  ყველაფრისთვის, რასაც ჩემგან ისმენთ, თუ სასარგებლთ არ  გექმნებიან ჩემი სიტყვები. ამ სიტყვებს გეუბნებით, რადგან  ვზრუნავ თქვენი ცხონებისთვის და თქვენი სულების  სიცოცხლისათვის, რადგან გაჩვენეთ თქვენი ცხოვრება და  არაფერი დავფარე თქვენგან, რათა იზრუნოთ თქვენს თავზე განკითხვამდე. გავათავისუფლოთ ჩვენი გულები ჩვენს ხელთაგან და მოვიქცეთ ღვთისაკენ. ეჰ, შვილნო ჩემნო, ტირილითა და  სინანულით შევიცნოთ ჩვენი ბრალი და ნუ ვიქნებით პირუტყვებივით, რომელთაც არ გააჩნიათ გაგების უნარი. გეწყალებოდეთ თქვენი შრომა. როცა სათნოებებს მოიპოვებთ, მაშინ ერთბაშად განგშორდებათ მოუთმენლობა, რომელიც ჩვეულებისამებრ არის თქვენში და თქვენი შრომის ნაყოფს გართმევთ.

ამიერიდან ვიცით ეს, რომ უნდა განვერიდოთ მათ. ვინ არის ისეთი ბრძენი, რომელიც ერთხელ ჩავარდება ორმოში და კვლავ იქვე მიბრუნდება? არამედ სხვასაც მოარიდებს იმ ადგილთან მისვლას და ვინც ამას გაიგონებს და მოერიდება, იგი გადარჩება. იცოდეთ, რომ ორმო სიზარმაცეა, განერიდეთ მას და გულმოდგინეთ დაიცავით სიყვარულით სინანულის სიტკბოება. თუ იქნება თქვენში სინანული, ყოველგვარი სათნოება მოისწრაფებს თქვენსკენ. რამეთუ დიდია სინანულის დიდება, მხიარულებაა მის თვალთა ცრემლი. საუკუნო სიხარული ექნება მას, ვისაც ტკიოდა სინანულში. მისი ყველა ნაყოფი აღსავსეა ღვთის ძალით. მე კი მეშინია და ვძრწი, იქნებ სიზარმაცემ შეგიპყროთ და კვლავ თავისკენ მიგაქციოთ. და მერე შეგრცხვებათ სინანულის წინაშე, რომელსაც ცრემლით გევედრებით, ვიდრე ხართ ხორცში, დაიცავით სინანული და ნურასდროს დაუტევებთ მას. იტირეთ მაცხოვრის წინაშე, ვიდრე ღირსი გახდებით მისი ხმის გაგონებისა, რომელიც გეტყვით: "მიგეტევნენ თქუენ ცოდვანი თქუენნი, რამეთუ სახიერ არს მაცხოვარი ჩუენი და კაცთმოყვარე და უხარის სინანულსა ზედა და იგი თავადი მეოხ არს ჩუენთვის”. ამიერიდან ნუ შეურაცხვყოფთ, შვილნო საყვარელნო, მის სახიერებას, რათა მისი ვედრება, რომელიც ჩვენთვის შეიწირება, ჩვენი ცოდვათა მიმართ მოქცევით უქმი არ შეიქნეს. მაშინ ჩვენი ბოროტი საქმეები უგულებელყოფენ მის სახიერებას, რათა მამას არ შეევედროს ჩვენთვის. ვინ იქნება ისეთი უგუნური, რომ დაუტევებს სინანულს და მიუბრუნდება სიზარმაცეს. რადგან სიზარმაცეა ის, რაც ანგრევს ყოველივე კაცის მიერ აშენებულს. ამიტომ ყოველთვის გულმოდგინენი იყავით, რადგან მრავლად  არიან, რომელნიც ძვირს განიზრახავენ ჩვენთვის.

ამიერიდან, შვილნო ჩემნო, იღვაწეთ და გიყვარდეთ შრომის სიტკბოება, რადგან შრომა წაგიძღვებათ განსასვენებლად და განკურნავს გულის სნეულებებს. შრომაა, რომელიც განგვიმზადებს ზეციურ სიკეთეს და შრომა გვყოფს სულიწმიდის ზიარს.

მოვინანიოთ, ვიდრე გვაქვს დრო ჩვენი წუთისოფლიდან გასვლამდე. ჩვენი გამყვანნი რომ მოვლენ, ვერ შევძლებთ, ვუთხრათ: "შემინდვეთ, ჩუენ მცირედ დღეს, რაჲთა შევინანოთ; რამეთუ ვერ იტვირთებენ ჩვენსას იმ მოსულ დროს და მერე შეუძლებელი იქნება იმ ადგილას შენანება. ყოველი სინანული ამ მცირედ დროში არის და ხორციდან გასვლის შემდგომ აღარ მოგვეცემა სინანული, რამეთუ ღმერთმა ცოდვებში მომკვდართათვის თქვა, რომ "არღარა მოვიხსენნე მე ყოველნი სიმართლენი მისნი, ყოველი გამოცდილებაჲ თქვენი ამათ ხორცთა შინა გამოცხადნეს”. ვიჩქაროთ ვიდრე ჟამი გვაქვს, რათა ჭირის ჟამს ვპოვოთ ნაყოფი. თუ კაცი არ დაშვრება თავის ყანაში ხვნის ჟამს, რას მოიმკის მკის ჟამს, ანუ რას შეკრებს თავის საუნჯეში? ამიერიდან გავუჭირვოთ ჩვენს თავს ამ მცირედ ჟამს, რათა მოვიმკოთ და ნურც უქმად ვიქნებით, შვილნო ჩემნო, კაცად-კაცადმა ვიღვაწოთ ჩვენი ძალისაებრ, როგორც კლემენტოსი იტყვის: "და ღათუ ყოველნი გვირგვინოსან ვერ ვიქმნეთ, არამედ ახლოს ოდენმცა ვიპოვებით გვირგვინოსანთა მათ!” საყვარელნო, ღვაწლში ვიყოთ და ქრისტეს მოღვაწეთა ზიარნი, და ჩვენც ვიღვაწოთ ჩვენი ძალისაებრ. ნუ ვიქმნებით ის მონა, რომელმაც დამალა თავისი უფლის ვერცხლი და სრულიად არაფერი ქმნა: არცა დიდი, რათა დიდი მიეღო და არც მცირე, რათა მცირე მიეღო. ვისწრაფოთ, რათა ჩვენი ძალისამებრ ვყოთ, რამეთუ სახიერია უფალი ჩვენი და როცა კაცი კნინ რაიმეს იქმს, იმ კნინის წილ დიდს მიაგებს.

ამიერიდან, შვილნო, ვიღვაწოთ, რათა ვიყოთ მართაღთა მახლობლად, თუ არა და, როცა მივალთ იმ ადგილას, ვინანებთ. ვიხილავთ რა ჩვენს ძმებს სიმაღლეზე მათი ნაყოფის სიმართლის გამო, მაშინ ვიტყვით: ”ეჰ, ჩვენც რატომ არ დავდეთ ჩვენი თავი სიკვდილამდე. რათა დაგვემკვიდრებინა ასეთი დიდება”. ჰე, შვილნო ჩემნო საყვარელნო, ნეტარ არიან, რომელნიც მთელი თავიანთი ძალით შრომობენ, რადგან განსვენების ერთი ჟამი დაავიწყებს მათ შრომას. და რომლებიც არ იქნებიან დამაშვრალნი, გულში სინანულით იტყვიან: ”რისთვის ვერიდებოდი ჩემს ხორცს და განვასვენებდი მას? და აჰა, უცხო ვარ სამუდამო სიკეთისაგან”.

შვილნო ჩვმნო საყვარელნო, უთხარით თქვვნს უძლურ ხორცს, რაჟამს შრომისას გეტყვით, რომ დაერიდო შენს თავს, რათა არ გევნოს, არ დაუძლურდე და სხვა არ შეაწუხო, რა გნებავს, საუკუნო, დაუსრულებელი სიკეთე, თუ ამ წუთიერი განსვენებით საუკუნო სიკეთისგან უცხოყოფა? ჰე, შვილნო ჩემნო საყვარელნო, ვიღვაწოთ მომავალ სიკეთისათვის და ნუ დავემორჩილებით ხორცის ზრახვებს, თორემ უცხო ვიქნებით საუკუნო სიკეთისაგან, რამეთუ წერია, რომ: ”სიყვარული იგი ხორცთაჲ სიკვდილ არს, ხოლო ზრახვა იგი სულისაჲ ცხოვრება არს და მშვიდობა”! ვქმნათ სულის ზრახვანი, რათა ვცხონდეთ საუკუნოდ. რომელმა წმინდანმა მოიპოვა სასუფეველი თვინიერ შრომისა და ჭირისა? ან წმინდა მმარხველთაგან თვინიერ სალმობისა ვინ იქმნა გვირგვინოსანი? ნუ დავერიდებით ჩვენს თავს, რათა არ შევამწიკვლოთ ჩვენი სული, ნურც ჩვენი ხორცის უძლურებას მივაქცევთ ყურადღებას, რათა სული შიშველი არ დავტოვოთ. ამიერიდან, შვილნო ჩემნო, თქვენი ყოველი სწრაფვა იყოს ღვთის მცნებათა დამარხვა, ვისწრაფოთ, რათა ყოველგვარ საქმეში შევავიწროვოთ ჩვენი თავი, რათა ჩვენი თავის მიმართ კი არ ვიყოთ უკმაყოფილო გულის სინანულით, არამედ, რათა ვთქვათ, რომ ყოველივე ჩვენი ძალისაებრ ვყავით. უფლის მადლია, რომელიც ძალას მოგცემთ თქვენ, რათა დაითმინოთ შრომა. და ასევე გულმოდგინებაზეა დამოკიდებული ჩვენი გულის გამზადება ჩვენი ძალის შესაბამისი შრომის მიმართ, რამეთუ საშინელია სატანჯველისა და ჭირის ადგილას ჩავარდნა.

ეჰ, როგორი უკეთურება შეიპყრობს მაშინ მას, ვისაც ღვთის სახელი უტვირთავს და მის მცნებებს შეურაცხყოფს. ო, შვილნო ჩემნო საყვარელნო, არ მნებავს თქვენი სირცხვილ-ყოფა, არამედ მსურს, რათა მიიღოთ წმინდანთა დიდება, რამეთუ ეს დიდება საუკუნოა. ილოცეთ, რათა მისი ღირსი  ვიქმნეთ. მე ვარ მიწა და ნაცარი და ყოვლად უღირსი, ხოლო  უფლის მიმართ ლოცვას არ ვცხრები, რათა მისი მოსვლისას  ღირს ვიქმნეთ დიდი სიხარულისა. და თქვენც ილოცეთ  ჩემთვის, რათა უფალი იყოს ჩემთან, ვიდრე მასთან წავიდე. შვილნო ჩემნო, დიდია თქვენი სარგებელი, და ისე მოიქეცით, როგორც მას შეეფერება. მიბაძეთ წმინდანთა მოკრძალებას, ისევე როგორც მათ წესიერ ცხოვრებას.

რა სარგებელი გვექნება, თუ მივეცემით ხორციელ შვებას, რამეთუ თვით იგი საშვებელი ჭირი იქნება მისი გულისთქმით. კაცი საბრალოა არა საჭმლისთვის, არამედ გულისთქმისთვის. ხოლო ამიერიდან, შვილნო ჩემნო, განვრშოროთ ყოველგვარი  ხორციელი გულისთქმა და რისთვისაც გული უთქვამს ხორცს, არა მისი ნება აღვასრულოთ, არამედ განვაგდოთ მისი ნება. თუ იხილავს კარგ საჭმელს და მოისურვებს მას, ნუ მისცემ. რასაც შეჭამთ, შვილნო ჩემნო, ნუ შეჭამთ გულისთქმით, არამედ დაწყნარებული გულით ჭამეთ. და როგორც  წმინდანთა ღვაწლს ბაძავთ, ისევე მიბაძეთ მათ სიყვარულს, რომელიც ჰქონდათ ურთიერთის მიმართ, რადგან თავისი  თავის პატივისცემაზე მეტად მოყვასის პატივისცემას  ისწრაფოდნენ და სურდათ, რომ საუკეთესო საჭმელი  მოძმისთვის მიეცათ და უარესი თვით ეჭამათ და ტირილით  ამბობდნენ, რომ "ამის ღირსიც არა ვართ”.

ამიერიდან, შვილნო ჩემნო, იხილეთ, რომ დიდი  ღვაწლისთვის მიგიციათ თქვენი თავი, რამეთუ ბოროტია ჩვენი  მბრძოლი და როგორც შეძლებს, არ მოგვერიდება, რადგან შურს ჩვენი. და თქვენც ნუ იქნებით თქვენი თავის მიმართ  დაუდევრები, არამედ დაიცავით თავი მისგან მარად და ნუ  მოარიდებთ თქვენს თავს შრომას. უმეტესი იშრომეთ და მოერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას: რისხვას, დრტვინვას, ამპარტავნებას და ძვირისმეტყველებას. გაფრთხილდით, რათა გულისთქმა არ მოგეძალოთ გულში. განერიდეთ ცუდმედიდურობას, რათა გული არ გეტკინოთ, როდესაც გისაყვედურებენ. შვილნო ჩემნო, ყოველგვარი თქვენი სიამაყე იყოს ის, რომ განასრულოთ  თქვენი შრომა და განსჯის დღემდე ყოველგვარი შეგინებისგან  დაცული იყოთ, რამეთუ, ვინც თქვენს შრომას მიითვლის, მას სძულს მწიკვლევანება. მას მოკრძალებით დაათვალიერებს და  თუ მასში ამპარტავნებას იპოვის, ანდა ცუდმედიდურობას, გინდაც ძვირისმეტყველებას, არ მიიღებს მას თქვენგან. მისდიეთ სათნოებას, რათა თქვენი შრომა სრულყოფილი იყოს, რამეთუ ნებისმიერი შრომა არარაა სათნოებათა წინაშე.

დაიცავით მარხვა, რამეთუ კეთილ არს და ლოცვა, თუ დაიცავთ მას და ყოველ ჟამს მარხვაში დაყოფთ, არც შეჭამთ, არც შესვამთ მრავალ დღეს და თუ შური გექნება შენი ძმის მიმართ, ან თუ  წაეჩხუბები და არ დაუმდაბლებ მას შენს თავს, რათა  მშვიდობა იყოს თქვენ შორის, მაშინ ამაოა თქვენი მარხვა,  ლოცვა და შრომა, რამეთუ არა აქვს სათნოება და არის  ვითარცა ხე, რომელსაც არა აქვს ფურცელი თუნდ ნაყოფი. რამეთუ შრომის სამკაული, სათნოებაა, მარხვის გვირგვინი კი სიმდაბლე. ამიერიდან შეიცანი მისი ძალა, დაიცავით იგი და ნუ  განუტევებთ მას, რამეთუ იგი შეიმოსა ქრისტემ, ვიდრე  დაამარცხებდა მტრის ყოველგვარ ძლიერებას, რამეთუ  დაიმდაბლა თავისი თავი, შეისხა ხორცი სიკვდილისა, იქმნა  სიკვდილამდე მორჩილი, ვიდრე არ დაარღვია ჯოჯოხეთის  სალმობანი. მივბაძოთ ჩვენც მის სიმდაბლეს, რადგან მოგვცეს თავისი მადლი, რათა შევმუსროთ ამპარტავნების გულისსიტყვანი. მოყვასის ყოველგვარი ბრალი ავხსნათ სიმდაბლით. თუ გინდა სიმდაბლით მისვლა, რათა შეუვრდე შენს ძმას, ნუ ამხილებ მას რომელიმე დანაშაულში, არამედ  იქონიე გულში სიმდაბლე, შენს თავს დააბრალე და ასე შერცხვენილი იქნება მტერი. უმჯობესია, რომ სიმდაბლით დაიძლიო, ვიდრე ამპარტავნებამ დაგძლიოს. ისწრაფეთ თითოეულმა თქვენგანმა როცა წმინდა შესაწირავთან მიხვალთ, რომ თავისუფალი იყოთ მოყვასისადმი გულისტკივილისაგან, რათა უხაროდეს ანგელოზს, რომელიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს მოგცემს. იყოს უფლის შიში თქვენ შორის მარადის და დათრგუნეთ თქვენი გული.

შვილნო ჩემნო, თუ მოგცემთ თქვენ ამ ცნებებს და არ იზრუნებთ მათზე, პასუხს აგებთ ამ საქმისთვის, ხოლო მე თუ დავმალავ და არ გეტყვით თქვენს დანაშაულს, მე ვაგებ პასუხს. იყავით გულმართალნი, შვილნო ჩემნო, და ნუ გექნებათ რაიმე ბოროტება თქვენს გულებში, არამედ უმეტესად იყავით უმანკონი, რათა თავისუფლად ახვიდეთ ზეცად. დაიცავით გულნი თქვენნი და ყოველგვარი საეშმაკო გულისთქმისა და ზრახვისაგან წმინდა იყავით, რამეთუ წერია: "ყოველი საცოჲ დაიმარხენ პირმან შენმან” და კიდევ უფალს უყვარს გულით წრფელნი და მისთვის სათნო არიან ყოველნი უბიწონი. და მერე თავად უფალი ამბობს:"ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ. 5,8). ამიერიდან მარად იღვაწეთ თქვენ გულთა ყოველმხრივ სიწმინდით დასაცავად და თქვენს გულებში ნურავის შეურაცხყოფთ სრულებით. გახსოვდეთ ფარისეველი და მეზვერე და არ აღიმაღლოთ გული მოყვასის მიმართ, როგორც უფალმა თქვა: "რომელმან აიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (მათ. 23,12). დაიმდაბლეთ თქვენი თავი მოყვასის მიმართ, და ნურც ერთი სიტყვით შეეწინააღმდეგებით და ნუ განურისხდებით, არამედ უფრო მეტად გიხაროდეს შენი ძმის სრულყოფილება და მადლი, რომელიც მიღებული აქვს, თქვენი სულები დადეთ მათთვის და შეიწყალეთ ერთმანეთი სრული სიყვარულით, რათა ამგვარად აღმოფხვრათ მტერი ძირფესვიანად. უფალ იესოს გაუხარდება და დაემკვიდრება თქვენ შორის და თქვენდამი გახარებული იქნება. იგი გასწავლის, რაა ღირებული ნებისმიერ საქმეში და თავის ნებას გაჩვენებს ყველაფერში.

შვილნო ჩემნო, თქვენგან არაფერი დამიმალავს, არამედ ყოველივე უმჯობესი გიჩვენეთ. ნუ იქნება ამაო ჩემი სიტყვები თქვენდამი და არარად ნუ შერაცხთ მათ, ნურც ჩემს სიტყვათა მეტისმეტი სიმაძღრე გექნებათ. თუ გადახვალთ ამ მცნებებს, მე უბრალო ვიქნები და თავისუფალი, თქვენ კი პასუხს აგებთ მათ გამო. შვილნო ჩემნო, დაუსრულებლად გქონდეთ ღვთის შიში. და ელოდეთ თქვენი განკითხვის დღეს, რამეთუ თქვენი მტერი უკეთურია, მიმოდის ვითარცა ლომი და ეძიებს, რათა შთანთქას თქვენი სულები. ჩვენ კი რადგან ვიცით ეს, გვიღირს, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და ნუ დავიღუპებით ჩვენივე ხელით, რამეთუ იგი გვიმზერს ჩვენი სულის კართან, ვითარცა ძაღლი, ცდილობს, რათა მოგვაკლოს პური პირიდან, რადგან მომზადებული აქვს თავისი მშვილდი და მარად ისვრის თავის ისრებს.

ამიერიდან გამოფხიზლდით და თქვენი საჭურველი მარად მზად იქონიეთ, რათა მისი ისარი არ შევიდეს თქვენს გულებში და არ მოგსრათ, რადგან მტერი თავისი ისრით მარად თესავს გულისთქმებს, რომელნიც სულს ანადგურებენ. თუ თქვენ დაუდევრად იქნებით, მისი ისარი შეაღწევს თქვენს გულში და მოწყლავს მას, ამიტომ ისწრაფეთ, აღიღეთ სულიერი მახვილი და მოაკვდინეთ მისი ნაცემი და იმ ისრის ადგილი, ვიდრე გესლი მთელს გვამში არ განეფინება. დაიცავით თქვენი თავი და ნუ დაემორჩილებით მის გულისთქმებს და ნუ წარიწყმედთ თქვენს სულებს მტრისაგან. ნუ იტვირთავთ მხეცს, რათა არ გაგრყვნას თავისი უკეთურებით. შეიძლება მოვიდეს თქვენდა, ვითარცა მოყვარე და მეგობარი და ზაკვით მოგაკვდინოს თავისი მტრობით, არამედ მხნედ დაუდექი ისე, როგორც მხედრები განეწყობიან მომხდარი მტრის მიმართ და ებრძვიან მათ დაუცხრომლად, ვიდრე არ დაამარცხებენ და არ განაძევებენ საზღვართაგან. თქვენც გვემეთ ის მძლავრი და ბილწი, რომელიც მარად გამოგცდით, როგორც ოქრო გამოიცდება ბრძმედში. და თუ წინააღმდეგობას გაუწევთ მის გულისთქმებს, დაიცავით თქვენი თავი ღმრთის შიშით, და მისი შეწევნა გარემოგადგებათ თქვენ და გიხსნით მტრის საფრთხისაგან. ამიერიდან იღვაწეთ, შვილნო ჩემნო, ნუ გაექცევით მტერს, ნურც გეშინიათ მისი და ნურც შეწუხდებით მათი განსაცდელით, არამედ სულგრძელად დაითმინეთ ყოველგვარი განსაცდელი, რომელიც თქვენ შეგემთხვევათ, რამეთუ წერია: ”ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნის და მოელის გვირგვინი ცხოვრებისაჲ” (იაკ. 1,12). არც ერთი ვაჟკაცი გამოჩნდება მძლედ, თუკი მარტო იბრძოლებს და ვერც ვერავინ მიიღებს გვირგვინს გამარჯვების გარეშე. ნუ შეწუხდებით, შვილნო ჩემნო, თქვენს ყოველგვარ გაჭირვებაში, რამეთუ უხრწნელი გვირგვინებია თქვენთვის გამზადებული. დაითმინეთ, შვილნო ჩემნო, მტრის წინააღმდეგ შრომა, რამეთუ უფალი ამბობს:"მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი” (ლუკ. 22, 28-30). და კვლავ ამბობს: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს” (მათ. 10,22).

დაიცავით მოთმინება, რათა თქვენც გითხრათ უფალმა: "რომელთა-იგი ჩემ თანა დაითმინენით განსაცდელნი, აღგითქვამ სასუფეველსა, ვითარცა აღმითქვა მამამან ჩემმან. რაჲთა შჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ჩემსა ზედა მრავალსახესა ჭამადსა” (ლუკ. 22, 28-30). ნუ ჰყოფთ მრავალთა ნებას, არამედ თქვენი გულის ნება ყავით, როგორც თქვენმა მოძღვარმა ჰყო, რამეთუ არ დაბრკოლდა იგი პილატეს ყვედრებით, არამედ სრულყო ჯვარი თვისი, სანამ მამის მარჯვენით დაჯდებოდა.

აჰა, ჩვენმა მაცხოვარმა გვიჩვენა საქმე, თუ როგორ ვძლიოთ მტერს. თუკი არ შევუდგებით უფლის საქმეებს, ვერ დავძლევთ მას. ამიერიდან ჩვენც აღვასრულოთ ჩვენი ღვაწლი, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩვენი შრომის გვირგვინს არ მივიღებთ. ისწავლეთ თქვენი შრომის აღსრულება მოკრძალებით და სიწმინდით. იტვირთეთ მტრის განსაცდელი და მადლობდეთ უფალს ყოველგვარ საქმეში იმ სასოებისათვის, რომელიც ზეცაშია განმზადებული. ზოგჯერ ეშმაკი შეუჩნდება ვინმეს და გულში ჩაუდებს ღვთის მონათა შეურაცხყოფასა და სიძულვილს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ კაცს მოწყინდეს და დაბრკოლდეს თავის ღვაწლში. და არ იცის უკეთურმა, რომ დაამარცხებენ მას იმ საშუალებით, რომლითაც ასწავლა მათმა მოძღვარმა ძლევა მისი. თუ შეურაცხყოფას, სირცხვილსა და სიძულვილს სიხარულით მოითმენენ და სულმოკლენი არ იქნებიან, ერთი ღვაწლით ორ გვირგვინს მიიღებენ, ხოლო მათ უნდათ, რომ ერთი გვირგვინი დააკლონ. ორ გვირგვინს მოიპოვებენ იმ განსაცდელთა მიერ, რომელიც მოიწევა მათზე, და თუ მცირედ დაშვრებიან, დიდ და მოუკლებელ ჯილდოს მიიღებენ. ჟამი არს, შვილნო ჩემნო, რომ ისევ გითხრათ:"ჟამი ესე შემოკლებულ არს, თქუენ ხართ მარილნი ქვეყნისანი, უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს?” (მათ 5,13). დაიცავით თავნი თქვენნი, რამეთუ აღსასრულის ჟამია, მოახლოებულია დღე და გამრავლებულნი არიან ბოროტი ადამიანები. ხოლო თქვენ, შვილნო ჩემნო, იღვაწეთ და მოიპოვეთ გული სახიერი და წრფელი, რამეთუ წინასწარმეტყველი წერს: "განიწმიდე, ისრაელ, გული შენი, რაჲთა განიკურნო” . ასევე მათთვის წერია, ვინც ძვირისმხსენებელია: ”რამეთუ არავის ეგევითარსა ხელეწიფების ხილვად ღმრთისა” (იოან. 3,3). ამიერიდან ვიღვაწოთ, შვილნო, განვიშოროთ ჩვენგან ყოველგვარი ზრუნვა და ძვირისხსენება, ვიყოთ უმანკო და შევუნდოთ ჩვენს თავს, მცნებისაებრ განვერიდოთ ყოველგვარ ბოროტებასა და უკეთურს ზაკვას, რათა მან უცხო არ გაგვხადოს ღვთისთვის.

ვესწრაფოთ მოყვასის მიტევებას, რათა ჩვენც მოგვეტევოს, რადგან მსაჯულმა წინასწარვე თქვა: "უკუეთუ არა მიუტევნეთ, არცა მოგეტევნენ თქვენ” (მათ. 6,15). ამიერიდან ვეცადოთ, შვილნო, რათა მივუტევოთ მთელი გულით და გვახსოვდეს ჩვენი თანანადებნი, რადგან ისინი მრავლად არიან, ხოლო 
რასაც ჩვენ მივუტევებთ, ის ფრიად მცირედია და იმ ფრიად მცირედისთვის, რომელსაც მოყვასს შევუნდობთ, ჩვენ ყოველი ჩვენი თანანადები მოგვეტევება. მოყვასის მცირედი ბრალი გვახსოვს და ჩვენი ყოველი თანანადების პატიებას ვითხოვთ. მივუტევოთ კეთილად და ჭეშმარიტად მთელი გულით, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვიტევოს. გულში ნუ გვექნება ბოროტება დამალული და პირით კი ვიტყვით: "მოგიტევებთ! რამეთუ ვინც გულის გამომეძიებელია და იცის თქვენი გულის ზრახვანი, მან არ თქვა, რომ თუ იტყვით "მოგიტევეთ”, არამედ თუ თითოეული თქვენგანი არ მიუტევებთ გულით, არც ზეციერი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. ადამიანთა წინაშე მიტევების წესი თქმით გამოიხატება. როცა იტყვის, "მომიტევებია”, ცხადია მათი მიტევება, რადგან უცნობია გულისზრახვანი. ხოლო ვინც გულის დაფარული იცის, მის წინაშე მნიშვნელოვანია, რომ მთელი თქვენი გულით მიუტეოთ, რათა მანაც მოგიტევოთ ყოველნი შეცოდებანი თქვენნი, ნუთუ უკეთურება უცხო გქმნით ღვთისაგან და დაგაკლებთ თქვენს ნაშრომს თქვენი გულფიცხელობის გამო. რამეთუ აქედანვე მოცემულია ამ საქმის განაჩენი.

ამიერიდან შევეწიოთ ჩვენს თავს, რამეთუ უფალმა თავისი სახიერებით მოგვცა გზა, ჩვენი თავები რომ განვიკურნოთ თვინიერ შრომისა. დავიცვათ ეს სულ მცირე მცნება, რომელიც შრომის გარეშე განგვათავისუფლებს. შეუნდეთ მთელი გულით და ნურც გულში დაიტოვებთ ბრალდებას მოყვასის მიმართ. გავიხსენოთ რას ამბობს წერილი: ”ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო” (გალ. 16,1). და კვლავ: ”რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს” (კორ. 10,12). მივიღოთ ეს წამალი დასნეულებამდე და ვიყოთ მოყვასის მიმართ სახიერნი განსაცდელის ჟამს რათა ჩვენდამიც სახიერი იყოს ღმერთი ჩვენი განსაცდელის ჟამს რადგან შეიძლება ყველა დავეცეთ. ვიყოთ მოწყალენი, რათა ჩვენც შეგვიწყალონ. ნუ ვაგებინებთ მოყვასს პასუხს, რათა ჩვენც არ ვაგოთ პასუხი ჩვენი დაცემის ჟამს. რამეთუ გვეტყვიან: წინასწარვე გითხარი, როგორც თქვენ მოიქცევით, ისე მოგექცევით მეც. ნურც ურთიერთის მაბრალებელნი ვიქნებით, რათა ჩვენც არ დაგვაბრალოს მან. რადგან ადრევე თქვა: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” (მათ. 7,2).

ო, შვილნო ჩემნო საყვარელნო, იყავით შვილნი სიყვარულისა, რამეთუ სიყვარული მიგაახლებთ ღმერთთან. გაუფრთხილდით ურთიერთს ქრისტეს შიშით. უმცროსნი დაემორჩილეთ უხუცესებს დრტვინვისა და სულმოკლეობის გარეშე, მოიქეცით მორჩილებითა და სიმდაბლით, დაემორჩილეთ მათ ღვთის შიშით. მზად იყავით. სიხარულით იმ საქმის აღსასრულებლად, რომელსაც გიბრძანებთ, დრტვინვის გარეშე. როგორც კაცმოთნენი მხოლოდ თვალხილულად კი ნუ დაემორჩილებით, არამედ როგორც ღვთის მონანი, რათა ამის გამო ყოველგვარ საქმეში გაწეული შრომის გამო სრული სასყიდელი მიიღოთ. გულში თქვით, რომ: უფალს ვემორჩილები და არა კაცს.

და მოხუცებულებმაც დამწყსეთ ახალგაზრდები რისხვის გარეშე, რადგან სიყვარული არ მრისხანებს. იტვირთეთ ისინი სიყვარულით, როგორც უფალმა თავს იდო ჩვენი სიყვარული. წარუძეხით მათ ყოველგვარ სიკეთეში. ეს იცოდეთ, რომ ჩვენმა მაცხოვარძა მტრები დაამარცხა არა თავისი ღვთაებრივი სიმაღლით, არამედ თავისი თავი დაიმდაბლა, დაიმცირა, სანამ არ დაამარცხა მძლავრი იგი და ამპარტავანი, რათა ჩვენთვის ესწავლებინა, რომ ესაა გამარჯვების მაგალითი, რომლითაც გავიმარჯვებთ. მიბაძეთ თქვენი მოძღვრის სიმდაბლეს, რათა მან გვასწავლოს ძლევა და მის მიერ დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგე. თავს იდეთ ურთიერთის შრომა, რათა ამგვარად სრულყოფილნი იქმნეთ ქრისტეს სიყვარულში.

სრულებით ნუ იქნებით კაცთმოძულე. თუ ვინმეს ექნება ცოდვა, ნუ იტყვით ვინმესთან. გაიხსენე, რომ შენც გაქვს ცოდვა და ნურც გულში დაიმახსოვრებ მას. როგორც ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენს შესახებ რაიმე თქვან, არც ჩვენ უნდა ვთქვათ შოყვასის შესახებ მოყვასთან რაიმე, არამედ უფრო მეტად  სიმდაბლეს უნდა ვეძიებდეთ და სიმდაბლითვე უნდა  ვფიქრობდეთ. ერთმანეთი  ღვთის შიშით ადიდეთ, რათა  ღმერთმა თქვენც გადიდოს. ყოველგვარ ბოროტ სიტყვას, რომელსაც გაიგონებთ, ნუ ეტყვით მოყვასს, რათა არ დაცეთ  თქვენი თავი ერთმანეთთან თქმით, რადგან ეს  მთქმელისთვისაც და მსმენელისთვისაც დაცემა იქნება და  როცა ვინმესთან მისვლას მოისურვებ, მიდი ღვთის შიშით და  გახსოვდეს ღმერთი ყველგან, სადაც მიხვალ. თავაწეულნი ნუ იქნებით კაცთა წინაშე, არამედ თვალით დაბლა იცქირეთ, ხოლო გულით ზეცად. იყავით კაცთა წინაშე როგორც პირუტყვნი და ღვთის წინაშე როგორც პირმეტყველნი. შეამკეთ თქვენი თავნი  ღვთისმეტყველების შესწავლით და ყველგან იყავით სიკეთით  აღსავსენი, როგორც მონაზვნებს შეეფერება, რათა უკვირდეთ  თქვენი გასაჭირის ჟამს და განადიდონ თქვენი ზეციერი მამა.

შვილნო ჩემნო, გახადეთ თქვენი ხორცი უცხო ამ სოფლისაგან,  რათა საუკუნო სიკეთე იგემოთ. საყვარელნო, პირველი  შეცოდება, რომელიც სამოთხეში მოხდა, საჭმლისგან იყო. და ღვაწლი, რომელიც აღასრულა ჩვენმა მაცხოვარმა, ვიდრე  მტერი დაამარცხა, არის მარხვა - ეს არის პირველი ღვაწლი, რომელიც ჩვენმა მაცხოვარმა გვიჩვენა. დავემორჩილოთ  უწინარესს, რათა მიგვიყვანოს თავის სისრულემდე.  ვისწავლოთ ის ღვაწლი, რომელიც მან გვიჩვენა, ესე იგი, მარხვა  და ლოცვა, როგორც თქვა ეშმაკების შესახებ, რომ: ”არა რაჲთ  გავლენან, გარნა მარხვითა და ლოცვითა, რამეთუ ფარულად  გვბრძვანან და დასთქმენ სულთა ჩვენთა”. ამიერიდან  შევუდგეთ მარხვის ღვაწლს. მისი შრომა ტკბილი გვექმნება. ვიცი, საყვარელნო, რომ იცით მარხვის ღვაწლი, არამედ  გამცნებთ, რათა მეტი ჰყოთ და მეტი გასამრჯელო მიიღოთ.

შვილნო ჩემნო, უხარია ჩემს გულს თქვენ გამო, რადგან, რაც ამ ორმოცი დღის მანძილზე ჰქმენით, მთელი წლის მანძილზე მიიღებთ მის ნაყოფს. რამეთუ ეს ის დღეებია, როცა უხარია ჩვენს მაცხოვარს, რადგან გულისხმაყავით მისი შრომა. თუ მასთან ერთად ვიშრომებთ, მასთან ერთადვე განვიდიდებით.

ამიერიდან, შვილნო ჩემნო, მარად აღვასრულოთ ეს ღვაწლი და ნუ იფიქრებთ, რომ ეს ორმოცდღიანი მარხვა შეგიყვანთ ღვთის სასუფეველში, რამეთუ წერია: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს” (მათ. 10,22). ნუ იქნებით, როგორც ერისკაცი, რომელიც მიიღებს მხედრობის პატივს, და არ დაიცავს იმ საბრძოლველ ადგილს, სადაც მცველადაა დადგენილი. როცა მოვა მეფე და ნახავს, რომ არ იცავენ, კი არ მოერიდება, არამედ წარწყმედს. თქვენც იმარხულეთ იმდენი, რამდენიც გამცნოთ მეფემ. ნურც ერთ დღეს იზარმაცებთ, რადგან ეს ღვაწლი ყოველდღიურია. როცა არაა მარხვა, მაშინ მღვიძარებაა, როცა არაა ხორციელი მღვიძარება, მაშინ არის გონებრივი, რადგან ამგვარი მღვიძარება დაუსრულებელია. მერე წერია: "რომელმან დაიცვეს პირი თვისი, დაიმარხოს სული თვისი” (იგავ. 13,3). შეუდექით მარხვას, რადგან ესაა თქვენი შრომის სრულყოფა. ასევე მხოლოდ საჭმლით მარხვა, თუკი არ გაგაჩნია სხვა სათნოებათა სიმდაბლე, გავს კაცს, რომელიც აავსებს თაფლით ჭურჭელს, რომელსაც აქვს პატარა ხვრელი და მან არ იცის, ცოტა ხნის შემდეგ მივა ის უბადრუკი და ნახავს, რომ დაიქცა თაფლი და მან კი ვერ გაიგო. დაიცავით თქვენი თავი. თქვენც რომ არ წარწყმიდოთ თქვენი შრომა და ვერ გაიგოთ, უმეტესად დაიცავით თქვენი თავი სიფრთხილით თქვენი მტრების მზაკვრობისაგან.

საყვარელნო, განერიდეთ სიზარმაცეს, რადგან მრავლად არიან, რომელთაც შურთ ჩვენი. ვისთანაც გაუვათ, არ ერიდებიან არანაირად, რამეთუ განრისხებულნი არიან ჩვენზე, მარად ეძიებენ ჩვენს ბრალს და როცა ჩვენ ვიზარმაცებთ, მაშინ ისინი სწრაფად გამოიქცევიან ჩვენსკენ და დაგვთრგუნავენ. როცა
ნახავენ, რომ რისხვით ვიტყვით მოყვასის მიმართ, ისინიც ისწრაფვიან, რათა დაგვეუფლონ ჩვენ. როცა გაიგონებენ ჩვენგან ურთიერთისადმი ბოროტად, თუნდაც ამპარტავნებით ნათქვამს, ისინი მბრძანებლობენ ჩვენზე, იმუქრებიან და ამბობენ: ”აჰა ესერა, წარვწყმიდენით შრომანი მათნი”. ნუ გავახარებთ მტრებს ჩვენზე და ნურც იქნება ჩვენი მოძულეების გულები მხიარული ჩვენ გამო.

შვილნო ჩემნო, სრულად დაიცავით სინანული და ნუ განაგდებთ მას თქვენს საყოფელთაგან და ნუ მიეცემით სიზარმაცეს და ნუ დაივიწყებთ სინანულის სიტკბოებას. ნუ დატოვებთ თქვენი კარის მიღმა მას, რომელიც დგას და გირეკთ, რათა მიგიღოთ თავის წიაღში. ნუთუ წახვალთ, იპოვით საჭმელს და სასმელს და დაივიწყებთ მას? მეშინია უკვე, რომ არ იპოვოთ განსვენება და განერიდოთ მას. დაიცავით თქვენი თავი, რადგან მრავალნი არიან, რომელთაც შურს თქვენი. ნეტარია, ვინც ღმერთთან მისვლამდე შეუდგება სინანულს.

და თუ დაუტევებთ სინანულის ღვაწლს, და ვერ შეძლებთ მარხვას სულთმოფენობის დღეებში, მაშინ განადიდეთ მღვიძარება, იკითხეთ წიგნი გულმოდგინეთ, თქვენი კანონი ტკბილად აღასრულეთ და ჟამისწირვას დაესწარით კეთილად, შიშით და ძრწოლით. გეშინოდეს საიდუმლოსი, რომელსაც ეზიარები. ნუ იზარმაცებ ეკლესიაში მისვლას, რათა გაკურთხოს ანგელოზმან შესაწირავისამან. გეშინოდეს ანგელოზების, რომელნიც თქვენზე ადრე მიდიან ეკლესიაში, რათა არ იზარმაცოთ. გეშინოდეს მიქაელისა, რომელიც დგას და ხედავს, ვინ შევა პირველი და ვინ იზარმაცებს. მიდით ეკლესიაში, რათა განიწმინდოთ თქვენი გულები მოციქულთა მიერ დადგენილი ლოცვით, გალობითა და საკითხავით, რაც აუცილებელია ცხონებისთვის, რამეთუ იგია, რომელი განდევნის ყოველგვარ ბნელ ძალას სულისაგან. მოდით გულმოდგინედ, რათა მიიღოთ ქრისტეს ხორცი და სისხლი. ნუ გექნებათ რაიმე ბიწიერი გულში, რამეთუ ქრისტეს სისხლი და ხორცია, რომელიც განაგდებს უკეთურ ძალებს და გვიცავს ჩვენ  მტრისაგან, როგორც წერია: ”უკეთუ სისხლი იგი ზვარაკთაჲ და ვაცთაჲ  და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, შეგინებულთა მათ განსწმედს მსგავსად ხორცთა მათ განწმედისათა, რავდენ უფროს ხორცი ქრისტესი, რომელმან სულითა წმიდითა თავი თვისი შეწირა უბიწოდ, განწმიდნეს გონებანიცა ჩვენნი მკვდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა” (ებრ. 9, 13-14).

ჩვენმა უფალმა თქვა: "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა, იგი ჩემ თანა ჰგიეს და მე მის თანა” (იოანე 6, 54-56). და კვლავ ამბობს: ”მე ცხოველ ვარ მამისა მიერ და რომელი მჭამდეს მე, იგიცა ცხოველ იყოს ჩემ მიერ” (იოანე 6, 57).

ამიერიდან თუ ვინმე იზარმაცებს და ზიარების გარეშე იქნება, მასში უკეთურება გამრავლდება და ბნელეთის ძალები დაეუფლებიან მას. ვინც უცხოა მისგან, მას არ ექნება ცხონება, არამედ მისი ყოველგვარი შრომა ამაო იქნება. რადგან არ იცავს თავს, რომელსაც მთელი სხეულით ეზიარება, არამედ ნებსით გაურბის ცხოვრებას, რამეთუ განუდგა თავის თავს და უცხო იქნა საუკუნო ცხოვრებისაგან. ხოლო ჩვენ, შვილნო საყვარელნო, ვილტვოდეთ მისკენ სარწმუნოებით, შიშით და ძრწოლით, რათა განგვკურნოს ყოველგვარი სალმობისა და მტრის ყოველგვარი შიშისაგან. იყავით სულით ფრთხილნი და ნაყოფით სავსე, რათა თამამად მიხვიდეთ ღმერთთან და არ გექნეთ ცოდვა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს გამოჩინებისას, რომლისაცაა დიდება, ძალი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოგიკითხავთ ყველას, უფლის მიერ ჩემს საყვარლებს. უფალმა დაგიცვათ მშვიდობით. ამინ.

 

 

ეპისტოლე მეორე

 

მშვიდობა თქვენდა, შვილნო ჩემნო საყვარელნო, მოგიკითხავთ თქვენ სულიერი სიხარულით და ვლოცულობ ცრემლით თქვენთვის, რომელნიც ხართ ჩემი ვენახის ნაყოფნი, რათა მიიღოთ ჩემნი მცნებანი და გულისხმა-,ჰყოთ თქვენი სულის სისავსე და ნაკლულოვანება, რომელიც გაბრკოლებთ სულის ნაყოფთა მიმართ, რომელიც აღხოცავს თქვენს უცოდველობას და მის ნაცვლად ბოროტებას ნერგავს, რომელიც განდევნის სიმდაბლეს და მის ნაცვლად ამპარტავნებას ნერგავს, რმოელიც სიწმინდის ნაყოფს განაგდებს და მის ნაცვლად შემაგინებელ ნაყოფს ნერგავს, რომელიც განსდევნის სიყვარულს და თესავს შურსა და სიძულვილს, რომელიც დევნის თქვენს რწმენას და მის ნაცვლად ურწმუნოებას ნერგავს. მე მზად ვარ თქვენდა მსახურებად იმ საიდუმლოებებით, რომელიც სულიწმიდამ მაუწყა, რათა მე თქვენ გაუწყოთ და რათა გიჩვენოთ თქვენი სულის ის სისრულე, რომელიც მას მხიარულებით აღავსებს და მტრის ყოველგვარ ძალებს განდევნის, განაახლებს მას სულით და მის ნაცვლად სარწმუნოებას დანერგავს, განწმენდს მას ყოველგვარი შემაგინებელი გულისთქმებისაგან, განაგდებს ურწმუნოებას, მის ნაცვლად დანერგავს სიწმინდის ნაყოფს, განდევნის შურსა და სიძულვილს და მის ნაცვლად სიყვარულს დანერგავს, რომელიც გააძევებს ძვირისმეტყველების სიმყრალეს და დანერგავს ჩვენში მშვიდობას, როგორც კეთილსურნელების სულს, რომელიც ამპარტავნების ნისლს წარიღებს და სიმდაბლის ბრწყინვალებით განანათლებს თქვენს გულებს, რომელიც გულისწყრომის ნისლს აღძარცვავს და თქვენს ყველა ასოს სიმდაბლით განანათლებს, რომელიც თქვენ ღვთის სამკვიდრებლად გყოფთ და თქვენს გულებს სულიწმიდით განანათლებს. ძე ღმერთის ხატი გაქვთ გამოსახული თქვენს გულებში, თქვენს სხეულში, რათა იყოთ თორმეტი ქალწულის სამკვიდრებელი, რომელნიც საყვარელ მეუფეს თქვენს სულში უგალობენ. თითოეული მათგანი შესწირავს სიძეს გალობას, რათა თქვენი საყოფელი იყოს მგალობელ ქალწულთა ადგილი და ადგილი საკურთხებელი ანგელოზთა, რომელნიც მოელიან თქვენი უფლის თაყვანისცემას, როგორც თავადმა თქვა, ”უკუეთუ ვინმე დაიმარხეს მცნებანი ჩემნი, მე და მამამან ჩემმან სადგური მის თანა ვყოთ” (იოანე 14,23), რადგან თორმეტი სათნოებაა მასში დამკვიდრებული.

ამიერიდან იღვაწეთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და მოუპოვეთ თქვენს თავს სათნოებანი. დაიცავით უფლის სიტკბოება და ნუ დაკარგავთ მას. მოიპოვეთ მოყვასისადმი სიყვარული. ჰე, შვილნო ჩემნო, მოისურვეთ მარად სიყვარული, რათა მაცხოვრის მოწაფეთა რიცხვში მოხვდეთ, რამეთუ სიყვარულის სასწაული წინ წაგიძღვებათ თქვენ, როცა ხორციდან განხვალთ, როცა გეწვევათ ხორციდან განსვლის შეჭირვება, რათა ამ ბეჭედმა განგანათლოს თქვენ და სიყვარული წაგიძღვეთ მთელ იმ გზაზე, სანამ უშიშრად და შეუძრწუნებლად, ბოროტის ყოფის გარეშე მიაღწევთ ზეცამდე. როცა ბნელეთის ძალები გამოვლენ თქვენ შესახევედრად და იესოს მოწაფეობის ბეჭედს იხილავენ თქვენზე, გაიქცევიან თქვენგან. და როცა უფალი იხილავს, რომ ურწმუნოება მოდის თქვენთან, შერისხვავს და ეტყვის: ”ივლტოდე სირცხვილეული, რამეთუ სარწმუნოებამან გისწრო და განანათლნა შვილნი ჩემნი”.

თუ ამპარტავნება მოვა და შეგაშინებს, სიყვარული დაწვავს მას და ეტყვის: ”წარვედ ადგილით შენით, რამეთუ სიმდაბლემან გისწრო და შევიდა ჩემთა ამათ”.

თუ რისხვა მოვიდეს თქვენს შესახვედრად და მოისურვოს თქვენი შეძრწუნება, სიყვარული გააქცევს მას და ეტყვის:"განეშორე ჩემგან, რამეთუ სიმდაბლემან გისწრო და მიიზიდნა იგინი განსასვენებელსა თვისსა”.

თუ გამოვა ძვირისმეტყველება და თქვენ შორის თავის სიმყრალის დათესვას მოინდომებს, სიყვარული დაწვავს მას და ეტყვის. "განეყენე შვილთა ჩემთა, რამეთუ მშვიდობამან გვირგვინოსან ყვნა იგინი და წარიყვანნა ქალაქსა მას განსასვენებელსა თვისსა ძეთა თანა ღმრთისათა”.

როცა ყოველი ბნელი ძალა იხილავს, რომ მათი მთავრები ქრისტეს მოწაფეთა სიყვარულის ბეჭდის სასწაულით შეძრწუნდებიან, ვეღარ გაბედვენ თქვენთან მოახლებას, არამედ მათი ცეცხლის ალის სინათლით დაიწვებიან. ყველა ეს სათნოება თან წამოგყვებათ ყველგან, რათა არავისი გეშინოდეთ. წინ წაგიძღვებიან თქვენ თავიანთი დიდების კადნიერებით კეთილ ქალაქში. წინასწარ გაგეღებათ ბჭენი და უფლის ტაბლაზე შესვამთ მის სასუფეველს და განისვენებთ თქვენი კეთილი შრომისთვის. იქ ისე კი არ იქნება, როგორც აქ, როცა მცირედი მარხვის ღვაწლის შემდეგ ისვენებთ და შემდეგ კვლავ უბრუნდებით მარხვას, არამედ თუ მიაღწევთ იმ დღემდე, საუკუნო განსვენება გექნებათ და შემდეგ არანაირი შრომა აღარაა მოსალოდნელი, რამეთუ აღარ იქნება სალმობა, არცა ჭირი, არამედ განუქარვებელი სიხარული და მხიარულება.

ამიერიდან, შვილნო ჩემნო, მიიღეთ სიყვარულის ბეჭედი, რომლისგანაც უდიდეს ჯილდოს მოიპოვებთ, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელია სასუფეველში შესვლა, რამეთუ ბევრი მძლავრი დგას იმ გზაზე და შეუძლებელია იმ ქალაქის გზის გავლა, თუ სიყვარული არ იქნება ჩვენთან, რათა არ შეგვიპყრონ იმ გზაზე. თუ სიყვარული არ იქნება ჩვენი თანამგზავრი ქალაქის ბჭემდე, მისი მცველები დახშავენ მის კარებს ჩვენს წინაშე. გკითხავენ და გეტყვიან: ”სადა არს დაფარული იგი სასწაული ქრისტესი?” რადგან მოგვცა ჩვენ სასწაული თავისი ბეჭდისა და გვამცნო: ”ვისზეც არ იხილავენ ამ სასწაულს, ნუ შემოუშვებთ მას”. მოიპოვეთ, შვილნო ჩემნო, საყვარელნო თქვენს თავში ეს სასწაული, რათა სიყვარულმა დაბეჭდოს თავისი თავი თქვენს სულებში და თქვენი ყოველი ასო განანათლოს თქვენი ურთიერთ სიყვარულის ნათელმა. თქვენც განგანათლებს იგი, როცა თქვენი ხორციდან გამოხვალთ, რათა სწრაფად გაგიღონ კარი თქვენ წინაშე მდგომელთა, რათა არ იყოთ მვედრებელი კარის წინაშე, როცა მას დაგიხურავენ. ბნელეთის ყოველი ძალა შემოგეხვევათ თქვენ და იმ უბადრუკთა შორის აღმოჩნდებით. ჰე, შვილნო ჩემნო საყვარელნო, ნათელ-ყავთ თქვენი ბეჭედი, რათა მან თქვენ განგანათლოთ, როცა ხორციდან განხვალთ.

თქვენ მხოლოდ ისმენთ სიყვარულის შესახებ და მოგწონთ მისი სახელწოდება, მის საქმეებს არ ელტვით, რადგან ყველა სათნოებაზე უფრო მშვენიერია მათი სახელები და ტკბილია მათი სახე და ყოველმხრივ გამოსაძიებელია, რათა აღასრულოთ მისი საქმენი. გამოიკვლიეთ ურთიერთში მისი ძირი, რათა აღასრულოთ იგი თვინიერ ორგულებისა. და იყოს მხოლოდ იმ დაბეჭდილი ბეჭდის სასწაული თქვენს გულებში. იყავით ამიერიდან ყოვლის მეძიებელნი და სიყვარულით ქრისტეს ოჯახის წევრნი, რათა ყველამ გიცნოთ სიყვარულის სასწაულით, რომელიც გექნებათ ურთიერთის მიმართ წრფელი გულით, იგი ხომ შორსაა ყოველგვარი მზაკვრობისაგან. რამეთუ, აჰა, წინასწარვე თქვა მისმა სიძემ დასასრული მისი, რომ ვისაც ექნება იგი (სიყვარული), დადებს თავის თავს მოყვასისათვის და მოკვდება თავისი ძმისათვის. ვისაც მოეპოვება იგი, პატივს სცემს თავის მოყვასს, თავის თავს შეურაცხყოფს და არარად შერაცხს მოყვასის ბოროტებას, არც განრისხდება მის მიმართ, არც ძვირად მოიხსენიებს ლანძღვის გამო მოყვასს, არამედ შეურაცხყოფს თავის თავის და წმინდა გულით ადიდებს თავის მოყვასს თავის თავზე მეტად, რამეთუ არაა მზაკვრობა სიყვარულში. ვერ შეამკობ მას ტყუილის სამკაულით, რადგან იგი თავს სამკაულს შეიწყნარებს, თუ იკადრებ მისი ტყუილის სამოსლით შემკობას, არ შეიწყნარებს მას, არამედ განაგდებს, ვიდრე არ განცხადდება შენი შინაგანი სიცრუე და ორგულობა. საკვირველ შეიქმნება სიყვარული თავისი დიდებით და მისი საქმენი ჭეშმარიტნი. საყვარელნო, დავიცვათ სიყვარული, რამეთუ ეს მცნება გვამცნო მაცხოვარმა წასვლისას. გამოიძიეთ მისი დასასრული, რათა აღიღოს თქვენგან ყოველი ცოდვა, რადგან ყოველი მისი მცნება კურთხეულია, ამასთანავე უსაშინლესია იგი ყველაზე მეტად, რადგან გვამცნო იგი მაშინ, როცა ჯვარცმად მიდიოდა. აღთქმის ნაცვლად იგი მოგვცა და თავისი სიკვდილით დაამტკიცა იგი. არა მხოლოდ სიტყვით მოგვცა იგი, არამედ ამასთანავე საქმითაც აჩვენა, რადგან მოკვდა ყველა ჩვენგანისათვის.

ამიერიდან ჩვენც ჩვენი ძალისაებრ ვყოთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო. შევუდგეთ ჩვენს მოძღვარს, ვისწავლოთ მისი საქმენი, რამეთუ თქვა, რომ განმტკიცებულნი იყავით, როგოცრ მოძღვარი თქვენი. თუ მოძღვარს უწოდებთ მას, შეუდექით მის საქმეებს, შიშით და ძრწოლით დაემორჩილეთ მის მცნებებს, რომლებიც ჩვენ მოგვცა. თუ უფალს უწოდებთ მას, მონებივით ვიყოთ საქმით მისი მორჩილნი და დავემორჩილოთ ჩვენი უფლის ბრძანებას. და თუ უწოდებთ მას მამას, აღუსრულეთ მორჩილება შვილობისა. მიხედეთ შრომას, რომელსაც ჰყოფთ, რამეთუ თქვენი ხორცის უსუსურობის, უმადურობისა და პირის სიმყრალის გამო სიკვდილი დაგეუფლებათ. და თუ აღასრულებთ მცირე მცნებებს, რომელნიც სრულნი არიან, გულის ყოველგვარი ტკივილისა და მწუხარგბისაგან თავისუფალი ვიქნებით. იმიტომ ხართ დამძიმებულნი. რომ არა ხართ სიყვარულში, რამეთუ სიყვარულს არ შურს მოყვასისა, არამედ უხარია მისი სიკეთე და დიდებულება. სიყვარული არ დრტვინავს მოყვასისათვის, არც შეურაცხყოფს მას, არც მოიხსენებს მის ცოდვებს, რამეთუ ვინც სიყვარული შექმნა, უწყის, რომ ყველას გვაქვს ბრალი. ვინ დაიქადებს, რომ წმინდაა ცოდვათაგან, რომ მასში არაა ბრალი? ო, კაცო, რატომ დებ შენს ცოდვებს ზურგს უკან და შენი ძმის ცოდვებს კი რატომ იწყობ ცხვირწინ? რისთვის სჯი სხვის მონას? გახსოვდეს, რომ შენც მისნაირი მონა ხარ, და თუ მოისურვებს უფალი შენს პასუხგებას ცოდვათათვის, ვერ შეძლებ მის წინააღმდეგობას. ნუ მოთხოვ პასუხს შენს მოყვასს, რათა შენც არ მოგთხოვონ პასუხი და გითხრან. "მონაო ბოროტო, ყოველი თანანადები მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრე. არა ჯერ-იყოა შენდაცა შეწყნარებად მოყუასისა შენისა, ვითარცა შეგიწყნარე შენ?” (მათ. 18,35). განერიდე ყოველგვარ დაბრკოლებას. მიუტევეთ, რათა მოგეტეოს თქვენც. ნუ დასჯით, რათა არ დაისაჯოთ, რადგან ყველანი წარვდგებით ქრისტეს საყდრის წინაშე და პასუხს ვაგებთ ჩვენი ყოველი სიტყვისა და საქმის გამო.

საშინელი დღე, რომელიც სავსეა შიშით, აუცილებლად მოიწევს ჩვენზე. ვინ მოცემს ჩემს თავს წყალს და ჩემს თვალებს ცრემლთა წყაროს? იმ დღის მოსვლამდე უნდა ვიტირო ჩემი თავი, რათა გადავრჩე იმ საშინელ და შესაძრწუნებელ დღეს, როცა მის წინაშე დადგება ყველა ანგელოზი და შეიკრიბება ყველა წმინდანი შიშით და დუმილით. ქერუბიმნი და სერაბიმნი თაყვანს სცემენ მოხუცებულს. მის წინაშე იდგებიან მიქაელი და ყოველნი ანგელოზნი, საყდრის წინაშე შეევედრებიან მას და ყოველი იძრწუნებს, ვიდრე განჩინება გამოხდება მამისაგან. იღვაწეთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, იმ დღისათვის. იყავით მოყვასისათვის კეთილნი, რათა სახიერი გექმნეს ღმერთი იმ დღეს, იყავით მოწყალე, რათა შეგიწყალონ. ნუ დასჯით მოყვასს, რათა არ დაისაჯოთ, რამეთუ გეტყვის თქვენ: "ვითარცა ჰყოფდით, ეგრეცა გეყოს თქვენ”. ამიერიდან გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა იმ დღეს თქვენც შეგიყვაროს. ნეტა თუ მოიპოვება სიყვარული, თქვენს გულებში დაბეჭდილი, რათა ჰპოვოთ კადნიერება ”რამეთუ არა არს შიში სიყვარულსა შინა, რამეთუ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში და მოსცის კადნიერებაჲ” (I იოანე 4,18).

რამეთუ იოანე გვასწავლის სიყვარულის დასასრულს და ამბობს: "ღმერთი არავინ სადა იხილა. უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთას, ღმერთი ჩვენ შორის დადგრომილ არს და სიყვარული მისი აღსრულებულ არს ჩვენ შორის” (იოანე 1,18). თუ ღმერთი იქნება კაცთან, არ შეეშინდება არანაირი ბოროტების. გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა ღმერთმა დაიმკვიდროს ჩვენ შორის და გვიხსნას ჩვენი მტრების ხელთაგან, რამეთუ წერია: "უკეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არს ძვირისმეტყველ ჩვენდა?” (რომ. 8,31). ამიერიდან მივცეთ ჩვენ მას ადგილი, რათა დამკვიდრდეს ჩვენში და შეგვეწიოს ყოველგვარი მტრის წინააღმდეგ, იქნებ ჩვენც გვითხრას: "მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა მიიდრიკა თავი” (ლუკ. 2,58). ამიერიდან ვიღვაწოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა არ ვიყოთ ჩვენს გულისთქმათაგან დაბნელებულნი და უცხონი ჩვენი ღმერთის ცხოვრებისაგან, რამეთუ წერია "რომელსა არა უკვარდეს ძმაჲ თვისი, იგი სიკვდილსა შინა დადგრომილ არს” (იოანე 2,11). და კვლაე ამბობს: ”რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, ბნელსა შინა არს და არა უწყის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თვალნი თვისნი” (იოანე 2,10).. ამიერიდან გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა ვიყოთ ნათელში, რადგან წერია: "რომელსა უყვარდეს ძმაჲ თვისი, იგი ნათელსა შინა დამკვიდრებულ არს და მის თანა საცდური არა არს” (იოანე 2,10). გამოვფხიზლდეთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, ამ უბედურებისაგან, რომელიც ამძიმებს თქვენს გულებს, რადგან დამძიმებულია თქვენი გულები სიცილითა და ამაო სიტყვით, რომელნიც აუჩინარებენ თქვენს ნაყოფიერებას. დაიცავით ნაყოფნი თქვენი, რათა არ
განხმეს მრავალრიცხოვანი ღვარძლისაგან, რომელსაც თქვენს ნაყოფში თესავენ. შვილნო ჩემნო, ნუ თესავთ ღვარძლს თქვენს ჯანსაღ და მრთელ ნაყოფში. სრულებით ნუ მოუსმენთ ძვირსმეტყველთ, რათა არ დაიღუპოთ ძვირისმეტყველებთან ერთად. არიან ისეთები, რომელნიც ამბობენ: "არ შეგვიძლია არ მოვისმინოთ, გულით კი არ შევიწყნარებთნ”. ვინ მიეახლება აგზნებულ სახმილს, არამედ მოერიდება, რათა არ დაიწვას? გავექცეთ ძვირისმეტყველებას, რადგან არაა სანდო მისი მოსმენა, თუკი იგი დაგეუფლებათ სიკვდილს შეგამთხვევთ. რადგან ძვირისმეტყველის ძალა გავს ლერწამზე დანთებულ ცეცხლს, რომელიც ყველაფერს წვავს, როგორც კი მიწვდება იგი სულს, გააშავებს ალით და დააჭკნობს თავისი სიმყრალით.

დაიცავით თქვენი მიწა, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და ნუ მისცემთ ნებას მტერ კაცს იფქლში ღვარძლი დათესოს. ნახეთ, როგორ თესავენ თესლს და მიატოვებენ მას, ვიდრე არ განედლდება და აღმოცენდება, კარგი იქნება ის თუ ცუდი, რადგან მიწა ყოველგვარ თესლს იღებს და მისგან კარგსაც აღმოაცენებს და ცუდსაც. ამიერიდან დათესეთ კარგი თესლი თქვენს მიწაში, რათა ასმაგი ნაყოფი გამოიღოს. თუ არის კაცი ვინმე ძვირისმეტყველი და მის გულს უყვარს ენოვნების ვნებანი, იგი ჭუჭყში გორავს, მსგავსად ღორისა, და თუ მოვა შენთან, ჰე კაცო ღვთისმოყვარეო, დახშე შენი ყურთასმენა და განერიდე მას, რათა არ დათესოს შენს ყურებში ძვირისმეტყველების თესლი. რადგან თავისი ხელი ღვარძლით აქვს აღსავსე, და მზადაა, რათა იგი შენს უძლურ ყურებში დასთესოს. და თუ დათესავს და წავა, აღარ დაცხრება, არამედ დაუწყებს შენს გულს ღრღნას და შენში იმ თესლზე მეტი უკეთურების მრავალ ნაყოფს გამოიღებს, რადგან თესლი მცირედი ითესება მიწაში, ხოლო როცა აღმოცენდება, კალოს ნაყოფით აღავსებს. ამიერიდან ნუ გძინავთ, რათა არ მოვიდეს მტერი და არ დათესოს იფქლში ღვარძლი, არამედ ფრთხილად იყავით, ღვარძლის მთესველისგან დაიცავით თქვენი თავი.

რა სარგებელი გექნება, კაცო, რომელიც განხრწნი გულს და განრყვნი ამ ჩემს ნაყოფს? თუ ბოროტება გაქვს, იგი შენი თავისთვის გაქვს. რა სარგებელია შენთვის და ჩემი უბადრუკი სულისთვის, რამეთუ გნებავს მისი შენი ჭუჭყით შეგინება? ყოველთვის დაიცავით თქვენი თავი და მაშინ უფრო ლმობიერი იქნება თქვენი გული. დაიცავით თქვენი თავი, რათა არ მოისმინოთ ძვირისსიტყვა, რამეთუ ყურს სწადია ის რაც გულს უნდა. თუ გულით გიყვარს ვნებანი, ყურსაც ბოროტი სიტყვების სმენა სწადია. თუ გული ღმერთთანაა ამაღლებული და მისი მცნებები ახსოვს, როგორც წერია: "გულმან მრქვა მე მცნებათა შენთა”, მაშინ ყურიც დატკბება კეთილი სიტყვების მოსმენით, წმინდანთა ძალითა და მათი მიწის სიკეთით. შეუერთდი მათ, ვისაც ეს გააჩნია, რათა შენს მიწაშიც დათესონ, გიბოძონ ცხოვრების უამრავი ნაყოფი, რომელიც წაგიძღვება მათთან, ვიდრე არ დაიმკვიდრებ მათ შორის.

რატომ გნებავს ამაო ძვირისმეტყველებთან საუბარი, რომელთანაც არასდროს იპოვება მშვიდობა, რადგან ისინი იწვევენ განხეთქილებას ძმათა შორის. შენს ყურებს ასწავლღე ყოველგვარი კეთილი სიტყვის მოსმენა და დახშე ისინი გულისგამხრწნელი საუბრის მოსმენისათვის, რადგან გულის გამხრწნელი გავს მომწამვლელ ადამიანს, რომელსაც სურს მხოლოდ კაცისკვლა, შეაზავებს თავის წამალს თაფლით, რათა ტკბილით შეასვას მწარე და ამით მოაკვდინოს. ასევეა გულის გამრყვნელიც. მოგინადირებს, როცა შფოთი გექნება გულში ვინმესადმი, თუნდაც ერთი ძმათაგანის მიმართ, მოვა შენდამი, ჰე უბადრუკო, გეტყვის ტკბილ სიტყვებს, თითქოს ზრუნვით, მოგეალერსება და გაქებს, თითქოს ზრუნავს შენზე და მაშინ წარმოთქვამს მცირედ-მცირედ ძვირისსიტყვას, ვიდრე არ მოაკვდინებს შენს სულს. ჰე უბადრუკო, ნეტარ იქნები, თუ დაიხშობ მაშინ შენს ყურებს და საერთოდ არ მოისმენ ძვირისმეტყველის სიტყვებს. ამიერიდან განერიდე ვნებისმოყვარე ძვირისმეტყველთ, რომელთაც უყვართ ბოროტი სიტყვები და მარადის ჭუჭყში გორავენ, როგორც ღორები. განერიდეთ მათ, რათა არ მოგასხან თავიანთი ჭუჭყი და არ შებღალონ თქვენი წმინდა სამოსელი, რამეთუ ჩვენი მაცხოვარი გვაუწყებს და გვეუბნება: "სახიერმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა წარმოიღის კეთილი და ბოროტმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა წამოიღის ბოროტი, რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი” (ლუკა 6,45). აი, ჩვენმა მაცხოვარმა გვიჩვენა თითოეულ ჩვენგანს მაგალითი, შენც შეიცანი შენი თანამოსაუბრის პირისაგანა თუ გეტყვის შენი სულის საცხონებელს, იგი სურნელების მოყვარე კაცია, თუ გეტყვის ძვირისმეტყველებით, იგი სიმყრალის მოყვარულია, როგორც ღორი.

ამიერიდან შეინანე შენს აღსასრულამდე, ჰე კაცო, რამეთუ აქ არავინ დაგვტოვებს, მოვა ჟამი, როცა მოვლენ და წაგიყვანენ იმ ადგილას, რომელიც არ იცი და იხილავ სახეებს, რომლებიც არასდროს გიხილავს, რამეთუ ეს ის ძალებია, რომლებიც გაჭირვებენ. ახლა თუ მათ ნებას აღასრულებ, ისინივე დაგასმენენ. განერიდეთ მათ, ვიდრე ხართ ამ წუთისოფელში და ფრიად მოიძულეთ მისი საქმენი. დახშე შენი ყურნი მისი ძვირისმეტყველების სიმყრალისთვის, რათა უცხო არ გექმნეს სამოთხის სურნელება, რამეთუ ღვთის ხატებამდე მიიწია შენი პირი. ყოველგვარი ძვირისსიტყვა ბოროტია, მაგრამ ყველაზე უსაშინლესია ღვთის კაცისადმი თქმული ძვირისსიტყვა. რადგან ვინც მეფის ხატებას ქვას ესვრის, მასთან მდგომიც იმავე სიკვდილით დაისჯება და ვინც და ვინც დაგმობს სულიწმიდას, რომელიც ღვთის კაცში არის დამკვიდრებული, იგი უდიდესი ტანვას არ მიიღებს?!

ხოლო როცა წმინდანებზე ძვირს იტყვიან, ისინი უფრო იდიდებიან. ოდესღაც იოსებიც დიდად შეურაცხყვეს და ეგონა, რომ კაცთაგან არავინ შეეწეოდა, მაგრამ ღმერთი შეეწია მას და მის სათნოებათა სიწმინდე განაცხადა და განითქვა მისი ღირსება მთელს ქვეყანაში. მისი სიწმინდე ყველა ერში მოსახსენებლად დაიწერა. მისმა მადლმა დაიფარა იგი, რადგან ბევრმა არ იცის მოღვაწეობა ღვთისა, რომელიც მიატოვებს თავის წმინდანებს განსაცდელში მანამ, სანამ მათი გამოცდილება არ განცხადდება და ეშმაკს არ შერცხვება, ხოლო ღვთის რჩეულნი ანგელოზთა შორის განიდიდებიდან. ჰე, შვილნო ჩემნო საყვარელნო, განერიდეთ ეშმაკის ჭურებს, რომელნიც ხრწნიან კაცის გულს, რომელნიც გამოცემენ ძვირისმეტყველებას ღვთის მონათა მიმართ და სურთ, რომ სარწმუნოების გამო არ შევიდეს ცხონებაში და არ ცხონდეს, რადგან ისინი რისხვის ჭურნი არიან, წარსაწყმედელად განმზადებულნი. იმიტომ გამოირჩიეს ისინი თავიანთ ჭურჭლად, რომ უკეთურნი არიან, ბოროტებას გამოსცემენ და მათი გულის მზაკვრობას მგმობელ ბაგეებით გამოთქვამენ. ესენი არიან უკეთურების მუშაკნი, რომლებიც კაცის გულში თესავენ სიბილწეს, რაც ეშმაკმა დატოვა თავის წილ, რათა ღვთისაგან განაშოროს და თავისკენ მიაქციოს ყოველი სული. დასაბამითგან იგი ისწრაფვის, რომ დევნოს ღვთის მონანი და საძულველი გახადოს ისინი, რათა დევნონ ისინი, ძვირი თქვან მათ შესახებ და მოკლან.

თუ ნახავ წმინდანთა ცხოვრებას, ვერ იპოვი ვერცერთ მათგანს, რომელსაც გასაჭირი არ შეამთხვია. როგორც კი გაიგონებს, რომ ვინმე ღვთის წინაშე განიდიდება, მას სიკვდილამდე გასაჭირს შეამთხვევს. მთელი თავისი უკეთურებით განეწყობა მის წინააღმდეგ და დაუწყებს ბრძოლას. თუ ვერ შეძლებს ამას, მაშინ დაეუფლება მისიანებს და ისინი შეურაცხყოფენ მას, ძვირს იტყვიან მის შესახებ და მოიძულებენ. რადგან იცის, რომ თუ წინ აღუდგება წმინდანებს, ვერ ძლევს მათ, რადგან განსდევნიან მას, როგორც მტვერს, იმ ძალით, რომელიც მიღებული აქვთ თავიანთი მოძვრისაგან, რომელმაც თქვა: "აჰა ესერა, მიგცემ თქვენ ხელმწიფებასა გველსა ზედა და ღრიანკალსა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა და არარაჲ არს, რომელმან გავნოს” (ლუკ. 10,19). ამის გამო ეშმაკი ირჩევს თავის ხალხს, რათა ისინი მის ჭურჭელად იქმნენ სულთა წარსაწყმედელად და მათი პირით თესავს გინებას, რომელსაც წარმოშობს ღვთის მონათადმი შური. თავის თავს იგი განაცხადებს თავის მსახურთა პირით, რომელნიც შეურაცხყოფენ და ძვირისსიტყვასა და შეგინებას ჰყოფენ წმინდანთა მიმართ და თავის სიტყვებს ეშმაკი თავის ჭურჭელთა პირით ამბობს. ეს უფრო მეტად შეუძლია მას, რადგან თავის კაცების მეშვეობით აკეთებს თავის უკეთურ საქმეს. თვითონ, თავისი ბნელი საქმითა და ძალით რომ გააკეთოს ყოველივე. არავინ დაუჯერებს; მიხვდებიან, რომ უცნაური რამაა და იტყვიან, რომ ეშმაკნი არიან. რომელნიც გვაცდუნებენ. ამიტომ მოიზაკვა ასეთი ხერხი და გამოირჩია თავისი რისხვის ჭურჭელნი, უკეთურებაში გაწვრთნილნი, რომელნიც ცდილობენ წარწყმედას და უხარიათ ბოროტება.

ისინი არიან მზაკვარნი თავიანთი სიტყვით, სავსენი ყოველგვარი უკეთურებით! თავიანთ თავს აღავსებენ იმ სულით, რომლის მიერაც ლაპარაკობენ, რადგან იგი მრავალს დაეუფლა ამგვარი მანქანებით. გამუდმებით აქვს მას შური, განსაკუთრებით ღვთისმსახურთა მიმართ, შეურაცხსაყოფად მიაჩნია ისინი და შფოთავენ მათ მიმართ, რადგან ისინი ჰყოფენ ნათლის ნაყოფს, მრავალგვარ სათნოებასა და შრომას, რომელთა დაჯერებაც ძნელია, რადგან უაღრესად დიდია და მზაკვრობენ, რათა დაფარონ ისინი. წინასწარ დაიმონებს შეურაცხყოფით მათ, რომელთაც სიმყრალის მოსმენა უფრო უყვარს, ვიდრე სურნელებისა და მოსმენილის უფრო სჯერა, ვიდრე ნანახისა: რასაც თვალით ნახავენ, იმას უარყოფენ, და რასაც ყურით გაიგონებენ, დაიჯერებენ და გულსაც ეტყვიან. შეუკრებიათ იგი, როგორც ძვირფასი ოქრო, და სათნოების სურნელებას განიშორებენ და სძულთ სიტყვა მის შესახებ. ხოლო მავნებელი სიმყრალის სულს შეიწყნარებენ, როგორც ღორნი, რომელთაც ჭუჭყი უყვარს. რადგან ყოველი ძვირისმეტყველი კაცი გავს ღორებს, რომელნიც არ დაცხრებიან, ვიდრე არ ამოჩხრეკენ სიმყრალეს თავიანთი ძვირისმეტყველებით. ხოლო თქვენ, რომელნიც ღვთისმოშიშნი ხართ, განერიდეთ ყოველივე ამის მსგავსს,ნუ მიჰყოფთ ხელს ამგვარ საქმეს, რათა უცხო არ იქმნეთ ღვთისაგან. რადგან მასთან უნდა მივიდეთ და პასუხი უნდა ვაგოთ ყოველივე ჩვენ მიერ თქმულის გამო. უნდა გვეშინოდეს იმ დღის, რათა მოვიძულოთ ყოველგვარი ბოროტი სიტყვის მოსმენა და უფრო მეტად შევიყვაროთ სიტყვა ყოველგვარი კეთილი საქმის შესახებ, რომელიც ჩვენი სულისთვის სასარგებლოა.  შევიძულოთ ყოველი ბოროტი სიტყვა, რამეთუ წერია: "ყოველი სიტყვაჲ უშუერი ნუ გამოვალნ პირისაგან თქუენისა” (კოლ. 2,8), არამედ იყოს იგი კეთილი, რათა აღაშენოს სიკეთე და მისცეს მადლი მის მსმენელებს. ხედავთ, როგორ აღაშენებს კეთილი სიტყვა მეტყველსაც და მსმენელსაც? ნუთუ დადგებით მათ მახლობლად, რომელნიც ქვას ესვრიან მეფის ხატს? ნუთუ თქვენ მათი თანაზიარნი იქნებით, რომელნიც მეფის ხატს აზიანებენ... "არამედ უფროჲსღა შეინანეთ, ვიდრე ესე ჟამი არს-და ცოდვათა მოტევებისაჲ" (გალ. 6,10). შედი სინანულში, რომელსაც აგვიანებ შენი სიზარმაცის გამო. მოდი და მიიღე ცხონების წამალი, რომელიც განგკურნავს, რათა უფლის წინაშე მადლი ჰპოვო. თუ ვერ ცნობ სინანულის გზას, იმ ლოდის გამო, რომელიც გულზე გაწევს, წარმართე შენი გული მარხვით და იგი მიგიყვანს სინანულად. მოდრიკე გული მარხვის ღვაწლით და შენი თანამყოფი იქნება სინანული. წარმართე შენი გონება ლოცვისკენ განგრძობილად, ხანგრძლივი და წამოგივა ცრემლები, როგორც წყალი, რათა შევიდეს სინანული შენში და მოუდრიკე მას მუხლნი მრავალი ცრემლით, რათა იყოს იგი შენში და აღხოცოს შენი წყლულების ყოველგვარი სიმყრალე და შენი ცოდვების სიმყრალის წილ, მოგცეს სურნელების სული, რადგან ძვირისმეტყველებაა სიმყრალის აღმადგინებელი. რამეთუ ღორები ჩხრეკენ მწვირეს და უფრო მეტად აღადგენენ სიმყრალეს, რადგან ჩხრეკენ მას და ეძებენ თავიანთ საზრდელს, რამეთუ არ იციან, რომ თავიანთ თავს უფრო მეტად ამყრალებენ, ისინი არ ზიანდებიან სიმყრალის სიცუდისაგან, რამეთუ დასაბამიდან მათი ბუნება ასეთია. ხოლო ადამიანს ასეთი ბუნება კი არა აქვს დასაბამიდან, არამედ მან თავისი ნებით შეცვალა იგი. ყოველი ვნებისმოყვარე კაცი არასდროს დაცხრება ძვირისსიტყვის სიმყრალის თქმით, როგორც ღორი.

ბრძენი თუ ერთხელ დაეცემა, თავის თავს დააბრალებს და მოიძულებს მას. თუ ამხელ, მიიღებს მხილებას და როცა კვლავ ამხელ, თავისი სიკეთის გამო ცრემლებს გადმოაფრქვევს და უხარია მხილება, რათა სინანულში ჩავარდეს. რადგან წამალი კურნავს ყოველგვარ ნაკლოვანებას და სურნელებას ანიჭებს კაცს, როცა მყრალობას განეშორება. ბრძენ კაცს უყვარს თავისი მამხილებელი, ხოლო უგუნური კი გონებით იძულებს მამხილებელს. როცა უგუნური იხილავს მასთან მიმავალ მკურნალსა და მის ხელში რკინას, გაურბის მას, რათა არ იხილოს თუ როგორ გააპობს იგი წყლულს და როგორ ამოაგდებს მის არაწმინდების ბუდეს. მართალია ჭრის კაცს, მაგრამ კურნავს, ვიდრე არ გამოაჯანმრთელებს. ამიერიდან ნუ გძულთ თქვენი მამხილებელნი, რადგან ისინი თავიანთი გულგრილობის გამო არ გამხილებენ, არამედ ერთგულად იტირეთ და მოტევებამდე ინანეთ. განიხილეთ თქვენი თავი ყოველდღიურად, რადგან დღეები წავა, ჩვენს ჟამს მოაკლდება, ნუ მივეცემით ბოროტ სიტყვას მარადის და ჩვენს დროსაც მოაკლდება შეუმჩნევლად. ფხიზლად ვიყოთ ამ შიმშილის ჟამს, რადგან ნაყოფიერებისას პური არ წარმოადგენს საოცრებას, რადგან ყველას აქვს იგი, არამედ პური საკვირველია შიმშილობის ჟამს, შიმშილი მოიწია, შვილნო ჩემნო. აჩვენეთ თქვენი გულმოდგინება გაჭირვებისას და გამოიღეთ ნაყოფი, ვიდრე არის ნაყოფის გამოღების ჟამი.

თუ დაზარალდება ვინმე თქვენგანი, მიდით და წაიკითხეთ ეს ეპისტოლე და იპოვით მასში ყოველგვარ წამალს, რომელსაც შეუძლია თქვენი განკურნება. ნუ გეზარება ამათი კითხვა, რათა იყოს თქვენი დასამოძღვრი, ნურც გეწყინება ჩემს სიტყვათა მოსმენა, რადგან მოვა ჟამი, როცა ინატრებთ ღვთის სიტყვის მოსმენას და არავინ იქნება, ვინც სამსახურს გაგიწევთ. განეშორეთ და ნუ მიუახლოვდებით მრავლისმეტყველ ადამიანს. ვის შეუძლია მგზნებარე ღუმელთან მიახლოება, პირიქით, ერიდებიან და განეშორებიან მას, ან ვინ გაბედავს ვეშაპის გამოქვაბულთან მიახლოებას, რადგან იციან, რომ უკბენს იგი და გესლით მოაკვდინებს. ხოლო ძვირისმეტყველის გესლი ვეშაპისაზე უბოროტესია, რადგან დაიბუდებს გულში და შეჭამს მას, ვიდრე არ მოაკვდინებს სულს.

ეჰა, შვილნო ჩემნო. იღვაწეთ, რათა თქვენს თავში მოიპოვოთ მშვიდობა, რადგან იგია, რომელიც შეამკობს თქვენს საყოფელს. შეუდექით მშვიდობას, რომელიც მაცხოვარმა მისცა თავის მოწაფეებს, რომლის შესახებაც წმ. წერილი ამბობს. "არა არს საზღვარ მშვიდობისა მისისა და არა არს საზომი სიმაღლისა მისისაჲ, რამეთუ რაჲცა ჰყო, ვერ მისწვდე საზომსა მისსა” (იოანე 15,27). მოიპოვეთ ჭეშმარიტებით, რათა იხილოთ მისი და, რომელიც არის სრულყოფილი სიყვარული თქვენ შორის. მოვა იგი თქვენ შორის და იქნება თქვენი მცველი. ერთ სულ, ერთ სიტყვა და ერთ ზრახვა იყავით ერთმანეთის მიმართ სრული სიყვარულით, რათა გექნეთ მშვიდობა და გვირგვინი. შვილნო ჩემნო, ყველა გამოვფხიზლდეთ ძილის სიმძიმისაგან, რადგან არ გაქვთ სიფხიზლე. მარად ითხოვეთ თქვენთვის სათნოების ნაყოფნი, ვიდრე ქრისტე მოქმედებს თქვენს სულებში, მოიპოვეთ თქვენი თავის ნაყოფი, ვიდრე გაქვთ უფლის მსახურების ჟამი. გამოფხიზლდით თქვენი სიზარმაცისგან, აღანთეთ თქვენი სანთელნი, აღმართეთ თქვენი სახლი, მოიძიეთ თქვენი დაკარგული სათნoებანი, განაძლიერეთ ისინი სიმშვიდით, როცა იპოვით, თუ რწმენას დაკარგავთ, ეძებეთ იგი სიმშვიდით, და თუ იპოვით მას, ის აღავსებს თქვენს გულებს იმ სათნოებით, რომელიც მას ახლავს. ის დაარწმუნებს და მოვა თქვენთან. ეძიეთ მშვიდობა, სიყვარული და სინანული, რათა მოვიდნენ ისინი და დაგიცვან თქვენ. ნუთუ უმალვე შემოიჭრება თქვენში სიტყვა და დააბნელებს თქვენს სულს? ამპარტავნება განდევნეთ თქვენგან, რათა არ გშთანთქათ თქვენ, არ მიგცეთ თქვენს მომსვრელთა ხელში და არ მიგიყვანოთ უდაბურ ქვეყანაში. ამიერიდან განერიდეთ მას, რათა იპოვოთ სათნოებანი და შეიმკოთ და განიდევნოს შური, რათა არ აცდუნოს გულნი თქვენნი და დასდოს ბნელის საბურველი თვალთა თქვენთა, რომ არ იხილოთ თქვენი ძმის სიტკბოება,  მისი პატივი, ძვირისმეტყველება დაწვით, რათა არ  აღმოცენდეს მისი თზხვანი თქვენს გულში, რამეთუ თქვენი ყოველგვარი შრომის ზღვევა არის ძვირისმეტყველება და  ბოროტნი სიტყვანი, რომელნიც ხრწნიან გულს, ართმევენ  კაცს ნაყოფს და ტოვებენ მას ცარიელს. ამიერიდან  გრცხვენოდეთ ამაო სიტყვათა მოსმენა.

ნუ შეურაცხყოფთ ერთმანეთს, რამეთუ რომელიც შეურაცხყოფს, მასაც ექნება ნაკლულოვანება, რადგან ყოველნი ვცოდავთ. თუ გინდა, რომ შენ არავინ შეურაცხგყოს, უსმინე რას ამბობს მცნება: "რომელი შენ გძულდეს, მოყვასსა ნუ უჟოფნ" (ტობ. 4,16). ნახეთ მოციქულნი, რომელთაც აირჩიეს  სასუფეველი სიმართლისა და ადიდებდნენ ერთმანეთს, მოყვასი-მოყვასს და უყვარდათ ერთურთი. რადგან ღმერთს  ის ნებავს, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და თუ მარხულობ ექვს-ექვსი დღე და ძვირს განიზრახავ შენი მოყვასისათვის, ამაოა შენი მარხვა, რადგან შენს ენას არ ამარხულებ და იდუმალ ძვირს ამბობ. გარე განიდევნები, რამეთუ სავანეს სრულებით ვერ მიეახლები. დაემორჩილეთ ურთიერთს უმეტესად ქრისტეს შიშით. და ნუ ხედავს თითოეული თქვენგანი თავისი მოყვასის ნაკლულოვანებას და უპატიოებას, ხოლო საკუთარს არად მიიჩნევს. თუ კაცი დაემორჩილება ამ გულისთქმას, დააბნელებს იგი და ვერ შეიცნობს თავის ბრალეულობას. განვერიდოთ ამას, თუ დავინახავთ ჩვენს ბრალს, ვერ ვიხილავთ მოყვასისას და თუ ვაღიარებთ ჩვენს განკითხვას, აღარ განვიკითხავთ მოყვასს. გვახსოვდეს ჩვენი თანანადებნი, რათა არ შევიპყრათ მოყვასი მცირედი თანანადების გამო, რადგან ჩვენ ვითხოვთ მოტევებას ჩვენს ურიცხვ ბრალთა, რომელთა გადახდაც არ ძალგვიძს. ჩვენში ურიცხვი ცოდვაა, მხოლოდ ღმერთმა იცის მათი რიცხვი. განვიკურნოთ ჩვენი თავი ურთიერთის მიტევებით, რათა ჩვენც მოგვეტევოს. ნეტარია ვინც მიუტევებს მოყვასს, რათა მასაც მიეტევოს. ასე თქვა მან, ვინც მსაჯულად იჯდა და მისგან წარმოიქთვა ეს განჩინება. რადგან იგია თავად მსაჯული, მისი სიტყვა არ შეიცვლება. რადგან თქვა: "რომელმან შეიკმიდოს სიტყვათა ჩემთათვის, მეცა შევიკმიდო მისთვის წინაშე მამისა ჩემისა” (ლუკ. 9,26). როგორღა შეცვლის იგი თავის სიტყვას? თუ ჩვენ ჭემმარიტად მივუტევებთ მთელი ჩვენი გულით და გულში არანაირი ბოროტება არ გვექნება და არც გაგვიქრება მოყვასისადმი სიყვარული, ისიც მოგვიტევებს ჩვენს შეცოდებებს წრფელი გულით და გაანადგურებს ჩვენს ხელწერილს. უფალმა ჩვენმა თქვა და ვიცი, რომ, რაც თქვა, აღასრულებს. ხოლო თქვენი გონიერების იმედი არა მაქვს, რამეთუ არ მიუტევებთ ჭეშმარიტად მთელი თქვენი გულით და შეიწყნარებთ მას ტკბილად და სიყვარულით. არ უნდა ჰქონდეს ბიწი თქვენს გულს, როცა რაიმეს იტყვით მოყვასის შესახებ, რამეთუ პირით მიუტევებთ და მერე სხვა რამეს ფიქრობთ მასზე. მოიკვეთეთ თქვენგან ეს, რათა უფალმა საქმეთა თქვენთაებრ გიყოს თქვენ.

კაცთა წინაშე მიტევება სიტყვით ხდება, როცა ეუბნებიან "მომიტევებია”, ხოლო უფლის წინაშე მიტევება გულიდანაა. იგი მხოლოდ პირს არ ხედავს, რადგან თქვა "მიუტევებდით ურთიერთს ყოვლითა გულითა თქვენითა”. ამიერიდან ჭეშმარიტად მიუტევეთ მთლიანად, წმინდა გულით და მარად გქონდეთ მოყვასის სიყვარული, რამეთუ უფლის განაჩენი ამის გამო წარმოითქვა: "ესრეთვე გიყოს თქვენ მამამან ჩემმან ზეცათამან”. თუ თითოეული თქვენგანი თავის მოყვასს მთელი გულით არ მიუტევებს, მხოლოდ პირით ნუ იტყვის: "მომიტევებია”, რადგან ვინც გულის გამომეძიებელია, ხედავს თქვენს გულს და იცის, რომ თქვენი მიტევება გონებისმიერია. შეუძლებელია, რომ საყდრის წინაშე ბოროტება გქონდეს გულში განკითხვის ჟამს. რადგან ყოველი პირი დადუმდება და თითოეულ ადამიანს თავისი საქმე იმ სახით წარმოუდგება, როგორადაც მიუტევებდა. ნუ დაიტოვებთ ბოროტებას გულში, რათა არ გვითხრას ჩვენ უფალმა, რომ არ მოვიდა ჩქვენდა სიყვარულით, "არცა გყოთ ჩემთან სიკეთეთა თანაზიარი და არც წრფელ-ვყო გული ჩემი თქვენდამი, რადგან მე წინასწარვე გითხარით თქვენ: "ვითარცა ჰყოფდეთ კაცთა მიმართ, ეგრე გიყოს თქვენ მამამან ჩემმან ზეცათამან”. შეიყვარეთ ამიერიდან ეს უშრომელი მცნება, შვილნო ჩემნო საყვარელნო”, რამეთუ შრომის გარეშე მიიღებთ სარგებელს, რომლის მიმართ გვექნება ბრძოლა კაცისა. უფრო სახიერნი ვიქნებით, ხოლო მათ შერცხვებათ, რომელნიც შემდეგი სიტყვებით გვაბრკოლებენ, რათა მივუტევოთ, რომ "დავიღალე მიტევებით”. ამის გამოც გვადუმებს მაცხოვარი, რამეთუ გვითხრა: "უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან შვიდგზის დღესა შინა, მიუტევე” (ლუკ. 17,4). და დაგვიხშო კარი, რათა განკითხვის დღეს არ გვქონდეს მიზეზი.

ამისთვის მეც არ დავიზარე, რათა მომეთხრო თქვენთვის თქვენი სულების მთელი სისრულე. თქვენ კი ნუ გექნებიან ჩემი სიტყვები განსასჯელად. სრული სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი და ნუ გაქვთ გულში შური მოყვასის მიმართ. დაიცავით თქვენი თავი ბოროტი შურისგან, რამეთუ იგი ბნელის ყოველგვარ ძალაზე უფრო საშინელია, რადგან აბრმავებს კაცს და არ იცის მან, თუ საით მიდის. ბნელის საბურველი ეფარება მის გულს, რათა არ გაახსენდეს ღვთის საქმე და მოიქცეს სინანულად. უბრმავებს თვალებს, რათა არ აეხილოს და არ იხილოს თავისი ძმის სიტკბოება, არამედ რათა თავისი გონებით იგვემოს. ვერ კურნავს მას ნუგეშისცემა და ვედრება, არაფერია მისი მეოხი, მხოლოდ ღმერთია მისი შემწე, რომელსა ძალუძს მისი განკურნება.

განერიდეთ ამპარტავნებას, რამეთუ ველურია და აცდუნებს სულებს, რადგან იგია გულფიცხელობის წინამძღვარი, მიჰგვრის მას კაცის სულს, ვიდრე არ გააოხრებს და შეაძრწუნებს მას, შესაძლოა, იგი ღვთის კაცსაც ეჩვენოს, რათა დევნოს და განაშოროს თავისიანებს. როცა აღორძინდება გულფიცხელობა, მერე მოვა რისხვა, რადგან იგი აშავებს და აბნელებს სულს. განერიდეთ ურწმუნოებას, რამეთუ იგი არ გაძლევთ მცნებების მოსმენის საშუალებას, რათა ყოველივე ამისგან დაიცვათ თქვენი თავი და არ გაძლევთ წმინდანებთან მისვლის ნებას, რათა განერიდოთ ყოველგვარ საფრთხეს თუ დაგეუფლებიან ისინი. ძალუძთ წმინდანებს ლოცვის-ყოფა თქვვნთვის და ვედრება რათა გაცოცხლდეთ, მოვიდეს მადლი თქვენზე და ყოველგვარი ბნელი ძალა გაიქცეს თქვენგან. ურწმუნოს წყლული განუკურნებელია. ვინ ილოცებს მისთვის, ვისაც არ სწამს. ძალუძს წმინდა კაცს ლოცვა სხვისთვის, ასევე შემწე არიან მისთვის ის წმინდანები, რომლებიც იმ ადგილებში არიან. მოისმინე წმინდა წერილი, რომელიც სარწმუნოების ძალას მრავალგან გვასწავლის, რომ კაცს ცოდვანი ამქვეყნად მიეტევება წმინდანთა ლოცვით. წერია, "რამეთუ თვალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა” (ფს. 33,16). მოუსმინე სულიწმიდას, რომელიც გვასწავლის სარწმუნოების ძალას, რამეთუ წმინდანნი მეოხნი არიან მათთვის, ვისთვისაც უნდათ და უფალმა თქვა: "ყოველი შესაძლებელ არს მორწმუნეთათვის” (მათ. 17, 19-20).

ამიერიდან ვილოცოთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, რწმენისთვის, რამეთუ ურწმუნოება ნაყოფს არ აძლევს კაცს და ღმერთს განარისხებს.

აჰა, აი გამცნებთ თქვენ, გაექეცით ყოველგვარ ამპარტავნებასა და გულფიცხელობას, რამეთუ იგია, რომელიც არ აძლევს კაცს შენანების საშუალებას. და ამის გამო არც ანგელოზნი სწყალობენ და არც წმინდანნი ლოცულობენ მისთვის. თუ დამდაბლდები ცოდვით, გული უნდა გტკიოდეს და შენი დაუდევრობის გამო უნდა ტიროდე იმ ცოდვისთვის, რომელშიც ჩავარდი. ინანე შენ ცოდვათა გამო, ვიდრე მოიწევა შენზედ წყალობა, ანგელოზნი გაიხარებენ და ილოცებენ ყოველნი წმინდანნი, რამეთუ უხარიათ მონანულის გამო და სწყალობენ გულით ლმობიერს, რომელიც ტირის ცოდვათათვის, რამეთუ უთხრა ანგელოზს უფალმა: "შევედ ქალაქად და დასდევ სასწაული შუბლსა ზედა”, ვინც მოთქვამს და წუხს, მას უფრო დიდი სინანული გააჩნია, ამიტომ ნუ დააგვიანებ სულთქმას და სინანულში შესვლას. შეიყვარე იგი, ვიდრე ხარ დაუდევრად. ცდომილების ჟამს ნუ მოიძულებ შენს მასწავლებელს, ნურც გულფიცხელი იქნები მის მიმართ, ვინც გამხელს ცოდვაში, ნუ ილტვი მისგან, ვინც გზაზე მოგაქცევს და ვისაც უნდა შენი საცდურისგან განრიდება. ყურადღებით იყავი მისდამი, ვისაც შენი მოქცევა და ცხონება უნდა. შეუდექი მას, ვიდრე არ დაგაბრუნებს შენს სამწყსოში, იქნებ ცდები, დაგესხმებიან მტრები და შეგმუსრავენ დაუზოგავად. ნუ ხარ შენი ცდომილების მოიმედე და ნურც გიხარია შენს სიზარმაცეში ყოფნა. ნუ ამბობს, რომ "არა მყავს კაცი მკურნალი”. ნუ იქნები საკუთარი თავის მენავე, რათა არ დანთქა ნავი ზღვაში. მიეცი უფლება ნავის მმართველს, რათა წარმართოს იგი სავანისკენ და დაადგინოს ცხოვრების ნავთსადგურში.

ნუ ესწრაფვით ერთმანეთისათვის ამა სოფლის ბოროტ საქმეს, ნურც დაემორჩილებით ხორცის ნებას, რამეთუ ამგვარი ზრუნვა მრავალ ცოდვას მოგიზიდავთ. მოერიდეთ, საყვარელნო, ყოველგვარ ცოდვას და მოაშორეთ თქვენი თავი ყოველგვარ საცდურს, რომელნიც სულს სასიკვდილოდ შეიპყრობენ. გულში მარად გახსოვდეთ უფლის მცნებანი, ისწავლეთ ისინი და აღასრულეთ მისი სათნოებანი, რათა გქონდეთ მათგან სიხარული, როგორც ღვთის ნების აღმასრულებელთ და ღირსი გახდებით ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ დაუსრულებელი სიკეთისა, რომელსაც შვენის დიდება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

”მაკარი დიდის ღვთივსულიერი ეპისტოლენი”

თარგმნა ნატო ფარჯანიძემ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2011 00:23)