Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ანტიოქიაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონები


წმინდა და ყოვლად დამამშვიდებელი კრება, ღმრთის მიერ შეკრებილი ასურეთის ანტიოქიაში ფინიკიელთა, პალესტინელთა, არაბთა, შუამდინარელთა, კილიკიელთა, ისავრიელთა, სამთავროებიდან ერთსულ ძმებსა და წმინდა თანამღვდლებს, უფლისა მიერ გიხაროდენ.

ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლმა და ჭეშმარიტებამ მოიხილა ანტიოქიელთა წმინდა ეკლესია და განუყოფელი ერთობით, თანხმობით და მშვიდობის სულით შეკრა და განამტკიცა. ბევრი რამ სხვაც გამოასწორა. წმინდა და დამამშვიდებელი სულის შთაგონებით ყველაფერთან ერთად ისიც გამოასწორა, რომ, რაც მოწონებული და სიკეთედ შერაცხილი იყო თითოეული სამთავროდან ანტიოქიაში ერთად შემოკრებილ ჩვენ ყველა ეპისკოპოსთა განხილვითა და ბჭობით, ეს გაუწყათ თქვენ, ვინაიდან ჩვენ ვირწმუნეთ ქრისტეს მადლი და სულიწმიდის მშვიდობა, რომ თქვენც ეთანხმებით ამათ, როგორც ჩვენთან მყოფნი და თანაშემწენი ლოცვაში და ჩვენთან შეერთებულნი, და სულიწმიდით მარადის ერთად ხართ, ჩვენს განსაზღვრებებს ეთანხმებით, განსაზღვრავთ, მართებულად მიიჩნევთ, ბეჭედს უსვამთ და დაამტკიცებთ სულიწმიდის თანხმობით. ხოლო ჩვენ მიერ განსაზღვრული საეკლესიო კანონები შემდგომნი არიან:

 

 

კანონი 1


ყველა, ვინც გაბედავს [და დაარღვევს] წმინდა და დიდი ნიკეაში შეკრებილი კრების განსაზღვრებას (რომელიც შედგა კეთილმსახური და ღვთისმოყვარე მეფის კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს, საცხოვნებელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის გამო), უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან, თუ განაგრძობს კეთილად განსაზღვრულ საქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ერისკაცების შესახებ ეს უკვე ნათქვამია.

თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაბედავს განცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმინდა კრება ამიერიდან ეკლესიისთვის უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთა გახრწნის და გზის გამრუდების საბაბს. და არა მხოლოდ მათნაირებს განკვეთს მღვდელმსახურებისაგან, არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილები კარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმინდა კანონმა და ღმრთის საკურთხეველმა მიანიჭა მათ.

 

კანონი 2


ყველა, ვინც შევა ღმრთის ეკლესიაში, მოისმენს საღმრთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას, ან თავს აარიდებს წმინდა მადლობის ზიარებას (ევქარისტიას) უწესოების გამო, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, სანამ არ აღიარებს [თავის შეცდომას], არ უჩვენებს სინანულის ნაყოფს და არ შეევედრება. ამგვარად მიიღებენ ისინი შენდობას. არ არის ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან ერთად, რომლებიც არ ლოცულობენ ეკლესიაში. არც სხვა ეკლესიამ უნდა შეიწყნაროს ისინი, ვინც თავის ეკლესიაში არ იკრიბება. ხოლო თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა, ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი.



კანონი 3


თუ მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ სხვა სამღვდელოთაგანი მიატოვებს თავის ეკლესიას და სხვა ეკლესიაში წავა, ამის შემდეგ მთლიანად გადაინაცვლებს ამ უცხო ეკლესიაში, იქ იქნება და დიდი ხნის განმავლობაში შეეცდება იქ ყოფნას, ასეთი ნუღარ შეასრულებს მღვდელმსახურებას. უფრო მეტიც, თუ თავისი ეპისკოპოსი მოუწოდებს მას და თავისსავე ეკლესიაში დაბრუნებას სთხოვს, ის კი არ შეისმენს და განაგრძობს ამ უწესოებას, სრულიად უნდა განიკვეთოს მღვდელობისაგან, ისე რომ აღარ ჰქონდეს იმავე ადგილას აღდგენის შესაძლებლობა. ხოლო თუ ამგვარი მიზეზის გამო განკვეთილს შეიწყნარებს სხვა ეპისკოპოსი, ისიც განკანონებულ იქნეს საერთო კრების მიერ, როგორც საეკლესიო წესების დამრღვევი.

 


კანონი 4


თუ კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსი, ან თავისი ეპისკოპოსისაგან განკვეთილი მღვდელი ან დიაკონი შემდეგაც გაბედავს მღვდლობას ან სხვა რაიმეს გაკეთებას ადრინდელი ჩვეულებისამებრ, მას აღარ უნდა ჰქონდეს სხვა კრებისგან აღდგენის ან გამართლების იმედი, არამედ მისი ზიარებულნიცა და მაზიარებელნიც განდევნილ უნდა იქნენ ეკლესიიდან, მით უმეტეს, თუ მათ იცოდნენ ეს გადაწყვეტილება და მაინც გაბედეს მათი ზიარება.



კანონი 5


თუ მღვდელი ან დიაკონი თავის ეპისკოპოსს შეურაცხყოფს და [ამით] თავისთავს განაშორებს ეკლესიისაგან, ცალკე მოაწყობს კრებებს, საკურთხეველს აღმართავს, ეპისკოპოსის ერთხელ და ორჯერ მოწოდებას არ დაემორჩილება და არ მოინდომებს მის დაჯერებას, ის უნდა განიკვეთოს სრულიად, ისე რომ აღარ დარჩეს განკურნების იმედი. მისთვის აღარ იქნება შესაძლებელი პატივის დაბრუნება, ხოლო თუ განაგრძობს ეკლესიაში არეულობის შეტანას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, გარეგანი და საერო ხელისუფლების მიერ, როგორც მეამბოხე, დასჯილ უნდა იქნეს.

 

კანონი 6


თუ ვინმე თავისი ეპისკოპოსისაგან უზიარებელი იქნება, მას ნუ შეიწყნარებენ სხვები მანამ, სანამ მას არ შეიწყნარებს თავისი ეპისკოპოსი. როცა იქნება ეპისკოპოსთა კრება, მოვიდეს, სიტყვა მისცეს მათ და კრებამ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანოს მის შესახებ. ასეთი განსაზღვრება დაცულ უნდა იქნეს ერისკაცების, მღვდლების, დიაკვნების და ეკლესიის სხვა მსახურთა მიმართაც.

 

კანონი 7


ნურავინ უცხო (მოგზაური სასულიერო პირი) ნუ იქნება შეწყნარებული დასამშვიდებელი ეპისტოლის გარეშე.

 

კანონი 8


სოფლის მღვდლებს ნუ მიეცემათ კანონიანი ეპისტოლეები. ეპისტოლეები მიეცემათ მხოლოდ მეზობელ ეპისკოპოსებს, ხოლო უეჭველ ქორეპისკოპოსებს უნდა მიეცეთ დასამშვიდებელი [ეპისტოლეები] (იხ. კომენტარი).

 

კანონი 9


თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინადიან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებულკი კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ ჩათვლის თითოეული ეკლესია მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე, მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელთდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე.

 

კანონი 10


წმინდა კრებამ განსაჯა, რომ დაბაში ან სოფლებში მყოფმა ქორეპისკოპოსებად წოდებულებმა თუნდაც ეპისკოპოსთაგან ხელთდასხმა მიიღონ, უნდა იცოდნენ თავისი საზომი, განაგონ მათთვის რწმუნებული ეკლესიები და მხოლოდ მათზე ზრუნვა და ზედამდგომელობა იკმარონ. მათ უნდა დაადგინონ წიგნისმკითხველებიც, კერძოდიაკვნებიც, მაფიცებლებიც და მხოლოდ მათი დადგენა უნდა იკმარონ . მათ ვერ უნდა გაბედონ მღვდლის, ან დიაკვნის ხელთდასხმა ქალაქის ეპისკოპოსის გარეშე, რომელსაც ემორჩილება ისიც და მისი სოფლების ადგილებიც. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამ განსაზღვრების გადალახვას, განიკვეთოს იგი მისი კუთვნილი პატივისაგან. ხოლო ქორეპისკოპოსები უნდა დაადგინოს ქალაქის ეპისკოპოსმა, რომელსაც ემორჩილებიან მისი სოფლები.

 

კანონი 11


თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, ან სხვა სასულიერო პირმა, სამთავროს ეპისკოპოსთა შეკითხვისა და წერილობითი ნებართვის გარეშე, განსაკუთრებით მიტროპოლიტისა, დააპიროს მეფესთან წასვლა, ის უნდა განიქიქოს და სრულიად განიდევნოს არა მხოლოდ ზიარებისაგან, არამედ პატივისაგანაც, რომელიც ჰქონდა, რადგან გაბედა საეკლესიო წესების გარეშე ჩვენი ღმრთისმოყვარე მეფის სასმენელის შეწუხება. თუ აუცილებელი საქმე აიძულებს მას მეფესთან მისვლას, გააკეთოს ეს სამთავროს მიტროპოლიტისა და იმ სამთავრეოს ეპისკოპოსების განხილვითა და თანხმობით. მას თან უნდა გაატანონ წერილობითი ნებართვა.

 

კანონი 12


თუ თავისი ეპისკოპოსისაგან განკვეთილი მღვდელი და დიაკონი, ან კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსი გაბედავს მეფის შეწუხებას ჩივილით, უნდა შეკრიბოს ეპისკოპოსების უფრო დიდი კრება და [განკვეთილმა], თუ მას ჰგონია, რომ აქვს რაიმე თავის გასამართლებელი, უნდა უთხრას ეს ეპისკოპოსების უმრავლესობას და დასჯერდეს მათ განაჩენსა და მსჯავრს. ხოლო თუ მათი ბჭობის შემდეგაც სულმოკლედ იჩივლებს მეფესთან, ის აღარ იქნება შენდობის ღირსი. მას აღარ გაამართლებენ და აღარ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი პატივი აღდგება.

 

კანონი 13


ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ერთი სამთავროდან [ეპარქიიდან] სხვა სამთავროში გადასვლა, იქ ეკლესიაში ხელთდასხმისა და ჟამისწირვის აღსრულება და არც სხვა უნდა წაიყვანოს თან, თუ არ იქნება მიწვეული მიტროპოლიტისა და მასთან მყოფი იმ ეპისკოპოსების წერილობით, რომელთა სოფლებშიც მიდის. ხოლო თუ მოწოდების გარეშე წავა უწესოდ ვინმეს ხელთდასხმისათვის და იმ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად, რაც მის უფლებებში არ შედის, მის მიერ აღსრულებული [საქმე] დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს, ხოლო მას მისი უწესო და უსამართლო წამოწყების შესაფერისი სასჯელი უნდა მიეზღოს, როგორც განკვეთილს წმინდა კრების მიერ.

 

კანონი 14


თუ ეპისკოპოსი გასამართლებელი იქნება რაიმე დანაშაულისათვის და იმ სამთავროს ეპისკოპოსები ორხმად გაიყოფიან და ზოგიერთი უდანაშაულოდ მიიჩნევს მას, ხოლო ზოგი დამნაშავედ, [ასეთ შემთხვევაში] იმისთვის, რათა შეწყდეს დავა, წმინდა კრებას მიაჩნია, რომ დედაქალაქის ეპისკოპოსმა, ანუ მიტროპოლიტმა, უნდა მოიწვიოს მახლობელი სამთავროებიდან სხვა ეპისკოპოსები, რომელთა ბჭობით დავა გადაწყდება და ერთი გადაწყვეტილება დამტკიცდება მიტროპოლიტის ზედამხედველობით და დასტურით.



კანონი 15


თუ რაიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ეპისკოპოსი გასამართლებულ იქნება სამთავროს ეპისკოპოსების მიერ და ყველა ერთხმად ერთ განაჩენს გამოიტანს მის შესახებ, მას ნუღარ გაასამართლებენ სხვები, არამედ უცვლელი იყოს იმ სამთავროს ეპისკოპოსების მიერ მის შესახებ გამოტანილი ერთხმა განაჩენი.

 

კანონი 16


თუ უეკლესიო ეპისკოპოსი დაეპატრონება უეპისკოპოსო ეკლესიას და მიიტაცებს საყდარს სრული კრების თანხმობის გარეშე, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს განდევნილად, თუნდაც მთელი, მის მიერ მიტაცებული მრევლი ირჩევდეს მას. ხოლო სრული კრება ეწოდება იმას, რომელსაც ესწრება დედაქალაქის ეპისკოპოსი, ე.ი. მიტროპოლიტი.


კანონი 17


თუ ეპისკოპოსი ეპისკოპოსად ხელთდასხმას მიიღებს და დადგენილი იქნება ერის ზედამდგომელად, მაგრამ არ ჩაატარებს ჟამისწირვას, არც იმაზე დათანხმდება, რომ წავიდეს მისთვის ჩაბარებულ ეკლესიაში, განვსაზღვრავთ მის უზიარებლობას, სანამ იძულებული არ იქნება [შეუდგეს საქმეს] და მის შესახებ რაიმეს არ დაადგენს მისი სამთავროს ეპისკოპოსების სრული კრება.

 

კანონი 18


თუ ეპისკოპოსი რომელიმე ეკლესიისთვის ხელთდასხმულ იქნება და არ წავა იქ, სადაც დადგენილია, არა თავისი მიზეზით, არამედ იმ მრევლის დაუმორჩილებლობისა ან სხვა რამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მას უნდა დარჩეს თავისი პატივი და მღვდლობა, ოღონდ ნუ შეიტანს არევ-დარევას საეკლესიო საქმეებში იქ, სადაც იჯდება თვითონ, და დაელოდოს სამთავროს სრული კრების გადაწყვეტილებას.

 

კანონი 19


ეპისკოპოსის ხელთდასხმა (აქ: არჩევა) არ შეიძლება კრებისა და სამთავროს მიტროპოლიტის გარეშე. ხოლო ის თუ იქნება, უმჯობესია, რათა მასთან ერთად იყვნენ მისი სამთავროს სხვა თანამწირველი ეპისკოპოსები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან დედაქალაქში ეპისტოლეებით. უმჯობესია, ყველა შეიკრიბოს. ხოლო თუ ამის გაკეთება ძნელი იქნება, აუცილებელია, უმრავლესობა მაინც შეიკრიბოს, ან წერილობით გამოხატოს თავისი თანხმობა. ამგვარად, ეპისკოპოსთა უმრავლესობის იქ ყოფნით, ან [წერილობითი] თანხმობით უნდა მოხდეს ეპისკოპოსის დადგენა. ხოლო თუ ეს მოხდება სხვანაირად, ამ განსაზღვრების საწინააღმდეგოდ, ხელთდასხმას არ ექნება ძალა. თუ ამ კანონის თანახმად მოხდება ეპისკოპოსის დადგენა, მაგრამ ზოგიერთები თავისი დავისმოყვარეობით მაინც წინ აღუდგებიან მას, დამტკიცებულ უნდა იქნეს უმრავლესობის განაჩენი.

 

კანონი 20


საეკლესიო საჭიროებისა და სადავო საქმეთა გადაწყვეტისათვის სათანადოდ მიიჩნია კრებამ, რომ თითოეულ სამთავროში მოწვეულ იქნეს წელიწადში ორჯერ ეპისკოპოსთა კრება. ერთხელ - აღდგომის დღესასწაულის მესამე შვიდეულიდან ორმოცდამეათე დღის მეოთხე კვირამდე უნდა შეიკრიბონ ეპისკოპოსები დედაქალაქში, ხოლო მეორე კრება უნდა იყოს ოქტომბრის დღეებში ("რომელ არს მეათე ჳპერვერეტოჲსაჲ"). ამ კრებებს უნდა ესწრებოდნენ მღვდლები, დიაკვნები და ყველა, ვინც თავს თვლის დაჩაგრულად. კრებაზე უნდა განიხილონ მათი საქმე და მისცენ დამაჯერებელი პასუხი. არ შეიძლება, ვინმემ თვითნებურად მოიწვიოს კრება. ამის უფლება აქვს მხოლოდ მიტროპოლიტს.

 

კანონი 21


ეპისკოპოსი ერთი სამწყსოდან ნუ გადავა სხვა სამწყსოში, ნურც თავისი ნებით, ნურც მრევლისაგან იძულებით, ნურც ეპისკოპოსის ნებით, არამედ დარჩეს იმ ეკლესიაში, რომელშიც ღმრთის ნებით თავიდან იყოს არჩეული, და ნუ შეიცვლის ადგილს მამათა მიერ ადრე მიღებული დადგენილებისამებრ.*

 

კანონი 22


ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც თავიდან მის ხელქვეით არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის, ხელთ ნუ დაასხამს ვისმე, ნურც მღვდელს და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ისეთ შემთხვევაში, თუ იმ ადგილის ეპისკოპოსი თანახმაა. თუ ვინმემ გაბედოს ამისი მსგავსი რამ, ხელთდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს კრების მიერ საეკლესიო კანონის მხიედვით.

 

კანონი 23


ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულის მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება. საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა, მტკიცედ უნდა იქნეს დაცული.

 

კანონი 24


ეკლესიას ჰმართებს გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად და ყოვლისმხილველი და მსაჯული ღმრთის შეურყეველი რწმენით საეკლესიო ქონების შენახვა და კეთილად დაცვა. მისი განგება, მოვლა-პატრონობა და გამოყენება შეიძლება იმ ეპისკოპოსის განსჯითა და უფლებით, რომელსაც ჩაბარებული ჰყავს მთელი ერი და იქ შეკრებილი სულები. საეკლესიო ქონების რაოდენობა ცნობილი უნდა იყოს ეკლესიის მღვდელთა და დიაკონთათვის. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა ეკუთვნის მათ ეკლესიას, არაფერი უნდა იყოს მათგან დაფარული, რათა, თუ ეპისკოპოსი გარდაიცვლება, ყველასათვის ცხადად ჩანდეს საეკლესიო ქონება და ნივთები, რომ არც ისინი გაიფანტონ და დაიკარგონ და არც ეპისკოპოსის პირად ქონებას დააკლდეს საეკლესიო ქონების მიზეზით. სწორი და მოსაწონია ღმრთის წინაშე და კაცთა შორის, რომ თავისი ქონება ეპისკოპოსმა თვითონ დატოვოს, როგორც სურდეს. ხოლო საეკლესიო ქონება კი ხელშეუხებლად უნდა იქნეს შენახული. ასე რომ, არც ეკლესიამ უნდა ნახოს რაიმე ზარალი და არც ეპისკოპოსმა ეკლესიის მიზეზით. ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული, რომ არც ეპისკოპოსის ნათესავები ედავებოდნენ ეკლესიას მისი სიკვდილის შემდეგ და ამით მისი სახელი არ შებღალონ და თვითონაც განსაცდელში არ ჩაცვივდნენ.

 

კანონი 25


ეპისკოპოსს აქვს უფლება საეკლესიო ქონებაზე. იგი უნდა განაგებდეს მას და უნაწილებდეს ყველა მავედრებელს ღმრთის შიშით და კრძალვით. თვითონაც შეუძლია აიღოს იქიდან, თუ დასჭირდება, მოიხმაროს საჭიროებისამებრ სათანადო ნაწილი და მოახმაროს მასთან მისულ უცხო ძმებს, რომ არაფერი აკლდეს მათ არანაირი სახით, როგორც მოციქული იტყვის: "თუ გვაქვს საზრდო და თავშესაფარი, ეს ვიკმაროთ" (I ტიმ, 6, 8). ხოლო თუ ამას არ იკმარებს, საეკლესიო ქონებას საკუთარი სახლის ქონებად აქცევს და ეკლესიის შემოსავალს ან მისი სახნავ-სათესი ადგილებიდან მიღებულ მოსავალს არ განაგებს მღვდლებისა და დიაკვნების დახმარებით, არამედ თავისიანებს, ნათესავებს, ძმებს ან შვილებს მისცემს ამის უფლებას და დაივიწყებს, რომ ასეთი საქციელით ვნება და ზარალი ადგება საეკლესიო საქმეებს, ასეთი ეპისკოპოსი ღირსია, განკანონებულ იქნეს იმ სამთავროს ეპისკოპოსთა კრების მიერ. თუ ეპისკოპოსი და მასთან მყოფი მღვდლები შემჩნეულ იქნებიან იმაში, რომ საეკლესიო შემოსავალს და მისი მეურნეობის მოსავალს მომხვეჭელობის მიზნით თავის სასარგებლოდ იყენებენ იმ ზომამდე, რომ უქონელთ და გლახაკებს ავიწროვებენ და ეკლესიის მმართველობას განკითხვისა და უკმაყოფილოო მსჯელობის საგნად აქცევენ, ასეთები უნდა დაისაჯონ ეპისკოპოსთა წმინდა კრების ბჭობის შესაბამისად.


-------------------------------------

 

* იგულისხმება ნიკეის კრების მე-16 კანონი

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:11)